ონლაინ სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე ექიმმა პოლიციას მიმართა
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის განცხადებით, ორგანიზაცია იცავს ქალს, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამო ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნეა.
ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს.
„ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე, ტაბუს ექვემდებარებოდა.
ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ.
თუმცა, თავად ეკა, როგორც ქალი, ამის გამო გენდერული ძალადობის ნიშნით შეტევას დაექვემდებარა და მის მიმართ სისტემატური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით“, – ნათქვამია PHR-ის გავრცელებულ განცხადებაში.
PHR-ის ინფორმაციით 2024 წლის 5 მარტს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მოქმედი ადვოკატი თამარ გაბოძე, ეკა კვირკველიასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ქალისა და ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტიც.
PHR-ის განმარტებითი, ისინი სახელმწიფოსგან მომხდარზე მკაცრი მყისიერი და ადეკვატური ზომების მიღებას ელიან.
„ეკას პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და მის მიმართ განხორციელებული ონლაინ სექსუალური ძალადობის უპასუხო დატოვება, იქნებოდა ეკას მრავალათასიანი მსმენელი ქალისთვის გზავნილი, რომ ამ სახელმწიფოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ქალებისთვის აკრძალულია. სახელმწიფოს უმოქმედობა გამოიწვევს ქალების პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის უფლებების დარღვევას.
ამ გზავნილის სანაცვლოდ, ჩვენ ეკას და სხვა ქალების გაძლიერებას ვემსახურებით, რათა, არცერთი წუთით, თავი დაუცველად არ იგრძნონ ონლაინ, გენდერული ძალადობის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.