qristiani ორგანიზაცია 1. გარკვეული განზრახვების ან მიზნების მიღწევისათვის შექმნილი კოლექტივის ტიპი, რომელიც ხასიათდება წესების ფორმალური სტრუქტურით, ძალაუფლებითი ურთიერთობებით, შრომის დანაწილებით, შეზღუდული წევრობითა და წესებით. ცნება გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელობით: 1) სოციალური სტრუქტურის ელემენტი; 2) მოღვაწეობის სახე; 3) შინაგანი მოწესრიგებულობის ხარისხი და სხვ. ესენია: საქმიანი საწარმოები, სკოლები, საავადმყოფოები, ეკლესიები, ციხეები, არმია, პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და ა.შ. ერთი სიტყვით, ო. წარმოადგენს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ინდივიდების რაიმე სიმრავლის გამაერთიანებელი ურთიერთობების სისტემას. სოციალურ ურთიერთობათა მოდელი განსხვავდება სხვა სოციალური ჯგუფების – ოჯახის, მეზობლების ურთიერთობისაგან. ო.–ში ასოციაციის ფორმები, ჩველებრივ, ადამიანის ცხოვრების მხოლოდ ნაწილს იკავებენ. (გამონაკლისია ტოტალიტარული ო–ები). 2. სოციალური მოღვაწეობის ან მოქმედების ერთობლიობის რაიმე მიზნობრივი გაერთიანება. ამ აზრით იგი გულისხმობს აქტიურ კონტროლს ადამიანების ურთიერთობებზე. ამიტომ ხშირად ო–სა და ბიუროკრატიას სინონიმებად ხმარობენ, მაგრამ ეს მართებული არაა. თვით მ. ვებერიც წინააღმდეგი იყო მათი გაიგივებისა. საერთოდ კი ო. შეიძლება ხელმძღვანელობდეს ისეთი ნიმუშებით, რითაც ხასიათდება თანამედროვე ბიუროკრატია. უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინის ყველასათვის მისაღები განსაზღვრება არ არსებობს. მისი მნიშვნელობა იცვლება თეორიულ მიდგომებში განსხვავების შესაბამისად. ძირითადი პრობლემაა „ორგანიზაციის კულტურა“. ეს პრობლემა აისახება ფორმალურ და არაფორმალურ ო.–ებს შორის განსხვავებებშიც. პირველი მიეკუთვნება ოფიციალურ იერარქიასა და ძალაუფლების სტრუქტურებს, რომელთაც აქვთ მმართველობის დროებითი შუალედები, როგორც პირველად არის აღწერილი ფორმალური ო.–ის თეორეტიკოსების მიერ და მეცნიერული მენეჯმენტით; მეორე – ხერხებით, რომლებითაც ოფიციალური წესები ინერგება ან ემხობა დაქვემდებარებულთა მოქმედებით (და რომლებიც აღმოჩენილ იქნა ჰოუტორნის ადრეულ ექსპერიმენტებში). მაშასადამე, ო–ის არსებით ნიშნებად უნდა გამოვყოთ: 1) მიზნების არსებობა; 2) საზოგადოებრივ თუ სოციალურ–ძალაუფლებრივ ურთიერთობათა კონკრეტული განხორციელება; 3) სტატუსებისა და როლების ურთიერთობა; 4) როლებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი წესები; მიზნების, ამოცანებისა და ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილის ფორმალიზაცია. ო–ის მნიშვნელოვანი ფუნქციებია: ა) ინდივიდების ინტეგრაცია და სოციალიზაცია; ბ) ო–ის წევრთა მოქმედების მოწესრიგება და სოციალური კონტროლი მათი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებზე.