სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ემიგრანტებსა და სამშობლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. "საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. სამშობლო არ არის მხოლოდ ჩვენი მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ფესვები, აქ ტრიალებს დიდი მადლი", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის. "და რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს მცირერიცხოვანმა ერმა?!",-დასძინა ილია მეორემ. უწმინდესს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა თითოეული მოქალაქე უნდა შეესისხლხორცოს თავის სამშობლოს. "სამშობლოს ნაწილი უნდა იყო. სამშობლოს გარეშე არსებობა არ უნდა შეგეძლოს, რადგან აქ არის დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, აქ არის ქეთევანი, ვაჟა, ილია, აკაკი. აქ არიან ჩვენი წინაპრები. აქ არის ჩვენი ფესვები", - ბრძანა პატრიარქმა. მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი წასულია უცხოეთში და ის არ არის დარწმუნებული, რომ ყველანი დაბრუნდებიან. "ლუკმა-პურისთვის არ უნდა დატოვოს ადამიანმა სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. კარგავს ჩვენი წინაპრების მფარველობასა და ლოცვას", - აღნიშნა პატრიარქმა. უწმინდესს ასევე მიაჩნია, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა თაობის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა, რადგან ახალგაზრდები ჯერ კიდევ არ არიან განმტკიცებული საკუთარ სულიერებაში და შესაძლოა უცხოეთში წასვლამ მათ ზიანი მოუტანოს. "ვისაც შრომა უყვარს, ის აქაც იშოვის ფულს. სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა. უფალი ლოცავს და გაამთლიანებს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლორთქიფანიძეების, ჯიქიებისა და მაღრაძეების გვარი დალოცა. ასევე, უწმინდესმა დალოცა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლები. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/146389-patriarqma-emigrantebsa-da-samshoblos-mnishvnelobaze-iqadaga.html მიუხედავად იმისა,რომ დიდ პატივს ვსცემ პატრიარქს და სამშობლოსთვის ზრუნავს მაინც ვერ გავიზიარებ მის ამ აზრს. შეიძლება იმიტომაც,რომ პირადათ მე და ჩემსნაირებს გვეხება და მშიერ ადამიანს სამშობლოს სიყვარულს ვერ მოსთხოვ.რაც შეეხება ახალგაზრდობას,სასწავლებლად ოცი წლის ასაკში მიდიან დასავლეთში და თუ მაგ ასაკში აზროვნება არა აქვს ჩამოყალიბებული ადამიანს,ვერც ვერასოდეს ჩამოუყალიბდება მომავალში.