Search the Community
Showing results for tags 'მანესი'.
-
მანი (მანესი) (დ. დაახ. 216— გ. 276) — ირანელი წინასწარმეტყველი და მანიქეიზმის დამაარსებელი. დაიბადა 216 წელს პართიელი არშაკიდებისა და სამეფო ტახტზე მათი შემცვლელი სასანიდების სატახტო ქალაქ ქტეზიფონში. ამ ქალაქის რელიგიურ თემთა შორის ერთ–ერთი მრავალრიცხოვანი და გავლენიანი იყო პალესტინიდან გადმოხვეწილ იუდეველთა სექტა, რომელსაც სხვა სარწმუნოებათა აღმსარებელნიც უერთდებოდნენ ხოლმე. ამ უკანასკნელთა შორის იყო მანის მამაც პატიციუსი, რომელიც სექტის უმკაცრესი მოთხოვნით იძულებული შეიქნა ხელი აეღო ოჯახზე და ცალკე დასახლებულიყო სექტის დანარჩენ წევრთან ერთად. მოგვიანებით, მამამ იქვე მიიყვანა ოთხი წლის მანიც, რათა ახალი სარწმუნოების საწყისები გაეცნო და მის გულმხურვალე მიმდევრად ექცია იგი. მაგრამ 12 წლის მანი ხანდახან უჩეულო აღტკინება იპყრობდა და ის არამარტო ნათლად ხედავდა, კიდევ ესაუბრებოდა მის მიერ ორეულად თუ ტყუპისცალად წოდებულ ღვთაებრივ მაცნეს, რომელიც იდუმალი ხმით ჩასჩურჩულებდა ყმაწვილს: მოვა დრო და შენ მიატოვებ იუდეველთა სექტას, რადგანაც სულ სხვა მისიისთვის ხარ მოხმობილი. შენ უნდა იხსნა ადამიანთა ტანჯული მოდგმა. ჯერჯერობით კი აქ უნდა დარჩე ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ლეგენდის თანახმად, 24 წლის მანის კვლავ მოევლინა ღვთის მოციქული და ხმამაღლა ამცნო: ახლა კი დროა ხალხში გახვიდე შენი ჭეშმარიტების საქადაგებლადო. მანი დაემორჩილა ღვთაებრივი ხმის კარნახს და შეუდგა თავისი საღმრთო ვალის აღსრულებას.მანი თავმდაბლობით არ გამოირჩეოდა. ის ამტკიცებდა, რომ რელიგიების ყველა დამაარსებელი, ვინც მასზე ადრე მოევლინა ქვეყანას, მხოლოდ თავის ხალხს უქადაგებდა ჭეშმარიტებას: ბუდა ინდოელების მოძღვარი იყო, ზარათუშტრა–ირანელების, ქრისტე–იუდეველების, თვითონ კი მთელი კაცობრიობისთვის აპირებდა ცოდვისგან განწმენდის და სულის ხსნის გზას. ახალმა რელიგიამ მოიცვა პართია და სოგდიანა, ირანი და რომი, ჩინეთი და ინდოეთი. ამ წარმატებამ დიდი პოპულარობა მოუხვეჭა მანის და მის მიმდევრებს, რომლებიც ნამდვილ ჯადოქრებად და სასწაულთმოქმედებად მიაჩნდა ხალხს. ამიტომაც ხანგრძლივი მისიონერული მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ მანის მტრულად შეხვდნენ ზოროასტრიზმის ქურუმები. შაჰინშაჰმა ბაჰრამ I–მა თავის უზენაეს ქურუმს უბრძანა საჯარო პაექრობაში გამოეწვია მანი, რათა მისი ერეტიკული მოძღვრების სიყალბე დაემტკიცებინა ხალხისთვის. მანიქეველთა თავკაცის ბრწყინვალე ორატორული ნიჭით დამფრთხალმა ქურუმმა თავი აარიდა პაექრობას და მანის მოსთხოვა თავისი ერთ–ერთი სასწაული ეჩვენებინა ცნობისმოყვარე ბრბოს წინაშე: თუ გამლღვალ ტყვიას დალევ, ეს სავსებით საკმარისი იქნება შენი რწმენის გასამართლებლადო. მანიმ ცივად უარყო ქურუმის მოთხოვნა: ჩემს რწმენას სასწაულებით გამართლება არ სჭირდებაო. მაშინ, მეფის ბრძანებით, დილეგში ჩააგდეს და 276 წელს სიკვდილით დასაჯეს (ზოგიერთი ვერსიით, ცოცხლად გააძრეს ტყავი). ლიტერატურა ბაჩანა ბრეგვაძე, თხზულებები და თარგმანები, წ. 1, თბ., ნეკერი, 2006, გვ. 548
-
- მანიქეიზმი
- მანესი
-
(and 1 more)
Tagged with: