ნადირა ხოშარაული და ბახტრიონის ბრძოლა 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილეა ხევსური ნადირა ხოშარაული (“ბელადი ხოშორაული”), რომლის წინამძღოლობითაც ხევსურთ მონაწილეობა ბახტრიონის ციხე-სიმაგრის აღებაში. ხევსურული ანდრეზებით ხოშურაულები მცირე გვარი ყოფილან გორშეღმის ხეობაში და თავდაპირველად ბოსტანიგოს მდგარან, სადაც ისინი ბაცალიგოს მდგარ, ვინმე “ბაცას” შეუვიწროვებიან. მტრისაგან ძალმორეულ ხოშურაულებს ზეისტეჩოელი არაბულებისათვის უთხოვია დახმარება და ერთიანი ძალით ბაცა ბაცალიგოდან აუყრიათ. ერთი გადმოცემით “ხოშურაული არაბას უფროსი შვილი ყოფილა”, რომელიც ჯერ ბოსტანიგოს მდგარა, შემდეგ კი მისახში გადასახლებულა. მეანდრეზეთა თქმით ეს ამბები ხირჩლა ბაბურაულის დროს მომხდარა, მაგრამ უფრო ძველი უნდა იყვეს. ხოშურაულთა შთამომავლები დღეს არაბულებად იწერებიან. ის მოსაზრება, რომ “ხოშარაული” (ხოშურაული) წარმოშობით ფშავი სოფელ ხოშარადან არის მცდარია და იგი პირველად ნ. ხიზანიშვილმა (ურბნელმა) გამოთქვა, რაც შემდგომ განუსჯელად გაიმეორეს სხვებმა. თვით ვაჟა-ფშაველას “ხოშარაული” ხევსურია და ხევსურთა ლაშქრის წინამძღოლი. დ.გოგოჭურის კვლევით ნადირა ხოშარაულის მამა საღირი (საღირა) რქმევია და ბახტრიონის ბრძოლის ამსახველ ხალხურ გადმოცემებში მოხსენიებული “ნაიბის კარვის ხმლით ამჩეხი საღირიშვილი” იგივე ნადირა საღირისძე ხოშარაულია. თუმცა ზოგი მკვლევარის აზრით “საღირიშვილი” თუში ყოფილა და სახელად “მეტი” რქმევია. “მეტა”, “მეტაური” მართლაც გვხვდება ხალხურ ლექსებში: “თუში ვარ მე, მეტაური” (ვაჟა-ფშაველა) “...მეტა ოროლს სჭრის თავსაო” (ა. სანიძე). მაგრამ ეს სტრიქონები ეხება არა ბახტრიონის ბრძოლას, არამედ XVIII ს-ის ბოლოს თუშეთში ლეკთა ბელადის ნუცალის წინააღმდეგ ომს, რომელშიც მეფე ერეკლეს დროის სხვა ხევსურებიც იხსენიებიან. (ბლოელი მოლოდინა, ლიქოკელი პიხილაური, მსაველა და აბა ჩალხურები). ჯერ კიდევ უწვერულო ყმაწვილი ნადირა ხოშარაული არაგვის ერისთავების წინააღმდეგ ბრძოლებში გამოიწრთო. ბესარიონ (აბაის ძე) გაბური მას ხირჩლა ბაბურაულის, მარტია მისურაულისა და მამუკა ქალუნდაურის გვერდით იხსენიებს და “ზურაბის ლაშქრის ხელის შამაქცევრად” სთვლის. ბახტრიონის ბრძოლაში, რომელიც ზურაბ ერისთავის ფშავ-ხევსურეთში ლაშქრობიდან 25-30 წლის შემდეგ მოხდა, ნადირა ხოშარაული უკვე იმდენად გამოცდილი და სახელიანია, რომ ხევსურნი წინამძღოლად (“გამძღობარედ”) ირჩევენ და მიჰყვებიან. ნადირა ხოშურაული უთუოდ მონაწილე უნდა ყოფილიყო თეიმურაზ მეფის მიერ 1630-იანი წლებში თუშ-ფშავ-ხევსურთა ერთიანი ძალით მოწყობილი ქისტეთის ლაშქრობისა, როდესაც კახეთის მეფემ ძურძუკეთზე გავლით რუსეთის გზა გახსნა. თეიმურაზ მეფის ქისტეთში ლაშქრობის შემდეგ შუთ-ფშავ-ხევსურთა თარეშმა ჩრდილოელ მეზობლებთან რეგულარული ხასიათი მიიღო და ბევრმა იმ დროის სახელიანმა ვაჟკაცმა (თუსაკ ჩაჩუყეური, როსტომაული, ბაბურაული, ღარაქიშისძე...) იმდენად შეავიწროვა ქისტები, რომ ბეგარა-გადასახადიც კი დაადო. თუშ-ფშაველ-ხევსურთა ქისტებთან ლაშქრობები ზოგჯერ მარცხითაც მთავრდებოდა. მარცხის უმთავრესი მიზეზი იყო მათი დაქსაქსულობა და ცალკეულ წინამძღოლთა თვითნებური მოქმედება. ბახტრიონის (კახეთის) აჯანყებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა თათართაგან მოოხრებული ქართლ-კახეთის ბედი, თუ ბახტრიონამდე ქართლ-კახეთი მთლიანად სახების მიერ ჩამოსახლებულ თურქმენებსა და ყიზილბაშებს ეკავათ და მომიჯნავე ლეკთა სარბიელად იყო ქცეული, ბახტრიონის ბრძოლის შემდეგ კახეთში “თათარნი აღარსად იპოებოდნენ”-ო, წერს მემატიანე. სწორედ ამ დიდი ისტორიული მოვლენის გამო დავობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს ხალხური მთქმელები, რათა თავიანთი ხალხის გმირობა უფრო წარმოაჩინონ. თუმცა სამივეთ თანაბრადა და გმირულად უბრძოლიათ. (ხალხურ მთქმელთა რად გაგვიკვირდება, როდესაც თავად აკაკი წერეთელმა სცადა წარმოეჩინა იმერთა ვაჟკაცობა კახეთის აჯანყებისას). დამპტრობელთა წინააღმდეგ აჯანყებაში დუშეთში, ზურაბ ერისთავის ძმის ზაალის კარზედ დაიგეგმა. აჯანყების ხელმძღვანელებმა “შემოიფიცეს საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ-თუშნი”. “ხევსურეთ კაცი გაგზავნეს, ხევსურნი მაიწიანაო, ბელადი ხოშურაული, თანახმად გახდებიანო”. “...ჩვენ შავიყრებით ნაქერალს... იქ ლაპარაკი გვექნება თათრებთან ომობაზედა”-ო, აბარებენ თუშები ფშავ-ხევსურეთში გაგზავნილ კაცებს. მართლაც ფშავ-ხევსურნი ბორბალოზე გადასულან და ნაქერალზე მდგარ თუშთა ლაშქარს შეერთებიან. აჯანყებასა და ბრძოლას ორგანიზებული ხასიათი და მსვლელობა რომ მისცემოდა მთიელთა ჯარის სარდალს ზურაბ ზაალისძეს ნაბრძანები ჰქონდა თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქარი ერთ კაცს დამორჩილებოდა. ასეთად ზეზვა გაფრინდაული მიუჩნევიათ. მაგრამ ხევსურნი, რომელნიც ბრძოლაში თავად მეფეებსაც არ მორჩილებდნენ და ეუბნებოდნენ: “შენი სენ იცი მეფეო, ჩვენ ჩვენი გადაგხვდებისა”, არ დაეთანხმნენ გადაწყვეტილებას, ფშავლებს სთხოვეს შემოერთებოდნენ და ერთად დაელაშქრათ ბახტრიონის ციხე. ფშავლებმა უარი უთხრეს და თუშებს შეუერთდნენ: “უარს ეტყოდნენ ფსაველნი; ჩვენ რა გვაქვს თქვენთან ზიარი”. ლაშქართა თავკაცების სიტყვით გამოსვლისას და ხანგძლივი დავა-ბჭობისას, ზეზვა გაფრინდაულმა, რომელიც კარგად იცნობდა მომავალი ბრძოლის ადგილსა და მტრის მხარეს, სცადა ხევსურთა დაყოლიება და ლაშქარს თავისი გეგმა გააცნო, მაგრამ “უტ” ხევსურებს, რომელთაც არანაკლებ გამოცდილი და სახელიანი წინამძღოლი ჰყავდათ, თავისი მიზან-გეგმა ჰქონდათ: “როგორც რო ამბობს ზეზვაი, ჩვენ ეგრე არ გვწადიანო”. ზეზვამ, იცოდა რა ხევსურთა ხასიათი, გაახსენა რომ ხევსურნი სხვა დროსაც საერთო ლაშქართან შეუთანხმლებლობით ჯარს რევდნენ: “ჩადიან ალალბალობასა და ჯარს ეგენ გვირევდიანო”. ნადირა ხოშურაულმა, რომელიც ყმაწვილობიდანვე პარტიზანულ რაზმებში გურგენ ჭინჭარაულთან, ბერდია მამუკაურთან, ფუნჩია და გოგოთურ არაბულებთან ერთად ებრძოდა ქართლ-კახეთში მდგარ ყიზილბაშებს, გაჯავრებულმა იკითხა: “თუშთად რა გვიქნავ რიალი”-ო და განაცხადა: “თუშნ თუ არ გაგვიყოლებენ, ჩვენ ვიცით სად მიდიანო”. თანაც თუშთა ბელადი შეჯიბრებაში გაიწვია, თუ ვინ აიღებდა პირველი თათართა ხანის კარავს: “მუქარა იყვას, ზეზვაო, საც კარავს იცემდიანო”. ხევსურთა მოქმედებამ საერთო ლაშქარში მეტი კმაყოფილება გამოიწვია და ხევსურებს კატეგორიულად მოსთხოვეს უკავ გაბრუნებულიყვნენ: “სიტყვობდის გაფრინდაული: “ხევსურებ ნუ მადიანო”. ხევსურებს უკან გაბრუნება არც უფიქრიათ: “იწყინა ხოშურაულმა, დაბრუნვა არ მწადიანო”. საბოლოოდ გადაწყდა ბრძოლაში ხევსურთაც მიეღოთ მონაწილეობა: “გაჭირდას გამადგებიანო”. ნადირა ხოშარაულმა ხევსურები ცალკე გაიყვანა და ლაშქარი დაამშვიდა: “გზანი მეც ვიცი ხევსურნო, საც თუშებ ლაშქრობდიანო”. ხუმრობითაც ისიც კი უთქვამს: “კახეთის გზა მეც კარგად ვიცი, მარტო ჯამბარაობად რამდენჯერ ვარ ნამყოფიო”. თუშ-ფშავ-ხევსურთა, რომელთაც ძველი დროიდანვე, ძმობა და პირობა ჰქონდათ შეკრული (“შაიყარნიან ერთადა, ლაშარს პირობა შაკრიან, ნუ ვუღალატებთ ერთმანეთს, ჭდეებ დროშაზედ ჰყარიან”). ურთიერთჯიბრი მხოლოდ ბახტრიონის ბრძოლას არ გამომჟღავნებულა. იგი მოდიოდა კახეთის მეფე ლევანის დროიდან, როდესაც მეფემ ეკონომიკური გარიგებით ფშავლები და თუშები “მეამბოხე ხევსურებს” ჩამოაშორა. ბახტრიონამდე: “ამბობენ თუშნი, ფშაველნი ახვაში წასვლა გვწადიან, ხევსურებს ნუ გამავურევთ, ხათაბალას შვრებიანო”. ბახტრიონის შემდეგ: “... დაირიდნიან ხევსურნი, არ გვიდა თქვენი ჯარიო, უკენავ წაიყვანიდით თქვენი გუდანის ჯვარიო”. _ ეუბნებიან თუშნი, ფშაველნი და კარატის ჯვარის ყმა ლიქოკელნიც კი ხევსურებს თუშეთში ფარსმის ბრძოლის წინ. თუშ-ფშავ-ხევსურთა ძმობის ურთიერთრღვევა განაპირობა ზურაბ არაგვის ერისთავის ფშავ-ხევსურეთში ბრძოლებმაც, როდესაც თუშნი განზე გადგნენ და ზოგჯერ შუამავლის როლს ასრულებდნენ მხოლოდ. ფშაველ-ხევსურთა და თვით ხევსურეთის თემებს შორის დაპირისპირებამაც ზურაბ ერისთავის მიერ თრუსოში მოწყობილმა ლაშქრობამ გამოიწვია, რომლის დროსაც ფშაველ-ხევსურთა ნაწილმა განსხვავებული პოზიცია დაიკავა და თრუსოში ხევსურთა ერთი ჯგუფის ამოხოცვაც მათ დაბრალდა. მომავალი ბრძოლის მოლოდინითა და შურისძიების წყურვილით არ ეძინათ მთიელებს. შებინდებისას ზეზვამ მზვერავი მიაგზავნა ცალკე დაბანაკებულ ხევსურებთან. უკან მობრუნებულმა მზვერავმა მოახსენა: ფიჩხის კონებს კრავენ და სოლებს თლიანო. ნეტავ რად... უნდაო? _ გაჰკვირვებია თუშებს. ზეზვა გრძნობდა რომ ხევსურნი რაიმე უჩვეულოს მოიმოქმედებდნენ, კიდევ მიგზავნა მზვერავი. ნაბდები წაუხურავს და ცეცხლის ირგვლივ სძინავსო, _ დაუმშვიდებია მზვერავს ზეზვა. ეეგებ არ დაიძინებდესავ, _ უთქვამს ზეზვას. და მართლაც “არ ქნილა შუაღამეი, ხევსურებ დაპარულანო”. ხევსურებს კოცონის ირგვლივ შემოწყობილი ფიჩხის კონებისათვის ნაბდები წაეხურათ, თავად კი ღამის სიბნელეში სალაშქროდ გაპარულან. წამოუყრიათ ზეზვას ლაშქარი და მიჰყოლიათ ხევსურებს. “...თუშები კი ორ წყებად წამოვიდნენ; ერთი პანკისის ხეობაზე, მეორე _ ნაქერალზე, ალვანზე გავლით ბახტრიონში, ზეზვა იმ წყებას ბელადობდა, რომელიც პანკისის გზით გამოემართა...” (გ. ლეონიძე) პანკისის ხეობით წასული თუშები ბაწარის წყალს მისდგომიან, სადაც თათრებს ხიდზე ნაცარი დაეყარათ, თუშებს ცხენები უკუღმა დაუნალავს და ისე გაუვლიათ,. დაწინაურებულნი ხევსურნი ხის სოლებით ბახტრიონის ციხის გალავანზე გადავიდნენ და დაერივნენ თათრებს. ნადირა ხოშურაული სულთნის კარავს დასცემია, ხმლით აუჩეხავს და მოუკლავს კიდეც “თათრის ხანი”, თუმცა ბრძოლაში ხმალი გასტეხია. “ეხლა სადა ხარ ზეზვაო, ხევსურებ კარავს ჭრიანო, ნადირაის ხმლის ნამტვრევნი კარვის კართან ხყრიანო”. ნ.ხიზანიშვილი (ურბნელი) წერს, რომ სხვა ქართველებზე ადრე თუს-ფშავ-ხევსურნი დაეცნენ ბახტრიონის ციხეს, დალეწეს მისი სიმაგრენი, მაგრამ ერთმანეთს ეცილებიან, ან ეკამათებიან _ ჩვენ ავიღეთ ბახტრიონი და არა თქვენაო. “ერთის თუშურის ლექსისაგან ჩანს, რომ თვით ბახტრიონის ციხე მაშინ აიღეს როცა თუშები მიეშველნენ თანამოძმე ფშავ-ხევსურებს, მაგრამ თუშებმა _ კი გადაწყვიტეს საქმე...” (ნ. ხიზანიშვილი) “ფშავლები გალავანს გადადიოდნენ, ხევსურები მტრის კარვებს სჭრიდნენ, ზეზვა ამართული ხმლით აქეზებდა ლაშქარს”. (გ. ლეონიძე). თუშ-ფშავ-ხევსურთ ერთიანი ძალით აიღეს გახტრიონის ციხე, მიუხტნენ ალავერდშიც და მუსრი გაავლეს თათრებს. ხალხური მელექსე გამოყოფს ნადირა ხოშურაულის ვაჟკაცობას და ნიშნის მოგებით ამბობს: “ტყუილად იკლავ ზეზვაო, სახელზედ თუშო თავსაო, ხევსურმ ნადირამ გაჯობნა ნეიფზე ამტვრევს ხმალსაო”. უბრალო მთქმელი ვერ სწვდება გაფრინდაულის პიროვნების ისტორიულ მნიშვნელობას. უმთავრესი თავად ნადირა ხოშურაულის მიერ მეტოქის შეფასებაა: “იტყოდა ხოშურაული: ორი თუ ჯობდეს ზეზვასა... ზეზვაი გაფრინდაული კაი ვაჟკაცი არია...” ნადირა ხოშურაულს ვაჟკაცობისა და “თათრის ხანის” მოკვლისათვის ჯილდოდ (“სათაო”) ნადავლისად საუკეთესო ხმალი მიუღია. “მამკლავი თათრის ხანისა, სათოდ ამხლე ხმლისაო”. კახეთის აჯანყებაში მონაწილეობისათვის ხევსურთა ნაწილს ალვანში მამულებიც მიუღია (გადმოცემით უმეტესობამ იარაღი და დავლა არჩია). მაგრამ ამ მამულებით ხევსურნი ნაკლებად სარგებლობდნენ და ბოლოს დაჰკარგეს კიდეც, რაზედაც ხევსური მთქმელი საყვედურს გამოთქვამს: “ვერ ეპატონნეს ხევსურნი, თავის ალვანის წილსაო”. თავად ნადირა ხოშურაულის შთამომავლები 1914 წლამდე ამუშავებდნენ ბოძებულ მამულს ალვანში. დ.გოგოჭურის კვლევით ნადირა ხოშურაულს ჰყოლია ძმა გამახელა. თავად ნადირა “დაკარგულა”. მკვლევარი ვარაუდობს, რომ ხოშურაულიც ბახტრიონის აჯანყების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად უნდა დაესაჯათ ქართლ-კახეთის გამუსულმანებულ მეფეებს. ბახტრიონის ბრძოლაში დახოცილ ხევსურთა ახლობლებსაც ხოშარაულისათვის დაუდვიათ ბრალი. მოგვიანებით მის სარეაბილიტაციოდ უნდა იყვეს ნათქვამი: “ხოშურაული შავაქათ, აუგი რად ითქმისაო”. ნადირა ხოშურაულის გადატეხილი ხმალი, როგორც რელიქვია, გვიანობამდე ჰქონდათ მისახში ხოშურაულებს.