წალენჯიხაში მიკროავტობუსის მძღოლები მუნიციპალური ავტობუსის წალენჯიხის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩერებას აპროტესტებენ. ისინი გაიფიცნენ და მოძრაობის აღდგენას არ აპირებენ, რადგან აცხადებენ, რომ ბაზრის ტერიტორიიდან ავტობუსის მოძრაობის გამო, ისინი კლიენტებს კარგავენ. "უკანონობაა. თუ ტრანსპორტია, კანონის ფარგლებში მოექცეს და შემოვიდეს სადგურში. დადგეს აქ და გადაიხადოს პროცენტი. იაროს ერთ ლარად, არავინ არ უშლის", - აცხადებენ მძღოლები. შპს "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის" დირექტორი ბადრი ნემსაძე კი ამბობს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს და კომპანია მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.