"კავკაზუს ონლაინმა" 10 აპრილს რუსთაველის #31-ში მდებარე ფართი უნდა გაათავისუფლოს. ინტერნეტ-პროვაიდერ "კავკაზუს ონლაინმა" 10 აპრილს რუსთაველის #31-ში მდებარე ფართი უნდა გაათავისუფლოს. კომპანიის ოფისს იმ დღესვე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შენობის მესაკუთრე შპს "საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის" ადმინისტრაციიდან აცნობეს, არაერთგზის მცდელობამ კონსენსუსის საფუძველზე გადაჭრილიყო კომპანიებს შორის წამოჭრილი პრობლემა, რომელიც შეეხება საიჯარო ქირის შესაბამისობაში მოყვანას უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ფასებთან, შედეგი ვერ გამოიღო. "ამაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შპს "კავკაზუს ონლაინის" ხელმძღვანელობას. მხარეთა შეუთანხმებლობას მოჰყვა ის, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან შპს "კავკაზუს ონლაინს" შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და იგი ვალდებულია გაათავისუფლოს მის მიერ რუსთაველის გამზირი #31-ში მდებარე შენობაში იჯარით აღებული ფართები", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. "საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება გარკევული პრობლემები შეუქმნას "კავკაზუს ონლაინის" აბონენტებს, რისთვისაც მათ ბოდიშს უხდიან. "დამდგარ შედეგზე ვიხსნით პასუხისმგებლობას, რადგან პასუხისმგებლობა ეკისრება ინტერნეტ-პროვაიდერის ხელმძღვანელობას, რომელმაც უარი განაცხადა რეალურ დიალოგზე წამოსულიყო", - აცხადებენ შპს "საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრში".