"კავკასუს ონლაინი" საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს ყაზახური კომპანიების "ფოსტა-ტელეგრაფის" და "გაერთიანებული ტელეკომის" მიერ განხორციელებული ქმედებების გამო საქართველოს ინტერნეტის მომხმარებელთა 80%-ზე მეტი ინტერნეტის გარეშე დარჩება. "კავკასუს ონლაინს" აქვს ელექტროენერგიის რესურსი, რომ საქართველოს ინტერნეტი მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში შეუნარჩუნოს. ყაზახურმა კომპანიამ, რომელიც დღეს "ფოსტა-ტელეგრაფის" შენობას ფლობს, საქმიანობის პარალიზების მუდმივი მუქარის ქვეშ ამყოფებს ქართულ ინტერნეტპროვაიდერულ კომპანიას "კავკასუს ონლაინს", და აცხადებს რომ "კავკასუს ონლაინის" სერვერებს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს ა.წ. 10 აპრილიდან. საყურადღებოა ის გარემოება, რომ "კავკასუს ონლაინი" მის მიერ კანონიერად დაკავებულ ფართზე უკვე 2 თვეა ენერგობლოკადაში იმყოფება, დენი მიეწოდება მხოლოდ სპეციალურ სერვერებს, რომელთა გარეშეც ინტერნეტი გაეთიშება მთელს საქართველოს. "კავკასუს ონლაინმა" კანონიერი უფლებების დაცვა და დავის განხილვა სასამართლოში მოითხოვა. ამის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარეები, რომლებიც არაფრად დაგიდევენ ქართულ მართლმსაჯულებას და ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტებს, აპირებენ საკითხი ძალადობრივი გზით გადაჭრან. ყაზახური კომპანიების უკანონო მოქმედებებით, ინტერნეტი გაეთიშება არა მხოლოდ საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებელთა უმეტეს ნაწილს, არამედ სტრატეგიულ და სამხედრო დანიშნულების ობიექტებსაც. უმეტესი მათგანის პარალიზებას კი როგორც ეკონომიკური, ასევე, მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოყვეს. ერთ კვირაზე მეტია მეორე ყაზახური კომპანია "გაერთიანებული ტელეკომი" საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით არ ახდენს "კავკაsუს ონლაინის" დაშვების უზრუნველყოფას მის დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალურ ჭებში, რათა გლობალურ ინტერნეტ-ხაზებთან დამაკავშირებელი მაგისტრალის სარემონტო სამუშაოები განახორციელოს. დღეს ასეთი კავშირის განხორციელება სარეზერვო ხაზით ხდება, რაც კავშირის ხარისხის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს და არსებობს რისკი, რომ სარეზერვო ხაზმა ვერ გაუძლოს დატვირთვას და გლობალურ რესურსებთან დაკავშირება საერთოდ შეწყდეს. ანუ, ქვეყანა გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე დარჩება. ორი ყაზახური კომპანიის ერთობლივი და შეთანხმებული აქცია-დემარში, რომელიც ქართული ინტერნეტის გათიშვისკენ არის მიმართული, ეკონომიკური საბოტაჟისა და დივერსიული აქტის ნიშნებს შეიცავს, რომლის გამოსწორებასაც მომავალში, შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელი დასჭირდეს. "კავკასუს ონლაინი" მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, დაუყოვნებლივ მოიწვიოს საქართველოს უშიშროების საბჭო, რათა თავიდან იქნას აცილებული ქვეყნის ინტერნეტუზრუნველყოფის დანაშაულებრივი წყვეტისა და ეკონომიკური საბოტაჟის უმძიმესი შედეგები.