ცვლილება მიღებულია - ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი?
პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.
საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის.
ცვლილების თანახმად, ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტი განისაზღვრა პრეზიდენტისა და პრემიერის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ეს კი ნიშნავს, რომ 2024 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, მათი წლიური ანაზღაურება 159 600 ლარამდე გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საბაზო თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 330 ლარს. ეს უნდა გავამრავლოთ შესაბამის კოეფიციენტზე, რაც პრეზიდენტის და პრემიერის შემთხვევაში არის 10 და მიღებული 13 300 ლარი იქნება მათი თვიური ანაზღაურება. ეს კი წლის განმავლობაში 159 600 ლარი გამოდის. აღნიშნულ თანხას თუ გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს მივიღებთ, რომ პრეზიდენტის და პრემიერის დარიცხული წლიური ხელფასი (ე.წ. ხელზე ასაღები წლიური ანაზღაურება) იქნება 127 680 ლარი.
შედარება რომ გავაკეთოთ, ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, პრეზიდენტის 2023 წლის დარიცხული ხელფასი 84 220 ლარი იყო, პრემიერის 2022 წლის კი 41 004 ლარი.
რაც შეეხება მინისტრებს/სახელმწიფო მინისტრს, მათ შემთხვევაში კოეფიციენტი 8.5-ს შეადგენს, შესაბამისად მინისტრებს წლიური დარიცხული (20%-იანი საშემოსავლოს გამოკლებით) ხელფასი 108 528 ლარი ექნებათ.
ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის შემთხვევაში, წლიური ანაზღაურება იქნება 119 700 ლარი; მოადგილეების - 115 710 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის - 135 660 ლარი; მათი მოადგილეების კი - 103 740 ლარი; უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება - 95 760 ლარი იქნება; ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის შესაბამისად, 95 760 და 83 784 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის - 79 800 ლარი, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ასევე 79 800 ლარი. (შეგახსენებთ, რომ ამ თანხას საშემოსავლო 20%-იანი გადასახადი არ აქვს გამოკლებული).
ცნობისთვის, ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება. შესაბამისად, თუ 2025 წელს მთავრობა საბაზო თანამდებობრივ სარგოს უფრო გაზრდის, ვიდრე 2024 წელს 1 330 ლარია, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურებაც უფრო მეტი იქნება.
bpn.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.