„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - „რომ მოაშენო, მერე ვიღაცამ დენით მოსპოს, ხომ არ ივარგებს?!“
„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას თევზის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, რესურსის ათვისება შესაბამისად არ ხდება.
როგორც თემურ ტყემალაძე განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და რეგიონებში ტბორების რაოდენობა მომრავლდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„ასათვისებელია კიდევ წყალსატევები. წესით, თევზის წარმოების მიმართულებით ყველა უნდა იყოს გამოყენებული. უფრო მეტად ადგილობრივები ინტერესდებიან თევზის მოშენებით, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგალითად, კახეთში არის ძალიან ბევრი ტბორი. თუმცა, ამასაც თავის წესები აქვს, ყველგან ვერ გააკეთებ. ზოგან ეკოლოგიურად არ არის მისაღები, ან წყალმოვარდნებია და არ გამოვა. თუმცა, სადაც შესაძლებელია, ყველგან უნდა გაკეთდეს.
ჩვენ საერთოდ ვერ ვიყენებთ მდინარეებს. ამას ემატება ისიც, რომ ბრაკონიერობაა და უმართავი სისტემაა. ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა. ეს კარგად დასაგეგმი და მისახედია. მდინარეების შევსება უნდა მოხდეს ხელოვნურად. მართალია კალმახზე უკვე დაწყებული აქვს გარემოს დაცვის ველური ბუნების სააგენტოს და გათევზიანება მიმდინარეობს მაღალმთიან რეგიონებში, მაგრამ ესეც ბოლომდეა მისაყვანი. ახლა ეს თევზი რომ მოაშენო, მერე ვიღაცამ გაიაროს და დენით მოსპოს, ხომ არ ივარგებს?!
არადა, ეს ტურიზმისთვისაც და ეკონომიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტურისტები ძალიან ინტერესდებიან ამ მიმართულებით.
დარგის განვითარებას ასევე, ხელს უშლის ღორღის ამოღება და კარიერები. მაგალითად, დასავლეთის მდინარეებს ზუთხისებრებრების პრობლემა აქვს. იქ არის უნიკალური კოლხური ზუთხი, რომელიც წითელ ნუსხაშია და გადაშენების პირასაა. ყურადღების მიქცევა სჭირდება ამ ყველაფერს“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.