გვრიტიშვილი „ვეტინგზე“: მათ უნდათ ისეთი მოსამართლეები, წინასწარ მიცემულ დავალებებს რომ შეასრულებენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი „იმედის კვირაში“ ვეტინგის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ამბობს, რომ ვეტინგის მიზანი სასამართლოზე კონტროლის მოპოვებაა.
ის იხსენებს გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელის აშშ-ის საელჩომ პროექტიდან მოხსნა და ამბობს, რომ სასამართლოზე კონტროლის მოპოვების მსურველებს ჩხიკვაძის მსგავსი მოსამართლეები არ სჭირდებათ.
„მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძემ მასზე ზეწოლის მცდელობა, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა რომ არ დამალა და საზოგადოებას განუცხადა დაუფარავად, ასეთი მოსამართლეები მათ არ სჭირდებათ. მათ უნდათ, წინასწარ რომ დაიბარებენ მოსამართლეს, მისცემენ დირექტივას, რომ აი, ეს საქმე ასე უნდა გადაწყდეს და მოსამართლეც ხმის ამოუღებლად შეასრულებს ამ დავალებას, აი, ასეთი მოსამართლეები უნდათ.
როდესაც ფიზიკურად ვერ მოხერხდა სასამართლო კორპუსში განხეთქილების შემოტანა, ვერ მოხდა მოსამართლეების ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობიან ეს მავანნი და მათი მეშვეობით განახორციელებენ სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, ახლა ამ პრინციპის მეორე ასპექტზე გადავიდნენ, ასე ვთქვათ, მოდით, მივაღწიოთ ისეთ სიტუაციას, როდესაც სასამართლო ხელისუფლება იქნება პარალიზებული, მაქსიმალურად დისკრედიტირებული. არ ექნება ნდობა საზოგადოებაში“, – ამბობს გვრიტიშვილი.
ამავე სიუჟეტში მოსამართლე ამტკიცებს, რომ ალბანეთში ვეტინგმა სისტემის პარალიზება გამოიწვია.
„ყველაზე აგრესიული ფორმა ვეტინგისა განხორციელდა ალბანეთში, როდესაც სასამართლო სისტემაში დაახლოებით 280 მოსამართლე იყო, 2/3 მოსამართლე სისტემიდან განდევნეს სხვადასხვა ბრალდებით – კორუფცია, არაკომპეტენტურობა, არაკეთილსინდისიერება… ამან გამოიწვია ის, რომ ალბანეთის უზენაესი და საკონსტიტუციო პარალიზებული იყო, მართლმსაჯულებას ვერ ახორციელებდნენ. იგივე იყო უკრაინაში, რომ გამოაცხადეს ზარზეიმით რომ რეფორმა გატარდა უკრაინაში, ცოტა ხანში ვიხილეთ უკრაინის უზენაესის თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს“, – ამბობს გვრიტიშვილი.
დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო რეფორმის საკითხის წამოჭრას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.
„ზოგადად, თუ დავაკვირდებით, მარტივ კანონზომიერებას აღმოვაჩენთ, რომელიმე არჩევნების მოახლოებისთანავე დღის წესრიგში სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი დგება“, – ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.
დიმიტრი გვრიტიშვილის მსგავსად ლევან მურუსიძეც მიიჩნევს, რომ ვეტინგის მიზანი სასამართლოდან მოსამართლეების გაყრაა. „TV პირველთან“ მან თქვა, რომ ვეტინგი შეეხება ყველა მოსამართლეს და სისტემაში დაინიშნებიან არადამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებიც „დონორების ყველა დავალებას შეასრულებენ“.
„მიზანი არის ერთი, რომ სასამართლო სისტემიდან გაყარონ მოსამართლეები და დანიშნონ ის მოსამართლეები, რომელიც მათთვის მისაღებია“, – ამბობს მურუსიძე.
სასამართლო სისტემის რეფორმა არჩევნების მოახლოებასთან კავშირში არაა. ის ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა და ამის შესახებ აღნიშნული იყო როგორც შარლ მიშელის დოკუმენტში, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებში. ვეტინგის საკითხი დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დადგა.
8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.
რა არის ვეტინგი და როგორ მიმდინარეობს ვეტინგი ალბანეთში
ვეტინგი საჯარო მოხელეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმია;
ამ მეთოდით პირის თანამდებობასთან თავსებადობა ფასდება, რასაც დანიშვნაზე უარი ან გათავისუფლება შეიძლება მოჰყვეს;
ვეტინგის გზით მოსამართლეთა/პროკურორთა შემადგენლობის განახლებას, ძირითადად, ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყნები მიმართავენ მართლმსაჯულების სფეროში სისტემურ უნდობლობასა და უსამართლობასთან საპასუხოდ;
2014 წელს ალბანეთმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო და გაწევრების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მართლმსაჯულების რეფორმა დასახელდა. 2016 წელს ალბანეთში ვეტინგი დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა.
საინფორმაციო მასალა ამის შესახებ „კომენტარმა“ მოამზადა.
ვეტინგს დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია ახორციელებს და მისი შედეგების გასაჩივრება სააპელაციო პალატაშია შესაძლებელი. კომისიის და პალატის წევრებს პარლამენტი ირჩევს. პროცესს მონიტორინგს საერთაშორისო დამკვირვებლები უწევენ, რომლებსაც ფართო უფლებამოსილებები გააჩნიათ, მათ შორის, მონიტორინგისთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციაზე დაუყონებლივი წვდომა; საერთაშორისო დამკვირვებლები არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილების მოსამართლეები და პროკურორები არიან.
ვეტინგს ექვემდებარება ყველა მოსამართლე და პროკურორი. თუმცა პირველ ეტაპზე ვეტინგს გადიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი.
ვეტინგი სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს. ესენია:
- „შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერება, ფინანსური ვალდებულებების და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების შეფასება;
- პროფესიული უნარების, ეთიკის, ცოდნის შეფასება;
- ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან კავშირის დადგენა.“
„კომენტარის“ მასალის მიხედვით:
- „ვეტინგისთვის თავის ასარიდებლად პროცედურას დაქვემდებარებულმა პირებმა მალევე დაიწყეს თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება;
- 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, 554 მოსამართლე/პროკურორიდან 64% გათავისუფლდა, უფლებამოსილება შეუჩერდა ან საკუთარი ნებით გადადგა;
- ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთა.
ალბანეთის ვეტინგის საკითხზე იმსჯელეს ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. არც ერთ ინსტიტუტს დარღვევა არ დაუდგენია. საკითხი ასევე განიხილა ვენეციის კომისიამ.
- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვეტინგის გამოყენება გამართლებულია შემაშფოთებელი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად;
- ვენეციის კომისიის აზრით კი, ვეტინგი, როგორც უკიდურესი აუცილებლობის დროს მისაღები ზომა, ალბანეთში გამართლებულია.
ვეტინგის პროცესის გამოწვევად შეიძლება მივიჩნიოთ, სასამართლოების მუშაობის შეფერხება:
- 2020 წლამდე უზენაეს სასამართლოში მხოლოდ 1 მოსამართლე იყო;
- ვეტინგის გამო, საქმეთა განსახილველად მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა არც საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდა;
-
მათ დანიშვნას კი უზენაესი სასამართლოს კვორუმი სჭირდებოდა.“
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.