25-05-2013 რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ქართული ღვინის კომპანიების მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი ალკოჰოლური პროდუქციის ნაწილი, რომელიც რუსეთის ბაზარზე უნდა შესულიყო, დაიწუნა. ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განაცხადა. "სამი დასკვნა წარვადგინეთ, რომლებიც კომპანია "შუხმან ვაინსის" ღვინოების ნორმატივებთან შეუთავსებლობას შეეხებოდა. თუ ღვინის დასხმისას წარმოიქმნება ქაფი, გამოიყოფა გაზის ბუშტუკები, დუღილი. ღვინო დაძმარებულია", - აღნიშნა ონიშენკომ. გარდა ამისა, მისი თქმით, სანიტარულმა სამსახურმა დაიწუნა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი ძმების" ხუთი სახეობის კონიაკი. ონიშენკოს თქმით, რეგისტრაციასთან დაკავშირებით სანიტარულ სამსახურში ქართული ღვინის, კონიაკის, ჭაჭისა და მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიების 234 განაცხადი შევიდა. "102 საექსპერტო დასკვნა გაფორმებულია, რვა მწარმოებელს სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოწმობა გადაეცა. ექვსი მწარმოებლის 93 დასახელების ალკოჰოლური პროდუქციის ექსპერტიზა კი ჯერჯერობით დაუსრულებელია", - განაცხადა ონიშენკომ.