Search the Community
Showing results for tags 'ბიზანტია'.
-
ხატმებრძოლეობა — VIII საუკუნეში დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზანტიის იმპერიაში. ლეონ III-მ თავისი ბრძანებით სათავე დაუდო ხატმებრძოლეობას. იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ. ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდნენ ბერ-მონაზვნები და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკლესია-მონასტრებისათვის მიწები და ქონება ჩამოერთმია. ამით იგი ცდილობდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრებას და თავისი ხელისუფლების განმტკიცებას. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მისი მიმდევრები ქრისტიანულ სიმბოლოებს სხვადასხვა საშუალებით (სკულპტურა, ფერწერა) გამოსახავდნენ: ჯვარს, ასო X-ს, მტრედს, თევზს, გემს და ა.შ. უკვე IV საუკუნიდან, როცა ქრისტიანობა არ იდევნებოდა, სიმბოლოებმა და ბიბლიური სცენების ასახვამ ეკლესიებში გადაინაცვლა. ბასილი დიდი ფერმწერებს მოუწოდებს, რათა წმინდა ვარლამის გმირობა კედლის ფერწერაში ასახონ. იოანე ოქროპირი გვამცნობს, რომ წმინდა მელეტ ალექსანდრიელის პორტრეტები ფართოდ იყო გავრცელებული. IV საუკუნეში ხატწერა უკვე ტაძრის შიდა სივრცის ათვისებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამ ეპოქის მამები ხატების მიმართ პატივისცემითა და თაყვანისცემით განმსჭვალულნი არიან. ბასილი დიდი ამბობს: „მწამს წმინდათა წინასწარმეტყველებისა, მოციქულებისა და მოწამეებისა, მოუხმობ მათ, რათა წარდგნენ ღმრთის წინაშე, და მათი მეოხებით ღმერთი მოწყალე მეყოს მე. ამიტომ ხატებზე მათ გამოსახვას პატივს ვცემ და თაყვანს ვცემ“. თუმცა, იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. ევსები კესარიელი უარყოფითად ხვდება კონსტანტინე დიდის დის გზავნილს იმის შესახებ, რომ გაუგზავნოს მას მაცხოვრის ხატი და იმთავითვე ხატმწერთა ოპოზიციურ რიგებში დგება. ის თვლის, რომ ხატწერა რთული კრიტერიუმებით უნდა ჩატარდეს: „თუ შენ მთხოვ გამოგიგზავნო ხატი მხსნელისა, მაშინ მომწერე რომელ გამოსახულებას ითხოვ ჩემგან, ვის ძალუძს მკვდარი ფერებით გამოსახოს მისი დიდებულება, მოციქულებმაც კი ვერ შეძლეს მისი გამოსახვა. შენ ეძებ გამოსახულებას მონისა და ცოდვილისა, რომელიც ეწამა ჩვენთვის? მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ის ღმერთი იყო და რაში გჭირდება ესოდენ მისი გამოსახულება?“ ასევე 305 წელს ესპანეთში გამართულმა ელვირის საეკლესიო კრებამ ტაძრებში წმინდანთა გამოსახვა აკრძალა. ხატმებრძოლები არა თვიანთ თავს, არამედ ხატთაყვანისმცემლობას ანათესავებდნენ ნესტორიანელობასა და მონოფიზიტობასთან. მათი თქმით: „ფერწერა (რელიგიური) ნესტორს გვაგონებს, რომელმაც ჩვენთვის განხორციელებული ერთი ძე და ღმერთი – სიტყვა ორად განყო“. მეორე მხრივ, იმავე ხატმებრძოლთა აზრით, ხატთაყვანისცემის მიმდევრები მონოფიზიტურ ერესში ვარდებოდნენ:„ფერწერა თვით დიოსკორესა და ევტიქს გვაგონებს, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეში ორი ბუნება შეერწყა და შეერია. აი, ფერმწერმა დაწერა ქრისტეს ხატი, ეს არის ხატი ღმერთისა და ადამიანისა, აქედან გამომდინარე შეურწყმელი ბუნებანი შეერწყა და შერწყმის ბიწიერ ცდომილებაში აღმოჩნდა“. ხატების მოწინააღმდეგენი ამოდიოდნენ ბიბლიური იდეიდან, რომ ღმერთი არის სული, რომელიც არავის უნახავს:„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. ხატმებრძოლები უპირველესად ქრისტეს ანთროპომორფულ გამოსახულებებს უარყოფდნენ, მათ არ სურდათ „ოქროს მანტიაში მორთული ეკლესია“, არამედ მხოლოდ სულიერება, ხოლო მათი თქმით, ხატმწერები უხეში გზებით ცდილობდნენ ეკლესიის “მორთვას” და სულიერების შებღალვას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხატმებრძოლები ქრისტიანობას სდევნიდნენ იმ მოტივით, რომ სურდათ ეკლესია დაეცვათ კარიკატურებისტებისაგან და იუდეველ-წარმართებისაგან. „ხატმებრძოლებს ბოროტი მიზნები არ ამოძრავებდათ. მათ სურდათ კულტისაგან და ფეტიშიზმისაგან გაეთავისუფლებინათ ეკლესია, სურდათ ღვთაებრივი სულის შენარჩუნება, ამასთან ხატმებრძოლები მიიჩნევდნენ, რომ ფერწერული ხელოვნება მთავარ ქრისტიანულ დოგმატს - ლოგოსს ეხებოდა, და მისი დარღვევისაკენ იყო მიმართული“. მაგრამ ეს უპირველესად ხატმწერთა წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ხატმებრძოლთა დევნა დაიწყო ისავრიელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში და ორ ეტაპად წარიმართა. პირველი პერიოდის ხატმებრძოლი იმპერატორები იყვნენ: ლეონ III ისავრიელი (717-741), კონსტანტინე V ( 741-775), ლეონ IV ხაზარი (775-780) და ირინე (775-802). ლეონ III (714-741) პირველი ხატმებრძოლი იმპერატორი იყო. ის თვლიდა, რომ მისი პოლიტიკის წყალობით იმპერია დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, რომ ებრაელები დაუახლოვდებოდნენ ქრისტიანებს. ეპისკოპოსი კონსტანტინე ასწავლიდა მას, რომ ხატწერისათვის შეეხედა, როგორც იდეოლოგიისათვის. ლეონმა ძალაუფლება წაართვა სუსტ თეოდოსიოს III-ს და თავისი საქციელი იმით გაამართლა, რომ ის შეძლებდა კონსტანტინოპოლის არაბებისაგან დაცვას. მართლაც, რომ არა ლეონ III, 717 წელს კონსტანტინოპოლს მუსლიმები დაიპყრობდნენ. 726 წელს ლეონ III–მ გამოაქვეყნა პირველი ედიქტი ხატების წინააღმდეგ, თუმცა ის ხატების შემუსვრას კი არ ბრძანებდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ უფრო მაღლა დაეკიდათ ისინი, რათა ხალხის თაყვანისცემისაგან განერიდებინათ. ამას მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. იმავე წლის ზაფხულში კრეტის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის ფსკერზე და ციკლადის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა, რაც იმპერატორმა ღვთის სასჯელად ჩათვალა და ის ხატწერას დაუკავშირა. ელადამ და ციკლადების კუნძულებმა უარი შუთვალეს იმპერატორს ბრძანების შესრულებაზე. იმპერატორმა ხატებთან დაკავშირებით საიდუმლო კრება მოიწვია. პატრიარქი გერმანე I აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას მსოფლიო კრების გარეშე შეუძლებლად თვლიდა. ამას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ 726 წელს არაბებმა ნიკეა დაიპყრეს. მოსახლეობამ ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოსახულება გამოიტანა და მასზე ლოცულობდა, ხოლო ერთმა ჯარისკაცმა ფეხით დალეწა ის და ქვებით ჩაქოლა. გადმოცემის თანახმად, მეორე დღეს ის ადამიანი არაბებმა ჩაქოლეს. ქალაქი არაბებისაგან გადარჩა. მოსახლეობა ხატებისადმი უფრო მეტი რწმენით განიმსჭვალა. დასავლეთში ხატმებრძოლეობის შესახებ შეიტყვეს ჩასული თვითმხილველებისაგან. მთელი იტალია აღსდგა ედიქტის წინააღმდეგ, პაპმა გრიგოლ II-მ რომში კრება მოიწვია, რომელმაც 727 წელს ხატმებრძოლეობის ერესი დაგმო. მან ლეონის ქვეშევრდომობაზე უარი განაცხადა. იტალიაში იმპერატორის პორტრეტებს გარეთ ყრიდნენ და ფეხით თელავდნენ. იმპერატორისათვის რთული იყო პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა ხატების წინააღმდეგ, რადგანაც პატრიარქი გერმანე ხატების მომხრე იყო. ლეონ III-მ 729 წელს პატრიარქი პირად მოლაპარაკებაზე მიიწვია, თუმცა უშედეგოდ. 730 წელს ლეონ III-მ ბრძანა ჩამოეხსნათ სასახლის შესასვლელში აღმართული ხატი, მოსახლეობა მუდარით შესთხოვდა იმპერატორს ხელი აეღო ამ საქციელზე. ჯარმა ხალხი ძალის გამოყენებით დაშალა, უამრავი ადამიანი ჭ####ტაში, ზოგიერთი კი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა. პატრიარქ გერმანეს ემხრობოდა იოანე დამასკელი. მან იმპერატორს სახალხო წერილი მისწერა:„ვხედავ და ვადევნებ თვალყურს თქვენს საქმიანობას, როგორც ჩანს, შეჩერებას არ აპირებთ და არც მე ვაპირებ გავჩუმდე, მე ღვთის უფრო მეტად მეშინია, ვიდრე იმპერატორის. ხალხი თვლის, რომ იმპერატორი ამქვეყნიური მეუფეა, თუმცა ის იმას ივიწყებს, რომ მოკვდავია და ბევრ შეცდომას უშვებს და საკუთარი რწმენით არ ინდობს ხალხს“. შემდეგ კი მოუწოდებს ეკლესიას, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს და იმის მომხრე იყო, რომ აღნიშნული საკითხი მსოფლიო კრებას გადაეწყვიტა. ის ასევე „აპოლოგიაში ხატმებრძოლთა წინააღმდეგ“ წერდა:„იმიტომ რომ მეფის გამოსახულება – მეფედ იწოდება და მასაც ისეთივე პატივი მიეგება, როგორც თვით მეფეს, მაგრამ ეს ორი მეფე როდია, რადგან გამოსახულების შექმნითა და არსებობით არ მცირდება მეფის ძალაუფლება და არ განიყოფა მისი დიდება. ასევე ერთია ჩვენმიერი დიდებულებაც, ჩვენს მიერ ჩვენი უფლისა და მეფის განდიდებაც და არა მრავალი, რის გამოც ხატისადმი – გამოსახულებისადმი მიგებული პატივი პირველსახეზე გადადის. ამრიგად ის, რაც აქ მიბაძვითია, ხატია, ის იქ არსებითია – ძეა“. 733 წელს პატრიარქ გერმანეს ადგილას დაინიშნა ანასტასი, რომელიც იმპერატორის საქმიანობის ხელშემწყობად მოიაზრებოდა. ხატები გამოიტანეს, ეპისკოპოსები და სასულიერო პირები წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ, რადგანაც დაემუქრნენ: „ვინც ხატებს აღიარებს, თუ სასულიერო პირი იქნება, ხარისხი ჩამოერთმევა, ხოლო საერო - შეჩვენებული იქნება და სამოქალაქო სასამართლოს გადაეცემა“. ლეონ III გარდაიცვალა 741 წლის 18 ივნისს. ეკლესიამ მისი მოღვაწეობა უარყოფითად შეაფასა და ერთი კვირის შემდეგ ანათემას გადასცა:„იმპერატორი ლეონი - პირველი ხატმებრძოლი, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი, ბარბაროსი, დემონის მსახური და მისი მხარდამჭერი, ქრისტეს მდევნელი ცრუ პატრიარქი ანასტასი - ანათემა ორივეს“. ლეონ ისავრიელის საქმიანობას მისი ვაჟის, კონსტანტინე V-ის სახით, გამგრძელებლი გამოუჩნდა, მის დროს ხატმებრძოლეობამ სასტიკი ხასიათი მიიღო. ზოგიერთი ისტორიკოსი მის დიდებას ცამდე სწევს, მის გამარჯვებებს და ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობას, მაგრამ ვერაფერი დამალავს მის სისასტიკეს. მისმა სიძემ, სომეხმა არტაბასდოსმა (სომხურად - არტავაზი), რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი და ანა, ისარგებლა, რომ კონსტანტინე აღმოსავლეთის ფრონტზე იმყოფებოდა, კონსტანტინოპოლი მიიტაცა და იმპერატორი გარდაცვლილად გამოაცხადა. პატრიარქი ანასტასი მიემხრო მის საქმიანობას და აღიარა, რომ კონსტანტინე იყო ერეტიკოსი და პიროვნება, „რომელიც უსინდისოდ უარყოფდა ღმერთს“. ორთა მმართველობა 742-743 წლებში მიმდინარეობდა, მალე კონსტანტინე დედაქალაქში ჯარით შევიდა, შეიპყრო არტაბასდოსი და შვილთან ერთად თვალები დასთხარა. ანასტასი კვლავ ხატმებრძოლთა მხარეზე დადგა. კონსტანტინემ 754 წელს ჰიერაში სასულიერო კრება მოიწვია, რომელზეც მან დიდი ზარ-ზეიმით დაგმო ხატები. კრებაზე 338 ეპისკოპოსი შეგროვდა, თუმცა რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქები მასში არ მონაწილეობდნენ. პატრიარქი ანასტასი კრებამდე გარდაიცვალა. კრებას თეოდოს ეფესოელი თავმჯდომარეობდა. სხდომები 10 თებერვლიდან 8 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ბოლო სხდომა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და ანასტასის მემკვიდრედ კონსტანტინე სილეელი აირჩიეს. იმპერატორი ხატების შემდეგ წმინდანთა ნაწილების დევნაზეც გადავიდა. წმინდა ეფთვიმეს ნაწილები იმ ტაძრიდან ამოიღეს, სადაც IV მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა და ლუსკუმასთან ერთად ზღვაში ჩაძირეს, ხოლო მისი სახელობის ტაძარი სამხედრო ტანსაცმლისა და იარაღის საწყობად გადააქციეს. იმპერატორის საქციელს წინ აღუდგა წმინდა სტეფანე, რომელმაც კონსტანტინეს შემდეგი სიტყვით მიმართა:„რა სასჯელს დავიმსახურებ, თუკი ამ მონეტას, რომელზეც იმპერატორია გამოსახული, მიწაზე დავაგდებ და ფეხით გავთელავ? აქედან შეგიძლია დაინახო, თუ რა სასჯელის ღირსია ის, ვინც ქრისტესა და წმინდა დედის ხატს შეურაცხყოფს“. მან ძირს დააგდო მონეტა და ფეხით შედგა. სასჯელმაც არ დააყოვნა და იმპერატორის ბრძანებით ის საპყრობილეში ჩააგდეს. იგივე სასჯელი მოუვლინა იმპერატორმა იოანე დამასკელს, გერმანე კონსტანტინოპოლელსა და გიორგი კიპრიელს, 27 აგვისტოს ისინი იპოდრომზე ანათემას გადასცეს. მხოლოდ 765 წლიდან დაიწყო ნამდვილი დევნა. ხატები დალეწეს, მონასტრები დახურეს, ყაზარმებად და სასტუმროებად აქციეს, სამონასტრო საკუთრება ჩამოართვეს, ბერ-მონაზვნები შეიპყრეს და დილეგში ჩაყარეს, ხუთი წლის განმავლობაში მთელს იმპერიაში მძვინვარებდა დევნა. „კაცს შეიძლება ეფიქრა, - წერს ერთი თანამედროვე, - რომ მთავრობამ გადაწყვიტა მთლიანად ამოეძირკვა მონაზვნობა“. ლეონ IV ხაზარის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იმპერიაში მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა. ის თითქოს ვერც გრძნობდა მიმდინარე მოვლენების დინებას, ვერც კი ახერხებდა, თავი წარმოეჩინა, როგორც წინამორბედ იმპერატორთა საქმის “ღირსეულ” გამგრძელებელს. 787 წელს VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ნიკეაში,აღადგინეს ხატთაყვანისცემა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ირინე ათენელს, რომელიც მოგვიანებით იმპერატორის სახელით მართავდა ქვეყანას. ქრისტიანულ ეკლესიას კიდევ დიდი ხანი დასჭირდა, რათა საბოლოოდ აღედგინა ხატთაყვანისცემა. საბოლოოდ იგი აღადგინეს 843 წლის 11 მარტს. ეს დღე ეკლესიაში მართმადიდებლობის ზეიმად ითვლება და აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას. ამ ბრძოლებმა ბიზანტიის იმპერიას და მის ხელისუფლებას უარყოფითი შედეგი მოუტანა. ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას დაემატა არაბთა და ბულგარელთა აგრესიის გააქტიურება. ხატმებრძოლეობამ მეტად დაძაბა ურთიერთობა იმპერატორებსა და რომის პაპებს შორის. IX საუკუნეში რომის პაპ ნიკოლოზ I-სა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტის შორის დაპირისპირებამ აშკარა გახადა რომისა და კონსტანტინოპოლის მღვდელმთავართა ინტერესები. ეს იყო ბრძოლა მსოფლიო ეკლესიის მეთაურის ტიტულისათვის. პაპის მიერ ეკლესიისაგან ფოტიოს განკვეთას, კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ პაპის შეჩვენებით უპასუხა. განხეთქილება კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ბიზანტიის ახალმა იმპერატორებმა, მაკედონელთა დინასტიიდან, შეძლეს გარკვეული ხნით დაეძლიათ. ლიტერატურა Alloa, Emmanuel (2013). Visual Studies in Byzantium, in: Journal of Visual Culture 12.1 (2013) 3-29 (on the conceptual background of Byzantine iconoclasm) Barasch, Moshe (1992). Icon: Studies in the History of an Idea. University of New York Press. ISBN 0-8147-1172-3. Besançon, Alain (2009). The Forbidden Image: An Intellectual History of Iconoclasm. University of Chicago Press. ISBN 978-0-226-04414-9. Bevan, Robert (2006). The Destruction of Memory: Architecture at War. Reaktion Books. ISBN 978-1-86189-319-2. Boldrick, Stacy, Leslie Brubaker, and Richard Clay, eds. Striking Images, Iconoclasms Past and Present (Ashgate, 2014) 236 pages; scholarly studies of the destruction of images from prehistory to the Taliban
-
- ხატმებრძოლე
- ხატი
-
(and 1 more)
Tagged with: