ანგარიში - საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია - ქვეყანაში მხოლოდ 3 ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია
საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია - ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია (შპს „დღე პირველი“, შპს „კამარა“ და შპს „გამოსავალი“), - ამის შესახებ მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, ეს გარემოება ცხადყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს აქვთ გამოჯანმრთელების სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით − რეგიონებში. გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ არსებითი გამოწვევაა ამ სერვისების მაღალი ღირებულებაც.
„სფეროში დაგროვილი პროფესიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის გონივრულ შეზღუდვასთან ერთად აუცილებელია თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების გამართული სისტემისა და ინფრასტრუქტურის არსებობა.
ქვეყნის მასშტაბით თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების სერვისების შეზღუდული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გარდა, არსებითი გამოწვევაა ამ სერვისების მაღალი ღირებულება. კერძოდ, თამაშდამოკიდებული პირის სრულფასოვანი გამოჯანმრთელების პროგრამა საშუალოდ 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და მისი ყოველთვიური ღირებულება (თვიური გადასახადი) 1000-დან 2500 ლარამდეა.
თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ სპეციფიკურია. ის სპეციალურ კვალიფიციურ კადრებს, მათ მომზადებასა და გადამზადებას საჭიროებს. ამჟამად საქართველოში არ არსებობს ერთიანი გაიდლაინი ან/და გამოჯანმრთელების მეთოდოლოგია, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა აღნიშნული სპეციალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით. აგრეთვე არ ხორციელდება ამ საქმიანობის მონიტორინგი, კონტროლი და შეფასება. საყურადღებოა, რომ გამოჯანმრთელების პროცესში ჩართულმა არაკვალიფიციურმა პერსონალმა შეიძლება ბენეფიციარებს სირთულეები შეუქმნას. მაგალითად, შესაძლებელია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმდეს და მას უიმედობის განცდა გაუჩნდეს.
გამოწვევაა თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების სერვისებთან დაკავშირებით მათი და მათი ოჯახის წევრების გათვითცნობიერებულობის დაბალი დონე, აგრეთვე ამ სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიების სირთულე,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე ანგარიშის თანახმად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება სათანადოდ არ ხორციელდება.
„საქართველოში გამოიყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვა, რომლის მიხედვით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ აშლილობებს მინიჭებული აქვს კოდი F63.0. ამ დაავადების დიაგნოსტირება და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება სათანადოდ არ ხორციელდება. მაგალითად, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დაავადებათა ახალი შემთხვევების ელექტრონულ სისტემაში 2022 წელს F63.0 კოდით მხოლოდ 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ის, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობების გამოვლენასა და დიაგნოსტირებაში კომპეტენტური არ არიან, და, მეორე მხრივ, − ის, რომ ამ პრობლემის მქონე პაციენტები ძირითადად მიმართავენ კერძო პრაქტიკით დაკავებულ სპეციალისტებს (ფსიქოლოგებს), რომელთაც არ აქვთ სპეციალიზებული სტატისტიკური ფორმების შევსების ვალდებულება,“- აღნიშნულია დასკვნაში.
მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფარგლებში გასული წლის 7 ივნისს ჩამოყალიბდა და პარლამენტს საკუთარი დასკვნა წარუდგინა, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.