Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

Profile Information

  • Gender
    Female

katya'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. „გაექეცით საკუთარი თავისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას. როგორი ამაზრზენიც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა, ეცადეთ, არ დაადანაშაულოთ ამაში გარე ძალები: ისტორია, სახელმწიფო, ხელისუფლება, რასა, მშობლები, მთვარის ფაზები, ბავშვობა, უდროო დაჯდომა ღამის ქოთანზე – მენიუ ვრცელი და მოსაწყენია. იმ მომენტში, როცა გადააბრალებთ დანაშაულს, ძირს უთხრით საკუთარი გადაწყვეტილების უნარს, შეცვალოთ რამე და აფართოვებთ უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომელიც ასე უყვართ დემონებს და დემაგოგებს, რადგან პარალიზებული ნებისყოფა ანგელოზებს არ ახარებთ“. იოსიფ ბროდსკის გამოსვლიდან მიჩიგანის უნივერსიტეტში. დღევანდელი საორშაბათო განწყობა ასეთია. საჯარო წერილის დატოვება და „თამაშიდან გასვლა“ გამოსავალი არაა. ჩემი აზრით, სისუსტე და უპასუხისმგებლობაა... ცხოვრება სტრატეგიული თამაშია იმპროვიზირებული გრაფიკით, სპეცეფექტებით... წესებს სიტუაცია წერს, სიტუაციას მხოლოდ საკუთარი ქცევა არ განაპირობებს... ცხოვრება საოცარი თამაშია ირგვლივ მიმოფანტული გახსნილი და გაუხსნელი კვანძებით, სხვენის მოჩვენებებით, განჯინის მაკნატუნებით, სარკმლის ფერიებით, საკვამურის აჩრდილებით, კომოდის ჩონჩხებით... ცხოვრება ურთულესი თამაშია! ჩვენ ვეპაექრებით ობიექტურ რელობას სუბიექტური შტრიხებით, ვიგებთ, ვაგებთ, "სიცოცხლეებს ვაგროვებთ" და ფინიშისკენ მივიწევთ თავგამოდებით... არადა, რა გვეჩქარება?! სად გაიქცევა ეს ფინიში? ცხოვრებას თავისი ზაფხულიც აქვს, ზამთარიც, გაზაფხულიც და შემოდგომაც... ბოლო დროს დავაკვირდი ასაკობრივ აღქმებს და საზომებს. ბავშვობაში ზაფხული მთელი 90 დღე გრძელდებოდა. დიდობაში სულ რაღაც 13 შაბათ-კვირაა... თუმცა, რატომ? დღეში 2 დილა, კვირაში 7 პარასკევი და ყოველ დღე შაბათი..იფ! მერე რატომ გაქვთ ქართველებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაო? გვაქვს! დაყარეთ პურმარილი! თბილისის „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ იყო და იქნება...ოღონდ, სიცოცხლე არც ღამის ცხოვრებიდან იწყება და არც „ხრუშჩოვკებიდან“... თბილისურ პურმარილზე გამახსენდა - პირველი სამწვადე პარიზში, თბილისურსუფრასჩახუტებულმა ალექს დიუმამ გახსნა.. რა კუჭის მონა იყო ეგ ოხერი!... მაგისთვის დაეხეტებოდა ამდენხანს კავკასიაში?. ფრანგების გამონათქვამს –– "გენიოსები პროვანსში იბადებოდნენო და პარიზში კვდებოდნენო" – ვერაფერს დავუმატებ, გარდა იმისა რომ დავეთანხმო... ეგ რაღა შუაშია კი არა, თავშია! ქართველები 3000 წლის კულტურის მატარებელი ერი ვართ. ამიტომ გვაქვს თანდაყოლილი შინაგანი სიამაყე. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით დაცემული ფსიქოლოგიის ერი, დაცემული მორალი სხვა განზომილებაა, ინდივიდებამდე დასული. თბილისელების დაახლოებით რა პროცენტია გაბრაზებული, ამას ზაალის „ნაციონალ-რუსთავული“ კლანი არკვევს? ხელისუფლება არკვევს ახალი ხელშეკრულების პირობებს ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერთან, რათა , საარჩევნო კამპანიის პიკში, გაბრაზებულ ამომრჩეველს, წყალი ცივად და უწყვეტად მიეწოდოს, დამატებითი სიბრაზის თავიდან აცილების მიზნით. აბა კმაყოფილს და მაძღარს არც დაკარგული ტერიტორიებისთვის ბრძოლა უნდა და არც არჩევნები აღელვებს. მაძღარს ძილი ურჩევნია... ცხოვრება ყველასთვის სამართლიანია, ვიდრე უმართლებთ. მერე სამართალს მხოლოდ წაგებულები დაეძებენ... აი ასე, ვინც აგვისტო პირზე თბილისს შემოვრჩით, ჯერ-ჯერობით სუნთქვას ვახერხებთ, წუწუნსაც -ზაფხული ზაფხულს აღარ გავს, კაცი- კაცს, ქალი-ქალს, პოლიტიკოსი - პოლიტიკოსს და ვინ დააწესა ზოგადად რა- რას? და ვინ - ვის? უნდა ჰგავდეს?!. რას მიყურებთ? ჭეშმარიტება ზოგჯერ დემაგოგიაშიც იბადება, მარტო კამათში კი არა. ეჰ, როგორ „ასწორებს“ ზოგჯერ ჩალით დახურულ ქვეყანაში ცხოვრება!!! იმ ჩალით არა, ჩვენ რომ გვხურავს. აი ის ჩალა - ბალიზე, კანარებზე, მალდივებზე, ბაჰამა, სეიშელი, ფიჯი... 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული კურორტების ფასები დაიდო. საქართველო მაგ რუკაზე ჯერ არაა, მაგრამ იმედს ნუ გადავიწურავთ. ნურც ფინანსთა სამინისტროს ამოვადენთ ცხვირ-პირში სამივლინებო თანხების ფლანგვას. ბოლო-ბოლო ფინანსთა სამინისტროა, თავისას ხომ არა, ქვეყნის ფულს ფლანგავენ და დასასვენებლად კი არა, საქვეყნო საქმეებისთვის... ჩვენ კიდევ აქ ბათუმის ფასებზე ვწუწუნებთ! თუ დღეში, მინიმუმ, 100 ლარის დახარჯვის თავი და ტანი არ გაქვთ, რა გესვენებათ ნეტავ?! წადით, იმუშავეთ! ხაჭაპური ძვირიაო! ქართულ ხაჭაპურზე „ფორბსიც“ კი ალაპარაკდა, ორიგინალი, განა პატენტი?! ქართული ლურჯი სუფრა იუნესკომ­ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. უმაგრესი ამბავია, მაგრამ ვის სცალია ამისთვის?! თუ ლოგიკას მივყვებით, ამ ქვეყანას 100 ახალ საწარმოზე მეტად უახლესი ტექნოლოგიის პარაზიტოლოგიის ცენტრები ესაჭიროება ყველა რეგიონში და დედაქალაქში, ისეთი სისწრაფით მრავლდებიან დანამატ-პრემიანაჭამი „მოჯამაგირეები.“ და ნუ გვიკვირს, რომ ჩვენი ჩინოვნიკები, ხშირად, ჭეშმარიტი ჯენლტმენებივით, დაუმშვიდობებლად მიდიან... რომელი ეროტიკული შოუ შეედრება სანახაობას - როცა ისინი აუჩქარებლად, მომნუსხველი მიხვრა-მოხვრით იხსნიან მხრებიდან პასუხისმგებლობას... საშუალო რგოლის მენეჯერების ყველაზე მოდური და პრაქტიკული სამოსი ორმხრივი ელვა შესაკრავიანი შარვლებია. გააჩნია რომელ კაბინეტში აქვთ საქმე - ზემოთ თუ ქვემოთ? შუა რგოლზე გამახსენდა - ბესელიამ მარგველას, კულტურული გაფრთხილების ფარგლებში შეახსენაა, რომ ვეტო არც ნინიას ბაღია, არც ევას პავაროტი, არც ბუს კვერცხები და არც „ამის პატრონმა რა ქნას?“რომ ვეტო იარაღი კი არა ბერკეტია, რომელსაც სერიოზული და აზრზე მოსული პრეზიდენტები იშვიათად, მაგრამ შედეგიანად მოიხმარენ, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება ხდება. ერთი სიტყვით, ქალბატონმა ეკამ, თავისი ჩვეული ხმის ტემბრით და სახასიათო მიმიკით დაუტატანა პრეზიდენტს - ვეტოც გააუფასურე, საკუთარი თავიც და, საერთოდ, ხომ არაფერი გეშლება შენ ბიჭოო?! ზის ჩვენი მხედართმთავარი მას შემდეგ და ითვლის - სად შეეშალა? მას შემდეგ რაც პრენზიდენტის საპარლამენტო მოციქულმა ანა დოლიძემ - პარლამენტის თავმჯდომარეს უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“ უწოდა, ზოგიერთმა პარლამენტარმა ბულგაკოვი ჩუმად მოიძია. ძაღლის ბედი როგორ არ ჰქონდათ გაგებული, მაგრამ ძაღლის გული რაღაც ახალია და... ლოგიკურად, უახლოეს მომავალში, საპარლამენტო უმრავლესობის აქტივისგან მოსალოდნელია თემატური სემინარი „ კვაზი ადამიანების“ შესახებ, რომელსაც მოყვება განმარტებები კვაზისა და კვაჭის განმასხვავებელ და საერთო ნიშნებზე. ამ სემინარის მონაწილეთა სიაში მოხვედრას აქტიურად, მაგრამ შეფარულად ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო წარმონაქმნები. თუმცა, ამ თემის და პერიმეტრის კონტროლი თავის თავზე ქალბატონმა მარშანიამ აიღო. ამასობაში, მეზობელ და „აწმეგობარ „ თურქეთში მსოფლიო დონის კანონი მომზადდა - ბებიებისთვის სამ წლამდე შვილიშვილების მოვლისთვის ხელფასის დანიშვნის თაობაზე. ჩვენებიც ამზადებენ კანონებს, ოღონდ ისეთს, 100 წელიწადში ერთხელ რომ შეიძლება 1000-ში ერთ ადამიანს დასჭირდეს. მაგრამ, როგორც იტყვიან, კეთილ ეშმაკს არ სძინავს და, ისეთ უსიამოვნო წვრილმანში, როგორიც წლების მატებაა, შესაძლოა, ქართველებმაც ვნახოთ ხეირი. არც ისე ავი კულუარული ხმები ამბობენ, მომავალ საპენსიო რეფორმაში, ქალბატონებისთვის პენსიის დანიშვნისას ისიც იქნება გათვალისწინებული - რამდენი შვილი გაზარდა და სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებაო! რა თქმა უნდა, სამჯერ დავაკაკუნე და სალესიც გადავაგდე. თუმცა, აქვე ჩაგეკითხებით - თუ მამაკაცი ზრდის ბავშვებს, მაშინ როგორ იქნება ეგ ამბავი? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ერთხმად დაამტკიცეს რომ მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან , სასტუმროს ნომრის აბაზანიდან, რესტორნიდანაც კი, სრულიად შესაძლებელია გამოფრენა, გახვანჩალება, გაძღომა ამ პროცედურების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გარეშე. ხომ არ გვეცადა?! აეროპორტის თემას ამ კვირაში გვერდს ვერ ავუვლით. „ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებო! „ ასე დაემუქრა პოროშჩენკოს ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე და ცხვირი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით მოიწმინდა. ისე, რომ დავფიქრდი, რატომაც არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის სახელით იაროს ერთმა გიჟმა სამყაროში? მსოფლიო გაგვიცნობს, თავი მოგვეჭრება... შავი პიარიც პიარიაო, ასე არ ამბობთ ხოლმე , „პროფები“, როცა გჭირდებათ?Bottom of Form ქართულ სასმელების ბაზარზე სიახლეა - ახალი ენერგეტიკული სასმელი “ბუღა“ მოგიხსნით უსაქმურობით გამოწვეული დაღლილობის შეგრძნებას და სხვა თვალით დაგანახებთ ეროვნული - პროსტიტუციის წვრილმანებს. გინდ ასქულიანი მართვის მოწმობები შემოიღე, გინდ დედა დააფიცე, ჩვენებური მძღოლები ფორმას ინარჩუნებენ და ბოლო მონაცემებითაც კვლავ, ყველაზე ხშირად, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმდებიან. დიახ! ჩვენ ტრადიციების ერთგული საზოგადოება ვართ, კანონი სადმე მოულოდნელად თუ წამოგვეწევა ხოლმე... ზაფხულზე და კანონზე გამახსენდა - ჩემს ბავშვობაში მახსოვს, მატარებლის ბილეთები რომ იყიდებოდა "ლევი" , 1 ადგილი 2-ჯერ და 3-ჯერ რომ იყო ხოლმე გაყიდული და მიდიოდა მერე კუპე-კუპე-პლაცკარტ-პლაცკარტ გარჩევები - მე პირველი ამოვედი, მე პირველმა ვიყიდეო და ბოლოს „პრავადნიკს“ ან „პრავადნიცას“ რომ ბეთქავდნენ და წეწდნენ... ეჰ, კარგი იყო ბავშვობა, მაგრამ, ამ შემთხვევაში იმ ხარაგაულელი ბაბუს ამბავი სჯობს - „ხათრის გულობიზა რომ ჩაჯდა მანქანაში“... ასეთი ხათრიანებიც ვართ ჩვენ! ძალიან თუ არ გაგვიჭირდა, არც ის გვახსენდება - ერთი ზუსტი და დროული ამოკვრა ყბაში წარმატებით რომ ცვლის სამსაათიან აღმზრდელობით მუშაობას. უმოქმედობის ინერცია გაცილებით ძლიერია აზროვნების ინერციაზე... ცხოვრება შედგა იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად არ გვჭირდება საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრება შედგა. ცხოვრება გენიალური თამაშია, როცა ერთდროულად შვილობანას და დედობანას თამაშობ. წუხელ მითხრა ნიკოლოზამ, "ბუქში" ცხოვრებობანას ვთამაშობო... მე მაგის ასაკში სახლობანას ვთამაშობდი.. ეს, როგორც მომავალი ნადვილი მამაკაცი და ინდიგოთა რასის კლასიკური ნიმუში, დიდ მასშტაბებს შეეჭიდა.. ცხოვრება უმხეცესი თამაშია! სადაც შეგიძლია იყო მშობელი, შვილი, შვილიშვილი და იყო ბედნიერი შენთვის ძვირფასი ადამიანების ნაბიჯების ხმით, ღიმილით, მონატრებით და მარტოობითაც, რადგან არაფერი სჯობს იმ მარტოობას, როცა იცი სადღაც სულ გელიან და სულ ახსოვხარ... ყოველ დილით, გაღვიძებისას, ვირჩევთ განწყობას, როგორც სამოსს. ჰოდა, ჩაიცვით ბედნიერება და სიყვარული. ეგ სტილი მოდიდან არასოდეს გადადის... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  2. წინა კორპუსში, მეზობლის ქალმა თეთრეული გაფინა... არც ისე თეთრი თეთრეული, სიყვითლედაკრული, მაგრამ ასე ქვია... ვიცი, დედაჩემი ირიბად გადასწევს ფარდას ყავის სმის დროს და არ დატოვებს მეზობლის გაფენილ თეთრეულს უკომენტაროდ. ასეთია - ვერ იტანს გაუქათქათებელ თეთრეულს. გადასწევს ფარდას, მოპრუწავს ტუჩებს და იტყვის - ხალხმა თეთრეულის გარეცხვა ვერ ისწავლა! და თუ მეტად არ ირეცხება? - ვუპასუხებ მე. დედაჩემი ფინჯანს დადგამს, ორივე ხელისგულს მაგიდაზე ფრიადოსანი მოწაფესავით დაალაგებს ერთმანეთზე, მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს აპრიხავს და მიპასუხებს: „ნუ სულელობ რაღაცას! რას ნიშნავს მეტად არ ირეცხება? უნდა რეცხო გათეთრებამდე. თუ არ თეთრდება, უნდა გადაყარო, თუ ვერ ყრი, ხალხის თვალს მაინც უნდა მოარიდო. არავის სიამოვნებს სხვისი ჩაყვითლებული თეთრეულის ყურება. ამდენი მაინც უნდა გესმოდეს, თუ რეცხვა არ იცი“... მე გავჩუმდები და გავხედავ მეზობლის არც ისე თეთრ თეთრეულს და გამახსენდება, როგორ უხერხულობას ვგრძნობდი წლების წინ, როცა პატარა, მაგრამ, არც ისე პატარა ვიყავი, უკვე გამობერილი ღიპით, ან მერე, უკვე დაჩუტული, პირველი შვილის რამდენჯერმე გამოხარშულ საფენებს რომ ვფენდი, წინა კორპუსში კი რამდენიმე თოკზე ჯარისკაცის ფორმები შრებოდა, ზოგან არც ისე კარგად გარეცხილი, სისხლის ლაქებშერჩენილი ყვითლად... მოხდა ისე რომ ჩემი ოჯახიდან სამხედრო ფორმა არავის ცმია, თუ მშობლების მამებს, ბიძებს და ახლობლებს არ ჩავთვლით. არც ავტომატი ჭერია არავის, თუმცა, ჩემი შვილების თანაავტორს ეჭირა სამაჩაბლოში, სანამ მე მისი ცოლი გავხდებოდი. როცა მისი ცოლი გავხდი, უკვე სძულდა, სასტიკად სძულდა იარაღი. მისი სახლიდან გასვლა დედაჩემის ტექსტით სრულდებოდა - მეზობლების მრცხვენია, ახალგაზრდა კაცი ყოველ დილით გადის სახლიდან და საღამოს მოდის, თითქოს არაფერი ხდებოდეს, თითქოს ბიჭები არ იხოცებოდნენ... მე მაშინ ვბრაზობდი, დედაჩემზე ვბრაზობდი - როგორ შეუძლია ასე სძულდეს თავისი მომავალი შვილიშვილის მამა, რომ უნდოდეს მისი ომში წასვლა, თუნდაც არდაბრუნებით... თავისი ქმარი გაეშვა? რა გგონიათ, იმაზე არ ბრაზობდა? მაგრამ მამაჩემი 18 წლის ასაკში დატოვა „სამხედრო ბილეთის „ გარეშე შესაბამისმა კომისიამ, როგორც არმიისთვის და ფრონტისთვის გამოუსადეგარი. იმ დროს, 90-იანებში რომ გამოცხადდა მოხალისედ - წადი ბიძია სახლში და ფრონტისთვის რაც შეგიძლია იქიდან გააკეთეო. მართლა ასე იყო, კალაშნიკოვს რომ ვშლიდი და ვაწყობდი არ ჯეროდა, სანამ თავისი თვალით არ ნახა, იმიტომ რომ, იქამდე, კალაშნიკოვი მარტო ფოტოებზე ჰქონდა ნანახი. პაპაჩემის ორლულიანი თოფიც კი არ ჭერია. ერთხელ სიძე-ბატონი დათვზე სანადიროდ დაპატიჟეს გურულებმა და, მთელი ღამე ისე უნერვიულია, დილით გაშანშალებული 39 უჩვენებია თერმომეტრს თანაგრძნობის ნიშნად. მოკლედ, დედაჩემი შეგუებული იყო მეუღლის ამ ნაკლს, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ უხსნიდა სიძეს. „გვიან ღამით მაინც მოვიდეს სახლში, ან დილით ისეთ დროს გავიდეს , ხალხმა არ დაინახოს, ფანჯარაში გახედვის მრცხვენიაო“... მე ისევ ბრაზობდი, ვტიროდი და ვიბუტებოდი... მერე, წლების მერე, ანუ რამდენიმე წლის წინ ჩემმა შვილმა მკითხა - მამაჩემი ომში რატომ არ იყოო? ბებიამ უპასუხა - დედაშენმა არ გაუშვაო... მე გავჩუმდი... ბიჭმა - როდის იყო ომში კაცებს ქალები უშვებდნენ? წასულიყო, იმას მაინც ვიტყოდი, მამაჩემი აფხაზეთისთვის ომში დაიღუპაო... ბებია ამ დროს იყო უზომოდ ამაყი და ირონიული ნიშნისმოგებით მომზირალი. მეც ვიყავი ამაყი, მაგრამ დამნაშავის გამოხედვით. რას მოვაყოლე ეს და მეზობლის არც ისე თეთრ თეთრეულს და აგვისტოს სიახლოვეს. კიდევ, „პატარა ოთოს“ ქამარში გაჩრილ იარაღს და ფაშიზმითა ფაშიზმით დამთრგუნველ თავყრილობას... შიშმა იცის მოგონებების აშლა, შიშმა, რომელიც უკვე იყო და მისი ფერიც გახსოვს, სუნიც და გემოც... დილის 6 საათია. სადმე კარგადაღზრდილი და პასუხისმგებლობაშეყრილი მამალიც იყივლებდა უკვე. ეგეთი მამლების ხმა ჟანგბადნაკლულ ქალაქამდე იშვიათად აღწევს. ამიტომ, ქალაქელები, ძირითადად, ტელეფონ-სმარტფონ-აიფონების იმედად ვართ... გუგულიანი საათების დრო წავიდა. უფრო სწორედ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალ ფრინველთა უფლებების მერამდენიღაცა მუხლს შეეწირა მექანიზმზე გამობმული, ფეხებგაბორკილი ყველა გუგული. სამაგიეროდ, გუგულის იშვიათი ჯიშები შემორჩნენ ქართულ პარლამენტში და მორჩენილ საკენკს აქეთ გვიყრიან... დილის 6 საათია და ყველაფერი რიგზე რომ იყოს, ამ დილაუთენია მეზობლის ფანჯრების ჭვრეტას და თეთრეულში ქექვას არ დავიწყებდი... ყველაფერი რიგზე რომ იყოს, ვერც მიშას ნაციონალური მოძრაობის „დიდი ხელოვნური აფეთქების“ შედეგად წარმოქმნილი სუბიექტები გაბედავდნენ „სახალხო პროტესტის“ მოწყობას ხალხის სახელით... ყველაფერი რიგზე რომ იყოს, გუშინ ოთო წელზე იარაღით კი არა, მატროსოვის ცნობილ მისამართზე მისატანი ამანათით ხელდამშვენებული უნდა ყოფილიყო... მაგრამ, ისეთი პროვოკატორის რა ვთქვი, საკუთარ თავს რომ ვერ უპროვოცირებს და კიდეც გაამართლა ოთომ ჩვენი იმედები! მადლობა ოთოს! ყველაფერი რიგზე რომ იყოს, ჩვენ, საზოგადოების პოლიტიკურად მიუკერძოებელ ნაწილს, გაგვიკვირდებოდა "ევროპული საქართველის" ანტიფაშისტურ აქციას რესპუბლიკელები და თავისუფლი დემოკრატები რომ შეუერთდნენ, მაგრამ არ გაგვკვირვებია. და რა შუაშია სინდისი? სინდისი მაგათაც „სუფთა“ აქვთ, უბრალოდ მტვერი ედება ხოლმე უქმად დებისგან... ოპოზიციას, ჩვენში, საერთო ლიდერი კი არა, საერთო მოწინააღმდეგე აერთიანებს. ტრადიციაა ასეთი... ზოგჯერ ნებისყოფის მთელი მარაგის მობილიზება გჭირდება, რომ მხარი ან მიმართულება იცვალო კი არა, უბრალოდ, საწოლში მეორე გვერდზე გადაბრუნდე. ჰოდა, ასე მარტივი ეჩვენება ვინმეს კუზის გასწორება? 1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები ნიკოლოზ ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი ერთ-ერთი საზეიმო შეხვედრის დროს ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. როცა ჩაცმულობის გამო ერთმა ხანდაზმულმა ლორდმა მათი ვინაობა-სადაურობა იკითხა, ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა უპასუხა: - ნუ გიკვირთ ლორდ, ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომელსაც შეუძლია მთელი ევროპა მოამარაგოს მინისტრებითო. ხოდა... რა კატასტროფული ცვლილებები მოხდა ამ 100 წელიწადში ისეთი ქართველთა აზროვნებაში, რომ ქვეყანა ფეხზე ვერ დავაყენეთ? არადა, ევროპულ წარმოდგენებსაც ხომ მტვერი ედება... მტრების იმედებს რომ ვერ გაამართლებ, ეგეც ერთგვარი წარმატებააო, ამბობენ, მაგრამ ძალიან საშიშია, როცა მტერ-მოყვარის სათვალავი აგერევა... ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის სიტყვის ფასი აბსოლუტურ შეუსაბამობაშია ახლანდელ ლიდერთა უსიტყვო მოძრაობის ფასთან. დღეს პოლიტიკა დიდი ქარვასლაა! მაკაარ! ძლიერები ცურავენ დინების საწინააღმდეგოდ, სუსტები - დინების მიმართულებით. ჭკვიანები ნაპირზე სხედან... როგორც წესი, აქამდე ჩრდილში მყოფთა ფერი კარგად შენახული და ხასხასაა, ბევრს იზიდავს. წილობიას იწილო-ბიწილოს "აკადემიკოსებმა" უკვე დასვეს რიტორიკული კითხვა - ახალი სახე სჯობს თუ ჭკვიანი თავი? საკითხზე მსჯელობა დაწყებულია... როგორც ებრაელები ამბობენ - ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, საღი აზრის გარდა... ყველაზე ცუდი განცდა შეცდომის დაშვების შიშია. მორიგი შეცდომის... ყოფილი მტრებისგან, ზოგჯერ, არც ისე ცუდი მეგობრები დგებიან. აი ყოფილი მეგობრებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე... კიდევ კარგი რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ნაკლი გვყოფნის და მაგის ვალად აღება მაინც არ გვჭირდება... ძნელია, მუდმივად იყო "მაგალითის მიმცემი". მათ, ვინც ხშირად მოყავთ იდეალურობის მაგალითად, სიბერეში გასახსენებელი არაფერი აქვთ ხოლმე და ეს ფენომენი ქართულ მენტალობასთან ისე მწარედ შეუთავსებელია... წინასაარჩევნო პერიოდში (და ჩვენთან ქრონიკულად ეს პერიოდია) სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ხოლმე, რომ პოლიტიკური სტატუსისა და ჩინის მაძებარ ადამიანებს არც მშობლები უყვართ და არც შვილები. რომ უყვარდეთ, არ გაიმეტებდნენ იმ საშინელი შეურაცხყოფისა და დამცირებისთვის, რომელიც თავს ატყდებათ ოპონენტებისგან. საქართველო ხომ ჯერ კიდევ არატრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყანაა, თავისი სპეციფიური მორალური გადახრებით... ოღონდ ახლა არავინ მითხრას- სამაგიეროდ, სამშობლო თავს ურჩევნიათო! კიდეც ეტყობა სამშობლოს... როგორც ბაბუა ჩერჩილი ამბობდა, „ ადამიანები მშვენივრად ინახავენ საიდუმლოს, რომელიც არ იციან“... რა საჭიროა ჩხუბი და ლანძღვა-გინება, როცა არსებობს იგნორიო, პიარ-ტექნოლოგმა მაროშკინამ, თუმცა, მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას და, იგნორის ნაცვლად, კონფლიქტის მეორე ტალღა ააგორა პირდაპირ ეთერში... აბა კორკოტოსანთა მოდგმამ საიდან უნდა იცოდეს ერთხელ გაჩუმება რომ სჯობს მერე, ერთხელ ნათქვამზე, ასჯერ ბოდიშის მოხდას. ზოგადად ბოდიშის მოხდის კულტურაში არც ვბრწყინავთ და ვერც დახვეწილობით მოვიწონებთ თავს. ბოდიშის მოხდას მაშინ აქვს აზრი, თუ მერე „მაგრამს“ არ მოაყოლებთ... არადა, ზოგჯერ, ჩახედავ სიმართლეს დეკოლტეში და თვალები შუბლზე აგივა... ჩინური სიბრძნეა - როცა კოღო კვერცხებზე გაზის, იწყებ ფიქრს იმაზე რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზაცო... არც შემთხვევა გაქცევს კაცად და, განტევების ვაცსაც კარგად უნდა შერჩევა. ჩვენ, ბიძიკოებო, მხართეძოზე გვინდა ცხონება.. არადა, სამოთხეც შეიძლება, ჩიხი აღმოჩნდეს... ჰო, ჯოჯოხეთზე გამახსენდა - გიორგი პლეხანოვის სულმა შემოთვალა, ამ ჩემი მიტაცებული ტერიტორიების დღევანდელმა მეპატრონემ, ვინმე „აღმაშენებელმა“ ანდერძში სხვა მისამართი მიგითითათ ქართველებს წინ და უკან სასიარულოდ და ჭკვიანურად საფიქრალად და თუ არ კითხულობთ, იკითხეთ მაინცო... არც ისე თეთრი თეთრეულის ამბით დასაწყისში შეგაწუხეთ, რაც შეეხება სამოსს! სამოსი თუ კარადაში შესადებად არც ისე სუფთაა, მაგრამ არც საკმარისად ჭუჭყიანია სარეცხის კალათისთვის, სკამის საზურგეზე ასეთებისთვის ყველაზე ოპტიმალური ადგილია. რასაკვირველია, სკამსაც გააჩნია და ზურგსაც. ზოჯერ გვეჩვენება, რომ ადამიანი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს, მაგრამ, კარგად რომ დააკვირდები, ხვდები, რომ შენ არ უსმენ გულისყურთ და ბოლომდე. ზაფხულმა ვერ გაამართლა, არის რაო! თორემ, ჩვენ ხომ ვართ, რააა!?... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  3. - ცოტათი უხერხული თხოვნა კია დიდი, - წამოიწყო კაპრალმა ელიოდორომ, - გრანდჰალლე. - თქვი, ჩემო კაპრალო, - უთხრა უმბერტოს ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, - შენ ცუდ საქმეზე არ მოხვიდოდი. - რა სათხოვარია პატარა უხერხული დიდი და, გრანდჰალლე, ცოლი მინდა გაახლოთ, - რიდით უმზერდა ელიოდორო, კაპრალი, - მუცელი ეძრა და ხალხი მაინც ბრძენია, იძახის ხალხი, ხომ იცით ნათქვამია, ვისაც ქალი პირველად შეხედავს, იმას დაემგვანება ბავშვიო და, თქვენზე უკეთეს, თქვენზე მშვენიერს, გრანდჰალლე... - ძალიან გინდა, მე დამემგვანოს? - იკითხა ნასიამოვნებმა პოლკოვნიკმა. - ძლიერ ძალიან, კი, კი, გრანდჰალლე... პოლკოვნიკმა კი ჯერ გაიარ-გამოიარა და მერე თქვა: - ასე თუ გინდოდა, შე კაი კაცო, მიგეშვი ბარეღამ თავიდანვე მე. ჰა-ჰა... დოჩანა. „სამოსელი პირველი“ ყოველი ორშაბათი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თავს ზემოთ და იმ დროს გვეცემა, რა დროზეც ჩვენი მაღვიძარებია მომართული. ორშაბათი ცხოვრების ფილოსოფიურ ასპექტში გააზრების დღეა... სტატისტიკით, ყველა მნიშვნელოვანი საქმე და გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, ორშაბათიდან შედის ძალაში... თუმცა, იგივე სტატისტიკა ორშაბათს დაწყებული საქმეების ეპილოგებზე და სიუჟეტის განვითარებაზე არაფერს ამბობს... ტემპერატურით დაგუბებული ზაფხულის ღამის „რომანტიკა“ - სიზმარში რაღაცის გაკეთებას რომ ვერ ახერხებ. საიქიო დალუქულ ლუქსში გაღვიძების შეგრძნება, როცა სუნთქვის გამოხშირვის გარდა არაფერი შეგიძლია. მეზობლის რემონტი ყველაზე ასრულებადი წყევლაა, უალტერნატივო.. ამას გაღვიძება და ცივი შხაპი არ შველის. და ამ გაურკვევლობის ბინდ-ბუნდში ახელ ჯერ ცალ თვალს, მერე წყვილს ცნობისმოყვარეობის და მოლოდინის რეჟიმში - აბა ვინ დაამყარებს დღეს დიდგოიმობის რეკორდს!? მაგრამ ვინ გაცლის ცნობისმოყვარეობას? შუაღამიდან რეკორდი მოხსნილია... როცა ჩვენ არხეინად გვძინავს, ქართული სოცქსელის ჯურღმულებში „ტიტანები“ ბორგავენ ჩვენი სახელით, ჩვენს ნაცვლად, ჩვენს გამო. ვინ ვართ „ჩვენ?“ თუ შეიძლება, ბილეთს გამოვცვლი, ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, პატივცემულებო!... მხოლოდ ქართულ მარშს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ ქართველი მეძავი უნდა იყოს ყველაზე პატიოსანი და პატრიოტი მეძავი მსოფლიოში, რომ ქართველი მეძავი მხოლოდ ქართველი მამრების მომსახურებას უნდა კადრულობდნენ და თუ იმ ქართველ მეძავებს მაინც უცხოელის მომსახურება ურჩევნიათ, აქ არჩევანი ვირზე უკუღმა შესმით და სამშობლოს ღალატით კვალიფიცირდება. მხოლოდ ქართულ მარშს მოუვა აზრად, რომ სხეულით ვაჭრობა დანაშაულია - პოლიტიკური შეხედულებებით - პატრიოტიზმი. „ქართული მარში“ ქართული პოლიტიკის ნაწილია და სიტყვა-სიტყვით იშიფრება - „ფული დადეთ ბიჭო, თორემ ნახეთ, რა ძალა ვართ!“... ასე იყო სულ, ასე მეძავობდნენ ქართულ პოლიტიკაში მზის ქვეშ ალაგის მაძიებლები, ადგილი მზის ქვეშ საჩრდილობლით გამონაკლისთა ხვედრია. ზოგს ფოსტა-ტელეგრაფი, ზოგს ავიაცია, ზოგს მთა, ზოგს - ლიანდაგები.. „გვერდში დგომას „ დაფასება უნდა ძმაო! ჩვენი ხმები გადამყიდველები დღეს ყველანი განცხრომაში არიან. ჩვენ მხოლოდ ნერვების წყვეტა და შიშველი სიმართლის გაბახების პროცესზე დაკვირვება გვერგო. ჰოდა ამ ვიღაც "რქიანმა მხედრებმა" აღმაშენებლის გამზირზე გასულ კვირას ჩლიქები ააჟღარუნეს ისევ ჩვენი, ჩვენსას ვინ ჩივის, სრულიად ერის და ეროვნული ფასეულობების სახელით. აი მანდ შეცდით ბიჭებო! ფასეულობა ფასს არ ნიშნავს. ეს კი უნდა გცოდნოდათ, ამდენი ხანია ამ საქმეში ტრიალებთ... ძველი დრო მოგენატრათ? მერე ომობანა თქვენს ეზოებში ითამაშეთ. შავბნელი 90-იანები იმდენად კარგად გვახსოვს, ჩემს თაობას საკუთარი ახალგაზრდობის გახსენებაც აღარ გვსიამოვნებს... ხელი-ხელს ბანს ბიჭო? აბა რაა! ბანი გვითხართ ბანელებო! თქვე პირდაუბანელებო! ჰო, რა მაგის პასუხია და, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ჯაბაც მახსოვს უნივერსიტეტის ეზოში ეროვნულ ღირებულებებზე და მეომარ ქართულ სულზე შთაგონებით მოლაპარაკე.. ამ ქალაქში ყველაფერიო მოსულა! ყურით მოთრეული თემა არაა. აქ მართლა ყველაფერი მოსულა, მაგრამ მერე ყველაფერ უღირსს ამ ქალაქის ღირსების შესაფერისად აცილებენ... ისინი, გასულ კვირას რომ ჩვენს ქართველობას იცავდნენ და ნიშნისმოგებით გვაყვედრიდნენ საკუთარ ხორხისმიერ შორისდებულებს, მძაღე ოფლს, აჩქარებულ სუნთქვას და დაქაჩულ თვალებს... ვინც თბილისურ ბორდელებში ქართველი ქალების უცხოელებთან სხეულით ვაჭრობამ ქუჩაში გამოიყვანა და ეროვნული ღირებულებების სახელით ყველა სხვაგვარად მოფიქრალ ქართველს ბრალი ღალატში დასდო და ლიბერასტად მონათლა, თურმე ვისი გადასაწყვეტიც ყოფილა ამ ქვეყანაში სიმშვიდის ყოფნა-არ ყოფნა, წუხელ განსხვავებულ აზრს მიდგნენ და იჩუკენეს ჩვენზე, ყველაზე, ვინც მარშისტების აზრზე არ ვართ... კი, ჩვენში ასეც ხდება - ზოგჯერ, ადამიანები საკუთარ თავს ისე უღრმავდებიან, რომ გარედან მარტო ყურები ჩანს... აქ უფრო გავრცელებული ტრადიციული კითხვის დასმაც შეიძლებოდა , მაგრამ პასუხის გამცემი ვინაა? ყველას თვალწინ განხორციელებულ ვირტუალურ სექსუალურ აქტზეც „ატკაზი გაუშვეს“ „ ბრიაშკებმა“... პასუხისმგებლობა არა იხვის ტოლმა... ხომ არაფერი გეშლებათ? ამ ხალხს ქვეყნის გადარჩენა უნდა და ვინ მიგდია ვიღაც ნაძალადევი ინდივიდები? გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ - შიშველი სიმართლე ენთუზიასტებს აღელვებთ, დანარჩენები უპირატესობას ნახევრადშიშველს ანიჭებენ. ეს ცოდვებიც დიდი ფეთხუმი კატეგორიაა, სანამ ბოლოში გახვალ და ყველას გაახვანჩალებ, უკვე თავიდან ისვრებიან. თუ სულ პაწია გამართლებაც კი მოგეპოვებათ თქვენს მიერ ჩადენილი არაკაცობის, ეგ უკვე სიკეთეა... ჰო, კიდევ საშველად გამოწვდილ ხელში ჩაფურთხება არ ღირს, სხვები აღარ გამოგიწვდიან... ნეტა საკუთარი ფურთხი გემრიელია?.. ზოგი გლობალური აზროვნებისაა, ზოგი - კრიმინალური, ზოგიც წვრილმან-ტრივიალური. გაერთიანებული ვიღაცისთვის ძალაა... მაგ ამბავში გეთანხმებით - დასაგოიმებელი უნდა დაგოიმდეს, გასაწეწი უნდა გაიწეწოს, ვალსაც გადახდა უნდა და პატივისცემასაც, ოღონდ... ოღონც ეგ ყველაფერი თქვენს ქვაბში მოისაქმეთ უპატრიოტესო ქალბატონებო და ბატონებო და ქვეყნის ინტერესები ლეღვის ფოთოლი ნუ გგონიათ, რომელსაც ხან წინ აიფარებთ და ხან უკან.. ისე, ლეღვი მწარედ ისუსხება... ვიცით, როგორ არა, - ნებისმიერი ხელისუფლება გიჟდება სტრიპტიზზე საკუთარი ხალხის შესრულებით. განსაკუთრებით აღაგზნებს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენების როკვა. ისე ეს “მარშიც“ არაა მთლად ქართული წარმოშობის სიტყვა და რა ვიცი... თუ სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუციის აღმოფხვრის პროფილით გადაკვალიფიცირდებით, ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ - მთლად აღმოფხვრის თუარა, შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ქართველი ფემინისტების მომრავლებაა. მოკლედ, დასხედით, მოიფიქრეთ, ხელისუფლებასაც შეეხმიანეთ, შეუთანხმეთ, ევაჭრეთ, ეშანტაჟეთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარი სახელით,“ გეხვერწებით!!!“ ჩვენს პროტესტს როგორმე თავად ჩამოვაყალიბებთ. იმდენია საპროტესტო! იქნებ ვერც დაგვეწიოთ... აგერ სულ მალე, რუსთავი 2-ის დაკვეთით, ქართული თხილი გვექნება დასაცავი მსოფლიო ბაზარზე. აქეთ მუხთარლის ცოლი გვიტევს, თან ისე გვიტევს, მაგ ქალმა, მგონი, 2 კურდღელი ერთად დაიჭირა - ქმარიც მოიშორა და ვიღაცის დავალების შესრულებითაც კარგად იხეირა. იჯდეს აქ, ელოდოს ჩვენი შსს მინისტრის გადადგომას და ჩვენ შევუგზავნით ფბ-ზე შეგროვილი ფულით მის ქმარს „პერედაჩებს“. ჩვენს საზოგადოებას ისეთ დღეში აქვს ნერვები, 14 წლის ძმების ქობულეთში გაპარვას უმკაცრესი ფანტაზიით აფასებენ. ჩნდება ეჭვი რომ ამ საზოგადოებას ბავშვობაში მარკ ტვენის ნაწარმოებებს უმალავდნენ. ამასობაში „დეზერტირის ბაზარიც“ მიგვეწვა და გაზის ტარიფსაც გადაგვიხედა მთავრობამ, რასაკვირველია ბიზნესის სასარგებლოდ... სამაგიეროდ, ქართული ტურიზმი ახალი გამოწვევების წინაშეა. რეინოლდ მესნერი საქართველოშია. ეგ ვინღაა? დაგუგლეთ ბატონო და გაიგებთ! კიდევ ადა მარშანია გვყავს კმაყოფილი რუსეთში ვიზიტითაც და საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ჯილდოთიც. ქეთევან წამებულის სახელობის ოქროს მედალი ეკუთვნის აბა არ ეკუთვნის? წამებულია აბა რა? ეხუმრებით მეოთხე წრეზე წასვლას პარლამენტში? თან რა წლებში! ისეთი ხუმრობის რა ვთქვი, სიმართლის ნატამალი არ ერიოს... იმ უკანალის რა ვთქვი, ხელისუფლების ვერტიკალზე წამოჯდომას რომ არ ოცნებობდეს... ხელისუფლებაში მოსვლა ოთხითაც შეიძლება , თუნდაც იმ უხერხულ პოზაშიც... ბრმა რწმენასთან სიმართლე გინდ გააშიშვლე, გინდ არა.. მოკლედ, ასეთი ამბავია რა - თუ მდინარესთან "მდგომიარე" დაელოდები მტრის გვამის ჩამოტარებას, აშკარად უფრო ადრე დაინახავ მას, ვიდრე "მჯდომიარე". ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ადამიანების 90% ევოლუციას სიმულირებს. იმან, ვინც იცის რისი ღირსია დამნაშავე, ან არაფერს აკეთებს, ან ძალიან ბევრი იცის. ჩვენი მთავარი წესი კი ცხოვრება წესების გარეშეა, რაც, რიგ შემთხვევებში, უწესობას სულაც არ ნიშნავს... ადრე თუ გვიან მედიკოსი სტუდენტები აუცილებლად სვამენ კითხვას: რა სიძლიერის ტრავმულ შოკს შეიძლება გაუძლოს პაციენტმა. ყველა მასწავლებელი სხვადასხვანაირ პასუხს იძლევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პასუხი წარმოადგენს კითხვას: გადარჩენის რამდენად ძლიერი სურვილი აქვს პაციენტს? საფრანგეთმა დიდი ხმაურით იზეიმა, როგორც ამბობენ, მაკრონის მეუღლემ, კატეგორიულად და კულუარულად უარყო ბასტილიის შტურმში საკუთარი მონაწილეობაო. ის ხომ გახსოვთ, ფლორიდელი რუპერტ დარვინი, 2 წლის ალიგატორის განსაკუთრებით მძიმე ფორმებში გაუპატიურებისთვის რომ დააკავეს? ნეტა ის ალიგატორი როგორ გრძნობს თავს? მახსოვს, სერიოზული ფსიქორეაბილიტაცია დასჭირდა. ვისაც გაქვთ, ეგებ მომაწოდოთ ალიგატორის ჩვენების ტექსტი და საერთოდ, ალიგატორი დედალი იყო, მამალი, აბორიგენი თუ ემიგრანტი? რატომ მიყურებთ ასე? სრულიად ლეგიტიმური კითხვები დავსვი. ვაღიარებ - სკოლაში ზოოლოგიას საერთოდ არ ვსწავლობდი. ვინც სწავლობდით, რაში გამოგადგათ? ნებისმიერი ჩვენგანის ოფიციალური ავტობიოგრაფია სასკოლო დღიურს გავს, - ცუდნიშნებიან ფურცლებს რომ ვხევდით, სახლში რომ არ ენახათ.. ახლა არ დამიწყოთ - ჩვენ კი არ ვართ ეგეთები, ცხოვრებაა ეგეთიო... ნუ ახურებთ! ჩვენც ეგეთები ვართ და ცხოვრებაც ეგეთია... ახლა ჩემი პატარა ბიჭუნა მომადგა კითხვით: - დე სასწაულების გჯერაო? - კი დე, მჯერა, ოღონდ დღეს არა... ყავამშვიდობისა, ერო! კატო ჩულაშვილი
  4. „ზაფხულია ცხელა-ცხელაში“ და ფეის-ბუღში სეზონის მეექვსე კვირაც წამოგვეწია თავისი ორშაბათით. „ცხელა-ცხელა“ ტექსტის და ტრადიციის მიხედვით თორემ, ნაყინის და წუწაობის სეზონმა ენგურის ბორანს გადაუსწრო „ჭირის მოჭმაში“ და მალე ფეხებზე გადავა. აი ორშაბათი რისი ორშაბათია, არ იორშაბათოს? გვეტაკა კიდეც ცეცხლით და მახვილით, ამჯერად ფოთიდან... ფაქტი ჯიუტია - ვიღაცას აშკარად არ ეძინა იმ ძველ საპორტო ქალაქში ორშაბათის მოლოდინში და კიდევ სეირის... მიხვდით ალბათ - სასიამოვნო ღამის თევები აღარაა მოდაში. ხალხი სასარგებლოზე გადავიდა. სასარგებლოც არაა აუცილებელი ყველას მოერგოს „ვიტიჩკებში“. რამდენიმე მოსარგებლეც საკმარისია... სარგებელიც, ისე როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში, დასწრებაზეა. სამაგიეროდ, ნეგატიური ინფორმაციის ერთგული მკითხველია გადასწრებაზე . ეძებენ გაფაციცებით , აცეცებენ თაგუნიებს ნაცნობ თუ უცნობ კედლებზე და თუ სადმე საკბილოს წააწყდნენ, სულ კინწისკვრით მოარბენინებენ საკუთარ აკვატორიაში სათანადოდ შეცხადების და აღშფრთოვანების მიზნით, რასაკვირველია... ასეა ბატონო! ემოციური ხალხი ვართ ჩვენ და კიდეც ვიმართებით ემოციებით. ეგაა, ემოცია კუჭს ვერ აძღობს და, ხანდახან მაინც გვიხდება ხელ-ფეხის გაქანება. ბედი ჩვენი რომ, მაგ დროს ტვინი,ძირითადად, ისვენებს. დასვენებული ტვინი სამომავლოდ დაგვჭირდება - იბერია რომ გაბრწყინდება, თავისით, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, მაშინ... ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ! ვისაც არა - იწუწუნეთ და იწუწუნეთ! თქვენი მოსაწონი ჯერ მაინც არაფერი შეუქმნია გამჩენსაც კი, თქვენს გარდა... ზაფხული რომ ცხელი უნდა ყოფილიყო ამას მაინც ვიყავით შეგუებული ისტორიული წყაროებიდან, მაგრამ, ჩვენ რისი სოციალურადაქტიური საზოგადოება ვართ, ამინდსაც კი უხერხულად თუ არ ვაგრძნობინეთ თავი?! ხომ გვახსოვს, წინა წლებში ტყეები იწვოდა სიცხისგან და ყველა ერთად ვშფოთავდით , ვდარდობდით. სანაცვლოდ ვითხოვდით ან გვპირდებოდნენ მილიონ ან ტრილიონ ახალ ხეს... დიდად მოსაწყენი სანახაობა იყო... ეს მაინც აღიარეთ რომ, ბოლო დროს აშკარად პროგრესი გვაქვს - ჩვენს ქალაქებში სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრებს ცეცხლი პირდაპირი მნიშვნელობით უკიდიათ და ყველაფერი ერთ კაცს ბრალდება... მართალია იმ ერთ კაცს ერთი პარტიაც აქვს, თავისი საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობით, მაგრამ, პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე მაინც მასზე მოდის - „ნომერ პირველ მოქალაქეზე“... მძიმე ყოფილა ეგ სტატუსი ხომ? აბა როგორ გინდათ, პატივცემულო?! ვისაც მივმართავ იცის იმან! იმან ყველაფერი იცის მაშინაც, როცა არ იცის და როცა არ ჩანს, მაშინ რომ ჩანს, ეგ ამბავი სოზარმა იცის საზეპიროებით. ახლა არ მკითხოთ სოზარი ვინააო?!. ვინაიდან და რადგანაც, დამწვარი ბაზრების ნაცვლად, მილიონ ბაზარს ვერ მოვითხოვთ, ვითხოვთ მხურვალე იდეების ავტორთა გამოვლენას და დასახელებას საჯარო აპლოდისმენტებისთვის რასაკვირველია, აბა მაგათ სასჯელს ვინ აკადრებს? მასეც კი არ ბნელა... გეთანხმებით - ითაფლო, თაფლოს შაქრო პაპა და რუსი ჯარისკაცი არაა ცუდი ვერსია, ცოტა მტვრიანია უბრალოდ... და საერთოდ, „რაც ხდება რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია და მეტის ღირსები ვართ“ ეგ ყველაზე მისაღები ვერსიაა ჩვენისთანა ჭინჭყლი მეწისქვილე საზოგადოებისთვის. ჰოდა, იფქვება ტყუილ-მართალი ქატოდ და ფქვილად, ზოგჯერ ჭირად და ჩირადაც ასხმულ-დაშაქრული. ტყუილი წვრილმანი თუ მსხვილმანი. წვრილმანი ტყუილი რომელია და თავისი მოკლე ფეხებით სისხლის სამართლის კოდექსამდე რომ ვერ მიდის... ეგ გზა დიდი ხნის წინ აყარეს, მაინც არავინ დაიარება ზედო და ახლა მოგინდათ? საარჩევნოდ მაინც დააგონ არა ის?! და საერთოდ, - თუ ტყუილის საპასუხოდ იტყუები, ეგ ტყუილი კი არა "საერთო ენის გამონახვის" მცდელობაა, ან „დიდი პოლიტიკა“. გამოუსწორებელი პესიმისტი გაბედავს და იტყვის - რა შუაშია ჩვენთან პოლიტიკაო? არ ჰქონია მსგავსი ტრადიცია ამ ქვეყანას?. ისე, თუ ჰქონდა, სად წავიდა მერე? რაც სიტყვა პოლიტიკა სამომხმარებლო კალათის ჩამონათვალში გაჩნდა, „ჩვენები“ ორ შემთხვევაში მიძვრებოდნენ მანდ - თუ ბიზნესი არ გამოსდიოდათ და თუ ბიზნესი გამოსდიოდათ. ბოლოს პოლიტიკა ჰარმონიულად გადავიდა ყველაზე წარმატებული ბიზნესის კატეგორიაში. და ახლა ვიღაცას სურს ის დაუბრუნოს ძველ კატეგორიას? ოლოლო ვიღაცას! გაგანია ქართლში რუსებმა სასაზღვრო ხაზი გადმოაჩოჩესო და ისეთი ამბავი ატყდა, პუტინს ეგონა, ბალისტიკურზე დაეჭირა თითი... არადა მაგ დროს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები ერთმანეთს სოხუმში შეხვდნენ. ხაჯინბამ ბიბილოვი მოჰაჯირების ბულვარზე გაასეირნა და ცნობილი ,,ბრეხალოვკის,, ყავაც ახუხა. ამ ამბავში შემაშფოთებელი ისაა რომ მიჩვევა იცის სოხუმურმა „ ბერეგის ყავამ“... ბიბილოვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, იმედია, ქალბატონი ადა ჩამოგვიტანს მალე. მებრძოლი რაზმი 111 გამოვიდა მეზობელი სადგურიდან! გადაირბენს მარშანია მოსკოვში ქართული „მარშის“ ფონოგრამისთვის და გადმოირბენს... როგორც რუსულ პოლიტიკურ ელიტაში იტყვიან - Собрался народ в Раю, а поговорить-то, не о чем... ეჰ... ვოლგა-ვოლგა! შიშველი სიმართლე გაშიშვლებულ მაღალი ძაბვის კაბელზე უარესიაო ამბობენ და ცხოვრებისეულ კიბეზე ერთი საფეხურით ასამაღლებლად საკმარისია საკუთარ თავს გადააბიჯო. როგორც ჩვენი მეგობარი და უფროსი ძმა ოკუპანტები ამბობენ - ჭკვიან ყვავს ღმერთი ყოველთვის უგზავნის უფასო ყველის ნაჭერს, დუმილის საფასურადო... დუმილი რომ ოქროა, ეგ ჩვენმა წინაპრებმა მაგათზე ადრე იცოდნენ, მაგრამ ზოგი ოქროს სიყვარულმა გადაიყოლა... ოქროს სიყვარულმა კი არ უნდა გადაგვიყოლოს კაცო. ამოიღეთ ზოგჯერ ხმა!ზოგჯერ ხმაზე უარესიც! ყრუ მუნჯისთვის დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია. მიდი და გაიგე სულელია თუ ჭკუაგაფანტული? ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ენძელას ჯიშის ობიექტებზე დაკვირვებაა. რომელი ენძელა და „დაბადების დღის სჩუქარი“ და საპარლამენტო უმრავლესობის „ქინდერ სიურპრიზი“. მეყოს უხერხულია? უხერხული რომაა, მეც მაგას არ ვამბობ? გასულმა კვირამ გაარკვია რომ ტყვიით შენელებული სანელებელია ჩვენი ეროვნული სიმუხრუჭის მიზეზი. სწორედაც რომ ტყვია გვამძიმებს , განსაკუთრებით წელიწადში ერთხელ, საცივში... საპარტნიორო ფონდს ერთობ თემატური დელეგაცია სწვევია - პაკისტანის ბიზნეს-წრეებს, საინვესტიციო პროექტებთან ერთად, სუნელების დიდი პარტია ჰქონიათ შემოტანილი... ჰო, "ევროპული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. უფრო ქალური ვარიანტი არ ჰქონდათ და მიტომ. ჩვენმა ბახუტამ ხბოც მოიგო და ბინაც! კურთხეულ ციანიდს გველის შხამი დაემატა მალამოდ... ჩვენი წმინდა ჯაფარა წვიმის წყალში განიბანა, მაგრამ, ჩემი ფეხები - ჟმოტი და ბნელი სასტავები ხელს მაინც არ უწერენ... 7 ოქრო, 2 ვერცხლი, 8 ბრინჯაო - საქართველოს ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატებზე ყველაფერმა გადაფარა... გზა, წყალი, შუქი და ინტერნეტი! მეტი „ რა ჯანდაბაა ხოჩეშ, შე უმადურო ქართველო“, გაგანია 21–ე საუკუნეში? ღვაწლმოსილი მცხეთის სალობიე 50 წლის გახდა! თუმცა მანდ ლობიოზე უკეთესი ღვეზელები ქონდათ ყოველთვის. არაფერია ხალხო! გუშინ მოსკოვი და ლონდონიც ბოლავდა. აგერ ბაღდადში მგლები მოგვიხტნენო, შემოგვითვალეს თბილისში და თბილისში პედოფილი ლინჩის წესით მიუძაღლებიათ... უნდა გავუძლოთ! ისეთი დროა, თუ ცეცხლი გიკიდია და მეგობარს საშველად უხმე, საუკეთესო მეგობარი აუცილებლად მოვარდება წამებში და, საუკეთესო აიფონით, ყველაფერს გადაიღებს... აი, როცა ღორების ფერმა იწვის, მაგ დროს წყალი ნაკლებად ახსენდებათ და მისაშველებლად ზოგი ტყემლით მორბის, ზოგი პურით, ზოგიც „მშობლიური რვა ნომერით“... ოპერატიულობაზე გამახსენდა, - ძალიანაც კარგი რამეა ეს 100 ქულიანი მართვის მოწმობები. მერე რა რომ უმრავლესობა ამ ქვეყანაში უ-მანქანო, უ-ქულო და უ-ფულო „ვდვიჟენიობთ“... ხომ არ იცის ვინმემ, სად აპირებს წელს დასვენებას, იამაიკისა და კენიის მერე, ცესკოს სკამთუნახავი ბოსი? იმ ჯამაგირის ფასად, შთაბეჭდილებების გაზიარება მაინც დავავალდებულოთ ჩვენს ხარჯზე. ჩვენ რა? ტყვია ვერაფერს გვაკლებს, ცეცხლში არ ვიწვით,, წყალში არ ვიძირებით. არატრადიციული პოლიტიკური ორიენტაცია წარმატებით აყალიბებს ნეგატივზე ორიენტირებული საზოგადოებრივ აზრს. ადრენალინის ენდორფინად გარდაქმნის პროცესია ქვეყანაში მოსაწესრიგებელი, თორემ არაფერი ჩვენ არ გვეშველება... ჩვენ, კულტურულმა საზოგადოებამ, უკვე ვიცით, რომ სოციუმი ცხოველთა სამყაროსგან მხოლოდ თავისი არასრულყოფილი კანონებით განსხვავდება! ჩამოყალიბდით, ბატონებო! ჩამოყალიბდით! როგორც გამოცდილმა კულინარებმა იციან თქმა - ყველასთვის მოვძებნით შესაფერის სუნელს და საკმაზს, ოქტომბერში... ცვლილებების, ყველაზე მეტად, კეფის პარაზიტებს და „ცხოვრება რომ იციან“ მაგ კატეგორიას ეშინია. ნუ გეშინიათ, ცვლილებების ქარი ჩიხში არ უბერავს... მერე რა რომ სულ უფრო ხშირად გვიხდება თავის მოსულელება, იმიტომ რომ იდიოტებივით არ გამოვიყურებოდეთ.... სიმართლე სწრაფად უნდა ილაპარაკო, თორემ, თუ დიდხანს იფიქრე, შეიძლება გადაიფიქრო. ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ტანკიდან დაახლი და მოკურცხლავ... ცხოვრება თეატრი კი არა, კინოა! ადამიანები - პოპკორნი. სამყარო პესიმისტებს ეკუთვნით. რეალისტები სალაროში სხედან და ბილეთებს ყიდიან... დღეს შოკოლადის მსოფლიო დღეა!. კარგია, როცა დღესაც და ცხოვრებასაც შოკოლადის გემო აქვს. შოკოლადის დღე შოკოლადის ღამით იწყება.. ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  5. „ქრისტეფორემ მონახა სწორი ადგილი და გადაზომა ათი ნაბიჯი. - სიგრძე უდრის სიყვარულს, - თქვა მან და განის გაზომვა დაიწყო. - ჩაიწერე, - უბრძანა სანიტარ შვანგირაძეს ნოშრევანმა. - სიგანე - რწმენას! - თქვა ქრისტეფორემ. შემდეგ ქრისტეფორემ ცაში აიხედა, თავზევით ხელი ასწია და თქვა: - სიმაღლე - იმედს!“ “უცხო ჩიტი“ რეზო გაბრიაძე ივლისის ხვატმოდებულ დილას გახედავ საწოლიდან სილურჯედაკარგულ ქათქათა ცას და გეამება - რა შორსაა!.. რამხელა იმედია... რიჟრაჟი გეჟღურტულება ჩიტების პირით. პირით არა, ნისკარტით, აგერ ყურის ძირში, ფანჯრიდან ჩურჩუტი მტრედი შემობოდიალებულა და გგონია მხოლოდ შენთვის გათენდა ასე ახლოს და ასე ხმამაღლა... ახალი დილა ახლადმოდუღებული ყავის ყლუპი და გგონია, ცხოვრებას თავიდან დაიწყებ - სუფთა ფურცლიდანო, რომ ამბობენ, მაგრამ, კალიგრაფია რომ არც ისე მარტივი შესაცვლელია?!. გაკრული ხელი და სითეთრე სიტყვიდან სიტყვამდე. გამოტოვებული სასვენი ნიშნები (ვინ დაგასვენებს?!), იმ იმედით, რომ ოდესმე ამ ყველაფერს ხელახლა გადაიკითხავ, შეავსებ, ჩაასწორებ... სამალავიდან პანამაჩამოფხატული იმედი იჭყიტება ფრჩხილებში ჩარჩენილი ხავსით. რამდენჯერ გავაფრთხილე, რომ ფრჩხილების ჭამა უწესობა და სიბინძურეა. არ მიჯერებს... ჩასაფრებული „სასიამოვნო მოულოდნელობები“ – „საუკეთესო მეგობრის“ სტატუსიდან „შავ სიამდე“ ერთი გასაუბრებაა ნებისმიერ ...... თემაზე. აი ისიც! დილის გამამხნევებელი ზარი და ერთი განმკლავი ტელეფონამდე. „მეოჯახე მეგობრის“ მარადიული და რიტორიკული კითხვა - „როგორ ავუხსნა ამ ჩემს ქმარს, რომ ცოლად გავყევი, კი არ ვიშვილე? „ - ჰოოო, მაგის ახსნაში ცოტაოდენი ასაკი არ გიწყობს ხელს, საყვარელო... - შენ იმაზე უარესი დამპალი ხარ!. - ვიცი და მაგიტომაც არ მომყავს ცოლი... - უხ, კაცი იყო, გამოგყვებოდი და გაგიმწარებდი ახალგაზრდობას... - მასეთი აზრები რომ გაწუხებს, იმიტომ გონიხარ შენს ქმარს დედა! ყავა მიცივდება, წავედი! - ხომ ვიცოდი რომ ქალური სოლიდარობა ვერაგი მამაკაცების მოგონილია?! რას ვრეკავდი საერთოდ? თქვენ არ იდარდოთ, ხვალ თუ არა, ზეგ დილით ისევ დარეკავს და იგივეს მკითხავს. არადა, რა უნდა გირჩიოთ? ეგებ ძუძუ გაიკრათ „ძიძა ცოლებმა“ რომ გაგანია შვებულების სეზონზე საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე ფიქრის დრო დაგვრჩეს თავისუფლების ჟინით შეპყრობილ მდედრებს... არა, კი არაფერი გვიკვირს. ყველას გამოგვიცდია მხედველობის მკვეთრი დაქვეითება მწვავე ფორმის სიყვარულის ნიადაგზე, მაგრამ ეგ დიაგნოზი განკურნებადია, თუ ქალი მოინდომებსა!.. არაა საჭირო ქალის სულში ჩაძრომა, უკეთესი ლოკაციებიც მოეპოვება და მიტომ! ეგ კია, რაც არ უნდა ბევრი მოყვე საკუთარ ცხოვრებაზე, ზურგს უკან ვიღაც მაინც უფრო საინტერესოს მოყვება შენზე...მადლობა ამ დაუზარელ ადამიანებს ამისთვის!. როდენის სახელგანთქმული „მოაზროვნე“ არ მასვენებს ბავშვობიდან. თქვენი აზრით, რაზე შეიძლება ფიქრობდეს შიშველი მამაკაცი? ისე, ქალს თუ დროულად არ გააჩენინებთ შვილს, მერე ქმრების აღზრდას იწყებენ და დანარჩენი თვითონ გადაწყვიტეთ ბატონო... იმ ბერიკაცის უსიამოვნებები იმ დღიდან დაიწყო, თავის „დედაკაცს“ ოქროს თევზის ამბავი რომ მოუყვა და მორალი ისაა, რომ თუ რამეს დაიჭერ, იჯექი რა შენთვის ჩუმად და შეირგე! მე პირადად, დიდი ხანია იმ ჭკუაზე ვარ, - თუ ადამიანი მოგეწონა, უნდა მიხვიდე და პირდაპირ უთხრა - ადამიანო, მე შენ მომწონხარ! ხოდა მორჩა. ეგ ამბავი უკვე შენი კი არა, მისი პრობლემაა. თვითონ შემოგაწონა თავი და თვითონ „გამოგაწონოს“ თუ კარგია... მგონი აქამდე არ მითქვამს - ჭკუას ვკარგავ სენტიმენტალურ მონადირეებზე... კიდევ მიყვარს მზე, მცხუნვარე-მცხუნვარე, აი ისეთი, ჰორიზონტზე კი არა, 3-4 მეტრში ადამიანები რომ სილუეტებად ლაპლაპებენ და იგრიხებიან... ზღვა - ხმელთა შუა! ფერადი მედუზებით და კოჭზე შერჩენილი ზღვის ქაფით... ზღვის ტალღის ფერი და მკვახე ზეთის ხილის ფერი თვალები (ალაგ-ალაგ მწიფე ზეთის ხილის ფერიც წავა)... პირველი სიგარეტი და დილის პირველი ყავა... დილის ძილი? - ისე რა, გააჩნია, ვისთან გძინავს... “საინტერესო უძილობა“ და მოკლემეტრაჟიანი თვლემა, ცხვირზე კოცნით გამოფხიზლებით... ორსულობა, თუნდაც ტოქსიკოზით და „კეისრების“ ჭყივილი... თბილისიდან რამდენიმე დღით გამგზავრება სადმე, სულ ერთია და მერე დაბრუნება, თავისი გულის ჩქროლვებით ხელაწეული ვახტანგის დანახვაზე..., ფელინის მარადიული მოტკბო სითბო, ჟოლოს სურნელით, პატარა თეატრების დარბაზები, სცენიდან რომ მტვერი გეყრება, ახალი წიგნი, ბელგიური შოკოლადი (გაჭირვებაში ავსტრიულიც წავა), ტორტი ,,პრაღა,“ ოღონდ, პრაღის პაწაწუნა კუთხის კაფეში... მატარებელში ძილი, მზის ახალი სათვალეები, უცნაური თავსაფხატები, ფართხუნა კაბები და ბრახუნა ქოშები... უცხო ქალაქში მარტო ბოდიალი,შოპინგი სხვებისთვის, თავსხმა წვიმა, კაუჭიანი ქოლგები, სხვისი კატა, კივის ნაყინი, კარგი კონიაკი, თეთრი მშრალი ღვინო და დიდი ხნის დაჭაშნიკებული კამპანია... ოჯახური ბიბლიოთეკის დალაგება,წიგნებს შორის შეჭყუნული მოგონებებით, ქაქანი მეგობრების სამზარეულოში, ოჯახური ექსპერიმენტული კულინარია და შვილები თითების ლოკვის პროცესში... საჭმელი, რომელსაც ხელით მივირთმევ, ალუბალი და ალუბლისფერი, ატმის სუნი და წითელი გრეიფრუტის ფრეში... გახლეჩილი ბროწეულის ბრწყინვალება, ძველი ფოტოები, საკუთარ თავზე ღადაობა, ჩაპაჭუნებული უცხო თვალი, ჩუმად მოწერილი- „კარგი ხარ!“... ელემენტარული ყურადღება და სისულელეებზე ტირილი... კიდევ რაღაც–რაღაცეები, ოღონდ ... გამოგიტყდებით, ისე ალალად შემშურდა იმ 70 წლის ჩინელი ბებოსი, რამდენიმე კვირის წინ პარაშუტით რომ იფარფატა, მაინც შემშურდა, მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის მეშინია და 20 წლის ასაკშიც ვერ ვიფარფატებდი. ასეთი ხარბი და შურიანია ადამიანი, ყველაფერი უნდა, ყველაფერზე ოცნებობს... ჰმ.. ზოგიერთს დედოფლობაც კი მოუნდაო! იმ ქალის რა ვთქვი, დედოფლობაზე რომ არ ოცნებობს... ქალის მეთქი! ნუ შემჭათ უპუროდ! ძალიან ნოყიერი და გემრიელი ვარ, მაინც გასუქდებით!.. გასუქებაზე გამახსენდა - ზაფხულს თავისი ხრიკები აქვს. გაააქტიურეთ სეზონური „მასობრივი ფსიქოლოგიური ზეწოლის“ უებარი საშუალება - დეკოლტე - მამაკაცების პერიფერიული მხედველობის განვითარების საუკეთესო ტრენაჟორი... მერე რა რომ თანამედროვე ურთიერთობები, ძირითადად, „ლაიქით“ იწყება და „ტროლინგით“ მთავრდება? ცოტა ხანს მაინც გაერთობით და კალორიებსაც გადააყოლებთ... დამიჯერეთ! ყველაზე უპრინციპო ცხოვრებისეული პრინციპებია... სინდისი იმდენად გავს სარკეს, დრო და დრო კარგად უნდა დააფურთხო და მერე სახელოთი გაწმინდო... გასულ კვირას ონკოლოგიურ გამოკვლევებზე გამამწესეს, მაგრამ არ მივდივარ, იმიტომ რომ, ყველაზე საშიში სიმსივნე ეგოს სიმსივნეა... საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი - ძალიან ზარმაცი თვითმკვლელები ბოლოს სიბერით კვდებიან... პატარა ადამიანებზე დიდი იმედები რომ არ უნდა დაამყარო, ეგ ვერ ვისწავლე ჯერ კიდევ, მაგრამ, პირობას ვიძლევი, გამოვსწორდები!... ბავშვობაში მეგონა, რომ 30 წლის მერე სიბერე იწყებოდა. როგორ მიყვარს, როცა ასე მწარედ ვცდები ხოლმე! გგონია, რომ ყველაფერი შეგიძლია, სანამ ნამდვილ სირთულეს არ შეასკდები. შეასკდები და, მერე იმითაც კმაყოფილი ხარ, რომ „რაღაც“ მაინც გამოგივიდა... ადამიანები ფანქრებივით ვართ, ყველა ჩვენებურად ვხატავთ- გვეხერხება თუ არა, ვიღაცას წვერი ტყდება, ვიღაცას უბლაგვდება, ვიღაცა ითლება, ითლება დაუსრულებლად და აგრძელებს ხატვას... მერე ვჯდებით მუხლებზე პლედშემოხვეულები და განვლილ დღეებს ვაფასებთ. ღამურები, ალბათ, თავიანთ ცხოვრებას განვლილი ღამეებით აფასებენ. ამას წინათ ერთი საშუალოსტატისტიკური ფრანგი „მემარიაჟა“ - ფრანგული ენა იმისთვის არსებობს, რომ დალიო ფრანგული ღვინო და ილაპარაკო. რაზე? სიყვარულზე! -ო... ისე, გავხედე, ფაქტიურად ენის გამოყოფას უდრიდა, ან შუა თითით მოხმობას. რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ორივე ამბავში დავასწარით და, სადაც საჭიროა იქაც „დავასტუკეთ. „ არ მიყვარს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საუბრისას ხშირად იყენებენ „მაგრამ“-ს. ასე მგონია, რ უნდა დაუჯერო მაგრამის წინ ნათქვამ არცერთ სიტყვას. „არ მინდოდა თქვენი განაწყენება, მაგრამ“... „ჭკუას კი არ გარიგებ, მაგრამ“... „არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ“... ყველაზე დიდი სიძულვილი კი მათ მიმართ ჩნდება, ვინც გულს შეეხო და მერე სულში ჩაგაფურთხა... სულ მაინტერესებდა, რას წერდნენ ადამიანები ერთმანეთს, იმიტომ რომ, ხშირად წერილებში იმას წერენ, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობენ. თვალები უშლით... რაც დრო გადის, ჩემგან ჩადენილი სისულელეების რიცხვი კლებაშია. სამაგიეროდ, ხარისხია მატებაში აშკარად... ჩემი წილი ეპიტაფია? „ადამიანი, როგორც შორისდებული... ცხოვრებით, როგორც მრავალწერტილი“... სიახლეებს რადგან ისევ აგვიანდებათ, თავს ვირთობ წერა-კითხვითა და მოგონებებით. ხომ არ იცით, ბოლოს რომ კვდება ის იმედი რა ფერია? ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  6. პარასკევი. ივნისის 30. კატის კლანჭებს გადარჩენილი ბედნიერი ძეხვის დღე. ზაფხულის პირველი თვის ბოლო დღე. „ბოლო“ სევდიანია და განწყობას აფუჭებს? კი ბატონო, რა პრობლემაა? იყოს ზაფხულის მეორე თვის წინა დღე. უფრო პოზიტიურია და ოპტიმისტური, რადგან, პირველი თვისთვის ხშირად გვიხდებოდა შეხსენება, რომ წესიერი და პატიოსანი ივნისივით მოქცეულიყო. მზეს ემზევა, მთვარეს - ემთვარა , კაცს ეკაცა და საერთოდ, ყველაფერი სახვეწარი არ გვქონოდა ყოველდღიურობით ისედაც გაბეზრებულ საზოგადოებას. ზოგიერთისთვის პარასკევი და ზოგისთვის ქრონიკული ორშაბათია მთელი ცხოვრება. იმ „დიმპიტაურმა სასტავმა“ შაბათი საიდან გამოჩხრიკა ვერ გავიგე? ეტყობა, ეგენიც უმუშევრები იყვნენ და არ ესმოდათ ჭეშმარიტი პარასკევის ხიბლი, მადლი და ბრწყინვალება... ვაპატიოთ, სხვა გზა არაა... აქ ისეთებს ისეთებს პატიობენ... მაგალითად შაბათს ჩანიშნულ არჩევნებსაც კი... გაყალბებულს ? მაგას გააჩნია, კონკრეტულ შემთხვევაში ვის მხარესაა „უმრავლესობა“... დიახ! პოზიტივი გნებავთ? კი ბატონო! პარასკევ საღამოს გამამხნევებელი პოზიტივი: დღეს ზაფხულია! ხვალაც ზაფხულია! ზეგაც ზაფხულია! ერთი თვის მერეც ზაფხულია! ორი თვის მერეც ზაფხულია! გაგიკვირდებათ და, ერთი წლის მერეც კი ზაფხულია... რა ვქნა მეტი ერთმა საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ?! ზაფხული ძალაში შევიდა! გასულ კვირას მოქალაქეთა ის განსაკუთრებული, ბომონდურ-ელიტარული ნაწილი, რომელიც თავის თავს „მთელ თფილისს“ უწოდებს, მეტეხის ჩრდილში შეიყარა დაპუდრულ-დალაქული, ხელკავით და ცალ მხარეს ოდნავ გადახრილი თავით, თავის გადახრის საპირისპირო მხარეს მოჭუტული თვალით და მოჭუტული თვალის საპირისპიროდ ცალყბად მომღიმარი. რისთვის შეიყარა და „ლაივში“ გაბრაზებული ზაალ უდუმაშვილისთვის ხელის ჩამოსართმევად, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები - თბილისის მერობა გადაწყვიტა. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რა შეიძლება ითქვას?! თავხედობას რომ საზღვარი არ აქვს ამ კატეგორიაში, ეგ ისედაც ვიცით, იაროს, აფრიალოს დროშები და ლოზუნგები, იხმალაოს დაპირებებით, სხვა თუ არაფერი, იმას მაინც დავითვლით, რამდენი ბრაზიანი გვყავს ქვეყანაში. ერთი ობიექტური კვლევა მაინც შეგვრჩება ნაცების ხარჯზე. არც ისე საშიშია, თუ ვიღაცა სულელს დაგიძახებს. უარესია, თუ ის ვიღაც მართალი აღმოჩნდება. ჭკვიანები სწავლობენ, სულელებმა ისედაც ყველაფერი იციან... ჰოდა, ინდიელთა ძველისძველი ტომის, დაკოტას, ერთ–ერთი სიბრძნე ამბობს – თუ აღმოაჩენთ, რომ სულთმობრძავ ცხენს „მიაჭენებთ,“ საუკეთესო სტრატეგია გარბენში გადმოხტომააო. დაკოტას ტრადიციების გათვალისწინებით, ისეთი გადახტომ–გადმოხტომა აქვთ ატეხილი ნაცებს, უკვე საშიში ხდება თვალის მიდევნებაც კი. ვინმე თუა დაკავებული მონიტორინგით - ბოლოს და ბოლოს რამდენ არათანაბარ ნაწილად დაიშალნენ ეგენი და „დაჩორთაობენ“ აღმა-დაღმა? გახსოვთ ის დრო, მუშაობა და გაზეთის გამოწერა რომ სავალდებულო იყო? გაბრაზებული პოლიტიკოსები მართლა სახლში რომ მიდიოდნენ? და გრანტის მაძიებლები რომ მხოლოდ კაპიტნის შვილები იყვნენ? ახლა გაბრაზებული ჟურნალისტებიც პოლიტიკაში მოდიან და, როგორც დიდი ჩიკა იტყოდა, „ აი, რა გააკეთოს ამ ქართულმა პოლიტიკამ?“ ეგეც დაღალა ერთი და იგივე, ბოსტნის საფრთხობელებივით გადაღებილ–დაკემსილ – დაფითხული სილუეტების მისვლა–მოსვლამ საქართველოს უახლეს ისტორიაში.... ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ქალაქ კრივოი როგში მოსახლეობასთან შეხვედრისას კვერცხები დაუშინეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.ინციდენტის შემდეგ სააკაშვილმა იხუმრა და განაცხდა, რომ ის მწვანეთა პარტიაში მიიღეს. აბა სხვა რა უნდა ეთქვა? სამაგიეროდ, სადაც სათქმელი იყო, იქ თქვა ეს: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით და ბევრად უფრო რბილი, ხალხის ჩართულობის მეთოდებით უნდა დავბრუნდეთ, რადგან ეს კი არ უნდა იყოს ძველის დაბრუნება, არამედ ახლის შექმნა. ჩვენ ისეთი უნდა შევქმნათ, რაც ხალხისთვის უფრო გასაგები იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასევე შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ". უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში კი პრეზიდენტყოფილმა, მალე თბილისში დაბრუნება და უსამართლობის წინააღმდეგ უფრო ძლიერი მოძრაობის დაწყება დააანონსა. ჰოდა, სად იყო და სად არა, უკვე ხელ-ფეხ ჩაქნეულ და თვალებში სხივჩამქრალ ნაც-აქტივისტებში სპონტანურად იფეთქა ნაპერწკალმა და უბნებში ისეთი მაჟორულ-რევანშისტული კოცონი გიზგიზებს, მმართველი გუნდის ოფისებში მარტო ხელფასების დარიგების დღეს რომაა!.. მოკლედ, ასეთი ამბავია რა - თუ მდინარესთან "მდგომიარე" დაელოდები მტრის გვამის ჩამოტარებას, აშკარად უფრო ადრე დაინახავ, ვიდრე - "მჯდომიარე". წინასაარჩევნოპატრიოტიზმი (ეგეთიც არსებობს!) ქსენოფობიის მთავარი არომატიზატორია. საკრებულოს დეპუტატი ელისაშვილი კბილების დამტვრევას გვპირდება ყველას, ვინც მის კანდიდატურას არ მისცემს ხმას მერის არჩევნებზე. მართალია, ფრაზა სხვანაირად ჩამოაყალიბა, მაგრამ აზრი ეგაა - თუ ის არ გახდება მერი, არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლება და ჩვენ, შესაძლოა, მხოლოდ უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას კი არა, ყბა-სახის ქირურგიულ ჩარევებსაც გამოვკრათ ფეხი. „კონსტიტუციას, რომელიც ერთი პარტიის მიერაა დამტკიცებული, არ აქვს სრული ლეგიტიმაცია. ქართველი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ ერთმანეთსო, - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა ეგ ბატონმა ჯანიმ და გულში დასძინა - ბუკიკიო კი გახლავართ, მაგრამ ბუსავით დიდი თავი არ მაქვს, თქვენს მაგივრადაც რომ ვიფიქროო. ან რატომ უნდა იფიქროს ? ზმნა, ზმნიზედა, ზმნისპირი თუ ირიბი დამატება, ის კაცი კი წავიდა იმედგაცრუებული ხელების სავსავით და მხრების ჩეჩვით და ქართული პოლიტიკის ფონეტიკაში „სასტავი“ შენ გაარკვიე ჯეჯე-ბატონო! ბუკიკიო გავაცილეთ და ახლა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გვყავს რიგში... ამდენი კი არ ცალიათ ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციას? ეგენი აპრავაჟონ თუ ქვეყანას მიხედონ? დიდი ამბავი თუ ბუკიკიო ცოტა დაიძაბა, სექტემბერში საქართველოს პარლამეტის წევრები იტალიელ კოლეგებს ფეხბურთს ეთამაშებიან და ეგეც გაივლის... თბილისის მერიის მიერ საზეიმოდ გახსნილი ზაჰესის ხიდის გარკვეული მონაკვეთი ჩაინგრა, პეკინის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას წყლის მილი დაზიანდა და ისეთი სიხარულის ყიჟინა გაისმა - აიი, ხომ ვამბობდით - რამეს გააფუჭებენო!? გეგონება იმ რეაბილიტირებულ ქუჩას ნარმანია კოკში წაიღებს. პეკინის სახელდახელო შადრევანზე გამახსენდა - რომის ცნობილ შადრევანში წელიწადში მილიონნახევარ ევრომდე გროვდება , რაც ქველმოქმედებას ხმარდება. იმ ჩვენმა ეპოქალურმა გიჟმაჟმა შადრევნები კი აშენა, ოღონდ პრაგმატული დანიშნულება ვერ მოუფიქრა. ხოდა მოიფიქრეთ მსგავსი ლეგენდები უკვე არსებული შადრევნებისთვის, ქვევრებისთვის, ელარჯის და თათარის კარდალებისთვის, ხაშლამის ქვაბებისთვის - რაშიც კი ხურდა ფულის ჩაყრა მოხერხდება... გვაწყენს თუნდაც უფასო ნახევარი მილიონი?იქ ვიღაცას რკინის ფული არ ექნება, პროთეზს ჩააგდებს, ფეხსაცმელს, საყურეს, სათვალეს. რა ვიცი, რაც მოუფრენთ და აქ ყველაფერს გამოუჩნდება პატრონი. ჰო, ხულოში არსაით მიმავალ თერთმეტსაფეხურიან კიბეც არ გამოგვიტოვოთ, კიბის თავშიც დადგით ერთი სამლიტრიანი მოხუფული ყულაბა , მაინც კულტურის ძეგლი ჰგონიათ თურმე ტურისტებს და წავახალისოთ ბოლომდე.. უშგულში ჩარკვიანების XIV-XV საუკუნეების მურყვამის - სვანური კოშკი და მაჩუბი ჩამოინგრა. 35 კოშკიდან ერთი უკვე აღარ არსებობს. 3-4 წელიწადში იგივე ემუქრება დანარჩენებსაც. სამინისტრო ამ მიმართულებითაც „ავი ძაღლის“ პოზიციებს ინარჩუნებს. ოთხი წელია არც თვითონ უვლის და არც კოშკების მეპატრონეებს აძლევს მიხედვის უფლებას. უშგულის კოშკი ჩამოიქცა, მაგრამ ეგ თუ კულტურაა მინისტრმა კი არ იცის... არც უთხრათ, მაინც არ დაგიჯერებთ... ქართველმა ტურისტებმა მაისში უცხოეთში 43 მილიონი დოლარი დახარჯეს. შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 49% -ითაა გაზრდილიო. ხომ ვამბობდი, დაგვღუპავს უვიზო მიმოსვლა მეთქი?! ხომ არ მოვამზადოთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ვიდრე საქართველოს ყველა უცხოეთში მოგზაურობის მსურველი მოქალაქე არ მოივლის მშობლიურ ტურისტულ ადგილებს, შესაბამისი ფინანსური დანახარჯებით, აეკრძალოთ უცხოეთში მოგზაურობა? რა ვიცი, ჰიმნის, გერბის და დროშის შეცვლას 76 დეპუტატი ეყოფაო და ამას 67 კი უნდა ეყოს დაახლოებით. თუ უცებ სამყარო ჩვენს თვალწინ ამოყირავდა, სანამ შევიცხადებდეთ, იქამდე კარგად დავაკვირდეთ, - ეგებ უკეთეს მხარეს მოვხვდით... არც ისე იშვიათად, შიშველი ფაქტები ბრმა რწმენის შეურაცხყოფად აღიქმება. ჩვენ კი რას არ მოვესწარით - პატრიარქს ეჭვმიტანილი თავდებში ჩადგომას სთხოვს, გელათში კალისტრატეს შარავანდედი გაექცა, სამტრედიელი სარკეების ქურდი ექსპერტიზის წყალობით საკუთარ საფლავზე დაიარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერცერთი მოსამართლე ვერ წარმოიდგენდა რომ ოდესმე, კანიბალიზმის საქმის განხილვა მოუწევდა. ელტონს ფიკუსი მოუთხოვია კულისებში.. კიდევ სპორტული არხები საგრიმიოროში...ქართველი ქალბატონების ერთი ნაწილი „ტუჩის აბზუებას უცხადებს“ ვარსკვლავის ჩამოსვლას. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოინელა სერ ელტონ ჯონის შვიდჯერადი ქალური ბედნიერება... გაუმარჯოს ცხოვრებისმოყვარე, პატყივმოყვარე და ცნობისმოყვარე საზოგადოებას. შრომისმოყვარეები ისვენებთ... რომ იცოდეთ, რა სიბრიყვეა ზღვასთან მზიანი ამინდის ლოდინი, განსაკუთრებით მაშინ თუ ზღვიდან შორს ცხოვრობთ... სიხარულით ცას ვეწიე, როცა გავიგე, რომ ვერა-ვაკის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩიკა, იგივე ანი ჩირაძე, პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელია, ერთი ნამდვილად ნიჭიერი და ადექვატური თანამშრომელი მაინც ყოლია მარ-გველს... რომანტიკოსები იგონებენ ზღაპრებს, ცინიკოსები - ანეკდოტებს, მკვეთრადგამოხატული ცინიკოსები წერენ კანონპროექტებს. მგონი მართლა ჩამოცხა და ივლისი მაინც შევირგოთ, თორემ აგვისტოდან ზვიგენის კბილი, ვირის ტვინი, მგლის ქონი და ყვავის ნახარში - ყველაფერი ერთად ჩაეშვება საზოგადოებრივი აზრის წარმოებაში... უმორჩილესი და ლეგიტიმური თხოვნაა ბატონებო! გაუფრთხილდით გარემოს! ნუ დააბინძურებთ ! ნუ მიმოფანტავთ სიტყვებს ჰაერშიც და მიწაზეც.... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  7. “ვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება” ოთარ ჭილაძე, მედროვეები და დრო „სხვა დროს კარგად დააკვირდით, ვისთან ერთად ბანაობთ, წყალში ნებისმიერი შიშველი ადამიანი დეპუტატს გავს, მკვლელიც რომ იყოს“... „საგიჟეში ყველას ყველაფრის ლაპარაკი შეეძლო, რაც კი თავში მოუვიდოდათ, ისე როგორც პარლამენტში“... „შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ თუ რაღაცაზე ძალიან დიდხანს ფიქრობ, აუცილებლად დაუშვებ შეცდომას“... ნაცნობი ფრაზებია არც ისე შორეული და უცნობი წარსულიდან? იქნებ ნაცნობი რეალობიდან?... ოოო.... დეჟავუს მადლო! ტონუსის გამხარებელო!.. ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ გემახსოვრებათ, რეალურად არც ისე ყოჩაღი, ერთი უქნარა ეფრეიტორი იყო, თავისი წვრილმანი მიზნებით, დიდი ფანტაზიით და კარგი იუმორით... რა თქმა უნდა, დროის და სიტუაციის საოცარი შეგრძნებით... გაგიკვირდებათ და, ეს პიესა გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოში დიდი წარმატებით დაიდგა, პეტრე ოცხელის მხატვრობა ცალკე ბლოგის ღირსია, ოღონდ ამის თავხედობა მე არ მეყოფა. მე ისიც მეყოფა, პამფლეტისტობას რომ ვთავხედობ... ერთი არც ისე ყოჩაღი საშუალოსტატისტიკური პამფლეტისტი ბლოგერი ვარ, კიდევ მშობლების დედისერთა შვილი და სამი შვილის მარტოხელა დედა. ხოდა, რა გეშვეიკება და გეპამფლეტებაო?!- შემიკურთხებს ვინმე. მომეცით ბატონო სხვა საქმე და ვინ ტიალი?... რამ გამახსენა შვეიკი? თქვენი აზრით, გამიჭირდებოდა გაგანია „ყოჩაღების დროსა და ქვეყანაში?“ რა თქმა უნდა - ააარა... ჩვენთანაც ყველაფერი მხიარულად ხდება, ყველაზე სევდიანი ამბებიც კი, ოღონდ ჯერ არ ვიცით ამის შესახებ და რის შესახებაც ვიცით, ის რომც არ ვიცოდეთ დიდი არაფერი დაშავდებოდა. უმრავლესობისთვის მთავარი მშვიდობაა!. უმრავლესობასაც გააჩნია. არსებობს ზოგადი, საზოგადოებრივი უმრავლესობა, რომლებიც ქმნიან ხმათა უმრავლესობას, ხმათა უმრავლესობა იგებს არჩევნებსაც კი და იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა. ამ უკანასკნელი უმრავლესობის მშვიდობა ჩვენს სიმშვიდეს ხშირად არ ემთხვევა. საპარლამენტო უმრავლესობის აზრთან საზოგადოებრივი უმრავლესობა ძირითადად უმცირესობაშია, მაგრამ, იდეაში, ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა, „ყველაფერი ერთად და მალე ხომ არ მოხდება?“ ხალხი ნაღები საზოგადოებისთვის მუდამ დარჩება მეწველ ძროხად . სახელმწიფოც, სხვათა შორის... ძალიან მივგრიხ-მოვგრიხე და დაგაბნიეთ ხომ? არც მე ვარ უკეთეს სიტუაციაში, თუმცა მე დაბნეულობა თანდაყოლილი მაქვს - ვგიჟდები ბრინჯზე! „ფანტია ფლავზე“ - განსაკუთრებით... გაფანტულობის და კარგვის დიდოსტატი ვიქნებოდი, ეგ უნარ-ჩვევები სპორტის სახეობად რომ დაერეგისრირებინათ. არაა ეგ კარგი თვისება, მაგრამ, დამიჯერეთ, იმისთვის რომ რაღაც მნიშვნელოვანი იპოვო, იმდენის დაკარგვა გიხდება... უკაცრავად პირადული წეაღსვლისთვის. თქვენის ნებართვით, დავუბრუნდები დაწყებულ თემას. იმას ვამბობდი რომ, როგორც ის ჩვენი მეგობარი შვეიკი იტყოდა, ახლა რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო - ქრონიკულად სულ ერთი ჭირი გვჭირს - ხელისუფლება და ოპოზიცია... ფსიქოლოგების დასკვნით, ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ იტყუება, როცა თვლის რომ მართალს ამბობსო... ხოლო თუ ტყუილის საპასუხოდ იტყუები, ეგ ტყუილი კი არა, თურმე, "საერთო ენის გამონახვის" მცდელობაა... მიხვდით ხომ სადაც ვართ? ბატონებო (ქალბატონებოც) ! ნებისმიერ ეპოქაში, დემოკრატიულ სივრცესა და საზოგადოებაში საჯარო მოხელეობა მმართველი პარტიის მოხელეობას არ ნიშნავს, მითუმეტეს ლაქიობას. ამ ჩანაწერსაც კონსტიტუციაში ხომ არ შევიტანთ? ისედაც საოჯახო ელექტრო ტექნიკის ინსტრუქციას დაემსგავსა ეგ საბრალო . გეთანხმებით, რთული მისიაა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, თან ისე, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. დარწმუნებული ვარ, აშშ-ს 1787 ანუ, მსოფლიოში პირველი კონსტიტუციის ავტორებს, ჩვენებური მწვადი გასინჯული არ ექნებოდათ. შესაბამისად, არც ეგ ანდაზა იცოდნენ... არც ფრანგებმა, არც იაპონელებმა, იტალიელებმა და გერმანელებმაც არა, რა თქმა უნდა... ჯანდაბას მაგათი თავი და ტანი! მენიუც! ჩვენი აბურდულიც გვყოფნის და გასტრიტიც... ის კი საინტერესოა კანონშემომქმედი საზოგადოებიდან რამდენს ახსოვს - რა პირობებში მოხდა პირველი ქართული კონსტიტუციის მიღება? აბა ბატონებო, ცოტა უკან დავიხიოთ წარმოსახვით! წარმოსახვით! ისტორიაში და არა დარბაზში. წარმოიდგინეთ 1921 წლის 21 თებერვალი. წარმოიდგინეთ? რთულია? კი, მაგრამ, საჭირო რომაა? ვის სჭირდება? თქვენ ბატონებო! თქვენ! აბა ჩვენ რა გვენაღვლება - გაგივათ ვადა, გაგიშვებთ პენსიაზე და გავაუმრავლესებთ სხვებს... ამიტომ ყურადღება მოიკრიბეთ და წარმოიდგინეთ დღე, როცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო პირველი კონსტიტუცია. მაგ დროს, თბილისის მისადგომებთან, ბრძოლები მიმდინარეობდა ბატონებო!. რა თქმა უნდა, არც ერთი იქ მყოფი დამარცხებაზე არ ფიქრობდა. კონსტიტუციის პროექტის განხილვა დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 24 ნოემბერს დაიწყო. მართალია სოცდეკებს , როგორც უმრავლესობას, შეეძლოთ კონსტიტუციის მოკლე ვადაში მიღებაც, მაგრამ საჭიროდ ჩათვალეს კონსტიტუციურ საკითხებზე ფართო დისკუსიის გამართვა. საბჭოთა რუსეთის თავდასხმა რომ არა, კონსტიტუციის მიღებას გაზაფხულზე ვარაუდობდნენ, შემოდგომაზე კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ. მომავალს თავისი გეგმები აქვს... იმის თქმა მინდოდა, რომ მაშინ ომი იყო, ომი და მაინც ისე არ ჩქარობდნენ, როგორც დღეს „ჩვენები“- მშვიდობაში... ჰო მართლა, მშვიდობაში „ახალი კონსტიტუცია“! იმ დღეს ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მოკრძალებულად შეახსენა რომ „კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის“. ბატონო ირაკლი, არ გეჩვენებათ რომ ქანთარიას და ბევრი სხვა პერსონის პარლამენტში ჯდომა მსუბუქი ყოფაქცევის დრამაა? ზოგჯერ? თქვენი ნერვები მოგვცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას!.. აი პრეზიდენტს და მის აბაშიშვილს კი მიაჩნიათ რომ „სკანდალური შეურაცხყოფაც ვერ გადაფარავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.“ დავიკიდოთ? კი ბატონო! როგორც კონსტიტუცია გვიბრძანებს... ვინ უნდა დაიცვას მაგ კოლექტიური ძალადობის მსხვერპლმა, თვითონ საჯიკებელიაო ! ბირჟაზე კითხულობენ... სამეფო კარზეც... ადრე თუ გვირგვინი და კვერთხი გვყოფნიდა, ახლა ამ კონსტიტუციას რა პონტში გვაჩეჩებენო? ზედმეტი კითხვების გარეშე, თუ შეიძლება! ზოგს თავზე გვირგვინი ადგას ჰგონია, მაგრამ ბოლოს რქები შერჩებათ ხოლმე... ფაქტი კია ჯიუტი ვინმე, მაგრამ, ზოგჯერ, მაგასთან "დალაპარაკებაც" მოსულა. კონსტიტუცია ვერ დაიცავს ადამიანებს! კონსტიტუცია ქაღალდია. ადამიანებმა უნდა დაიცვან კონსტიტუცია და ამას რაც უფრო მალე მივხვდებით, მით უფრო მალე გვეშველება. მეფე-მეფეო! რომ გაიძახით, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის ვერ მოგივლიათ კანონის ფარგლებში და ერთი წუთით მაინც დაფიქრებულხართ, რა ხასიათზე დადგებიან საქართველოს „მაკარები? და “ქართული ბომონდი?“ თუ გსურს არასოდეს გქონდეს დრო, არაფერი უნდა აკეთო და ეს იციან „ჩვენებმა“. უმრავლესობის უმრავლესობასაც კი, თითქმის არასოდეს სცალია, უმცირესობაზე აღარაფერს ვამბობ. რა ვიცი, ის ავსტრალიელი სენატორი ლარისა მშვენივრად ახერხებს ძუძუმომართული კანონშემოქმედებას. ვისაც ქვეყანა და მომავალი აინტერესებს, უპრობლემოდ ზრდის შვილს სხდომათა დარბაზშიც. . ჩვენმა გივიმ თუ იცის ეგ ამბავი ნეტავ? არ უთხრათ, არაფერი დაემართოს... კარგი ამბებისთვის უკვე ძალიან ბებერია, ისეთი ბებერი რომ მის დანახვაზე ტელევიზიის მფარველი წმინდა კლარა მოთქვამს და, მალე, ანათემასაც გადაგვცემს... გვარი მაინც არ ჰქონდეს ამ ტიპს ასეთი... სიხარული კი არა, სიცოცხლე აღარ მოგინდება მაგის თანამედროვეს... გივი, გულის კუნჭულებში, უეჭველად იქნება აბსოლუტური მონარქიის აღდგენის მომხე. მეფეები მასხარებს ყველა ეპოქაში „იშინაურებდნენ“. ამიტომ, გივი თავშიც არ იხლის კონსტიტუციას... ნეტა ერთი ვის დაკარგვია კანონების კრებული? გივიას ლექსების კრებული უკეთესი საკითხავია... რა გიყო გივი? მაიძულებ შენს ენაზე გელაპარაკო . ხოდა, დრო და მომენტი, როგორც დომენტი ამბობდა, პრეზერვატივივითაა - ერთს ორჯერ ვერ გამოიყენებ. პროქტოლოგი და გინეკოლოგი კიდევ ცხოვრებას სხვადასხვა მხრიდან უყურებენ, ეგეც ნუ გავიწყდება... ზოგიერთებმა, რაც არ უნდა კრულოთ და მალოთ საკუთარი წარსული, სხვა მაინც არ გექნებათ... ეჰ, იყო იმ ტრადიციაში რაღაც კარგიც - დიქტატორ-ფარაონებთან ერთად მთელ მის ყურმოჭრილ საყმოს რომ მარხავდნენ. თქვენ გგონიათ ახლა არ ეყოლება ამ ტრადიციის აღდგენას მომხრეები? ერთი ალავერდი მეგისთან და მიდიიი... საფრანგეთის რევოლუციის მერე, ბასტილიის ნანგრევებზე დიდხანს დაიარებოდნენ ციხის ზედამხედველები და უყვებოდნენ ხალხს - როგორი დიდებული ციხე იყო ბასტილია... ჭორვილაში მეგის და მისი ალქაჯების ბოლო ვიზიტმა კი ცხადყო - როგორ არამიზნობრივად იხარჯება ამ ქვეყანაში ნაკელიც კი. მესმის რომ ჩვენს დიდ ფსიქიატრიულ კლინიკაში ლოგიკის გამოვლინება გმირობის სინონიმია.. დეპუტატის „ხალხის მსახურად“ მოხსენიება ისეთივე უხერხულია, როგორც მეძავის - ქალიშვილად... როგორც იმ ჩვენი ყოჩაღი შვეიკის ამბავშია - „იმ დროს, როცა აქ მეფეს ტუზით ჭრიდნენ, შორს, ბრძოლის ველზე“... ო ლა-ლააა... რას არ იტყვის ადამიანი, ოღონდ ჩუმად არ იყოს... რაზე არ გაჩუმდება, იმის შიშით, რომ არაფერი წამოაყრანტალოს... რაზე არ იფიქრებს, ოღონდ საქმე არ აკეთოს... ეგაა მთელი ფილოსოფია...ჰოდა, იყუჩე ენძელავ! იყუჩე!.. „დიდებული მეგობრის“ და „დიდებული პატრონის“ ხათრით მაინც... ჩვენ რა? ჩვენ აივანზე ფსიქოლოგები ვართ, სამზარეულოში – პოლიტიკოსები, სოციალურ ქსელში – ფილოსოფოსები, რეალურ ცხოვრებაში კი ... ჩვენი მეგობარი დათო მდივანი კი იტყოდა: „ზავსეგდატიე ლესტნიჩნოი პლოშჩადკი... ვიღაცას ყავის ჭიქა დარჩენია, მობრუნდება ალბათ“-ო... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  8. „ტახტზე მეფე იჯდა. არ ეცალა _ ახალ კანონებს თხზავდა. მდივანი კი პატარა წითელ წიგნაკში ბატის ფრთის კალმით იწერდა. გარს მორთულ-მოკაზმული დიდებულები და სეფექალები ეხვივნენ. ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ. _ დღეს რამდენი კანონი შევთხზე? _ ჰკითხა მეფემ მდივანს. მდივანმა უბის წიგნაკი გადაფურცლა და სასწრაფოდ დაითვალა. _ სამოცდათორმეტი, თქვენო აღმატებულებავ! _ მდაბლად დაუკრა თავი მეფემ და თან შეეცადა, ბატის ფრთის კალამს არ წამოსდებოდა (აბა, რა ექნა, კალამი ვეებერთელა იყო). _ ჰმ! არ არის ცუდი, სულ ერთი საათი ვიმუშავე! _ თქვა თავისი თავით ფრიად კმაყოფილმა მეფემ. მერე ადგა, ლამაზად წამოისხა ყარყუმის მანტია და მედიდურად ბრძანა: _ მომართვით ეტლი! დალაქთან მივდივარ.“ პამელა ლინდონ ტრევერსი, „მერი პოპინსი“ ალუბლების ქუჩის 17-ში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სასურველი ძიძა აღმოსავლეთის ქარმა შემოაქროლა და იმ არეულ-დარეულ, უწესრიგო ბენქსებს სიმშვიდე მოუტანა. ყველაზე ამაფორიაქებელი, ბურუსით მოცული, ხალისიანი, მაგრამ , მაინც სიმშვიდე ... ოო, ეს უსასრულო საიდუმლოებები, ბავშვობიდან რომ მოგვყვება და მოსვენებას არ გვაძლევს. ვის არ გვინატრია, სულ ცოტა ხნით ალუბლების ქუჩის იმ სახლში ცხოვრება... მაგრამ საიდუმლო რაღა საიდუმლო იქნება, თუკი ის ერთხელაც არ გამჟღავნდა?. და ჩვენც უკვე ვიცით, რომ ყველაზე გრძელ ზღაპრებსაც აქვთ დასასრული. ამის მიუხედავად, მაინც ყველას გვსურს ცოტა ხნით თავის მოტყუება, თუნდაც ყველაზე მოკლემეტრაჟიან ჯადოსნურ ამბავში ცხოვრება . ვოლგა-ვოლგა კი არა და, მერი-მერი! .. ხანდაზმულ და წიგნიერ საზოგადოებას „მერი“ გალაკტიონის გარითმული ზმანებებიდან ახსოვს, ბავშვობაგამოვლილებს - პამელა ტრევერსისგან...თბილისელებს -ოოოო... თბილისელებთან საქმე უფრო რთულადაა. აქ მარტო მერი კი არა, „მერიაც“ (მერის სამფლობელო და ქვეშევრდომები) შემოდიან სათვალავში და გამოდიან ასპარეზზე. წლების მანძილზე მსუყე ჩამონათვალი დაგროვდა ამნაირი და იმნაირი, აქეთური და იქითური მერის. ჩამონათვალი მსუყეა, შედეგები - არც ისე. არც ისე საზოგადოებისთვის, თორემ სარგებელი ზოგიერთმა თბილისის მერებისგან რომ ნახა, ისეთი უნდა - საარაკო. სხვათა შორის, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის, „მერი პოპინსის“ ავტორი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა. ჩვენი ქალაქის ყოფილ, მოქმედ და კანდიდატ მერებზე "საავტორო უფლებები" ძირითადად გარკვეულია, თუმცა, წვლილის და წილის ცნებებში ჯერ ყველაფერი ძველებურად ბუნდოვანია და რიგით მოკვდავთათვის - შორეული. .. ცხადია, ესეც, ისე როგორც ზოგადად ყველაფერი "ცუდი თარგმანისგან" გვჭირს.. კიდევ - „ჭარბი ნდობისგან“ და უკანონობის დამცველი კანონებისგან. კანონებისგან, რომელსაც, ძირითადად წერა-კითხვის მცოდნე „შახტიკოტეები“ წერდნენ. მერე მათ დაწერილს წერა-კითხვის უცოდინარი „შახტიკოტეები“ „იცავდნენ“ და „ასრულებდნენ“... პრინციპი არ შეცვლილა. სამწუხაროდ, სულ ახლახანს შეგვახსენა თავი ზოგიერთების „ძმობის“ და გაგების ფორმატში... გასული საუკუნის 90-იანებიდან მოყოლებული, ჩვენ, საქართველოს „ ხმოსანი საზოგადოება“, სულ რაღაცას და ვიღაცას ვირჩევთ, სულ ვიწყებთ და ვეღარ ვამთავრებთ... მედიკების აზრით, ეგ პროცესი, ანუ დაწყების და ვერ „დამთავრების“ ჯანმრთელობისთვის ფრიად საზიანოა. ფსიქიკას ანგრევსო, გამიგია... ამის გადამოწმება არც ისე რთულია თუნდაც ქართულ სოციალურ ქსელში. ჩემგან ეგ არ გესწავლებათ... მოკლედ, მორიგი საარჩევნო კამპანია „ამოქოქვის“ სტადიაშია. ტრადიციულად, უცხელესი პოლიტ–ზაფხული და ემოციების შიშხინი გველის. კიდევ კარგი რომ ამინდი გვინდობს და გარეგანად გვაგრილებს... ამჯერადაც ყველაფერი საარჩევნო სანელებლებით იქნება შეზავებული – ეკონომიკაც, კულტურაც, სპორტიც, განათლებაც, ჯანდაცვაც... პატრიოტიზმიც, ოჯახური იდილიაც, ერთგულებაც, სიყვარულიც და, სავარაუდოდ, სექსიც. ხაჭაპურს, მწვადს, ხინკალს, ტყემალს, წიწილს მაყვლის წვენში, ყველს, პურს, ღვინოს თუ ბუზის არაყს, - ოქტომბრამდე ყველაფერს ერთი გემო ექნება.. რა თქმა უნდა, ათასი ჯურის რეიტინგები წაგვლეკენ. ვიღაცას ნდობის ხარისხი მოემატება, ვიღაც წონაში დაიკლებს. ერთი სიტყვით, მოსაწყენ–მოსადუნებელი არც დრო გვექნება და არც სიტუაცია. და იქნება ეს ყველაფერი პურზე და სანახაობაზე გაცილებით მეტი... ტაში, ამხანაგებო! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! აბა რაა! აბა რაა!!! ისე, ისტორიული წყაროებიდან მახსოვს, ჩვენში, გამარჯვებისთვის ჯერ იბრძოდნენ და „გამარჯვებისას“ მერე სვამდნენ. ამიტომ, ყველაფრის უკუღმა დაწყებას გენეტიკას ვერ დავაბრალებთ. აშკარად შეძენილია. „წითური ძროხა ფრიად პატივსაცემი მანდილოსანი გახლდათ. ყოველთვის ნამდვილი ლედივით იქცეოდა, კარგად იცოდა, როდის რა იყო საჭირო. თეთრს პირდაპირ თეთრს ეძახდა და შავს - შავს. ბაბუაწვერა ან ტკბი- ლია ან მჟავე, საშუალო არ არსებობსო, იტყოდა ხოლმე.“ პროგრესის ეპოქაში ყველაფერი გამარტივებულია და დღეს ძალაუფლება, ანუ ხელისუფლება, დემოკრატიის ბრენდით იფუთება. დემოკრატია, თავის მხრივ, ისეთი პოლიტიკური სისტემაა, სადაც ხელისუფლებაში მოდის ის , ვინც მოცემულ მომენტში უკეთესად ცრუობს. ვამძიმებ და ვართულებ? როგორ გეკადრებათ?! აბა გადახედეთ ბოლო 2 ათწლეულის საარჩევნო სტატისტიკას. რამდენად ემთხვევა საარჩევნო დაპირებები და შესრულებული საქმეები ერთმანეთს? თუ ლოგიკას გამოვიყენებთ, კანონი, პირველ რიგში, კანონშემომქმედი წრის მიმართ უნდა გამკაცრდეს. "მოაზროვნე პატრიოტთა საზოგადოება" ოთხწლიანი სადეპუტატო იმუნიტეტით და მყარი საპენსიო გარანტიებით. თუ მათ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირებების არშესრულების გამო და მსგავსი ქმედება კვალიფიცირდება როგორც ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა მისი საკუთრების - საარჩევნო ხმის მითვისების მიზნით, შევამცირებთ რისკებს ქართულ პოლიტიკაში. აი მერე ვნახოთ, მოუნდებათ თუ არა „ჭკუაგაპენტილ“ ოქრიაშვილის ჯიშის ძუძუმწოვრებს საკანონმდებლო ორგანოში „ბირჟა მაფიის“ გამაგრება... სხვათა შორის, როცა ინგლისში უსინათლოთა შესახებ კანონს იღებდნენ, ამ კანონის განხილვის პერიოდში კანონშემომქმედთა მიმართ იყო მოთხოვნა - სახლში მისულებს, ყოველ დღე 1 საათი თვალახვეულებს გაეტარებინათ... მიზეზის ახსნა უხერხულია და, კანონის უზენაესობის პატივისმცემელი ქვეყნები ამბობენ - ამართლებსო. მერე ფინანსებიც ნაკლები იხარჯება, კორექტორიც და ფურცელიცო. ახლანდელი მოწვევის პარლამენტში ზოგიერთი მაჟორიტარის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების გაპროტესტებას იურიდიულ ტერმინოლოგიაში „შანტაჟი „ ეწოდება. რაო? ჩვენ ასე არ ვთამაშობთო? გარანტირებული ვადები გვჭირდება, თორემ დახარჯულ მილიონებს უკან მოვითხოვთო? მსგავსი რამე ვინმემ სადმე ვერ გათვალა? რა სახალისოა... რა თქმა უნდა კარგი სავაჭრო თემაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც. კი ბატონო, როგორც გენებოთ... ხალხს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების დაპირება სადმე თვალსაჩინო ადგილას ექნება მონიშნული და უხერხულ მომენტში არ შეგახსენონ... "მერი პოპინსს ეცვა ვერცხლისფერღილებიანი ლურჯი პალტო, ეხურა ლურჯი ქუდი და იმ დღეებში, როცა ასე ეცვა, ძალიან ადვილად სწყინდა ყველაფერი." მერის რომ ქართულ საარჩევნო ტრადიციებთან პატარა შეხებაც ჰქონოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ - ყველაზე დიდი შეცდომა დაუსმელ კითხვებზე გაცემული პასუხებია. ყველაზე რთული მაძღრებთან შეთანხმების მიღწევაა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ყოველთვის სხვებზე მეტი უნდათ. მაგრამ, ჩვენ, „რიგითი მოქალაქეები“ ვალდებულები ვართ მაინც გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ამაში როგორც არ უნდა გვიშლიდეს ხელს სახელმწიფო. იმედგაცრუებას პოლიტიკაში ჯერ კიდევ ვეგუებით, რადგან უახლოეს წარსულში მაგ მიმართულებით არ გაგვმართლებია. გარდამავალი ეტაპები – გრადაციაზე მეტი დეგრადაციები აღარ გვაღელვებს, რადგან როდის ვიყავით ბოლოს მორალურად, იდეოლოგიურად, ეკონომიკურად, სოციალურად, მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად წელში გამართულები, ჩვენს მახსოვრობას ისტორიის წიგნებიდან შემორჩა... რომაული ტრადიცის თანახმად როდესაც ვინმე კვდებოდა, გამოძიება(ძალიან ხმამაღლა ჟღერს სიტყვა გამოძიება ანტიკურ სამყაროსთან მიმართებაში მაგრამ დაე იყოს) პირველ რიგში იწყებოდა კითხვით ვის აწყობდა ეს მკვლელობა? ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკრძალებულად ვიტყვი - არაა რეპი ჩვენი მუსიკა... მასე, არც დამოუკიდებელი სასამართლოა ჩვენი საქმეო!- იტყვის ვინმე ინტრიგანი და, რიგ კონკრეტულ შემთხვევაში მარლიც იქნება. ხოდა, რა ძმებო და რა ძმის შვილებო?! ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ჩვენი შსს მინისტრიც გატაცებულია, ოღონდ, ჯერ თვითონაც არ იცის და ჩვენ როგორ გვეტყვის? ცხონებული თენგიზ ჩანტლაძე გააცოცხლა! რა სკეტჩს „მისცემდა?!“ ჩვენი პოლიტიკოსების შემხედვარეს წარმომიდგენია, როგორ არ სიამოვნებთ დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებს ჭირისუფლის ფრაზა - „დაახლოებით თქვენი აღნაგობის“... ერთი წლის წინ, ამ დროს, მსოფლიო მედია წერდა, რომ სტიქიამ ერთი პატარა ლამაზი ქვეყნის ერთ პატარა ლამაზ დედაქალაქში საშინელი ტრაგედია დაატრიალა. რომ დაიღუპნენ ადამიანები, რომ სტიქია ვერაგია და ძლიერი, ადამიანი კი უძლური, როცა სჯერა, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება. ამის სჯერა მაშინაც კი, როცა იმ ტოტს მიადგება მოსაჭრელად, რომელზეც ზის. აბა რა ქნას? .. მსოფლიოს ეს დღე თავში ვარდისფერისარგარჭობილი თბილისელი ბეჰემოთით დაამახსოვრდა, საყვარლად რომ დააბოტებდა შლამში ქალაქის ცენტრში. იმ დღეს მანაც დაკარგა სახლი. თავიც დაკარგა და წარსულიც. ანუ ყველაფერი, რაც იქამდე იყო, ვიდრე დიდი და საშიში წყალი მოვარდებოდა... ასეთ შემთხვევაში, ტრადიციულად იყენებენ ფრაზას - „სიმბოლურია რომ...“ ისიც სიმბოლურია რომ, ხშირად, ერთს ვფიქრობთ, მეორეს ვამბობთ, მესამეს ვგულისხმობთ, მეოთხეს ვაკეთებთ და, მერე გულუბრყვილოდ გვიკვირს, როცა ამ ყველაფრისგან მეხუთე გამოდის. ხო, ადამიანზე თითის გაშვერაც დიდი უკულტურობაა, თუ მასთან მუშტით წვდომის მანძილზე ხარ. იუმორისტი როსტომაშვილი რომ პარალელურად მევახშე და ცემის ღირსი ყოფილა, ეგ ვიგულისხმე სწორედ... არასახარბიელო და მოციმციმე პოლიტიკური ამინდი ეტყობა მაინც თავის დაღს ასვამს არამდგრადი ნებისყოფის და მასშტაბური ამბიციების დასის წარმომადგენლებს! მერე რა, თუ შეცდომებზე სასწავლად და სამეცადინოდ, ზოგიერთები, მთავრობაში მოდიან და კვალიფიკაციას ჩვენი ნერვების ხარჯზე იმაღლებენ. ფილოსოფოსის აზრი, გამოხატული სკაბრეზულ ფორმატში, ხალხურ სიბრძნედ ითვლება ხოლმე. ხოდა, რატომ ვითომ? გგონიათ, ფლოსოფოსები არ იგინებიან? ყველა ზემოთ იქაჩება და სხვენში ზედმეტმა ხარახურამ ხანძარი იცის. დღესაც, ისე როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად, სხვისი და განსხვავებული აზრის პატივისცემა გვიჭირს. ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით კი 2 მცდარი აზრი დაიარება: პირველი - რომ ის ვინმესთვის ცნობილია, მეორე - ის რომ საერთოდ არსებობს... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  9. “- ერთი იცოდე, ჩემო პოლკოვნიკო, ერთი იცოდე - მაგათი წამალი სიმსუქნეშია. ჩემო გრანდჰალლე, საუკეთესო მზარეულები გაუგზავნე, ღორის ხორცის კარგად შეკმაზვა რომ იცოდნენ, სწორედ ისეთები - და ჩემი საწყობებიდან მჟავეს და ცხარეს ნუ დაინანებ, წყალსაც აწყურებს ეგეთი ხორცი, ღვინოს ხომ - უფრო, და რადგან ყველა რაღაც გარკვეულ სიამოვნებას წიწკნის ამა ცხოვრებას, ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად გადაექცევათ და აეს სიმსუქნე იმითაცაა კარგი, გაბედულებასაც დაუკარგავს - ადამიანს ხორცი ხომ უყვარს, და თავისი - უფრო და, რამე იყოს, მსუქანი ხალხი წინააღმდეგობასაც ნაკლებად გასწევს - ვერ გაბედავენ, ვეღარ გაბედავენ, მაძღარ თვლემაში, გესმის, გრანდჰალლე? - დიახ, გრანდისსიმოჰალლე.“ დოჩანა „სამოსელი პირველი“ ერთ დროს ჩვენშიც, ისე როგორც სერტანაში, ჭკვიანი, ცის და ქვეყნის ამბის მცოდნე, ვარსკვლავთმჭვრეტელი, ხმელ-ხმელ-ტანადი და, ცოტა არ იყოს, გაბედული ხალხი ცხოვრობდა... მერე ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე, როცა აქცენტი დინგზე კეთდება ... სხვისი უკანალით ზღარბზე ჯდომა დავამხეცეთ, დროის გამიჯვნა ვისწავლეთ - საზეპიროები „ჩემი“ და „შენი დროიდან“. „ჩვენმა დრომ“ არ გაამართლა, არცა ყოფილა და მიტომ. მე-დროვეებმა ვიღაც-ვიღაცეების მონდომებით „შეუცვლელი კადრების“ სახელი დაიმკვიდრეს, მარადიული სტაბილურობა გარანტიითურთ. სხვანაირად როგორ? აბა სადაა ამდენი სიკეთე - ყველასთვის სამყოფი?. სამართალი - მითუმეტეს... ჰო, გვახსოვს - „გული ზურგიდან უფრო ახლოა“... მცირემიწიანი ერი, ერთი გოჯი სხვისთვის კი არა, ზოგჯერ თავისთვისაც რომ არ ემეტება… არიან! რა თქმა უნდა, არიან „გამონაკლისი უცნაურებიც“ - „მიწის ჩიჩქვნაში“ მადლს რომ ეძებენ და პოულობენ... მერე მარტო მიწა? რა ცა!? რა მზე!? რა წყალი?! რა მთა?! რა ბარი?! რა კულტურა?! რა ენერგეტიკა და გენეტიკა?! რა ხალხი!?. აღარ გავაგრძელო? კი ბატონო... რა აზრი აქვს?.. მანდ კი გეშლებათ... ყოველთვის ყველაფერს აქვს აზრი, ყველაზე დიდ უაზრობასაც კი. მთავრობას რამის „როგორც უკეთესია“ -დ გაკეთება რომ ნდომებოდა, „როგორც ყოველთვის“ ტყუილებს შეეშვებოდა, პირველ რიგში. მაგალითად? მაგალითად სულ ცხელ-ცხელი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირზე. უი-უი... კიდევ მაგალითად? 3 677 სამთავრობო ავტომობილიდან გაარკვევდა რა სიკეთე რჩება ამ ქვეყანას + 53 მილიონის ბენზინს თუ მიათვლიან. შერცხვებოდათ, აუცილებლად შერცხვებოდათ, მაგრამ იზამენ მაგას? იქამდე მეც და თქვენც არაფერი გვეტკინოს... „და თუ მოიწყენს, რა შეედრება - უნაყოფო ხე? ჭა ამომშრალი? თუ დიდი ველი, მიტოვებული, გადაუხნავი მიწა, ეჰ, უპატრონო მიწის სევდა...“ როგორ გგონიათ, კანონი რისთვის იწერება - საკითხავად თუ შედეგისთვის? სენეკამ თქო, კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროსო. როგორი უნდა იყოს კანონის დამცველი და მისი მოციქული მოსამართლე, ეგ სენეკას არ უთქვამს, ეგ უნდა გამოვიცნოთ... გაურკვეველი მომავალი გარკვეული წარსულისკენ გვიბიძგებს ხოლმე. რას ჩააცივდით წარსულსო!? რატომ ჩავაცივდით? იქნებ ჩავუთბით და ჩავუტკბით? სითბოზე და სიტკბოზე გამახსენდა, ჩვენი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე დიდი თავისნათქვამა ვინმე ჩანს... მასეთებს ახლა “პრინციპულებს” უძახიან.. “12 კლასამდე წარმატებით მოსულ მოსწავლესო” ისე აიჩემა, თითქოს აზრზე არ იყოს, ის „წარმატებული“ მოსწავლეები როგორ გადადიოდნენ კლასიდან-კლასში? რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, თუ ქალბატონი საქართველოს განათლების უახლეს ისტორიას გადახედავს, ნახავს, რომ იყო დრო, როცა წარჩინებული აბიტურიენტები ჩაჭრის კი არა ერთი ან ნახევარი ქულის გამო გარეთ რჩებოდნენ წლობით, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებდა. მივდიოდით სახლებში და ერთი წელი კიდევ უფრო მეტად ვმეცადინეობდით. და კიდევ, რა არის იცით? რუსთაველის, ილიას, ბარათაშვილის, ვაჟას, ჯავახიშვილის, თუნდაც დოჩანას საკითხავად ახლა არავის სცალია? არც თქვენ, პირველ რიგში და თავს იმშვიდებთ - ისიც საკმარისია ვიამაყოთ და გვახსოვდესო... „უცნაურად იღვიძებდა მანუელო კოსტა - თვალს გაახელდა თუ არა, იღიმებოდა...“ ამასობაში „ნანინანატრი პრეზიდენტი“ გაგვიჭაღარავდა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში. ჩვენი უფლებებისთვის სად სცალია მაგას, ოჯახის წევრები, ახლობლები , ათასი შინაურ-გარეული ყავს „დასაცავი“ უსამართლობისა და ზეწოლისგან. სამაგიეროდ, მისი პრეზიდენტობის ხანაში დამკვიდრდა ახალი სოციალური სტატუსი - „ პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარი“ – „ მარადიულ ჩაგრულთა კასტა“. კიდევ კარგი რომ, პრეზიდენტის პოსტი არც ისე მარადიულია... ინფორმაციის გაჟონვაში აკლდა დადანაშაულება მარგველას და ეგეც შეუსრულეს. ასე იცის „დანახვის ციცოობამ“. რომ შევარდა ავლაბრის სასახლეში, აფრთხილებდნენ - ჟონავს მაგ სადგომში ალაგ-ალაგ ჭერი, კედლებსაც ყურები აქვთ და, ზოგჯერ, სხვადასხვა სახის აირსაც „აპარებსო“, მაგრამ დაუჯერა ვინმეს?.. უნდოდა და ჰა! როცა ადამიანს რამე უნდა, ის ყველაფერს დაიბრალებს... არიან ადამიანები, რომლებსაც თარიღები აღელვებთ, არიან ისინი, ვისაც მოვლენები ურჩევნიათ. ხომალდზე დემოკრატიას კიდევ ბუნტი ქვია, როგორც მახსოვს... ვენეციელმა კომისრებმაც რას აიჩემეს ეს დაბალანსებული ხელისუფლება?! სად უნახავთ ეგეთი? მაგათ ჩვენთან, მგონი, ქვევრის ღვინის გარდა, სრულად, არც არაფერი აკმაყოფილებთ... ხელისუფლებას კი ხალხის რისხვისგან ქვევრის ღვინო ნამდვილად ვერ იხსნის... „აუზთან იდგა ლეპოლდინო, გატრუნული და მომლოდინე, ლამაზ-ქალაქის წუთიერი განმგებელი და, საკუთარი ღირსებით თრობა ორიოდ წუთით რომ იგემა, დიდის სიამოვნებით დაიძახა: „ღა-ამის ზუსტად თორმეტი საათია და ყველაფერი რიგზეა-ა“... პარლამენტის თავმჯდომარეს დევნის მანიის ნიშნები შეენიშნება. მარგველამ კობახიძე უბრალოდ ამოიჩემა. კობახიძემ, თავის მხრივ, საფუძვლიანად დააწითელმარკერა პრეზიდენტი. ამდენ ჭიჭყინს, ხელთათმანების ფრიალს, აირჩიეთ ბატონებო იარაღი და „კ ბარიერუ“! კონსტიტუცია მოვიკითხე იმ დღეს წიგნის მაღაზიაში. სადაც სამართალი და კანონის ელემენტარული პატივისცემაა, საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია ტუალეტის ქაღალდზე ოდნავ ძვირი არ უნდა ღირდეს. „ ხელმისაწვდომი“ თორემ, იკლავენ მაგის კითხვით თავს ისინი მაინც, ვისაც ევალება... „ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე... თვალებზე ქუდჩამოფხატულნი, მხრებაწურულნი მივიპარებით - ვინმემ არ გვიცნოს..“ გერმანელებს რომ ჰკითხო, მარტო სუროს, ჭინჭარის, მაყვლის ფოთლები, ასკილი, პანტა, მაჟალო და კიდევ სხვა ველური რამე-რუმეები შეინახავს რაჭას, ახალციხეს, ტყიბულს და დუშეთსო. მაგრამ იქაურები რომ ვერ დააჯერეს? მართალია, მწარე ისტორიული პრაქტიკა გვიდევს წინ - მთელი საქართველო „ბორჯომს“ რომ უნდა შეენახა, მაგრამ, მგლის შიშით ცხვარს წყვეტდნენ, ეგეთი ჯერ ჩვენც კი არ დაგვმართნია. იმ კომპანიას დასაქმების მსურველი ტყემდე მანქანით მიჰყავთ, ხელთათმანებს ურიგებენ, ყველა საჭირო ინვენტარს, კარგად უხდიან, მაინც ეზარებათ მუშაობა. არსებული რესუსის მხოლოდ 8% -ს ითვისებენ. არადა... არადა, შარაზე გამოდგნენ - ვის აკადრეთ ქართული მიწის უცხოელზე გასხვისების აზრის თავში გავლებაც კიო . ეგეთები იმ ტყის პანტას და სუროს არც ადგილობრივ შრომის მოყვარეს დაანებებენ, ისტორია ღაღადებს თორემ მე რა? უცხოური ცხვარიც უცხოელებში აერია ბევრ კლავიატურის ლომს და გამოცხადდა საყოველთაო ხითხითი გულისწასვლამდე - ეს რა მოცლილი მთავრობააო!.. ძლივს მთავრობაში მშრომელ კაცზეც იფიქრეს და სასაცილო კიდევ იმდენია, ულევი - ზოგი კოკორში, ზოგი ყვავილობაში და ზოგიც უკვე ნაყოფად იჭმება. ისე, როცა ცხვრები მწყემსებს არ მიყვებიან, მწყემსებს ცვლიან, ცხვრებს კი არა. ჩვენი ეკონომიკა მეზობლის ბალღი კი არაა, უცებ და სწრაფად გაიზარდოს... "ხდება ხანდახან ისეთი ნამდვილი ამბებიც, რომლებიც ტყუილია... ისიც შეიძლება, ტყუილი რომ მართალი იყოს".. ბილ გეიტსს ყოფნიდა ჭკუა, რთული სამუშაოს შესასრულებლად ზარმაცები შეერჩია. იმიტომ რომ ჭკვიანი იყო - ზარმაცები უცებ პოულობენ რთული სამუშაოს მარტივად შესრულების გზასო. ჰოდა, ეგებ, ამჯერად, ვაკანსიები ზარმაცებზე გამოგვეცხადებინა, დაგვეინტერესებინა ეგ კატეგორია, თორემ ეს უკვე დასაქმებული „შრომისხამები“ და „საქმისმანიაკები“ რას გვიშვებიან ხომ ხედავთ? რეალიზებულ ტალანტზე თუ გსმენიათ, გეცოდინებათ რომ მაგისთვის ჰობის და პროფესიის დამთხვევაა უებარი. ჰოდა, ვეძებოთ პროფესიონალი ზარმაცები სწრაფი გამდიდრების წყურვილით. მეტი რაღა გიკარნახოთ? ყველაზე რთული მაშინაა კონცენტრირება, როცა არაფერზე ფიქრობ. ძალიან მოცულობითი თემაა და მიტომ. ნეტაი იმ დროს, როცა "გაბრაზებული" პოლიტიკოსები „სახლში მიდიოდნენ“... აბა ახლა გაბრაზებული ჟურნალისტებიც კი პოლიტიკაში მიდიან, ხოლო იმ ჟურნალისტების უფრო გაბრაზებული დირექტორები მიდიან, მაგრამ მხოლოდ თავად და ეშმაკებმა უწყიან - სად?... ვინც გაჰკივის, რომ სიმართლის მოსასმენად მზადა, ის ყველაზე მეტად იტყუება... ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო და ერთი პროკურორი ერთ პროკურატურაში ორჯერ როგორ შედის? ბესელიამ თქვა - გიორგი ბადაშვილის შესაძლებლობების გამოყენება ძალიან კარგი იქნება პროკურატურისთვისაც და საერთო საქმისთვისაცო. - რატომ აქამდე არ იყენებდითო? კითხვა შეუბრუნა ვინმემ? სად არიან მესამე სექტორის ექსპერტები? დააგდონ თავიანთი წყალგაუმტარი სიტყვა... ექსპერტი რა არის? ექსპერტი ის ადამიანია, რომელიც შეეშვა აზროვნებას და ფიქრს, იმიტომ რომ, უკვე "იცის!" ხოლო კომბლე ის კაცია... „წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებთ!“ არამკითხეს უადგილო რჩევა - კალას „რასკრუტკით“ წინასწარ ისე ნუ შეაწუხებთ ხალხს რომ მერე, თქვენს ჯინაზე, ალალად მისაცემი ხმაც არ მისცენ. ფუნდამენტალისტმა ნაცებმა ხელისვარსკვლავბიჭუნას მერობის კანდიდატობა უთავაზეს, როგორც ტელეგენურს, ფოტოგენურს და ა.შ ორიენტირი, რა თქმა უნდა , „ოცნების“კანდიდატზე გაკეთდა, ანუ, ძირითადად ქალ ამომრჩეველზე. პოლიტმარკეტინგმა კარგად იცის - ქალს თუ ერთი შემოესიმპათიურა, მერე ცხრა უღელი დამკვირვებელი ვერ შეაჩერებსო!.. თუმცა, როცა გეგმა „ა“ არ ამართლებს, იქ, ქართველებს, კიდევ გვრჩება 32 ასო, რომ „კიდევ ვცადოთ“.. ამასობაში გირჩის საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და "ბიბლიური თავისუფლება", თავისი ხუთასამდე დეზერტირი ღვთისმსახურისთვის, დამფუძნებელთა ლოცვა-კურთხევითა და საზოგადოების აქტიური შეკურთხებებით, ერთი გასაბერი ეკლესიის შეძენას მაინც მოახერხებს. „პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში“, - ნათქვამია გირჩკურთხეულთა მიმართვაში, რომლითაც ისინი ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ . მოქალაქე ივანიშვილო! შენ იყო წუწურაქი და ღვთისპირიდანგადავარდნილი, თუ ამათ ეგ გასაბერი კვატა არ უყიდო და ნასოსიც არ მოაყოლო... ნუ ამათხოვრებ საბრალოებს. მაგათ თავისიც ეყოფათ და ჩვენს ქუჩებს თავისი მოწყალების მთხოვნელი გასჭირვებიათ... თანაც, მაგათი ამ დღეში მოქცევა შენს კისერზეა, რელიგიური მრწამსის მიუხედავად. ალბათ, რაც უფრო ბევრი გესმით, უფრო ცუდად გძინავთ. ესთეტი პოლიტიკოსები შიშველ სიმართლეზე შეხედვას ერიდებიან , - ეგ დეიდა უკვე კაიხნისაა და არც ისე საამო შესახედიო... „ზაფხულის თამაშებს გახსნილად ვაცხადებ!“ ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  10. - გამარჯობა! სიმართლეს ხომ არ ინებებთ? ცოტაღა დამრჩა და იაფად გაგატანდით...- მადლობა გენაცვალე, ჩემიც მეყოფა.. ყავლი - ძველი ქართული სიტყვაა ჯავახური ლექსიკონიდან. ვადას, გასავალს, ფასს ან ღირსებას ნიშნავს. არ ვიცი, როგორ მოხვდა ეგ სიტყვა გურიაში, მაგრამ, როცა ცუდი ამინდი იყო ანდა, ცუდი ამბები ხდებოდა, ჩემი დიდი ბებია ზუსტად ასე ამბობდა - „ყავლი გოუვიდა ბებია დუნიასო!.“ ყველაფერს გასდის ყავლი და გაუვიდა მზესაც.. თბილისში და მთელს საქართველოშ ფეხის სოკოს ეპიდემიაა ამდენი ნესტისგან. ბაყაყები ჭკუაზე არ არიან სიხარულით. ცნობილი დეკანოზ მამალაძის ასევე ცნობილი ადვოკატ რამიშვილის აღიარებით, უსამართლობა განაპირობებდა უამინდობას. როგორც ჩანს, აღნიშნულმა სინდიკატმა ლოცვები გააძლიერა და თუ მზემ სტაბილურად ინება ნათება, ბრალდებულ დეკანოზს გამამართლებელი განაჩენის იმედიც უნდა ჰქონდეს. ლოგიკურად ასეა ბატონებო და თქვენებურად თქვენ ელაპარაკეთ შემომქმედს ... ბნელა, რა თქმა უნდა ბნელა... დღეს პლურალიზმი ბევრს სხვებზე ფურთხით თავდასხმა ჰგონია.. განათლება გონების სინათლე კი არა - დიპლომი. ამ დღეებში, იმ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში, კონკრეტულად, მის განათლების კომიტეტში დაიბადა ჩაჭრილი მე-12 კლასელებისა და აბიტურიენტებისთვის მეორე შანსის მიცემის აზრი. აზრი, რაღა დაგიმალოთ და, მთლად განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს ეკუთვნოდა. არგუმენტად მან ემოციური ფონი და ტექნიკური ხარვეზები მოიყვანა. პირველიც და მეორეც ყოველთვის ახლავს თან ნებისმიერ საგამოცდო პროცესს. იმის გამო რომ არჩევნებიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი პროცესია, არც ისე იშვიათად, პოლიტიკოსებს მოსდით ხოლმე მსგავსი აზრები თავში. მათი მხრიდან ასეთი დაშვებები დასაშვები და გასაგებია, მაგრამ მერე დანარჩენი საზოგადოება რატომ მოთქვამს განათლების დონის დაცემაზე ეგაა გაუგებარი. გუმბარიძის ოროსანი მედიკები ხომ წამოგვეწივნენ და ყოველ დღე მათგან გადარჩენისას ვსვამთ „განსხვავებულებით“, ვინც გადავურჩით და ახლა „კიდევ სცადეთ“-ი გაერთეთ უწიგნური მოსწავლეების დიპლომების კვალდაკვალ. ვინ იცის, რამდენი იქნება მათში ექიმობის მსურველიც!?. ჰოდა, ის დროა, ჰიპოკრატეს ფიცის ახალ რედაქციაზე იწყებდეთ მუშაობას პარლამენტის განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტებში. ამ გაღლეტილ ქვეყანაში 90-იანებში რომ უცებ ძალიანპერსპექტიულები და მილიონრები გახდნენ, აი იმათი ზღაპრების „პატიოსანი ოფლით მოპოვებულ ქონებაზე“ ვერა გვჯერა... "კუპონის ლომები" და "პრიხვატიზაციის სვავები" კი ისევ სკამებისკენ იქაჩებიან და ჰალსტუხებს იღეღავენ . ეროვნული და სხვა მოძრაობების ლიდერების მოძრაობების ფასი გადაფასებას მუდმივად ექვემდებარება. პოლიტიკა დიდი ქარვასლაა, მაკარ! ბრმა თემიდას ვიღაც-ვიღაცეები ხელკავით თუ დაატარებენ, ესეც ჩვენი ბრალია ხელკავიანის და წელკავიანის კი არა. გემახსოვრებათ ალბათ, გასულ წელს, შვეიცარიაში ამომრჩეველთა 78%-მა ქვეყნის მოქალაქეებისათვის "გარანტირებული შემოსავლის" დაწესების წინააღმდეგ მისცა ხმა. ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ მსგავსი შინაარსის რეფერენდუმი ჩატარდეს, ხმები როგორ გადანაწილდება? ყოველთვიური გარანტირებული შემოსავალი - გეკუთვნის თუ არა, იმის მიუხედავად... უხ, შენი გულისავ! იტყოდა ღაბაბფაფუკი ლუარსაბი და, კმაყოფილი, მეორე გვერდზე გადაკოტრიალდებოდა. არც ისე სახალისო ამოცანა ჭიათურის სინამდვილიდან: "ჭიათურაში, გედების ტბაში მცხოვრებ გედს 4 ჭუკი ჰყავს. ჩვენი ინფორმაციით გედმა ჭუკები გუშინ გამოჩეკა. გედების ტბაში მცხოვრებ გედს ჭუკები პირველად ეყოლა, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია. გედების ტბასთან დღეს ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძეც იმყოფებოდა, რომელმაც გედი და თავისი ახალშობილი ჭუკები მოინახულა.“ ამოცანა გვეკითხება - რამდენი ჭუკი ჰყავს ჭიათურის გამგებელს თავის აპარატში დასაქმებული, განსაკუთრებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და რა სახის დახმარებას და მზრუნველობას დაპირდა პატივცემული კუპატაძე ახალშობილი ჭუკების დედას? ხოდა, მართალია, ტვინი გარედან არ ჩანს, მაგრამ მისი არარსებობა აშკარად თვალშისაცემია ხოლმე. თუ ამ ამოცანას წარმატებით ამოხსნით, არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში „საინტერესო“ შემოთავაზებას წამოკრათ ფეხი და წინასაარჩევნო დასაქმების სიაშიც მოხვდეთ, შემდეგი კარიერული წინსვლის პერსპექტივით და ლოჯიის მიშენების უფლებით. ყალბი გამარჯვებებისგან, ხშირად, არც არაფერი რჩება თავბრუსხვევის გარდა, თორემ ხელისუფლებაში მოსვლა ოთხითაც შეიძლება და ორითაც... დინების წინააღმდეგ ცურვა ადვილი რომ იყოს, მსურველიც ბევრი იქნებოდა. მაგ მიმართულებით ცურვა მითუმეტეს ძნელია, თუ იმ მხარეს არც არაფერი გესაქმება. და საერთოდ თუ ტყუილის ნიჭი არ გაქვს სად ეტენები გინდ პოლიტიკაში და გინდ ეკონომიკაში? შეუცვლელი ადამიანები, როგორც წესი, შეუმჩნევლები არიან... გაგიკვირდებათ მაგრამ, მხოლოდ სინდისს ახასიათებს ქენჯნა, არავის სხვას... საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის რჩება საპატრიარქოს იურისტად და შემდგომში აუცილებლად გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს. როგორც ჩანს, იგავ-არაკების თაობაზე ყუფარაძემ ისევ დარეკა. აღარ მოვიდა ის დრო, კრავები რომ დუმილს არღვევენ? მოკლედ, სანამ ჩვენ და მთელი მსოფლიო რაღაც სისულელეებზე ვნერვიულობთ და ვღადაობთ, აგერ მეზობელი ჰაოსი კულტურულ-ისტორიული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექს “ნოეს კიდობანის” მშენებლობას იწყებს, ძველი აღქმის სტანდარტებით. მთავრობა როგორც კი ტერიტორიას გამოყოფს, მაშინვე შევუდგებით საქმეს მთელი ერიო.. კიდობანი 200 პავილიონით, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოები იქნებიან წარმოდგენილნი. გალერეა, ბიბლიოთეკა, დარბაზები. გარდა ამისა, კიდობანში ტურისტებისა და მომლოცველების განთავსებაც იქნება შესაძლებელიო. ქართველებს, როგორც კარის მეზობლებს და თვალში დირეს, იმედია, მოსაწვევებს მაინც გამოგვიგზავნიან. ფასიანს, რა თქმა უნდა, სომეხი ნოეს კიდობნის გახსნაზე სომხური ღვინო „კახეთი“ რომ დავაჭაშნიკოთ მთელი ჩვენი სიამაყით და ამპარტავნული დიდებულებით. საქსტატის ცნობით უმუშევრობის მიღწევებით განსაკუთრებით საამაყოდ გვაქვს საქმე იმერეთის, თბილისის და შიდა ქართლის მოსახლეობას. თუმცა, დედაქალაქი ლიდერობას აქაც არავის უთმობს. რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ამ „უმუშვართა და უმადურთა ქალაქის“ მერობა, ამოუცნობი ფენომენია. ალბათ მომავალი მერიც ასეთივე ფენო-მერი გვეყოლება. რა დამავიწყებს ასმათ ტყაბლაძის წინასაარჩევნო დაპირებას - რა დროსაც მერი გავხდები ყველა ვიქეიფებთო! ნეტავ კალაძე რას დაგვპირდება? როგორც დავით საგანელიძე დაგვპირდა: ''კახი კალაძე თქვენც დაგანახვებთ, მეც დამანახვებს და მთელ მსოფლიოსაც დაანახვებს-ო.'' როგორც ჩანს, მაგ პატივცემულს ის რაღაც უკვე დანახული აქვს... ნარმანია კი დაიღალა ბატონო მერობით... აჰა თქვენი „კრასკები“, თვითონ ამოარჩიეთ და „გაკრასკეთო“! მართალია ეგ ტექსტი სიუჟეტის განვითარების სცენარიდანაა ამოგლეჯილ-ნაკარნახევი, მაგრამ მაგასაც ხომ სჭირდება კარგი შემსრულებლის უნარი?! ჰეი, არისტაფან! არ გვიხუმრია, მაგრამ არ გეწყინოს რაა...და თუ „ნემცებთან“ მართლა გაგიშვეს ჩვენი ერის სახედ, სინდისად და ნამუსად, დაივიწყე კოკი და იყავი ქართველი! ნუ იქნები ბამბუჩა... ყოფილმა მერმა, ყოფილმა პატიმარმა, ყოფილმა ქმარმა და ა.შ. გიგი უგულავამ, „პოსლეზე“ პენსიის ზრდა დააანონსა და ხანდაზმულ საზოგადოებას საქმიანი გარიგება შესთავაზა. იმ განცხადების შემდეგ - „სადაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაიონის ბიუჯეტიდან პენსიას გავზრდითო,“ – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი , თავადაც ვერ მიხვდა, ისე გადაიქცა ურჩხულად. მსგავსი სისასტიკე და ცინიზმი ჯეჯეს ლიცენიზირბულ ზღაპრებშიც კი არ გაგვიგონია, წინასაარჩევნო ზღაპრებში კი არა. აქვე დავსძენთ რომ ზღაპები საშუალო ფენაზე, თანაბარ შესაძლებლობებსა და დემოკრატიულ არჩევნებზე ერთი და იგივე ხალხის მოგონილია. მიშიკოს უპატრონოდ დაყრილი ბავშვები - ვაშაძე, გვარამია და ბოკუჩავა სამ ხმაში მოთქვამენ - სადაა ჩვენი ოქროს სარაიებიო? ბიძიებო! დეიდებო, ბიცოლებო და ვინც არ უნდა იყო მანდ! დაგვეხმარეთო! ადამიანი მაშინ ითვლება ზრდასრულად, როცა შეუძლია მას გაუღიმოს, ვინც ძალიან ატკინა. ხოდა, გავუღიმოთ ბატონებო ფუჩეჩითმოსილ საზოგადოებას და გავიაროთ... ბრიტანელებმა ნაწილობრივ აუხდინეს ქალბატონ გუგული მაღრაძეს სურვილი - სიგარეტის ყვავილით გადაფარვის. თურმე, ნუ იტყვით და, ყველა ღერის ფილტრში დებენ თურმე ყვავილის თესლს, საიდანაც, მოწევის შემდეგ, მისი დაგდების ადგილას ყვავილები ამოდის. ესეც მწეველებისგან მოტანილი სარგებელი! არ ვართ ჩვენ დასაკარგი ხალხი მეთქი, ვეუბნებოდი მაგ ქალბატონს მაგრამ რომ არ სჯერა? მოგვინიშნოს მერიამ გასამწვანებელი ადგილები ქალქში, სადაც „ბიჩოკებს“ მიზნობრივად დავყრით, ეკონომიკის მინისტრმა თამბაქოს მწარმოებლებსა და იმპორტიორებს დაავალოს ფილტრის გათესლიანების აუცილებლობა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება. აგერ უცებ, ჩვენს თვალწინ გაჩნდა ორი კურდღლის დამჭერის თვალსაჩინო მაგალითი. ისე, თავშივე სულელური იყო ეგ ანდაზა და სიმართლეს არ შეეფერებოდა. ათასის დევნაში 2 კურდღელს როგორ ვერ დაიჭერ? ჩვენ, კულტურულმა საზოგადოებამ, უკვე ვიცით, რომ სოციუმი ცხოველთა სამყაროსგან მხოლოდ თავისი არასრულყოფილი კანონებით განსხვავდება! ჩამოყალიბდით, ბატონებო! ჩამოყალიბდით! ყველა ყვავის ოცნებაა, შავთუთანაჭამზე, ვინმე თეთრებში გამოწყობილს თავისი ტოტის ქვეშ წაასწროს. ისე, ამბობენ, შიდსისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალება იმპოტენციააო ბაბაიებო და აბა თქვენ იცით! ნეტავ საზოგადოებრივი მაუწყებლის მახრა გიორგი ჭანტურიამ ასეთი რა უნაკლო პროექტი დადო რომ ვასილის და იას გამჭრიახმა თვალებმა ერთი პაწია ხინჯიც ვერ უპოვა? სამეურვეო საბჭოს ისეთი პირი უჩანს, „ოცნების გმირები“ დააკომპლექტებენ...კომისიის გაზრდის მიზნით, მეხუთე კაცად რაფიელ დევდარიანის ჩაწერა არ დაგავიწყდეთ, ჩვენი ახალი ვახტიორი რომაა კაცო.. კიდევ რა, წინასაარჩევნოდ ყველას გვეძლევა უფლება, მახლობელ ფერდობზე დაკრიფოთ ფხალის ნაირსახეობა დინდრა! ერმილე ხურციძის სულს ეს არ ეწყინება დამიჯერეთ. - გაგიმარჯოთ! სიმართლით ხომ ვერ გამიმასპინძლდებით? - სადაა სხვისთვის მისაცემი სიმართლე? საკუთარი უნდა იქონიო, გენაცვალე! აწი სხვა დროა... ამპრედუზო-მედუზო! მიდი, მოვდივარ! ყავამშვიდობისამეთქი! კატო ჩულაშვილი
  11. „თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით. ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო. ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან. და, თუმცა, თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ. შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები. რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ. შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა - სულები, რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება. შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი,რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესათან არ ყოვნდება“. ჯიბრან ხალილ ჯიბრანი ნორმალურ ავადმყოფებს აქვთ წოლითი რეჟიმი... მე, როგორც, უ–მსგავს–ოს , მაქვს წერითი რეჟიმი! ამასწინათ მამაჩემმა ძალიან მაგარი რამე თქვა – ასაკთან ერთად ხვდები, რომ ყველაზე მაგარი დღესასწაული ხვალინდელი დღეაო... ლამაზად თქვა, მაგრამ მაინც მეტკინა... აღარც მე ვარ იმ ასაკში, ასაკოვნები რომ დანატრიან. ახლა მე ჩემი შვილების ასაკს დავნატრი და თავს ხშირად ვიჭერ უნებური ძალადობის ფაქტზე - ჩემი აუხდენელი ოცნებები, გაცდენილი დრო და გაუქმებული შანსები წიხლით მინდა ჩავტენო მათ წილ საბარგულში, სახელად „ცხოვრება“... როგორ აიტაცებს ხოლმე მედია თემას და ციმ-ციმ დაატარებს, მიწაზე ფეხის დაუდგმელად უსაფლავო და უპატრონო მიცვალებულივით.. ლურჯი ვეშაპიო და დაიწყო გუგლვა, უცებ გაჩნდა განმარტება - „ახალგაზრდა თვითმკვლელთა კლუბი“ - რა ბედნიერება ყოფილა და არ ვიცოდით... ჩემი თაობა მელვილის „მობი დიკზე“ შფოთავდა. თეთრ ვეშაპზე მონადირე ბიჭებზე - სვირინგებიან წარმართზე კოკო-ვოკოდან და ახალგაზრდა ამერიკელ, კუბოთიმცურავ ისმაილზე... „უსიცოცხლო ნიღბის მიღმა გონიერი საწყისის უხილავი ნიშნებია, ბოროტება რომ მოსპო, ნიღბიანად უნდა განგმირო“, - ეს ფრაზაც ამ წიგნიდან შემომრჩა და წყლის შიშიც, მითუმეტეს, თუ ვეშაპიც სადმე ახლო-მახლო კუდს აქიცინებს... ეჰ, რამდენი არაჩვეულებრივი წიგნია კიდევ წასაკითხი - აქვს ცხოვრებას აზრი აბა რაა... ბავშვს რომელსაც გაზრდი და ვერ შეიყვარებ, ატკენ და გიკვირს თუ ეკლები გაჩვენა, იმ ინფორმაციის მატარებელიც უნდა იყო შინაგანად, რომ უკვე მკვდარი ხარ, როგორც ადამიანი, როგორც დამნაშავე, რადგან სხვას გამოაცალე ხელიდან უმთავრესი უფლება - ყვარებოდათ. მოზარდი, ვინც უკეთესი გასართობი ვერ იპოვა - საკუთარი სხეულის და ტვინის კაწვრა-ჩეხვის გარდა, საკუთარი მშობლების მსხვერპლია... თაობა, რომელსაც უმთავრეს ღირებულებებზე ვზრდიდით ჩვენ - თავისუფლებას დახამებული თაობა - დღეს ვირტუალურ სივრცეში ეძებს „მბრძანებელს“ რომ გახდეს უპირობო „შემსრულებელი“ და ამით იღებს სიამოვნებას. რა გამოდის? ცივილიზაციისა და პროგრესის მსხვერპლნი ვართ თუ სადღაც უსაშველოდ შეგვეშალა? არადა, როგორ არ გვიყვარს ეს სიტყვა... უკვე მერამდენედ, ის შემთხვევაა, როცა „შემეშალას“ აღიარებას ბოდიშის მოხდა არ შველის. იმიტომ რომ დრო გაგვექცა. დროს ვერაფრით ჩაანაცვლებ, არც საკერებელი ედება, არც უჯრედები ახლდება. მოვიდა და წავიდა - ეგაა დრო... არც იმ დიდოელი ლეკის ნაბადი გაითელა... რა მძიმედ ვიწყებ? რა წუმპე და სუსხიანი გაზაფხულიც იყო, ის კვირტები შეგვარჩინა ზნეშიც და ნაყოფშიც. 11 000 მეთორმეტეკლასელის გონებრივ სიმწიფეში დაეჭვება ლამის ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადეს მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ , ქართველები უფალმა მხოლოდ კაბინეტების სუფრის თავში, ბაფთიანი გიტარით ხელში, პარლამენტის პულტებთან და ორი ან მეტი დიპლომით იღლიაში გავჩნდით... განათლება თანამედროვე ქართულში, უმეტეს შემთხვევაში, დაოსებული მშობლების დოღს ნიშნავს.. ქართველი მშობლის ორი უკიდურესობა - „რა ვქნა ყველაფერს ვუკეთებ!“ და „რა ვქნა ? ვერაფერს ვუკეთებ“. ოქროს შუალედი მარადიულ დეფიციტშია, თუმცა არსებობს. ჰო, დიპლომზე გამახსენდა - ყური მოვკარი, ლაურა კოდუას უნივერსიტეტი გაუხსნიაო და რა საინტერესოა ამ ამბავზე ინგას რეაქცია.. პოლიტიკოსების და ბომონდის საცვლების მტვერი არ გვყოფნიდა თითქოს და საპატრიარქოს ციანიდში გავლებული ფოხნები აგვიფრიალეს.. უკაცრავად და მაგალითის ძალა და ობიექტური რეალობა რას გვასწავლის რომ გვასწავლის? „უმრავლესობა“ ყველა დროში ცდილობს, უკვე დასმულ კითხვებს ისე უპასუხოს, რომ სხვას შემდეგში, მათი დასმის სურვილიც აღარ გაუჩნდეს. საჭიროა „ ნიჭი“, რომ შეუგნებლებს ყველაფერი სათითაოდ თითებზე აუხსნა. ჰო, ყველას სათითაოდ რომ დაუწყებ თითების წაცლას, მერე ყველაფერს კარგად აგნებენ, იგნებენ და იგებენ... ეს „ძალადობის შემცველი აზრი“ და „სიძულვილის ენაა?“ ვერ მოგართვეს - ეს რეალობაა... ხოლო მკაცრადდოზირებული სიმართლე ორგანიზმს არსებით ზიანს არ აყენებს. ეჰ, წლებს თავისიც მიაქვთ და სხვებისაც... ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შოკოლადი და ბედნიერება ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. რომელი ჩემი თანატოლი იფიქრებდა იმას, რომ გავიდოდა დრო, გავიზრდებოდით, გვეყოლებოდა შვილები და მათ სრულფასოვან ბავშვობას უამრავი რამ მოაკლდებოდა, თუნდაც სრულფასოვანი კვების, დასვენების, ჯანმრთელობის დაცვის ან სწავლის დონეზე. ვერც იმას ვიფიქრებდით, რამდენნაირი სტრესისგან გვეყოლებოდა შვილები დასაცავი და ყოველდღიური დღესასწაულის რეჟიმიდან, ,,ბედნიერი გამონაკლისების,, რეჟიმზე გადაგვრთავდნენ?! ჩვენი თაობის მშობლების სახელით, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ პატარას, ვისი ბავშვობის დაცვაც ვერ შევძელით... 15 წლის მოზარდებში წაკითხულის გააზრებაში საქართველო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილზეა. რატომღაც დღეს დაინახა ზოგიერთმა ქართული განათლების სისტემის შავი ხვრელები, ლაქები და ორღობეები.. და კიდევ კარგი, რომ დღეს მაინც დაინახა... შერჩევითი სამართალი, შერჩევითი არჩევანი, შერჩევითი პანიკაც კი ტრადიციად ჩამოყალიბდა. პრობლემა იმაშია, რომ კარგად აღზრდილ ადამიანებს მუდმივად საკუთარი თავით უკმაყოფილების შეგრძნება სტანჯავთ. სამაგიეროდ, გადაგვძოვეს თვითკმაყოფილმა იდიოტებმა... ყველაზე ხმამაღლა თავის აზრს ხშირად ისინი გამოთქვამენ, ვინც საერთოდ არ იცის მაგ სიტყვების მნიშვნელობა უპრაქტიკობის გამო... სანამ ხიდებს დაწვავ, ჯერ კარგად უნდა დარწმუნდე, ნამდვილად იმ ნაპირზე ხარ თუ არა, სადაც გინდა, რომ იყო - არაა ეს რთული... თუმცა, ჩვენდა ბედად, ამინდმა შეგვიწყო ხელი და ჩვენს უგუნებობას და ყველა უ-ობას უამინდობას მაინც დავაბრალებთ. თუ წვიმს და სხვა გზა არაა, უნდა ჩავიცვათ ბოტები და ვაჭყაპუნოთ ოცნების გუბეებში, ან საოცნებო გუბეებში, ან უბრალოდ გუბეებში... ქარია? გავშალოთ ხელები და ... არა, ქარი მერისია და ვაცადოთ! უკეთესად მოიფიქრებს რამეს.... ბოლო დროს რას ვფიქრობ იცით? ქალს ქმარიც სჭირდება ოჯახში. ყველაფერს მთავრობას მართლა ვერ დააბრალებ... ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ. მაგრამ ზოგჯერ იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარო.- მხოლოდ ამ ფრაზის გამოც შემიყვარდებოდა ალბერტი... ზოგიერთის აზრით, "ახალგაზრდობის შეცდომებიც" თავის დროზე უნდა დაუშვათ,რომ მერე „გაპრავება“ არ გაჭირდეს. გამოთქმა - ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, „ მოსაწყენი ადამიანების მოგონილია. საბედნიეროდ, მათი აზრის მიუხედავად, არაფერია ადრე და არაფერია გვიან. ყველაფერი ხდება მაშინ, როცა უნდა მოხდეს და არაფერი შემთხვევით არ ხდება. ეს ისე, უბრალოდ, დროზე, აცდენებზე და დაგვიანებებზე მოწუწუნეთათვის. მისმა უდიდებულესობა შემთხვევამ, უკეთ იცის, როდის და რატომ უნდა შეგემთხვეთ. ბავშვობა რომ დასრულდა ყველაზე მწარედ მაშინ ხვდები, დივანზე რომ ჩაგეძინება და ისევ იმ დივანზე გაიღვიძებ... ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად მიყვარდა სკოლა?! ბოლო ზარის დღე რომ დაღამდა, ცას მივჩერებოდი, ასე მეგონა ტიტრებად იქაც უნდა ამოცურებულიყო „სკოლის დასასრული“ . არის დღეები, მხოლოდ სურნელებისგან რომ შედგება. ასეთ დღეებში სამყარო შემოდის შენში ერთი ნესტოდან და მეორიდან გადის და ყნოსვის გარდა, სხვა შეგრძნებები, თითქოს არ არსებობს... როცა ხარ თუნდაც დაგლასი და ხარ 12 წლის!.... ჩემი თაობის კიდევ ერთი „საპროგრამო ფინალი“ : “მინდა ვიდგე ციცაბო კლდის ნაპირას და დავიჭირო ყველა, ვინც დაღმა დაშვებას დაიწყებს. თუ ისინი სირბილით დაეშვებიან, ვერც კი დაინახავენ, თუ საითკენ გაქანდებიან. მე იქ როგორღაც უნდა აღმოვჩნდე და ისინი დავიჭირო. მთელ დღეს ამ საქმეს მივუძღვნიდი. მე ვიქნებოდი დამჭერი მოთამაშე ჭვავის ყანაში .. „ ჩემში მძინარე გენიოსმა გვერდი იცვალა და ფშვინვა განაგრძო... ყავამშვიდობისა, კოლეგებო! კატო ჩულაშვილი
  12. გზა, სადაც უდაბნო მწვანედ ბიბინებს ... - დე, სად ხარ? - გარეჯაში. - იქ, ზემოთ, უდაბნოში? - ჰო, აბა სადაა კიდევ გარეჯა?! - მანდ რა გინდა? - რისთვის დადიან ადამიანები ასეთ ადგილებში? - მე ტურისტები დამყავს და ... და ისე მეშინია მაგ ადგილის და მაგ გზის.. - რა გაშინებს? - რა ვიცი, ისეთი სიჩუმე, მთები და მინდვრებია, უდაბური, გადახრუკული, სულ მგონია, საიდანღაც დინოზავრი გამოვარდება... არა წყალი, არა მაღაზია, არა სულიერი ირგვლივ, მარტო მწყემსები, ძროხები და ცხვარი.. სანამ მონასტრამდე მივალ, სულ შიში მაქვს. - არ ყოფილხარ დიდი ხანია ალბათ, სულ მწვანეა აქაურობა, გზაზე მუშებია, სამშენებლო ტექნიკა, წყალიც მოდის, რამდენიმე მაღაზია და საოჯახო სასტუმროც შევნიშნე, საკონტაქტოც წამოგიღე, ვისი სასტუმროც მომეწონა. - ის ვიღაც უცხოელი რომაა გზაზე? ოაზისი? - არა, ადგილობრივები არიან, სვანები. - ნორმალური სიტუაციაა? სისუფთავე, კომუნიკაციები მოწესრიგებული? - კი, შევედი, ვნახე ყველაფერი. სველი წერტილები გამართულია და უდაბნოში 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ვის რად უნდა? - არ უნდა, მაგრამ სისუფთავე, წყალი და კანალიზაცია ყველას უნდა დედა, აბა ისე ტურისტი სად მივიყვანო?. - არის ეგ ყველაფერი, არ მეჩვენება. ონკანში მოდის წყალი, უნიტაზშიც.. - ონკანში წყალი მოდის მანდ? არ მჯერა. - კარგი, უკან რომ წამოვალ, ვიდეოს გადავუღებ. - ყოჩაღ! ყოჩაღ! შარშან რომ ვიყავი მარტო იმ უცხოელის რესტორანი იდგა მთელ გზაზე და საიდანღაც მოზიდული წყლით აბანინებდნენ სტუმრებს ხელს. - როგორ არ გესმის - უდაბნოს რომანტიკა უწყლობაშია! - კარგი რაა... - კვების ობიექტი ისევ მარტო ეგაა გზაზე. ხუთი წლის წინ დაინახა ვიღაც გამვლელმა პოლონელმა ამ ადგილის პერსპექტივა და ჩვენ რა დაჩლუნგებული მხედველობა გვაქვს ასეთი.- ქართველმა ვერავინ გარისკა არა? - ჯერ-ჯერობით ვერა. იქნებ ახლა გარისკონ, სასიცოცხლო და ბიზნეს პირობებიც აშკარად მეტია. ან რატომაა საერთოდ რამე სარისკო ამ გზაზე ასეთი ცით, ასეთი მთაგორებით, ასეთი მზით და ამხელა საოცრებით? - რა ვიცი დედა, მანდ ხარ და კითხე მაქაურებს... გზა საგარეჯოდან დავით გარეჯამდე და ბერების მასპინძლობა აქეთ მომავალი გზა სრული შოკია და არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის - მოდიხარ ცუდ გზაზე, ჭანჭყარებ, გწყინდება, ბუზღუნებ. გზის მშენებლები ცალკე გაფერხებენ. მოკლედ, ცხვირს იბზუებ - აქ ამ დაღლის ფასი რა უნდა ვნახოო? და უცებ, თითქოს არსაიდან, გალავანი, გალავანში ქვაში გამოკვეთილი საოცრება შემოგეფეთება და მოგნუსხავს. მერე იწყებ ნელ სვლას და რიგს მიყვები. უამრავი სტუმრის აღფრთოვანების გამომხატველ შორისდებულებში მაინც მკვეთრად ისმის მე-6 საუკუნის დროინდელი ნაბიჯების ხმა და სუნთქვა ხშირდება. საფეხურები, რომლითაც ისინი - დიდები, მართლები, გონიერები, სარწმუნოების, ერის და მიწის ერთგული მცველები - დააბიჯებდნენ და ლოცვებს აღავლენდნენ... კიდევ მაგალითს იძლეოდნენ გამძლეობის მთელი ერისთვის... მეორე შოკი - პირისპირ ‘შავ ბერებთან“ . მარტო არ ვყოფილვარ, ამან მიშველა. ძირითადად ვუსმენდი და ვაკვირდებოდი. ისინი საუბრობდნენ და გვაკვირდებოდნენ. წარმოდგენით, შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ თუ ასე მშვიდად ვიქნებოდი, მაგას როგორ ვიფიქრებდი? ვიდრე გამოჩნდნენ, რამდენჯერ „გავზღარბდი“ და „ავხაჭოვდი“, სათვალავი ამერია. -ალბათ ეკატერინეო! ნიშნის მოგებით შემომაგება მამა კირიონმა - კატო ქვიაო, ჩემზე რომ უთხრეს. მეც, სიტუაციიდან გამომდინარე, გავუღიმე. – „რაღადროს თქვენი კატოობააო!“ ჰმ.. სხვა რომ ყოფილიყო კი გავცემდი პასუხს - რაღა დროსიც იყო, მაგრამ აქ დავფიქრდი და შევირგე კეთილგანწყობილი კრიტიკა. რა ჭკვიანია, რა მშვიდი და თანაც როგორი სიმპათიური, რეალობასარმოწყვეტილი და მაინც განსხვავებული ჩვენგან ... 20 წლის წინ ამოსულა აქ მამა კირიონი. ჩემზე უმცროსია... შავი წვერით, მაღალი, ათლეტური, სიმპათიური, ენაწყლიანი, გონიერი.. ისეთი - რომ იფიქრებ, ასეთები ხომ მუდამ დეფიციტშია, შესაბამისად, შეეძლო დარჩენილიყო ერობაში თავისი წრის ლიდერად, სასურველ მამაკაცად, თავისი თაობის გამორჩეულ ტიპად. არ ეწყინება ვიცი, მასზე ასე რომ ვწერ. მისთვის არაფერია უცხო ჩვენი ყოფიდან, მათ შორის არც ჟარგონი. უბრალოდ მას, ჩვენგან განსხვავებით, უკეთ შეუძლია კარგის და ცუდის, სწორის და არასწორის გარჩევა. ჰო. აქ ამ სივრცეში მეტი ნათელია, შავი ბერების ყოფის და ლოცვის განსხვავებული ნათელი. „მეფე იგი მონასტერთაი“... აქედან ნებაყოფლობით წასვლაზე სასულიერო პირებში სასჯელია - აქედან სადღა მიდიხარ, თუ ცხონება გინდაო? ასურელ მამათაგან ერთ-ერთი დავითი , მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და ბუნებრივ მღვიმეში დასახლდა. 15 საუკუნის წინანდელი ამბავია ეს. იმ ადგილას ახლა დავითის ლავრაა. მერე გაჩნდა განშტოებები, ანუ „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. მოწამეთა, ბერთუბანი, დოდორქისა, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრსენაკები, მღვიმე, ქოლაგერი, მოხატული, ვერან-გარეჯა, პირუკუღმართი - უძლიერესი ენერგეტიკის სივრცე და სახელები. ჩიჩხიტური უნიკალური ფრესკული მოხატულობით, ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტერთან ერთად, რამდენიმე წლის წინ სადაო გახადეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ჯერ სადაო, მერე კინაღამ დათმეს. დათმობდნენ კიდეც, რომ არა აქაური ბერები და ხალხი. 90-იანებში გარეჯას ირგვლივ ქართველობა გაერთიანდა და ეროვნული მოძრაობის ნაკვერჩხალმაც იკვესა, ეგ ამბავი ყველას გვახსოვს. 5 წლის წინ, 2012-ში რომ გარეჯას ბერებმა განგაშის ზარს შემოკრეს, ისევ შეიყარა ერი - ვინ მანქანით, ვინ ფეხით, ვინ ავტობუსით, ვინ ცხენით და დადგა იქ კედლად. ამაშია ცხოვრების ამაოება - ის რაც მუდამ თავად გიცავს, ზოგჯერ შენი დასაცავიც ხდება. ზუსტად მაშინ არ უნდა შეგეშალოს... უმეცარი კულტური მინისტრები დაბედებული აქვს ამ ქვეყანას. მათი და პოლიტიკოსების დამსახურებით, სულ ახლახანს, იყო დრო, როცა ქართველი მესაზღვრეები აქაურ ბერებსაც კი არ უშვებდნენ ზევით. გამდიდრებულ, მაგრამ ღატაკი ისტორიის მეზობლებს კი მოღალატეობრივი გარიგების ფასად მონასტერ „უდაბნოს „წაღება სურდათ. კი , ეგ საფრთხე იდგა სწორედ წინა ხელისუფლების დროსო, - მიდასტურებს მამა კირიონი, მაგრამ იქვე მამშვიდებს რომ აქაური ბერების მონდომებით, გარეჯას სამონასტრო კომპლექსზე დოკუმენტალურად კითხვები აღარ არსებობს. ისტორიული წყაროები ადასტურებენ რომ მოცემული ტერიტორია ყველა ძეგლით, მთლიანად ჩვენია. 5700 ჰექტარი რომ მიტაცებული აქვს აზერბაიჯანს, დოკუმენტურად დამტკიცებულია. წინა ხელისუფლება „სოკართან“ რომ მოღალატურ ხელშეკრულებებს დებდა, ეგ უკვე ვიცით. ახლა ჯერი ხელისულების კვალიფიკაციასა და მონდომებაზე ყოფილა და ნეტავ ეს თუ იციან დღევანდელმა საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებმა? დიდი კულტურული წარსული ერისთვის ყველაზე ღირებული რამაა . გამდიდრებულმა მეზობლებმა კი საკუთარი ქვეყნისთვის ლეგენდის შექმნა გადაწყვიტეს. ამისთვის თავს ალბანური კულტურის მემკვიდრედ იხსენიებენ. ამ ამბიციურ განაცხადს შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობით განმტკიცება სჭირდება. ჰოდა, აგერ საზღვარზე ამ მხრივ უნიკალური საბადოა, თუმცა ის საბადო მათ არ ეკუთვნით. დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ იერუსალიმის წმ. საბას ლავრას შეიძლება შეედაროს, როგორც არქიტექტურული საოცრება. დავით გარეჯა ერის ღირსებაა. ჩვენი წინაპრები, საუკუნეების წინ, ასეთ არქიტექტურულ კულტურას და ცოდნას ფლობდნენ. ამიტომ უფართოვდებათ გუგები, გამოსცემენ არაადამიანურ ხორხისმიერ ბგერებს, როცა ამ კულტურასთან პირისპირ რჩებიან. როცა ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს, ამას აქ კარგ ამინდად თვლიან. ისინი არ წუწუნებენ, არაფერს ითხოვენ, მითუფრო არ აყენებენ ულტიმატუმებს ხელისუფლებასთან. როცა აქ მოვიდნენ, კარი მხოლოდ 2 კელიას ჰქონდა, სამს მხოლოდ ფანჯარა. სამაგიეროდ უხვად იყო კელიებში შლამი და სარეველა. წლობით კლდის სინესტეში ცხოვრებამ ჯანმრთელობა ყველას შეურყია. როგორც ამბობენ, მუნიციპალური განვითარების პროგრამა მათ ყოველდღიურობასაც დადებითად შეეხო. დღეს კომპლექსში წყლის პრობლემა მოხსნილია, გამართულია კანალილზაციის სისტემა, ელექტრო ენერგიის მიწოდებაც უწყვეტია. ბერებს კლდეში ცხოვრება აღარ უწევთ, რაც სასტიკად ვნებდა მათ ჯანმრთელობას. იცოდნენ აქ რა პირობებშიც მოდიოდნენ და ამის გამო გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ. მათი შრომის შედეგი კი იქ ყოველ ნაბიჯზე ჩანს. ყველაფერი სანიმუშოდ მოვლილი და მოწესრიგებულია. თბილი და გემრიელი მასპინძლობა იციან გარეჯას ბერებმა და საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტით ამაყობენ. მეურნეობა, რომლითაც თავს ირჩენენ ისეთივე გამორჩეულია, როგორიც თავად გარეჯა. აქ ბერები ადედებენ საოცარ მაწონს, ამოყავთ უფრო საოცარი ყველი, უვლიან ფუტკარს და მათი თაფლიც, ისე როგორც ყველი, გამორჩეულია აქაური მზის, ბალახის, ყვავილების, წყლის და ჰაერის წყალობით. ოღონდ ამ ყველაფერზე სხვა დროს უფრო ვრცლად დავწერ, ისე როგორც ქართული სამეურნეო კულტურის საკითხებში ღრმად შეტოპილს შეეფერება. აქა ამბავი, როგორ გაჩდნენ სვანები კახეთის „უდაბნოში“ ეგ ამბავი ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს სინამდვილეში მოხდა. გადაწყვეტილების ინიციატორი მედიკო მეზვრიშვილი ყოფილა. იდეა სწორი და სასარგებლო აღმოჩნდა. იორმუღანლოს აზერბაიჯანელების "ურბანულ თავდასხმებს" მარტო ეგენი შეაჩერებენო, - მედიკოს უთქვამს. ჰოდა აჩერებდნენ და აჩერებენ კიდეც. ახლაც ხშირად გვიწევს თითის დაქნევა მაგათთვის, ისე უნდათ ამ ბარაქიანი მიწის გათავისებაო ... ამ სოფელს ყოველთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა ჰქონია. გარეჯელი ბერები ამბობენ, „ უდაბნო“ რომ არა და იქაური სვანები, დღეს საზღვარი სხვაგან იქნებოდა". ჰოდა, წარმოიდგინეთ იმოდენა ჰიდრო რესურსის კუთხიდან ჩამოსახლებული ადამიანების რეაქცია და შეგუების უნარი უწყლო, გადახრუკულ ალაგას. დაპირებებში წლები გადიოდა, მაგრამ ნანატრი წყალი არსად ჩანდა. ბევრჯერ აყრა და სხვაგან გადასვლაც გადაწყვიტეს. იყო პროტესტიც, გაჭირვებაც, ორმაგად მძიმე შრომაც და იმედგაცრუებაც. მაგრამ დარჩნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ დღეს უკვე უდაბნო წყლით უზრუნველყოფილი სოფელია, ცხოვრების წესის ერთბაშად შეცვლა ჯერ-ჯერობით უჭირთ. ან რა უნდა ინატროს ადამიანმა უდაბნოში წყალზე უფრო ძვირფასი? არც რა.. წლობით წყლის ზიდვით დაღლილი „უდაბნოელი“ სვანები ნელ-ნელა ოაზისად ქცეულ სოფელში ახლებურად ცხოვრებას იწყებენ მესაქონლეობით, მევენახეობით, ტურისტულ ბიზნესში ფრთხილი ნაბიჯებით. და თუ დღესაც ერთადერთი დასასვენებელ-წასახემსებელ ადგილად მთელს 65 კილომეტრზე იმ "შორსმჭვრეტელი" პოლონელის კაფე-რესტორანი „ოაზის კლუბი“ რჩება, სადაც სწორედ უდაბნოელი სვანი ქალბატონები ფუსფუსებენ სამზარეულოში და სტუმრებს აოცებენ, იმედს ვიტოვებ, რომ, თუნდაც წლევანდელი ტურისტული სეზონის დასასრულს, ერთი ადგილობრივი ოჯახი მაინც შეძლებს ამ მომგებიან ბიზნესში მისთვის კონკურენციის გაწევას.. გაუბედეთ ხალხო! გთხოვთ, გაუბედეთ! ეპილოგის მაგიერ როცა ფული არ გყოფნის, სხვებისგან კი არა, საკუთარი მდიდარი შინაგანი სამყაროსგან უნდა ისესხო, ასე ვეხუმრები ხოლმე საკუთარ თავს და იმ დღეს გარეჯაში მთელი დღის გატარების შემდეგ სრულიად სერიოზულად ვფიქრობ რომ ეგ ვერსია სიმართლეს შეესაბამება. უფალი მაღალია და ის ხშირად რთულ გამოცდას გვიწყობს, რადგან მას ჩვენი შესაძლებლობების მეტად სჯერა, ვიდრე ჩვენ. აქ, მიწიერ ყოველდღიურობაში მარტივ დავალებებს იმიტომ კი არ გვაძლევენ, რომ ჩვენთვის იყოს იოლად შესასრულებელი. უფრო იმიტომ, რომ მათთვის იყოს მარტივად გასაკონტროლებელი. ასეა ეს! ადამიანს თუ შესაძლებლობას მისცემ, მთებს გადააბრუნებს, მაგრამ როცა არ იცი, რისთვის აბრუნებ იმ მთებს, კისრის მოტეხვის ტოლფასია ეგ შესაძლებლობა. გარეჯა სიწმინდე, ღირსება და ისტორიაა. უდაბნო მასთან მისასვლელი გზა - მხრებში გაშლილი სივრცე, რომელიც გისრუტავს. უნდა მოასწროთ გარეჯულ გაგანია ზაფხულამდე იქ ასვლა, ვიდრე უდაბნო მწვნე ველია და ბიბინებს, ვიდრე მეტისმეტი მცხუნვარებისგან გადაიხრუკება... თუმცა, იქ, სადაც წყალია, მზე ხომ არასოდესაა ზედმეტი... კატო ჩულაშვილი
  13. “სხეულებისთვის და ვითარებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი დრო აწმყო. მხოლოდ სხეული არსებობს სივრცეში და მხოლოდ აწმყო არსებობს დროში. კოსმიური აწმყოს მასშტაბში ასეთ ერთიანობას ეწოდება ბედისწერა“. ჟილ დელიოზი ბედისწერაზე ისეთებს დავწერდი, ჩვენი ტატოს და გალას გადამკიდე, მაგრამ „შინაურ მღვდლებს“ კი არა, შინაურ გენიოსებს როდის იყო ვინმე უსმენდა? არც ისინი ითხოვენ შენდობას და კი ვართ ასე... გენიოსობაც ბედისწერაა, მართალია, ზოგს პროფესია ჰგონია (ეგონოთ!). ბავშვობიდან აქვს ჩა-გონებული - მთლად გენიოსი თუ არა, მისი აზრი, გამოხედვა, მიხვრა-მოხვრა და სოციალური მდგომარეობა მაინც უნდა იყოს გენიალური. სადღაც, ვენეციაში, ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველო იყო „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" . ვინ თქვა და ვაჟიკო ჩაჩხიანმა და მიშა სააკაშვილმა გაიმეორა. სადღაც, ჭიათურაში ნაპოვნი და ქართულ პავილიონში წამოჭიმული ძველი იმერული ოდა, თურმე, „იმას გვასწავლის“ , „რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზეო“. ეს განმარტება თავად ინსტალაციის ავტორს ეკუთვნის თუ ჩვენი ე.წ. კულტურის სამინისტროს შეხედულებაა, არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ნაპრეზიდენტალი იპუტავს - „ეს რა გიყვეს ჩემო სავლე“-ო... სავლე ამ შემთხვევაში სიმბოლური საქართველოა. როგორ ვერ გაუარა ამ ტიპს „საქართველოს პრეზიდენტობამ!?“ მარგველაც ეგრე რომ დარჩეს?! საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და დაჯდა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, სრულიადსაქართველოს ოპოზიცია, თვალების ჭუტვითა და ტუჩების პრუწვითა, თითის გაყოლებითა და ჩახველებით იკითხა ამბავი ესე. „ეს რა დაგვმართნიაო!?“ უიუიუიოოო... ჩემი ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი მედიკო ჯიქია გამახსენდა - თითებს რომ გაპარჭყავდა და დაუმიზნებდა ჩემს რვეულს - „დახეთ, რასაა რომ გავს ეკატერინეს საშინაო დავალებაო“... რომ შვუბღვერდი ხოლმე - რას ერჩით ჩემს დავალებას მეთქი? რასაა რომ მიბღვერ, კარგი ვთქვი, შეგაქეო... ხოდა, თქვენ , თითების მპარჭყავებო! ბორჯომი გაქვთ „სტოლში“ თუ ვუთხრათ ოფიციანტს დაამატოს?.. ისეთი ენთუზიაზმით აიტაცა საზოგადოებამ „წითელი ზონის“ მიერ გახმოვანებული პენსიონრების ორსულობის დაფინანსების ბოროტი ხუმრობა, მთავრობამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი - მართლა ხომ არ დაამატოს ეს პუნქტი საპენსიო ჯანდაცვის პაკეტს? რაც შეეხებათ ნამდვილ ორსულებს, მათთვის ჯანდაცვის პროგრამის ვაუჩერმა ერთგვარი სიმბოლური სახე შეიძინა, ყველაზე მაღალფასიანი მომსახურების „თანადაფინანსების“ განუმეორებელი ხიბლით. ამას თუ აბორტის აკრძალვაც დაემატა, დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრის გზებს მთელი ცივილური მსოფლიო ჩვენგან გადაიწერს, ისეთი შედეგები გვექნება. “მინდა გულახდილად გითხრათ – როდესაც თქვენი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას საკვების 70-80 პროცენტი იმპორტით შემოაქვს, ეს არამარტო არასწორი, არამედ არანორმალურია” -ასე გვატაკა პირში მწარე სიმართლე შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა. დედა, რა უხერხულია! შვეიცარია ამდენი წელია ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნავს და მაინც არაფერი გვეშველა. ისევ ისე გვშია და გვწყურია, ზოგან და ზოგჯერ უარესადაც კი. რაც მაგ სფეროში ფული ჩაიყარაო და სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. მოკლედ, არ ვიცი მეო! როგორც გინდათ, ისე ამოავსეთ ეგ უზარმაზარი ნაპრალი და დოზანაო! ხოდა, ავიკაპიწეთ ახლა შარვალ-ხალათები, დაგვირიგოს მთავრობამ თოხი, ბარი, თესლი, ნერგი, მიწა. ჩემობატონო! წავალთ და ვუბაყუნებთ იმ მამა-მარჩენალ ჩვენს წილ დედამიწას. ინტერნეტი კი გვაქვს უფასო სოფლად და აწი ჩვენ შრომა გაგვიჭირდება? ისე დაგვიმშვენდა ცხვირიც, პირიც და უნარ-ჩვევებიც.... უვადო პატიმრობაც კი შეუმჩნევლად გაიფრენს, კამერებში ინტერნეტის კაბელს თუ გადმოვჭიმავთ. ის ჩვენი სასჯელაღსრულების მინისტრი ნუ აიტაცებს უცებ ამ აზრს. ისედაც არაფერი დარჩა კომფორტიდან, იმ დაწესებულებებში „ჩაუნერგავი“ . ინტერნეტიც თუ ექნათ, მართლა ძალით თუ გამოყრი ციხეებიდან ხალხს. ტყუილად კი არ დაადგა ჩვენს მინისტრს აღფრთოვანებული მზერა „დეიდა ნატომ?!“ მეტი პარადოქსი და ბედისწერა რაღა გინდა - ქვეყანაში ყველაზე ჰუმანური, მზრუნველი და ადამიანური მინისტრი სასჯელაღსრულებაში რომ გეყოლება...არადა, სულ ცოტა ხნის წინ, იყო დრო, რის გამოც გლდანის ციხე მსოფლიოს ყველაზე საშინელი და სისხლიანი ციხეების ათეულში მეშვიდე ადგილზე მოხვდა. შავი რეიტინგიც რეიტინგია, ბატონებო! უცხოელის თვალი არ ვნახოთ დადგმული ჩვენს მიწაზეო! ფეხი დაადგას, ჯანდაბასო. უცხოელი ტურისტად და ინვესტორად ჩამოეთრიოს, ფული დაყაჭოს ბღუჯა-ბღუჯა და წაეთრიოსო! თუ საქმე უნდა, ისეთი აკეთოს ბატონო, ჰაერში რომ იქნება გამოკიდებულიო. ჩვენ რომ გვინდა ისე უნდა იყოს ყველაფერი, აბა როგორო?! ჩვენ რჩეული ერი ვართ რჩეული მიწა-წყლით და ყველაფერი რჩეული გვახასიათებს უვიცობიდან- ამპარტავნობამდე, პატრიოტიზმიდან - პრინციპულობამდე და ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს... შევიკრიბებით აგერ, უცებ, რუსთაველზე, მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე, მაგის მეტი რა გვიკეთებია ბოლო 25 წელიაო?! არადა, ეს „მიწის წუწკი“ ილონ მასკი, თურმე, ბოლო დროს, ახალი ქარხნებისათვის ასაშენებელი ტერიტორიების შერჩევით ერთობა. “ტესლას” დამფუძნებელი, წლის ბოლომდე, კიდევ 4 ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავსო. ვაიდა, ფეხი აუცდეს და „ჩვენს ეზოშიც გაადინოს ტყაპანი“...მტრისას! მტრისას! ახალი ღვინის ფესტივალზე მზეც იყო, ღვინოც, ხალხიც, საქმეც და განწყობაც. გვიყვარს ჩვენ ჭიქით ხელში ბედნიერებასა და ცხოვრების ავან-ჩავანზე საუბრები ღია ცის ქვეშ და კარგადაც გამოგვდის. ჯერ-ჯერობით რაც მართლა კარგად გამოგვდის. იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალისტი, ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო საქართველოში სტუმრობის მერე ბოდიშს გვიხდიან - გვაპატიეთ, აქამდე ქართულ ღვინოს რომ არ ვიცნობდითო! ფაქტიურად, კოლეგები ვართ, იაპონური სამზარეულო და ქართული ქვევრის ღვინოც UNESCO-ს არამატერიალური ძეგლებია და ისე უხდებიან ეგენი ერთმანეთს, თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათო. მოკლედ, მალე ამომავალი მზის ქვეყნის ბაზრებიც ჩვენია და მთავარია ეს ამბავი თავში არ აგვივარდეს, ღვინო არ შემოგვეფუჭოს სიხარბით და გენეტიკური ამპარტავნებითა. ჯერ კიდევ ვერ დაიმახსოვრა ყველამ, რომ მხოლოდ სიყვარული შეიძლება უბრალოდ, არაფრის გამო. პატივისცემას აუცილებლად სჭირდება რაღაც მიზეზი... არც მკვახე ვაშლის ხის ჭანჭყარს აქვს აზრი. დამწიფდება ის ვაშლი და ჩამოვარდება თავისით. ყველაფერი ხდება, მაშინ, როცა მოსახდენია, თუმცა, ყველაფერი „ევრიკა“ არაა... არც ყველა ოცნება ხდება ბატონებო, კრებითი „საგანელიძეების“ მოდგმის წესების თანახმად. მაგალითად, ბილ გეითსი ბავშვობაში მზარეულობაზე ოცნებობდა და ბედისწერამ ხომ ხედავთ, სად უკრა თავი. არც ზურაბ პოლოლიკაშვილი ოცნებობდა ბავშვობაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე, მაგრამ, თავისი მთავარი კონკურენტი ფინალში 18/15-ზე დაამარცხა.... ხოდა, კარგია ეს ! კარგი კი არა, უკარგესია!.. სამწუხაროდ, ადამიანებში გულწრფელობა არც ისე დიდი დოზითაა. ამიტომაც, გულწრფელობას უნდა გავუფრთხილდეთ, კი არ უნდა ვაფრიალოთ ქარში მარჯვნივ და მარცხნივ. ერის გახლეჩის პროცესი ორ ფილტვად ჯერ კიდევ პიკშია. გუგული არსად წასულა. გუგული რეკლამაზეა გასული და დაბრუნდება... საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეთერში აღიარა რომ მარიხუანაზე სულაც არაა ისეთი საშიში, როგორც თამბაქო. იამაიკის იუსტიციის მინისტრმა კი ქვეყანაში მარიხუანას პირველ ლეგალურ ძირი დარგო... „თელავიი თვითმმართველობაი ხელი დეედება და ვიღაცაი წითელი ეენთებაო!“-„თელაველმა კონსტიტუციონალისტებმა“ . ირმა, ანუ "ინდირა განძი".. წითელ ზოლად გასდევს საკონსტიტუციო განხილვებს რეგიონებში და იცავს პრეზიდენტის ინტერესებს ქვეყნის ინტერესების სოუსით. პრეზიდენტი, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარისგან დიპლომს ითხოვს - ამდენ მეცადინეობას წყალში ნუ ჩამიყრი, ოჯახობა მინდა გავახაროო... მაგრამ, კობახიძე რის კობახიძეა მარგველას დაყენებული ღიმილი „სჭამოს?!“ - კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმასაო!- გამოუცრა კბილებს შუა და ჩაახველა. ისე, რას ერჩით ამ მარგველას? არ არსებობს ისეთი ლურსმანი, ჩაქუჩობაზე რომ არ ოცნებობდეს და ამან საერთოდ პლასტელინობით დაიწყო. რაინდ ვასაძეს იმ დღეს ახალგაღვიძებულზე რომ რაღაც წამოაყვირა ქვეცნობიერმა, მერე ისევ ჩაეძინა? ემანუელ მაკრონის და მისი თანამეცხედრის ნანინანატრმა პირველი ღამის ცერემონიალმა ელისეს სასახლეში, ექსესების გარეშე ჩაიარა... პაპარაცებმა მხოლოდ ცერემონიალის პრელუდიას შეასწრეს თვალი და კამერებმა ეს მომენტი , რა თქმა უნდა, დააფიქსირეს. ფრანსუა ოლანდმა სასახლის დატოვება აღნიშნულ ცერემონიალამდე მოასწრო. მედიას არც ის გამოპარვია, რომ მაკრონი ელისეს სასახლეში თბილისის დროით 12:00 საათისთვის მივიდა, ხოლო პირველი ლედი იქ მასზე ადრე დააფიქსირეს. ბრიჯიტმა მეუღლეს სასახლეში მისვლა დაასწრო. რა თქმა უნდა, ახლა ეჩქარება და ბავშვობაში კი დააწყვიტა ბიჭს ნერვები... სამაგიეროდ, ამ ქალბატონმა, სულ სხვა ელფერი შესძინა პედაგოგის პროფესიას თავისი პერსპექტივებითა და ჰორიზონტებით. გახსოვდეთ, ძვირფასო „მასწებო“! მაშინაც კი, როცა აღარაფერია დასაკარგი, ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაკარგულა!.. ხოლო, სიამოვნებით დაკარგული დრო არც დაკარგულად ითვლება და არც გაფლანგულად. ელისეს მინდვრების ამბავი გასაგებია, ელისოს წყაროზე რა ხდება? კოკა მთელია? თუ ადამიანს არასოდეს აწუხებს კითხვა „რატომ?“, მალე აუცილებლად შეაწუხებს კითხვა „რისთვის“? ერთი სიტყვით და ორმაგი გაგებით, ქვეყანაში დამსხვრეული სტერეოტიპების „კაპიტალური რემონტი“ მიმდინარეობს. თუ ბნელ ოთახში შავ კატას ვერ პოულობ, უნდა მიხვდე, რომ ის კატა თვითონ ხარ! თუმცა, ჯერ, ყოველ შემთხვევაში, ოთახში შუქი უნდა აანთო... კიდევ, თუ სხვებს დაასწარი და საკუთარი მიქარვები იმათ „ჩაუდე“, მერე „იმათ“ რამდენიც უნდა იყვირონ, ვეღარ დაგეწევიან... ამიტომ, თორდია-ფარცხალაძის ორთაბრძოლებში რაც უფრო ნაკლები ადამიანი ჩაერევა, არც სახელმწიფოს წაუცდება ცხვირი, მით უფრო მალე გაირკვევა ვის რა უნდოდა და ვის რა უნდა? ისე, ჩვენს ქვეყანაში გასართობ დაწესებულებებში, კამერების კულტურა რისთვის დაინერგა იცის ვინმემ? ფსიქოლოგები ამბობენ რომ, ახალი ამბები ან კარგი უნდა იყოს, ან სასარგებლო , არადა წავილეკეთ ნეგატიური ნიუსებით. ჰობი აქვთ ასეთი ჩვენში ჟურნალისტებს - ნეგატივი უკეთ იყიდება! რემარკის ერთი რემარკა გამახსენდა - ადამიანს გონი იმიტომ ეძლევა, რომ გააცნობიეროს - მხოლოდ გონებით ვერ იცხოვრებს. ადამიანები გრძნობებით ცხოვრობენ და იმართებიან და გრძნობებისთვის სულერთია მტყუან-მართალიო... გეხსომებათ, - ერთმა ამერიკელმა ღმერთს რომ უჩივლა - რაც მე მაგას სანთელი ვუნთე და ვილოცე და ერთი ცენტის საქმეც არ გამიკეთაო. ჰოდა, მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. მოსამართლემ დიდი ხნის ტვინის ჭ####ტვის შემდეგ, როგორც იქნა, სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გამონახა: - თუ გინდა სარჩელი მივიღო, მოპასუხის ზუსტი მისამართი მიუთითე, სარჩელი რომ გადავუგზავნოო! ჰარვარდში შესასვლელ კარიბჭეზე აწერია „შედი, რომ სიბრძნეში გაიზარდო“. კი არ დავკვირვებივარ, რა აწერიათ ჩვენთან უნივერსიტეტების „კარიბჭეზე“? ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  14. „საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია. მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ. ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე...“ გურამ დოჩანაშვილი, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“ მეც მენატრება სოფელი, უკვე ხანდახან კი არა, ხშირად. კიდევ ის დრო მენატრება - სულ რომ მეჩქარებოდა, ყველგან რომ მაგვიანდებოდა და მაინც ყველაფერს ვასწრებდი... ახლა რა, ახლაც, მახარაშვილივით, სულ პოსტზე ვარ და ყველაფერს ვასწრებ - ძირითადად ვპოსტავ.. თქვენსავით, იმ ქსელში, რამდენიმე წლის წინ სულწასაწყმედმა ცუკერბერგმა რომ გაგვხვია სოციალურად აქტიურები და პირადი წიგნაკები კი არა პირვანდელი სახე აგვახია. არანაირი პრეტენზია იმ ჭკვიან მილიარდელთან. პირიქით, ჩემებურ ლოცვებში მუდამ ვიხსენიებ, როგორც გადამრჩენს, როგორც კარგ ხალხთან შუამავალს და როგორც საუკეთესო ინფორმატოს. კიდევ იმისთვის, რომ ჩვენ, საქართველოს აგულებს მის კუთვნილ სივრცეში პატარ-პატარა „არაჩვეულებრივი გამოფენების“ მოწყობის საშუალება მოგვცა. მოკლედ, ბევრი რომ არ ვიტლიკინო ისეთ რამეებზე, რაც ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ ხშირად ყოველი ახალი დღისთვის მადლობის თქმა გვეზარება, იმას მოგახსენებთ რომ მრისხანება კეთილი ადამიანების ხასიათის ნაწილია და ის მაშინ გამოდის სინათლეზე, როცა მათ სიკეთეზე ფეხების შეწმენდას იწყებენ... რატომ ასე მკაცრად? იმიტომ! რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ყველა ეშელონშიც და ბიზნესშიც არიან ტიპები საპასუხისმგებლო პოსტით და ვალდებულებებით, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა „პასუხისმგებლობა“. ტყიბულის მსხვერპლი არც პირველია, არც უკანასკნელი, არც გაკვეთილი და არც მონანიება. ტყიბული და მსხვერპლი იქნება ყველგან, ვიდრე სახელმწიფო არ დაიცავს ადამიანის ერთ-ერთ მთავარ უფლებას - შრომის უფლებას. ხოლო ჩვენ არ შევცვლით ღირებულებებს და არ მივხვდებით, რომ თუ ევროპელობა გვსურს, იმ სივრცეში მთავარი ღირებულება ადამიანია და მერე ყველა დანარჩენი. ამ ყველაფრის გაგება და შეგნება ძალიან მარტივია, ბატონებო! თუ, სულ 5 წუთით, წარმოიდგენთ საკუთარ თავს ან თქვენი ოჯახის წევრს გარდაცვლილის ადგილას, საკომპენსაციო თანხით ხელში. გეთანხმებით, არც ისე სასიამოვნო სიუჟეტია. დანარჩენზე თავად იფიქრეთ, ჩვენ, როგორც გვახსოვს, ფიქრისთვის და საქმისთვის დაგიქირავეთ!. აშშ-ის პრეზიდენტისგან ძალიან მკაფიო გზავნილებით და მხარდაჭერით დახუნძლული პრემიერი ამაყადთავაწეული დაუბრუნდება სამშობლოს, სადაც ეს ვიზიტი საზოგადოებამ ობიექტური კმაყოფილებით შეაფასა, მიუხედავად დემაგოგიური ელემენტების არითმიული ციმციმისა. ყოველი ახალი ისტორიის სახელმძღვანელოს გამოსვლისას, სამართლიანობა საფლავში ტრიალებს. სახელმძღვანელი იმისთვის იქმნება, რომ იხელმძღვანელო და გაითვალისწინო. ჩვენ დიდი ხანია ისტორიის პრაქტიკაში გამოყენების უნარში „საშემოდგომო“ გამოგვაყოლეს. ამის ბრალია უსაზღვრო ემოციაც და უსაზღვრო გაურკვევლობაც - როგორ უნდა მოიქცეს ერი კონკრეტულ სიტუაციაში, როცა საქმე ოკუპანტს ეხება? კანონები კი იმისთვის იწერება, რომ მათში ზოგჯერ ვიღაცამ მაინც ჩაიხედოს, გამოყენებას ვინღა ჩივის?! საზღვარი ამ დღეებში აქტუალური თემა იყო, მესაზღვრეც, ტურისტიც, ოკუპანტიც და უსაზღვრო თავხედობაც... ჰოდა, რომ გადაირიეთ, რა იცის ზაზა ხუციშვილმა ოკუპაციის კანონი? ჟურნალისტებს რომ არ ეთქვათ - მილიონერი ხარო, ეგეც კი არ იცოდა...პრინციპში მარტო ხუციშვილმა კი არა, დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის 50%-ს ყურიც არ ჰქონდა მოკრული იმ კანონზე, თვალის შევლებაზე ხომ ზედმეტია ფიქრი. სამაგიეროდ, მშვენივრად დაიტესტნენ. დავინახეთ - ვის აქვს შერჩენილი გენეტიკური თავმოყვარეობა და მის ფონზე პროტესტის დაუკითხავად გამოთქმის უნარი და ისინი, ვინც უსაზღვროდიპლომატიის მანტიაში ისე აიხლართა რომ სულ მისხალ-მისხალ გამოუჩნდა ტუნტულა სიშიშვლეები. მონძიეე! ქარი სულ იმ მხრიდან კი არ უბერავს, საიდანაც თქვენ გაწყობთ, ბატონებო!.. ზღვარი კარგსა და ცუდს შორის, როგორც წესი, ჩვენის და სხვისას საზღვარზე გადის. პენსიონერ-პილიგრიმ ლუჟკოვისა და ბატონი ვოლსკის კომენტარებზე კი ის ანეკდოტი გამახსენდა: - Ты не помнишь, чем там в «Войне и мире» все кончилось? - Все умерли. - Да ты что! Не может быть! - Так двести лет с тех пор прошло. აქვე კიდევ ერთი ცოცხალი ანეკდოტი მკვდარ რუს პარლამენტარზე: ისრაელის მედიის ცნობით, მკვდარ ზღვაში ჟირინოვსკის ყველაზე მდიდარი თანაპარტიელი დაიხრჩო. არადა, მკვდარ ზღვაში მარილის მაქსიმალური შემცველობის გამო, ფიზიკის ყველა კანონით, ადამიანები არ იხრჩობიან. ამ დღეების ემოციურ ფონზე პაწია ღვარძლი და ცინიზმი ქართველებსაც გვეპატიება. პატიებით უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც გვეპატიება, ისიც, თუ მაშინაც არ გვჯერა ჩვენი პოლიტიკოსების, როდესაც სიმართლეს ლაპარაკობენ. საპარლამენტო კომისიამაც გვითხრა- დაგვიჯერეთ, ბევრი ვიფიქრეთ კონსტიტუციაზეო, მაგრამ, ხომ ხედავთ, რაღაც-რაღაცეები მაინც თავიდან საფიქრალი გაუხდათ. ექსპერტმა ხუხაშვილმა, რადგანაც ვერ ხუხა ბოლომდე „ქოცური ნექტარი“, ფარსი უწოდა სახალხო განხილვებს კონსტიტუციისას. ანუ მისი აზრით თქვენ ვინ გამოდიხართ? „ფარსმენები“? უსუფაშვილმა სამი მოთხოვნა წამოაყენა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, კობახიძის დეპეშის ტექსტი მოთხოვნების პასუხად ასეთი იქნება: „პატივცემულო კოლეგავ! თქვენს სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ გაცნობოთ - ოქროს თევზი ცოტა იყო და გათავდა. „ ისე, თქვე კაი ხალხო! თუ ჩვენ მაინც არავინ გვეკითხება არაფერს და ვენეციის კომისიის წყალში გატოპილ აზრს ველოდებით, რას დადიხართ ზევით-ქვევით და კონფერანსიობთ? მარგველას ჯინაზე? საკუთარ თავზე გამარჯვებულები - თავის მჯობნი და მომრევი საზოგადოება დროშებით რომ დაყიჟინობენ, მაგ დროს დამარცხებული ვინაა?ცალ კარში თამაში ყველაზე მეტად ცხვრებს უყვართო ამბობენ. სანდრო გირგვლიანის საქმის 1 მოსამართლეს, გიორგი ჩემიას, ხმების უკმარისობით გაეცა პასუხი თავის უაპელაციო ამბიციაზე, სააპელაციო სასამართლოს ჩეროში მოეწყო ბუდე. შემდეგი გაჩერება, იმედია, ასევე უაპელაციოდამბიციური უფალიმოსამართლე მურუსიძე იქნება. „ელისო-მტყუანმა“ რა ჰქმნა და თავისი ქოცი წყაროები წინწყაროსავით ჩამოარაკრაკა. ისეთი საინტერესო შენაკადებია, 1 თვე გარანტირებული თემებია ტვ-შოუებისთვის. წარმოიდგინეთ, ელისოსაც მოაქვს სარგებლობა. მაგალითად, მისი არსებობის საფუძველზე ფეხს იკიდებს ახალი მიმართულება თუ თემატიკა ქართველ ექსპერტთა შემოქმედებაში - კილაძისტიკა. კარგია ეს. ხალხი გაერთობა, ხალხი დასაქმდება, ხალხი ნერვებს და ფანტაზიას გაავარჯიშებს. და ზოგადად, ხალხიც და ქართული პოლიტიკაც, ელისოს გარეშე ძალიან მოიწყენდა. თბილისის საკრებულომ დიდი დავის და ალიაქოთის მიუხედავად, გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესი მაინც დაამტკიცა და ეს იყო თბილისის საკრებულოს უმრავლესობის კიდევ ერთი შეცდომა, რაშიც სულ მალე თავად დარწმუნდებიან და ინანებენ. ხატის ტყე და ფასანაური იყო კიდევ ერთი ხმაურიანი პროტესტის ლოკაცია და მიზეზი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამინისტროში თავმოყრილი ენერგომამები საკავშირო სტანდარტებს ვერ გასცდნენ...ელოშვილის ფსიქოტიპის მოხელეები კი როცა საჯაროდ, ტელეეთერით სასამართლო დავებს მიესალმებიან, სწორედ იქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები სასამართლოს მიმართ... როცა ჩვენში ყველა საიდუმლო გაცხადდება, აღმოჩნდება, რომ ყველამ ყველაფერი ისედაც იცოდა.. ამასობაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, მარიშკამ პარიზში თავისი „უკანასკნელი ტანგო“ იცეკვაო... თუმცა, ის როკვა არ ჰგავდა არც ტანგოს და არც უკანასკნელს. დიდი ქართული განხილვების ობიექტი - ჰუმანისტი, მუსიკოსი და უბრალოდ ფილოსოფოსი კი - უკვე საფრანგეთის პრეზიდენტია. რაც საშინლად არ მოეწონებოდა ბრიჯიტს, თუ მის წინასაარჩევნო აგრესიას გავითვალისწინებთ მაკრონის შეუბრალებლობასა და ცხოველების მოსალოდნელ დაღუპვაზე! კარგი რა ბარდო! დალოცე ეგ ბიჭი ბორდოთი და შეეგუე იმას, რომ მისი მეუღლე შენზე გაცილებით ახალგაზრდაა.. ღვინის სამშობლოში ჭეშმარიტება დეკალიტრებში უნდა იზომებოდეს და რაღა დარჩა ღვინის ფესტივალამდე, წავალთ მაძიებლები, მუხლს გავშლით, თვალს წყალს დავალევინებთ, ყელს - ვაზის ნაჟურს. რაც შეეხება ევროვიზიას და ჩვენს მარადიულ დაუძლეველ ლტოლვას მისდამი, გაუფრთხილდით ქართველი შემსრულებლების ნერვებს და პრესტიჟს. „ერთხელ დაეცა ბიჭი, ორჯერ დაეცა, აღარა კმარა კაცო!?“ ევროვიზიაზე ევროვიზა არ მოქმედებს, მანდ სხვა ბილეთია საჭირო, რუკაც, შენდაუკაც!. და საერთოდ, საბჭოთა ეპოქის დროინდელ საერთაშორისო ფესტივალებს ქართველები მხოლოდ ბავშვობის ასაკში ვიგებთ. „სან რემო ჯუნიორი“ ვერ მოიგო 11 წლის ლიზი წერეთელმა თუ რა? ჯერ კიდევ გაურკვეველია თბილისის მერობის კანდიდატი მმართველი გუნდისგან. პრემიერმა - რა გეჩქარებათო!? ნელა ხო, ნელა და... ზის ალბათ ახლა „ქართული ოცნების“ პოლიტ-მარკეტინგული სრული შემადგენლობა და ფიქრობს, ამ არჩევნებზე ვისით შეგვაშინონ. იმიტომ რომ, შეშინებულზე უფრო კარგად „ვიძლევით“. მაგრამ ჩვენ მაინც არ გვეშინია! ჩვენ ხომ მკურნალობასვერდაქვემდებარებული ოპტიმისტები ვართ! ისეთები - მეცხრე სართულზე ფანჯრების წმენდისას, სანამ წმენდას დავიწყებთ, ჯიბეში სახლის გასაღებს რომ ვიდებთ, - ვინიცობაა გადავვარდეთ, კარს შიგნიდან ვინ გაგვიღებსო?!. ბოლოს ხომ მაინც გაგაცინეთ?! ღმერთმა ნუ ქნას, ახლა ინტერნეტი გაითიშოს. ახლანდელი ერთსაათიანი უინტერნეტობა, უინტერნეტო ეპოქაში, სამთვიან უსექსობას უდრის... ჰო, გაბრომ, ჩემს მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ და წვიმაზე მეტი საწუწუნო არაფერი გქონოდეთო! ჰოდა, ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  15. იყო და არა იყო რა კი არა, ნამდვილად იყო ერთი გადარეული ფიზიკოსი აინშტაინი, რომელმაც, დაბნეულ საზოგადოებას, ფარდობითობის თეორია ასე განუმარტა : -შეყავით ხელი ცხელ ღუმელში და წუთი საათად მოგეჩვენებათ. დაჯექით ლამაზი ქალის გვერდით და საათი ერთ წუთში გაივლის.სწორედ ეს არის ფარდობითობა!!! ჰო, ეგააა - „სიკვდილი ტიფანისთან“ და „საუზმე ვენეციაში“.... დიდი ხნის წინ, ვიღაც თმაგაჩეჩილი წვეროსანი, იმასაც მიხვდა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა დიდი მიხვედრა უნდოდაო!? - გამოჩნდებიან მაგის მთქმელებიც, მაგრამ ეგ ის კატეგორიაა, სხვისი მიხვედრილის მიხვედრასაც რომ ვერ ახერხებს ხოლმე, ძირითადად. მოკლედ, შესაკრებთა გადანაცვლებაზე ორი აზრი არ არსებობს. სამაგიეროდ, სიტყვათა გადანაცვლებით იცვლება აზრი და, შესაბამისად, შედეგიც... პირველად იყო სიტყვა და ბოლოსაც რომ ეგ იქნება, ეგ ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ, ზოგჯერ, ვითომ გვავიწყდება... ჯერ-ჯერობით არცერთ უცხოელ თუ აბორიგენ მეცნიერს არ გამოუთქვამს კომპეტენტური აზრი საქართველოში მიმდინარე „მიზანმიმართულ პოლიტიკურ თვითგაბანძების პროცესთან დაკავშირებით“ ... ზოგადად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკა არა სამეცნიერო, არამედ „ყოფითი იუმორის“ თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რას მიკეთებს იმ ენაგადმოგდებული და თმაგაჩეჩილი ტიპის თეორია?! დიახ, ბატონებო! ფარდობითობა ყველგან და ყველაფერში! ასე პოლიტიკაც მარტივია და ცხოვრებაც... პრინციპში, ერში „როცა ასეთი სიყვარულია“, „პოლიტიკოსებს“ რას ვერჩით? ვებგვერდების პოპულარობის მთვლელი Alexa.com-ის მონაცემების მიხედვით, დღეისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარული უცხოური ვებგვერდების სიის სათავეში პორნოსაიტი – Porn555.com-ია. მერე მოდის Youtube.com, მერე უკვე, ჯეჯეს რჩევითა და ზოგიერთი პარლამენტარის გარჯით, მე-3, მე-4 ადგილებს Google.ge და Google.com-ი ინაწილებენ. ჩვენ რომ გვგონია, ძალიან ფბდამოკიდებული ერი ვართ, ნურას უკაცრავად!. მხოლოდ მე-6 პოზიციაზეა Facebook-ი და მას Ok.ru უსწრებს. და რაზე მეტყველებს ყოველივე ეს? ან ის რაზე მეტყველებს რომ პირველადგილოსანი პორნო საიტი აზერბაიჯანში მე-18, სომხეთში მე-10 , ხოლო უკრაინაში 28-ე ადგილზე? რა თქმა უნდა იმაზე რომ მეზობელ სახელმწიფოებში რეალური სექსი უფრო ხელმისაწვდომია. საქართველოში კი სექსმაც პოლიტიკური დატვირთვა მიიღო და საოცნებო- ვირტუალური სიამოვნებების კატეგორიაში გადის. მერე ვიღაცეებს უკვირთ, რატომ გვაქვს ამდენი ხარჯი ჯანდაცვის სფეროში? ან, რატომ ვიკლებთ გამრავლებაშიო? აგერ, ჩვენს ოკეანსგაღმაკარისმეზობელ ამერიკაში ჩვილები უკვე ხელში სპირალით იბადებიან.. სიცოცხლის ჟინი და ცხოვრების ტემპი დედამიწის ყველა კუთხეში მატულობს, ჩვენ არ გვეჩქარება არსად. დრო? დრო მოვა და ხვალ ჩვენი ფეხის ნაბან წყალს დალევს, დიახაც!... რახან ამერიკელი ჩველი ვახსენეთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ-მ ყველაზე გულითადად მოგვილოცა გიორგობა. ისე რომ ყველა, ვისაც წინასაარჩევნო პერიოდში დონალდზე უკბილოდ გვიოხუნჯია, მისი ახალგაზრდობის თმის ფერივით შევიფაკლეთ უხერხულობისგან. მაშასადამე! ამერიკის ტრილიონიან ბიუჯეტის კანონში შავით თეთრზე ჩაიწერა ოქროს სიტყვები: ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს და უკრძალავს სხვებსაც, მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებს, რაიმე ფინანსური დახმარება განახორციალონ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. აქტში ისიც წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია. ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შენ შემოგევლე ბიძია-ბაბუა! გეკუთვნის ის ქალიც ცოლად და ამერიკის პრეზიდენტობაც ალალია! რა მარტივი ყოფილა უყვარული კაცის შეყვარება, საშენოს რომ იტყვის რამეს. დაფასება, გადაფასება და ჩამოფასება ძმები არიან, მააშ! ფსიქოლოგთა დასკვნით, ადამიანის გაცნობას სულ რაღაც 3–4 წუთი სჭირდება. მოკლევადიანი პირველადი შთაბეჭდილება 30 წამში იქმნება, ხოლო გრძელვადიანი - პირველ 4 წუთში. ჩვენ სრული 4 წლიანი კურსის მერეც ვერ ვცნობთ ერთმანეთს და ყველაფერს სუფთა ფურცლით ვიწყებთ საარჩევნო ურნასთან. იმის ოჯახი აშენდა, ვინც მაგ ყუთს „ურნა“ პირველმა უწოდა... გასულ კვირას რელიგიურ ექსტაზში მყოფმა ნაცურმა კარტელმა , სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ისევ სახალხო პანიკის ხერხს მიმართა - არიქა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფასიანი გახდაო ! მაგათ ტყუილს მოკლე კი არა, საერთოდ აღარ აქვს ფეხები... „კვირა პლუსმა“ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ქორწილის კადრები მოიპოვა. ვინ თქვა კობახიძე არ იღიმებაო?! კიდეც იღიმება, ვახტანგურებსაც სვამს, არღანზეც ქეიფობს, ცეკვავს, ხუმრობს და, შესაძლოა, მღერის კიდეც... მართალია, „კვირამ“ ჯერ ვერ მოიძია რით დასრულდა ქართული სექსმარკეტის სახე იუნა შაფათავას ერთ დროს ღიად დაფიქსირებული „ ინტერესი“ პარლამენტის თავმჯდომარის ტუჩების, მიბნედილი მზერის და „ჩёლьკის“ მიმართ, მაგრამ, არც ეგ დაიმალება, თუ დასამალი იქნა რამე... კიდევ იმის თქმა მინდოდა რომ, ზოგჯერ, შეთანხმების უნიჭო პროცედურით ნებისმიერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივის მკვლელობაც შესაძლებელია. კი ბატონო, დაუკარი შენი მუსიკა და აცეკვე ხალხი, ოღონდ ის მუსიკა თანამოსაუბრის საყვარელ სტილს ოდნავ მიუსადაგე და შედეგი არ დააყოვნებს. საქართველოში კონსტიტუციის საჯარო განხილვის მეორე ეტაპი დაიწყო, ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს კანონშემომქმედების მიერ, თუმცა „ხალხოსნური“ ნარატივის იდეა, მაინც შელახულიუფლებებითაცკმაყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნის. ასეა ბატონო, ამ ქალაქში კი არა, ამ ქვეყანაშია ყველაფერი დასწრებაზე. მოკლედ, პირველების ქვეყანაში პირველობის მეორე ეტაპი დაიწყო ქუთაისიდან და რაჭიდან სტარტი მიეცა პარლამენტის თავმჯდომარის „მოგზაურობას დასავლეთ საქართველოში“... ისე, მაგასაც თუ უნდოდა „მარგველაშვილების ექსკურსიაზე“, ეთქვა კაცო, რას გაბრაზდა? თბილისის მერის პასუხს მავანთა მორიგ ცილისმწამებლურ გამოხტომაზე - ,,აიღეთ ბარი და დარგეთ ხეები,ასე თუ შეგტკივათ გული"- მწისიერად გამოეხმაურა გარემოს დაცვის სამინისტროც და საქართველოს პარლამენტიც. „სუფთად ევროპისკენ“ აქციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის და მედიის წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, მუხის, ნეკერჩხლის და ფიჭვის 150 ნერგი დარგეს. ამ აქციაში , რატომღაც, არ მონაწილეობდა პარლამენტარი მაღრაძე. მაგას „სუფთად ევროპისკენ“ მარტო თუთუნის კვამლის სველი პირსახოცით დევნა ჰგონია. მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო ელის, როგორ დაეცემა გმირულად თამბაქოს ყანაში (ვიცით პლანტაცია რომ ჰქვია თამბაქოს დიდი რაოდენობით მოყვანის ადგილს, მაგრამ მაღრაძის შემთხვევაში, „ყანა“ უფრო უპრიანია.), ბრძოლის ველზე ქალბატონი პოლიტიკოსი მაღრაძე. აბა გუგულს არც ცრემლების სჯერა, არც მწეველების და არც ახლობლების. სულ გადაირია, სულ... როგორც სჩანს, სოლოლაკელი მოქალაქე, პარლამენტის მოქალაქე მაღრაძის პერსონალურ მონაცემებსაც კი გაერიდა, არათუ მასთან პირისპირ შეხვედრას, რამეთუ გუგულიც კი ცხვარდება, როცა აცხარებენ... სამაგიეროდ, განსაკუთრებული ხიბლი შემატა იმ „საბუნებისმეტყველო აქციას „ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის „შემოსწრებამ“. ქალბატონი ეკა „აბსულუტურად“ ამოვარდნილი იყო თავისი სამოსით კონტექსტიდან, თუმცა, კლასიკურ-რომანტიული სტილის ოცნების ფერმა „კოსწიუმჩიკმა „ ჟაბოებით და „ლოდოჩკა შპილკებმა“ ამ დღეს განსაკუთრებით საზეიმო ელფერი მისცა. რატომ იყო შემოსწრებული ქალბატონი ბესელია და არ იყო წინასწარ ინფორმირებული, ამაზე პარლამენტის ადმინისტრაციას „კომენტარი არ გაუკეთებია“. ჰოდა, ამის მერე მაინც დაიმახსოვრეთ, რომ ქალბატონ ეკასაც უყვარს ბუნება. ეგ რომ გადაგემოწმებინათ, აღარც მისი „შპილკებიანი“ ფოტოს გაქრობა მოგიწევდათ ვიღაცეებს იმ დღის ოფიციალური ფოტო-დაიჯესტიდან... სკოლებში დიდი დასვენება ბრუნდება! რა თქმა უნდა მინისტრის პირადი გამოცდილებისა და სასიამოვნო მოგონებების სრული და აქტიური მხარდაჭერით. როგორც იქნა, ჯეჯემ განათლებისთვისაც მოიცალა და ტუალეტის სუნით გამორჩეული სკოლები „დაბომბა“.. მოუწესრიგებელი საპირფარეშოს გამო სკოლის დირექტორის სამსახურიდან გაშვება, შესაძლოა, ვიღაცისთვის ძალიან უხერხულია, მაგრამ, ჩემი პირადი აზრით, ბავშვების ანტისანიტარიაში აღზრდა და „ღორული საქციელის“ ყოველდღიური თვალსაჩინოება უფრო უხერხულია. ამიტომ, კეთილი ინებეთ, გამოუყავით სკოლებს სველი წერტილების მოსაწესრიგებელი თანხები და მერე მგლის ბილეთით გაუშვით ყველა უუნარო. სახლიდან ხომ არ მოიტანენ დირექტორები გახეხილ უნიტაზებს? საპონს ან ტუალეტის ქაღალდს? თუმცა, არც იმ შემთხვევებს გამოვრიცხავ, დირექტორები საპნის მოხმარების უნარებს რომ ვერ ფლობდნენ სათანადო დონეზე. რახან საპირფარეშოების თემა აიწია, ბარემ კიდევ ერთ სიახლეზე მოგახსენებთ - მოძრაობა თანასწორობისთვის ახალი პეტიციით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს მიმართავს - არა საპირფარეშოების სქესობრივი ნიშნით დაყოფას!-ო „ვინაიდან ყველა ადამიანი თანასწორია მათ შორის სქესის განურჩევლად, იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს როგორც საკუთარი გენდერული იდენტობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ისე სად და როდის, ან ისარგებლოს თუ არა საპირფარეშოთი.“ - ციტატა პეტიციიდან. სავარაუდოდ, ეს იმ კატეგორიის მოთხოვნაა, რომ აღარ იცის სად წაასწროს საწინააღმდეგო სქესს ნახევრად ჩახდილი საცვლით. მოგეხსენჯებათ, მაგ დროს წინააღმდეგობის გაწევა არც ისე ზნეობრივი და ჰუმანურია. ნეტავ რომელ ინტრიგანს მოუვიდა თავში ერთ დღეს მსოფლიო ბეჭდური პრესის თავისუფლების და სიჩუმის საერთაშორისო დღის დაწესება? თუმცა, ჩვენ, მწერალი ჟურნალისტები ხომ ჩუმად ვწერთ, თუმცა, ხშირად ხმამაღლა გვკითხულობენ ან მოგვიკითხავენ... თუმცა, სათქმელი უნდა დაიწეროს - დროშიგაწელილი აუხდენელი ოცნებები უსასრულო პრელუდიას გავს, რომელიც ორგაზმით არ სრულდება, მითუმეტეს ორსულობით და ნაყოფით... რაც შეეხება პოტენციას, პოტენცია , ფიზიკის თვალსაზრისით, წნევის ძალის წინააღმდეგობაა გრავიტაციასთან. .. იმ ხალხს კიდევ შემიძლია გავუგო - არაყს რომ ლუდს აყოლებენ, მაგრამ ყავას რომ ჩაის დააყოლებ, ამის „გაპრავება“ მხოლოდ ფსიქოლოგიური გადახრით შეიძლება და მასეთებისგან ყველაფერს უნდა მოელოდე... კიდევ იმათი გაგება მიჭირს, ყოველ დღე ჩემს ეზოში რომ მოდიან და ჯართს იბარებენ, მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია არავის არაფერი ჩაუბარებია. თუმცა, ესეც ოპტიმიზმის ერთგვარი ფორმაა. რიცხობრივად კი ვმცირდებით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენთან სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა სარეკლამო პაუზების ხარჯზე. სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადებში ჯერ-ჯერობით ე.წ. გამოსასვლელი დღეებიც შედის. ნებისმიერი ორშაბათი კი ცხოვრების ფილოსოფიურად გააზრების დღეა. წარმატებული ორშაბათი და მშვიდობიანი ყავა ! კატო ჩულაშვილი
×
×
  • შექმენი...