Jump to content
Planeta.Ge

1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს მართლა აღარ მივიღებთ? – იურისტის განმარტება


1 მარტიდან საქართველოში კანონით იკრძალება უნებართვო სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების, SMS-ების გაგზავნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აწი ასეთი შეტყობინებები თქვენს ნომერზე ავტომატურად არ გამოიგზავნება.

რა უნდა ვიცოდეთ უნებართვო სარეკლამო SMS-ების აკრძალვაზე და რისი გაკეთება შეგვიძლია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავის „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ.

„ნეტგაზეთმა“ სიმონიშვილის პოსტიდან შეკრიბა მთავარი კითხვები და მისი პასუხები. მისი პოსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

  • [1 მარტიდან] ავტომატურად გაითიშება რეკლამების შეტყობინებები?

არა, ახალი კანონმდებლობა რეკლამების ავტომატურ გათიშვას არ გულისხმობს. საქმე ისაა, რომ სამომხმარებლო ხელშეკრულებებში მობილურ ოპერატორებთან თუ სხვადასხვა კომპანიებთან უკვე გაცხადებული გვაქვს თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩვენი მონაცემების დამუშავებაზე და სანამ შეწყვეტას არ მოვითხოვთ, მანამდე შესაძლოა გამოიგზავნოს სარეკლამო შეტყობინება.

  •  რა უნდა ვქნათ რეკლამების გასათიშად?

ბოლო დღეებში თქვენი მობილური ოპერატორებისგან ან იმ კომპანიებისგან, ვისთანაც გაცხადებული გაქვთ თანხმობა, მოგივიდოდათ SMS, სადაც გთხოვდნენ მიგეწერათ, კვლავ გსურთ თუ არა რეკლამების მიღება.

ამიტომ, თუ აღარ გსურთ ამ შეტყობინებების მიღება, ეს მესიჯები მოძებნეთ და შესაბამისი პასუხები დააბრუნეთ და თუ არ მოგსვლიათ, მაინც გაქვთ უპირობოდ გათიშვის უფლება.

  • აბა, კანონმა რა შეცვალა?

კომპანიები, რომლებიც ჩვენი წინასწარი ნებართვის გარეშე გზავნიდნენ შეტყობინებებს, ვეღარ გამოგზავნიან.

  • ანუ, თუ ამ წესით გავთიშავთ, საერთოდ აღარ მოვა სარეკლამო შეტყობინებები?

ამ მოცემულობით სრულად არაა გამორიცხული, ზოგიერთმა არაკეთილსუნდისიერმა კომპანიამ კანონდარღვევით მაინც გამოგზავნოს შეტყობინება და ამას უკვე პრაქტიკა გვიჩვენებს.


ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.

პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...