Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში დაბრუნების შემდეგ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან მიგრანტი ქალები | კვლევა


„დაბრუნებული მიგრანტი ქალების ეკონომიკური სტაბილურობის ხელის შემშლელი ფაქტორები, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ანაზღაურებაა“

„დაბრუნებულ ემიგრანტ ქალთა მდგომარეობას ამწვავებს დასაქმების პოლიტიკის ისეთი ხარვეზები, როგორებიცაა უმუშევრობის დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობის არარსებობა“

ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა”, რომელშიც განხილულია გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან.

კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, კანონმდებლობაში, პოლიტიკასა თუ პროგრამებში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის პროცესს.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ შრომითი მიგრაციის არარეგულარული ხასიათის გამო რთულია მისი ზუსტი მაჩვენებლების განსაზღვრა. გარდა ამისა, საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობას სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად განსაზღვრავს.

„UN DESA-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის საქართველოდან წასული მოსახლეობის რაოდენობამ 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია, და რომლის 51% ქალია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, კი, 2021 წლისთვის ემიგრანტების რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რომელთა 38% ქალია“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ფარგლებში 22 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა როგორც მიგრაციაში მყოფ, ისე დაბრუნებულ ემიგრანტ ქალებთან, ასევე იმ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მკვლევრებთან, რომლებიც  მიგრაციის, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის და, ზოგადად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე მუშაობენ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უმუშევრობა და სიღარიბე კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება, რაც, ავტორების თქმით, საერთაშორისო ეკონომიკური საზომებითა და მოსახლეობის დამოკიდებულებითაც დასტურდება. სწორედ ამ მიზეზების გამო, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ძიებაში, ქალების ემიგრაცია, ხშირად, უკიდურესი გამოსავალია.

კვლევის ზოგად მიმოხილვას შეგიძლიათ „პუბლიკის“ მასალაში გაეცნოთ, აქ კი ყურადღება გამახვილებულია კვლევაში მონაწილე დაბრუნებულ მიგრანტ ქალებზე და მათ გამოწვევებზე.

 

კვლევის მიხედვით, მათი დაბრუნების მიზეზები  განსხვავდება, თუმცა უფრო ხშირად პირად და ოჯახთან დაკავშირებულ ვალდებულებებს უკავშირდება, ვიდრე – ფინანსური თვითკმარობის მიღწევას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები ბრუნდებიან ფიზიკური ან ემოციური რესურსის ამოწურვის გამო, ზოგჯერ – მოხუცი მშობლის ან შვილიშვილის მოსავლელად. უფრო იშვიათად კი, ბრუნდებიან ემიგრაციის „მიზნის” მიღწევის შემდეგ, რაც შესაძლოა, მაგალითად, ვალების გასტუმრებას, უძრავი ქონების შეძენას გულისხმობდეს; თუმცა, ეს დაბრუნების შემდეგ ფინანსური კაპიტალის არსებობას და მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას არ ნიშნავს.

რაც შეეხება დაბრუნებული მიგრანტი ქალების ეკონომიკური სტაბილურობის ხელის შემშლელ ფაქტორებს, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ანაზღაურება დასახელდა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიგრაციაში მყოფი ქართველი ქალები, ძირითადად, შინ შრომაში არიან ჩართულები – უვლიან ბავშვებს ან მოხუცებს, ალაგებენ სახლებს. მიუხედავად საქმის ფიზიკური და ემოციური სირთულისა, შინ შრომა დაბალანაზღაურებადია და ქალებს უკარგავს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

საშინაო შრომა კი, საქართველოში დაუფასებელი და მინიმალურად ანაზღაურებადია, ვერ უზრუნველყოფს ოჯახების ეკონომიკურ უსაფრთხოებას და დაბრუნებული ემიგრანტი ქალები გამოსავალს ისევ ემიგრაციაში პოულობენ:

„თუ ჩემი ქვეყანა მთავაზობს და სხვა საშუალება ვერ ვნახე, რომ ვიყო ისევ დამლაგებელი… მაშინ მირჩევნია ვიყო დოლარად ანაზღაურებადი დამლაგებელი”, – ამბობს ქალი.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შრომის ბაზარზე რეინტეგრაცია განსაკუთრებით უჭირთ 50 წელს გადაცილებულ, დაბრუნებულ მიგრანტ ქალებს, ვინაიდან ფორმალურ სექტორში, თითქმის ყველა პოზიციაზე, დამსაქმებლები, ძირითადად, ახალგაზრდა და გამოცდილ კადრს ეძებენ.

ეს კი კვლევის ავტორებისთვის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ არაანაზღაურებადი ზრუნვის ვალდებულებებთან ერთად, ასაკი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ქალების ეკონომიკური აქტიურობისთვის და მაშინ, როდესაც ისინი საქართველოს შრომით ბაზარზე აღარ წარმოადგენენ „სასურველ მუშახელს“, ისინი საზღვარგარეთ ეძებენ შემოსავლის წყაროს.

publika.ge--2.png

კვლევის ავტორების შეფასებით, სოციალურ-ეკონომიკურ რეინტეგრაციას, ასევე, აფერხებს: შეზღუდული წვდომა ზრუნვის ინფრასტრუქტურაზე და სოციალური დაცვის არსებითი სისტემების სისუსტე – დაბალი პენსიები, ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების მაღალი ფასები, უმუშევრობის დახმარების არარსებობა და სოციალური დახმარების სიმწირე, ბანკების მიერ დაწესებული მაღალი პროცენტები, საცხოვრისთან დაკავშირებული და სხვა გამოწვევები.

რესპონდენტები ამბობენ, რომ ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი სტრატეგია „საკუთარი საქმის წამოწყებაა“. თუმცა, დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ ვინაიდან ემიგრაციაში ყოფნის დროს დანაზოგის გაკეთება და კვალიფიკაციის ამაღლება ჭირს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს თვითდასაქმებისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია

კვლევაში აღნიშნულია, რომ თვითდასაქმების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ამცირებს ქალების დაბალი ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. კვლავ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, სტაბილური შემოსავლების არქონასთან ერთად, ქალებისთვის სირთულეს წარმოადგენს კრედიტის მოპოვება. ფინანსებზე ხელმისაწვდომობას კი ასევე ზღუდავს სესხების სიძვირე.

„მხოლოდ საბანკო სესხის საშუალო სიძვირით საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, ხოლო განვითარებად ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. ეს საკითხი მწვავედ დგას ემიგრანტი ქალების შემთხვევაშიც – ერთი მხრივ, ისინი არ ფლობენ სესხის უზრუნველსაყოფად საჭირო ქონებას, მეორე მხრივ კი, რესპონდენტებს ხშირად ბანკებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება აქვთ. ხშირად, ბანკის ვალი და მისი გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დაკარგვის რისკი ის ბოლო წვეთია, რომელიც ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას განაპირობებს.

ბანკის სესხის აღება ასევე საჭირო ხდება ემიგრაციაში წასვლის ხარჯების დასაფარადაც, აღნიშნული ვალების გასტუმრების საჭიროება კი კიდევ უფრო ახანგრძლივებს ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგრანტი ქალები ერიდებიან ამ გზის არჩევას საკუთარი საქმის წამოსაწყებად“, – ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც რესპონდენტები ამბობენ, დაბრუნების შემდეგ ეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვასა და სოციალურ სერვისებზე სრულყოფილი ხელმისაწვდომობაც.

ასევე, კვლევაში ნათქვამია, რომ ემიგრანტ ქალებს ხშირად უწევთ დაბრუნება მოხუცებული მშობლის ან შვილიშვილის მოსავლელად, რაც თავისთავად გამორიცხავს დაბრუნების შემდეგ ეკონომიკური რეინტეგრაციის შესაძლებლობას.

„ამავე პრობლემის ნაწილია დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი. შრომის რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, ზრუნვის ვალდებულების მქონე მშობლებისათვის საკანონმდებლო დაცვის მყარი გარანტიები არ შექმნილა. არსებული სისტემა, ერთი მხრივ, განსხვავებულად უდგება კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს, მეორე მხრივ კი, საერთოდ ვერ ხედავს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ და თვითდასაქმებულ ქალებს.

ზრუნვის სუსტ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სოციალური დაცვის ისეთი არსებითი სისტემების სისუსტე, როგორებიცაა ხანდაზმულობის პენსია და ჯანდაცვა, უმუშევრობის დახმარების არარსებობა და სოციალური დახმარების სიმწირე, ართულებს ემიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროცესს.

კვლევის ზოგიერთი რესპონდენტი საპენსიო ასაკს მიღწეული დაბრუნდა საქართველოში, თუმცა განიხილავს რემიგრაციას, ვინაიდან პენსია მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ უზრუნველყოფს. ამავე მიზეზით, ზოგიერთ შემთხვევაში, რესპონდენტები ემიგრაციაში უკვე საპენსიო ასაკს მიღწეულები წავიდნენ, ზოგჯერ კი წასვლის მიზეზი პენსიონერი მშობლის/მშობლების ფინანსური უზრუნველყოფაა“, – აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შრომის ბაზარზე ინტეგრაციის წარუმატებლობის შემთხვევაში, დაბრუნებულ ემიგრანტ ქალთა მდგომარეობას ამწვავებს დასაქმების პოლიტიკის ისეთი ხარვეზები, როგორებიცაა უმუშევრობის დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობის არარსებობა.

როგორც ერთერთი რესპონდენტი ამბობს, სამუშაოს პოვნის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, სახელმწიფომ მას სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭა და დაუნიშნა დახმარება 270 ლარის ოდენობით, თუმცა მას და მის არასრულწლოვან შვილს ეს შემოსავალი არ ჰყოფნით და ის ისევ ემიგრაციაში წასვლაში ხედავს გამოსავალს.

კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოს მსგავს კონტექსტში, სადაც მაღალია არასტანდარტული და არაფორმალური მშრომელების რაოდენობა, მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის ისეთი სისტემა, რომლით სარგებლობაც ყველა უმუშევრად დარჩენილს შეეძლება და რომლის წინაპირობადაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დასაქმების სხვადასხვა მომსახურება განისაზღვრება.

რეკომენდაციები

კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციებიც, რომლებიც მიემართება როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს.

რეკომენდაციები ეხება:

  • მიგრაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მიგრანტი ქალების დროული დაბრუნების ხელშეწყობას;
  • მიგრაციის ფემინიზაციის სოციალური ფასის შემცირებას;
  • დაბრუნებული მიგრანტი ქალების რეინტეგრაციასა და მათი წვლილის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში;
  • მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ მიგრაციაზე ფოკუსირებული, ვიწრო მასშტაბის მქონე პროგრამებით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია: ქვეყნის არსებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის რეფორმირება, მათ შორის, ზრუნვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებზე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მიმართულებებით საჭირო კონკრეტული პროგრამებისა და სერვისების შესამუშავებლად კი, დამატებითი კვლევებია საჭირო.

კვლევა მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო“ გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

კვლევის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ  ბმულზე.




პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...