ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება. ის ჩაანაცვლებს ზურაბ აბაშიძეს ე.წ. პრაღის ფორმატში, რომელიც ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ითვალისწინებს გრიგორი კარასინის გავლით.
ქაჯაიას მრავალწლიანი დიპლომატიურ კარიერა აქვს. ის ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. გიორგი ქაჯაია ასევე მუშაობდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩევლად.
გიორგი ქაჯაიას შესახებ მედიასთან დღეს, 11 მარტს, სწორედ მისმა წინამორბედმა, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა. აბაშიძე, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 12 წელი ეკავა, ამბობს, რომ პოსტის დატოვება თავად სურდა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წინადადებით მიმართა, რომ მის შემცვლელზე ეფიქრათ.
როგორც აბაშიძე ამბობს, მის შემცვლელად თავიდანვე გიორგი ქაჯაია დასახელდა, რადგან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს კარგად იცნობს.
„ლოგიკა ძალიან მარტივია – 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან [პრემიერმა] დადებითად მიიღო ეს ჩემი წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი.
იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მე წლებია ვიცნობ გიორგი ქაჯაიას, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში… კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია. მე ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.