ვისთვის იქნება შესაძლებელი 1-წლიანი მაგისტრატურის და 3-წლიანი ბაკალავრიატის გავლა - ბრძანება
ერთწლიანი მაგისტრატურის და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის შემუშავების წესის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა.
ბრძანება განსაზღვრავს 180-კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის და 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.
ბრძანების მიხედვით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ამ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებისთვის იქნება შესაძლებელი.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება, დანერგავს სამწლიან პროგრამას თუ სტუდენტებს ისევ ოთხწლიან პროგრამას შესთავაზებს. მისივე თქმით, იგეგმება ამ ცვლილების სხვა მიმართულებებზე დანერგვაც.
„პირველ ეტაპზე ეს შეეხება მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამის სტუდენტებს, თუმცა, ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – ამბობს ის.
რაც შეეხება ერთლიან მაგისტრატურას, ეს შესაძლებლობაც ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე ჩნდება.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ერთწლიან პროგრამაზე დაშვების წინაპირობა იქნება ბაკალავრიატის/მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის სფეროში.
მინისტრმა ამილახვარმა განმარტა, რომ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული გამოცდის გარეშე იქნება შესაძლებელი, ოღონდ თუ სტუდენტს გრანტის მოპოვება სურს, მან გამოცდა უნდა ჩააბაროს.
2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე დაშვებული იქნება ნაწილობრივ ელექტრონული სწავლება.
ამილახვარის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში დარეგისტრირდება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.