Jump to content
Planeta.Ge

„მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიაზე შეღავათები რომ არსებობდეს, მთას ხალხი აღარ დატოვებს“ - ენერგეტიკოსი


ზემო სვანეთი საქართველოს მთიან რეგიონებს შორის ერთადერთია, სადაც ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სვანეთის მოსახლეობასთან სიტყვიერი შეთანხმების შედეგად, ფიზიკური პირები დენს უფასოდ იღებენ, კომერციული სექტორი კი მხოლოდ მინიმალურ თანხას იხდის.

ამ შეღავათებს ფიზიკური პირების ნაწილი კრიპტო-მაინერების ასამუშავებლად იყენებს. ამის გამო, მესტიაში სერიოზულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, რადგან ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარების გამო, ხშირად მოსახლეობა უშუქოდაც რჩება.

ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების ისტორიული რეკორდი კი ზემო სვანეთში 2024 წლის 16 იანვარს დაფიქსირდა. როგორც მაშინ „ენერგი პრო-ჯორჯიაში“ განაცხადეს, პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატ/საათი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ იმავე დღეს, სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი.

 

ზემო სვანეთის მოსახლეობის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება სპეციალისტების, მათ შორის, სემეკის თავმჯდომარის თქმით, არასწორია. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ დავით ნარმანია ამბობდა, რომ ამის გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას" არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში პრობლემაა“.

„მესტიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ დაწესებულ შეღავათებს აქვთ პოლიტიკური დატვირთვა. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ არ დაცლილიყო ეს რეგიონი ადამიანებისგან და მოსახლეობას არ დაეტოვებინა მამა-პაპური ადგილი“, - ამბობს დღეს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი შეღავათები დაწესდება როგორც რაჭის მაღალმთიან, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მაღალმთიან დასახლებულ რეგიონებში (ხევსურეთი და ა.შ.).

„დღევანდელი ტენდენციის მიხედვით, მთის მოსახლეობა ყოველწლიურად ტოვებს თავის სახლს და მოდის ქალაქში, სადაც არ არის მუშა-ხელის საჭიროება და იმის მაგივრად, რომ მთიდან ბარში ჩამოსულმა ადამიანმა ეკონომიკური სარგებელი ნახოს, თავად ხდება მომხმარებელი. ამიტომ, თუ იგივე შეღავათები დაწესდება რაჭაში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში, სადაც საქართველოს აქვს ტურისტული და სხვა ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, ამ ხალხს აღარ მოუწევს თბილისში ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოსვლა და ეს მაღალმთიანი დასახლებული რეგიონებიც განვითარდებიან ეკონომიკურად.“, - აღნიშნა გია არაბიძემ.

საგულისხმოა, რომ ხევსურეთის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, რაც არათუ უფასო ელექტროენერგიას, არამედ ზოგადად, ელექტროენერგიის მათ სახლებამდე და დასახლებამდე გაყვანას ითხოვს. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მილიონობით ლარი დაიხარჯა რამდენიმე სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად, აშენებული მცირე ჰესები ხშირად გამოდის მწყობრიდან და მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სიტუაცია ხევსურებისთვის იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ 10-მდე სოფლის მოსახლეობამ, გასული წლის სექტემბერში საპროტესტო აქციაც კი გამართა.

გია არაბიძემ განმარტა ისიც, რომ მაღალმთიან რეგიონებზე სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესება უნდა იყოს ეკონომიკურად გათვლილი. ასევე აუცილებელია მოსახლეობის რაოდენობის დაანგარიშება და მათი ცხოვრების სიმჭიდროვის აღრიცხვა.

„იმისათვის, რომ ეს შეღავათები დაწესდეს, აუცილებელია მოხდეს იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს კონკრეტულ ტერიტორიაზე და როგორია ამ მოსახლეობის სიმჭიდროვე. ამით გავიგებთ იმ თანხის ოდენობას, რომელიც დასჭირდება მათ სუბსიდირებას.“, - თქვა გია არაბიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

 
bachana-1701433166.jpg
ავტორი:
ბაჩანა ტყემალაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...