რა გამოწვევები არსებობს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში — საიას განცხადება
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც დღეს ქალებს საქართველოში აქვთ.
ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, სოციალური-ეკონომიკური გამოწვევები, ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე – საია დეტალურად აღწერს ამ და სხვა მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებს.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა
საიას ინფორმაციით, 15-69 წლის ასაკის ქალების 50,1%-ს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. ქალების 22,9%-ს გამოუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან.
“2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 2022-2023 წლის ანგარიშში გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში ოჯახში დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალური იყო.
ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. ამ ტიპის დანაშაულზე, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 9%-ით შემცირებულია აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება ხოლო 10%-ითაა გაზრდილი გირაოს შეფარდების შემთხვევები”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია ყურადღებას ამახვილებს იმ წინასწარგანწყობებზე, სტერეოტიპებსა და სტიგმაზე, რომლის გამოც ძალადობის გამოცდილების მქონე ქალები საერთოდ არ მიმართავენ სამართალდამცავ უწყებებს. ამ პრაქტიკის მიზეზად სახელდება პოლიციისადმი უნდობლობა და მოძალადის მხრიდან შურისძიების შიშიც.
სექსუალური ძალადობა — გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, დაფარული და დაუსჯელი ფორმა
მთავარი პრობლემა არის ის, რომ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
“სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განმარტებები არ ეფუძნება მსხვერპლის ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად მიცემულ თანხმობას, არამედ, კვლავ აუცილებელი მოთხოვნაა ძალის გამოყენება, ძალადობის მუქარა ან მსხვერპლის უმწეობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სტამბოლის კონვენციასთან”, — განმარტავენ საიაში.
ორგანიზაცია საუბრობს გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის განკუთვნილ კრიზისული და რეფერირების ცენტრების ნაკლებობაზე. ასევე, მათთვის ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის საჭიროებაზე.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალების სექსუალური შევიწროება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 15-69 წლის ქალების 24.5%-ს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროება.
“დასაქმების ადგილზე ქალთა სექსუალურმა შევიწროებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი გავლენა მოახდინოს მსხვერპლი ქალების ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, საბოლოოდ კი, ისინი შრომითი ბაზრიდან გარიყოს”, — აცხადებენ საიაში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის წევრების მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების შემთხვევებზეც:
- „ოცნების“ წევრმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა
- წითლიძემ ღუდუშაურს პარლამენტში დებილი უწოდა, მან ქალ დეპუტატს სექსისტური ფრაზით უპასუხა
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა
საიას თქმით, მართლმსაჯულების სისტემა არ არის ორიენტირებული მსხვერპლ ქალსა და მის საჭიროებებზე. ამის მაგალითად მოჰყავთ პოლიციის მხრიდან კონტექსტუალური მტკიცებულებების იგნორირება და პირდაპირი მტკიცებულებების მოლოდინი. მაშინ, როცა ბევრ შემთხვევაში, განსაკუთრებით, სქესობრივი დანაშაულების დროს, მსგავსი პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
საია ყურადღებას ამახვილებს სამხარაულის ბიუროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ნაკლებობასა და მათ არამგრძნობიარე დამოკიდებულებაზე დაზარალებული ქალების მიმართ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ქალთა კომიტეტის რეკომენდაციების შეუსრულებლობა
საიას შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ თავი აარიდონ საერთაშორისო სასამართლოების რეკომენდაციების შესრულებას და არ დასაჯონ ის ადამიანები, ვისი არასწორი მოქმედების ან უმოქმედობის გამო მოხდა ქალის მიმართ კონკრეტული დანაშაული.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
ამ მიმართულებით საია ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მოულოდნელად შეიტანა ცვლილებები აბორტის შესახებ კანონში.
გენდერული თანასწორობის სოციალურ-ეკონომიკური განზომილება
“ქალები, განსაკუთრებით სოფლად, უფრო მოწყვლადები არიან სიღარიბის მიმართ და მეტ ბარიერს აწყდებიან რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით. დაბალია ქალების დასაქმების და ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები კაცებთან შედარებით. ამასთან, არაპროპორციულად არის განაწილებული აუნაზღაურებელი შინ შრომის ტვირთი ქალებსა და კაცებს შორის, რაც ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემასთან და დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებთან ერთად, კიდევ უფრო ართულებს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას”, — აცხადებენ საია-ში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.