Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    141.561

უკრაინაში აფხაზი მებრძოლი ახრა კირკინაძე დაიღუპა


blog-0138563001648990493.jpg

,,თუ თქვენ უარს ამბობთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლაზე, მაშინ ბიჭებო, იქნება უარი თქვათ იმ ფინანსურ დახმარებაზეც, რასაც რუსეთი გიგზავნით?!"

 

31 მარტს, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისე, ოჩამჩირის სოფელ კვიტოულის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე დაიღუპა.

ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო საშუალებებს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ კვიტოულის გამგებელმა ვახტანგ კვარაცხელიამ აცნობა.

როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ,,დონბასის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად,“ უკრაინაში ამ სოფლის ხუთი მცხოვრები გაემგზავრა. მათგან ერთ-ერთი, ახრა კირკინაძე, გასულ ხუთშაბათს, ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა.

,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დონეცკში მასთან ერთად დაიღუპა ერთი ოსი და ერთი რუსი მებრძოლი. ასევე დაიჭრა ახრას ბიძაშვილი ემზარი, რომელმაც კონტუზია მიიღო.“ - განაცხადა ვახტანგ კვარაცხელიამ.

მისი თქმით, ხუთი შვილის მამა ახრა კირკინაძე ,,თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და უყვარდა სამშობლო.“

სამშობლოს სიყვარულს და ,,პატრიოტიზმს“ რაც შეეხება, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებული სამხრეთის ოსეთისგან განსხვავებით, ოკუპირებულ აფხაზეთში არც კი განიხილავენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის პერსპექტივას. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობის და ეგრეთწოდებული ხელისუფლების აზრი ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა.

სხვადასხვა პარტიული თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ამ თემაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ვინაიდან ,,აფხაზი ხალხის ნება ჯერ კიდევ 1999 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე გამოიხატა, რომლის ძალითაც, იმავე წლის 12 ოქტომბერს, ,,აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ აქტი“ დამტკიცდა.“

ოკუპირებულ აფხაზეთის მკვიდრნი მიიჩნევენ, რომ ,,დამოუკიდებლობისა და თავისუფლების“ შესახებ არსებულ კითხვას, მათ დიდი ხანია, გასცეს პასუხი და ,,დამოუკიდებლობა სისხლით მოიპოვეს,“ ამდენად, მის დათმობას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებენ.

რაც შეეხება რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის სტრატეგიულ მოკავშირეობასა და ურთიერთობას, ბუნებრივია, ფიქრობენ, რომ მათი კავშირი კვლავაც ურღვევი იქნება, ოღონდ რამდენად მოსალოდნელია მომავალში მოსკოვიდან რაიმე სახის დახმარების მიღება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ.

საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური პირებისა და საინფორმაციო საშუალებების მხრიდან გაცხადებული პროპაგანდისა, რომ რუსეთი უკრაინაში აწარმოებს არა ომს, არამედ დემილიტარიზაციის სპეცოპერაციას დონბასისა და ლუგანსკის ოლქში, თუ მთელმა მოსახლეობამ არა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ხედავენ, რომ რუსეთმა დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო და ამ ომით, თავადვე აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში.

ამასთან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული თუ საზოგადოებრივად აქტიური აფხაზი, სოციალური ქსელების მეშვეობით ღიად გამოხატავს თავის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და არც ზელენსკის გამბედაობით აღფრთოვანებას მალავს.

მაგალითისთის შეგვიძლია მოვიყვანოთ გუდაუთელი ისტორიკოსისა და ბლოგერის, დავით დასანიას გამოხმაურებები რუსეთ-უკრაინის ომთან და ამ საკითხის გარშემო რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ფეიკებთან დაკავშირებით. ის ღიად წერს, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, მათი ახალგაზრდა და პრინციპული ლიდერით, მისი შეუპოვრობით.

რაც შეეხება რუს ხალხს, დასანია მიიჩნევს, რომ ,,რუს ხალხს დასავლეთი იმდენად არ დასცინის, რამდენადაც თავად რუსეთი ამცირებს და აბუჩად იგდებს, თუმცა ზომბირებული ადამიანები ვერაფერს იგებენ და არაფერი ესმით. ამ ხალხს 20 წლის განმავლობაში იმდენად გამოაცალეს ტვინი, რომ რეალობის ადეკვატურად აღქმა არ შეუძლიათ.“

დასანია აკრიტიკებს ასევე რუსული მედიასაშუალებების ეთერში გამოსულ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულებს ჭკუას ასწავლიან და თითს უქნევენ.

დავით დასანიას ფეისბუკის პირად სივრცეში გაზიარებული აქვს ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ასეთი პოლიტოლოგი, სემიონ ბაღდასაროვი რუსული ტელევიზიის ეთერში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ კომენტარს აკეთებს და აფხაზების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ბაღდასაროვის ანალიზი ეხება ცხინვალის ეგრეთწოდებული ოფიციალური მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ მზად არინ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობას შეურთდნენ.

,,სამხრეთ ოსეთის ნაბიჯი გასაგებია. ყოჩაღ მათ, ნორმალური გადაწყვეტილებაა! რაც შეეხება აფხაზეთს, იქ სიტუაცია არ არის მარტივი. ვიცით, რომ ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ხარჯზე არსებობს. მათ თანხები სწორედ რუსეთიდან მიეწოდებათ. შეიძლება ითქვას, ეს არის სუპერდონორული დახმარება. ამდენად, გასაგები იქნებოდა, აფხაზეთსაც, რომელმაც დამოუკიდებლობა რუსეთის დახმარებით მოიპოვა, ისეთივე ნება გამოეხატა, როგორიც სამხრეთ ოსეთმა გამოხატა.

თუ თქვენ უარს ამბობთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლაზე, მაშინ ბიჭებო, იქნება უარი თქვათ იმ ფინანსურ დახმარებაზეც, რასაც რუსეთი გიგზავნით?!

არ გინდათ, ხომ?!

უარი თქვით ამ დახმარებაზე და მაშინ იქნება ეს სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება.

ამას გარდა, თქვენი უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ჩვენი ჯარის იმ ნაწილებზე, რომელიც იქ არის განთავსებული.

რომ გვეუბნებით, ჩვენ აქ ჩვენთვის ვიქნებით, ჩვენს საქმეებს ჩვენ მივხედავთ, თქვენ, უბრალოდ, ფული მოგვეცითო, ასე არ გამოვა!“ - აცხადებს ბაღდასაროვი ხსენებულ ვიდეოში.

მის მიმართვაზე აფხაზი ბლოგერი საკმაოდ მკვეთრ განცხადებას აკეთებს და პოლიტოლოგ ბაღდასაროვს არაკორექტული სიტყვებით მოიხსენიებს.

,,როცა რუსეთის მხრიდან გამოდიან ისეთი დებილები, როგორიც ბაღდასაროვია და თავს ექსპერტებად წარმოადგენენ, რუსეთი ირღვევა ნაკერებში. მე არ მომწონს, რომ ეს ექსპერტები, საერთოდ, აფხზეთზე ლაპარაკობენ.

ვერ ვიგებ, რატომ უნდა ცდილობდე, მიიერთო სხვა ქვეყნები, რისთვის? განა რუსეთს ცოტა მიწა აქვს? ყველა ის მიწა ათვისებულია? სულელები!“ - წერს დავით დასანია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...