ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მაისიდან გაიხსნება - რა ჯდება პროექტი?
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.
როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე 4-ზოლიანი გზა მოეწყობა, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე კი, გაგრძელდება სამუშაოები“, - განაცხადა ქარსელაძემ.
რაც შეეხება ღირებულებას, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
მანვე ისაუბრა სპეციალურ სავაჭრო მოედნებზეც, რომელიც ახალ მაგისტრალურ გზასთან მოეწყობა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამში და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნების და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ცნობისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. ამ დროისათვის, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 51-ე გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან, 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.