Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    2
  • comments
    3
  • views
    19.917

მამა


blog-0574388001340531478.jpgმამა ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, სიბერე რომ დაეტყობათ და მაშინ ხვდები – რახან მასთან მივიდა, ყველასთან მოვა. ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩემს თავზე დოლაბი არ დატრიალებულა, თორემ რა არ გადამხდენიაო და არ აჭარბებდა.მე-8 კლასიდან მე-9 კამერაში უკრეს თავი და იქ მოუწია თავის დამკვიდრება, სადაც ეს განსაკუთრებულ ნებისყოფას და სულიერ სიძლიერეს მოითხოვს. მისი წარსულის ამ მონაკვეთით არც თვითონ ამაყობდა და არც მე ვამაყობ, მაგრამ 18 წლის გახდა ე.წ. კანონიერი ქურდი და ეს წოდება, ამ წოდების თანმდევი ყველა პრივილეგიით, სიძნელეებით და მის წინააღმდეგ ათასნაირი ხრიკებით დაგებული ხაფანგებით 10 წელიწადს ატარა.

 

როცა მამას ცხოვრება შევისწავლე, პირველი, რაშიც მინდოდა მიმებაძა მისთვის, ცხოვრების წესი კი არა, პრინციპი იყო: სადაც ხარ, პირველი უნდა იყო ან პირველობას ცდილობდე მაინც. მამის ხასიათის ყველაზე საინტერესო დეტალი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოვაჩინე. მისი წარსულის შესახებ თითქმის არაფერი, ან მხოლოდ ის ვიცოდი, რასაც სხვები, უფროსები, გაკვრით მიყვებოდნენ. თანაც, ვგრძნობდი, რომ როცა “დაზმიროვიჩს” მეძახდნენ(მამაჩემის სახელი ცალკე თემაა – 1940 წელს დაიბადა და მოსალოდნელი ომის საშიშროებიდან გამომდინარე დაზმირი, ანუ, “და ზდრავსტვუეტ მირ” დაარქვეს, თუმცა, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ამ მშვიდობიანმა მსხვერპლთშეწირვამ შედეგი ვერ გამოიღო), ამ მიმართვაში მოკრძალებასაც დებდნენ, რომელიც უფრო მამაჩემისკენ იყო მიმართული, ვიდრე ჩემსკენ. შვილებს(და და ძმა მყავს) წარსულზე არაფერს გვიყვებოდა:არა იმიტომ, რომ რამის გახსენება არ უნდოდა, უბრალოდ, არ სიამოვნებდა შვილებთან იმაზე საუბარი, რა მაგარი ვინმე იყო.

 

პირადად მე მისი სახელოვანი(ჩემთვის ბრჭყალების გარეშეა) წარსულის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე: მაისის ცხელი დღე იდგა. კლასელმა ბიჭებმა სკოლიდან მდინარეზე გაპარვა გადავწყვიტეთ. გზად კონსერვი და ლავაში ვიყიდეთ და როცა ნაბანავები, მოშიებულები შევექცეოდით, თავს ერთი, საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი წამოგვადგა. წამოგვადგა რა – გზად მიდიოდა და ბევრი ბავშვი ერთად რომ დაინახა, გადმოუხვია. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო უფროსებისადმი პატივისცემის გრძნობა და ცოტა დავფეთდით – სკოლის მოსწავლეობა გახდილ ფორმებზე გვეტყობოდა, სკოლის საათები იყო და ჩვენი მთავარი მამხილებელი – მაჯის საათი “ორიენტი” კაცს ზედ მარცხენა მაჯაზე ეკეთა.

 

მაგრამ კაცს ხმაში დიდაქტიკური მოტივები არ გაურევია, ხელით გვანიშნა, ჭამა გააგრძელეთო და მერე ვინაობა გამოგვკითხა, ოღონდ ისე, ბავშვებს რომ გამოკითხავენ – ვისი ბიჭი ხარო. როცა ჯერი ჩემზე მიდგა, გვარი დავასახალე და კაცმა მკითხა, დაზი რა არის შენიო(მამას შემოკლებით ასე ეძახიან). მამა გახლავთ-მეთქი, როცა მივუგე, ცოტა ხანს მიყურა, მერე მოვიდა, შუბლზე მაკოცა და ზუსტად ასე მითხრა: “მამაშენი მაგარი კაცია. როცა ქურდობაზე უარი თქვა და კომბინატში დაიწყო მუშაობა, ზუგდიდში “ვსესაიუზნი” ქურდები ჩამოვიდნენ და კომბინატის შესასვლელთან მამაშენის სადღეგრძელო “21″-ის კაპოტზე დალიეს”. – მერე დაგვემშვიდობა და წავიდა.

 

კარგად მახსოვს კლასელი ბიჭების პირდაფჩენილი სიფათები და ჩემი არანაკლებ გამოყეყეჩებული გამომეტყველება. ჩემი თაობის ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, მიხვდებიან, რას ნიშნავდა მე-7 კლასელი ბიჭებისთვის იმის აღმოჩენა, რომ თურმე კლასში კანონიერი ქურდის შვილი ჰყოლიათ და თანაც, კარგი ამხანაგი, მაგრამ ფრიადოსანი. მათი დაღებული პირებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემი რეაქცია მახსოვს – ვიფიქრე, მე რატომ არ ვიცოდი-მეთქი და შესაბამისი კითხვა, მდინარეზე გაპარვის ფაქტის დამალვით, საღამოს მამას დავუსვი. როცა ცოტა გაბრაზდა იმ კაცზე, რატომ გითხრაო, – საბოლოოდ მივხვდი იმას, რასაც მანამდე ვგრძნობდი – უცნაური და განსხვავებული ადამიანი იყო(არის კიდეც) – იმით, რითაც იმ დროს ყველა იამაყებდა, არ ამაყობდა და შვილებსაც უმალავდა. ვერ ვიტყვი, რომ წარსულს ნანობდა, ან რცხვენოდა, უბრალოდ, არ უნდოდა შვილებისთვის ამ მხრივ ყოფილიყო სამაგალითო და სულ სხვა ღირებულებებს გვინერგავდა.

 

მისგან ბევრი რამ ვისწავლე: წიგნების სიყვარული, სუსტის არდაჩაგვრა, შინაგანი ტაქტი(მაგალითად, არასოდეს არ დაგვიძახებდა ბავშვებს მისახმარებლად, თუკი ვთამაშობდით), დაჩაგვრის მცდელობაზე ღირსეული პასუხის გაცემაც მისგან ვისწავლე და მიტევების უნარიც მისი შევითვისე, განსაკუთრებით კი შვილებთან ურთიერთობაში ვბაძავ, მცირე, თანამედროვეობისთვის შესაფერისი კორექტივებით. მოკლედ, შეიძლება,ნებისმიერი ღირსეული მამისგან არაფრით იყო განსხვავებული, მაგრამ უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა მიღებული და ადამიანების შეცნობის უდიდესი უნარი, რაც მისი წარსულის დამსახურება იყო.

 

მამის დასახასიათებლად გამოსადეგი, ბავშვობის უამრავი ეპიზოდიდან ერთს გავიხსენებ: მეათე კლასში ვიყავი, როცა ეროვნული მოძრაობა ახალი აღზევებული იყო. სკოლაში გამოუსწორებელ რადიკალად მივაჩნდით მასწავლებლებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსულის მასწავლებელს საკონტროლო რვეულის შუაფურცელზე დიდი ასოებით დავუწერე რუსული ასოებით, მართლწერის უგულებელყოფით და ბოღმიანად: “დალოი რუსსკაია იმპერია” და ბოლოში სამი დიდი ძახილის ნიშანი დავსვი, მერე კი მთელი კლასი მიტინგზე წავიყვანე. ატყდა ამბავი და დაიბარეს მშობელი. მამა წავიდა, კრიტიკულ სიტუაციებში სულ ის მიდიოდა ხოლმე. მახსოვს, როგორ ველოდი მის დაბრუნებას, დედაჩემის შეგონებების(“აი, მოვა და გიჩვენებს სეირს!”) თანხლებით. მამა კომუნისტური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა, რიგითი სპეციალისტი იყო ქაღალდის კომბინატში, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ქურდებსაც, თუნდაც ყოფილებს, დიდად არ ეხატებოდათ საბჭოთა წყობა გულზე.

 

მამა მალე დაბრუნდა. ერთი ჩვევა ჰქონდა: საკუთარ განწყობილებას ღიღინით გამოხატავდა, საღიღინო სიმღერის მელოდიას რომ ერთი სიმღერიდან აიღებდა, სხვა ლექსიდან ინტერპრეტირებულ ან ზუსტ ტექსტს “ისესხებდა” და ღიღინებდა ხოლმე საშუალო ხმაზე – დამუღამებული მქონდა, ამით მის იმდროინდელ განწყობილებასა და დამოკიდებულებას ვხვდებოდი. სკოლიდან დაბრუნებულს ჩემთვის სიტყვა არ უთქვამს, გამოიცვალა და ღიღინი დაიწყო. მეც მაშინვე ტექსტს მივუგდე ყური და შვებით ამოვისუნთქე. აი, რას ღიღინებდა: “ერთი შვილ მაინც გავზარდეეე, რუსებთან მეომარიააა, ჰეეეე!..” – ოღონდ, პერსონალურად არ შევუქივარ. არც შენიშვნა მოუცია.

 

ზემოთ ვთქვი, ათი წელი კანონიერი ქურდი იყო-მეთქი. ამ ხნის განმავლობაში “რამკაში” ყოფნა იმ დროს ადვილი არ იყო, ქურდებს პარტყაპურტყით “აფუჭებდნენ”, მამამ კი სწორედ იმ სამყაროს დიდების ზენიტში მყოფმა გადაწყვიტა ცხოვრების წესის შეცვლა: 29 წლის ასაკში “ობშჩიაკი”, 970 ათასი მანეთი გადააბარა, ქურდები სოხუმში, “ამრაში” შეკრიბა და ისე დაემშვიდობა, ვერავინ აზრზე ვერ მოვიდა. 30 წლის ასაკში მასზე 10 წლით უმცროსი დედაჩემი გაიცნო, რომელიც ერთი წლის შემდეგ, 1972 წელს გახდა დედაჩემი.

 

ასე იყო. და ახლა, როცა მამის ბოლო ფოტოებს ვუყურებ, როცა მისი აქტიურობა, ენერგია და მჩქეფარე წარსულის დროს ნასწავლი მანერები შენელებული და ფსკერზე დალექილია, ვგრძნობ, რომ სიბერე ყველასთან აუცილებლად მოვა. მამასთან უკვე მოვიდა, მაგრამ იგი ამ დროს მშვიდად ელოდა.

და ახლა მშვიდია, როგორც არასდროს – აღსარებების, ლოცვების, ზიარებების შემდეგ. მეც ასეთი მშვიდი სიბერე მინდა. და ასეთი მამა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე…

3 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...