Search the Community
Showing results for tags 'ფსიქიატრიული პრობლემები'.
-
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ მოზარდის ქცევები რადიკალურად იცვლება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in irmaberi's ბლოგი
ოჯახები ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით მოუძებნონ ახსნა: ცელქია, ასაკობრივია, ემოციურია, განერვიულდა და ასე შემდეგ. რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით მოვისმინე მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა ქალი თავის ნაცნობს საკუთარ მოზარდ შვილზე შესჩიოდა, შინიდან გასვლა არ უნდაო. სულ რაღაცის შიში აქვს, შეღამებულზე თუ ბრუნდება სახლში, სულ აქეთ-იქით იყურება, ვინმე არ მიჰყვებოდეს და დღისითაც ჰგონია, რომ ქუჩაში ვიღაც ფოტოს უღებსო. რომ ვეკითხები, რისი გეშინიაო, მეხუმრება, ფოტოებს იმიტომ მიღებენ, ორგანოების დონორად ვუნდივართო. კიდევ ბევრი ისეთი საგულისხმო და საგანგაშო სიმპტომი თქვა, რაც აშკარად მიანიშნებდა მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე, ამიტომ ვერ მოვითმინე და გამოველაპარაკე. მშვიდად და წყნარად ვურჩიე, რომ აუცილებელი იყო სპეციალისტის ჩარევა და ფსიქოლოგთან (ფსიქიატრი ვერ ვუხსენე) მიყვანა, რომელიც შეაფასებდა მის მდგომარეობას, გაუფანტავდა ეჭვებს და მოუხსნიდა შიშებს ან სხვა კვალიფიკაციის ექიმთან გადაამისამართებდა. ვცდილობდი, დამაჯერებლად მელაპარაკა, არც შემეშინებინა მშობელი, მაგრამ იმავდროულად მდგომარეობის სერიოზულობაც დამენახებინა. როგორც ჩანს, შეშფოთება მაინც შემატყო და სცადა, შვილის უცნაური ქცევებისთვის ათასი გამართლება მოეძებნა: ასაკი, ინტერნეტიდან მიღებული ,,უამრავი ინფორმაცია,“ დაძაბული გარემო, თუმცა დამეთანხმა, რომ რასაც მასზე ჰყვებოდა, არ იყო ნორმალური მდგომარეობა და აუცილებლად მიიყვანდა შვილს ფსიქოლოგთან. მას მერე, დღე არ გავა, არ გამახსენდეს და არ გავიფიქრო, წაიყვანა თუ არა ან წაიყვანს თუ არა, რა დიაგნოზს დაუსვამენ, რამდენად საშიში მდგომარეობა აქვს მოზარდს, იძლევა თუ არა მისი სიმპტომები შეშფოთების საფუძველს თუ მე მომეჩვენა საშიშად? ვინაიდან, თავს უფლებას ვერ მივცემ, შევიდე იმ უცნობ ქალთან და ეს კითხვები დავუსვა, ვამჯობინე, ამ საკითხზე სპეციალისტს დავლაპარაკებოდი და პასუხებიც მისგან მიმეღო. იქნებ ასე მაინც, დავეხმარო მათ, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ექიმებთან მისვლას უკიდურეს მდგომარეობამდე ვერ ბედავს. თუმცა, მანამდე კიდევ ერთ მშობელთან საუბარი ვარჩიე, რომლის შვილსაც ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა დაუდასტურდა და უკვე წლებია, ერთად ებრძვიან დაავადებას. ამ მშობელს საქართველოს მცხოვრებთა უმეტესობა იცნობს, ის ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა. - ანა, საიდან დაეწყო ლუკას ეს დაავადება, როგორ შეატყვეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა? - ლუკას დაავადება სამედიცინო ენაზე არის სომატური და სავარაუდოდ უშაქრო დიაბეტის ფონზე ჩამოყალიბდა. 5 წლის იყო, სოფელში დიდმა ბიჭებმა პატარების შეშინება რომ გადაწყვიტეს და ტყეში ,,მგელია, მგელიას” ძახილით დატოვეს. იქიდან მოსულმა 20 ლიტრამდე წყალი დალია, რაც წარმოუდგენელი იყო. ბავშვი იძახდა, პირი არ სველდება, მუცელს არ უნდა წყალი, პირს უნდაო... დიაგნოზი გერმანელმა ექიმებმა მალევე დასვეს, რომ ეს იყო ჰიპოფიზის კრიზი და მისი ჰიპოფიზი (ჰიპოფიზი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს და ჰორმონების სეკრეციას პირდაპირ სისხლის ნაკადში ახდენს - ი. ბ.) ჰორმონებს, იზოპრესინს და ვაზოპრესინს ვერ გამოიმუშავებს... ეს ქრინიკული დაავადებაა და ხშირად ლეთალური გამოსავლით მთავრდება ან თუ არ მიიღებს, მაგალითად ჰორმონ მინირინს, დადგება ის, რაც დადგა ჩვენს შემთხვევაში - ფსიქიკური აშლილობა. ვიდრე ლუკა წამლებს იღებდა, ყველაფერი სტაბილურად იყო. სამწუხაროდ, თინეიჯერობის დროს უარი თქვა წამლებზე. ეს ტიპური დაპირისპირება იყო სამყაროსთან. ,,მე მოვერევი“ გამოაცხადა და ვერ მოერია. 15 წლსას აგრესიული ქცევები დასჩემდა და გარდატეხის ასაკის პრობლემად ჩავთვალეთ. ეს აგრესია რთულდებოდა... - რაში გამოიხატებოდა მისი აგრესია, როგორი იყო შემაშფოთებელი სიგნალები? - შეგინებაზე მწვავე, რეაქციები, ეჭვიანობა... ქუჩაში ჩხუბი... 19 წლისას, უკვე, დაეწყო დეპრესია, სახლში ჩაკეტვები და დასრულდა იმით, რომ კატეგორიულად მოითხოვა საზღვარგარეთ წასვლა. ჩვენი შეცდომა იყო, რომ მარტო გავუშვით საზღვარგარეთ. იქ მისი აშლილობა საბოლოოიდ ჩამოყალიბდა პარანოიდულ შიზოფრენიად. - საზღვარგარეთ რამდენ ხანს დაჰყო, იქიდან თავისი ნებით ჩამოვიდა თუ ჩამოიყვანეთ? - წასვლიდან სამი წლის თავზე დაიკარგა, 4 თვე ვეძებდით. სადეპორტაციო ბანაკში ვიპოვეთ ვენებგადაჭრილი და ჩამოვიყვანეთ 20 კილოგრამი შავი ძაფი... აქ უკვე სახეზე იყო პარანოია და როცა ფსიქიატრიულში დავაწვინეთ, დაუდგინდა პარანოიდული შიზოფრენია. - მშობლებს უჭირთ ასეთი დიაგნოზის აღიარება, მიღება. წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ეს თქენთვის. რა ქენით, დამალეთ მისი დიაგნოზი თუ მალევე აღიარეთ? - მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლუკას მოუწევდა პერიოდულად კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლა. ერთადერთი, ვერ ვასწრებდით დროის განსაზღვრას. ხან შემოდგომაზე ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ხან - გაზაფხულზე... 6 ჯერ სცადა თავის მოკვლა. მეთოდებს არ მოვყვები, ვინმეს არ მოუნდეს გამეორება. ეს ჯოჯოხეთია. როცა შვილი ერთხელ გიკვდება, ესაა ჯოჯოხეთი და როცა ეს ექვსჯერ შენს თვალწინ ხდება, მიწასთან გასწორებაა. ერთადერთი, რაც ასეთ დროს გამაგრებს, არის აზრი, მას ვჭირდები. ვერავინ ვერ უპატრონებს შეშლილ შვილს დედასავით. ყველას ბეზრდება... ეშინიათ, ბრაზდებიან, უნდათ რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ თავიდან. დედებს ეს ჯვარი აქვთ, მათთვის უნდა გამაგრდნენ. ის, რომ ლუკას შენარჩუნებული აქვს იუმორის გრძნობა, ინტელექტი და ქუჩაში არ დარბის, არავის აწუხებს, მთლიანად ჩვენი ოჯახის და ექიმების დამსახურებაა. ვისწავლეთ მისი ამ ტრაგედიის მართვა, ლუკამ გაგვზარდა... - ის მომენტი, ვაიმე, შვილს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვერ დავაწვენ, ცოდვაა, არ გქონიათ, თავიდანვე ჯანსაღად მიუდექით საკითხს? - მქონდა, მაგრამ ვებრძოდი ლუკასთვისვე. როცა ხმები აწუხებეს, ეს უნდა ალაგდეს. ამ ვერაგ დაავადებას ახასიათებს სიმულაციები, ბოდვები, შიშები, ეჭვები... მედიკამენტები და ექიმები ახერხებენ ამის ალაგებას და პაციენტი, რაღაც პერიოდი, იბრუნებს სიმშვიდეს. - კლინიკასთან, ექიმებთან ხომ არ გქონდათ რამე პრობლემა, არის განსხვავება ადრინდელ და ამჟამინდელ პირობებს შორის, რამე უკეთესობა შეიმჩნევა? - ბუნებრივია, ფსიქიატრიული კლინიკა პანსიონატი არ არის. იქ პაციენტები ბევრნაირი გართულებით ხვდებიან, აგრესიიდან დაწყებული სიჩლუნგით დამთავრებული. ჩვენ ყველაზე უარესი კლინიკები არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, ვერ შევედრებით ევროპის, ამერიკის და მაგალითად, ისრაელის კლინიკებს. სამწუხაროდ, ფსიქიატრიაში არ არის პრევენციული მედიცინა და არც რეაბილიტაციის ცენტრები გვაქვს. ეს ადამიანები,პაციენტები სახელმწოფისთვის და საზოგადოებისთვის ტვირთია. სახელმწიფო პროგრამები დახურული ტიპის კლინიკების დაფინანსებასღა წვდება. ჩაკეტე კარი და დამალე ეს ხალხი კარს მიღმა, ესაა პოლიტიკა. არადა, მათ შორის უამრავი ნიჭიერი მუსიკოსია, მხატვარი, პოეტი, გამომგინებელიც კი. ეს ნიჭი იმ კარს მიღმა კვდება, მათ უარყოფასა და ტანჯვასთან ერთად. - გვახსოვს, ფსიქიატრიულ კლინიკებში ადრე სანიტარული ნორმებიც არ იყო დაცული. ამ მხრივ მაინც თუ შეიცვალა რამე, ინფრასტრუქტურა თუ მოწესრიგდა? - ქავთარაძეზე, სადაც ლუკას უწევს მკურნალობა, მობყრობა, კვება და სანიტარია ნამდვილად არ არის სასაყვედურო; პირიქით, კონდიცირება, ნორმალური კვება და ნათელი ოთახებია, პერსონალიც - კვალიფიციური. დავამატებდი, საბჭოთა კავშირი და ზოგადად, ტოტალიტარული სახელმწუფიები მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მსგავს ქვეყნებში დღემდე ასეა. სახელმწიფოს ჰუმანურობა იმით განისაზღვრება, როგორ ექცევა ამ ტიპის ადამიანებს, შშმ პირებს, ქრონიკულ ავადმყოფებს, რა პროგრამებს ამოქმედებს მათთვის. - კლინიკებში მოხვედრის საკითხი რამდენად მოგვარებულია? - არის შემთხვევები, როცა ადგილი არ არის. როგორც წესი, აგრესიული პაციენტი პატრულს გადაჰყავს და ასეთ დროს კლინიკას უფლება არა აქვს, არ მიიღოს. მე კლინიკაში მოთავსების პრობლემა არ მქონია. ყოველთვის წინასწარ ვარკვევთ, არის თუ არა ადგილი და ვემზადებით ამ პროცესისთვის. გადაყვანის პროცესი ახლაც კი, ამხელა გამოცდილების მერეც, არის სრული კატასტროფა... ცოცხალი რიმ ვრჩები მიკვირს. - რა რჩევას მისცემ ოჯახებს, მშობლებს, ვისაც ფსიქიკური აშლილობის მქონე შვილი ჰყავთ ან მათ, ვისაც ამის აღიარება არ უნდა, თუნდაც იმ მშობელს, ვიზეც ვილაპარაკე? - ამ ადამიანებმა უნდა ნახონ ბევრი დოკუმენტური ფილმი, მსგავს პრობლემებზე. სხვა გზა არ არის. საუბრის დრო არავის აქვს, რომ დაუჯდეს და დაარწმუნოს. ფსიქოლოგთან სიარული ჩვენთან პოპულარული არც არის. თან საკმაოდ ძვირია, ყველას არ მიუწვდება ხელი. ამიტომ, ინტერნეტის ეპოქაში სერიოზული ფილმების და გადაცენების მოძიება შეიძლება, სტატიების წაკითხვაც, რაც ჩვენისთანა მშობლებს ძალიან გამოადგებათ. როგორც წესი, ქცევითი აშლილობები ბავშვობიდანვე იჩენს თავს. ოჯახები ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით მოუძებნონ ახსნა: ცელქია, ასაკობრივია, ემოციურია, განერვიულდა და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, აგრესიის გამოვლენისთანავე, მინიმუმ, ფქსიქოლიგი უნდა ჩაერთოს საქმეში. ის დედა კარგად ხვდება, რაც ხდება, მაგრამ თავს არ უტყდება, ეშინია დიაგნოზის დადასტურების და ყველაფერს გააკეთებს, პირველ გართულებამდე, არ დაიჯეროს, რაც სჭირს მის შვილს. იქნებ გაუაროს, იქნებ თავისით ეშველოს, ფიქრობს. ვერაფრით აღიარებინებ რომ პრობლემა აქვთ. - ერთგვარად, ალბათ კომპლექსიც მოქმედებს, რას იტყვიან გარშემომყოფები?!.. - კი, ასეც არის. იცით, რა სასტიკია სამყარო ამ დაავადების მიმართ? დაცინვა, შიში, ზიზღი... თუმცა მე პირადად, ყველას მოვუსპე სალაპარაკო. რა უნდა თქვან ჩემს შვილზე იმაზე მეტი, რასაც თავად ვყვები?.. - რა ასაკიდან არის შესამჩნევი ადამიანში ფსიქიკური აშლილობის ნიშნები? (გვპასუხობს ფსიქიატრი ეკა ჭყონია) - ფსიქიკური აშლილობის დიდი უმრავლესობა სწორედ მოზარდობის, 12-19 წლის ასაკში იწყება და ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც, თითქოს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ისედაც მოსალოდნელია ქცევის ცვლილებები. ამიტომ ხშირად გვგონია, რომ ეს ქცევა დროებითია, ასაკობრივია, გაუვლის, მაგრამ როდესაც ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის, ნუღარ დაველოდებით თავისით როდის გადაუვლის. აუცილებლად უნდა მივიყვანოთ მოზარდი სპეციალისტთან და ის უკეთესად შეაფასებს, მსგავსი ქცევები ჯდება ნორმის ფარგლებში თუ ნორმის მიღმაა. - მოზარდის როგორ ქცევას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ არაფერი გამოგვეპაროს? - განსაკუთრებით ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა მორიდებული, წყნარი, ზრდილობიანი ბავშვი უცებ ხდება ზედმეტად აქტიური, ზედმეტად თამამი, თავხედობამდეც კი ან პირიქით, საკმაოდ აქტიური, მოუსვენარი ბავშვი, რომელიც დადიოდა სხვადასხვა წრეზე, ადვილად ამყარებდა ურთიერთობებს თანატოლებთან, უცებ ხდება ნაკლებად კონტაქტური, თავის თავში იკეტება, არაფერი აინტერესებს. ორივე ეს შემთხვევა საგულისხმო და ყურადღებამისაქცევია, რადგან ადამიანის ასეთი რადიკალური ცვლილება, არ შეიძლება მხოლოდ ასაკობრივი ფაქტორით აიხსნას. გარდა ამისა, ძალიან თვალსაჩინო და ადვილად შესაჩნევია, როცა შვილის ძილის და კვების რეჟიმი მნიშვნელოვნად ირღვევა. ძილი და კვება არის ბაზისური ქცევა და თუ ეს ქცევა რადიკალურად იცვლება, თუ ადამიანს არა აქვს სათანადო ძილ-ღვიძილის პერიოდი, მისი ორგანიზმი სრულიად იფიტება, რაც საშიშია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, თუ ეს ხდება მოზარდობის პერიოდში, როცა ყოველი დღე, ყოველი ეტაპი მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის, ეს იქნება სოციალაური, ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარება. ამდენად, გადამეტებული ძილიანობა ან პირიქით, უძილობა, ძალიან თვალშისაცემია და არ შეიძლება გამოგვეპაროს. ეს ერთ-ერთი საშიში სიგნალია. ამასთან, თუ მშობელი ხედავს, რომ მოზარდი უმიზეზოდ აცდენს სკოლას, არ ესწრება გაკვეთილებს, მისი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გაუარესდა, ამ მომენტსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და დაუყოვნებლად მივიყვანოთ სპეციალისტთან. უნდა გაირკვეს, რა ხდება, რა არის ასეთი ქცევის მიზეზი? რა თქმა უნდა, თუ სპეციალისტის ჩაურევლად, თავადვე გეტყვით, რით არის გამოწვეული მისი ამგვარი საქციელი და მართლაც, არსებობს რამე, მისთვის ხელისშემშლელი რეალური პირობა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ხშირად ხდება, როცა ადამიანებს წარმოსახვითაც უყალიბდებათ აზრი, რომ მის ირგვლივ მყოფები მტრულად არიან მათ მიმართ განწყობილი; ეჩვენებათ, რომ ვიღაც უთვალთვალებთ ან რაღაცა ცუდის გაკეთებას ცდილობს. ამის გამო, ეშინია, სახლიდან გასვლა არ უნდა, სწავლისადმი ინტერესი უქრება და იმ პერიოდს, როცა დროს მეგობრებში უნდა ატარებდეს ან ცოდნას იძენდეს და ვითარდებოდეს, შეშინებული, თავის ოთახში ჩაკეტილი ატარებს. ეს მდგომარეობაც აუცილებლად უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ, რადგან ეს არ არის ნორმა. რაც შეეხება კვების უნარ-ჩვევებს, ამასაც კარგი დაკვირვება სჭირდება, რისთვიაც სასურველია, დღის განმავლობაში ოჯახის წევრები ერთხელ მაინც დავსხდეთ სუფრასთან ერთად და ერთად ჭამა მოვახერხოთ. ჩვენი ურთიერთობა სტაბილური უნდა იყოს, შვილები მხედველობის არეალში უნდა გვყავდეს, რომ მათი ქცევებიდან და უნარ-ჩვევებიდან არაფერი გამოგვრჩეს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობელი შვილს მთელი დღის განმავლობაში ვერ ხედავს და მას მასწავლებელი ეუბნება შვილის განსხვავებული ქცევის შესახებ, რასაც ის ამჩნევს. ასეთ დროს, აუცილებელია, პედაგოგის ნათქვამზე ყურადღება გავამახვილოთ და გავარკვიოთ, რაშია საქმე. მივადევნოთ შვილს თვალყური და დავეხმაროთ, ვიდრე გვიან არ იქნება. - როდესაც არსებობს ფსიქიკური აშლილობის მიმართ გენეტიკური განწყობა, რა არის საყურადღებო, ის საგანგაშო სიმპტომი რომ არ გამოგვეპაროს, რაც ამ დაავედებაზე მიგვანიშნებს? - ნებისმიერი ცვლილება, ზოგადად ქცევაში, ჩაცმულობაში, ჩვევებში არის საყურადღებო. ძირითად ქცევებს, როგორიცაა კვება, ძილი, სწავლა, ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რამე მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოგვეპაროს. რაც შეეხება გენეტიკურ წინაგანწყობას, ყველაზე კარგი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად დავიცვათ ცხოვრების ჯანმრთელი წესის და პირობები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა კარგია ადამიანის, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარებისთვის. ასევე, აუცილებელია, მოსიყვარულე, მხარდამჭერი გარემოს არსებობა. ასეთ გარემოში ნაკლებ სავარაუდოა, რომ რამე გამოგვრჩეს. ამ ყველაფრით შეიძლება სერიოზული პრევენცია გავაკეთოთ, მაგრამ სამწუხაროდ, დაავადებისგან ასპროცენტიანად დაზღვეული მაინც ვერ ვიქნებით. - კლინიკური მომსახურება, თერაპია, რამდენად ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, ვისაც სურს დროულად მიმართოს ფსიქიატრს? - ყველა რეგიონში არის ფსიქიატრიული ამბულატორია, სადაც პირველადი დიაგნოსტიკა უფასოა, თუმცა რაც შეეხება კონკრეტული დიაგნოზის შემდეგ ჩარევას და თერაპიას, სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისში ფინანსდება, ბათუმის მუნიციპალიტეტშიც იყო საუბარი მკურნალობის დაფინანსებაზე. თბილისის ფსიქიატრიული ცენტრები ადგილობრივი მერიის პროგრამაშია ჩართული. აქამდე არანაირი პროგრამა არ მოქმედებდა და ბოლო 2-3 წელია, ეს მაინც გაკეთდა. - ხშირია შემთხვევები, როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს ოჯახი სათანადოდ ვერ ჰპატრონობს, ვერ თუ არ მიჰყავს კლინიკაში და დაავადების გამწვავების ფაზაში ის საზოგადოებისთვის საშიში ხდება. მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა ბლომად შეიძლება. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ვინც მათი აგრესიის მსხვერპლნი ვხდებით? - ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ვიძახებთ სასწრაფოს, მას მოჰყვება პატრული და თუ ხედავენ, რომ ადამიანი გარშემომყოფებისთვის საშიშია, ის იძულებით გადაჰყავთ სტაციონარში. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. - უკვე გამოვლენილი აგრესიის მერე, გასაგებია, რომ გადაჰყავთ კლინიკაში იძულებით, მაგრამ მანამდე რომ არანაირად არ ვართ დაცული ფსიქიკურად აშლილი ადამიანის თავდასხმისგან და კანონმდებლობაც საკმაოდ ბუნდოვანია? - კანონმდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა გვაქვს, აქ ორმხრივად ვართ შეზღუდულები. კანონი ფსიქიატრებს ერთი მხრივ, თითქოს, მოსახლეობის უსაფრთხოების პასუხისმგებლობას გვაკისრებს და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების, ამ შემთხვევაში, ფსიქიკურად დაავადებულის უფლებების დაცვას. ამდენად, ორ ცეცხლს შორის ვართ მოქცეულები. კანონმდებლობა უნდა იყოს მაქსიმალური ოპტიმალური, რათა არც ერთ და არც მეორე მხრივ გაუგებრობა არ შეიქმნას. თუ ადამიანი რეალურად არავისთვის წარმოადგენს საშიშროებას, მარტო იმიტომ, რომ უცნაურად იქცევა ან ჩვენთვის გაუგებარ რამეს ლაპარაკობს, წაიყვანო და არანებაყობლობით გამოკეტო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაგრამ თუ ის მართლაც საფრთხეს წარმოადგენს, ვინმემ სათანადო უწყებას უნდა შეატყობინოს. - გასაგებია, რომ თუ კონკრეტულად არავის არაფერს უშავებს, მანამდე არ გვაქვს უფლება, მას ხელი ჩავავლოთ და იძულებით გადავიყვანოთ სტაციონარში, მაგრამ როცა დაუშავებს, სხვის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის ან სასიკვდილოდ დაჭრის, მერე ხომ დაგვიანებულია რეაგირება? ამ დროს ვინ რა უნდა გააკეთოს? სად არის სწორი გამოსავალი? - ამა თუ იმ ავადმყოფის შემთხვევაში ფსიქიატრები კი ამბობენ, რომ რისკი მაღალია და საფრთხე არსებობს, ვინმეს რამე დაუშავოს, მაგრამ პაციენტი გვეწინააღმდეგება და ამბობს, ასე ნებისმიერზე შეიძლება ეჭვი მიიტანო და თქვა, რომ მან შეიძლება ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ჩვენ, ფსიქიატრებმა უნდა ვამტკიცოთ, რომ ადამიანი არის ფსიქიკურად ავად, რისკი მაღალია და სასამართლოს ვუსაბუთებთ, რომ საჭიროებს სტაციონარში გადაყვანას, სასამართლო კი წყევტს მის ბედს. თუმცა ჩვენ რაც არ უნდა დავუსაბუთოთ, რაც არ უნდა არგუმენტებით გავამყაროთ ჩვენი მტკიცება, შეიძლება სასამართლომ სხვანაირად გადაწყვიტოს და სახლში გაუშვას. - რა დროს ხდებიან ეს ადამიანები აგრესიულები, ნებისმიერს აქვს ეს მომენტი თუ ყველას სხვადასხვანაირად უვლინდება ავადმყოფობის გამწვავება? - არა, ყველა არ არის აგრესიული, ძალიან მცირე პროცენტია ასეთი, მაგრამ გამწვავების პროცესი ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ზოგადად, მაინცდამაინც აგრესიის გამოვლენის გამო ხომ არ უნდა ვუმკურნალოთ ავადმყოფს? ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს დროზე უნდა მივხედოთ, რომ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივიდეს, თავი არ მოიკლას ან რამე უბედურება არ დაატრიალოს. - რაც ზემოთ ვილაპარაკეთ, ამის გათვალისწინებთ, მათი სტიგმატიცაიაც პრობლემად რჩება?!. - ბუნებრივია, ასეა. სტიგმა რომ დაიძლიოს, ამისთვის ჩვენ ისეთი სერვისები უნდა შევთავაზოთ, რომ ავადმყოფებს კლინიკებში მისვლის არ ეშინოდეთ. ფსიქიატრიული საავადმყოფოს გარდა სხვა ალტერნატივა რომ არა გაქვს, რა თქმა უნდა, იქ წასვლა არავის უნდა. აბა, გააკეთონ წესიერი განყოფილებები ჩვეულებრივ კლინიკებში, თუ არ მივიდნენ პრობლემის მქონე ადამიანები სამკურნალოდ? - რეაბილიტაციისთვის, თერაპიისთვის საჭირო ნორმალური პირობები ისევ არ გვაქვს? - რა თქმა უნდა, არ გვაქვს. სათანადო პირობები რომ იქნება და უარესად არ დაითრგუნება, იმ გარემოში ყველა მივა, ვისაც ამის საჭიროება ექნება. დეპრესიაში რომ ხარ, თავის მოკვლა რომ გინდა, თოკიდან ჩამოგხსნიან და გეუბნებიან, ფსიქიატრიულში უნდა წაგიყვანოთო, როცა იცი, იქ რა პირობებიც დაგხვდება, არ წახვალ. მარტო სტიგმის გამო არ ითრგუნებიან ადამიანები, ამიტომ ფსიქიატრიაში არსებულ პრობლემებს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. სიმართლე გითხრათ, ბევრად უკეთესობაა დღეს, ვიდრე ათი წლის წინ იყო, ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეიცვალა, ბევრი საავადმყოფო გარემონტდა ისე, რომ თავზე არ დაგვემხოს, მაგრამ ბევრი ისევ გასარემონტებელია. - სულ რამდენი ფსიქიატრიული საავადმყოფო მოქმედებს ამჟამად საქართველოში? - დღეისთვის საქართველოში 11 სტაციონარული კლინიკაა. - ამბობთ, რომ ყველა მათგანში დღეს, ადრინდელთან უკეთესი პირობებია, მაგრამ საჭირო სტანდარტს მაინც ვერ აკმაყოფილებს? - დიახ, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, საჭირო სტანდარტამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.