კვლიავი იზრდება ნესტიან მინდვრებზე, საძოვრებზე, მთის კალთებზე. გავრცელებულია მთაში. მისი გავრცელების ეკოლოგიური დიაპაზონი ზღვის დონიდან 1600მ სიმაღლემდეა. კავკასიაში კვლიავი გავრცელებულია შუა მთიდან სუბალპურ ზონამდე. დიდი მოთხოვნილების გამო ბევრი ქვეყანაში მისდევენ მის მოშენებას (ეგვიპტე, თურქეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, აშშ, მაროკო, რუსეთი ). კვლიავის ნაყოფები შეიცავენ ეთერზეთებს (3 - 7%), რომლის ძირითადი კომპონენტებია კარვონი და ლიმონენი; შეიცავს ასევე ცხიმოვან ზეთს(14 - 22%), რომელიც შეიცავს პეტროსელინის მჟავას; აღმოჩენილია ცხიმოვანი ნივთიერებები. კვლიავის ბალახი და ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს: კვერცეტინს, კემპფეროლს და იზორამნეტინს; აგრეთვე აცეტილენულ ნაერთებს პოლიინებს. კვლიავის ნაყოფებს ამზადებენ ივლის - აგვისტოში, როცა ქოლგა ყვავილედის ცენტრალური ნაწილის თესლები მომწიფდება, ხოლო განაპირა ნაყოფები ჯერ კიდევ დაუმწიფებელია. კვლიავის ღეროებს მოჭრიან და ძნებად შეკრავენ. თესლების დამწიფებისა და ნაყოფების გამოშრობის მიზნით ძნებს ტოვებენ მინდორში. უმჯობესია მოჭრილი ძნების გაშრობა ხის იატაკიან სათავსოში. გამოშრობის შემდეგ ნაყოფებს გალეწავენ, გაასუფთავებენ საცრის გამოყენებით. საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 2,5 ტონას. სამკურნალი ნედლეულს წარმოადგენს კვლიავის მწიფე ნაყოფები, რომლებიც მუქი - მურა ფერისაა. მომწიფებისას ისინი იხსნებიან ორ მერიკარპიუმად, რომლის სიგრძეა 3 - 7 მმ, სიგანე 1,5 მმ - ია, თესლი გარედან ამოზნექილია. შიგნით მხრიდან ბრტყელია. სუნი სუსტია, არომატული; გემო მშუშხავი მომწაროა, სურნელოვანი. კვლიავის ნაყოფები გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, მეტეორიზმის დროს, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორული აქტივობის, ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის გასაძლიერებლად. ნაყოფების ეთეროვანი ზეთი გამოიყენება სამკურნალო პრეპარატების არომატიზაციისათვის. კვლიავის ნაყოფებს გააჩნიათ სპაზმოლიზური აქტივობაც. უცხოელ ავტორთა ემპირიული მონაცემებით კვლიავის ნაყოფები აძლიერებენ დიურეზს და რძის სეკრეციას, ურეთრაზე მოქმედებს სპაზმოლიზურად და საშვილოსნოს შეკუმშვას თრგუნავს, ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას. გააჩნია ნაღვლმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება. საოჯახო პირობებში კვლიავის ნაყოფების წყლიანი გამონაწვლილი შემდეგი წესით მზადდება: 2 ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ თესლს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. გაცივების შემდეგ გაწურავენ და სვამენ დღის განმავლობაში. კვლიავის ნაყოფებს იყენებენ კვების მრეწველობაშიც, პურზე მოსაყრელად, კომბოსტოს დასამწნილებლად, ყველის დამზადებაში. მას იყენებენ ასევე ლიქიორისა და პარფიუმერიულ წარმოებაში. კვლიავი გამოიყენება ნედლი, ან გამხმარი, ხშირად კი დაფქული სახითაც. დაფქულს ძირითადად იყენებენ ისეთ კერძებში, რომელიც თბურ დამუშავებას არ მოითხოვს. ნედლს უმატებენ წითელ ჭარხალში, ცოცხალსა და დაწნილებულ კომბოსტოში, კარტოფილსა და სუპებში, სალათებში, ყველში, ძეხვეულში, შემწვარ ხორცში, ხაჭოში, თევზში (მოხარშულში), სტაფილოში, სოკოში, წვნიან საჭმელებში, ირლანდიურ გულიაშში. განსაკუთრებულ გემოს აძლევს კვლიავი შავ პურს. აი, ეს ამოვქექე ამ მცენარეზე