Search the Community
Showing results for tags 'კემეტი'.
-
ისიდა (ძველეგვიპტურად „ისეტ“ ან „ასეტ“) — ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა. ბერძნულ–რომაულ სამყაროში ისიდა ითვლებოდა მიწისა და მეზღვაურთა მფარველად, ციურ მნათობთა შემქმნელად, იალქნის გამომგონებლად და სხვა. იმ ტანჯვა–წამებისა და განსაცდელის გამო, რომელიც ისიდამ განიცდა ოსირისის ნაწილების შეგროვებისა და ბოროტ სეთთან ბრძოლისას, იგი დაბეჩავებულთა ღვთაებად, ქალთა შემწედ, დამცირებულთა ქომაგად და მფარველად აღიარეს (ისიდას ეს თვისებები ქრისტიანობამ მარიამ ღვთისმშობელს მიაწერა). ისიდას დღეობებს მისტერიების ხასიათი ჰქონდა და დემეტრეს ელევსინურ მისტერიებს წააგავდა. რომში ისიდას დღესასწაულს 5 მარტს აღნიშნავდნენ. ძვ. ეგვიპტურ გამოსახულებებში ისიდა უფრო ხშირად ტახტზე მჯდომარეა, ხელში უჭირავს ძროხის რქები და რქებს შორის მოჩანს ამომავალი მზის დისკო. ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში ისიდა ჰერას მსგავსად გამოისახება: გრძელი ტანსაცმლით, მშვიდი, საკმაოდ ამაყი და დიდებული სახით. მისი ატრიბუტებია: გველი, ლოტოსი, თავთავი, სიუხვის რქა. ისიდას ზოგჯერ ხელში უჭირავს ჩვილი ჰოროსი, რომელიც ქრისტიანობამ ქრისტესთან გააიგივა. საბერძნეთში ერთხანს იგი აფროდიტედ მიაჩნდათ, ხოლო ჰოროსი ეროსად. ისიდას მითს ხშირად უკავშირებდნენ სერაპისის მითს. ჩვენამდეა მოღწეული ქანდაკება, რომლის მიხედვითაც ისიდა და სერაპისი წელს ზემოთ ადამიანები არიან, ხოლო წელს ქვემოთ – გველები. გველების ქვემო ნაწილები ერთიმეორეზეა გადახვეული. ისიდას კულტი აირია და შეერწყო მრავალი ქვეყნის ბევრი ღვთაების კულტს. http://rodbg.com/wp-content/uploads/2020/07/Untitled-design-231.png
-
ბასტეტი, ბუბასტა, ბუბასტიდა (Bubastis) — ოსირისის და ისიდას ასული, ძველ ეგვიპტელთა კატისთავიანი ქალღმერთი, ახალი ან სავსე მთვარის განსახიერება, მოგვიანებით გაიგივებული ბერძენთა არტემიდასთან და რომაელთა დიანასთან, ვითარცა მთვარის ქალღმერთებთან. შემთხვევით როდია მისი ატრიბუტი კატა, ღამის ცხოველი, ღამით მხედველი. ქვემო ეგვიპტეში, ნილოსის დელტის ერთ კუნძულზე ჰქონდა თავისი სახელობის ქალაქი და დიდებული ტაძარი (არქეოლოგიურ გათხრებში აღმოაჩინეს კატების სამარხი), სადაც ყოველწლიურად მილიონამდე კაცი და ქალი მიდიოდა სადღესასწაულოდ და მსხვერპლის შესაწირავად (შენდებოდა ჰიქსოსთა ჯამიდან). მისი წყალობით, კატა ეგვიპტელებს დიდ პატივში ჰყავდათ, ამ ცხოველის მოკვლა აკრძალული იყო. სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით. ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა — ქალაქი ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის აყვავებაც უკავშირდება XXII დინასტიას (ბუბასტიდები). ბასტეტის ატრიბუტია — სისტრი (მუსიკალური საკრავი). ხშირად ქალღმერთს გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით, ფეხებთან მოკალათებული 4 კნუტით, რომელსაც სისტრი ეკავა ხელში და ითვლებოდა ნაყოფიერების ქალღმერთად. ბასტეტის შვილი იყო - მააჰესი.