ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს 10 ათას დოლარიანი კომპენსაციით აკმაყოფილებენ . სოფელ აჩაბეთიდან დევნილმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ მას განაცხადის დაწერას სთავაზობენ. პარასკევს ლტოლვილთა სამინისტროს კომისია განიხილავს საკითხს და ორშაბათისათვის 10 ათას დოლარს მისცემენ. მისივე განცხადებით, აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 10 ათას დოლარს აძლევდნენ, და შესაბამისად, არ აუღია. დევნილის თქმით, ამ თანხით, გორის რომელიმე სოფელში, შესაძლოა, პატარა სახლი იყიდოს. მისივე თქმით, ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფების ყოფილ შენობაში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სულ სამი ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმეა კოდორის ხეობიდან, დანარჩენი კი აფხაზეთის დევნილები არიან. ლტოლვილთა სამინისტროც ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის შედეგად დევნილ ყველა ოჯახს 10 ათას დოლარს აძლევენ და ვისაც არ აუღია ეს თანხა, განცხადება უნდა დაწეროს.