Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია: ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს!


2024 წლის 9 მარტს გაიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული კონფერენცია, სადაც კონფერენციის დელეგატებს წარედგინათ პარტიის პროგრამული ხედვა - „ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის“. 

 

შეხვედრაზე გუნდის ლიდერმა გიორგი გახარიამ  მიმართა კონფერენციის წევრებს და განაცხადა:             დემოკრატიულად ჩატარებული თავისუფალი არჩევნებით საქართველო კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს მსოფლიოს, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ჩვენი როლი ამ პროცესში არის ნათელი - ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს!

 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა კონფერენციის დელეგატებს წარუდგინა პარტიის სოციალურ-ეკონომიკური ხედვა და ამ ხედვის მთავარი პრინციპები და მიზანი: „კეთილდღეობა ყველას სჭირდება და იგი არ არის პრივილეგირებული, მცირე ჯგუფებში შემავალი ადამიანების უპირატესობა; ჩვენი სტრატეგული მიზანია ეკონომიკის სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში და ევროპული კეთილდღეობის შექმნა ქვეყანაში.“

 

პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს  გააცნო პარტიის ხედვა „სამართლიანი წესრიგი საქართველოსთვის“, რომელიც მოიცავს ხედვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების, ნარკოპოლიტიკის, პროფესიული და დეპოლიტიზირებული საჯარო სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.

 

პოლიტიკური საბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და გაწევრიანებისთვის საჭირო აუცილებელ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს მიმდინარე გაფართოების ციკლში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

 

ინიციატივები უკეთესი თბილისისთვის - როგორ აპირებს გიორგი გახარიას გუნდი თბილისის ევროპული, ღია ტიპის მმართველობად გარდაქმნას, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლას, თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას - ამ თემაზე კონფერენციის დელეგატებს სიტყვით თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ მიმართა.

 

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმდჯომარემ, მესტიის საკრებულოს წევრმა ვიკა ფილფანმა წარმოადგინა ახალგაზრდული ორგანიზაციის პრიორიტეტები და ახალგაზრული პოლიტიკის დოკუმენტი - „სამართლიანი, ევროპული შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის“.

 

 „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტატა ხვედელიანმა ისაუბრა ქალების პოლიტიკაში ჩართვის მნიშვნელობასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც მოიცავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ქალთა ბიზნესისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის რეგულაციებს.

 

კონფერენციაზე პარტიის ლიდერებმა რეგიონალური გუნდის ლიდერებს და პარტიის სხვა წევრებს მოუსმინეს და მათს სამომავლო ხედვებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...