Search the Community
Showing results for tags 'ზოდიაქო'.
-
ზოდიაქო, ზოდიაქოს წრე (ბერძ. zōdiakos <zōon — ცხოველი) — ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებული 12 თანავარსკვლავედი (ვერძი, კურო, მარჩბივი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები). ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე გადის მზის ხილული წლიური გზა ვარსკვლავთა შორის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს. ზოდიაქოს თანავარსკვლავედები განცალკევებულ ჯგუფად გამოყვეს და მათთვის სპეციალური ნიშნები შემოიღეს ჯერ კიდევ ძვ. ბერძნებმა (ასტრონომიული ნიშნები). სათანადო თანავარსკვლავედის ნიშნები აქვს აგრეთვე მათში მდებარე ბუნიობისა და მზებუდობის წერტილებს (ვერძი და სასწორი, შესაბამისად, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისა, ხოლო კირჩხიბი და თხის რქა — ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის წერტილებს). ეს აღნიშვნები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა პრეცესიის გამო აღნიშნული წერტილები ამჟამად სხვა თანავარსკვლავედებშია. ძველთაგანვე შემორჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკების სახელწოდებანიც: კირჩხიბის ტროპიკი და თხის რქის ტროპიკი. საქართველოს ტერიტორიიდან ზოდიაქოს ყველა თანავარსკვლავედი ჩანს. ასტროლოგია (ბერძ. άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) — ფსევდომეცნიერება, რომელიც აცხადებს რომ ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში. ბაბილონური ასტროლოგია — ბაბილონურ კულტურაში (შუამდინარეთში) ოფიციალური კულტი, რომელიც ღმერთების ნებისა და მიზნების ამოცნობის ქურუმთა (ე. წ. ინსპექტორთა) ხელთ არსებული ორი ძირითადი საშუალებიდან ერთ-ერთი იყო. მეორე საშუალება მხვერპლად შეწირული ცხოველის ღვიძლის შემოწმება (ინსპექცია) იყო.