Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტთან ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია - „მინდა ვიცოცხლო“ გამართეს


„მინდა ვიცოცხლო“ - ამ სახელწოდებით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ორგანიზებით, ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის. ასევე, ისინი ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობენ, კერძოდ, წამლების დეფიციტისა და ქვეყანაში ე.წ. მესამე თაობის მედიკამენტების არარსებობაზე.

ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მოიტანეს პლაკატები წარწერით: “მინდა ვიცოცხლო!”, “ჩვენ ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე!”, “მხარდაჭერა ონკოპაციენტებს”, “მინდა სიცოცხლე დამიდექით გვერდით”.

“ჩვენ დღეს ვაწყობთ საპროტესტო აქციას ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. ჩვენ შეხვედრა გვინდოდა ზურაბ აზარაშვილთან, მაგრამ 16 თებერვალს, როდესაც ჩვენ ჯანდავის სამინისტროში დაგვიბარეს შეხვედრაზე, არ შეგვხვდა არავინ გადაწყვეტილების მიმღები პირი, ნაცვლად ამისა, ჩვენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსი, შოთა შალაყაძე შეგვხვდა. მან ვერანაირი პასუხი ვერცერთ კითხვაზე ვერ გაგვცა. მათ ჩვენ გვითხრეს, რომ არც კი იცოდნენ იმ ხარვეზების შესახებ, რომელსაც ონკოპაციენტები აწყდებიან, არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ დეფიციტია წამლების და ვერ გვითხრეს რამდენ ხანში მოგვარდება და იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება მოხდეს 2-3 თვეში. 2 და 3 თვე ონკოპაციენტებისთვის არის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.

ჩვენ დაგვპირდნენ იმას, რომ 25 000 - ლარიანი ლიმიტი მოიხსნებოდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრაზე გამოგვიცხადეს, რომ ეს არის პირობითი ლიმიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანებს ამოეწურებათ ეს ლიმიტი, მათ უნდა მიმართონ რეფერალურს. ამის შემდეგ ის პაციენტები, რომელსაც უკვე ლიმიტი ამოწურული აქვთ რეფერალურში მივიდნენ, ესეც დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ მათ პირადად უნდა მიიტანონ განცხადება, ელექტრონულად არ იგზავნება, ამ ადამიანებს ეს ფიზიკურად არ შეუძლიათ და რეგიონებში მცხოვრებლებისთვისაც საშინელებაა, რადგან დედაქალაქში ჩამოსვლა უწევთ და საათობით რიგში დგომა. ეს ხარვეზიც გამოსასწორებელია. ამასთან, რეფერალურიდან წელს უკვე ყველას უარი მოუვიდა. რაც არის ძალიან საშინელება იმიტომ, რომ ჩვენ სრულფასოვან მკურნალობას დაგვპირდნენ. ლიმიტი ამოეწურა ხალხს, რეფერალურიდან უარი მოსდით. რა უნდა ქნას ამ ხალხმა?! საიდან უნდა მოიტანონ ათიათასობით ლარი, რომელიც მათ სიცოცხლის გადარჩენისთვის სჭირდებათ?!”, - განაცხადა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...