Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი ირმა ბერიშვილი -ს მიერ

  1. ირმა ბერიშვილი
    (ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი, რომელიც ბიჭებმა ხელს გამოაყოლეს)
     
    ძაღლთაპირი ის სიტყვაა, რომელიც ყველას გაგვიგია და ალბათ, ყველას შეგვხვედრია ისეთი ადამიანიც, ვისაც ასე დავახასიათებდით.
    მეც ბევრი უგვანი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ არავის ისე არ მიესადაგება ეს სიტყვა, როგორც თენგიზ კიტოვანს. ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა მასზე, მაგრამ ის, რაც მე უნდა ვთქვა, მგონი არავის უთქვამს.
    დღეს თავი გმირად რომ მოაქვს და ბედავს კიდეც, ვინმე ხმამაღლა დამოძღვროს, ეს იმის ბრალია, მისთვის მთელი თავისი ავკაცობა თავიდან ბოლომდე რომ არავის შეუხსენებია და იმის ნაცვლად, დანაშაულის ფაქტები დაულაგონ წინ და პასუხი აგებინონ, ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენების შეფასებას თხოვენ. ვითომ დიდი ექსპერტი იყოს, არადა, თუ რამე გაეგება, ეს ქვეყნის დანგრევა-დაქცევაა, ამ დარგის ექსპერტობას მას ვერავინ წაართმევს.
    ვისაც 90-ანი წლების თბილისი გახსოვთ, ამის დაჯერება არ გაგიჭირდებათ.
    იმ წლების თბილისზე საუბარი სხვებისთვის მიმინდვია, მე კი იმ 1992 წელზე მინდა ვთქვა, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობამ გამოირა. თუმცა კი, ამდენი წლის მერეც ძალიან მიმძიმს იმ პირქუში, უსახური და ტკივილით სავსე პერიოდის გახსენება. დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იცხოვრა სამეგრელომ სრულ ტერორში, განსაკუთრებული რეჟიმის ქვეშ კი ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონის მკვიდრები მოვხვდით. ეს იყო შიშის და სიავის ექვსი თვე, ეს იყო სასჯელი, რომელსაც ვიხდიდით, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგრელები ვიყავით, ყველა მეგრელს კი ზვიად გამსახურდიას იდეურ მხარდამჭერად და შესაბამისად ქვეყნის მტრად მიგვიჩნევდა ძაღლთაპირი შევარდნაძე-იოსელიან-კიტოვანი. ამიტომაც მოგვისიეს თავიანთი ბანდები მშიერი მგლებივით...
    ნახევარი წელი პარალიზებული იყო ყველა სამსახური, არავინ და არაფერი მუშაობდა, სკოლები და ბაგა-ბაღებიც კი დაიხურა. ისედაც გამოცარიელებულ მაღაზიებს არავინ აღებდა, რადგან თუ სადმე რამე შემორჩა, იმათაც შეიარაღებული პირები ესხმოდნენ თავს. 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი იწყებოდა და გარეთ ცხვირს ვერავინ ჰყოფდა, თუმცა მანამდეც, სოფლის ორღობეებსა და ჩიხებში თუ ნახავდი ვინმეს, ცენტრალური ქუჩებზე გასვლა ყველას ეშინოდა. ყველანი ჩვენს ეზოებში ვიყავით ჩაკეტილი. საკუთარ სახლებშიც კი ფეხაკრეფით დავდიოდით და ერთმანეთს ხმადაბლა ველაპარაკებოდით, შიშმა დაგვიმონა... სოფლის ცენტრში დაბანაკებული, კბილებამდე შეირაღაბეული და დაუნდობელი უცხო პირების შიშმა. ჩემი სოფელი, ლია, წალენჯიხის რაიონში ერთ-ერთი საკმაოდ დიდი და ხალხმრავალი სოფელია. ვიდრე ჯაბას და კიტოვანის „ბიჭები“ თავს დაგვესხმოდნენ და ლამის სახლებში ჩამოგვისახლდებოდნენ, მანამდე ჩვენთან სიცოცხლე ჩქეფდა. მოსახლეობა სამსახურებში მიდი-მოდიოდა, ბაღი და სკოლა ბავშვებით იყო სავსე, სოფლის „ბირჟაც“ არ უჩიოდა ხალხის სიმცირეს. ჩვენს დიდ „ფურნეშიც“ დღეში სამჯერ ცხვებოდა ფუმფულა, გემრიელი, გვერდებშეპიწკინებული პური. მახსოვს, სვანეთისკენ მიმავალი ყველა მანქანა ჩერდებოდა ფურნესთან და სამ-სამად შეტყუპებული ცხელი პურები მიჰქონდათ ლიიდან. სოფლის „დაბყრობის“ მერე ფურნის პატრონს საჭირო ინგრენდიენტები მოაკლდა და შესაბამისად, უკვე დღეში მხოლოდ ერთხელ აცხობდნენ პურს, რაც ამხელა სოფელს არ ჰყოფნიდა, ამიტომ, ყოველდღე ხანგრძლივ რიგში დგომა გვიწევდა. გამოცხობის დრო ვიცოდით და რიგში ჩასადგომად ქალები, ბავშვები ან მოხუცები მივდიოდით. ახალგაზრდა მამაკაცებს ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებოდათ. თუ ვინმეს რამე აუცილებელ საქმეზე უწევდა სახლიდან გასვლა, ქუჩაში შემხვედრთან გამოლაპარაკების უფლება არ ჰქონდა. ორი ან სამი ადამიანი ერთად არ უნდა მდგარიყო. რამდენიმე ადამიანის ერთად დგომა უკვე „მიტინგს“ ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ მომხვდურებს და ეგრევე ავტომატის ლულას მოგიშვერდნენ. მხოლოდ პურის რიგში დგომას არ გვიშლიდნენ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ქალები, ბავშვები და მოხუცები ვიკრიბებოდით და როგორც ჩანს, ჩვენი არ ეშინოდათ. ზამთრის ერთ ცივ და ნაცრისფერ დღესაც, ფურნესთან ასე, ორმოცდაათამდე ადამიანი მოვგროვდით და ჩვეულებისამებრ, ხმაგაკმენდილი ველოდით პურის გამოცხობას, რომ უცებ ჩვენს წინ, მთავარ გზაზე ფანჯრებიდან ავტომატის ლულებგამოშვერილი სამხედრო ვილისი გაჩერდა. მანქანიდან შავებში ჩაცმული, შავ წვერ-ულვაშიანი მამაკაცი გადმოვიდა, წელზე ტყვიებით სავსე ფალასკა ეკეთა, ფალასკაზე მარცხენა მხარეს ყუმბარა ეკიდა, მარჯვენა ფეხზე, სპეციალურ სამაგრში დანა ჰქონდა გარჭობილი, მხარზე კი ავტომატი გადაეკიდა. მოგვიახლოვდა და აქ რა ამბავიაო, მრისხანე სახით იკითხა.
    -პურს ველოდებით!- გასცა რომელიღაცამ პასუხი.
    - ამდენი ხალხი რატომ ელოდებით, ვინ არის ამ შენობის პატრონი, რა გინდათ აქ, რას მოგროვილხართ?! - იყვირა და ავტომატი ხელში მოიმარჯვა.
    არ ვიცი, სხვებმა რა იგრძნეს იმ მომენტში, მე კი მახსოვს, არ შემშინებია, მის მიმართ აუტანელმა ზიზღმა და ბოღმამ შემიბყრო.
    მის ყვირილზე დაფეთებული ფურნის პატრონი გარეთ გამოვიდა და ხმის კანკალით აუხსნა, რომ ფქვილის მარაგი ეწურებოდა და არც მაზუთი ჰქონდა, რომელიც საცხობის გასახურებლად იყო საჭირო, დღეში ერთხელ ცხვებოდა პური და ხალხიც ამიტომ გროვდებოდა.
    -ვერ ამოხვალ მერე ჩემთან? - თვალები დაუბრიალა შავებიანმა, ისედაც შიშისგან დაპატარავებულ მეფურნეს.
    - მე შავგოგია ვარ, ჯვარის კომენდანტი, აქაურობას მე განვაგებ და მიფრთხილდით. - გადმოგვხედა ყველას სათითაოდ. - შენ კი, ხვალვე ამოდი ჩემთან, ჯვარში, გავარკვიოთ ამ საცხობის ამბავი.
    - კი, ბატონო, კი, ბატონოო. - ჩაილუღლუღა საწყალმა, შავგოგია კი მხრებში მედიდურად გაშლილი გაემართა მანქანისკენ.
    ის იყო, კარი მიხურა და უნდა დაძრულიყვნენ, რომ ვერ მოვითმინე, ვერ შევძელი გულგრილად, ხმის ამოუღებლად გამეშვა, ნაბიჯი წავდგი და წინ - წყალი და უკან - მეწყერი-მეთქი, მივაძახე.
    ვიგრძენი, რიგში მდგომმა ხალხმა როგორ შეწყვიტა სუნთქვა და ერთ ადგილას გაქვავდა. მღელვარებისგან მეც ყელი გამიშრა.
    უცებ, ვიღაცამ ქურთუკის სარტყელზე ჩამავლო ხელი და სიღრმეში შემათრია. ამასობაში, შავგოგია ვილისიდან გადმოვიდა, გაოცებისგან შუბლზე ასული თვალებით შეგვათვალიერა და კბილებში გამოცრა: აბა, რომელმა გაბედეთ და მომაძახეთ რაღაცო? წინ სულ ასაკოვანი ქალები იდგნენ და ადვილი მისახვედრი იყო, რომ ის ხმა მათ არ ეკუთვნოდა, ამიტომ ხალხის სიღრმეში დაიწყო დამნაშავის ძებნა. უცებ ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა... 19 წლის გოგომ, სიკვდილივით შავ კაცს, ჯიქურ გავუსწორე თვალი, უკვე მზად ვიყავი, საკუთარი ხელებით მიმეხრჩო, მზად ვიყავი, გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ მე მივაწყევლე, ოღონდ კი დანარჩენებისთვის არ ევნო. სულ რაღაც წამები გაგრძელდა ეს დუელი.არ ვიცი, რა იგრძნო, რას მიხვდა, რა იფიქრა, მაგრამ იმ რამდენიმე წამის მერე, ყველასთვის მოულოდნელად, უხმოდ გატრიალდა და წავიდა.
    მისი მანქანის ხმა რომ მიწყდა, მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქეს შეკრებილებმა. ის, ვინც, შავგოგიას მომარიდა გაოგნებული მიყურებდა და ეს რა ქენი, ეს რა ქენიო, იმეორებდა ანგარიშმიუცემლად, დანარჩენებმა კინაღამ ჩამქოლეს, იმ საფრთხის გამო, რაც მათ სიცოცხლეს შევუქმენი... იმ მომენტში მათზე კი გავბრაზდი და სულ მორჩილები და მონები ვეძახე გულში, თუმცა წლების შემდეგ, რამდენჯერაც ეს ამბავი გავიხსენე, იმდენჯერ დამასხა ცივმა ოფლმა, მართლა როგორი რისკის ქვეშ დავაყენე ყველა?
    დღემდე არ ვიცი, რატომ შებრუნდა შავგოგია მაშინ და ისე უსიტყვოდ რატომ წავიდა, ის კი ვიცი, რომ ჯვარში დიდხანს არ უკომენდანტია, მალე სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ აიღო იქაური მეთაურობა. ასეც ხდებოდა, ერთმანეთსაც ეხმოდნენ თავს, ერთი დაჯგუფება მეორეს ძალის გამოყენებით ცვლიდა, ერთამენთსაც ხოცავდნენ და ნაალაფარასაც ართმევდნენ. მსგავსი ფაქტი ჩვენს სოფელშიც რამდენჯერმე მოხდა. ღამე სოფლის ცენტრში ინტენსიური სროლა თუ ატყდებოდა, ვხვდებოდით, უკვე გაშინაურებულებს ახალი მოსულები დაესხნენ თავს და მართლაც, მეორე დღეს ვიგებდით, რომ სოფელს სულ სხვა „სასტავი“ აკონტროლებდა.
    ღამე ატეხილი სროლების მიხედვით, იმასაც იოლად ვადგენდით, რომელ ოჯახს აყაჩაღებდნენ. თითქმის ყველა ქუჩაზე იყო ხალხი, ვინც სხვაზე უკეთ ცხოვრობდა და იმ ქუჩიდან თუ ისმოდა ავტომატის კაკანი, ადვილი მისახვედრი იყო, ვინც იქნებოდა მსხვერპლი. იმ შეძლებული ოჯახების კოორდინატებს კი, მიხვდებით ალბათ, მომხვდურებს ადგილობრივი „ტურები“ აძლევდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით იმ ოჯახებს ექცეოდნენ, ვისზეც ხმა მისდიოდათ, რომ „ზვიადისტები“ იყვნენ და გაზეთიდან ამოჭრილ ზვიად გამსახურდიას სურათს ინახავდნენ სახლში ან მისი სადღეგრძელო ჰქონდათ ნათქვამი.
    წალენჯიხაში იყო ხალხი, ვინც ეროვნული მოძრაობის იდეებს აქტიურად იზიარებდა, ვინც მანამდე არსებული რაიონული გაზეთის „კომინიზმის დროშით“ ნაცვლად გამოუშვა გაზეთი, „წალენჯიხის სამრეკლო“. ოთხგვერდიან გამოცემაში პატრიოტულ ლექსებთან ერთად ისეთი სტატიები იბეჭდებოდა, მოსახლეობას ქვეყნის სიყვარულისკენ და თავდადებისკენ რომ მოუწოდებდა. სწორედ ამ გაზეთის დამფუძნებლებსა და მათ მხარდამჭერებს ეძებდნენ, როგორც ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს. მათი ოჯახების დაწიოკება და დაპატიმრება იყო ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც მაშინ მხედრიონის წევრებმა წალენჯიხაში ითარეშეს. საბედნიეროდ, ვისზეც ასე დაგეშილად ნადირობდნენ, ზოგი ტყეში, ზოგი - ქვეყნის გარეთ გაიხიზნა, რითაც ლიკვიდაციის საფრთხე აიცილეს თავიდან, სამაგიეროდ მათი ოჯახები გაძარცვეს პირწმინდად და მერე დაწვეს და გაანადგურეს. თუ არ წვავდნენ, სადაც შედიოდნენ, სახლების მოოხრების შემდეგ ქვაბებში ისაქმებდნენ... დიახ, დიახ, არაფერს ვიგონებ, ექსტაზში ჩავრდნილები ქვაბებსა და მაგიდაზე ისაქმებდნენ, ცხოველებივით.
    იგივე ხდებოდა ზუგდიდსა და მის რაიონებშიც, სადაც ადამიანთა მსხვერპლიც დიდი იყო.
    კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გავიმეორებ, მხოლოდ იმიტომ, რომ კიტოვანის და იოსელიანის აზრით ყველა მეგრელი ზვიადისტი იყო, ხოლო ყველა ზვიადისტი - ქვეყნის მტერი და მოღალატე, ჩვენი განადგურება და დამონება ჰქონდათ გადაწყვეტილი. მართალია ვერ დაგვიმონეს, მაგრამ მატერილურად გაგვანადგურეს, გაგვძარცვეს, დაგვაყაჩაღეს, წლობით ნაგროვები ქონება წაგვართვეს...
    მერე, წლების მერე, აწ დიდუბეში „დავანებულმა“ მთავარმა ყაჩაღმა თქვა, დიდი ამბავი, თუ ჩემმა ბიჭებმა ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი გამოაყოლეს ხელსო...
    ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორიო...
    ზუგდიდში, მარტო ერთი ოჯახიდან რა ქონებაც აქვთ წაღებული, რომ აღვწეროთ, დღეს იმ ვალს ვერც კიტოვანი და ვერც იოსელიანის მოდგმა გადაიხდის. მათ მიმდევრებს, განსაკუთრებით დოდო გუგეშაშვილს იქნებ ახსოვს კიდეც ის ოჯახი, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც თვეობით იყვნენ დაბანაკებული ის და მისი დამქაშები. ოჯახი, რომლის დიასახლისსაც სამი მცირეწლოვანი შვილის თვაწლინ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თუ ოქროულობას არ გამოიტანდა და რომელმაც საკუთარი ხელით ჩააბარა მათ ოჯახის განძი, თავისი შვილების ნათლობის ჯვრები კი, ოქროს ჯაჭვებითურთ საკუთარი ხელით გაუკეთა მხედრიონელებს კისერზე.
    იმ ოჯახს ახლა ძალიან უჭირს, მარჩენალდაკარგულია და ის დიასახლისი ობოლ შვილებს მარტო ზრდის.
    იქნებ ქალბატონ დოდოს გაუჩნდეს სურვილი, წლობით დაგროვილი ვალი გადაუხადოს ან სხვა მხედრიონელებს, ვინც მათი ქონება წამოზიდა ზუგდიდიდან (თუ აქამდე არ გაუცხიათ სული და ჯოჯოხეთის ცეცხლში არ იწვიან), იქნება წარსულის ცოდვების მონანიების დრო დაუდგეთ?
    დამიჯერეთ, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, ზღვაში წვეთია იმ სიავეებთან შედარებით, რაც მაშინდელი სამხედრო საბჭოს წევრებს აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
    საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგვე გაილაშქრეს მათ აფხაზეთშიც. დიახ, ჯერ სამეგრელო მოითარეშეს, ყიზილბაშებივით და მერე აფხაზეთს შეესივნენ...
    მახსოვს, სოხუმისკენ დაძრულ სამხედრო კოლონას წინ სწორედ კიტოვანი მიუძღოდა. ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე გამოსულმა ქალბატონმა მის დანახვაზე, პირჯვარი გადაიწერა და ღმერთს შეთხოვა, ღმერთო, ცოცხალს ნუ დააბრუნებ იქიდანო. კიტოვანმა ღიმილით დაუკრა თავი. მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ეს ჟესტი, მერე კი, დრო რომ გავიდა, ეს ეპიზოდი თავადვე გაიხსენა.
    როცა საუბარი აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანის მიზეზებს ეხებოდა, ერთ-ერთი მორიგი თავის მართლებისას, კიტოვანმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მიესალმებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ სამეგრელოში ხალხი პირჯვრისწერით გზას გვილოცავდა აფხაზეთისკენ ომშიო.
    ახლა მინდა გავაგებინო, პატივცემულ გვამს, გზას კი არ ულოცავდნენ, პირიქით, წყევლიდნენ და პირჯვრისწერით ღმერთს მის არდაბრუნებას შესთხოვდნენ მეგრელები, ვინაიდან, კარგად ხვდებოდნენ, რისთვისაც მიდიოდა იქით ძაღლთაპირი კიტოვანი და რა მიზნით გაჰყვა მას უკან, უფრო უარესი ძაღლთაპირი ჯაბა იოსელიანი.
    ყველას ვერ მოვხარშავ ერთ ქვაბში, ვიცი ხალხი, ვინც 1992-93 წლებში მართლა სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ როგორ დავივიწყო საკუთარი თვალით ნანახი და ყურით გაგონილი სულ სხვა ამბები? მათგან მხოლოდ ერთს მოვყვები და დავამთავრებ.
    1992 წელს უმაღლეს სასწავლებელში, ქუთაისში ჩავაბარე. უბანს, სადაც ვცხოვრობდი, „ზასტავას“ ეძახიან. ჩემს კორპუსში ერთი ოჯახი ცხოვრობდა, რომლის ახალგაზრდა უფროსი მხედრიონელი იყო და ქალაქში ავტომატით დადიოდა. ოჯახის დიასახლისს, იქვე, ორას მეტრში მდებარე ბაღში დაჰყავდა ბავშვები და სახლიდან გასვლისას, ხან ერთი ცხოველის ძვირფას ბეწვის ქურქს იცვამდა, ხან - მეორისას, რის გამოც მეზობლები ზურგს უკან დასცინოდნენ. როცა მათი ქილიკის მიზეზით დავინტერესდი, მითხრეს, რომ ვიდრე ოჯახის უფროსი მხედრიონში გაწევრიანდებოდა, ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. მერე კი, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, პაატა (ასე ერქვა იმ მხედრიონელს, გვარს არ ვიტყვი, დავზოგავ მაინც) პირველივე დღეებში წასულა იქ და მალევე მობრუნებულა, ოღონდ, არა - ხელცარიელი, პირიქით, საკუთარ სადარბაზოსთან დიდი კონტეინერი მოუყენებია, რომლის საბარგულიდან ავეჯით დაწყებული, ჭაღებით და ჭურჭლით დამთავრებული, სულ ძვირფასი ნივთები გადმოულაგებია. მეორედ უკვე „ბეტეერით“ ჩამოუტანია აფხაზეთიდან სხვადსხვა ნივთი, მათ შორის ტანსაცმელიც და ის სამი ქურქიც... დღისით, მზისით, ყველას დასანახად.
    მას მერე კი სულ ქუთაისში იყო, არსად წასულა ანუ აფხაზეთში წავიდა ომის დაწყებისთანავე, ჩამოიტანა ნაალაფარი და მისი „ომიც“ ამით მორჩა. არადა, ეს იყო 1992-93 წლების გასაყარი, როცა აფხაზეთში ჯერ კიდევ ქარ-ცეცხლი ტრიალებდა.
    ამ მხედრიონელის სადარბაზოშივე ცხოვრობდა 50 წელს გადაცილებული სვანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ემხრობოდა. შესაბამისად, მას და მხედრიონელ მეზობელს ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, რომელიც ერთ დღეს იარაღის მოშველიებამდე მივიდა და რომლის მომსწრეც თავად გავხდი.
    მახსოვს, როგორი გაცეცხლებულები იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და როგორ ვერ ბედავდა მათ სიახლოვეს მისვლას ვერავინ. მერე გაშველებაში პაატას ცოლ-შვილი ჩაერია და სვანმაც უკან დაიხია, ოღონდ ეგ უთხრა, შენ რომ კაი კაცი იყო, აქ კი არ ივლიდი მაგ იარაღით, აფხაზეთში იბრძოლებდიო და ჰოი, საკვირველებავ, საკუთარი ყურით მოვისმინე მხედრიონელის პასუხი, რომელმაც ფეხქვეშ მიწა გამომაცალა: აფხაზეთში ახლა შენისთანა სულელები იბრძვიან და შენ წადი! ჩემი გასაკეთებლი რაც იყო, მე უკვე გავაკეთეო...
    ვიცი, ზოგიერთი სეპარატისტი აფხაზი წლების განმავლობაში იძენდა და ინახავდა იარაღს, ოდესმე ქართველების წინააღმდეგ რომ გამოეყენებინა, მაგრამ ვიცნობ ბევრ ისეთ აფხაზს, რომელთაც იარაღი სპონტანურად აიღეს ხელში, რათა თავი იმ მოთარეშე ჯგუფებისგან დაეცვათ, მანამდე სამეგრელო რომ ააოხრეს. პირადად მილაპარაკია მათთან ამ თემაზე და რამდენს უთქვამს, ნამდვილად არ გვეგონა, კიტოვანის და იოსელიანის ბანდიტების შემოსევა ასეთ მასშტაბურ ომში თუ გადაიზრდებოდაო. ვფიქრობდით, სამეგრელო რომ ააოხრეს და გაძარცვეს, ისე უნდოდათ ჩვენი აოხრება და გაძარცვა და ამის უფლება რომ არ მიგვეცა, ოჯახები დაგვეცვა და ჩვენი ქონება მათთვის არ გაგვეტანებინა, ამიტომ მივედით შტაბში და იარაღი მოვითხოვეთო. როცა იარაღი ავიღე, ზუსტად მახსოვს, რომ მაშინ არანაირ დამოუკიდებლობაზე არ მიფიქრია, ჩემი და ჩემი ახლობლების მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ შეიარაღებული ჯგუფები განგვედევნა აფხაზეთიდან და მერე ისევ ისე გვეცხოვრა ქართველ მეზობლებთან და ნათესავებთან ერთად, როგორც მანამდეო. არადა რა მივიღე, არც დამოუკიდებელი ვარ და არც ქართველი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები მყავს გვერდით, ვინც ძალიან მიყვარდა, პირიქით, ერთმანეთს მტრად მოვეკიდეთ და კი გავიძახით, რომ ომი მოვიგეთ, მაგრამ მე პირადად ამისთანა მოგება არაფერში მჭირდებაო.
    ახლა მითხარით, ამიხსენით და დამიმტკიცეთ ვინმემ, რომ კიტოვან-იოსელიანის შესვლა აფხაზეთში სწორი და საჭირო იყო მაშინ, თორემ მათი ჯიშის და მოდგმის მაწყევარი ვიქნები სიკვდილამდე.
    ძაღლთაპირ კიტოვანს კი ვეტყვი, უარესი გვეკუთვნის შენგან, დღემდე რომ დაუსჯელი დაგტოვეთ შენც და შევარდნაძეც, იმიტომ; მესამე ძაღლთაპირი კი პანთეონში რომ დავასვენეთ, იმიტომ...
     
    პ. ს. მაშინ, როდესაც შევარდნაძე-კიტოვან-იოსელიანის შეიარაღებული ბანდფორმირებები სამეგრელოს მოსახლეობას მხოლოდ იმიტომ გვდევნიდნენ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეებად მივაჩნდით, ხომ წარმოგიდგენიათ, თავად დევნილი პრეზიდენტი თუ ჩაუვარდებოდათ ხელში, მას რაღას უზამდნენ?
    წლების მერე კი კიტოვანმაც და შევარდნაძემაც განაცხადეს, რომ ზვიად გამსახურდია ეროვნული კაცი იყო და არც ერთს და არც მეორეს, არც მისი დაპატიმრების და არც ლიკვიდაციის ბრძანება არ გაუცია. უფრო მეტიც, კიტოვანი ისე გაკადნიერდა, რომ როცა ზვიად გამსახურდიას საბოლოო განსასვენებლის შესახებ მსჯელობა მიდიოდა, განაცხადა, ის წმინდანი იყო და ისეთ ადგილას უნდა დაიკრძალოს, რომელიც მას შეეფერებაო. წმინდანი უწმინდურის გვერდით არ უნდა დაიკრძალოსო ანუ იგულისხმა სამების ტაძრის ეზო, სადაც სიკვდილის შემდეგ, თითქოს, შევარდნაძეც უნდა დაიკრძალოს და ამიტომ გამსახურდიასთვის მთაწმინდა მიიჩნია საუკეთესო ადგილად.
    ეჭვი მაქვს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იოსელიანიც იგივეს იტყოდა... და რა გამოდის? თუ ამათ ეროვნულ გმირად და წმინდანად მიაჩნიათ, ისინი არ სდევნიდნენ და მათი შიშით არ დადიოდა ის კაცი ტყე-ტყე, მშიერ მწყურვალი, ავადმყოფი და დაუძლურებული, მაშ ვიღა სდევნიდა, ვინ მიჰყვებოდა მის ნაკვალევს ფეხდაფეხ, დაგეშილი ძაღლივით, ვინ აპატიმრებდა მის მომხრეებს, ვის სწყუროდა ასე ძალიან მისი სისხლი?
    რამდენად ბრიყვად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი ხალხი, ასე რომ დასცინო?!
     
    ირმა ბერიშვილი
  2. ირმა ბერიშვილი
    ყველა კუთხეს თუ ქალაქს ჰყავს თავისი კოლორიტი, აი, ბევრი ჭკუა რომ არ მოეკითხებათ და ჩვენზე მეტად თავისუფლები რომ არიან. არც პასუხისმგებლობა აწევთ, ვინმეს წინაშე და არც ვალდებულება აწუხებთ. ზოგ ქალაქს რამდენიმე ჰყავს ასეთი, მაგრამ მათში ერთი მაინც ყოველთვის უფრო გამორჩეულია. ასეთია სერგიაც ქუთაისისთვის. ის სერგია, ნიკა არაბიძე რომ ბაძავს, ხოლმე, „კომედი შოუს“ უნიჭო სკეტჩებში და ბოლო დროს, ტუტუცი ადამიანების მიერ გადაღებული ვიდეოებით გაითქვა სახელი ინტერნეტში. იმ ვიდეოებში ათას სისულელეს ალაპარაკებენ, საწყალ სერგიას და ეს სახალისოდ მიაჩნიათ, ის კი არ იციან, თავად ბევრად უფრო საწ####ბი რომ არიან, ვიდრე "ღვთის გლახა" სერგო.
     
    მე როცა გავიცანი, მაშინ ცოტა მეტი მოეკითხებოდა, უფრო ახალგაზრდა იყო და მთლად ასეთი არეულიც არ ჰქონდა ტვინი. 1992-93 წლების ამბავს ვყვები. სტუდენტობა ქუთაისში მაქვს გატარებული, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩემი მეგობრებისგან ხშირად მესმოდა მისი სახელი: სერგიამ ეს თქვა, სერგიამ ის თქვაო. სულ მაინტერესებდა, ვინ იყო ეს "ლეგენდარული ადამიანი", ყველას რომ მისი სახელი ეკერა პირზე.
     
    ერთხელაც, უნივერსიტეტის ეზოში ვიღაც მაღალი, მხარბეჭიანი, ნაცრისფერპალტოიანი ახალგაზრდა შემოვიდა და ეგრევე მიიქცია მთელი ეზოს ყურადღება. სერგია, სერგია - გაისმა შეძახილი ყველა მხრიდან. -ბარო, შენ! - ბოხი და ჩახრინწული ხმით ჩამოარიგა მანაც სალამი, ზოგს ახლობლურად აუწია ხელი. -ესეც ჩვენი სერგო, ასე ძალიან რომ გაინტერესებდა. - მითხრეს მეგობრებმა, როცა მოგვიახლოვდა და მერე მას მიმართეს - გაიცანი, სერგია, ეს ჩვენი მეგობარია სამეგრელოდან, შენი გაცნობა უნდა. - კაია! - ჩაიბუხუნა სერგიამ და მოწიწებით ჩამომართვა ხელი.
     
    -რას შვები, სერგო, ცოლი არ მოგყავს? - ჰკითხეს ბიჭებმა.
    -ვეძებ, ქალის ამოსარჩევად ვარ აქანა მოსული. - არ დაახანა მანაც პასუხი, რასაც დიდი სიცილ-კისკისი მოჰყვა. მერე ლუდის ფული მისცეს ბიჭებმა და ისიც გაგვშორდა, სხვებისკენ წავიდა და ახლა იქ ატყდა სიცილ-ხორხოცი. დაშავებით არაფერს აშავებდა სერგო, ლუდის ფულს ან სიგარეტს თუ თხოვდა კაცებს და ტიტველ ქალებზე ილაპარაკებდა, კლავდა მაგათი ინტერესი, ეგ იყო და ეგ. ქალაქშიც ბევრჯერ შევხვდი მერე და უნივერსიტეტშიც ამოისეირნებდა ასე, ხანდახან.
    ერთხელაც, ხმა გავარდა, სერგიას ცოლი მოუყვანიაო. ცოტა ხანში მართლაც შევხვდი, თავის გულის ვარდთან ერთად, ქალაქის ცენტრში მისეირნობდნენ. „ვარდი“ ნაკლებად ეთქმოდა ცოლს, პატარა ქალი იყო, კოჭლი... ცალი ფეხი იმდენად მოკლე ჰქონდა, ძლივს იცავდა წონასწორობას, მიუხედავად იმისა, რომ იმ მოკლე ფეხზე მაღალქუსლიანი „პლატფორმები“ ეცვა, მეორეზე კი - დაბალქუსლიანი. მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდნენ დევივით სერგია და მისი პატარა, აქეთ-იქით მოქანავე ცოლი. ამის მერე არ გასულა დიდი დრო, უნივერისტეტის სასადილოსთან შევიკრიბეთ მეგობრები, ჩვეულებისამებრ. ჩვენთან ერთად იყო ერთი ჩემი უბნელი, საკმაოდ სიმპათიური, ცოტა მოძველბიჭო ტიპი, ისიც ჩვენს სასწავლებელში სწავლობდა. ორიოდე თვის შერთული ჰყავდა ცოლი, მასზე მთელი თავით მაღალი გოგო. „პორუჩიკ გალიცინს“ ვეძახდი, სახეზე პირქუში გამომეტყველებით, მუდამ აკადემიურად ჩაცმული რაღაცნაირად, ჯარისკაცივით გაჯგიმული დადიოდა. გათხოვებამდე, არ მახსოვს, ვინმესთან ერთად მოსულიყო სასწავლებელში, მოვიდოდა პორუჩიკივით გაჯგიმული და ლექციების მერე ეგრევე წავიდოდა, მარტო. ჩვენსავით ღობე-ყორეს კი არ ედებოდა. ეს ტიპი კიდევ რაღაცნაირი იყო, სხვანაირი, სულ სამეგობროში ტრიალებდა, ბარში ან სასადილოში იჯდა, კარტს თამაშობდა, ერთობოდა, ხმაურობდა. ფიზიკურადაც ცასა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ. ცოლ-ქმარი ერთად როცა მოდიოდა უნივერსიტეტში, იმდენად შეუფერებლები იყვნენ, რომ მათკენ აღარ ვიხედებოდით. შეიძლება ვაჭარბებ კიდეც და არაობიექტური ვარ მათ მიმართ, რადგან ის ბიჭი ჩემს მეგობარს მოსწონდა და თავისი უცაბედი დაოჯახებით მოლოდინი ძალიან გაგვიცრუა.
    მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, იმ დღესაც, მეგობარი გოგო-ბიჭები სასადილოს კარებთან რაღაცაზე ვმსჯელობდით, რომ უცებ ეზოში სერგია გამოჩნდა. როგორც კი შეგვამჩნია, ეგრევე ჩვენსკენ გამოსწია და ბიჭებს ხელი გაუწოდა:
    -მომაწევიეთ ერთი ღერი პაპიროსი.
    სიგარეტი მისცეს და მოკლე მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ, ამან, ცოლზე მთელი თავით დაბალმა, ჰკითხა:
    -სერგია, გევიგეთ, ცოლი მოგიყვანია, სიმონ.
    -კი, მევიყვანე, სიმონ.
    -მერე, ბიჭო, რამ მოგაყვანინა შენზე „სლიშკამ“ დაბალი ქალი?
    - „სლიშკამ“ მაღალ ქალს, „სლიშკამ“ დაბალი მირჩევნია ძმაო. - არც დაფიქრებულა, ისე მოუჭრა სერგიამ.
    ამას ღიმილი სახეზე შეეყინა, ერთიანად წამოჭარხლდა და უხერხულობისგან თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. მე და გოგოებს კი ისეთი სიცილი წაგვსკდა, სულ ცრემლები ვაღვარღვარეთ. ჩვენი მეგობარი ბიჭები გაკვირვებული გვიყურებდნენ, ვერ მიხვდნენ, ასეთი სასაცილო რა იყო სერგიას ნათქვამში. მათ რა იცოდნენ, მისდაუნებურად როგორ ჯიგრიანად ამოგვყარა ჯავრი სერგომ.
    გამოხდა კიდევ ხანი და რაღაცის საყიდლად ბაზრობაზე შევიარე. ტანსაცმლის თვალიერებაში, დახლების ერთ-ერთი მწკრივის ბოლოში ქალების ხორხოცი და კისკისი მომესმა. როცა მივუახლოვდი, დავინახე, რამდენიმე მოვაჭრეს სერგიას ცოლი მოექცია შუაში. როგორც გავიგე, ეს უკანასკნელი თავის გასაჭირს ქალებს ალალად უყვებოდა:
    -უნდა გავშორდე, მაგის გაძლება აღარ შემიძლია, დღედაღამ მოსვენებას არ მაძლევს, ამომხადა სულიო. მის სიტყვებზე გამყიდველი ქალები ტკვარცალით აწყდებოდნენ ერთმანეთს.
    -ა, ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ნახეთ, ამასწინ ისეთი მიკბინა, დაჯდომა ვეღარ მომიხერხებიაო და წამოიხადა კაბა. ცნობისმოყვარეობამ მძლია, წავიგრძელე კისერი და დავინახე, სერგიას ცოლის წამოხდილი კაბის ქვეშ როგორ გაიელვა რაღაც სიშავემ. იმ უბედურს, ცალი საჯდომი ისეთი ჩალურჯებულ-ჩაშავებული ჰქონდა, სიბრალულისგან გული მომეწურა.
    - შენ გაქრი, შენ. - ქოქოლა მიაყარეს ქალებმა და კისკისი გააგრძელეს. მალევე გავიგე, მართლაც გაშორებია ის ქალი სერგოს. არ ვიცი, მერე მოიყვანა თუ არა ვინმე ცოლად, ქალების მიმართ ინტერესი რომ არ განელებია, იმ ვიდეოებიდანაც ჩანს, ინტერნეტში რომ ავრცელებენ სერგიაზე ნაკლები ჭკუის ადამიანები.
    ამასწინათ ქუთიასლებისგან გავიგე, ხონში წაუყვანიათ სერგია, ფსიქიატრიულში. ბოლო დროს ძალიან აგრესიული იყო და სექსუალურ ნიადაგზე, ნამეტანი დაუოკებელი გახდაო. ქუთაისში, ქუჩაში გამოსული მაწანწალა, მათხოვარი თუ სულით ავადმყოფი, კაცი თუ ქალი, არავინ დატოვა ხელშეუხებელი, თურმე. ერთხელაც, ქალაქის ცენტრში, შადრევნებთან, თიბისი ბანკის ოფისის წინ ვიღაც ჭკუასუსტი ქალი გამოუჭერია და შესდგომია საქმეს. ბანკის დაცვას პატრული გამოუძახია, იმათ კიდევ, სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, ხონში წაუყვანიათ. ასე, რომ სამი თვეა, ქუთაისი ისვენებს სერგიასგან. რამ გამახსენა ახლა მისი ამბავი? ისე, უბრალოდ, ინტერნეტში გადავაწყდი მის ერთ-ერთ ვიდეოს და მეც ვიდეოფირივით აღმიდგა ყველაფერი გონებაში. თან, ვერ წარმომიდგენია, ფსიქიატრიულში წამლებით გაჭყეპილი, მოდუნებული და სადმე ფანჯარასთან მიმჯდარი სერგია.
     
    ირმა ბერიშვლი
  3. ირმა ბერიშვილი
    სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და დედის სურვილის გათვალისწინებით, ექიმი თერაპევტი გახდა.
    სოციალურ ქსელში მის სტატუსებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარ აზრს ბევრ ჟურნალისტზე უკეთ აწვდის, წერის თავისებური სტილიც აქვს და ზოგჯერ, ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება.
    ასე იკმაყოფილებს ჟურნალისტობაზე ვერახდენილ ოცნებას. კარგა ხანია, წიგნის გამოცემაც გადაწყვიტა და ახლა დეტალებს აგვარებს.
    ,,პლანეტა.ჯი“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანს და ყველაზე კითხვადი სტატუსების ავტორს, ნინო ახობაძეს ესაუბრა.
    - ნინო, როგორ მოხვდით ფეისბუკზე?
    - ყველა ჩემი მეგობარი იყო ფეისბუკზე დარეგისტირებული, მე არ ვეკარებოდი, კატეგორიულად არ მინდოდა. მერე მეგობარმა გამიხსნა და პერიოდულად მთხოვდა, მოდი, შემოიხედე, ნახე, ვიღაცამ მეგობრობა გამოგიგზავნა, ვიღაცამ ,,დაგალაიქაო“. რას ნიშნავდა მეგობრობის გამომიგზავნა, რა ლაიქი, რის ლაიქი, არაფერი მესმოდა.
    ჩემი დისშვილი ფეხბურთელია და ერთხელაც, მისი თამაშის ყურება რომ მინდოდა, ჩემმა დამ, ,,ლინკს“ ჩაგიგდებო. ეს ხომ საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო, მაგრამ ვიკადრე და შევედი ამ ფეისბუკზე, ჰოდა, ისე შევედი, იმის მერე ვეღარც გამოვედი.
    - შეხვედით და რა აღმოაჩინეთ?
    - აღმოვაჩინე, რომ ხალხი სოციალურ ქსელში ცხოვრობს, აქ უყვართ, აქ სძულთ, ჩხუბობენ, იბუტებიან, რიგდებიან, პოლიტიკაც აქ კეთდება და სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ყველაფრის თანამონაწილე იყო...
    ვიღაცეები რომ ამბობენ, აქ ვირტუალური ურთიერთობააო, ვირტუალური კი არა, ზუსტად რომ ნამდვილი ცხოვრებაა.
    - სტატუსების წერა როდიდან დაიწყეთ?
    - წერა სულ მიყვარდა, მაგრამ თავიდან მხოლოდ სხვის ნაწერებს ვკითხულობდი და სხვების აქტივობებს ვეცნობოდი.
    პირველი პოსტი, წლების წინ ჩემს სახლში დაბრძანებული ხატის მოსალოცად მოსული ახლობლის საცოლის და მის გარშემო დატრიალებული ამბების შესახებ დავწერე, რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. რომ დავინახე, ჩემი დაწერილი სტატუსი რამდენმა მოიწონა და დადებითად რამდენი ადამიანი გამოეხმაურა, მეც ძალიან გამიხარდა. მერე შევყევი და შევყევი წერას.
    ბავშვობაში ხომ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და მეცხრე კლასიდან გაზეთებში მასალებს ვაქვეყნებდი კიდეც. იმ პერიოდში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ჩაგებარებინა, მანამდე შენი პუბლიკაციები აუცილებელად სადმე უნდა დაბეჭდილიყო. ის ძველი გაზეთები, სადაც ჩემი სტატიები გამოქვეყნდა, დღემდე შენახული მაქვს.
    ძალიან კი მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი, თუმცა ოჯახს და დედაჩემს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.
    - ისტორიები, რომელსაც ფეისბუკზე წერთ, ნამდვილია თუ თქვენ იგონებთ?
    - აბსოლუტურად ყველა ისტორია ნამდვილია, უბრალოდ, ცოტას ვალამაზებ ან ვუმატებ რამეს, რადგან ყველა ამბავს თავისი რეალური გმირი ჰყავს და არ მინდა, ჩემს ნაწერებში ამოიცნონ.
    როცა სტატუსს ვინმეს ისტორიაზე ვწერ, ყველას წინასწარ ვაფრთხილებ, ხოლმე, რომ ჩემს მეგობარზე ვწერ ახლა ან ჩემს ახლობელზე და ლანძღვა არ დაიწყონ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ძალიან მაბრაზებენ, რადგან რომელიმე მაინც წერს: უიმე, რა დეგენერატი ყოფილა, ტვინი არა აქვს თავში და ასე შემდეგ.
    - ფეისბუკმომხმარებელების სტატუსებს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო, ხშირად ავტორთან შეუთანხმებლად აქვეყნებს. სააგენტოების ყურადღების ცენტრში თქვენი სტატუსებიც ბევრჯერ მოხვდა. გთხოვენ ნებართვას თუ დაუკითხავად ბეჭდავენ?
    - არის თითო-ორი მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად ჩემგან ითხოვს ნებართვას და ჩემს ფეისბუკ-სტატუსებს ისე აქვეყნებს, მაგრამ ძირითადად დაუკითხავად მიაქვთ.
    დაუკითხავად გამოქვეყნებაზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სათაურს არქმევენ ან რაღაცას ისე გადააკეთებენ, რომ უხერხულობაში ვვარდები ან თავის მართლება მიწევს. ეს ჩემი უფლებების სრული დარღვევაა და ვიცი, ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენი ძალისხმევა და რესურსი უნდა დავხარჯო, ამიტომ არ მიღირს.
    ერთხელ კონკრეტულმა პირმა წაიღო ერთი ჩემი ისტორია და თავის გვერდზე, როგორც საკუთარი სტატუსი ისე დადო.
    ჩემმა მეგობრებმა მისწერეს, რომ რაც გააკეთა არასწორი იყო და უსაყვედურეს, იმან კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, აქეთ დაგვანამუსა.
    - სამედიცინო საქმიანობა სად დაიწყეთ?
    - როცა ქართული არმია საბჭოთა ჯარს გამოეყო, თბილისში ქართული სამხედრო ჰოსპიტალი შეიქმნა, რომელსაც სამხედრო ექიმი გენერალი რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ჰოსპიტლის შექმნაში მან მთელი სული და გული ჩადო, სათითაოდ შეარჩია ყველა კადრი, შექმნა საოცრად კარგი კოლექტივი, მაგრამ სამწუხაროდ, ჰოსპიტლის გახსნამდე ავტოავარიაში დაიღუპა.
    ჩემი პირველი სამსახურიც იქ იყო და შექმნის დღიდან ვმუშაობდი ჰოსპიტალში, რომელიც გენერალ ალექსანდრე რამიშვილის სახელს ატარებდა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მან არაჩვეულებრივი, შეკრული გუნდი დაგვიტოვა, რომელიც ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენთან არ იყო ფულის გამო ერთმანეთთან დაპირისპირება, კონკურენცია, პაციენტების წართმევა.
    სამხედროებთან ერთად, სამოქალაქო პაციენტებსაც ვიღებდით, რადგან როგორც ჩვეულებრივი კლინიკა, ისე ვმუშაობდით და შესაბამისად, როგორც პროფესიონალები, ყოველდღიურად ვვითარდებოდით.
    მიხეილ სააკაშვლის გაპრეზიდენტების შემდეგ, ჰოსპიტალს ჯერ სამოქალაქო პირების მიღება აეკრძალა, შემდეგ კი, ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, თბილისში გაუქმდა და გორში გადავიდა. ოქრუაშვილმა ახალი თანამშრომლების ასაყვანად კონკურსი გამოაცხადა, რომლის მერეც სრულიად ახალი კადრები მიიყვანა და ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელი გამოგვიშვა. ისინი, ვისაც სამხედრო ჰოსპიტალში, წლების განმავლობაში, უხელფასოდაც გვიმუშავია, ვის მხრებზეც მთელი ჰოსპიტალი იდგა, ვისაც სული და გული იქ დაგვრჩა, უმუშევრად დაგვტოვა.
    სამწუხაროდ, 2008 წლის ომმა დაგვანახა, რაოდენი სიბრიყვე იყო სამხედრო ჰოსპიტალის თბილისიდან გორში გადატანა, ვინაიდან, დაჭრილ სამხედროებს იქ ვერ აჩერებდნენ და მათი თბილისში გადმოყვანა ხდებოდა საჭირო.
    - ამის შემდეგ პირდაპირ ჯარში ამოჰყავით თავი თუ იყო სხვა ეტაპიც, თქვენს ცხოვრებაში?
    - ამის შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე გავხსენი ბავშთა გასართობი ცენტრი ,,ლიმპოპო“ და სამი წელი ვიყავი ჩემთვის. იქაური სახალისო ამბებიც მრავლად მაქვს მოყოლილი ფეისბუკზე.
    ერთ მშვენიერ დღეს, დამადგა ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომელი, ჩემი მეგობარი ლაშა ქოიავა, რომელიც იმჟამად თავდაცვაში მუშაობდა, სამედიცინო ბატალიონს ქმნიდა და სამსახური შემომთავაზა. ამ შემოთავაზებაზე ერთი-ორი თვე ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ჯარი მაშინებდა, მაგრამ როცა გავიგე, ბატალიონში ჩემი ჰოსპიტლის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც იქნებოდნენ, დავთანხმდი.
    2008 წლის აპრილში დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა გავერკვიე ჯარის ამბებში და უცებ, აგვისტოს ომში ამოვყავი თავი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ომში ჩემმა ექიმებმა, მედდებმა და სანიტრებმა სასწაულები გააკეთეს.
    სამწუხაროდ, ჯარში ჩვენ არ გვიყურებდნენ, როგორც ექიმებს, ჩვენგანაც ისე და იმდენს ითხოვდნენ, რამდენსაც ჩვეულებრივი სამხედროსგან. მარტო ომის დროს ვიყავით, ლამის, ღმერთები, დანარჩენ დროს იყო წვალება და გამუდმებული ჭიდაობა ზედა ეშელონებთან.
    ასმეთაური ვიყავი და 128 ადამიანი მებარა, რომლებიც საკუთარი მინისტრის ,,პოხონდრიებისგან“, ლამის, ყოველდღე მყავდა დასაცავი. იმ დროში ეს ადვილი არ იყო.
    აი მაშინ, იმ წლებში, სულ სხვა ადამიანი გავხდი...
    - რა შეცვალა სამხედრო სამსახურმა თქვენში?
    - პირველ რიგში, ის, რომ ძალიან მძიმე სიტუაციებში თავის გატანა ვისწავლე. ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ ომს... იყო ათასნაირი სწავლებები, ველად ცხოვრება, ამდენი დასიცხული თუ გაყინული ადამიანის მოვლა-პატრონობა, რომლებიც მებარა, მაშინ, როცა არანაირი თანაგრძნობა არ მოდიოდა ,,ზემოდან." ჩვენ, თანამშრომლებს ერთმანეთის თანადგომითა და გამხნევებით გაგვქონდა თავი. ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ძალიან შორს წავალთ.
    ვისწავლე უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება მაშინ, როცა ეს ძალიან საშიში იყო. ასევე, იქ, სადაც ხისტად და მიწოლით არაფერი გამომივიდოდა, ჯარმა ცოტა დიპლომატიაც მასწავლა.
    - ჯარის პერიოდზეც არაერთი სტატუსი გაქვთ დაწერილი, იმ პერიოდის წნეხზე, ხელმძღვანელობის დავალებების პოლიტიკურ მოტივებზე, დირექტივებზე. ჩვენთან რას გაიხსენებდით?
    - რა დამავიწყებს, 2012 წლამდე, როცა სამხედრო ნაწილში ვმუშაობდი, თანამშრომლებს უფლება არ გვქონდა სოციალურ ქსელში რამე დაგვეწერა ან მოგვეწონებინა, ყველაფერი კონტროლდებოდა. მერე, უკვე, როცა ის ძალა წავიდა, ჯარში ეს პრობლემა მოიხსნა. არათუ იმას გიკონტროლებდნენ, ვინ მოიწონე ფეისბუკზე ან ვის რა დაუკომენტარე, იმასაც არ გეკითხებოდნენ, იყავი თუ არა არჩევნებზე.
    მანამდე, არჩევნების დროს ყაზარმული მდგომარეობა ცხადდებოდა, ხოლმე და გვატრენინგებდნენ, გამუდმებით გვითითებდნენ, ხომ იცით, ხმა ვისაც უნდა მისცეთო.
    ნებისმიერი არჩევნების ჩატარებამდე, იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სამხედრო ნაწილში ჩაგვკეტავდნენ და ამას ყაზარმულ მდგომარეობას დაარქმევდნენ. ჩვენ სამხედროები ვიყავით და არანაირი უფლება არ გვქონდა, გაგვეპროტესტებინა ან წინააღმდეგობა გაგვეწია, ხმასაც ნაწილშივე ვაძლევდით.
    მანამდე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი გვიტარდებოდა და პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მიგვანიშნებდნენ, გვეუბნებოდნენ, ხმის მიცემამდე ხუთჯერ უნდა დაფიქრდეთ, ასევე, გვაფრთხილებდნენ, რომ კამერები ყველგან ყველაფერს აფიქსირებს, ამიტომ ფრთხილად იყავითო და ბუნებრივია, ეს ყოველივე ჩვენზე მოქმედებდა.
    ყოველთვის ყველა თანამშრომელზე ინფორმაციას აგროვებდნენ, ოჯახიდან ან სანათესაოდან ვის ჰყავდა რუსეთში ახლობელი, ან ვის ჰყავდა პატიმარი. ეს მუდმივად იწვევდა იმის შიშს, რომ თუ მათ ნება-სურვილს წინ აღუდგებოდი ან მიშას გააკრიტიკებდი, ან არჩევნებზე ხმას ნაციონალებს არ მისცემდი, შეიძლებოდა სერიოზული პრობლემა შეგქმნოდა.
    ვერ ვიტყვი, რომ ამას პირდაპირ გვეუბნებოდნენ, მაგრამ საკმაოდ გასაგები მესიჯები მოგვდიოდა. ამიტომ, პირადად მეც კი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, შევდიოდი საარჩევნო კაბინაში და ხუთიანს ვხაზავდი.
    2012 წლამდე ეს წნეხიც მიშლიდა ხელს და სოციალურ ქსელში მუნჯივით, ჩუმად ვიჯექი. მერე, უკვე შეზღუდვები რომ მოიხსნა, ისეთი ადამიანები დავიმეგობრე, ვისთან ურთიერთობაც მანამდე ძალიან მაინტერესებდა.
    - თქვენ სხვა უბანში დაიბადეთ და გაიზარდეთ, სხვა ქალაქშიც გიცხოვრიათ, უკვე რამდენიმე წელია, რაც მთაწმინდაზე ცხოვრობთ. რითია მთაწმინდა სხვა უბნებისგან გამორჩეული?
    - მთაწმინდა მართლაც განსხვავებული და გამორჩეული უბანია.
    ჯერ ის რად ღირს, რომელ ქუჩაზეც არ უნდა ჩაიაროთ, სახლებზე გაკრული აბრა რომ გაუწყებთ: აქ ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი, ესა და ეს და იმ ადამიანების სახელ-გვარები წერია, ვინც ძალიან შენები იყვნენ და არიან...
    ბევრი რამიდან გამომდინარე, თბილისში მეორე ასეთი უბანი არ არსებობს.
    მთაწმინდაზე თბილისისთვის დამახასიათებელი ქალაქურობა ჯერ ისევ შენარჩუნებულია, რასაც ვერ ვიტყვი ვაკეზე, რომელიც შეიცვალა, სხვა ხალხი მოვიდა. მთაწმინდაზე სახლებიც, არქიტექტურაც, ყველაფერი ისევ ისეთია, როგორიც ადრე.
    აქაურობა კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ინტერნაციონალური უბანია, ყველა ეროვნების ადამიანი კეთილმეზობლურად ცხოვრობს, ქართველი, სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი, იეზიდი, ებრაელი ერთად, ერთ სივრცეში ურთიერთობენ. სპეციფიური უბანია, განსაკუთრებული.
    ამ ძველ უბანს, არ უხდება დიდი და მრავალსართულიანი სახლები, ეს სიძველე უნდა შენარჩუნდეს. ყველა სახლი, ეზო, ღობე თუ აივანი არის განსაკუთრებული და ლამაზი. უმეტესად კი ყველა გასარემონტებელი და აღსადგენია, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
    არსებულ ისტორიულ სიძველეს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამისთვის ახალი ტიპის პოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ, ვისაც გული შესტკივა და იზრუნებს ჩვენზე.
    შუალედური არჩევნების პირველი ტური რომ ჩატარდა, იმედი მქონდა, მთაწმინდელები თავიანთ მაჟორიტარად სწორედ ასეთ პოლიტიკოსს აირჩევდნენ და სოფიო ხორგუანს მისცემდნენ ხმას, რაც არ მოხდა. ამაზე ძალიან მწყდება გული. მანამდე ხო ყველა წუწუნებდა და ამბობდა, მუდმივად ორ ძალას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და რა ვქნათ თუ არც ნაციონალები გვინდა და არც - ოცნებაო, ახლა ნამდვილად ჰქონდათ არჩევანის საშუალება და შეეძლოთ უფრო ჭკვიანურად მოქცეულიყვნენ, რაც არ გააკეთეს.
    - თქვენ რომ იყოთ თბილისის მერი, რას შეცვლიდით მთაწმინდაზე ან რას გააკეთებდით?
    - მთაწმინდა მარტო მელიქიშვილის, ლეონიძის ან შანიძის ქუჩა არ არის. რამდენი ისეთი ქუჩაა ზემოთ და ზემოთ, მიკარგული, მინგრეულ-მონგრეული, ყურადღების გარეშე დარჩენილი, აი, იმ ქუჩებიდან დავიწყებდი რეაბილიტაციას, ჯერ ზედა ვერას მივხედავდი და ასე შევუნარჩუნებდი მთაწმინდას იერსახეს.
    იმ ზედა ქუჩებზე მარტო ტერიტორიები არ არის, იქ ხალხიც ცხოვრობს, რომელთაც კიბეებს, ეზოებს მოვუწესრიგებდი, დანგრევის პირას მისულ სახლებს გავურემონტებდი, რათა იქ ჩაკარგულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ისიც ამ ქალაქის ნაწილია, ისიც ჩვენი მოქალაქეა.
    ქალაქის ხელისუფლებისთვის არ უნდა არსებობდეს პრესტიჟული და არაპრესტიჟული უბნები. მე რომ ვიყო ქალაქის მერი, დავიდებდი წინ ქუჩების ჩამონათვალს და პრიორიტეტად სწორედ იმ მიკარგული ქუჩების ბინადართა პრობლემების მოგვარებას გავიხდიდი.
    სხვას შეიძლება არ ახსოვდეს ისინი, მაგრამ შენ, ქალაქის ხელმძღვანელს არ უნდა დაგავიწყდეს.
    - ფეისბუკში ასეთი მხიარული და იუმორით სავსე ნინო ახობაძე როგორია რეალურ ცხოვრებაში?
    - ბუნებრივია, ყოველთვის მხიარული ვერ ვიქნები, მეც უამრავი პრობლემა მაქვს, რომელსაც ვაგვარებ ან ვერ ვაგვარებ და განვიცდი, მეც ბევრ რამეზე ვნერვიულობ, მაგრამ რომ შემოვალ ფეისბუკზე, რაღაცას დავწერ, ჩემს სათქმელს ვიტყვი და მერე უამრავი ადამიანი რომ მეხმიანება, ჩემს ნაწერს იწონებს, ან ხუმრობაში ამყვება, ან მესიყვარულება, თბილ სიტყვებს მწერს, მეც მსიამოვნებს, ჩემზეც გადმოდის მათი დადებითი განწყობა და ის პრობლემები უკანა პლანზე გადადის.
    ძალიან მახარებს ემიგრანტები რომ მეხმაურებიან, ჩემი ამბების წაკითხვა რომ უხარიათ, მწერენ, მლოცავენ, პირადში უამრავ შეტყობინებას მიგზავნიან. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ეს ურთიერთობა მათთვის.
    სოციალურ ქსელში ახალ ნაცნობებს და მეგობრებს ვიძენთ, მერე ერთმანეთისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი ვხდებით. ვირტუალურად გაცნობილი ადამიანები, ხშირად, ერთმანეთს რეალურად ვხვდებით, ზოგს ვკარგავთ კიდეც, ზოგი ფიზიკურად მიდის ჩვენგან, გვტკივა, გვიყვარს, განვიცდით. ამიტომაც ვამბობ, რომ ფეისბუკზე აბსოლუტურად ყველაფერი რეალურია და ნამდვილი.
     
    ირმა ბერიშვილი
  4. ირმა ბერიშვილი
    2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
    „ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“).
    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით: ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე; პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.
    ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის.
    პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.
    აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები არ ახმაურებდნენ წამების შემთხვევებს როგორც არაპირადი, ისე პირადი (ოჯახური) კონტაქტების დროს. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ნაკლებობით, შემდგომი დასჯის შიშით და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობით.
    თუმცა, როგორც მომჩივანმა პროკურორთან განაცხადა, ის თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა, რათა საჩივარი შეეტანა გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ციხის სკანდალისა და 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ.
    საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ. განაჩენი უცვლელად ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. სხვა პირებთან ერთად, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ყოფილი მსჯავრდებული აკაკი ოჩიგავა.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, დარღვევის სისტემატურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხარვეზები დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილშიც (გამოძიების ვალდებულება), რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა.
    სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანისთვის“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  5. ირმა ბერიშვილი
    რასაც გიყვებით, ამას, წესით და რიგით, სათაურად „როგორც იქნა“ უნდა ერქვას, მაგრამ, ვიდრე ბოლომდე ჩავალ, სხვა სახელს მოვუფიქრებ, იმედია.
    „როგორც იქნა“ იმიტომ უნდა ერქვას, რომ რა ხანია ჩემი მეგობარი ბელა ჩეკურიშვილი მის დაწერას მეხვეწება და საშველი არ დავაყენე. კლასიკური მედღეხვალიე ვარ. ათი წლის წინ მოვუყევი ეს ამბავი ბელას და იმდენი იცინა, ძლივს გადავატანინე ყურადღება სხვა რამეზე. მერე ყოველ ჩემს დანახვაზე იწყებდა სიცილს, რა ვქნა, რომ გიყურებ, სულ შენი მონაყოლი მახსენდებაო.
    ეს სასაცილო თუ სატირალი ამბავი ლენინს ეხება, ყოფილი საბჭოეთის მამას და ბელადს, მუმიადქცეული დღემდე რომ მოსკოვის ცენტრში დევს. მართალია, იმ მარმარილოს მავზოლეუმს საპატიო ყარაულში ჩამდგარი ჯარისკაცები უკვე არ იცავენ და რუსეთშიც, კარგა ხანია, ლენინის დამარხვა-არდამრხვის საკითხზე მსჯელობენ, თუმცა კი აქამდე მიწისთვის ვერ გაუმეტებიათ.
    მახსოვს, სადღაც 90-ანი წლების შუაში, რუს ჟურნალიტს სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული ამ თემაზე და წითელ მოედანზე გამვლელ-გამოვლელს ეკითხებოდა, უნდა არსებობდეს თუ არა ლენინის მავზოლეუმიო. რესპონდენტთა უმეტესობამ, კი, აბა, როგორო; ნაწილმა დიდი სიფრთხილით აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოსო; ერთმა „ბაბულიამ“ კი პირდაპირ და მკაცრად მოჭრა, „უბრატ ნადა ევო ატსუდაო“ . არადა, მის ზურგს უკან, კადრში, მავზოლეუმის შესასვლელთან რიგში მდგარი ასეულობით ადამიანი ჩანდა. მადლობა ღმერთს, ეგ რიგები მაინც მოიშალა. აი, მე რომ ამბავი უნდა მოვყვე, მაშინ კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც, დიად საბჭოეთში დადგებოდა დრო, როცა ბელადის ძეგლებს კვარცხლბეკებიდან სულ რიხინ-რიხინით გადმოყრიდნენ და მისი გადიდებული ფოტოებიც გაქრებოდა არათუ ბაღისა და სკოლის კედლებიდან, თანამდებობის პირთა კაბინეტებიდანაც.
    ჩემს თაობას (42 წლის ვარ), ცოტათი უმცროსებსაც და უფროსებს ხომ მკაფიოდ გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში ყველა საკლასო ოთახში ვითომ ლენინის ბავშვობის სურათები რომ ეკიდა? პატარა, ხუჭუჭა, ქერა კულულებიანი ლამაზი ბავშვის გამოსახულება ოქტომბრელის ნიშანზეც იყო დატანილი. ის ლამაზი ბავშვი დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების პირველ გვერდზეც ეხატა და სურათის ქვეშ ბელადის „ანდერძი“ იყო დაბეჭდილი: სწავლა, სწავლა და სწავლა...
    ღმერთო, რა სასაცილოდ მეჩვენება ახლა ის ყველაფერი, მაშინ კი ოქტომბრელობას არა უშავდა რა და პიონერად „კურთხევის“ მერე დაიწყო ჯოჯოხეთი. მე და ჩემს მეგობრებს წითელი ყელსახვევის გაკეთება რომ გვეზარებოდა, ხან ჯიბეში ვიკუჭავდით და ხან ჩანთაში ვჩურთავდით. არადა, დილით, რომ დაივლიდა კლასებს ჩვენი წარბებაწკეპილი პიონერთხელმძღვანელი, ვისაც ყელსახვევი არ ეკეთა, შავ დღეს დააყრიდა. შემოაღებდა თუ არა კლასის კარს, სასწრაფოდ დავიწყებდით ქექვას და დაკუჭულ, გაუბედურებულ ყელსახვევს მოვიმარჯვებდით. ზოგი გაკეთებას ვერ ასწრებდა, ზოგი ნაჩქარევად, ჰაიჰარად გაიკვანძავდა და იწყებოდა მერე საყვედურები:
    -ბერიშვილი, რა არის ეს, ასეთი დაკუჭული და დაღეჭილი უნდა იყოს პიონერის ყელსახვევი, არ გრცხვენია? - ახლაც ყურში ჩამესმის პიონერხელმძღვანლის მკაცრი და გამყინავი ხმა. არც ჩემი მეგობრები რჩებოდნენ გაკიცხვის და საყვედურების გარეშე და ასე გრძელდებოდა სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს რამდენიმე მეგობარი (ვისაც იმ დროისთვის 15 წელი შეგვისრულდა) კომკავშირში მისაღებად რაიონში არ დაგვიბარეს. სიხარულით წავედით, თუ მიგვიღებდნენ, ამიერიდან ყელსახვევის გაკეთება აღარ მოგვიწევდა და მხოლოდ კომკავშირელის სამკერდე ნიშანს დაგვაჯერებდნენ.
    იმის მოყოლა, წესდების უცოდინრობის გამო კომიტეტის წევრებს კომკავშირში ჩემი მიღება როგორ გაუჭირდათ და რამდენი ითათბირეს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, შორს წაგვიყვანს. იმას კი ვიტყვი, რომ ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ხათრით კი არ გაუწიეს ვინმეს ანგარიში, პირიქით, ჩემი მეგობრების ხათრით მიმიღეს კომკავშირელთა რიგებში, ხუთიდან ერთი რომ არ გავეწბილებინეთ.
    სიტყვა გამიგრძელდა, ლენინით დავიწყე და სად გადავვარდი? თუმცა, მისგან შორს მაინც არ წავსულვარ, მაგრამ ეს უფრო ადრე, ოქტომბრელობის პერიოდში მოხდა. ზუსტად არ მახსოვს, პირველ თუ მეორე კლასში ვიყავით. დაწყებითების პედაგოგი გვყავდა, ასე 50-ს გადაცილებული იქნებოდა (მაშინ მეგონა ბებერი იყო), ოლგა ერქვა, შინაბერა იყო (აბა, გასათხოვარი როგორ ვთქვა). ცუდი სიტყვა კია, მაგრამ რა ვქნა, ჩემზეც იგივეს ამბობენ ახლა, ალბათ, სოფელში. და ჰყავდა ოლგას, ისიც პედაგოგი, მასზე უმცროსი, ისიც გაუთხოვარი. ოჯახის შექმნის იმედი რომ გადაეწურათ, დებმა ბავშვი იშვილეს, ბიჭი. ოლგას დედას ეძახდა, მის დას - მამას. ანუ დედ-მამის „პონტში“. ასე შეაჩვიეს დებმა და მათ ლოგიკას ვინც მიხვდება, იმას გაუმარჯოს ღმერთმა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ოლგა მასწავლებელი რაღაცას რომ გულმოდგინედ გვიხსნიდა, უცებ წამოდგა ჩემი ერთ-ერთი თანაკლასელი (ოღონდ, ამდენი წელია ვიხსენებ და ვერაფრით გავიხსენე, რომელი იყო. ვერც შევიკრიბეთ ყველა ერთად, რომ ვიკითხო, ჩემს გარდა იქნება კიდევ ახსოვს ვინმეს ეს შემთხვევა? ვისთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს, მაგათ არ ახსოვთ) და ჰკითხა: პატივცემულო (ასეთი მიმართვა იყო პედაგოგებისადმი), ლენინს შვილი რატომ არ ჰყავდაო? ოლგა მასწავლებელი მოულოდნელმა კითხვამ საგონებელში ჩააგდო, კარგა ხანს იდგა მდუმარედ, ჩაფიქრებული. ჩვენ უსაზღვრო ინტერესით შევციცინებდით თვალებში, ის კი პასუხს აგვიანებდა. ბოლოს, თითქოს, გონება გაუნათდაო, გაიღიმა და სრულიად სერიოზულად გვითხრა: ის ისეთი ზრდილობიანი ადამიანი იყო, როგორ შეიძლებოდა შვილი ჰყოლოდაო. რა თქმა უნდა, ამ პასუხიდან ვერაფერი გავიგეთ იმის გარდა, რომ ვისაც შვილი ჰყავდა, ყველანი უზრდელები იყვნენ. ის კი არა, ზოგიერთს, ალბათ, შეგვრცხვა კიდეც, უწესო მშობლების შვილები რომ აღმოვჩნდით. მერე, რამდენიმე წლით გვიან ჩავწვდი ცხონებული ოლგა მასწავლებლის ნათქვამის აზრს და კარგადაც ვიხალისე. უფრო მოგვიანებით კი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა ქალის მიმართ, რომელმაც ასეთი მორალით იცხოვრა... დარწმუნებული ვარ, მას თავადაც სჯეროდა, რასაც ამბობდა.
    P. S. ლენინზე კი შური ოთხი წლის წინ ვიძიე. 2010 წელს, სოჭში ვიზიტისას, ჩემმა მასპინძლებმა სოჭი-რივიერას სანახავად რომ წამიყვანეს, გზად მოზაიკით აწყობილი ლენინის სახიანი კედელი შეგვეფეთა, თურმე დღემდე ამშვენებს ეგ პანო თუ სტელაჟი თუ რაც არის, სოჭის ერთ-ერთ ქუჩას. ჯერ გავაპროტესტე, ამას აქ რა უნდა-მეთქი, მერე მარცხენა ხელის შუათითი ვაჩვენე ლენინს, ესეც შენ, ჩემი გაბითურებული ბავშვობისთვის-მეთქი.
     
    ირმა ბერიშვილი
  6. ირმა ბერიშვილი
    ამ ტექსტის დაეწერა ერთი კვირით ადრე მინდოდა, როცა კიკვიძის პარკში "სამართალდამცავ" გოგა ონიანის "ბრძოლაი საკვირველი"-ს ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. დავიწყე კიდეც წერა, მაგრამ ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო, აქამდე ვეღარ დავასრულე.
    ახლა კი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ იმ დღეზე, როცა ეგ ამბები მოხდა.
     
    მართალია, კადრებში არ ვჩანვარ (თუ არ ჩავთვლით წამიერ გაელვებას, ჩემი სტაფილოსფერი ქურთუკით), რადგან სულ კამერების უკან ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა.
    ზუსტად მახსოვს, ეს იყო 2012 წლის 25 თებერვალს. დილით, ასე თერთმეტი საათისთვის შევიტყვე, რომ კიკვიძის ბაღში „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი დაუკავებიათ, რომელიც იქ მიყვანილ მძიმე ტექნიკას, ხეების გაჩეხვის ნებას არ აძლევდა. დიდხანს არ მიფიქრია, ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი, ვინაიდან მეც „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი ვიყავი და ესეც რომ არა, ჩემი სამოქალაქო ვალი იყო, ბაღი დამეცვა.
    შესასვლელშივე, სადაც გარკვეული ტერიტორია კარგა ხნის შემოღობილი ჰქონდათ და ათობით ხეს გასაჩეხად ამზადებდნენ, რამდენიმე ნაცნობი სახე შემეფეთა. პოლიციის ის თანამშრომლები იყვნენ, ყოველი შეკრებისას ქორებივით გარს რომ გვიტრიალებდნენ და ყურზე მიდებული ტელეფონის კამერებით გვიღებდნენ.. სიღმეში „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის რამდენიმე წევრი და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ. ეს ის ახალგაზრდები იყვნენ, ღამეს ბაღის შემოღობილში, კოცონის გარშემო რომ ათევდნენ და კიკვიძის ბაღის ხეებს დარაჯობდნენ, რათა ქურდებივით ღამე არ დაეჭრათ.
    ამბავი კი იმით დაიწყო, რომ „გრინფისის“ მხარდამჭერებს კარგა ხნით ადრე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეგვატყობინეს, ბაღის ნაწილი შემოღობეს, ხეების მოჭრას და მათ ადგილას რაღაც შენობის ჩადგმას აპირებენ და გვიშველეთო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, იქ 80 წლოვანი ნარგავების გაჩეხვის ხარჯზე, ყველა კანონის გვერდის ავლით პოლიციის სამმართველოს შენობის აგება იყო დაგეგმილი. ამის შემდეგ, ლაშა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით დავიწყეთ მოქმედება, კვირაში ორ-სამჯერ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პარკის ტერიტორიაზე ვიკრიბებოდით, ქალაქის მერიის მიერ უკანონო მშენებლობისთვის ნებართვის გაცემას ვაპროტესტებდით და ვცდილობდით, თბილისის ხელმძღვანელობა თავიანთი ქმედების არამართებულობაში დაგვერწმუნებინა. პრობლემის გაშუქებაში სხვადასხვა მედიასაშუალებაც გვეხმარებოდა. საპროტესტო აქციები გავმართეთ მერიის შენობასთანაც, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენმა ხმაურმა შედეგი ვერ გამოიღო. ხელისუფლების მხრიდან, რაც გაკეთდა, ის იყო, რომ აქციებზე სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიციიის თანამშრომლები მოგვიგზავნეს, რომელთა ამოცნობასაც უმეტესად ვახერხებდით და ისინი როგორც კი რომელიმე ჩვენგანის დაჟინებულ ყურადღებას იგრძნობდნენ, ტერიტოიას ტოვებდნენ.
     
    ერთხელ ასეთი სასაცილო თუ სატირალი ამბავიც მოხდა. მორიგ აქციაზე, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ ნაწილში ოცდაათამდე ადამიანი ვიყავით შეკრებილი, ჩვენს შორის ადგილობრივი მოსახლეობაც იყო, რომლებიც გვიხსნიდნენ, რომ პარკის უკან ძველი პოლიციის შენობა იყო და თუ უნდოდა ხელისუფლებას, ის შენობა დაენგრია და ახალი პოლიციის სამმართველო იქ აეშენებინა. - რაღა ბაღი უნდა გაჩეხონ და აქ უნდა ჩადგან, მანც და მაინცო. ამ საუბარს ერთი ორმოციოდე წლის მამაკაციც ისმენდა, რომელმაც იმით მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ იქ მყოფთაგან არავის ეკონტაქტებოდა, არც საუბარში ერეოდა და, დროდადრო, მობილური ტელეფონი მიჰქონდა ყურთან. უფრო რომ დავუკვირდი, მივხვდი, ტელეფონით კი არავისთან რეკავდა, ჩვენ გვიღებდა, შესაბამისად, „ ჩვენიანი“ არ იყო. ეს რომ დავასკვენი, გვერდით დავუდექი და პარკზე დავუწყე ლაპარაკი. უხერხულად დაიწყო აქეთ-იქით თვალების ცეცება. ამასობაში, ერთი ადგილობრივი მოგვიახლოვდა, რომელიც ადრეც ესწრებოდა აქციებს და ახლა იმან დაიწყო, რას ერჩიან ამ ხეებს, ასე თუ გააგრძელეს, მალე უჟანგბადოდ დაგვტოვებენ ქალაქელებს. ვისაც სოფელი არ გვაქვს ან დასასვენებლად წასვლა არ შეგვიძლია, ზაფხულში აქ ვითქვამთ სულს, ესაა ჩვენი ჟანგბადის წყარო და ეს ოხრები, ამასაც გვისპობენო. მე ოდნავ დავშორდი მათ და გვერდიდან ვუყურებდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უცებ, იმ ჩვენმა მოთვალთვალემ რაღაც უთხრა აქციის მონაწილეს , მერე იქვე მდგარ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. იქ კი დატოვა გაკვირვებული და ხელებგაშლილი.
    რა გითხრა-მეთქი?
    - არ ვარ, ძმაო, თქვენიანი, თავი გამანებეო!
    სიცილი ამიტყდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ტიპს მოთმინება არ ეყო, რომ ადამიანის სამართლიანი გულისტკივილი მოესმინა და თავი გათქვა.
    კი, ასეც ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან აგენტების მოგზავნის გარდა სხვა ღონისძიება არ გატარებულა, ნაძალადევის მოსახლეობა მაინც გვირეკავდა და გვთხოვდა, ჟურნალისტებსაც და „გრინფისელებსაც“, არ მიგვატოვთ, დაგვიდექით გვერდით, არავის მივცემთ უფლებას, პარკი გააჩანაგოს და სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლება წაგვართვასო. ინტერვიუში რამდენიმე რესპონდენტმა მითხრა, 90-ან წლებში, გაჭირვების დროს, არავის მოსვლია აზრად, ამ ხეებისთვის ტოტი შეეტეხა და შეშად გამოეყენებიანა, ის კი არა, ჯაბას ხალხს კუდით ქვა ვასროლინეთ, შეშისთვის ხის მოჭრა რომ გადაწყვიტესო. აქვე ჰქონდათ შტაბი და ერთხელ რომ მოინდომეს, ისე შევუტიეთ, მეორედ თქმა არ გაუბედავთ, ესენი ვინ არიან, არავის და არაფერს რომ არ ეპუებიანო.
    ჩემდა გასაკვირად, ასე განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობიდან, იმ 25 თებერვალს, როცა კიკვიძის ბაღში ათეულობით ხე მოჭრეს და ახალგაზრდებიც დააპატიმრეს, არავინ გამოჩენილა. მერე შევიტყვე, ზოგთან ნაციონალების უბნის კოორდინატორი მისულა, ზოგთან უბნის ინსპექტორი და შვილის, ძმის, ქმრის ან ვინც აქციებზე პროტესტს გამოთქვამდა, თავად მას დაპატიმრებით ან სამსახურიდან დათხოვნით დამუქრებიან. ასე შევრჩით იმ დღეს შსს-ს ურდოს ოცდაათიოდე ადამიანი. ისინი კი ასზე მეტი იქნებოდნენ, პარკის ხველა მხრიდან რომ გვიტევდნენ, ზოგი - ფორმით, ზოგი - უფორმოდ...
     
    გოგა ონიანიც უფორმოდ იყო. მის მოსვლამდე რკინებით შემოღობილ ტერიტორიაზე, იქ სადაც ხეებს ჭრიდნენ და თხრიდნენ, შესვლა ვცადეთ. სწორედ მაშინ მოვიდა, თავისიანებითურთ, ონიანი და ბაღიდან წასვლა მოგვთხოვა. კანონს არღვევთ, გზას კეტავთო. არადა, გზას რა უნდოდა შუაგულ პარკში? თუმცა კი, ტრაქტორებს, ბულდოზერებს და მძიმეწონიან სატვირთოებს იქაურობა ცომივით ჰქონდათ გადაზელილი. პირდაპირ პარკიდან, ხეებს შორის არსებული ფართებით გაჰქონდათ მოჭრილი ხეები და ამოთხრილი მიწა. ჩვენ კი არა, თქვენ არღვევთ კანონს, ამხელა მანქანებს და ტექნიკას რა უნდათ პარკის ტერიტორიაზეო, ვუმტკიცებდით ჩვენ. კადრებში კარგად ჩანს და ისმის, რაზეც იყო საუბარი. ჩვენი მხრიდან არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა, უბრალოდ ვითხოვდით ცნობას, რის საფუძველზეც იჩეხებოდა ბაღი ან რის საფუძველზეც ჩვენ იქ ყოფნის უფლება არ გვქონდა.
    ონიანი და მისი ჯგუფი, ჩვეულებისამებრ ძალას იყო და აშკარად ეტყობოდათ, რომ ბრძანებას ელოდნენ, როდის ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. თან წარა-მარა სადღაც რეკავდნენ, ვიღაცას ტელეფონით ანგარიშს აბარებდნენ, ზოგი კამერით იღებდა ცალკეული ადამიანის აქტიურობას. სულ რაღაც ოციოდე წუთს გაგრძელდა ეს დავა, მერე დაერივნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, თითქოს, ქვეყნის დამაქცევრები იყვნენ და მანქანებში ჩაყარეს. არადა,ისინი საკმაოდ დინჯად იქცეოდნენ, ხმაურით ჩვენ, ქალები უფრო ვხმაურობდით, მათ შორის, ლუბა ელიაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, შსს-ს ხალხს თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული, ვინც უნდა დაეკავებინა. ამის თქმის საფუძველს მიძლიერებს ის ფაქტი, რომ მათ ერთ-ერთი დაკავებული იქვე, პარკის ტერიტოიაზევე გაუშვეს. ეს იყო „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი, ირაკლი კიკილაშვილი, რომელიც სატვირთოს ხელებგაშლილი გადაუდგა წინ და რომელიც ყველაზე პირველი აიყვანეს. ეტყობა, ირაკლის დაკავება მათ ინტერესებში არ შედიოდა, ამიტომ გზისპირას გაჩერებულ მანქანამდე მიიყვანეს და მერე გაუშვეს. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დავით ფაცაცია არ დატოვეს „ნაწყენი“.
    კადრებში კარგად ჩანს, როგორ მიჰყვება ის გოგა ონიანს გვერდით და ჯერ ეკითხება, ეს ბიჭები რატომ, რომელი კანონის საფუძველზე დააკავეთო, მერე კი ეუბნება, თქვენ კანონს არღვევთ და ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებთო.
    ონიანი მშვიდად, ვითომც არაფერი, ჰპირდება, შენც დაგიჭერო. შემდეგ კადრში კი უკვე ვხედავთ, როგორ მიჰყავს ორ სამოქალაქო ფორმიანს მკლავებგაყრილი ფაცაცია თავიანთი მანქანისკენ.
    ამ მომენტში ისმის გოგონას ხმა, ეს ის მანქანაა, ის მანქანა...
    ჰო, რომელ მანქანაშიც დავით ფაცაცია ჩასვეს, იმ მანქანით, ყოველ საღამოს მოდიოდნენ უცნობები და მათთან ერთად ათევდნენ, თურმე, ღამეს კიკვიძის ბაღში. ახალგაზრდებს ბაღის გულშემატკივრები რომ ეგონათ, პოლიციის გადაცმული თანამშრომლები აღმოჩნდნენ...
    ეს ამბავი ჩემთვის არ იყო ახალი და ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
     
    შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა. გავიგეთ, რომ ახალგაზრდები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს და რამდენიმე წუთში ჩვენც იქ გავჩნდით.
    ერთ-ერთ დარბაზში უკვე მიმდინარეობდა „წესრიგის დარღვევისთვის“ დილით დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი.
    როგორც მოსალოდნელი იყო, გაამტყუნეს და დარბაზიდან 400 ლარიანი ჯარიმით გამოუშვეს.
    ვიდრე ერთ-ერთ სააგენტოს ჩხარტიშვილის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი, კიდევ ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ არც ერთგან და არც მეორეგან არ შემიშვეს მანდატურებმა, პროცესი უკვე მიმდინარეობს და მოწმის გარდა ვერავის შევუშვებთო.
    იმ პროცესებიდანაც 400 ლარიანი ჯარიმით გამოისტუმრეს ორივე.
    ცოტა ხანში, მანდატურებმა დაიძახეს, ფაცაციას პროცესზე ვისაც გინდათ შესვლა, მობრძანდითო და გულშემატკივრებიც მითთებულ დარბაზში შევედით. დავით ფაცაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავდა, ბრალდების მხარეს კი ერთი პოლიციელი წარმოადგენდა, დაკავებულს ის ადებდა ხელს, წესრიგს არღვევდა, მანქანებს გზას უკეტავდა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას გვიწევდაო. არადა, ის პოლიციელი ბაღის ტერიტორიაზე კი იყო, მაგრამ დაკავების მომენტში ფაცაციას სიახლოვეს არავის დაგვინახავს. ვიდეოშიც კარგად ჩანს, თუ ვინ აკავებს ფაცაციას, პროცესზე კი სულ სხვა ადამიანი იბრალებდა, მე დავჭირეო.
    სჯობია, დალაგებულად მივყვეთ მოვლენებს და უკეთ გამოჩნდება, რა როგორ იყო.
    მოსამართლე დარბაზში რომ შემობრძანდა და გაგვეცნო, თავისი ვინაობა ისე ხმადაბლა ჩაიდუდუნა, ვერც სახელი გავიგონე მისი და ვერც გვარი, მაგრამ მერე დავადგინე, დიმიტრი გვრიტიშვილი ბრძანებულა.
    პროცესი პოლიციელის დაკითხვით დაიწყო, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ფაცაციას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წესრიგის დაღვევას აბრალებდა. საშუალო ასაკის, ლოყებღაჟღაჟა პოლიციელი გვარად ფიფია აღმოჩნდა. ამ გვარის ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ, სადაც არ უნდა შემხვდნენ და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან დედა მყავდა ფიფია და ეს გვარი ჩემს სისხლსა და ხორცთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ამიტომ ძალიან მომინდა, იმ პოლიციელს თავი არ შეერცხვინა...
    მისი ჩვენების მერე, მოსამართლე ფაცაციას მიუბრუნდა და მანაც მოსამართლეს, სინამდვილეში რა როგორ იყო. დაცვის მხარის მიერ წარდგენილმა ყველა მოწმემაც სრული სიზუსტით აღწერა მომხდარი, მათი ჩვენებაც აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს, როგორ შეიკრიბნენ ბაღში, მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე როგორ აპროტესტებდნენ იქაურობის გაჩეხვას და როგორ დააკავეს აქციის მონაწილეები, მათ შორის, დავით ფაცაცია. თან ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ დარბაზში მყოფი მონაწილეობდა მის დაკავებაში.
    ერთ-ერთმა ისიც აღნიშნა, არათუ მან დააკავა, საერთოდ არ მახსოვს, იყო თუ არა იქო.
    ამის თქმაზე, ფიფიამ მე მომაპყრო მზერა და დამიძახა, - თქვენ ხომ მხედავდით, რომ მე იქ ვიყავიო.
    კი, თქვენ იყავით ბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს კაცი თქვენ არ დაგიკავებიათ-მეთქი, გავეცი პასუხი.
    მოსამართლემ ერთი კი შემომხედა და შენიშვნის მოცემა დამიპირა, მაგრამ მე დავასწარი და ფეხზე ადგომით „ჩესტი“ ავუღე, მარჯვენა ხელი საფეთქელთან მივიდე.
    არ ვიცი, მოულოდნელობისგან, არ ვიცი, კიდევ სხვა რამის გამო, არაფერი უთქვამს, მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს ჩააშტერდა. შემდეგ ისევ პოლიციელს მიუბრუნდა და მათ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა:
    - თქვენ ამტკიცებთ, რომ ფაცაცია გზას კეტავდა და მანქანებს მოძრაობას უშლიდა?
    -დიახ!.
    -სად იყო ეს გზა?.
    -კიკვიძის ბაღში.
    -კიკვიძის ბაღში, სად, შიგნით, სადაც ხეებია?
    პოლიციელი დაიბნა და ადგილზე აცქმუტდა. რომ ეთქვა, ბაღის შიგნით დადიოდნენ მანქანები და იმათ უშლიდა გადაადგილებასო, ბაღის შიგნით ხომ გზა არ არის? რადგან გზა არ არის, ესე იგი, არც მანქანები უნდა დადიოდნენ. რაღაც არ გამოდიოდა კარგად, მიხვდა და ისევ თავიდან დაიწყო, გზას კეტავდაო.
    მაშინ მოსამართლემ სხვანაირად დაუსვა კითხვა, - თქვენ გზის განსაზღვრება თუ იცით ზუსტადო, რომელ გზაზე უშლიდა გადაადგილებას მანქანებს, იქ სადაც ტრასაა, სადაც ავტოტრანსპორტი მოძრაობს, სადაც შუქნიშნები დგას და მთელი საგზაო ინფრასტრუქტურაა მოწყობილიო?
    ისევ დაიბნა საწყალი ფიფია და მთლად წამოჭარხლდა სახეზე. მე სიცილი ვერ შევიკავე, ფეხზე წამოვდექი და ახლა მას ავუღე „ჩესტი“.
    მოსამართლეს ჩემი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენია და რომ ვიფიქრე, ახლა მიმაბრძანებს დარბაზიდან-მეთქი, მან კი თვალი ამარიდა და ისევ ქაღალდებს დაუწყო კირკიტი. მერე ადვოკატს ჰკითხა, მომხადრის ვიდეოჩანაწერი ხომ არ გაქვთ ან რამე დამატებითი მასალა, რაც ბრალდებულის უდანაშაულობას დაამტკიცებსო. გვაქვსო, ადვოკატმა უთხრა, ახლავე შეგვიძლია მოგართვათ ჩანაწერებიო. მოსამართლე დაფიქრდა და მერე განაცხადა, ვერ მივიღებ მტკიცებულებად, რადგან ჩვენ ვერ დავადგენთ, აუთენტურია ის თუ დამონტაჟებული, ამიტომ ნუღა შეწუხდებითო.
    მისი განცხადება ხმამაღლა გავაპროტესტეთ, ვის ეცალა მაგჩანაწერების დასამონტაჯებლად, მთელი დღე აქეთ-იქით დავრბივართო, მაგრამ გვრიტიშვილმა ყური არ გვათოხვა და ახლა პოლიციელ ფიფიას მიუბრუნდა, თქვენც ხომ არ აწარმოებდით გადაღებას და რამე მასალა ხომ არ გაქვთ, რომელიც ბრალს დაადასტურებსო. არაო, თავი გააქნია ფიფიამ და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად დარბაზში მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი წამოდგა, კი, გვაქვს ჩანაწერიო. თურმე, დარბაზშიც გვყოლია აგენტი. მისმა ნთქვამმა არათუ ჩვენ, ფიფიაც გააკვირვა. ეტყობა, არც მან იცოდა, ის სამოქალაქო ტანსაცმლიანი ახალგაზრდა ფაცაციასი კი არა მისი გულშემატკივარი რომ იყო. მოკლედ, კი თქვა იმ ბიჭმა, ჩვენც გვაქვს ჩანაწერიო, მაგრამ ადვოკატმა გააპროტესტა, თუ ჩვენს წარდგენილ მტკიცებულებას არ მიიღებთ წარმოებაში, მაშინ ნურც ამათსას მიიღებთო და მოსამართლემაც დააკმაყოფილა მისი პროტესტი.
    ისე, დღემდე მაინტერესებს, რა ჰქონდა შსს-ს გადაღებული და რა ჩანაწერები უნდა წარედგინათ სასამართლოსთვის ისეთი, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რომ გამოდგებოდა? რაღა ბევრი გავაგრძელო, ადვოკატმა თავისი სათქმელი თქვა, სულ პუნქტებად ჩამოუთვალა მოსამართლეს და კიდევ ერთხელ შეახსენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რა ეკრძალებოდა მოქალაქეს და რა - არა, როდის ითვლებოდა დამნაშავედ და როდის - არა, რისი უფლება ჰქონდა და რისი -არა.
    მერე თავად დათო ფაცაციამ ითხოვა სიტყვა, ჯერ პოლიციელ ფიფიას მიმართა და უთხრა, რომ ესმოდა მისი და მოხარული იქნებოდა, ყველა სამართალდამცავს კანონისა და სამართლის მიხედვით ემოქმედა და არა ცალკეული პირების მითითებების შესაბამისად, რომ ის პოლიციელიც იმავე რეჟიმის მსხვერპლი იყო, რომელი რეჟიმიც მას ასამართლებდა, რომ ჩვენ სწორედ იმ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით, სადაც ფიფიაც თავისუფალი იქნებოდა, სადაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებდა და დღევანდელივით თავის არ შერცხვენა არ მოუწევდა. მერე მოსამართლეს მიმართა, ისიც დაანამუსა, მადლობა გადაუხადა პროცესის უხმაუროდ ჩატარებისთვის და მოუწოდა, დაეშვა პრეცენდენტი და ემოქმედა კანონის უზენაესობით და სინდისის კარნახით, არ შეესრულებინა არავის დაკვეთა და გამოეტანა სამართლიანი განაჩენი.
    გვრიტიშვილს მისთვის სიტყვა არ გაუწყვეტინებია, ბოლომდე მოთმინებით მოუსმინა, თუმცა კი თავი არ აუწევია და თვალებში არ შეუხედავს. სადღაც, გულის კუნჭულში ვფიქრობდი, პროცესი ისე წაიყვანა, რომ რამდენჯერმე მოწმე პოლიციელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ჩანს, რომ ბრალდებულის მიმართაც სიმპთიითაა განწყობილი და იქნებ სასწაული მოხდეს და გაამართლოს-მეთქი.
    სულ ტყუილად...
    გადაწყვეტილებაც ისევე დუდუნით და ძლივსგასაგონად წაიკითხა, როგორც საკუთარი სახელი და გვარი გვამცნო შემოსვლისას, თუმცა დარბაზში სამარისებული სიჩუმე იყო და მაინც გავიგონეთ, რომ დავით ფაცაციას ჯარიმის სახით 400 ლარი დააკისრა.
    დარბაზში ხმაური და უკმაყოფილო შეძახილები ატყდა, მოსამართლე კი განაჩენის გამოცხადებისთანავე გაუჩინარდა.
    აშკარა იყო, დირექტივას დამორჩილდა. იმ დღეს ყველა დაკავებული გაამტყუნეს და 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, გვრიტიშვილი განსხვავებულ განაჩენს ხომ არ გამოიტანდა?
    სასამართლოს შენობიდან გამოსულმა ეზოში ფიფიას ვკიდე თვალი და მივაძახე, შენს ადგილას მიწა გამისკდებოდა სირცხვილით-მეთქი.
    ბევრს ნუ ლაპარაკობ, თავი ვინ გგონიაო, შემომედავა გულმოცემული. ის უკვე დავიწყებოდა, რამდენიმე წუთის წინ კუთხეში მიმწყვდეული მხეცივით შემცბარი რომ უყურებდა მოსამართლეს და მის კითხვებზე არადამაჯერებელ პასუხებს იძლეოდა.
    გამეცინა, რა უნდა მეპასუხა ეგეთი ადამიანისთვის, რაც ვუთხარი ისიც ზედმეტი იყო.
    მერე, სახლისკენ მიმავალი მთელი გზა ვფიქრობდი, დღვანდელი ვიდეოჩანაწერი და კონკრეტულად ფაცაციას დაკავების კადრები რომ ენახა მოსამართლეს, ნეტა, რას იზამდა, იმოქმედებდა თუ არა ნანახი მის გადაწყვეტილებაზე ან ნამუსი მაინც თუ შეაწუხებდა-მეთქი. თუმცა, პასუხი ისედაც ცხადი იყო, თავისუფალ და სამართლიან გადაწყვეტილებას რომ ვერ მიიღებდა, იმიტომაც თქვა ვიდეოჩანაწერის ნახვაზე უარი. ახლა, ორი წლის მერე, მინდა მივმართო მოსამართლე გვრიტიშვილს, აგერაა ის ვიდეო, ბატონო დიმიტრი და არ სჭირდება დიდი ექსპერტობა იმის დადგენას, ნამდვილია თუ დამონტაჟებული. მით უმეტეს, ახლა არც არავინ გთხოვთ იმ ამბის მონაწილეთა დასჯას ან გამართლებას. თავისუფალი ხართ არჩევანში და ისე, უბრალოდ, ინტერესის გულისთვის ნახეთ ეს კადრები. იქნებ გაიხსენოთ ის დღე, ის სასამართლო პროცესი, როცა თქვენ დავით ფაცაციას კი არა საკუთარ თავს გამოუტანეთ განაჩენი და ეს არ ყოფილა მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმა. P. S. ბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ასე თავგამოდებით ვიცავდით, დღეს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობა დგას.
     
    ირმა ბერიშვილი
  7. ირმა ბერიშვილი
    შეიძლება ბევრს ჯერაც არ შეუმჩნევია, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა გაჩერებასა თუ სკვერში, ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილებში მზის სისტემაზე ინტეგრირებული, ეკოლოგიურად სუფთა, მულტიფუნქციური სკამები დაიდგა, რომლებზეც არა მარტო ჩამოჯდომა და დასვენება, არამედ მობილური ტელეფონების დატენვა შეიძლება და სწორედ, ამით არის მნიშვნელოვანი.
    თითოეული ,,მზის სკამი“ ერთდროულად ოთხი ელექტრომოწყობილობის დატენვის საშუალებას გვაძლევს და სილქნეტის უფასო WiFi-ით არის აღჭურვილი, რომლის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
    ,,პლანეტა.ჯი“ ეგრეთწოდებული ეკოდამტენი სკამების იდეის და პროექტის ერთ-ერთ ავტორს, Solartia Group-ის წარმომადგენელს, ვაჟა თოფურიას ესაუბრა.
    - საიდან წამოვიდა ასეთი სკამების შექმნის იდეა, რომელ ქვეყნებში გვხვდება ანალოგი?
    - ამ სკამების ანალოგი ევროპის ისეთ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია.
    ჩვენს რეალობაში, საზოგადოებრივ სივრცეში ტელეფონის დამტენებსა და ხარისხიან Wi-Fi - ზე მოთხოვნა დიდი იყო, ამიტომ ჩვენც, მე და ჩემმა მეგობარმა, გიორგი ნიჟარაძემ ავიღეთ ეკოლოგიურად სუფთა დამტენების იდეა და ვეცადეთ, თბილისის იერსახისთვის მორგებული დიზაინის სკამები შეგვექმნა. მართალია, პროექტი ბევრად ადრე შევქმენით, მაგრამ მისი განხორციელება ,,სილქნეტისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით მხოლოდ წელს შევძელით.
    ჩვენი იდეა, თავდაპირველად საბურთალოს გამგებელს მოეწონა და მისი დახმარებით, პირველი საჩვენებელი ვერსია, რომელიც უსასყიდლოდ დავამზადეთ, ბუკიას ბაღში დავდგით.
    როცა ეკოდამტენის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ინტერნეტში ასეთი გამოხმაურებაც გვხვდებოდა: რა დროს ეს არის, ამის ფასად გაჭირვებულებს დაეხმარეთ და სხვა ამის მსგავსი, მაგრამ დადებითი განწყობა მეტი იყო. ვინაიდან ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის სრულიად უსასყიდლოდ გაკეთდა და მოწყობილობების დატენვაც სრულიად უფასოდ ხდება.
    ჩვენი სკამებით სარგებლობაც ყველა ადამიანს შეუძლია.
    - დღეის მონაცემებით, ეკოდამტენი სკამები დაახლოებით რამდენ ადგილზეა განთავსებული?
    - ამ დროისთვის, თბილისის ტერიტორიაზესხვადასხვა სკვერსა თუ პარკში, ასევე, გაჩერებებზე სულ 20 ასეთი მულტიფუნქციური სკამია დამონტაჟებული, რომელთა მოძიება ,,გუგლ მეფის“ საშუალებითაც არის შესაძლებელი.
    - გარდა ცენტრალური ადგილებისა, ამ სკამების დამონტაჟება თბილისის სხვა უბნებშიც თუა დაგეგმილი?
    - დიახ, მალე სხვა ადგილებზე, გარეუბნებშიც დავამატებთ და თბილისში ეკოდამტენების მონტაჟი სრულად ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.
    - თბილისის გარეთ, რეგიონებშიც ხომ არ აპირებთ მზის სკამების დადგმას, დაინტერესება თუ არის?
    - რა თქმა უნდა, მოთხოვნა დიდია, ახლა ბორჯომის მერია დაინტერესდა ძალიან და ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. ვგეგმავთ დამონტაჟებას ქუთაისსა და ბათუმში, ასევე, ვაპირებთ ეკოსკამების დადგმას სვანეთში, თეთნულდის მიდამოებში.
    ასათვისებელი ადგილები ბევრია, განსაკუთრებით რეგიონებში, სათანადო მოთხოვნა და დაინტერესებაც გვაქვს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
    განსაკუთრებით კარგი იქნება ამ ეკოდამტენების განთავსება რთული რელიეფის მქონე ტურისტულ ზონებში, სადაც ელექტროენერგია ხელმიუწვდომელია. მაგალითად ხევსურეთში აბუდელაურის ტბებთან, სამეგრელოში - ტობა ვარჩხილზე და ასე შემდეგ.
    - თქვენს მიერ შექმნილი სკამების საშუალებით დღეს ტელეფონების და სხვა მობილური ელექტრომოწყობილობის დატენვა და Wi-Fi - ის გამოყენებაა შესაძლებელი. კიდევ თუ აპირებთ რამე სხვა ფუნქციის დამატებას?
    - გვინდა, მზის სისტემაზე ინტეგრირებულ სკამებს 112 - ის გამოძახების და GPS - ის ფუნქციაც დაემატოს, რათა მისი საშუალებით ადამიანის კორდინატის დადგენა გახდეს შესაძლებელი. მსგავსი პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ისეთ მიუვალ ადგილებშია მნიშვნელოვანი, სადაც რთული ტურისტული მარშრუტები მდებარობს და შეიძლება, ვინმე გზას ასცდეს ან დაიკარგოს.
    - როგორც ვიცით, მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენების დამონტაჟებამდე, მობილური ტელეფონების დასატენად, თბილისში, ავტობუსების გაჩერებებსა თუ სხვა ადგილებში ჩვეულებრივი ელექტრომოწყობილობებიც დადგეს, თუმცა, ყველას მალევე ან ელექტროსადენები მოაგლიჯეს, ან მთლიანად გააფუჭეს.
    თქვენი მზის სკამები მსგავსი ვანდალიზმისგან რამდენად არის დაცული?
    - პროექტის შექმნისას მსგავსი შემთხვევებიც გავითვალისწინეთ, აქედან გამომდიანრე, სკამი ისეა გაკეთებული, რომ მისი დაზიანება გაჭირდება. თუ მაინც მოახერხა ვინმემ მისი გაფუჭება, იოლად შევაკეთებთ.
     
    ირმა ბერიშვილი
  8. ირმა ბერიშვილი
    ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ამსახველი კადრები ვნახე და გონებაში კიდევ ერთხელ დამიტრიალდა ის საშინელი დღე, რომლის სიმწარეც საკუთარ თავზე მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნიე. იმ დღეს განცდილზე უარესი კი მეორე დღეს, ტელევიზიით მოსმენილი და ნანახი შეფასებები და აქციის მონაწილეების მიმართ ჩინოვნიკთაგან გამოთქმული ბრალდებები იყო. მათ სიტყვებს, მათ სახეებს, სიძულვილით ანთებულ მათ თვალებს ვერაფერი დამავიწყებს. საერთოდ, ნოემბრის ის 5 დღე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან და ვინაიდან, აქციის არც ერთ მონაწილეს დაწვრილებით არ მოუყოლია ის ამბები, ახლა მინდა, ყოველგვარი პათოსის და შელამაზების გარეშე, მე მოგიყვეთ.
    მოგეხსენაბთ, 2 ნოემბერს იმჟამინდელ პარლამენტთან, ნაციონალების 4 წლიანი მმართველობის პერიოდში პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა. იმ აქციის წინაპირობა ისედაც ყველამ იცით, ამიტომ აღარ მივუბრუნდები. 2 ნოემბრიდან ყოველდღე ნაშუადღევს გავდიოდი რუსთაველზე და საღამოს 11-12 საათამდე ვრჩებოდი. აქციაზე შეკრებილებს კუდი და სოდი ყველა რაკურსით გვიღებდა ფოტოებს და ვიდეოებს, მაშინდელი დეპუტატები კი პარლამენტის ფანჯრებიდან ფარულად გვითვალთვალებდნენ. ზოგი ფარდას ეფარებოდა და იქიდან გვიჭვრიტინებდა, ზოგი ვითომ მზეს იჩრდილავდა, ისე იფარებდა ხელს, რომ მისი სახე არ დაგვენახა. მახსოვს, აქციის მეორე თუ მესამე დღეს, ერთ-ერთ ფანჯარასათან ვიღაც იდგა, იდაყვში მოკეცილი მკლავი მინაზე ედო და შუბლით ისე ეყრდნობოდა, რომ ქვევიდან მხოლოდ მისი სახის ნაწილი ჩანდა, რომლითაც ვერავის ამოიცნობდი. აღნაგობით დავით კირკიტაძეს მივამგვანე და შინაგანი ხმაც მკარნახობდა ამას. თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი და აშკარად ხელს ვერ დავადებ, მაგრამ დროდადრო ისეთ რამეს აკეთებდა, რის გამოც სწორედ მასზე მივიტანე ეჭვი. სახეზე მკლავაფარებული პიროვნება, როგორც კი შეამჩნევდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხიდან ვინმე მისკენ აიხედავდა, უმალ შარვლის უბეზე იკიდებდა ხელს და ისე აისვ-ჩაისვამდა, თითქოს, გვანიშნებდა, ეს არ მომაჭამოთო. ეს ისე, ცნობისთვის...
    დანარჩენი დღეების ქრონიკას გამოვტოვებ და მთავარზე გადავალ.
    6 ნოემბერს მთელი დღე იწვიმა, მიუხედავად ამისა, რუსთაველზე 2-3 საათიდან მაინც ბლომად ხალხი მოვიდა. ვინც ყოველდღე დავდიოდით, უკვე ერთმანეთს სახეზე ვცნობდით, ერთმანეთის განრიგიც ვიცოდით და ჩვენ ჩვენი დისლოკაციის ადგილიც გვქონდა. მე პირადად, პარლამენტის წინ, შადრევნის მეორე იარუსსზე ვდგებოდი, პირველი სკოლისკენ. იქიდან კიბეებზე მსხდომ მოშიმშილეებსაც კარგად ვხედავდი, სიტყვით გმომსვლელებასაც და აქციაზე მისულებსაც. იმ საღამოს, ქაშუეთის მხრიდან, ჩვეულებისამებრ, სვანეთიდან ჩამოსული დელეგაცია გამოჩნდა, რომელთაც თან ტრანსპარანტი მოჰქონდათ, წარწერით: „თუ გამტრაკებლები ვართ, გავატრაკოთ, თუ არადა, წავედით ჩვენ სახლში“. შეკრებილები ოვაციით და ტაშით შევხვდით სვანებს. წინა დღეებშიც ასე ვხვდებოდით, მაგრამ ამ ტრანსპარანტის შინაარსმა განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია. ისინი სვანეთიდან 2 ნოემბერს ჩამოვიდნენ და მას მერე, აქციას ყოველდღე, საღამოს 4-5 საათისთვის უერთდებოდნენ. ასამდე ადამიანი, ჯორჯაძის ქუჩიდან ერთად, ორგანიზებულად ამოდიოდა რუსთაველზე და მათი უმეტესობა დილამდე იქ რჩებოდა. რაც შეეხება „გატრაკებას“, ამ მიზნით, წინა დღეებში ირაკლი წერეთელმაც შემოიკრიბა რამდენიმე ათეული თანამოაზრე, მე აქ პოეზიის საღამოებისთვის არ მოვსულვარ, ეს ხელისუფლება ძალით უნდა გადავაგდოთ და გამომყევით, პარლამენტის სხდომაზე შევუვარდეთო. დაიძრნენ კიდეც ზედა შესასვლელისკენ, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგნლები შუა გზაში მიეწივნენ და უკმაყოფილო ირაკლი წერეთელი, თავის ამალიანად, უკან გამოაბრუნეს.
    წერეთლის გეგმას, როგორც ჩანს, სვანეთის წარმომადგენლებიც იზიარებდნენ, რაზეც მათი ტრანსპარანტი მოწმობდა, თუმცა რამდენიმე საათში პროცესები სულ სხვაგვარად წარიმართა, ვიდრე ვინმეს წარმოგვედგინა. წვიმა კი, თითქოს, ჩვენს ჯიბრზე არ წყდებოდა. მთელი დღე სველ ასფალტზე დგომისგან, უკვე, ფეხსაცმელშიც ატანდა წყალი, მაგრამ იქაურობის მაინც ვერ ვტოვებდი. 9 საათისთვის, დიდი თერმოსებით ცხელი ჩაი და ყავა მოიტანეს, ერთჯერადი ჭიქები და შოკოლადებიც მოაყოლეს. ცოტა ხანში ვიღაცამ ცხელ-ცხელი ლობიანები და ხაჭაპურებიც ჩამოარიგა. კიდევ ცოტა ხანში, შუახნის ქალი ამოვიდა, ასევე ჯორჯაძის ქუჩიდან, კოლმეურნეობის მოედანზე მაღაზია მაქვს და ეს ჩემგან, თქვენ, აქ რომ დგახართ საქვეყნო საქმისთვისო. დიდი პოლიეთილენის პარკით ძვირაღირებული სიგარეტები და მოსკოვური შოკოლადები ამოიტანა და დაგვირიგა. მსგავსი რამეები ყოველ საღამოს ხდებოდა, ხან ვის მოჰქონდა საჭმელი და სიგარეტები იქ მყოფებისთვის და ხან - ვის, ჩაის და ყავის მოწოდებას აქციის ორგანიზატორები ახერხებდნენ. რაიონებში კი ხელისუფლება ხმებს ავრცელებდა, თითქოს აქციის მონაწილეებს ფულს უხდიდნენ რუსთაველზე დგომაში. წინა დღით დამირეკა ჩემმა ძმამ და გამეხუმრა, ამბობენ ღამისმთევლებს 400 ლარს უხდის პატარკაციშვილი და სულ მანდ რომ ხარ, შენ რატომ არ შეგხვდა ის ფულიო? თავად რომ არ მდომოდა, 400 ლარად კი არა, 4 მილიონად ვერავინ მაიძულებდა იქ მისვლას და დამეფიცება, სხვებიც ასეთივე განწყობით მედგნენ გვერდზე. იმ ღამითაც, წვიმისგან თავიდან ბოლომდე გალუმპულები ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდით. მართალია, საწვიმარებიც მოიტანეს და რამდენიმე ადგილი ცელოფნითაც გადახურეს, მაგრამ ამან ვერ გვიშველა, ერთიანად დავსველდით. როცა ვიგრძენი, სიცივისგან ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდი, გარშემომყოფებს კვლავშეხვედრის იმედით დავემშვიდობე და თავისუფლების მეტროსკენ გავწიე...
    7 ნოემბერს, დილით, 9 საათზე ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, „იმედის“ ეთერში იმ კადრებს ვკიდე თვალი, მეეზოვეებად გადაცმულმა პირებმა პარლამენტს კიბეებზე მსხდარი, ნახევრადმძინარე მოშიმშილეები იმ კიბეებიდან როგორ დააგორეს და მივხვდი, საქმე უკვე ძალიან ცუდად იყო. ჟურნალისტიც იუწყებოდა, რომ აქციის რამდენიმე ორგანიზატორი უკვე დააკავეს და რუსთაველიც მომიტინგეებისგან „გაწმინდეს“. ამავდროულად, აცხადებდნენ, რომ დაჭერას გადარჩენილი ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ ისევ აპირებდნენ შეკრებას და ხალხსაც იქ მოსვლას თხოვდნენ. რაღა თხოვნა მინდოდა?!. სასწრაფოდ ჩავიცვი და კისრისტეხით გავვარდი გაჩერებაზე. ნახევარ საათში რუსთაველზე ვიყავი. პარლამენტის შენობასთან სულ ორმოცდაათამდე ადამიანი დამხვდა, ოპოზიციის ლიდერები არსად ჩანდნენ, მხოლოდ კოკა გუნცაძე იდგა კიბეებთან, გაფითრებული და სახედაკარგული. ისევ წვიმდა. შადრევნის პირველ იარუსზე შევდექი და იქიდან დავიწყე მიდამოს თვალიერება. საპატრულო ეკიპაჟები აქეთ-იქით დაქროდნენ და ავტობუსებს პირველი სკოლის წინ გაჩერების უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომ იმ მხრიდან ხალხი არ ჩანდა. ცოტა შევფიქრიანდი, ნუთუ, დღეს ვინმე სახლში დაჯდება-მეთქი და ეტყობა, სახეზე მეწერა ეს სასოწარკვეთილება, უცებ ვიღაც ქალმა ქვემოდან ამომძახა, ბებია, ნუ გეშინია, მოვა, ბევრი ხალხი მოვა, აი, მე შემომხედე, მოხუცმა ვერ მოვითმინე და მოვედიო. მერე ხელი გამომიწოდა, მეც ამიყვანე მანდო და წამში ბებოც გვერდით ამომიდგა. 82 წლის ვარ, ბებო, ქმარი მყავს ქართველი, მე სომეხი ვარ, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი, საქართველო ჩემი სამშობლოა და მისი ტკივილი ჩემი ტკივილიაო. აქამდე არ გამოვსულვარ, მაგრამ ახლა ვერ დავჯექი სახლში. ჩემი ქმარი მომძახოდა, სად მიდიხარ, შე ბებერო, ღირსი ხარ, კარგად მიგთეთქვონო, მაგრამ ტელევიზორში რომ დავინახე, ამ დილით ჩემი შვილების და შვილიშვილების ტოლ ხალხს როგორ მოექცნენ, ვერ გავჩერდი და მაინც წამოვედიო. მომივიდეს რაც მომივა, ქვეყნის ბედი წყდება აქ და მეც თქვენს გვერდით ვიქნებიო. ცრემლები წამომივიდა და ბებოს ჩავეხუტე.
    ამასობაში, დავინახე, თავისუფლების მხრიდან როგორ მოასკდა ხალხი პარლამენტის შენობას და კიდევ უფრო ამიჩუყდა გული. ქაშუეთის მხრიდანაც იმატა მომსვლელთა რიცხვმა და წამებში გაივსო იქაურობა. აქციის მონაწილეების მატებასთან ერთად ყვითელსაწვიმარიანი პოლიციელების რიცხვიც საოცარი სიწრაფით მატულობდა. პარლამენტისკენ მიმავალ ყველა მხარეს უკვე ისინი იდგნენ, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც სულ გადაყვითლებული იყო. ვცდილობდი, ახლოს მდგომი პოლიციელებისთვის თვალებში ჩამეხედა, მაგრამ როგორც კი სახეში შევხედავდი, უმალ თავს დაბლა ხრიდნენ და თვალებს მარიდებდნენ. მივხვდი, არცთუ სასიამოვნო დავალება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მაინც ვერ დავუშვი, რომ ასე სასტიკად მოგვექცეოდნენ.
    პატრული ცდილობდა, გზა არ გადაკეტილიყო და გამვლელ მანქანებს აიძულებდნენ, სვლის შეუნელებლად, მთელი სისწრაფით ემოძრავათ რუსთაველზე. გზის გაყოლებაზე კი, ჩვენს შესაკავებლად რკინის ჯებირებს ამაგრებდნენ. თერთმეტი საათისთვის პარლამენტს პირველი სკოლის მხრიდან ხალხის დიდი ნაკადი მოადგა. შორიდან შევამჩნიე ახალი მემარჯვენეების დროშები და, ვინაიდან, შემაღლებულზე ვიდექი, დათო გამყრელიძე, დათო საგანელიძე და ფიქრია ჩიხრაძეც სხვებზე ადრე დავინახე. აქ უკვე მესამედ ამომიჯდა გული. ამ დროს ჩემმა მეგობარმა, მაია ბუთბაიამ დამირეკა, იცოდა, სადაც ვიყავი და სხაპასხუპით მომაყარა, ახლა სამსახურში ვარ, რაც ხდება ამ ინფორმაციას ერთ-ერთ უცხოურ სააგენტოს მივაწვდი და მალე შენთან გავჩნდებიო. თან მკითხა, ხომ ბევრი ხალხიაო? მართლაც უკვე იმდენი ხალხი შეგროვდა, რომ პარლამენტის წინ, შემოსაზღვრულ ადგილზე ვეღარ ეტეოდა, ამიტომ კოკა გუნცაძე წინ გავიდა, მწკრივში ჩაიყენა მომიტინგეები და ჯებირებიანად ყველანი ტრასაზე გადავიდნენ. პატრული მედგარ წინააღმდეგობას უწევდა და ამ ჯაჯგურში რამდენიმე ადამიანი დაშავდა კიდეც. ვიღაცის კივილი გავიგონე და იქითკენ გავქანდი, ყოფილ მხატვრის სახლთან, ფიცრებით შემოღობილი ტერიტორიის წინ ორ მამაკაცს მხრებში ჩაევლოთ ხელი ქალისთვის, რომელსაც ცალი ფეხი მოეკეცა და განწირული კიოდა. ქაშუეთთან სასწრაფო დამხარების მანქანა მეგულებოდა და ახლა იქით გავიქეცი. მანქანა ცარიელი დამხვდა. მაშინ იქვე მდგარ პატრულის მანქანას ვეცი ყვირილით, ქალს ფეხი მოტყდა, სად არიან ექიმები-მეთქი. მძღოლმა, რა გაღრიალებს, ვერ ხედავ, ჩვენს თანამშრომელსაც მოტეხეს ფეხი, აგერ არიან ექიმებიო. შემცბარმა მანქანაში შევიხედე და რომ დავინახე, უკანა სავარძელზე ტკივილისაგან სახედაღრეჯილ თანამშრომელს სასწრაფოს ბრიგადა პირველ დახმარებას უწევდა, იქაურობას გავეცალე. მინდოდა ისევ პარლამენტის მხარეს გადავსულიყავი, მაგრამ უცებ რაღაც ყრუ გუგუნის და დაფდაფების ცემისმაგვარი ხმა ჩამესმა, გავირინდე, მივაყურადე, თუმცა ვერაფერს მივხვდი. ზუსტად ამ დროს ისევ დარეკა ბუთბაიამ და ლამის ტირილით მთხოვა, გოგო, ტრანსპორტი არ მოძრაობს და ფეხით მოვდივარ რუსთაველზე, ფოსტასთან სპეცრაზმელებს გადავეყარე. უამრავნი არიან, ჩემს წინ მიდიან, ხელკეტებს ფარებზე უტყაპუნებენ, ისეთი საშინელი ხმაა, შევძრწუნდი. როგორც ჩანს, აქციის დარბევას აპირებენ და გამოერიდე, სასწრაფოდ წამოდი იქიდან და მე აქვე დაგელოდებიო. არავითარ შემთხვევაში აქედან ფეხს არ მოვიცვლი, მოხდეს რაც მოსახდენია-მეთქი. ნუ ხარ შენ სულელი, გააკეთე, რასაც გეუბნებიო, ბუთბაიამ, მაგრამ ტელეფონი გავუთიშე და საგონებელში ჩავარდნილმა აქეთ-იქით მიმოვიხედე.
    რუსთაველზე სამარისებული სიჩუმე იდგა, წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ ცა რაღაც ავისმომასწავლებლად მოქუფრული და ჩაჟამებული იყო, ერთნაირად დაბნეული და შემცბარი მომიტინგეები ერთმანეთს უხმოდ შევყურებდით. შორიდან კი უცნაური, მონოტური რაკუნი და ვიღაცის გამყინავი ხმა ისმოდა. თითქოს, ვიღაც ქალი რაღაც წინადადებას ამბობდა, ჩემს ყურთასმენას კი მხოლოდ ორ სიტყვა სწვდებოდა: „წინააღმდეგ შემთხვევაში“; „წინააღმდეგ შემთხვევაში“; „წინააღმდეგ შემთხვევაში“... სხვას ვერაფერს ვიგებდი თუ გონებას არ უნდოდა დანარჩენი სიტყვების მოსმენა, თუ უბრალოდ გათიშული ვიყავი, მიზეზი დღემდე ვერ ამიხსნია. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, მოულოდნელად, წინ მეგობარი ჟურნალისტი, თინიკო მოსიაშვილი შემეფეთა. მისი დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ოკეანეში დაკარგულს ხომალდი შემხვედროდეს, გადავეხვიე და სრულიად უზაროდ, იმ სიტუაციისთვის შეუფერებელი რამ ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი... მახსოვს, გაოცებული თვალებით შემომხედა და ხელებგაშლილმა დამიბრუნა კითხვა, როგორ უნდა ვიყო? უცებ ვიღაცეებმა დაიჩურჩულეს, რომ სპეცრაზმი მოდის, რომ წყლის ჭავლის მანქანა მოუძღვით წინ, რომ თავისუფლების მოედანზეც სპეცრაზმელები დგანან... საკვირველი ის იყო, რომ წასვლა და იქაურობისგან გაცლა არავის უფიქრია.
    რამდენიმე ათასი ადამიანი ხმაგაკმენდილი ვიდექით და ველოდით. სპეცრაზმელთა პირველი კორდონი და წყლის ჭავლიანი ლურჯი მანქანა უკვე ცისფერ გალერეას უახლოვდებოდა. და აქ ყველაზე საინტერესო რამ მოხდა. ქალები ინსტიქტურად გამოვეყავით შეკრებილებს და წინ წავედით, კოლონასთან შესახვდერად. ახლა ვფიქრობ, ეს იყო იმედი, რომ ქალებს დაგვინდობდნენ და ჩვენ კიდევ, უკან მდგომ კაცებს დავიცავდით. ამ სიტუაციამაც ძალიან ცოტა ხანს გასტანა, სულ რაღაც წამები... კაცები უცებ მოეგნენ გონს და წინ წასული ქალების გვერდზე გადაყვანა დაიწყეს. ქაშუეთის პირდაპირ მდგომმა, ანგარიშმიუცემლად „მამაო ჩვენო“ წამოვიწყე და უცებ ვიღაცამ უკნიდან ხელი ჩამავლო, ჰაერში ამწია და გვერდზე მომისროლა. პირველი რეაქცია რაც იყო, გავიფიქრე, სპეცრაზმელები მომეპარნენ და პოლიციის მანქანაში უნდა ჩამაგდონ-მეთქი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ქაშუეთის მხარეს, რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, ეს ვიღაც უცნობმა მამაკაცმა გააკეთა... ამ დროს რაღაცამ დაიქუხა და ჩემს გვერდით მდგომ მამაკაცს მხარზე კონუსის ფორმის მოგრძო ნივთი მოხვდა, მეორე ასეთი ჩემს ფეხებთან დაეცა და საშინელი კვამლი გაუშვა. ინსტიქტურად გავიქეცი. გამაყრუებელი სროლის ხმა უკვე მასიურად ისმოდა, ყუმბარებიც ყოველ ნაბიჯზე ცვიოდა. თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით. მე ყოფილი მხტვრის სახლის ადგილას აღმართულ ფიცრებს მივყვებოდი, მეშინოდა, არ წავიქცე და ხალხმა ზედ არ გადამიაროს-მეთქი. გარშემო რამის დანახვა ჭირდა, მაგრამ თვალი მაინც მოვკარი, როგორ წაიქცა ჩემს ახლოს ვიღაც ქალი და როგორ წამოაყენეს...
    კინო „რუსთაველს“ რომ მივუახლოვდი, უკვე, ვიხრჩობოდი, სუნთქვა აღარ შემეძლო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სიცოცხლე იმ წამს, იქ დასრულდებოდა. კონოთეატრის პირველ კარებს ვეცი, მაგრამ დაკეტილი დამხვდა. მახსოვს, განწირული, მთელი ძალით როგორ ვეხეთქებოდი და ვცდილობდი შემეტეხა. მინის კარებს მიღმა კი ჯიბეში ხელებჩაწყობილი დაცვის წევრი იდგა და მანიშნებდა, მეორე კარებისკენ წადიო. მეორე კარებამდე მისვლა არ შემეძლო, უჟანგბადობისგან სული მეხუთებოდა, მეგონა, რომ ვკვდებოდი. წარმომიდგენია, რა საწყალი და საცოდავი შესახედი ვიყავი, იმ ბიჭს კი ჯიბეში ეწყო ხელები და მიყურებდა არაფრისმთქმელი, გულგრილი მზერით. ეს კადრი არასდროს ამომივა გონებიდან... თითქოს დღესაც ვხედავ ჩემს თავს იმ დაცვის ბიჭის თვალებით: სახეშეშლილი, პირდაფჩენილი, შეშინებული როგორ ვცდილობ მინის კარების მხრებით შენგრევას. უფრო დამაცირებელი კი ის იყო, რომ როცა მივხვდი, იმ კარებს ვერაფერს ვუზამდი, უკანასკნელი ძალა მოვიკრბე და მეორე კარებისკენ გავიქეცი, იქ კი სხვა, ჩემსავით დაწამლულ-გამწარებული ადამიანები დამხვდნენ, რომლებიც ამაოდ ეჯაჯგურებოდნენ. თურმე, ის კარიც დაკეტილი ყოფილა... ამ ყველაფრის მერე, თავადაც არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი საჯარო ბიბლიოთეკის ჩასახვევთან, ფურცელაძის ქუჩაზე. გაქცეულთა ერთი ნაკადი, სწორედ იქ შევიკრიბეთ. წელში მოკაკვულები, შეშინებულები, დაზაფრულები გაუთავებლად ვახველებდით, ცხვირ-პირი გვეწვოდა და ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით პირდაბჩენილები მთელი ძალით ვცდილობდით სუფთა ჰაერის ჩაესუნთქვას, რომელიც იმ დღეს რუსთაველზე დეფიციტი გახდა. როგორც კი ჰაერის მცირე ნაკადი შევისუნთქე და ფილტვები ამუშავდა, გახარებულმა ყვირილი დავიწყე, არ ვკვდებით, ხალხო, ნუ გეშინიათ, არ ვკვდებით-მეთქი. ნელ-ნელა გავიშალეთ მხრებში და მიმოვიხედეთ. არემარე ნაცრისფერ ბურუსში იყო გახვეული, სპეცრაზმელები რუსთაველზე პიკაპებით დარბოდნენ და გარშემო ყურისწამღები საგანგაშო სიგნალების ხმა ისმოდა. იქვე მდებარე ბინების ბინადრებმა ბოთლებით წყალი გამოგვირბენინეს, რომლითაც სახის დაბანა ვცადეთ, ვიფიქრეთ, წვას შეგვიჩერებსო, არადა, უარესად გაგვამწარა. თურმე, ასეთ დროს მხოლოდ სოდიანი წყლის მოხმარება ყოფილა რეკომენდებული... ეს მერე, სასწრაფო დახმარების ექიმებმა გვითხრეს.
    ცოტა რომ მოვსულიერდით, ერთმანეთი გავამხნევეთ და პირი ისევ რუსთაველისკენ ვქენით. დაახლოებით 70-80 ადამიანი ვიქნებოდით, რომელთაგან სახლში წასვლა არც ერთს მოსვლია აზრად. ის იყო, ფურცელაძიდან რუსთაველისკენ დაძრულთ სპეცრაზმელებმა თვალი გვკიდეს და ერთ-ერთი პიკაპიდან რეზინის ტყვიები დაგვიშინეს. ისევ უკან, ბიბლიოთეკისკენ გავბრუნდით. მე ბუთბაიასთან ტელეფონზე დაკავშირება ვცადე, ვიცოდი, ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ კავშირი გაწყვეტილი იყო. შესაბამისად, იქ შეკრებილთაგან ვერავინ ვერავისთან დარეკა და ვერც ის გავიგეთ, „ჩვენს იქით“ რა ხდებოდა. ზოგმა თქვა, საპატრიარქოში წავიდეთო, ზოგმა - სამებაშიო, ზოგმა - იქეთაც საშიშიაო, კოლმეურნეობის მოედანზეც პოლიცია დგასო. ამ თათბირში ვიყავით, უცებ, კინოთეატრის უკანა მხრიდან ყვითელსაწვიმრიანი ახალგაზრდა პოლიციელი გამოჩნდა, ასე 22-23 წლისა იქნებოდა, თავჩაქინდრული მოდიოდა თავისთვის, ჩვენს დანახვაზე, შეცბა, სვლა შეანელა. რამდენიმემ გინებით გაიწია მისკენ. მივხვდი, ძალიან ცუდი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო და ვიკივლე, არ მიქაროთ, ხელი არ დააკაროთ, გაუშვით, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ-მეთქი. ჩემმა დანამუსებამ გაჭრა, არც გაუჩერებიათ, არც მიუწყევლიათ, არც გაულანძღავთ, ტაშის თანხლებით უსიტყვოდ გავატარეთ. ზუსტად ამ დროს დარეკა ბუთბაიამ და ჩემი ხმა რომ გაიგონა, აკივლდა: ცოცხალი ხარ, სად ხარ? ჩქარა წამოდი, ახლა მაინც გამიგონე, ოპერასთან ვარ, აქ გელოდები.
    მერე თაბუკაშვილის ქუჩით ავედი ოპერასთან, გადარეული ბუთბაია იქ დამხვდა და ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მომაყოლა. ოპერის იქით, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტოიაზე სპეცრაზმელები იდგნენ, აქეთ - ჩვენ, ხალხი გვემატებოდა გვემატებოდა. იქიდან მხუთავი გაზის ყუმბარებს ისევ ისროდნენ, გარდი-გარდმო ჭრიდა სივრცეს თეთრკუდმობმული კონუსები. სასწრაფო დახმარების მანქანებს მოწამლული ადამიანები გაჰყავდათ და თან ფანჯრიდან სამედიცინო ნიღბებს გვიყრიდნენ. სიტუაცია აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, არავინ იცოდა, რა იქნებოდა შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებიდან არავინ ჩანდა, შესაბამისად, იმ დღის სამოქმედო გეგმას ვერავინ გვაწვდიდა, მაგრამ მაინც არ ვიშლებოდით, პირიქით, ხალხის ნაკადი არა და არ წყდებოდა. მერე, დიდი, შავი ჯიპიდან ბურთივით გადმოაგდეს იქვე, ჩემს ფეხებთან, დილით დაკავებული გოგა ხაინდრავა, რომელმაც შეშლილი სახით მიმოიხედა ირგვლივ და აღმართზე სირბილით ავარდა. ცოტა ხანში, ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ლიდერები შეიკრიბნენ და დათქვეს, რიყეზე შევიკრიბოთო. ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ, უკვე ვიცოდით, საითაც უნდა წავსულიყავთ.
    ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა. ჩემი ძმიშვილი წინა ღამეს მეგობრებთან დარჩა, ამიტომაც არ მახლდა თან. სხვა დღეებში სოხუმის უნივერსტეტის სტუდენტებთან ერთად მოდიოდა აქციაზე, საღამოს კი სახლში ვუშვებდი. იმ დღეს, პირველი დარბევის მერე, როგორც კი სატელეფონო კავშირები აღდგა, რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა, შემხვდი და სახლში ერთად წავიდეთო. მოვატყუე, შენ წადი და მეც მალე მოვალ-მეთქი. რამდენჯერაც დამირეკა, იმდენჯერ რომ ისევ აქციაზე აღმომაჩინა, ვეღარ მოითმინა და მეც მოვდივარ, ფილარმონიასთან შემხვდიო. რუსთაველიდან მე და ბუთბაია ფილარმონიისკენ წავედით, მერე ის თავისი სამსახურისკენ გაემართა, მე კი ჩემს ძმიშვილს შევხვდი და ორივემ რიყისკენ გავწიეთ. ვიდრე ტრანსპორტში ჩავჯდებოდით, ჯიბიდან 90-ე ფსალმუნი და მაცხოვრისა და წმინდა გიორგის ხატების კარედი ამოვიღე და მას მივეცი, მე კი ხის ჯვარცმა დავიტოვე, რომელიც ახლობელმა პატიმარმა მაჩუქა. ახლა ვფიქრობ, რიყეზე რომ მივდიოდით, შეგუებული ვიყავი იმ აზრთან, რომ შეიძლებოდა ისევ დავერბიეთ ან უარესი რამეც მომხდარიყო, ამიტომაც ჩავუდე გულის ჯიბეში ხატი და ფსალმუნი 20 წლის ძმიშვილს, ვინძლო, მე ვერ დავიცვა, იქნება ამან უშველოს-მეთქი და იქ წავიყვანე, სადაც არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ხომ ვიყავი მოსაკლავი?
    რიყეზე მისულებს იქაურობა გავსებული დაგვხვდა და ხალხი ისევ მოდიოდა და მოდიოდა. ჩვენ სიღრმეში შევიწიეთ, სადაც ოპოზიციის ლიდერებს სახელდახელო ტრიბუნა მოეწყოთ. მე კისერი წავიგრძელე, მინდოდა მენახა, რომლები იყვნენ ადგილზე და ამ დროს, ვიღაც ახალგაზრდამ დაიძახა, სპეცრაზმი წამოვიდაო. მართლაც, ყველა მხრიდან მომდგარიყვნენ, უკვე. ერთი ნაწილი მეტეხის ხიდიდან მოდიოდა, მეორეს ბარათაშვილის ხიდი გაევსო და მესამე - ავლაბრის აღმართს მიუყვებოდა ფარების ბრახუნით. როგორც ჩანდა, ზემოთა გასასვლელის ჩაკეტვასაც აპირებდნენ. სამებისკენ წავიდეთო, იყვირა ვიღაცამ და ღვინის აღმართისკენ დავიძარით. კიბეებთან ახლოს მდგომები იოლად გადავრჩით, უცებ ავიარეთ და წყლის ჭავლიან მანქანას გავექეცით, ჩვენს უკან მომავლებს კი არც სპეცრაზმელთა ხელკეტი დაჰკლებიათ და არც ცივი წყლის ჭავლი. სამაგიეროდ, ჩვენ ავლაბრის მოედანზე დაგვერივნენ ყუმბარებით. მხუთავი აირისგან ირგვლივ ყველაფერი წამში გაიკვამლა. სასწრაფოს ექიმების მიერ მოცემული სამედიცინო პირბადე ჩემს ძმიშვილს გავუკეთე და გავაფრთხილე, არ შეშინებოდა, თუკი სუნთქვა გაუჭირდებოდა, მე კი სვიტრის საყელოში ჩავრგე ცხვირ-პირი... თვალების გახელა გვიჭირდა, ვერ ვსუნთქვადით, მაგრამ ხველებ-ხველებით მაინც გავიგნეთ გზა მეტრომდე, იქ ცოტა შევისვენეთ და ხელიხელჩაკიდებულები გავიქეცით სამებისკენ.
    სულ ცოტა ხანში ტაძრის მთელი ეზო აქციის მონაწილეებით გაივსო, ნაწილი შიგნით შევიდა, ნაწილმა თავი შევიკავეთ. არ დავმალავ, სპეცრაზმი ფეხდაფეხ მოგვდევდა და ვიფიქრეთ, შეიძლებოდა, ტაძრის შიგნითაც შეეშვათ მხუთავი აირი, დახურულ სივრცეში კი მართლა დავიხრჩობოდით. იმ დღეს ქაშუეთში თავშეფარებულ ხალხს შეუყარეს ყუმბარები და სამებაში რა გარანტია გვქონდა, რომ იგივეს არ იზამდნენ? სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მოვლენებს მხოლოდ „იმედის“ მაშინდელი კორესპონდენტი ნათია მიქიაშვილი აშუქებდა, რომლის ოპერატორის კამერასაც მე და ჩემი ძმიშვილი რამდენჯერმე დავემალეთ. სადმე კადრში რომ მოვხვედრილიყავით, ჩვენი ოჯახის წევრები ტელევიზიით აუცილებლად ნახავდნენ და ყველას ერთად დაარტყამდა ინფარქტი. ჩემი ძმა რომ მირეკავდა, სად ხართო, ტაძრის კარებს ვეფარებოდი და ისე ვატყუებდი, სტუმრად ვართ ნათესავთან-მეთქი. სიმართლეს ვერ ვეტყოდი და რომ მეთქვა, ბინაში ვართ-მეთქი, სახლის ტელეფონზე დარეკავდნენ და ტყულში ეგრევე გამოგვიჭერდნენ. მოკლედ, ამ გაურკვევლობაში ვიყავით, როცა ერთ-ერთმა მოძღვარმა მოგვმართა, შემოდით ყველანი შიგნით და დამშვიდდით, თქვენთან შესახვედრად მალე პატრიარქი მოვაო. ამ ინფორმაციამ მართლაც დაგვამშვიდა და სხვებთან ერთად მე და ჩემი ძმიშვილიც ტაძარში შევედით. მთელი დღის ფეხზე დგომის და სირბილისგან ისე ვიყავი დაღლილი, შუაგულში, პატრიარქის ტახტთან დაგორგოლავებულ დიდ ხალიჩაზე დავჯექი, ჩექმები მოურიდებლად გავიხადე და ფეხები გავჭიმე. სწორედ ამ დროს ნათია მიქიაშვილი და მისი ოპერატორი გამოჩნდნენ. ოპერატორმა ეგრევე ჩვენსკენ მომართა კამერა, მაგრამ მე სასწრაფოდ წამოვხტი, ვტაცე ჩემს ფეხსაცმელს ხელი და თვალს მივეფარე. ისევ დამირეკა ბუთბაიამ, რომლისთვისაც უკვე ნათქვამი მქონდა, რომ გარეთ, მთელ პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებდა, რომ მეტრომდე მისვლა შეუძლებელი იყო და იქ პატრიარქს ველოდებოდით, რათა მშვიდობიანად გაღწევაში დაგვხმარებოდა.
    მაიამ მითხრა, ინფორმაცია მაქვს, პატრიარქი სამებაში ვერ მოვა და სასწრაფოდ დატოვეთ იქაურობა. რომელიმე ჩიხიდან გამოიპარეთ და წამოდით იქიდანო, კატეგორიულად მომთხოვა. ეს ამბავი დიდად არ მომეწონა, მაგრამ გვერდით მყოფებს მაინც გადავეცი მისი ნათქვამი, მინდოდა, ისინიც გამეფრთხილებინა, რაზეც ძალიან გამიბრაზდნენ. არ არსებობს პატრიარქი რომ არ მოვიდეს, რადგან შეგვპირდნენ, მოვა კიდეც, მის გარეშე აქედან არ წავალთო.
    იმ დღეს პირველად დავუჯერე ბუთბაიას, მოვკიდე ჩემს ძმიშვილს ხელი და სამებიდან გავედი. ჭიშკრის სიახლოვეს მიქიაშვილი და ოპერატორი კადრებს ისევ იღებდნენ, მათგან რამდენიმე მეტრში სპეცრაზმელების მუზარადები ბრჭყვიალებდა. მახსოვს, იმ სიუჟეტის გამო, კინაღამ ტრიბუნალს გადასცეს ნათია მიქიაშვილი, მე კი, ცოცხალი მოწმე ვამბობ, მართლა არსებობდა სამების ეზოში შეკრებილი ხალხის დარბევის საშიშროება, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ახლოს იდგა ერთ-ერთი შეიარაღებული დანაყოფი, დანარჩენებს კი მეტროს მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული. ფაქტობრივად, სპეცრაზმს ალყაში ვყავდით.
    მერე ჩუმად, ფეხაკრეფით, სადღაც მიხვეულ-მოხვეულებში ვიარეთ, ხან ვიღაც შემხვედრს ვკითხეთ, როგორ გავსულიყავით გზაზე, ხან ჩვენს ინტუიციას და ორიენტაციას მივყევით და სადღაც, ბარათაშვილის ძეგლის მიდამოებში ჩავედით. მერე ძლივს გავაჩერეთ ტრანსპორტი, რომელმაც ვაგზლის მოედნამდე მიგვიყვანა, ბოლოს, დიდი დიღმისკენ მიმავალ „მარშუტკაში“ რომ ჩავჯექით, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი უსაფრთხოდ და უკანა სავრძელზე მოკალათებულმა, ჩემს ძმიშვილს ვუთხარი, ახლა, როგორც კი მივალთ, ჩავრთოთ „იმედი“ და მთელ ჩვენს თავგადასავალს ვუყუროთ-მეთქი. დიდუბემდე რომ მივედით, მძღოლმა გააგვაფრთხილა, მასივში თუ მიდის ვინმე, იქით ვერ შევალ, „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და გზები გადაკეტილიაო...
    ეს იყო იმ დღის საშინელი ფინალი, ყველაზე დიდი დარტყმა და შოკი, რამაც ისე დამანგრია, რომ აღარ მახსოვს, როგორ მივედით სახლში ან რა გავაკეთე, ან როგორ დავიძინე, ან მეძინა თუ არა საერთოდ. მარტო ის მახსოვს, მეორე დღეს როგორ გამოდიოდნენ ტელევიზიით პატივცემული გვამები და როგორ აფასებდნენ სიტუაციას, როგორ მოგვიხსენიებდნენ ქვეყნის მტრებად, რუსეთის აგენტებად და მოღალატეებად. იმ უგვანთაგან ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძის განცხადებამ აღმაშფოთა, რომელმაც კმაყოფილი სახით ბრძანა, რომ ჩვენი დარბევით სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ, რომ ჩვენ, აქციაზე მდგომები ხელისუფლებამ ჩვენივე შეცდომებისგან გვიხსნა, რადგან ვერ ვხვდებოდით, როგორ გვამრთავდა რუსეთი და ჩვენი მეშვეობით, როგორ უთხრიდა ძირს საქართველოს...
    რა საოცარია ცხოვრება... მსგავსი ბრალდებები დღემდე იღვრება იგივე გვამების საინფორმაციო ღრუდან, ოღონდ ახლა თავად ნინო ბურჯანაძის მისამართითაც. ქალბატონ ბურჯანაძეს უკან მიუბრუნდა თავისი ყველა სიავე, მოღალატის დამღაც თავად ადევს შუბლზე და რუსეთთან ვინ მეგობრობს, ეგეც იცის ხალხმა. თუმცა, ბურჯანაძის სიტყვებზე ჩემი გაცოფება რა მოსატანია, იმასთან, რაც 7 ნოემბერს გადატანილის მერე იმ კადრების ნახვაზე მომივიდა, ჩვენგან დაცლილ რუსთაველზე მოსეირნე სპეცრაზმელებს ზაზა ბეგაშვილი რომ კოცნის და გავიმარჯვეთო, ულოცავს.
    აი, იმ შუბლისძარღვგაწყვეტილი ბეგაშვილის ჯავრი ვერ ვიყარე დღემდე. შვიდი წელია, ოცნებად მაქვს, შემთხვევით გადავეყარო სადმე. სხვა, მასავით დაბალი რანგის ჩინოვნიკს შევხვედრივარ ბევრგან, რესტორანში, კაფეში, ბარში, სახაჭაპურეშიც კი, აი, მაგის ნახვას კი ვერსად ვეღირსე. არადა, რამდენჯერ მიოცნებია, როგორ ვხვდებით ერთად ერთ რესტორანში, როგორ ვუკვეთავ ოფიციანტს რაიმე წვნიან და ცხელ კერძს, მერე როგორ მიმაქვს სავსე მათლაფა ბეგაშვილის მაგიდასთან და რა სიამოვნებით ვაპირქვავებ თავზე. ისე არ მინდა მოვკვდე, ეს ოცნება არ ავიხდინო. ჩინეთში რომ გაამწესეს ელჩად, მას მერე მის შესახებ არც არაფერი გამიგია, თუ სადმე ნახოთ, მით უმეტეს, რესტორანში, გამაგებინეთ ვინმემ, ქენით სიკეთე. 7 ნოემბრის შემოქმედებითი ჯგუფი კი, თავისი ხელმძღვანელიანად, პროკურატურისთვის მიმინდვია.
    ირმა ბერიშვილი
  9. ირმა ბერიშვილი
    ეს კაცი გალში მცხოვრები გენადი ღაჭავაა, იუბილარი, დღეს მას ორი წელი შეუსრულდა.
    უკეთესი სახელი რატომ არ ქვიაო, გაგიკვირდებათ, ალბათ. ასე დედამ დაარქვა, დიდი ხნის უნახავი უფროსი ძმის პატივსაცემად. იმ ძმას კიდევ სახელი მამამ დაანათლა, სამეგრელოში დარჩენილი სიყრმის მეგობრის, გენო სამუშიას სიყვარულით. თითქოს, განსაკუთრებული არც არაფერია ამაში და ერთი გალელი პატარა ბიჭის დაბადების დღეზეც არ შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას, რომ არა ის გარემოებები, რაც ამქვეყნად მის მოსვლას სდევდა თან.
     
    პატარა გენო (გენჩიკა, როგორც მას გალში ეძახიან) 2012 წლის 20 მარტს სოხუმის სამშობიარო სახლში, საკეისრო კვეთით გაჩნდა და ვინაიდან, დამოუკიდებლად სუნთქვა ვერ შეძლო, დაბადებისთანავე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, მშობლებს კი უთხრეს, რომ ბავშვს ფილტვები არ ეხსნებოდა და, თუ უახლოეს დღეებში მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა, სასწრაფოდ სადმე სხვაგან უნდა გადაეყვანათ. „სადმე, სხვაგან“ ორი გზა იყო, ან რუსეთისკენ, კრასნოდარის მხარეში ან ენგურსგამოღმა - თბილისში. კრასნოდარისკენ ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ, არავინ უშლიდათ გადაადგილებას, ოღონდ, ფსოუს საზღვრამდე თავიანთი ძალებით თუ მოახერხებდნენ ავადმყოფი ბავშვის მიყვანას, იქ შესაბამისი დახმარება დახვდებოდათ, თუმცა კი, ტრანსპორტირებისას ექიმები ბავშვის გადარჩენაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ;
    აქეთ, ჩვენსკენ, ქართველი ექიმები ყველანაირ პასუხისმგებლობას კისრულობდნენ, ოღონდ კი ბავშვამდე მისასვლელი გზა მოენახათ. არჩევანისთვის დრო აღარ რჩებოდა, რადგან, გენოს მდგომარეობა გამოსწორების ნაცვლად, უარესდებოდა, ამიტომ მამამისმა გამბედაობა მოიკრიბა და დახმარებისთვის ერთ-ერთ გავლენიან აფხაზს მიმართა. მთავარი იყო, მას დე ფაქტო მთავრობისგან აფხაზეთში ქართველი ექიმების უსაფრთხო შესვლის გარანტია მიეღო, დანარჩენს ქუთაისიდან ჩასული რეანიმობილი და მედიკოსები გააკეთებდნენ.
    აფხაზი ჩინოვნიკი გულისხმიერებით მოეკიდა გასაჭირში ჩავარდნილი მამის თხოვნას და რამდენიმე საათში, დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გაცემული საშვი მიუტანა, რომელიც ქუთაისიდან ჩასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მეორე დილით, გამთენიისას ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილი ენგურის მეორე ნაპირს მიადგა, გამშვებ პუნქტთან ადგილობრივი უშიშროების სამსახურის მანქანები და გალის და სოხუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები დახვდნენ, ჭუბურხინჯთან მათ გენოს ნათესავები და გულშემატკივრებიც შეუერთდნენ და დილის რვა საათზე, რამდენიმე ავტომობილსგან შემდგარი კოლონა სოხუმის სამშობიარო სახლთან გაჩერდა. რეანიმობილის სანახავად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე მხარემ არნახული გულისხმიერება გამოიჩინა, კლინიკის პერსონალ-პაციენტიანად ყველა ეზოში გამოიფინა. მერე გენოს დედა იხსენებდა, როცა თქვა, ქუთაისში, ნაცნობ ექიმს ველაპარაკეთ და ქართული მხარე მზად არის, გენოს გადასარჩენად ყველა ღონეს მიმართოსო, მის ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდა მედპერსონალი, ძაან არ შეიწუხონ ახლა თავი ქართველებმა ამ ერთი კინკილა ბავშვის გამოო...
     
    უფრო გასაგები რომ გახდეს ყველაფერი, აქვე გავაკეთებ მცირე განმარტებას გენოს მშობლების და მათთან ჩემი კავშირის შესახებ. გენოს ბაბუა, დედის მამა და დედაჩემი ალალი ბიძაშვილები იყვნენ, გვარად - ფიფიები. გასული საუკუნის 40-ან წლებში, დედაჩემის ბიძა კინდღში (ოჩამჩირის რაიონი) წასულა საცხოვრებლად და ცოლ-შვილიც თან წაუყვანია. გენოს ბაბუას, გურამს პირველი ცოლი რუსი ჰყავდა, სწორედ მასთან ეყოლა უფროსი გენო, რომელიც, განქორწინების შემდეგ, დედამ თავის მშობლიურ მხარეში, ციმბირში წაიყვანა და მამას და ნათესავებს მისი ნახვის უფლება არ მისცა. მეორედ გურამმა ტამიშელ აფხაზზე იქორწინა და მასთან სამი ქალიშვილი შეეძინა... ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული მე და ჩემს ბიძაშვილ გოგოებს.მართალია, ისინი ჩემზე უმცროსები არიან, მაგრამ ყოველთვის გვქონდა საერთო ინტერესები, რაც ერთმანეთთან სიახლოვეს გვინარჩუნებდა და გვინარჩუნებს დღესაც.
    გურამს, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანი თავისიანად მიიიჩნევდა და რომლის შვილებიც ნახევრად აფხაზები იყვნენ, ომის სიმძიმის ტარება გაუჭირდა. ბუნებით კაცთმოყვარე და დიდსულოვანი ადამიანის გულმა დაწოლილ ტვირთს ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა. ჩვენ გვიან გავიგეთ. 1993 წლის აგვისტოს ბოლოს, სამეგრელოში მყოფი ცოლ-შვილის წასაყვანად რომ ჩამოვიდა, უკანასკნელად მაშინ ვნახეთ. 3-4 წლის მერე, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ბიცოლაჩემის მიერ გამოგზავნილ წერილიდან შევიტყვეთ, რომ აღარ იყო.
    2000 წლამდე გოგოებთან სწორედ „წითელი ჯვრის“ შუამავლობით გვქონდა მიმოწერა. 2000 წლიდან, ღვთის შეწევნით, ერთმანეთთან მიმოსვლაც შევძელით და მათი მეშვეობით, უკვე რამდენჯერმე გახლდით სოხუმში.
    კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ისაა, რომ ჩემი ბიძაშვილები დღეს აფხაზებად იწოდებიან, თავად ასე სურთ და მიიჩნევენ, რომ სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ამ და სხვა მტკივნეულ თემაზე ხშირად ვსაუბრობთ, ხოლმე, მაგრამ დღეს მე პოლიტიკას არ ვეხები. დღეს გენოზე უნდა ვილაპარაკო...
    იმ დებს შორის შუათანა, გენოს დედა, ბედის ნება-სურვილით, სამი წლის წინ გალელ მეგრელზე გათხოვდა. მერე კი გენკა შეეძინათ, ის გენკა, რომლის გადასარჩენადაც, 2012 წლის 26 მარტს ქუთაისიდან გაგზავნილი რეანიმობილი სოხუმის სამშობიაროს მიადგა და მშობიარე ქალები საოპერაციო ბლოკებიდანაც გამოვიდნენ, იმ „სასწაულის“ სანახავად. ადგილობრივი ექიმებიც კი პირდაღებულები იყურებოდნენ, თურმე, შიგნით და მანქანაში ჩამონტაჟებული უახლესი სამედიცინო-რეანიმაციული აღჭურვილობის დანახვაზე გაოცებას ვერ ფარავდნენ. მალე, იგივე კოლონამ სოხუმის ქუჩებში გამოიარა და გზადაგზა ასევე პირდაღებული ხალხი მოიტოვა უკან.
    წარმოიდგინეთ, როგორი სანახავი იქნებოდა, დილის ცხრა საათზე ქართულნომრებიანი და ქართულწარწერებიანი რეანიმობილი ესკორტის თანხლებით, მწყობრით რომ გაივლიდა ცენტრალურ მაგისტრალზე?.. დღის 2 საათზე გენო, უკვე, თბილისის ჟვანიას სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში იყო. ცოტა მოგვიანებით, მისი დიაგნოზიც გვამცნეს ექიმებმა: დიაფრაგმის თიაქარი, მთელი რიგი გვერდითი მოვლენებით. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ საქმეს ის გარემოება ართულებდა, რომ ბავშვს ინფექცია შეჭროდა სისხლში და ამის გამო მაღალ ტემპერატურას აძლევდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი დეფექტით დაბადებული ჩვილები, ჩვენთან სამშობიაროდან პირდაპირ საოპერაციოში გადაყავთ და პრობლემას ეგრევე ქირურგიული ჩარევით აგვარებენ, სოხუმში კი არათუ ოპერაციის გაკეთება, სწორი დიაგნოზის დასმაც ვერ მოახერხეს.
     
    შემდგომი დღეები მოლოდინის რეჟიმში როგორ გავლიეთ და რა განვიცადეთ, არ მოვყვები, შორს წაგვიყვანს. პირველი ოპერაცია გენოს 29 მარტს ჩაუტარდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო, იმედია, მომდევნო დღეები გართულებების გარეშე ჩაივლის, განმეორებითი ოპერაცია არ დაგვჭირდება და გამოჯანმრთელებულ ბავშვს კლინიკიდან მალე გაგატანთო, შეგვპირდნენ მედიკოსები.
    ამის შემდეგ ცხრა იმედიანი დღე გავიდა და მეათე დღეს, დილით კლინიკაში მისულ მამას აცნობეს, რომ გენკას მაღალი სიცხე ჰქონდა, რაც კარგის მომასწავებელი არ იყო და სწორედ იმ გართულებებზე მიანიშნებდა, რაც ასეთ ოპერაციას ახლავს თან. მახსოვს, ეს 8 აპრილის საღამოს მოხდა, ბზობის დღესასწაულზე. საავადმყოფოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, ვინაიდან გამოკვლევებმა ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა) აჩვენა. ...მერე ორი საათი ვიდექით საოპერაციოს ფოიეში და ეს ორი საათი უსასრულო მოლოდინის ორ საუკუნედ გადაიქცა. ყოველი ჩქამი, ყოველი კარის გაღება, ყოველი ფეხის ნაბიჯი შიშის ზარს გვცემდა. ვაითუ, იმ ხმას ცუდი ამბავი მოეტანა ჩვენამდე. როდის როდის გამოვიდა იქიდან თავდახრილი ქირურგი და ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა. რაც უფრო მოკლდებოდა მანძილი, ჩვენს შორის, მით უფრო მკაფიოდ მესმოდა საკუთარი გულისცემა. -წვრილი ნაწლავი ორ ადგილას იყო გახვრეტილი და დაზიანებული უბნის მთლიანად ამოღება მოგვიხდა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. - ძლივს გასაგონად თქვა ქირურგმა. -შანსი როგორია, ექიმო? - ხმის კანკალით ვკითხე. -აბა, რა გითხრათ? - ხელები გაშალა უღონოდ - ამჯერად ვერანაირ პირობას ვერ მოგცემთ, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და ჩვილის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ასეთი ხუთი შემთხვევიდან, მხოლოდ ორის გადარჩენა თუ ხერხდება. დაველოდოთ მოვლენებს, მომდევნო დღეების დინამიკა ყველაფერს გვაჩვენებს...
    მე და გენოს მამა კედელზე ვიყავით ატუზულები და განძრევას ვერ ვახერხებდით, დერეფანში სკამზე გაქვავებული დედა გვიცდიდა. მღელვარებისგან ექიმის მოსმენა რომ ვერ შეძლო. რამდენიმეწამიანი ელდის შემდეგ, გავედით და ცოტა შელამაზებულად მოვუყევით ქირურგის ნათქვამი... მერე, მხარში შევუდექი და ძლივს ჩავიყვანე კიბეებზე, კრიჭაშეკრული, მზერაგაყინული, ცრემლგამშრალი, თან ვუმეორებდი, ცუდ რამეზე ფიქრიც არ გაბედო, მერწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენს ბიჭს აქედან საღ-სალამათს გავიყვანთ-მეთქი.
    მართლა მჯეროდა, რასაც ვამბობდი, ერთი წამითაც არ დამიკარგავს იმედი და რწმენა, რომ გენო გადარჩებოდა. მეორე დღეს, ორშაბათს, ვერ მოვახერხეთ, სამშაბათს კი ჩავსხედით მანქანაში და წავედით მცხეთაში, სვეტიცხოველი მოვილოცეთ, იქიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადავედით, მერე ჯვარზე ავედით, მერე - მამადავითზე, მეტეხზე, ქაშუეთში და ბოლოს სამებაში შემოგვაღამდა. ეზოში გაფენილი ხალიჩები რომ დავინახე, მივხვდი, პატრიარქი უნდა მობრძანებულიყო და როცა სამრეკლოს ზარებს მელოდიურად ჩამოჰკრეს, საოცარი შვება ვიგრძენი. ვნების კვირის სამშაბათს ტაძარი მორწმუნეებით იყო სავსე, ამიტომ შესასვლელშივე გავჩერდით და პატრიარქს იქ დაველოდეთ. უწმინდესიც მალე მობრძანდა. მისმა სიახლოვემ კიდევ უფრო ამავსო რწმენით და იმედით. საკურთხეველში გენოს სახელზე სეფისკვერები შევაგზავნე და კიდევ ერთხელ ვთხოვე ყველა ხატს და ყველა წმინდანს, გადაერჩინათ ის სიცოცხლე, რომელიც ენგურის ხიდზე უფრო დიდ ხიდად უნდა გადებულიყო აფხაზ და ქართველ ნათესავებს შორის.
    სამებიდან პირდაპირ კლინიკაში წავედით. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო, გვითხრეს, ოღონდ საჭმელს კიდევ ათი დღე ვერ მივცემთ, წვეთოვანით უნდა ვკვებოთო. მედდას ბოთლით ნაკურთხი წყალი გადავეცი, რომელიც იმ დღეს ტაძრებში მოვაგროვე და დავაბარე, მარტო ჩვენსას კი არა, ყველა ბავშვს აპკურეთ, ვინც მანდ არის და ყველას დაალევინეთ-მეთქი. კლინიკაში კიდევ ერთი კაი ამბავი დაგვახვედრეს, ჩვენი გენო იმ მოძღვარს მოუნათლავს, ბავშვების სანახავად ყოველდღე რომ დადიოდა და ლოცვებს უკითხავდა, უნათლავებს კი მირონს ცხებდა...
    მეორე ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე ექიმებმა გენკას 10 მლ რძე მისცეს, მეორე დღეს - 15, მესამე დღეს - 20 და როცა დარწმუნდნენ, ჩვენი ბიჭი ამ მცირე ულუფას კარგად ინელებდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ხუთ დღეში კი, გენომ 60 მლ რძეც უპრობლემოდ რომ მოინელა, სახლში გამოგვატანეს. ამის მერე, კიდევ თვენახევარი გვყავდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, აქ, თბილისში...
     
    სამი თვის ხდებოდა, აფხაზეთში რომ გავუშვით. ზეიმით დახვდნენ გენოს ენგურსგაღმა. არამარტო გალი და სოხუმი, არამარტო ახლობლები და ნათესავები, მთელი დე ფაქტო ოფიციალური აფხაზეთი გენოს გარშემო ტრიალებდა. სოხუმის სამშობიაროს მედპერსონალი და მთავარი ექიმი კინაღამ გადააყოლეს ამ ამბავს, არც იქაურ ჯანდაცვის მინისტრს დასდგომია კარგი დღე, კრიტიკულ ვითარებაში ექიმების და კლინიკის მოუმზადებლობის გამო. ადგილობრივი მედიასაშუალებებიც დიდი ინტერესს იჩენდნენ ამ შემთხვევის მიმართ.
    მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე სოხუმი ადრეც მდგარა და ეჭვი მაქვს, მომავალშიც დადგება, გენოს თავგადასავალი რეზონანსული იმიტომ გახდა, რომ ქართველი ექიმები ოფიციალური ნებრთვით, ასე ყველას დასანახად და მასშტაბური ესკორტით, ომის მერე, პირველად ჩავიდნენ სოხუმში და რაც მთავარია, მათ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს. თანაც ისე, რომ მშობლებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ. გენოს ორი ოპერაციისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა, 30 ათასი ლარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაიღო, რისთვისაც 30 ათას მადლობას ვუხდი საჯაროდ და ხმამაღლა სამინისტროსაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც გენადი ღაჭავას გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო.
    დღეს ის, სრულიად ჯანმრთელი, გალის ქუჩებში დარბის, ხან ტამიშის სახლის ეზოში თამაშობს, ხან კი, თავის დეიდაშვილებთან ერთობა სოხუმში.
    რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, ასე უწერია პირადობის მოწმობაშიც და ეს ქერა, ცისფერთვალება მეგრელი გაღმა და გამოღმა ყველა მის გულშემატკივარს გვაერთიანებს და გვახარებს. მისი არსებობა ჯაჭვივით კრავს ჩვენს კავშირს. მჯერა, სასახელო კაცი გაიზრდება და თავისი კაიკაცობით ყველას გადაგვიხდის ამაგს. ენგურის ხიდზე უფრო დიდი ხიდსაც გადებს ჩვენს შორის.
     
    ირმა ბერიშვილი
  10. ირმა ბერიშვილი
    რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და როგორც წესი, ვიდრე გავაღებდი, ვიკითხე, ვინ არი-მეთქი.
    ინკასატორი ვარო, გამომეპასუხა ქალის ხმა. ყოველი შემთხვევისთვის, „გლაზოკში“ გავიჭყიტე და დავინახე, ფოიეში ვიღაც ქალი ქაღალდების დასტაში იქექებოდა. გავედი და რაშია საქმე-მეთქი? - დავინტერესდი.
    - თქვენი ბინა რა ნომერიაო? - მკითხა. ვუთხარი რა ნომერიც იყო.
    -ეგ სად წერიაო? კარის მარჯვენა და მარცხენა მხარესაც, კედელზე წითელი ფლომასტრით მიწერილი ციფრები ვანახე. ფერი ცოტა გადასული კი იყო, მაგრამ აქამდე არავის გამოუთქვამს პრეტენზია, მაგის გამო.
    - უი, ეგ მე არ მეყოფაო. - შეიცხადა თვალებმოჭუტულმა, ჩანთიდან შავი ფლომასტერი ამოიღო და წითელს გადააყოლა. როგორც ჩანს, ჩემი ბინის ნომერი არ ყოფილა პირველი, რომელიც ვერ გაარჩია და „შეირაღებულიც“ იმიტომ დადიოდა.
    -აწი მე დავარიგებ ქვითრებს და ამოწერებზეც მე ვივლიო, - მახარა.
    თავიდან ვერ მივხვდი, რა ამოწერებზე მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე იცოცხლე, შევფიქრიანდი. ქალი თავის ცხვირს იქით ვერაფერს ხედავდა და რიცხველიდან ამის ამოწერილი ჩვენება რაღა იქნებოდა? ხან ჩანთაში იქექა, ხან ქვითრების დასტაში ეძება, მაგრამ ჩემი ქვითარი ვერ იპოვა. -ეტყობა,
    შემეშალა და ზევით დავტოვე, იქაც ვერ გავარჩიე ბინის ნომრები და სამივე ქვითარი ერთ კარში გავარჭეო.
    -ქალბატონო, ზემოთ ორი ბინაა, სამი აქაა, 41-ე, 42-ე და 43-ე-მეთქი, მივუთითე ხელით ყველაზე.
    - უიო, შეიცხადა და მის ზურგს უკან მდებარე მეზობლის კარს გაოცებულმა შეხედა, - აქაცაა კარებიო?
    მე უფრო და უფრო გაკვირვებული ვუყურებდი ჩემს წინ ციბრუტივით მოტრიალე ქალს, რომელმაც ახლავე მოგიტანთ თქვენს ქვითარსო, მითხრა და ლიფტიდან მარჯვნივ მდებარე კიბეებზე აირბინა. ველოდე ერთი წუთი, ორი, სამი და რომ აღარ გამოჩნდა, შემცივნებული შევედი შიგნით.
    იმ დღეს საკმაოდ ციოდა და ვიდრე ის ინკასატორი იმ სამ ქვითარში უსათვალოდ ჩემსას იპოვიდა, ხომ გავიყინებოდი? კარგა ხნის მერე გამახსენდა და
    რომ გავედი, კარში გარჭობილი ქვითარი ფრიალით დავარდა ძირს.შევინახე საგულდაგულოდ. ამის შემდეგ სულ უნდა ვაკონტროლო მრიცხველის ჩვენება, თორემ იმ ბეც ინკასატორს სად რა შეეშლება, ღმერთმა იცის. ისე არ გამიგოთ, თითქოს მის პრობლემაზე ვქილიკობდე. მხედველობის ნაკლებობა
    არც ჩემთვისაა უცხო. იმდენი ხანია სათვალე მიკეთია და ისე ვარ შეჩვეული, ხანდახან მავიწყდება მოხსნა და შხაპის ქვეშაც სათვალით ვდგები.
    12 წლის წინ, ყაზბეგის გამზირზე, ჩემმა მეგობარმა ნინო თარგამაძემ მიკროავტობუსის სამარშრუტო ნომერი 135 თითქმის ასი მეტრიდან რომ დაინახა
    და მე მანამ ვერ გავარჩიე, ვიდრე რამდენიმე ნაბიჯზე არ მომიახლოვდა, მაშინ მივხვდი, სასწრაფოდ ოფთალმოლოგი მჭირდებოდა. არც დამიხანებია,
    მალევე მივედი ექიმთან და მას მერე სათვალე არ მომიხსნია. მიუხედავად იმისა, რომ მთლად ისეთი ახლომხედველი არ ვარ, როგორიც ეს ქალი ჩანს.
    ამას ან ოფთალმოლოგის შესახებ არ გაუგია არაფერი ან სათვალის გაკეთება ჰგონია სირცხვილი. მყავს მე ეგეთი ნაცნობები. გათხოვებამდე იმიტომ არ
    იკეთებდნენ, არიქა, ვინმემ არ თქვას, „ნაკლი“ ჰქონიაო, გათხოვების მერე კი იმიტომ არ მიდიან თვალის ექიმთან, ემანდ, ქმარმა არ იფიქროს, ეს ვინ
    ბრუციანი მომიყვანია ცოლადო და წვალობენ ასე, უსათვალოდ (არიან ეგეთები სამეგრელოში, დამიჯერეთ). მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, რატომ
    გაუშვა „თელასმა“ წინა თანამშრომლები და რა კრიტერიუმით აირჩია ახალი, ვერაფერს გეტყვით. ის კი ვიცი, დენის ქვითრებთან დაკავშირებით, აწი, ალბათ, პრობლემა არ დამელევა.
    ეს, რაც შეეხება დენის ინკასატორს, ახლა გაზისას არ იკითხავთ? მეორე თუ მესამე დღეს მომადგა ისიც და კარზე ისე ძალუმად დააკაკუნა. ეგრევე მივხვდი, ვინც იყო. რკინის კარზე მთელი ძალით რომ დაიწყებს კაკუნს, ვიდრე არ გაუღებ, არ გაჩერდება. აი, ხომ არის, რომ ეძახი: ახლავეე; მოვიდვაარ! ან ფეხის ხმაც ხომ ესმის ადამიანს, კარის გასაღებად რომ მიდიხარ და გელოდება? არა, იმას არაფერი აჩერებს, არახუნებს და არახუნებს. არადა, ერთი პატარა, მოცუცქნული ქალია. რამდენჯერმე დავეჭვდი, ალბათ, ყურთ აკლია და იმის გამოა-მეთქი, ეჭვს სხვა მაგალითებიც მიღრმავებდა, მაგრამ მთლად ყრუ თუ იყო, რავა ვიფიქრებდი?
    ერთხელ ისე მოხდა, რომ აბაზანაში შესულს მომესმა მისის კაკუნი. სახლში ჩემს გარდა არავინ იყო, დამეზარა აბაზანიდან გამოსვლა, ვიფიქრე, დააკაკუნებს რამდენჯერმე და წავა-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ, წავიდა კი არა, კინაღამ კარი ჩამოიღო და იძულებული გავხდი, ხალათი მომეცვა და სასწრაფოდ გავსულიყავი. გზადაგზა ვეძახდი, მოვდივარ, მოვდივარ-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა. ის კი არა, თავიდან ფეხებამდე სველმა კარი რომ გავუღე, აქეთ შემომიტია, ვიცი, რომ სახლში ჩვილი ბავშვი გყავთ, ბინაში იქნებით და კარებს რატომ არ მიღებთო და არც შემოუხედავს, ისე დაადო ლოჯიის აივნისკენ თავი, სადაც გაზის მრიცხველი ეგულებოდა. მე თვალები შუბლზე ამივიდა და ხელების ქნევით მივყევი უკან. - ქალბატონო, ვალი არავისი გვაქვს და კარი რატომ არ უნდა გამეღო, მეორეც, ჩვილი ბავშვი ხანდახან ჰაერზე გაგვყავს და ისეთი ადგილებშიც დავდივართ, სადაც ბავშვიანად შეგვიძლია სიარული, სულ სახლში რატომ უნდა ვიჯდეთ-მეთქი? ერთი კი შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვიფიქრე, ნამუსმა შეაწუხა და იმიტომ არ მპასუხობს არაფერს-მეთქი, მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლებოდა ეთქვა, უი, ხო, მართალი ხართ, ეგ არ მიფიქრიაო ან რამე მსგავსი? იმან კი ამოიწერა ჩვენება და უსიტყვოდ გავიდა გარეთ. მისეული კაკუნის გარდა, მეორე ჩვევაცა აქვს, როგორც კი სახლში შემოვა, არც შემოგხედავს, დაადებს თავს და პირდაპირ მრიცხველისკენ მიდის. ახლაც, რომ შემოვიდა, ეგრევე ლოჯიისკენ გავარდა, მაგრამ შესასვლელში იმდენი სათამაშო ეყარა, ვერ გადაუარა და მისაღები ოთახის გავლით განაგრძო გზა. მე უკან მივყევი და საუბარი გავუბი.
    -იცით, წინა მოსვლაზე, თქვენს მერე, სადღაც ერთ კვირაში ვიღაც ორი კაცი მოვიდა, გაზიდან ვართო, მაგრამ ვუთხარი, რომ გაზიდან უკვე იყვნენ ჩემთან და კარები არ გავუღე-ეთქი. თან ამ ლაპარაკში, მე ლოჯიიდან მოვუჭერი გზა და ის ზალიდან ლოჯში რომ გადადიოდა, იქ შევხვდი. დამინახა, რომ ხელების ქნევით რაღაცას ვამბობდი და წინ დამიდგა. მე რაც მინდოდა მეთქვა, უკვე ვუთხარი და ახლა მისგან ველოდი განმარტებას. იმან კი მიყურა, მიყურა და რა მითხარიო? - მკითხა. ცოტა ხმამაღლა დავიწყე იგივეს გამეორება. შუა ლაპარაკში, მოვიდა ეს ჩემი ინკასატორი და მარცხენა ყური ზედ ტუჩებთან მომიტანა. ახლა კი მეცა პირკატა. თურმე, სულ ტყუილად ვლაპარაკობ, არაფერი ესმის. გამოდის, ორ წელზე მეტია, ამ ქალს ყოველ მოსვლაზე რასაც ვეკითხებოდი ან ვეუბნებოდი, არაფერი გაუგონია.
    ჩემს შემხედვარეს, ალბათ, როგორ უკვირდა, ეს რა ხელს აქნევს და პირს აღებსო? მე კი ის მიკვირდა, ყველა ჩემს კითხვას უპასუხოდ რომ ტოვებდა და უხმოდ გადიოდა. ნახვამდისო, მიბარებდა მხოლოდ. ახლა ყურში ორჯერ რომ გავუმეორე, რაც ზემოთ ვთქვი, მითხრა, არ ვიცი ვინ იყვნენ ან რატომ დადიოდნენ, მაგრამ კიდევ თუ მოვიდა ვინმე, მოწმობა მოთხოვეთ, ან კარი არ გაუღოთ და მე დამირეკეთ ეგრევეო. რომ გავისტუმრე, კარგა ხანი ვიდექი კართან და ვფიქრობდი, ეს რა ღვთის რისხვაა, ის არის და - ბეცი, ეს არის და - ყრუ. რამ შეკრიბა, რაღა ჩვენს უბანში მოხვდნენ? მერე ამ ქალის წინ რომ გვყავდა გაზის ინკასატორი, ის გამახსენდა. ერთი ახმახი კაცი იყო, ნასვამი დადიოდა ხოლმე, ჩვენებების ამოსაწერად.
    ერთხელ ჩემს ქვითარში აბონენტის ნომრის წინ ერთიანის ნაცვლად ორიანი ჩაუწერია. მე არც კი დამიხედავს, ბანკში რომ მივიტანე, მოლარე ბიჭმა (ააშენებს ღმერთი) აბონენტის ნომერი ხმამაღლა წამიკითხა და რომ ვნახე, შეცდომა იყო, გავასწორეთ ეგრევე. იმ ბიჭმა ჩემი ხელით გადამაკეთებინა ქვითარზე ციფრები.
    მერე რომ მოვიდა ის მთვრალი კაცი, ვანახე გადასწორებული ნომერი და შენიშვნა მივეცი, ცოტა ყურადღებით იყავით-მეთქი. ვითომც არაფერი, ყური არ
    შეუბერტყავს. არადა, კაი ბარაქიანი ყურები კი ჰქონდა. შემდეგ თვეს პრობლემა არ შემქმნია, ნორმალურად ამოწერა და გამოწერა ყველაფერი, მაგრამ იმის
    მომდევნო მოსვლაზე ისევ აურია. სახლში რომ არ ვიყავი, მაშინ მოსულა და დაუტოვებია ქვითარი. მოვედი, ვნახე, 86 ლარია გადასახდელი. გამიკვირდა, მარტო წყლის გამათბობელი და უბრალო, სამკამფორიანი გაზქურა გვქონდა მაშინ. წინა თვეებში არ დაუწერია ამდენი და ეს რა უსაშველობაა-მეთქი, მაგრამ, ცოტა ხნით ადრე, სტუმრები გვყავდა, ხშირად გვიწევდა გაზქურის და გამათბობელის ანთებაც და ალბათ, მაგიტომ მეტი
    გაზი დაგვეხარჯა-მეთქი, ვიფიქრე. ისე მოხდა, რომ თანხა მითითებულ დროს ვერ გადავიხადეთ და ერთ დღესაც, შინდაბრუნებულს, კარში ინკასატორის დაწერილი უსტარი დამხვდა. იმუქრებოდა, ორშაბათამდე თუ არ გადაიხდით, მთელ სადაბაზოს ჩავუჭრით გაზს და მერე მათ გაეცით პასუხიო. მეორე დღესვე ვიშოვე ფული, გავვარდი ბანკში და ვალი გადავიხადე, მაგრამ ისევ შემომიჩნდა ეჭვი, არ არსებობს, ამდენი დანახარჯი არ გვექნება-მეთქი. შევამოწმე მრიცხველის ჩვენება და ერიჰაა... ინკასატორის მიერ დაწერილ ჩვენებას რომ დავწეოდით, იმდენი კუბამეტრი აირი უნდა მოგვეხმარა, რომ... იმ ორშაბათს, სპეციალურად, დავრჩი სახლში და რომ მობრძანდა პატივცემული, არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ შემოვუძეხი ბინაში. თავად გადმომხედა მრავალმნიშვნელოვნად, როცა გადახდის ქვითარი ვაჩვენე. მერე გავიდა აივანზე და მრიცხველს შეხედა. შევატყვე, თვალებს არ დაუჯერა, ამოიღო სათვალე და ახლა უფრო გულმოდგინედ დააკვირდა. -ჰა, რა იყო, ვერ ხართ კმაყოფილი, ხო? - ვკითხე ნიშნისმოგებით. -ჰო, შეცდომა მომსვლიაო - მიპასუხა შეცბუნებულმა.
    -ამდენით ზედმეტი გადამახდევინეთ და კიდევ აქეთ მემუქრებოდით. - ავუფრიალე თავისი წერილი ცხვირწინ.
    - სამაგიეროდ, აწი კარგა ხანს არ მოგიწევთ გადახდაო. - დამამშვიდა. იმის მერე, მართლაც 4-5 თვე არაფერი გადაგვიხდია. სიარულით, ყოველ თვე
    დადიოდა ინკასატორი და 2-2 კუბამეტრს წერდა, რათა დაფიქსირებულიყო, მრიცხველი რომ მოწმდებოდა. ბოლოს რომ მოვიდა და ნახა, მის მიერ ოთხი
    თვის წინ ამოწერილი აირის რაოდენობა კიდევ არ იყო გახარჯული, კარებში გასვლისას მითხრა, ამდენს რას იზოგავთ, გახარჯეთ, კაცო, უფრო ხშირად
    დაიბანეთო, გამეხუმრა, მისი ჭკუით. ეგრევე ავუშვი აფრები და ჩვენი დაბანის გრაფიკი თქვენ რომ არ გეხებათ, მაგას კი უნდა ხვდებოდეთ და იმედია,
    იმასაც ხვდებით, ზედმეტი რომ მოგივიდათ-მეთქი, დავუბრიალე თვალები და მივუჯახუნე კარი ცხვირწინ. მას მერე არც გამოჩენილა. იმ ქალმა
    შეცვალა, ვისზეც უკვე გელაპარაკეთ.
    აი, ასეთი ამბები ხდება ჩემსა და ინკასატორებს შორის. რა დანაშაულისთვის მომისაჯა მათი თავი ღმერთმა, რას გავიგებ?!
    ირმა ბერიშვილი
  11. ირმა ბერიშვილი
    ქართველი არქიტექტორი ვაჟა თოფურია, მთაწმინდაზე, ვერის უბანში დაიბადა და გაიზარდა, დღემდე იქ ცხოვრობს, სახელოსნოც ვერაზე აქვს მოწყობილი, სადაც თავის პროექტებზე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მრავალსართულიან კორპუსებს პრინციპულად არ აშენებს.
    დიდ პროექტებზე, ახალგაზრდობაში, ზურაბ წერეთელის სახელოსნოში უმუშავია, სადაც, როგორც მხატვარი, პანოების და მონუმენტების ესკიზებს ქმნიდა.
    სხვადასხვა სახის გასართობი მოედანი და შენობის მოზაიკური პანო ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქშიც აქვს შექმნილი.
    ძირძველ მთაწმინდელს და თავის უბანზე უსაზღვროდ შეყვარებულ ვაჟა თოფურიას, ,,პლანეტა.ჯი“ სახელოსნოში ეწვია და მთაწმინდის უბნის თავისებურებებზე ესაუბრა.
    - ბატონო ვაჟა, რას ნიშნავს თქვენთვის მთაწმინდა და რით არის განსაკუთრებული მთაწმინდელობა?
    - მთაწმინდელობა ჩემი ცხოვრებაა, ეს ჩემი სულის მდგომარეობაა, თუ ვიცხოვრებ, აქ, ვერაზე ან სოლოლაკში, სხვაგან ვიცი, რომ ვერ გავძლებ.
    ყოფილა შემთხვევები, საცხოვრებლად დროებით სხვა უბნებში გადავსულვარ, მაგრამ ერთი სული მქონდა, ჩემს სახლს როდის დავუბრუნდებოდი. აქ ყველაფერი მშობლიური და შინაურია, ყველა ეზო, სახლი თუ კედელი.
    მთაწმინდა ჩემი ოჯახია, სახლია, მდგომარეობაა. აქაური ყოველი კუთხე-კუნჭული რომ იცი, ყველას იცნობ, ყველა გიცნობს, პატივს გცემენ, ეს სულ სხვა შეგრძნებაა.
    მართალია, დღეს ყველგან ყველაფერი შეიცვალა, ჩემს ქუჩაზეც აღარ ცხოვრობენ უკვე ძირძველი ვერელები, ზოგი წავიდა, ზოგი გარდაიცვალა, სხვა ხალხი მოვიდა, მაგრამ გარემო ისევ ისეთია.
    ბაქრაძის ქუჩის 13 ნომერში დავიბადე და გავიზარდე. 51-ე სკოლა დავამთავრე. ჩვენს ეზოს და სკოლას საზიარო კედელი ჰყოფდა, რომელიც ერთ ადგილას გამონგრეული იყო და ჭიშკრის ნაცვლად იქიდან ვძვრებოდით სკოლაში. კარგა ხანს ვსარგებლობდით იმ ადგილით და მერე ამოქოლეს.
    ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ჩემი კლასელი იყო, საოცრად ნიჭიერი, მხიარული, მოუსვენარი.
    კლასში უკანა რიგში, ერთმანეთის გასწვრივ ვიჯექით.
    სკოლიდანვე კარგად ვხატავდი და ერთი ინგლისურის მასწავლებელი გვყავდა, რომელსაც ჩემი ნახატები მოსწონდა და მეუბნებოდა, შენ ინგლისური რად გინდა, აგერ, მთაწმინდა დამიხატეო და მეც მიყვარდა ხატვა და ვხატავდი.
    ასე დავრჩი ინგლისურის გარეშე და გავყევი ხელოვნებას.
    მთელი სამეგობრო ერთად ვიყავით, ჩვენს სკოლას არ ვცილდებოდით, თავშეყრის ადგილიც იქ გვქონდა. ახლა ფილარმონია რომ დგას, იქ ადრე საცხოვრებელი სახლი იდგა, სადაც ძველი ტრამვაი ამოდიოდა, ღია, სარემონტო ვაგონებით და ჩვენც, უბნის ბიჭები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მარდად შეახტებოდა. ფერაძე ყოველთვის გვასწრებდა და ყველაზე პირველი შეხტებოდა, ხოლმე.
    - რა განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ მთაწმინდელებს შორის?
    - ისეთი ურთიერთობები აღარაა, დაიკარგა ის ზრდილობიანი დამოკიდებულებები და ურთიერთპატივისცემა, რიდი.
    საოცრად კარგი დრო იყო, მეგობრობა, მეზობლობა, ურთიერთობა ბევრად განსხვავდებოდა ახლანდელისგან.
    დღეს ახალგაზრდა თაობა უფრო დამოუკიდებელი და ლაღი კია, მაგრამ ერთმანეთისადმი ის დამოკიდებულება აკლიათ, რაც წინა თაობებს გვონდა.
    ლაღები და თავისუფლები ჩვენც ვიყავით, მაგრამ ოჯახები მაინც გვაკონტროლებდნენ, ჩვენს ნებაზე არ გვიშვებდნენ, რაღაც შეზღუდვებს გვიწესებდნენ და ვიცოდით, რისი უფლება გვქონდა და რისი - არა. უზრდელობა ან უფროსებისადმი უპატივცემულობა არავის გვეპატიებოდა.
    რაც მთავარია, იტალიურ ეზოებში იყო ნამდვილი თბილისური ცხოვრება, ერთი ოჯახივით ვიყავით, ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველა ერთმანეთს ხელს უწყობდა, ეხმარებოდა, ჭირს და ლხინს იზიარებდა.
    ეს ურთიერთობები და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა მენატრება, ის უფროს-უმცროსობა, მაშინ რომ იყო, რაც ჩვენსა და შემდეგ თაობაში შენარჩუნდა, მეტში აღარ.
    ჩვენს ქუჩაში დგომასაც სხვა ხიბლი ჰქონდა, როცა საჭირო იყო, ბიჭებს ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც, მუშტით ვჩხუბობდით, სხვა იარაღი არასდროს გვქონია, გოგოებს ვიცავდით, სახლში ვაცილებდით, პატივს ვცემდით.
    - მთაწმინდა დედაქალაქის ცენტრი და ტურისტულად საკმაოდ აქტიური ზონაა, ასევე მიმზიდველია ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის. შესაბამისად, ურბანული პრობლემები მთაწმინდასაც შეეხო. როგორ აფასებთ ახალ მშენებლობებს?
    - მთაწმინდა მართლაც ქალაქის გულია, ეს ის ადგილია, რომელსაც ხელი არ უნდა ახლო და იერი არ უნდა შეუცვალო. მშენებლობების გამო, მთას რომ ჭრიან და ანგრევენ გული მტკივა. აქ მცოცავი გრუნტია, ამიტომ მისთვის ხელის ხლება, მოჭრა, ნგრევა, არ შეიძლება.
    მე ესთეტიურ გარემოში გავიზარდე და ვიცხოვრე, ჩემს გარშემო სულ კულტურული ძეგლების ნიმუშებია, ყველა შენობა, ყველა აივანი თუ ჩუქურთმა უნიკალურია და ყველა უნდა შენარჩუნდეს. აშენებით კი აქ არაფერი უნდა აშენდეს.
    - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მთაწმინდამ თავისი სახე შეინარჩუნოს?
    - იმისათვის, რომ მთაწმინდამ სახე შეინარჩუნოს, უნდა დაიწყონ ასათიანის ქუჩიდან და ყველა სახლი უნდა აღდგეს. კოჯრის ქუჩა რომ ავიღოთ, ყველა სახლი თავისი ეზოებიანად უნდა გარემონტდეს.
    ბევრგან, სახლების ქვეშ მილებია გაყვანილი, რომელშიც მიწისქვეშა წყალი გაედინება. ეს მილები იმდენად ძველი და დაჟანგულია, რომ წყალი ჟონავს, ეს კი სახლებს აზიანებს და ანგრევს.
    ჭონქაძის ქუჩაზე ერთი შენობა დგას, რომელიც თავის დროზე, თამბაქოს მრეწველ ძმებ ბოზარჯიანცებს ეკუთვნოდა. 1915 წელს თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში ამ სახლს მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოუპოვებია და საუკეთესო ფასადის მქონე სახლის სახელიც მიუღია, იმიტომ რომ ოქროს მედალი და პირველი ადგილი, იმ წელს სხვა სახლს არ რგებია.
    ეს უნიკალური სახლი და მისი სადარაბაზო, რომელიც სულ იტალიური და ფრანგული მასალით იყო მოპირკეთებული, დღეს საშინელ მდგომარეობაშია და აუცილებლად უნდა მიეხედოს.
    მთაწმინდაზე, არქიტექტურითა და სილამაზით გამორჩეული ასეთი კიდევ სხვა ბევრი შენობა და სახლია, რომელთაც აღდგენა და შენარჩუნება სჭირდება.
    - ქალაქის ცენტრში აშენებული თუ მშენებარე და მაღალსართულიანი სახლები და თანამედროვე არქიტექტურა რამდენად მოგწონთ?
    - მაღალსართულიანი კორპუსები ქალაქის შუაგულში, იქ სადაც სრულიად განსხვავებული არქიტექტურა და ესთეტიკაა, არ უნდა ჩაიდგას. კომერციამ არ უნდა ჩაყლაპოს ქალაქი. პირადად მე მაღალსართულიან კორპუსებს არ ვაშენებ, 3-4 სართულიან პროექტებზე ან კერძო სახლებზე ვმუშაობ.
    ადრე სხვა ესთეტიკით და სხვადასხვა ელემენტით შენდებოდა სახლები, ძველ ნაგებობეში ამიტომ არ ჰგავს ერთი სახლი მეორეს, ერთი აივანი - მეორეს. მთაწმინდაზე ყველა სახლი განსხვავებული და უნიკალურია, შესაბამისად, ძვირფასიც.
    მერე ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ყველა ახალაშენებული სახლი და კორპუსი ერთმანეთს დაემსგავსა.
    ახლა, შეიცვალა მიდგომა და არქიტექტურაში ისევ ბრუნდება სხვადასხვა ელემენტი, რაც თავისთავად კარგია.
    საბედნიეროდ, ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ, დედაქალაქის გენგეგმაც დამტკიცდა, რაც აქამდე მიმდინარე ქაოტურ მშენებლობას შეუშლის ხელს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ K2 კოეფიციენტი აიკრაძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტი არ გაიზრდება.
    იმედია, ამ კანონს დაიცავენ და ურბანული ქაოსი აღარ გაგრძელდება.
    ასევე, დასაცავია ყველა ის რეკრიაციული ზონა, რაც კომერციას გადაურჩა. სამწუხაროდ, ყველაფერი წალეკა კომერციამ და ქალაქის იერსახეც კომერციამ დაღუპა.
    - თქვენი შვილებიც თქვენს პროფესიას ხომ არ მიჰყვებიან?
    - უფროსი ვაჟიშვილი მხატვარ-დიზაინერია და გარკვეულწილად ჩემს პროფესიას აგრძელებს, უმცროსი შვილი ტელეოპერატორია და ამავე დროს, სხვადასხვა ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი, ეკოდამტენი სკამების დადგმის იდეა უკვე განახორციელა. მეორე პროექტი, რომლის განხორციელება ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო, ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციას ეხება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მტკვრის ჯებირების შიდა კედლებზე განთავსდეს ცნობილი მხატვრების ნამუშევართა რეპროდუქციული პანოები. წარმოიდგინეთ, რამხელა საგამოფენო სივრცე გამოვა.
    ჩემმა უმცროსმა ვაჟიშვილმა, საკუთარი სახსრებით, გალაკტიონის ხიდთან ფიროსმანის სამი პანო რამდენიმე წლის წინ დაკიდა, რომელიც დღემდე ამშვენებს მტკვრის სანაპიროს.
     
    ირმა ბერიშვილი
  12. ირმა ბერიშვილი
    გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად აქტიური ბრძოლა მოქალაქეებმა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს, მაშინ, როცა მისი გაქრობის საფრთხე თვალსაჩინო გახდა და ერთ დროს გლდანელთა (და არა მარტო გლდანელთა) საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ჭაობად და ანტისანიტარიის წყაროდ იქცა.
    დაინტერესებულმა პირებმა ტბის გადასარჩენად საპროტესტო აქციების და სხადასხვა აქტივობის მეშვეობით სცადეს, ხმა ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურამდეც მიეწვდინათ. პარალელურად, საკუთარი ძალებით დაიწყეს იმ მიზეზების მოკვლევა, რამაც ტბა ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
    გაირკვა, რომ 2012 წელს შემოვლითი რკინიგზის ტრანშეის გაყვანისას ტბის მკვებავი სანიაღვრე არხები დაზიანდა, მას წყლის რესურსი მოაკლდა და შრობა დაიწყო.
    ასევე, აღმოჩნდა, რომ ტბა და მიმდებარე ტერიტორია იყო დანაწევრებული, გაყიდული და მას სამი მესაკუთრე ჰყავდა.
    ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ის ფლობდა მხოლოდ ფსკერს, წყალი მას არ ეკუთვნოდა და შესაბამისად, არც მასზე პასუხისმგებლობასაც იღებდა.
    როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, 2006 წელს გლდანის თემის საკრებულომ, ორი დეპუტატის (ელგანდარაშვილი, ყირიმელი) მოხსენების საფუძველზე, დაადგინა, რომ ტბა იყო ხელოვნური წარმოშობის ტბორი და განეკუთვნებოდა სახნავ-სათესი მიწის კატეგორიას. 
    დადგენილებას მცხეთის გამგეობაც დაეთანხმა და ამ ცნობების საფუძველზე, გლდანის ბუნებრივ ტბას სტატუსი შეუცვალეს, ის დაარეგისტრირეს, როგორც სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი.

    ამ გადაწყვეტილებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, ტბის ტერიტორია გლდანის მაცხოვრებელმა გია აბუაშვილმა სწორედ სახნავ-სათესი მიწის სტატუსით, დაახლოებით, 3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად იყიდა. ორი წლის შემდეგ, 2008 წელს ხსენებული ფართობი აბუაშვილისგან იგივე თანხად (ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია 3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი 5960 ლარი) უკვე მოქალაქე ნატალია კვანტალიანზე გასხვისდა.
    ის, რომ გლდანის დიდი ტბა არა ხელოვნური ტბორი, არამედ ბუნებრივი ტბა იყო, კარტოგრაფიის მასალებიდან ნათლად ჩანს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებითაც დასტურდება. მისი ფართობი გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, დაახლოებით, 3 ჰექტარს შეადგენდა.
    ტერიტორიის ამჟამინდელი ოფიციალური მფლობელი ნატალია კვანტალიანი, ჟურნალისტებთან საუბარში, ტბის ხელოვნურობის დამამტკიცებელ ფაქტად წყალში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძის არსებობასაც ასახელებს, მაგრამ როგორც ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, თავიდან ტბას შდარებით ნაკლები ფართობი ეკავა და ანძა მის ნაპირზე სწორედ იმ დროს დაამონტაჟეს. შემდეგ კი, მიწისქვეშა და ჩამდინარე წ####ბის მეშვეობით, ტბის საფარმა მოიმატა, რაც მის ბუნებრივ წარმოშობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა წლების აეროსურათების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაციდან ჩანს, რომ ტბა სტაბილურ მდგომარეობას 2015 წლამდე ინარჩუნებდა, შემდეგ კი მისმა ზედაპირმა თანდათან კლება დაიწყო. 2022-23 წლებში ეს პროცესი იმდენად დაჩქარდა და ვითარება იმდენად სავალალო გახდა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ტბის გადასარჩენად მოსახლეობამ აქტიური მოქმედებები დაიწყო. შეიქმნა ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებმაც არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტომდე მიიტანეს და მათგან ადეკვატური ზომების მიღება მოითხოვეს. ტბის აღდგენის მოთხოვნით შეგროვდა ხელმოწერები და დაეგზავნა იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელსაც ამ განცხადებაზე რეაგირება ევალებოდა. ასევე, საინიციატივო ჯგუფმა მოიპოვა ყველა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ტბა ნამდვილად ბუნებრივი წარმოშობისაა და ძველი თუ მოქმედი კანონით მისი გაყიდვა დანაშაული იყო.

    მოქალაქეების მიერ გამართული აქციების და არაერთი მიმართვის შემდეგ, საქმეში  თბილისის მერია ჩაერთო და ტბის მდგომარეობის მოკვლევაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია ,,გამა კონსალტინგმა“ გაიმარჯვა.
    ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას თებერვლის ბოლომდე უნდა მოეძიებინა ოპტიმალური ვარიანტები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტბის შევსება და გაჯანსაღება, თუმცა, ზამთრის პერიოდში ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ,,გამა კონსალტინგმა“ გადაწყვიტა, კვლევისათვის კიდევ ორი თვე დაიმატოს. ორგანიზაციის განცხადებით, შემკრები არხების სწორად დასაპროექტებლად, საგაზაფხულო პერიოდი უფრო ხელსაყრელია, რადგან საშუალება ექნებათ, წყაროებს, გრუნტის წ####ბს, მათ მარშუტს, ასევე, ტბის დონის მატების დინამიკას უხვი ნალექების ფონზე დააკვირდნენ.
    რაც შეეხება მოკვლევის პირველ ნაწილს, ,,გამა კონსალტინგმა“ იანვრის დასაწყისში გამოკვეთა ტბის შევსების რამდენიმე გზა, რომელთაგან ყველაზე სავარაუდოა კომბინირებული ანუ ბუნებრივი (სანიაღვრე არხების გამართვა) და ხელოვნური გზა (ჟინვალიდან მომავალი ბოდორნა-ღრმაღელის არხიდან საჭიროებისამებრ ტბის შევსება).
    როგორც ცნობილია, ხელოვნური გზის უზრუნველსაყოფად თბილისის მერიამ განცხადებით უკვე მიმართა კომპანია ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს,“ რათა ჟინვალის არხში გამავალი წყლის იმ ნაწილის შესყიდვა შეძლონ, რაც ტბის აღდგენისთვის იქნება საჭირო.
    კვლევის საბოლოო შედეგებს აღნიშნული კომპანია 20 აპრილისთვის დადებს და ამის შემდეგ გაირკვევა, ტბის გადარჩენის რა სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას აირჩევს სახელმწიფო. მანამდე კი, იმის გასაგებად, გამოიკვეთა თუ არა ტბის გადარჩენის პერსპექტიული გზები ამ ეტაპისთვის, რა წინასწარი დასკვნები გაკეთდა, ენდობიან თუ არა მერიის მიერ დაქირავებულ ,,გამა კონსალტინგს“ და რამდენად მონაწილეობს ,,საქართველოს რკინიგზა“ ტბის აღდგენის სამუშაოებში, ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრს, ჟურნალისტ მედეა გოგსაძეს ვესაუბრეთ.
    როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პირადად ესაუბრა ,,გამა კონსალტინგის“ ხელმძღვანელ ზურაბ მგალობლიშვილს, რომელმაც მოკვლევის საფუძველზე ტბის დაშრობის მიზეზები დაასახელა. ეს არის: შემოვლითი რკინიგზის გაყვანა და გარკვეულწილად, სანიაღვრე ტრასაზე საცხოვრებელი სახლების აშენებაც. თუმცა, მისი თქმით, ზიანის მეტი წილი მაინც შემოვლითი რკინიგზის ტრანშეაზე მოდის.
    რაც შეეხება რკინიგზის დეპარტამენტს, გოგსაძე ამბობს, რომ კოლექტიური განცხადებით მათ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიმართეს და მოითხოვეს, გარკვეული სახით მონაწილეობა მიეღოთ მიყენებული ზიანის გამოსწორების პროცესში.
    მედეა გოგსაძე: დეპარტამენტისგან ვითხოვდით, ტბის აღდგენის პროცესში როგორც ფინანსური, ისე სხვა რესურსებით ჩართულიყვნენ. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში (რომელიც, ასევე ჩვენი მოთხოვნით, გასულ წელს დაიდო) რკინიგზის ბრალეულობა მითითებული არ არის და ამიტომ მსგავსი ვალდებულება არ ეკისრებათ.
    ეს აბსოლუტურად მიუღებელი პასუხია. სანიაღვრე გზები რომ ტრანშეითაა გადაჭრილი, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ამის უარყოფა, უბრალოდ, არასერიოზულია. სამწუხაროდ, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში არ არის გათვალისწინებული სანიაღვრე გზების დამზიანებლის დადგენა. ჩვენ გლდანის მაჟორიტარს, ბატონ კონსტანტინე ზარნაძეს კოლექტიური განცხადებით მივმართეთ, რათა ეშუამდგომლა მერიასთან და „გამა კონსალტინგისთვის“ მიცემულ დავალებაში ტბის დაშრობის მიზეზის დადგენაც შესულიყო. მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გვაუწყა - კვლევის ანგარიშში ტბის დაშრობის სავარაუდო მიზეზიც განხილული იქნებაო. ეს ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ჩვენ გვაინტერესებს არა სავარაუდო, არამედ ზუსტი მიზეზი და ამ მიზეზის შემქნელის ვინაობა; მიყენებული ზიანის ზუსტი იდენტიფიცირება; ზიანის აღმოსაფრხვრელად დასაკისრებელი თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა.
    მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვახერხებთ, „საქართველოს რკინიგზას“ სათანადო რეაგირება ვაიძულოთ. კოლექტიურ განცხადებებში ვითხოვდით, ტბასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მერიას გლდანის დიდი ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც ჩაერთო, მაგრამ თხოვნა, სამწუხაროდ, არ შეასრულეს და ამით საქმე დაზარალდა. რადგანაც „საქართველოს რკინიგზა“ თავის ბრალეულობას არ აღიარებს, დოკუმენტურ მტკიცებულებაზე ზრუნვა ცალკე მოგვიწევს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იურიდიულად გამყარებული მოთხოვნა წარვუდგინოთ. თუ მაინც გაჯიუტდება, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც არსებობს.
    სასაცილოა, რომ ევროკავშირის წევრობის პრეტენზია გვაქვს, მაგრამ დღესაც ვრჩებით ქვეყნად, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს. ცხადია, ხალხის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა. მჯერა, რომ მოქალაქეები პრინციპულობას გამოიჩენენ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
    რაც შეეხება ტბის შევსებას, ,,გამა კონსალტინგის“ უფროსმა ჩემთან საუბარში თქვა, რომ გლობალური დათბობიდან გამომდინარე, ტბის მთლიანად აღსადგენად სანიაღვრე და მიწისქვეშა წ####ბი საკმარისი არ იქნება. ცხელ სეზონში ერთი კვადრატული მეტრი 24 სმ-ით იკლებს, ანუ წელიწადში, დაახლოებით, 200 ათასი ლიტრი წყალი ორთქლდება.
    ზურაბ მგალონლიშვილის თქმით, ტბას აშკარად ჯერ კიდევ მიწისქვეშა წყაროები კვებავს, თორემ აქამდეც ამოშრებოდა. ისინი მერიას სთავაზობენ, ტბის შესავსებად წყალი ჟინვალიდან წამოვიდეს. უახლოეს დღეებში ჯი ვი პი-ს წარმომადგენლებსაც უნდა შეხვდნენ და ყველა ტექნიკური საკითხი გაიარონ.
    პირადად ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა „გამა კონსალტინგის“ პერსონალმა. თავდაპირველად, მოქალაქეები ამ კომპანიას დაეჭვებით უყურებდნენ, რადგან მერიის დაქირავებული იყო, მაგრამ როდესაც საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობაზე წამოვიდნენ და თავიანთ საქმიანობაში ჩაგვახედეს, ყინული გალხვა.
    კომპანიისადმი უნდობლობის მეორე ტალღა მაშინ გაჩნდა, როდესაც კვლევისთვის დამატებითი დრო მოითხოვეს. ამიტომაც შევხვდი ზურაბ მგალობლიშვილს და ყველა ის კითხვა დავუსვი, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა. მან ამ კითხვებზე სავსებით დამაკმაყოფილებელი პასუხები გაგვცა. ერთადერთი, რაც ხალხში კიდევ ეჭვს ბადებს, ტბის ფეკალური აგენტებით დაბინძურების საკითხია, რაც ,,გამა კონსალტინგის“კვლევის თანახმად, საქონლის ,,დამსახურებაა“ და კანალიზაციის ჩადინების ფაქტები არ დასტურდება. თუმცა, მაინც მუსირებს აზრი, რომ ეს დასკვნა მერიის კარნახით დაიწერა, რომელსაც ტბის დასახლებაში კანალიზაციის მოწესრიგებაზე თანხის გამოყოფა ენანება. მჯერა, რომ საბოლოო დასკვნას დროულად დადებენ და ის სრულფასოვანი იქნება.
    რაც შეეხება კანალიზაციის საკითხს, დაუშვებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი ცივილური კანალიზაციის ნაცვლად „მამაპაპური“ ორმოებით სარგებლობდეს. ასეთი ორმოები ფეკალური მასების გრუნტში გაჟონვის და მიწისქვეშა წ####ბის გავლით, ტბის (აგრეთვე, სასმელი წყლის) დაბინძურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით, განცხადება ტბის დასახლებაში კანალიზაციის მოწესრიგებაზეც შევიტანეთ. ჯერჯერობით, საიმედო არაფერი ისმის, ამიტომ ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, საქართველომ გარემოს დაბინძურების პრევენციისა და წყლის რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის ვალდებულებაც აიღო. ხელმოწერა ფიქციად არ უნდა დარჩეს.
    ჩვენ დავინტერესდით, სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო გამოხმაურება ტბის ტერიტორიის უკანონო გასხვისების საკითხის მიმართ და ხომ არ დაწყებულა გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებს არავითარი ინტერესი ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.
    მედეა გოგსაძე განგვიმარტავს, რომ გლდანის ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფმა  საკრებულოს მაჟორიტარ კონსტანტინე ზარნაძეს ამ საკითხზეც თხოვა, ეშუამდგომლა ზემდგომ ორგანოებთან, რათა ტერიტორიის გასხვისების საქმის შესასწავლად შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, რომელიც მოძიებულ მასალებს საგამოძიებო სტრუქტურებს გადასცემდა. ჯგუფის ინფორმაციით, ზარნაძემ განცხადება პარლამენტში გადაგზავნა,  რომელზე რეაგირებაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაია ბითაძეს დაევალა, თუმცა მისგან ჯერ პასუხი არ მიუღიათ.
    მედეა გოგსაძე: რა გახდა 2006 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება?! მაშინ გლდანის თემის საკრებულომ და მცხეთის გამგეობამ ბუნებრივი ტბა ხელოვნურ ტბორად შერაცხეს, ტერიტორიას კი სახნავი მიწის სტატუსი მიანიჭეს. თუმცა გლდანის დიდი ტბა გარემოს ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიაში ისევ ტბად ფიგურირებს. ანუ, გამგეობამ მიიჩნია, რომ ტბორია, სამინისტროს დონეზე კი ისევ ტბად ირიცხება. რა გამოდის? ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სახელისუფლებო სისტემის ზედა რგოლი აზრზე არაა, რა ხდება ქვედა რგოლში. ხოლო როდესაც ქვედა რგოლი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, საჭიროდ არ მიიჩნევს, ზედა რგოლი საქმის კურსში ჩააყენოს.
    მონდომების შემთხვევაში, სულაც არ არის რთული სიტუაციის გამოსწორება. საკმარისია დაიწყოს გამოძიება, ჩადენილ დანაშაულს მიეცეს კვალიფიკაცია, შემდეგ კი დოკუმენტები ტბის ხელოვნურ წარმომავლობასა და ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიწად გამოცხადებაზე ბათილად იქნას მიჩნეული. ამის შემდეგ გაყიდვის აქტის გაბათილებაც არ წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან, კანონის თანახმად, ტბის ფსკერის გაყიდვა იკრძალება.
    ამჟამად ნაკვეთი მეორე პირის ხელშია, რომელიც პატიოსანი მყიდველის უფლებით სარგებლობს. ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის, მაგრამ ამის მოგვარების პროცედურაც არსებობს; მაგალითად, ადგილმონაცვლეობა, ან გამოსყიდვა. რაღა აყოვნებთ?!
    ცალკე პრინციპული საკითხია, რომ ყველა ოფიციალურმა პირმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად აგოს პასუხი კანონის წინაშე.
    პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა თუ დაგვაიგნორა, ვფიქრობ, პირდაპირ პროკურატურაში ვიჩივლოთ. თუ პროკურატურამაც გააჯანჯლა ეს საქმე, მაშინ იურისტებთან მოგვიწევს კონსულტაციის გავლა იმის დასადგენად, თუ რა უნდა ვიღონოთ.
    მართლაც აბსურდში ვცხოვრობთ. ველურ ტომებშიც კი არავინ გაუტარებს თვისტომს სოციუმის დაზარალებას. სამაგიეროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველოში გავლენიან პირს ყველაფერი ხახვივით შერჩება. მხოლოდ ხალხს შესწევს ძალა ამ არანორმალურ ვითარებას წერტილი დაუსვას.
     
    ირმა ბერიშვილი
     
  13. ირმა ბერიშვილი
    ვინც კარგად მიცნობს, იმან ხომ იცის და იცის და ვინც მხოლოდ სოციალურ ქსელში ხედავს ჩემს აქტიურობას, იქიდანაც მიხვდება, რომ დეზინფორმაციის (და მისი გამავრცელებლების) მტერი ვარ, გინდ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით იყოს გავრცელებული და გინდ - საქვეყნო საქმესთან. ხოლო თუ დეზინფორმაცია საქართველოს რომელიმე კონფლიქტურ რეგიონს ეხება, მაშინ განსაკუთრებულად დაუნდობელი ვხდები.
    ასეა ამჯერადაც.
    რამდერნიმე დღის წინ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ,,ინფორმაცია“ გაავრცელეს, აქაოდა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში რუსები ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებენო. წყარო, ასევე, ერთ-ერთი, არც ისე სანდო სააგენტო იყო, რომელიც იუწყებოდა, რომ ,,ზუგდიდიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში“ მძიმე ტექნიკის მობილიზება და სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, რის შესახებაც მათ ,,ადგილობრივმა“ ანუ იქაურმა მკვიდრმა ,,ექსკლუზიურად“ აცნობა.
    ვინაიდან, გავრცელებული ამბავი არც ისე სანდოდ მეჩვენა, წაკითხვისთანავე ყველა ხელმისაწვდომი გზით ინფორმაციის გადამოწება დავიწყე. ჯერ ოჩამჩირელ ნათესავებს შევეხმიანე, რომელთაც მითხრეს, რომ კინდღისკენ არავითარი მძიმე ტექნიკის მოძრაობა არ შეუნიშნავთ და არც ვინმეს მოუკრავს ყური, რომ იქ რამე შენდებოდეს.
    უკვე აშენებულებიდან კი, რაც კინდღში მოქმედებს, სათბურები და თევზსაშენი საწარმოა. კიდევ, ღია ცის ქვეშ, გოგირდის წყლის სამკურნალო აუზი და აბანოებია მოწყობილი, რომელსაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან წელიწადის ნებისმიერ დროს ტურისტები სტუმრობენ.
    ენგურსგაღმიდან ანუ ნამდვილად ადგილობრივი წყაროდან მიღებული განმარტების შემდეგ, უკვე ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება, დამაინტერესა, სადმე რამე ხომ არ გამომეპარა, ვინაიდან, ინფორმაციის აფხაზურ წყაროებში სულ ვიჩიჩქნები და იქ მიმდინარე მოვლენებში, მეტ-ნაკლებად, გათვითცნობიერებული ვარ. თან, საქმე ისაა, რომ კინდღში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა თუ უკვე დაწყებულიც იყო, ამას აფხაზები არავის დაუმალავდნენ, პირიქით, ამაყად და რიხით დაწერდნენ ყველგან.
    ბევრი ვეძებე, მაგრამ მედიის ვერც ერთ აფხაზურ საშუალებაში ამ ფაქტის შესახებ სიტყვა არ არის ნათქვამი.
    მერე რუსული გამოცემებიც გადავამოწმე, მაგრამ ვერც იქ ვიპოვე ვერაფერი, რაც ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებდა.
    მერე შევეშვი ,,დაგუგლვას“ და ერთ-ერთ ჩემს პირად, ცოცხალ და უტყუარ წყაროს ვთხოვე, ამ საქმის გარშემო ყველაფერი დაეზუსტებინა.
    აღმოჩნდა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ოჩამჩირეში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას გეგმავდა. დაახლოებით, ერთი თვის წინ რომელიღაც რუსულ პორტალს გაუვრცელებია, ოღონდ, არც ამ გეგმის ვადები და არც ზუსტი ცნობები, მოცემული არ ყოფილა.
    მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, იმ რუსულ წყაროს ვერაფრით მივაგენით, დღეს უკვე აღარ იძებნება. ამ ძებნა-ძიებისას კი ისევ ერთ-ერთ, რუსულენოვან, ქართულ სააგენტოს მივაგენი, რომელსაც იგივე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში გაუვრცელებია. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საუბარი ეხებოდა რუსეთის მიერ გალის რაიონის სოფელ პრიმორსკში პორტის აშენების გეგმას, რომელიც ანაკლიის პორტის ანალოგიური იქნებოდა.
    მას მერე, 2 წელი შესრულდება და როგორც ვიცით, პრიმორსკში პორტის ასაშენებლად ჯერ არავინ ჩასულა.
    ამიტომ ჩნდება კითხვა, ან იმ 2 წლის წინ რა სჯრიდათ ჩემს კოლეგებს, ასეთ დეზინფორმაციებს რომ ავრცელებდნენ, ან ახლა რაში დასჭირდათ ამის გაკეთება?
    ,,ინფორმაცია“ ექსკლუზივად რომ გაასაღონ, მკითხველი რომ მიიზიდონ, გამომწერები რომ გაიმრავლონ?
    და რა ხერხებით და გზებით, საკუთარი ხალხის მოტყუებით?
    ვითომ, რისი დამტკიცება სურთ ამ მოგონილი ამბებით? იმის, რომ რუსეთი ცუდია და დამპყრობელი? მერედა, ამის დამტკიცებას ტყულის მოგონება და დეზინფორმაციის გავრცელება რად უნდა ან რა არის დასამტკიცებელი?
    რუსეთი რომ ცუდია, დამპყრობელი და სხვისი ტერიტორიების მიმტაცებელი, ამის დამადასტურებელი მავთულხლართები აგერ გვაქვს, თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში. რუსეთის ბოროტი სახის გამოვლენას არარასებული ფაქტების გამოგონება არ სჭირდება, ისედაც თავზე საყრელად გვაქვს, მაგრამ ზოგ ჩემს კოლეგას ფანტაზიის უნარი მაინც არ ელევა.
    თემას შევყევი და ბარემ ამასაც ვიტყვი.
    5 წლის წინ, როცა ეგრეთწოდებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, წესისამებრ, ამ ამბავს ქართული გამოცემები აქტიურად ეხმიანებოდნენ. ჰოდა, ერთ დღეს, ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ ელექტრონულ გამოცემაში ისეთი შემაშფოთებელი მასალა დაიბეჭდა, რომ საგონებელში ჩავვარდი. საქმე ის იყო, რომ თუ ჩემს კოლეგას დავუჯერებდით, ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი ხაჯიმბას არჩევისთანავე გალის რაიონში ქართველებისთვის ნამდვილი აპოკალიფსის დადგომას აანონსებდა.
    სიმართლე გითხრათ, კოლეგა, რომელსაც ხსენებული ინფორმაცია ეკუთვნოდა, დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც მყავდა შემჩნეული, ამიტომ ასე ჰაიჰარად ვერც ამჯერად ვენდობოდი, მაგრამ რადგანაც ეს პატარა ინტერვიუ კონკრეტულ პირთან ჰქონდა ჩაწერილი და არა გამოგონილ პერსონაჟთან (მის შემოქმედებაში მრავლად არიან ასეთი პერსონაჟები), ვერ დავუშვი, რომ ასეთ ტყუილს დაწერდა. არადა, არც იმის დაჯერება მინდოდა, რომ გალის რაიონიდან ყველა ქართველს მართლა გამოასახლებდნენ. მასალა ხელმეორედაც წავიკითხე, კარგად რომ დავრწმუნებულიყავი, ხომ არაფერი მეშლებოდა. საგულისხმო ისიც იყო, რომ იმ დროისთვის, აფხაზეთში მობილური ან საქალაქო ქსელებით ვინმესთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, იქაური მოსახლეობა კი მხოლოდ რუსული სოციალური ქსელებით სარგებლობდა და ფეისბუკზე აქა-იქღა შეხვდებოდი ვინმეს. არადა, მასალის ავტორი წერდა, რესპონდენტს ჩვენ დავუკავშირდით და ვესაუბრეთო.
    რაღა ბევრი გავაგრძელო, ცნობისმოყვარეობამ და ამბის დაზუსტების ინტერესმა არ მომასვენა და კოლეგას სოციალური ქსელის მეშვეობით მივწერე და ვკითხე, ამა და ამ მასალაში რასაც წერთ, ეს თუ ნამდვილად თქვა ამ კაცმა, მაინტერესებს, რა გზით დაუკავშირდით და როგორ შეძელით მისი ჩაწერა, მეც მინდა მასთან დაკავშირება-მეთქი (მართლა ვაპირებდი მასთან დალაპარაკებას, ვინაიდან, საერთო ნათესავები გვყავს და ვიფიქრე, თუ უცნობ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, იქნება, ნაცნობობით მეც არ მითხრას უარი-მეთქი).
    რამდენიმე საათის შემდეგ მივიღე პასუხი, სადაც ეს ჩემი კოლეგა ფრიად გაბრაზებული მსაყვედურობდა, რას ნიშნავს, რომ მეკითხებით, ეს ნამდვილად თქვა ამ კაცმაო თუ არაო, აბა, მე ხომ არ მოვიგონებდიო? ან ვინ გითხრათ, რომ მე დავუკავშირდი და ჩავწერე მასთან ინტერვიუ, სად წერია ეგო?
    აი, მართლაც სახტად დავრჩი და სასწრაფოდ შევედი იმ გამოცემის მისამართზე, მოვძებნე ხსენებული მასალა და ჰოი, საკვირველებამ, ავტორი შესავალში წერდა, რომ ინფორმაცია უცხოური პრესიდან იყო ამოღებული. თვალებს არ დავუჯერე, ტექსტი გავადიდე და ახლა ასე წავიკითხე, ხომ არაფერი მეშლება-მეთქი, მაგრამ არა, ისე ეწერა, როგორც ვამბობ. არადა, ზუსტად მახსოვს, პირველ ვარიანტში, ავტორი ამბობდა, ინტერვიუ ჩვენ ჩავწერეთო.
    რაღას გავაწყობდი და ჩემს კოლეგას ახლა ის ვთხოვე, იქნება მისამართი მომწეროთ, რომელი წყაროდან აიღეთ მასალა-მეთქი.
    რახან ამ თემით ასე ხართ დაინტერესებული, თავადვე მოიძიეთ და ნახავთო, მიპასუხა.
    ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე, მართლა შევუდექი ინტერნეტში მსგავსი ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ამის მერე, რუსულ სოციალურ ქსელში შევვარდი და ჩემს აფხაზ ნათესავს მივწერე, ასეა საქმე და იქნება, ხმა მიაწვდინო იმ კაცს და დამიზუსტო, ასეთი რამე მართლა თქვა თუ არა ან გასულ კვირას, რომელ რუსულ გამოცემას მისცა ინტერვიუ-მეთქი.
    სიმართლე გითხრათ, ის ჩემი აფხაზი ნათესავიც შეშფოთდა, ეს რა უმსგავსობაა, ასეთ რამეს არ იტყოდა ეგ კაცი, არაა ეგეთი იდეოლოგიის და მეორეც, წინასაარჩევნოდ აქ არავის გაუხმოვანებია მსგავსი რამეო. მაინც დავურეკავ და გადავამოწმებო.
    მეორე დღეს აღშფოთებულმა მომწერა, სრული დეზინფორმაციაა, რაც შენ მომწერე, ამ პიროვნებას არსად უთქვამს და გალის რაიონიდან ქართველების გასახლებას არც არავინ გეგმავს. ქართველები რომ გავიდნენ აქედან, დანარჩენები შიმშილით დავიხოცებითო. ჩვენც ამ აზრზე ვართ, ის აფხაზი პოლიტიკოსიც ამ აზრზეა და კინაღამ გაგიჟდა, შენი მონაყოლი რომ გადავეციო…
    ამის შემდეგ, წესით, იმ ჟურნალისტს უნდა დავკავშირებოდი და მეკითხა, რატომ მოიტყუა, მაგრამ არაფერი მიმიწერია, არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი, ვერაფერს დავუმტკიცებდი და ვერც ზნეს შევაცვლევინებდი. ის დღესაც ამ სტილში განაგრძობს აფხაზეთზე წერას, ერთ რამეს მოჰკრავს ყურს და მერე თავისი ფანტაზიით ამატებს დანარჩენს, განავრცობს, გამოგონილ პერსონაჟებსაც რამე გულსაკლავს ან გულზეგასახეთქს ათქმევინებს, მკითხველიც კითხულობს და რედაქტორიც ხელფასს უხდის. მე და კიდევ ერთი-ორმა კი ვიცით სიმართლე და ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიის განვითარებას ხომ არ შევუშლით ხელს?
    მეც მაქვს სიტყვის თავისუფლება და აგერ ვამბობ, რისი თქმაც მინდა.
    რაც შეეხება რუსეთის მიერ აფხაზეთში ,,განხორციელებულ; პროექტებს“, ვინმე კონკრეტული პირის მიერ იქ კერძო ბიზნესის წარმოებას თუ არ ჩავთვლით, სამხედრო ბაზების გარდა, ამდენი წლის განმავლობაში, აფხაზეთში რუსეთს არაფერი აუშენებია, არც სამუშაო ადგილები შეუქმნია და არც ეკონომიკის განვითარებისთვის უზრუნია.
    სამხედრო ბაზების მშენებლობაზეც, ადგილობრივი მოსახლეობიდან ხალხი მხოლოდ მუშებად და მძღოლებად დაიქირავეს, დანარჩენი სპეციალისტები რუსეთიდან ჩამოიყვანეს.
    რუსეთი არც იმ ხელშეკრულების პუნქტებს ასრულებს, რომელსაც პუტინმა და ხაჯიმბამ ჯერ კიდევ 2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში ზარზეიმით მოაწერეს ხელი და რომლის მიხედვითაც, ერთ წელიწადში რუსეთს აფხაზეთის ეგრეთწოდებული რესპუბლიკის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისთის უნდა შეეწყო ხელი. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორია მხოლოდ პლაცდარმად სჭირდება და აფხაზების ავ-კარგი არაფერში ანაღვლებს. თუმცა, ეს ცალკე განხილვის თემაა და ვეცდები, უფრო დეტალურად სხვა დროს მოგახსენოთ.
    დღეს, როგორც ხედავთ, მხოლოდ იმაზე მოგითხრეთ, რასაც ჩემი კოლეგები არ უნდა წერდნენ და კაცმა არ იცის, რატომ წერენ. უახლოეს დღეებში კი, ორიოდ სიტყვას იმაზე ვიტყვი, რაზეც არავინ საუბრობს, არადა, წესით, ხმამაღლა უნდა ყვიროდნენ.
     
    ირმა ბერიშვილი
  14. ირმა ბერიშვილი
    ,,ჩიტო-გვრიტო - მიხო უხადიტო,“ ასე ეხმიანება უკრაინელი ანალიტიკოსი, იგორ ვალსკი
    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ისევ უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებას და საინფორმაციო სააგენტო ,,112.UA" -ში ცინიკური ხასიათის კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს.
    გთავაზობთ ნაწყვეტებს იგორ ვალსკის პასქვილიდან.
    ,,ის ფაქტი, რომ ,,გამარჯობა“ ქართულად მისალმებას ნიშნავს, ჩვენ უკვე ვიცით (ყოველ შემთხვევაში ფილმიდან ,,მიმინო“), ახლა დროა, ვისწავლოთ ახალი სიტყვა - ,,ნახვამდის."
    არა, ეს არ ნიშნავს იმას, რაც პირველი სამი ასობგერის წაკითხვისას გაიფიქრეთ, თუმცა აზრის მიმართულება სწორია. ,,ნახვამდის“, ეს ნიშნავს მშვიდობით, მშვიდობით, ჩვენო მოსიყვარულე მიშა (სააკაშვილო), დაბრუნდით თქვენს ზღაპრულ ტყეში და თან წაიყვანეთ, გეთაყვა, ხატია (დეკანოიძე).
    (სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ,,ზღაპრულ ტყეში“ უკრაინელი ანალიტიკოსი სააკაშვილის თავდაპირველ სამშობლოს, საქართველოს გულისხმობს - ი.ბ.)
    ხატია ხომ ,,სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდა ახლა კიევში? უბრალოდ, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში უნდა გადამჯდარიყო.
    მოხარულები ვართ, რომ ბორისპოლის აეროპორტი ის ჰაბია, სადაც ერთი საერთაშორისო რეისიდან შეგიძლია მეორეს შეახტე, მაგრამ მაინც არადამაჯერებელი მიზეზია. არსებობს აზრი, რომ ქართველი რეფორმატორების გუნდი ტყუილად არ იყრის თავს ისევ ერთ ხაროში.
    გმადლობთ, არ გვინდა. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენ უკვე გვყავდა მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად, ალექსანდრე კვიტაშვილი - ჯანდაცვის მინისტრად, ეკა ზღულაძე და ხატია დეკანოიძე - პოლიციის შემადგენლობაში, დავით საყვარელიძე , გია გეწაძე და გიზო უგლავა - პროკურატურის პასუხსაგებ პოსტებზე.
    ამას დამატებული, გვყავდა ულიანა სუპრუნი, ნატალია იარესკო და მაშა გაიდარი, ვოიცეხ ბალჩუნი და აივარას აბრამავიჩუსი…
    ჩვენ ხომ ვიღაც ,,გრუზინოფობები“ არა ვართ, უბრალოდ გვახსოვს, მთელი ეს უცხოური დესანტი და მათი ნულოვანი ეფექტურობა.
    მადლობა ღმერთს, პერსონაჟთა უმეტესობა ჩუმად და მშვიდად დაბრუნდა თავის პალესტინაში და მხლოდ ,,გენაცვალე მიხომ“ მოაწყო რბოლა ვერტიკალისთვის… ჰორიზონტალისთვისაც, როცა, სახურავზე სირბილის შემდეგ, უკრაინულ კორდონს არღვევდა.
    ის ჰგავს ბუღალტერიის შუროჩკას, ფილმიდან, ,,სამსახურეობრივი რომანი,“ რომელიც კარგია, მაგრამ ზედმეტად აქტიური.
    ის, წამოწევით, წინ კი წამოწიეს, მაგრამ გვერდზე გაწევა ვერაფრით ხერხდება.
    ზოგადად, შეიძლება მისი მოტივაციაც გავიგოთ. ვინც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ძალიან არ უნდა ჩამოგდებული მფრინავივით იაროს და თუ უკრაინას შეუძლია რამე ალტერნატივის შეთავაზება, რატომაც არა?
    ზელენსკისაც შეგვიძლია გავუგოთ. ,,კადრების შიმშილმა“ ის სრულ დისტროფიამდე მიიყვანა. კიდევ ცოტაც და დასუსტებული მთავრობა ნაწილებად გადატყდება. მაგრამ, ბატონებო, არ შეიძლება ყველაფრის ,,ჭამა,“ მაშინაც კი, როცა ძალიან გშია. თუმცა, ,,როცა გშია, შენ შენ არ ხარ“ და ზელენსკიმაც წინამორბედისგან ზოგადი რეფორმების იდეის პლაგიატობა გადაწყვიტა, შესასრულებლადაც იგივე ხალხი მოიწვია.
    ვლადიმერ ზელენსკი, საერთოდაც, ბევრ რამეში ბაძავს პოროშენკოს, მაგრამ ყველაზე უსარგებლო მიბაძვა სწორედ სააკაშვილს უკავშირდება. ერთადერთი, რამაც შეიძლება ახსნას (და არა- გაამართლოს) უკრაინულ სოციუმში მისი რეინკარნაცია, ესაა დასავლეთის ზეწოლა ზელენსკიზე. ამბობენ, რომ იქ მიხოს ანგარიშს უწევენ.
    ყოველი შემთხვევისთვის, 28 მაისს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ კონგრესს აუწყა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საკვანძო რეფორმებში აუცილებელ პროგრესს მიაღწია და 125 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება დაიმსახურა.
    თანხა თავდაცვით საჭიროებებს მოხმარდება, ამიტომაც უკავშირდება ეს დახმარება აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ ის ფაქტი, რომ პენტაგონში რეფორმების ,,მოწმეების“ სექტა შეიქმნა, ცოტა უცნაურია. ნუთუ მიხომ ან ვიღაცამ მისი წრიდან, მართლა ისე დააჭირა ბერკეტს, რომ პროცესი დაიწყო? ისე, უბრალოდ, 125 მილიონ დოლარს არავის აძლევენ - თუნდაც, არც ისეთი ლამაზი თვალებისთვის, როგორიც ვლადიმირ ზელენსკის აქვს.
    მაგრამ ფსონი ამად ნამდვილად არ ღირს. სააკაშვილი - ეს დამანგრეველი ფაქტორია, ყოველ შემთხვევაში, უკრაინულ კონტექტსში. თანაც, პოროშენკოსთან წყვილში მან საკუთარი ხასიათის ისეთი შტრიხი გამოავლინა, როგორიცაა დროულად გაჩერების უნარის არქონა. მისნაირებისთვის ყველაფერი ყოველთვის ცოტაა.
    პატივმოყვარეობა, რომელიც გაჯერებულია გიჟური ამბიციურობით და სამხრეთული ტემპერამენტით, ეფექტური მენეჯერის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.
    კარგი ჩინოვნიკი შეიძლება იყოს ცოტათი მაინც მგზნებარე, მაგრამ ისეთი, რომელიც გამუდმებით საკუთარ თავზე არ იფიქრებს. სააკაშვილისთვის ეს წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, მისი ხელმძღვანელობით რეფორმების საბჭომ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ რეფორმაზე იმუშავა, საკუთარ თავს სახელი გადაარქვა და მარტივი გადაწყვეტილებების ოფისი ეწოდა. თუმცა, როგორც ზელენსკის უწინასწარმეტყველეს, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მალე იგრძნო ვიწროდ თავი ამ მოსაწყენ ქვიშის ყუთში.
    ნებისმიერი უკრაინელისთვის ნაციონალური საბჭოს მეთაურობა საოცნებო თანამდებობა იქნებოდა, მაგრამ ტემპერამენტიან ქართველს ის გასანძრევად არ ეყოფა.
    ამიტომ სააკაშვილი თავდაპირველად ეცდება ზურგი თავისი ხალხით გაიმაგროს. ამ კონტექსტში დეკანოიძის გამოჩენა, რა თქმა უნდა, სულაც არ არის შემთხვევითი… თუ მას საბაჟოს, არ ჩააბარებენ, ყოფილი გუბერნატორის თანამებრძოლისვთის სხვა ადგილი მოინახება. მერე გამოჩნდებიან სხვა ,,ახალი ძველი კადრებიც“ და ესეც მიხეილ სააკაშვილის შექმნილი ჩვენი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი.
    პრემიერობის ამბიციებს, ისევე როგორც ინტელექტს, ხომ ვერ დამალავ?
    უკანასკნელი ჭორების მიხედვით, სააკაშვილი დედაქალაქის მერის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. ამბობენ, რომ ის კლიჩკოს უნდა დაუპირისპირონ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად უწყიან, მძიმეწონიანი ჩემპიონი მას ,,ცალი ხელით“ დაამარცხებს. რაში მდგომარეობს თამაშის მიზანი, ძნელი მისახვედრია. ან იმაში, რომ ამჟამინდელი ქალაქის თავის გარანტირებულ გამარჯვებას შეუწყონ ხელი, ან დაუმორჩილებელი მიხო მცირე ხნით მაინც რაიმე სასარგებლო საზოგადოებრივი საქმით დააკავონ.
    შესაძლოა, ზელენსკისთან უკვე მიხვდნენ, რამხელა ტვირთი აიკიდეს საკუთარ მხრებზე და რომ რეფორმები არ იქნება, სამაგიეროდ, იქნება ნერვების წყვეტა.
    შესაძლოა, იმასაც მიხვდნენ, რომ საერთაშორისო წრეებთან კავშირიც კი ვერ გადაწონის იმ დისკომფორტს, რაც სააკაშვილს შეუძლია შეუქმნას მოქმედ ხელისუფლებას, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ნებისმიერი მცდელობისას, როცა შეიძლება სტუმარს კარისკენ მიუთითო, ის მთელი ძალით ჩაებღაუჭება მას. თუნდაც ისევ სახურავზე ასვლამ მოუწიოს და თუნდაც ეს სახურავი მთლიანად დაინგრეს.
    მაგრამ რადგანაც ზელენსკი პოროშენკოს გზას იმეორებს, ის სააკაშვილთან ურთიერთობის მის გამოცდილებასაც იმეორებს.
    თავის დროზე, პოროშენკო ამ ისტორიიდან ღირსეულად ვერ გამოვიდა. გამოვა კი ზელენსკი?
    ჯერ-ჯერობით, მას კრეისერული სისწრაფით უახლოვდება ბულდოზერი და არსებობს სამი ვარიანტი: მოჰყვეს მის ქვეშ, გაექცეს ან თავად დაეუფლოს საჭეს.
    რატომღაც, ასე ჩანს, რომ ზელენსკის პირველი სცენარი უფრო ელოდება.”
  15. ირმა ბერიშვილი
    ტყეების გასხვისება-მითვისებაზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ არავის არსად უხსენებია ის ფაქტი, რომელზეც მე უნდა მოგიყვეთ.
    საქმე ეხება დაბა სურამში მდებარე ბაიანთხევის ტყეს, რომლის გარკვეული ნაწილიც, წლების წინ ისე გასხვისდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს არაფერი გააგებინეს.
    ცნობილია, რომ სურამის წიწვოვანი ტყეები საბჭოთა პერიოდში, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-ან წლებში გაშენდა. მთა, რომელზეც ამჟამად სოფლების, ზინდისისა და ბაიანთხევის ტყეები მდებარეობს, მეწყერსაშიში ზონა იყო და სწორედ ამიტომ, მცოცავი ნიადაგის შეკავების მიზნით, იქ ფიჭვები დარგეს, ვინაიდან ამ ხეების ფესვები ჰორიზონტალურად ვითარდება და მიწას კარგად ,,იჭერს.“
    მაშინ სპეციალისტებმა ბაიანთხევის ფიჭვნარში, დაახლოებით 1300 კვ.მ ფართობის მინდორიც სპეციალურად ღიად დატოვეს, რადგან ეს სივრცე ტყის სავენტილაციოდ, ჰაერის სამოძრაოდ იყო საჭირო. ასევე დატოვეს ამ მინდვრამდე მისასვლელი სამანქანო გზა, რათა ცეხცლის გაჩენის შემთხვევაში ტყეში სახანძრო მანქანების შეღწევა არ გართულებულიყო.
    ტყის ბუნებრივი ვენტილაციის გარდა, ამ მინდორმა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
    მოგეხსენებათ, სურამი ზაფხულის კურორტია და პანდემიამდელ პერიოდში, დასვენების მსურველებს ვერ აუდიოდა. მათი დიდი ნაწილი, ცენტრიდანაც ყოველდღე ადიოდა ბაიანთხევის ტყეში და საღამომდე იქ რჩებოდა. ბაიანთხევის უბანს არც თავისი დამსვენებლები აკლდა. დასახლებაში მრავალი საოჯახო სასტუმროა, რომლებიც ყოველ ზაფხულს ბევრ სტუმარს იღებდა. ვისაც ჩვილი ბავშვები ჰყავდა, ხსენებულ მინდორში, მწვანე მდელოზე გაშლილ პლედებზე აწვენდნენ და პატარებიც, მუდმივად მზის აბაზანებს იღებდნენ.
     
    მინდორი, არა მარტო პატარებისთვის, მოზრდილებისთვისაც მიმზიდველი ადგილი იყო. შვილებთან ერთად მშობლებიც აქტიურად ერთობოდნენ, თამაშობდნენ ფეხბურთს, ფრენბურთს, ბანდმინტონს, აწყობდნენ პიკნიკებს და დაბადების დღეებსაც იხდიდნენ.
    ბაიანთხევის ტყეში მდებარე მინდორს, კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდა. სურამის საოჯახო სასტუმროებში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ხშირად ატარებდნენ საზაფხულო შეკრებებს. მწვრთნელებს კი აღსაზრდელები, სწორედ, იმ მინდორზე მიჰყავდათ და ყოველ დილა-საღამოს ავარჯიშებდნენ.
    ამდენად, იქაურ დამსვენებლებს, რომელთა შორის მეც ვარ, ბაიანთხევის ტყე ამ მინდვრის გარეშე ვერც წარმოგვედგინა და აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ოდესმე იმ ტყის ნაწილი აღარ იქნებოდა, სადაც ყოველ ზაფხულს დავდიოდით.
    თუმცა, სულ ტყუილად.
    ერთ მშვენიერ დღეს, ამ ადგილს ტყის სტატუსი მოუხსნეს და ტყის ფონდის ნუსხიდან ისე ამოიღეს, არავისთვის არაფერი უკითხავთ...
    ოღონდ, ზუსტად როდის მოხდა ეს ფაქტი ან რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივებმა ვერც ერთ ოფიციალურ წყაროში ვერ მიაკვლიეს.
    ისევ მუნიციპალიტეტის ყოფილი ჩინოვნიკებისგან ყურმოკვრით გაიგეს, რომ ბაიანთხევის ტყის აღნიშნულ ტერიტორიას, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ხელისუფლების შეცვლამდე დაადგა თვალი ვიღაცამ და ტყის ფონდიდანაც მაშინ ამოიღეს.

    ,,როგორც ჩანს, ვიღაც კონკრეტულ პირს აინტერესებდა ეს ტერიტორია და ტყის სტატუსი იმიტომ მოუხსნეს, მაგრამ ვიდრე აუქციონზე გაიტანდნენ და მსურველი დაისაკუთრებდა, მანამდე ხელისუფლებაც შეიცვალა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრეს.
    ამის შემდეგ, კარგა ხანს ეს საქმე არავის მოუკითხავს. მერე ვინც ნახა, რომ ტერიტორია გასაყიდად იყო გამზადებული, რაღაზე აიტკივებდა თავს იმის კვლევით, საიდან და როგორ მოხვდა ის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სიაში ან რაღაზე დაუბრუნებდა ტყის ფონდს?
    ოღონდ რამე გაეყიდათ...
    ასე გავიდა ჩვენი მინდორი ელექტრონულ აუქციონზე და მფლობელიც მალე გამოუჩნდა. რამდენად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი, ეგ კიდევ ცალკე საკითხავია.
    ამ დროს ჩვენ არც არაფერი გვსმენოდა ტყის ფონდიდან მინდვრის ამოღების შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ხმა დაირხა, გაიყიდაო.
    რა თქმა უნდა, თავიდან ვერც დავიჯერეთ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ სიმართლე იყო და მის დასაბრუნებლად ბრძოლა დავიწყეთ.
    მისი გაყიდვა როგორ შეიძლებოდა, ის ხომ ტყის ნაწილი და ყველა ჩვენგანის საკუთრება იყო?
    გადა იმისა, რომ ეს საკუთრება წაგვართვეს, იმანაც აღგვაშფოთა, რომ ამ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი დიდი სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.
    თქვენც ხედავთ, აქ ქვიშიანი და მცოცავი ნიადაგია, ზედმეტად თუ შეეხები, იშლება. მეზობელი სოფელია ზინდისი, მთის ერთ მხარეს ბაიანთხევია, მეორე მხარეს - ზინდისი. რამდენიმე წლის წინ, საკანალიზაციო სისტემის მოწყობისას წარმოებული სამუშაოების გამო, ზინდისში მეწყერი ჩამოწვა. უარესი გველოდა ბაიანთხევში და სწორედ ამიტომ ვიყავით წინააღმდეგნი.
    ჩვენ კონკრეტულ პირს კი არ ვებრძოდით, ვებრძოდით სახელმწიფოს და ვითხოვდით გადაწყვეტილების გაუქმებას. არ იქნებოდა ის ბიზნესმენი, იქნებოდა სხვა, ვინც ტყის ამ ნაწილს სახელმწიფოსგან იყიდიდა.“ - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომლის ვინაობასაც ობიექტური მიზეზების გამო, არ დავასახელებთ.
    ბაიანთხეველებმა ტყის აღნიშნული ტერიტორიის დასაბრუნებლად, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. საქმე სასამართლომდე მივიდა და გადაწყვეტილების მიღებაც კარგა ხანს გაჭიანურდა. ამ ბრძოლაში, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, დამცირებაც იწვნიეს და უკუბრალდებებიც მიიღეს, სამართალს კი მაინც ვერ მიაღწიეს, მინდორი ვერ დაიბრუნეს. ამიტომ დავაზე ხელი ჩაიქნიეს და დღეს ამ თემაზე ლაპარაკსაც ერიდებიან.
    თავის დროზე, როცა საქმე სასამართლოში იხილებოდა, რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს, უნდოდათ, ხმა ზემდგომებისთვის მიეწვდინათ. რამდენიმე მედიასაშუალებამ მათი აქტივობებიც გააშუქა და ვრცელი სიუჟეტებიც მიუძღვნა, თუმცა ბაიანთხევის ტყის ბედით ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა. არც ის გარკვეულა, ვინ და როდის ამოიღო ტყის ფონდის ნუსხიდან ეს მინდორი, რატომ დადგა ამის საჭიროება, საერთოდ და თავდაპირველად ვინ იყო მისი გასხვისების ან მითვისების მსურველი.
    საზოგადოების მხრიდან კი, ამ სატელევიზიო სიუჟეტებსა თუ პუბლიკაციებს, როგორც გვჩვევია, ხოლმე, მხოლოდ ზედაპირული შეფასებები მოჰყვა; იმის ნაცვლად, ვინმეს პრობლემის სიღრმე და არსი გაეანალიზებინა ან მოეკვლია, რისთვის იბრძოდნენ ბაიანთხეველები, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი წერდა: მარტო ნაზუქის ქნევით შორს ვერ წახვალთ, განვითარებას ნუ ეწინააღმდეგებით, სწორედ ასეთი პროექტები სჭირდება ქვეყანასო.
    რაც შეეხება თავად ინვესტორს, რომლის მფლობელობაშიც ბაიანთხევის ტყეში მდებარე მინდორი ოფიციალურად გადავიდა, მისი წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდნენ, თითქოს, ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომ ეგონათ, მფლობელი ტყის გაჩეხვას აპირებდა.
    ,,მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და იქ მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.
    ინვესტორს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული და ხეების გაჩეხვა არ იგეგმება, ადგილობრივების პროტესტი სრულიად უსაფუძვლოა.“ - აღნიშნავდნენ ისინი მედიასთან ამ საკითხის განხილვისას.
    მათივე ინფორმაციით, სინამდვილეში, საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები ჰქონდა და შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო მათ დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდა, თუმცა, ტყუილად, რადგან მათი სეგმენტი განსხვავებული იყო.
    ამაზე ,,საჩივრების ავტორ მოსახლეობას“ დღემდე თავიანთი ჩამოყალიბებული აზრი აქვს. მათ ზუსტად იციან, რისთვისაც იბრძოდნენ და რატომაც მიმართეს სასამართლოს.
    ,,კონკურენციის ეშინიათო, გვაბრალებდნენ. არადა, რომელ კონკურენციაზეა საუბარი, როცა ჩვენთან დღე-ღამის საფასური 15-20 ლარიდან 50-80 ლარამდე მერყეობს და მათი სერვისის ღირებულება 400-500 ლარია?
    ეს საკითხი თავიდანვე ნათელი იყო და ვიცოდით, რომ ჩვენ მათი კონკურენტები ვერც ვიქნებოდით.
    აქ ტყის დაცვასა და გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე იყო საუბარი, საერთო ტეროტორიის გასხვისებასა და რაც მთავარია, იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლებოდა დასახლებას და მთლიანად ტყეს შეჰქმნოდა.
    მათი პროექტი ოთხსართულიანი, 30 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა, რომელსაც ასევე, მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა ჰქონოდა. ტყის შუაგულში ჯერ ოთხასრთულიანი შენობის და ამას დამატებული, მიწისქვეშა ავტოსადგომის საძირკველი რომ გათხრილიყო, რამხელა სიღრმეზე უნდა ჩასულიყვნენ?

    როგორც ვთქვით, ქვიშიანი და მეწყერსაშიში ნიადაგი გვაქვს. ამ მშენებლობის დაწყება იმას ნიშნავდა, რომ თუ პროცესშივე არა, ცოტა ხანში ტერიტორია მთლიანად მოწყდებოდა და მთელ დასახლებას, ტყის მასივიანად, სურამის ცენტრში ჩაგვიტანდა.
    უპირველსად, სწორედ ეს საფრთხე გვალაპარაკებდა და არა - კონკურენციის შიში.
    ამას გარდა, დიახაც, ტყის გაჩეხვის საფრთხეც არსებობდა, რადგან ინვესტორს სურდა, თავისი სასტუმროს მიმდებარედ, ტყის 5 ჰექტარი ტერიტორია, სარეკრეაციო ზონისთვის, იჯარით აეღო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფიჭვების გაჩეხვის გარდა, ბაიანთხევის ტყის დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაში გადავიდოდა და ის ადგილობრივებისთვისაც და დამსვენებლებისთვისაც მიუწვდომელი იქნებოდა.
    ამ შემთხვევაში კი ჩვენი საოჯახო სასტუმროების ბიზნესს, მართლა, გაკოტრება ელოდა, რადგან მარტო ჩვენს სანახავად ან ოთახებში გამოსაკეტად აქ დამსვენებლები არ ამოვიდოდნენ.“ - გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.
    მისი თქმით, საბედნიეროდ, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეყო კეთილგონიერება და ბიზნესმენს იჯარის მოთხოვნაზე უარი უთხრა, თუმცა კი კანონით უფლება ჰქონდა, ნებართვა გაეცა.
    დიახ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მიწის და ტყის იჯარით გაცემის შესახებ კანონი სააგენტოს ამის უფლებას აძლევდა, მით უმეტეს, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინვესტორს მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს არნაირი ვალდებულება არა აქვს, მოსახლეობის აზრს ანგარიში გაუწიოს, თუმცა ბაიანთხეველების შემთხვევაში, მათმა პროტესტმა და მოთხოვნებმა გაჭრა და ხსენებულმა სააგენტომაც ინვესტორის განცხადება არ დააკმაყოფილა.
    რაც შეეხება სასამართლოს, 2 წლის წინ, მან დავა ბიზნესმენის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ბაიანთხევის ტყეში სასტუმროს აშენების უფლება მისცა. ერთადერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ახალი გეოლოგიური კვლევა ჩაეტარებინათ და დასკვნის საფუძველზე პროექტი განეახლებინათ.
    ბაიანთხეველების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარი გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა და მას საქმის მასალებში ვერ იპოვით. თუმცა მათი საჩივრების შედეგად, მიწის მფლობელმა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაინც მიიღო; პროექტი შეცვალა და მაღალსართულიანი კომპლექსის ნაცვლად, ტყეში მსუბუქი კონსტრუქციის კოტეჯები ჩადგა.
    ასე, რომ უკვე, მეორე წელია, სურამში, ბაიანთხევის ტყეში დასვენების მსურველებს, ტყის შუაგულში მდებარე ცნობილი მინდვრის ნაცვლად შემოღობილი კერძო ტერიტორია ხვდებათ, ხუთი ორსართულიანი კოტეჯით, ორი აუზითა და ეზოს გვერდზე, ტყეშივე გათხრილი საკანალიზაციო ჭით.
    P. S. მასალაში შეგნებულად არ ვწერ არავის ვინაობას, მხოლოდ ფოტოებს დავურთავ, რომლებიც ასახავს იმ რეალობას, რაც იყო და რაც არის.
     
         
  16. ირმა ბერიშვილი
    7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
    მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება. გასული სხდომა რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო.
    დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახალი ჩართულია.
    ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
     
    წყარო: IPN
  17. ირმა ბერიშვილი
    გასულ საღამოს ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს პაციენტი, რომელსაც ექიმების თქმით, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, თითქმის ყველა სიმპტომი აღენიშნება.
    Planeta.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ქალბატონმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 29 მარტს, სხეულის მაღალი ტემპერატურით გადმოკვეთა და გალში ჩავიდა. ის მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ცხელებას უჩიოდა.
    ავადმყოფი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
    მედიკოსების ინფორმაციით, გალიდან გადმოყვანილი პაციენტის ანალიზები ხვალ ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება და არის თუ არა ის კორონავირუსით დაინფიცირებული, პასუხიც ხვალ გაირკვევა.
  18. ირმა ბერიშვილი
    ბოლო 30 წლის განმავლობაში,საქართველოს განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნამდე მრავალი მინისტრი გვყავდა და მის მერეც, უმოკლეს დროში, კიდევ ორი გამოვიცვალეთ (ამასწინ, იმ ორიდან ერთი პოსტზე ხელახლა დავაბრუნეთ კიდეც), მაგრამ ცოდვას გაგიმხელთ და ამჟამინდელ თუ ყოფილ განათლების მინისტრებს შორის, ყველაზე საუკეთესოდ მაინც ჯეჯელავა მიმაჩნია.
    ამის მიზეზი, ნამდვილად, მაქვს. სკოლებში არსებულ მარადიულ პრობლემათაგან ყველაზე მთავარზე, სწორედ, ჯეჯელავამ გაამახვილა ყურადღება.
    მისი სახელის გაგონებაზე, ალბათ, ყველას კომბლე და ვაშლი გაგონდებათ, მაგრამ მე საკმაოდ სერიოზულ და მეტად საჭირბოროტო საკითხზე მოგახსენებთ.
    ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის პოსტზე ყოფნისას იმ სკოლის დირექტორებს, რომელთაც სკოლაში საპირფარეშოების საკითხი მოგვარებული არ ჰქონდათ ომი გამოუცხადა. მათგან, ჰიგიენის ნორმების დაცვას, სკოლის ტუალეტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მკაცრად ითხოვდა და ვინც ამ გამოწვევას თავს ვერ გაართმევდა, დაკავებული თნამდებობიდან ათავისუფლებდა.
    ამ პრობლემის გამო, საჯარო სკოლების რამდენიმე დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს ასეთი პასუხი გასცა: ხუთსაც გავათავისუფლებთ და ოცდახუთსაც, თუ საქმეს დასჭირდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ხოლო თუ სახსრები არ აქვთ სამინისტრო დაეხმარება.
    სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ საკითხთან შეხება არ მქონია, მაგრამ გადმოცემით და მედიის საშუალებით ვიცოდი, რა მდგომარეობაში იყო უმეტესი სკოლების საპირფარეშოები. მოსწავლეებიც და პედაგოგებიც მოუწყობელ ინფრასქტრუქტურას, ანტისანიტარიას და საშინელ სუნს უჩიოდნენ. ამიტომაც, ამ მიმართულებით ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძოლას თავიდანვე მივესალმე. ვიფიქრე, თუ ამ გზას პრინციპულად ბოლომდე მიჰყვება, იქნება, ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას-მეთქი.
    თუმცა, როგორც ვიცით, ვიდრე ყოფილი მინისტრი სკოლების საპირფარეშოების პრობლემებთან ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა, მანამდე სავარაუდოდ, კომბლესთან ,,ბრძოლას“ გადააყოლეს და ჯეჯელავას ნაცვლად პოსტზე სხვა დანიშნეს.
    ეს იყო 2 წლის წინ და ჯეჯელავას წასვლის შემდეგ, არ მსმენია, მოუწესრიგებელი საპირფარეშოს გამო, რომელიმე სკოლის დირექტორისთვის რამე სანქცია დაეწესებინათ ან სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ, თუ ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გახმაურებულ ინციდენტს (სკოლის დირექტორის გარდაცვალებას)არ მივიღებთ მხედველობაში.
    ჰოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ბედნიერად ვფიქრობდი, რომ ჯეჯელავას მუქარამ გაჭრა, სკოლებში ტუალეტების ინფრასტრუქტურის და ჰიგიენის პრობლემა აღარ დგას და ბავშვებს ამყრალებულ საპირფარეშოებში არ უწევთ შესვლა, ვიდრე შარშან ერთ-ერთ სკოლასთან განგებამ მჭიდროდ არ დამაკავშირა.
    შარშანდელი სასწავლო წლიდან მოყოლებული სულ მესმოდა ჩემი ბავშვის (ძმის შვილიშვილის) წუწუნი, რომ ტუალეტში ვერ შედის, რადგან იქ საშინელი სუნია, რომ იქაურობა ყარს, მაგრამ ვეუბნებოდი, საერთო ტუალეტებში ეგეთი სუნია ყველგან-მეთქი და ამ საკითხის უფრო ღრმად გასარკვევად, თავი დიდად არ შემიწუხებია. თუმცა, ერთხელ, შემთხვევით იმ ფლიგელში რომ მოვხვდი, სადაც ბიჭების ტუალეტი იყო განთავსებული და სუნმა ჯერ ნესტოები, მერე კი თვალები ამწვა, საგონებელში ჩავვარდი, აქ, დერეფანში რომ ასე ყარს ყველაფერი, შიგნით რაღა იქნება-მეთქი. მიუხედავად ამისა, პრობლემას მაინც წავუყრუეს, შიგნით არ შევსულვარ და არ შემიმოწმებია.
    წელს ისე მოხდა, რომ ჩვენი კლასი იმ ფლიგელში გადაიყვანეს, სადაც გოგოების ტუალეტი მდებარეობს. ბავშვმა პირველ დღესვე გვითხრა, ისეთი სუნია, ოთახის კარს ვერ ვაღებთ, მასწავლებელი ცდილობს, მაგრად ჩაკეტოს, რომ სუნი არ შემოვიდეს, გარეთ, დერეფანში ვერ გავდივართ, იქ გაჩერება შეუძლებელიაო.
    დამაინტერესა და მეორე დღეს სკოლაში მივედი. პირველ სართულზე, ცენტრალურ შესასვლელს როგორც კი გავცდი და მარცხნივ, ჩვენი ფლიგელისკენ ჩავუხვიე, რამდენიმე ნაბიჯში საზიზღარი სუნი ჯერ სუსტად მეცა, მერე, რაც უფრო მივუახლოვდი კლასს და საპირფარეშოს მიმდებარე ტერიტორიას, ეს სუნი იმდენად აუტანელი გახდა, რომ ცხვირ-პირზე ხელები ავიფარე. სხვანაირად იქ ვერ გავჩერდებოდი.
    ასე, ცხვირზე ხელაფარებული შევედი საპირფარეშოში. იმ სუნის ფონზე, მეგონა, საშინელი ანტისანიტარია დამხვდებოდა, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი, ტუალეტის შესასვლელი და ფეხსალაგებიც სუფთა იყო. წყლის ჭავლებიც შევამოწმე, ყველა მუშაობდა. ერთადერთი, რასაც სისუფთავე არ ეტყობოდა, ხელსაბანები იყო, ადამისჟამისდროინდელი მტვრითა და ჭუჭყით.
    იქიდან გაოგნებული გამოვედი და თუ დამლაგებელი პერიოდულად ასე ასუფთავებს აქაურობას, ეს საძაგელი სუნი საიდან უნდა იყოს-მეთქი, კითხვით მნივადექი ჩვენი კლასის ხელმძღვანელს, რომელიც ჩემზე არანაკლებ წუხდა.
    არ ვიცი, ასე როდემდე გავძლებთო, აქეთ შემომჩივლა, თან, ჯერ კიდევ ცხელა გარეთ და დერეფნებში ფანჯრები ღიაა, რომ მივხურავთ, მერე რა გვეშველებაო.
    ჩემს გარდა, სხვა ბავშვების მშობლებიც იგივეს ამბობდნენ და კითხულობდნენ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ, ალბათ, დირექტორს უნდა შევატყობინოთო.
    დირექციაში ყოველ შესვლაზე ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ შედეგი არ გვაქვსო, პედაგოგმა გვითხრა.
    ასე გავაგრძელეთ ბუზღუნი და წუწუნი იმ დღეს, მეორე დღეს, კიდევ სხვა დღეს. ვითარება, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. სპეციალისტებთან კონსულტაციით ერთადერთი, ის გავარკვიეთ, რომ ეს პრობლემა, შესაძლოა კანალიზაციის ძველი მილების ბრალი ყოფილიყო.
    კი ვაპირებდი დირექტორთან მისვლას და დახმარების იქით შეთავაზებას, იქნება და სამინისტრო არ უგდებს ყურს, არ აქცევს ყურადღებას მის განცხადებებს, რომელსაც ის ამ საკითხის მოსაგვარებლად აგზავნის-მეთქი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შესაძლო იყო, არცთუ ისე კონსტრუქციული საუბარი გამოგვსვლოდა და ამიტომ თავს ვიკავებდი. ამასობაში სხვა მშობელმა დამასწრო. როგორც გავიგე, დირექტორისთვის დახმარება არ შეუთავაზებია, პირიქით, კარგად გაუჯორავს.
    ბავშვებმა მითხრეს, მარიამის ბებია დირექტორს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, ის კი არ გაუჩერდა და წავიდა, მაგრამ საითაც წავიდა, იქით გაჰყვა და თქვენ თუ ვერ აგვარებთ ამ პრობლემას, ჩვენ მოვაგვარებთო, ეუბნებოდაო. დირექტორი კი პასუხს არ სცემდაო.
    ამ ამბის მერე, ეტყობა, დირექტორმა მარტივ გამოსავალს ,,მიაგნო“ და დერეფანში სურნელის გამფრქვევი მოწყობილობები დააყენებინა, რამაც შარდის საშინელი სუნი მცირე ხნით გაანეიტრალა, თუმცა მერე ის სურნელი საპირფარეშოს საერთო სუნს შეერწყა, უარესად აყროლდა იქაურობა და გავლა-გამოვლაც კი გაუსაძლისი გახდა, იმ დროს, როდესაც, ბავშვებს ასეთ გარემოში საათობით უწევთ გაჩერება.
    ჰოდა, ვითმინე, ვითმინე და ვეღარ მოვითმინე, განათლების სამინისტროს გუშინ არაოფიციალურად მივაწვდინე ხმა და ჩვენი გასაჭირი შევატყობინე.
    როგორც ჩანს, სამინისტროდან სკოლის დირექტორს დაუკავშირდნენ და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, იმანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, აბსურდული არგუმენტებით სცადა თავის მართლება, თუმცა კი, სკოლის პასუხიდან ჩანს, რასთან გვაქვს საქმე და ვინ ტყუის.
    მეტი დამაჯერებლობისთის ამ პასუხსაც აქვე გაგაცნობთ.
    ,,№ -- სკოლაში ნამდვილად არის ტუალეტებში სუნი, რასაც დირექტორი ებრძვის, თუმცა ვერაფერს შველის რადგან არასწორადაა შეერთება გაკეთებული. ამ ტუალეტების რემონტი ორი წელია რაც ესიდამ გააკეთა, მაგრამ სუნი თავიდანვე დგებოდა. თან ახლა სკოლის მე-2 ფლიგელი რემონტის გამო გადაკეტილია და ორ ტუალეტზე მეტი დატვირთვაა. არდადეგებზე ფიქრობს დირექტორი რამე ეგებ გააკეთოს რომ ეშველოს სუნს. ისე დასუფთავებულია ყოველთვის.“
    ამ პასუხში რამაც თავიდანვე გამაბრაზა, ისაა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, ტუალეტში სუნი ნამდვილად არისო, თითქოს მარტო იმ ერთ ადგილზე იყოს საუბარი. ამ დროს, მთელი დერეფანი ყარს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დერეფანში არათუ გაჩერება, გავლაც შეუძლებელია და სასკოლო ოთახის კარს როგორც კი შეაღებ, მთელ ოთახში შარდის მძაფრი სუნი წამიერად დგება. ამიტომ, მარტო საპირფარეშოში მდგარი სუნის გამო კი არ ვწუხდებით, იმ გარემოში ბავშვების ხანგრძლივად გაჩერება დანაშაულია.
    ეს ერთი და მეორე, ის, რომ სკოლის ერთ ფლიგელზე სახურავს არემონტებენ და ამიტომ ტუალეტზე დატვირთვა გაორმაგებულია, ეს კი მართალია, მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი კვირის წინ წარმოქმნილი პრობლემა, ადრეც ასე იყო, რასაც თავადვე აღნიშნავენ, როცა ამბობენ, რომ მილები არასწორადაა შეერთებული და სუნი თავიდანვე, ანუ გარემონტებისთანავე დგებოდა.
    ხომ წარმოგიდგენიათ, ორი წელია დირექტორმა იცის, ეს პრობლემა ,,თავიდანვე“ რომ იყო, აქამდე არაფერი გაუკეთებია და ახლა, ამ არდადეგებზე ფიქრობს, ,,ეგებ რაღაც გააკეთოს“ და ღმერთმა იცის, ეს ,,ეგებ“ რა იქნება.
    როგორც ჩანს, იმ 2 წლის წინაც, სწორედ ჯეჯელავას მუქარის შიშით გარემონტდა ამ სკოლის საპირფარეშო, თუმცა კი, უხარისხოდ და შედეგად, მთელი 2 ცვლის ბავშვები ნახევარ დღეს შარდის სუნში ატარებენ. რაც მეტად დამაფიქრებელია, ამ აქოთებულ შენობაში უფრო მეტ დროს მასწავლებლები ატარებენ...
    დღევანდელ ეპოქაში, სკოლის ასეთ პრობლემებზე ხმაური რომ გვიწევს, ვფიქრობ, ძალიან სამარცხვინოა.
    ჰოდა, ხომ ახი იქნებოდა ასეთი სკოლების დირექტორებზე, ალექსანდრე ჯეჯელავა ყოფილიყო ისევ განათლების მინისტრი?!
    P. S. ზუსტად გუშინ საღამოს წავიკითხეთ, მეორე კლასის ბუნების წიგნში, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ჯანსაღი გარემო, სუფთა საცხოვრებელი პირობები და სუფთა ჰაერია საჭირო და ოჯახის უფროსმა წევრებმა ერთმანეთს გადავულაპარაკეთ, ამ გაკვეთილს რომ უხსნიდა მასწავლებელი, ნეტა, იმაზე თუ ფიქრობდა, ბავშვები საკლასო ოთახის კარს რომ გააღებენ, რა გარემო ხვდებათო.
    P. S. S. მოვლენების შემდგომ განვითარებასაც აუცილებლად გაგაცნობთ. ვნახოთ, სკოლის ადმინისტრაცია საახალწლო არდადეგების განმავლობაში რა ზომებს მიიღებს.
    იმის იმედიც მაქვს, რომ ,,ზომების მიღებას“ ჩვენი კლასის დამრიგებლის დამუნათებით არ დაიწყებენ, რადგან პრობლემაზე ხმა მისი კლასის მშობლებმა ამოვიღეთ.
    ჰო, ასეთებიც ხდება ჩვენთან, სამწუხაროდ, არადა, გარეთ 21-ე საუკუნეა.
  19. ირმა ბერიშვილი
    სამ თვეზე მეტია, სამყარო თავდაყირა დგას, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელი კაცობრიობა ისე დაგვიმორჩილა და დაგვიქვემდებარა, ყველანი მისი წესებით და ჩვენთვის აქამდე უჩვეულო რეჟიმით ვცხოვრობთ.
    არადა, იანვრის ბოლოს ვინმეს რომ ეთქვა, ძალიან მალე დადგება დრო, ლამის, მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმზე გადავა, საქართველოშიც საკმაოდ ხანგრძლივი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდება, ქალაქები ჩაიკეტება, ღამით ქუჩები დაცარიელდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, ხელისუფლება ხალხს შინ ჯდომისკენ მოუწოდებს და დამქირავებლები დაქირავებულებს ჯამაგირს სახლიდან მუშაობაში გადაუხდიან, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ვირტუალურად გაგრძელდება, თბილისში ღამით ისეთი სიჩუმე იქნება, ორი კვარტლის იქით ცხვირის დაცემინებას გაიგონებ, ხალხი მარკეტებში დისტანციის დაცვით ივლის, სახეზე ყველას პირბადე გვეკეთება და ზოგი სამედიცინო ხელთათმანით სიარულსაც არ ითაკილებს, ხელისუფლება და სამღვდელოების ნაწილი მორწმუნე მრევლს ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულის ტაძრების ნაცვლად სახლში აღნიშნვისკენ მოუწოდებს, აღდგომას სასაფლაოები მიმკითხველებისგან ცარიელი იქნება, დიდი ხნის უნახავ ახლობლებს და ნათესავებს შეხვედრისას მხოლოდ თავის დაქნევით მივესალმებით, სოფლებში მეზობლებთან ყავის დასალევად არ გადავალთ, სახლებში გამოვიკეტებით და ტელევიზორში ყველა არხის ყველა საინფორმაციო გამოშვებას ინტერესით მივაჩერდებითო, ალბათ, არავინ დაიჯერებდა და ამის მთქმელს არანორმალურად შევრაცხავდით.
    უფრო მეტიც, იანვრის ბოლოს, როცა კორონავირუსის ჩინეთში გამოჩენის და პირველი მსხვერპლის შესახებ მედიაში ინფორმაციები გაჟღერდა, საფრთხე იმდენად შორეული ჩანდა, სასაცილოდაც არ მეყო ის პანიკა, ზოგიერთები თავიდანვე რომ შეიბყრო და აიყოლია.
    მერე და მერეც, ინფექცია ცოტაზე მეტად რომ მოგვიახლოვდა და პანიკამაც იმატა, ხუმრობის ხასიათს მაინც ვინარჩუნებდით, ვცინიკოსობდით, არ გვეგონა, საფრთხე ამდენად დიდი თუ იყო და სულ მალე ყველას დაგვიმორჩილებდა.
    მართლაც, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ცოტა ხანში კორონა მთელ მსოფლიოს ბეჭებზე დადებდა, საზღვრები ჩაიკეტებოდა, საერთაშორისო მიმოსვლა შეჩერდებოდა, ევროპის ქალაქების კრემატორიუმებსა და სასაფლაოებზე მიცვალებულებით სავსე სატვირთო მანქანების რიგი დადგებოდა, საავადმყოფოები ინფიცირებულთა მიღებას ვეღარ აუვიდოდნენ და მთავრობის მეთაურები მოქალაქეებს ხვეწნას დაუწყებდნენ, სახლიდან ნუ გახვალთო.
    ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მოწოდება ,,დარჩი შინ!“ მთელი მსოფლიოსთვის ერთიანი ლოზუნგი გახდებოდა ან აქამდე უცნობი სიტყვა ასე ,,მშობლიურად“ იჟღერებდა და სულ ზეპირად გვეცოდინებოდა, ვინ ვისი ,,კლასტერიდან“ იყო, ან იმას ვინ წარმოიდგნედა, იტალიაში მოგზაურობას ქაჯობად თუ შევრაცხავდით?
    ვერც იმას ვიფიქრებდი, ქართველი ექიმები, ჩვენი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი მეთოდებით ისეთ წარმატებას მიაღწევდნენ, რომ მთელ მსოფლიოში გაითქვამდნენ სახელს, ამბავი მათი ღვაწლის შესახებ საქართველოს გასცდებოდა, მათი ღიმილიანი სახის დანახვა კი დიდ-პატარისთვის ნუგეშად იქცეოდა და მერე მათ კომპეტენციაში ისევ ქართველები შეიტანდნენ ეჭვს, მატყუარებად და არაპროფესიონალებად შერაცხავდნენ, არარსებულ ავადმყოფებს და გარდაცვლილებს დაუწყებდნენ ძებნას, მსოფლიო პანდემიასაც პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანდნენ, ამ პრობლემის წინაშეც შეძლებდნენ საზოგადოების პოლარიზებას და იმ ფაქტს, რომ სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით მიღებული ზომების შედეგად ინფექციის ფართომასშტაბიან აფეთქებას გადავურჩით, მოუმზადებლობად და ნაკლად ჩაგვითვლიდნენ.
    სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშეც დავდექით და ჩვენი ნერვული სისტემა ხანგრძლივ იზოლაციასა და პანდემიის საშიშროებაზე მეტად გარკვეული ძალების შავ-ბნელმა აზრებმა დააზიანა.
    მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მოთმინებით, ექიმების დაუღალავი შრომით და მათი რეკომენდაციების დაცვით, ამ უცნაურ ჯადოს, უკვე, ნელ-ნელა ვიხსნით, ჩაკეტილ სივრცეებს ვაღებთ და ჩვეულ ცხოვრებას, სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინებით, ფრთხილად ვუბრუნდებით.
    როგორც ექიმები გვეუბნებიან, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას თანდათან უნდა შევეჩვიოთ, ვინაიდან, მისი შემდგომი სახეცვლილებების შესახებ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ისევ შეუძლებელია.
    ერთადერთი, რასაც ექსპერტები არ გამორიცხავენ, ისაა, რომ შესაძლოა, შემოდგომაზე კორონავირუსმა ახალი ძალებით ისევ იფეთქოს და თუ ასე მოხდა, იმედია, მაგ დროისთვის, მორალურად და ტექნიკურადაც, ყველანი უფრო მომზადებულები ვიქნებით და პანიკას აღარ დავექვემდებარებით. შესაბამისად, ვირუსიც ვეღარ დაგვჩაგრავს და ვერ მოგვრევა.
  20. ირმა ბერიშვილი
    ,,დღემდე მკვდარი სულებით ჰყავთ სამსახურები სავსე და განყოფილებებში ისეთი ადამიანები ერიცხებათ, რომლებსაც სახეზეც არ იცნობენ"
    2012 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და მმართველობა ,,ქართული ოცნების“ ხელში გადავიდა, ვინმეს რომ ეთქვა, გაივლის რამდენიმე წელი და მმართველი გუნდი სამსახურებიდან თანამშრომლებს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გაჟღერების გამო დაითხოვსო, ძალიან ბევრ ადამიანს ამის დაჯერება გაუჭირდებოდა. რაღა მაშინ, ბევრს დღესაც არ სჯერა, რომ ჩვენს გარშემო ასეთი ფაქტები ხშირად ხდება და დღითიდღე უფრო და უფრო მატულობს.
    მათ, ვინც სიმართლეს თვალს არიდებს და ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას ხმებს ოპოზიციურად განწყობილი პირები უვრცელებენ და ასეთი ინფორმაციები გამოგონილია, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილი ადამიანის რეალურ ამბავს მოვუყვებით.
    ელენე გახარია რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სამსახურის დირექტორის მრჩევლის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ახლახან მას ამ პოსტის გაუქმების და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს, თუმცა რა მიზეზით და ოფიციალურად რა საფუძველი დაედო ამ ფაქტს, ვერავინ აუხსნა.
    ელენეს მიმართ განწყობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი გვარის ფაქტორმა იჩინა თავი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ მხარდაჭერის სურვილი მასაც არ დაუფარავს. თუმცა არც მის პარტიაში გაწევრიანებულა და არც რამე აქტივობაში ჩაბმულა. როგორც თავად ამბობს, ხსენებულ სამსახურში კიდევ დიდხანს აიტანეს.
    ელენე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შემთხვევა გამონაკლისი არ არის და სწორედ საკუთარი და სამსახურიდან გაშვებული სხვა თანამშრომლების ინტერესისთვის და უფლებებისთვის აპირებს ბრძოლას.
    - როდის და რა თანამდებობის დატოვებამ მოგიწიათ?
    - მიმდინარე თვის ბოლომდე ვრჩები რუსთავის მერიის ერთ-ერთ აიპი-ში, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის მრჩევლის პოსტზე. თვის ბოლოდან კი სამსახური უნდა დავტოვო.
    ზოგადად, ამ ცენტრში 4 წელია ვმუშაობ. თავიდან ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის პოსტი მეკავა, საიდანაც მრჩევლის პოზიციაზე იმ მოტივით გადამიყვანეს, რომ თითქოს, ეს თანამდებობა ქალისთვის შეუსაბამო იყო. არადა, განყოფილება თავიდან ბოლომდე მე ავაწყვე. როცა მივედი, მთლიანად პარტ.აქტივით და მკვდარი სულებით იყო დაკომპლექტებული და საერთოდ არ მუშაობდა. არ არსებობდა საწყობი, მიღება-ჩაბარების ფორმები, არ არსებობდა არანაირი წერილები და საბუთები. ყველაფერი ისე გავმართე, რომ განყოფილება ნორმალურად ამუშავდა, მაგრამ 2021 წლიდან ვიღაცეებს ჩემი გვარი თვალში უშნოდ მოხვდათ. ამის მერე იყო მინიშნებები და გაფრთხილებაც, რომ საკუთარი, მათგან განსხვავებული აზრის ხმამაღლა გამოთქმას მოვრიდებოდი და განსაკუთრებით, მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური შეფასებები არსად გამეკეთებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ სამსახურში ვერ დავრჩებოდი.
    - ვისგან მოდიოდა ეს გაფრთხილებები?
    - გაფრთხილება მოდიოდა ალექსანდრე დალაქიშვილისგან, რომელიც საარჩევნო სიით მმართველი გუნდის დეპუტატია და განაგებს და აკონტროლებს რუსთავს; არის ადგილობრივი ფეოდალი, ,,ჯორჯიან მანგანეზისა“ და ,,რუსთავ-აზოტის“ ინტერესებისა და წილების მფლობელი.
    მან პირდაპირ მითხრა: ხომ იცი, რუსთავს მე ვუყურებ და არ გამოვა, რომ ვიღაცამ აქ პრობლემები შექმნას და კრიტიკული აზრები გამოთქვასო.
    - საკუთარი აზრი არაფერზე გამოხატოო?
    - რა საკუთარი აზრი, გამაფრთხილა, რომ თუ ,,ჭკვიანად“ არ ვიქნებოდი, თანამდებობაზე არ დამტოვებდნენ. ან რატომ უნდა დაეტოვებინათ ის, ვინც მათთვის დროშას არ აფრიალებდა, როცა ვინც დროშა უფრიალა და  არჩევნების მოგებაში დაეხმარა, თუნდაც შავი გაგების ხალხი, დასაკმაყოფილებელი და დასასაქმებელი ჰყავდათ?
    - ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის პოსტიდან ცენტრის დირექტორის მრჩევლად გადასვლას ამის შემდეგ დათანხმდით?
    - დიახ, რადგან მივხვდი, იმ პოსტზე ბევრ პრობლემას შემიქმნიდნენ, მრჩევლის თანამდებობას დავთანხმდი, მაგრამ როგორც წესი, სხვადსხვა სამსახურში მრჩევლის სტატუსი ნიშნავს, იყო პენსიაზე. ამიტომ ჩემს დირექტორს ვუთხარი, რომ ამ მდგომარეობაში, უფუნქციოდ იქ მე ვერ დავრჩებოდი. დირექტორი კარგად მიცნობდა, იცოდა ჩემი დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ, ასევე, ჩემი შესაძლებლობები და ამიტომ მთხოვა, დავრჩენილიყავი და კვლევების მიმართულება მემუშავა.
    ამ სფეროში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვარ ხანგრძლივი სტაჟის მქონე მკვლევარი. დავამზადე კიდეც ახალგაზრდული საჭიროებების კვლევისთვის საჭირო დიზაინი და მეთოდოლოგია, თუმცა არავინ განავრცო და განახორციელა. მაშინ, როცა ბიუჯეტი სწორედ ასეთ კვლევებს უნდა ეყრდნობოდეს, არც კი უფიქრიათ, ამ კუთხით ჩემი შესაძლებლობები და რესურსი რამეში გამოეყენებინათ.
    თავად ჩავერთე, ასევე, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო ჯგუფში, რომელთან ერთადაც ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, შევქმენით სამოქმედო გეგმა და დავსახეთ გარკვეული აქტივობები.
    ამ საბჭოში ჩემმა საქმიანობამ ადგილობრივ ხელისუფლებაში დიდი უკმაყოფილება გამოწივია და საბჭოს თავმჯდომარესთან სამი წერილი გაიგზავნა ახსნა-განმარტების მოთხოვნით, თუ რატომ ვარ მე საბჭოს წევრი. ჩემს მიმართ ჰქონდათ ის პრეტენზია, რომ 8 საათიანი სამუშაო დრო სხვაგან ყოფნაში ,,არ გამეცდინა,“ ამიტომ საათობრივად უნდა გამეწერა განრიგი და წარმედგინა მათთვის, თუ როდის ვიქნებოდი საბჭოში და როდის - ჩემს სამსახურში. ეს იმ ფონზე, როცა დღემდე მკვდარი სულებით ჰყავთ სამსახურები სავსე და განყოფილებებში ისეთი ადამიანები ერიცხებათ, რომლებსაც სახეზეც არ იცნობენ.
    მაგალითად, ლოჯისტიკის განყოფილებაში მე მყავდა ისეთი თანამშრომელი, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად თვეობით დავსდევდი და ძლივს გამოვიჭირე.
    ასეთი ხალხი იქ სულ არის, იმიტომ, რომ ზოგი სუსი-ს მაღალჩინოსნის ნათესავია, ზოგი - ვიღაცის პირადი პროტეჟე, ან მეგობარი, ან რაღაცით არიან ვალდებულნი მის წინაშე, ან იციან, რომ მომავალში დასჭირდებათ და ასე შემდეგ.
    - სამსახურიდან დათხოვნის შესახებ როდის შეგატყობინეს და რა მოტივი დაგისახელეს?
    - წინასწარ არაფერი ვიცოდი. ახლახან მივიღე წერილი, სადაც წერია, რომ ჩემი შტატი უქმდება და შესაბამისად, სამსახურის გარეშე ვრჩები.
    აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ შარშან ჩვენი ცენტრის საუკეთესო თანამშრომლად მაღიარეს და დამაჯილდოვეს, წელს კი შტატს მიუქმებენ.
    თუ რატომ, რა მიზეზით ხდება ეს, წერილში არაფერია ნათქვამი.
    ცალკე მერისგან და ცალკე ჩემი დირექტორისგან გამოვითხოვე საშტატო ნუსხა და შინაგანაწესი, რათა გავარკვიო, რის საფუძველზე დადგა შტატის გაუქმების აუცილებლობა. გამოთხოვილი მასალა დირექტორისგან ჯერ არ მიმიღია, მერიისგან კი მომივიდა პასუხი, რომ ამ ყველაფერზე პასუხიმგებელია უშუალოდ აიპი-ს დირექტორი, რადგან ახალი საშტატო ნუსხა სწორედ მან წარადგინა.
    არადა, საინტერესოა, თუ მართლა ასე იყო, მერმა დასაბუთების გარეშე წარდგენილი საშტატო ნუსხა როგორ დაამტკიცა?
    - ანუ პროცედურული შეუსაბამობა გამოდის?
    - დიახ, ბევრი შეუსაბამობაა და ჩემს შემთხვევაში, ეს არის პირდაპირი დევნა თავისუფალი აზრის, დამოუკიდებელი ქმედებების და გვარის გამო.
    - გვართან დაკავშირებით გკითხავთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას უბრალო მოგვარე ხართ თუ მის პარტიასთანაც გაქვთ კავშირი?     
    - პარტიასთან არავითარი შეხება არ მაქვს, უბრალოდ მოგვარე ვარ და მას და მის პარტიას ღიად ვუჭერ მხარს. თუმცა, არავითარ საჯარო გამოსვლებსა თუ თავშეყრებს არ დავსწრებივარ და არც რამე განცხადება გამიკეთებია ოდესმე.
    - როდის უნდა დატოვოთ პოსტი?
    - როგორც თავიდანვე გითხარით, სამსახურში თვის ბოლომდე ვრჩები და შემდეგ ჩემი პოსტი უქმდება. გადამიხდიან ერთი თვის კომპენსაციას და დავემშვიდობები სამსახურს, სადაც ყველა შეშინებულია, ყველა გაურკვევლობაშია, რადგან არ იციან, სამომავლოდ მათ რა ბედი ელით.
    ყველაზე მთავარი და უცნაური ის არის, რომ მე თვის ბოლოს მივდივარ აქედან, ჩემს დირექტორს კი რამდენიმე დღის წინ დააწერინეს განცხადება და პირდაპირ დაატოვებინეს თანამდებობა.
    -  რა გახდა ამის მიზეზი?
    - მე რომ მრჩევლად გადმოვედი, ცენტრის დირექტორმა ჩემს ნაცვლად, ლოჯისტიკის განყოფილების უფროსად, თავისი მეგობარი დანიშნა, რომელმაც ამ საახალწლოდ სამსახურში შექმნილ ვითარებას ვერ გაუძლო, უკმაყოფილება ვერ დაფარა და მისთვის საბედისწერო შეცდომაც დაუშვა.
    საქმე ეხება ქალაქში საახალწლო გირლიანდების და განათებების დამონტაჟებას, რომელშიც  სხვადასხვა აიპ-ი სრულიად არაპროფესიონალთა გუნდითაა ჩართული. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ საქმის სექციალისტები მოიწვიონ და მათ შეასრულებინონ ესა თუ ის სამუშაო. არავინ იცის, ვინ რას აკეთებს და სად რას ახვევს. არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული და არც - რამე წესი. ვის სად და როგორც გაუხარდება ან მოუხერხდება, აბსოლუტურად ქაოტურად მიმდინარეობს ამ განათებების დამონტაჟება.
    მერიაში ყველაფრისთვის იძებნება ბიუჯეტი, გარდა იმისა, რაც აუცილბელად საჭიროა და მიზანშეწონილი.
    4 წელია ვიხვეწები იმას, რომ ბიუჯეტიდან  თანხა ისეთი სპეციალისტებისა და ელექტრიკოსების დასაქირავებლად გამოიყოს, რომლებიც თავიანთ საქმეს ორგანიზებულად და ნორმების დაცვით გააკეთებენ და შესრულებულ სამუშაოზეც თავადვე იქნებიან პასუხისმგებელნი, მაგრამ ყურად არავინ იღო.
    -  ნუთუ მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში ტრაგედია დატრიალდა, კიდევ ვინმეს ჰყოფნის გამბედაობა ასეთ საკითხში დაუდევრობა გამოიჩინოს?
    - დიახ, ის უბედური შემთხვევა ჩვენი ქალაქის მესვეურთათვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა და იგივე შეცდომას იმეორებენ.
    როგორც გითხარით, სრულიად ქაოტურად სრულდება სამუშაოები, ამით უკმაყოფილო ლოჯისტიკის განყოფილების უფროსს, როგორც ჩანს, თავისი გულისწყრომის გაზიარება საკუთარი მეგობრისთვის, ჩვენი ცენტრის დირექტორისთვის უნდოდა და პირადი მიმოწერის ნაცვლად, წერილი შეცდომით იმ ჯგუფის შეტყობინებებში გაგზავნა, სადაც ,,უკვდავი პერსონები“ არიან გაერთიანებულნი.
    ამ შეცდომამ გამოიწვია ის, რომ ორივე მეორე დღესვე გაუშვეს სამსახურიდან. მე კიდევ დიდხანს ამიტანეს.
    - ისინი რის საფუძველზე გაუშვეს, რაიმე ოფიციალური მიზეზი ხომ იყო საჭირო?
    - მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ისე დააწერინეს, რომ ხმაც ვერ ამოიღეს. ვერც ამოიღებენ, რადგან იმავე კლანის წევრები არიან და ფინანსური დარღვევებიც მრავლად აქვთ. ამიტომ სამსახურის დაკარგვის გამო ვერც იჩივლებენ და ვერც თავიანთ მდგომარეობას გააპროტესტებენ.
    - თქვენ თუ აპირებთ სარჩელის შეტანას?
    - დიახ, მე ვაპირებ სამართლებრივ დავას და არა მარტო ჩემთვის, ჩემი სხვა თანამშრომლებისთვისაც, ვინც ხმის ამოღებას ვერ ბედავს ან თუ ხმას ამოიღებს და აზრს გამოთქვამს, უმალ თითს დაუქნევენ.
    ამის კიდევ ერთ მაგალითად მოგიყვანთ შემთხვევას, რომელიც ასევე ჩემს თანამშრომელს გადახდა თავს. კონკრეტული ფაქტის გამო სოციალურ ქსელში მან უბრალოდ ირონიული კომენტარი დაწერა...საქმე ეხებოდა მოსაწვევების საკითხს.
    ჩვენსავე მოწყობილ ღონისძიებებზე, რომლის მოსამზადებლადაც, ხშირად, დღე და ღამეს ვასწორებთ, ბუნებრივია მოსაწვევები ჩვენც გვეკუთვნის, მაგრამ არ გვაძლევენ, სამაგიეროდ აძლევენ თავიანთ რჩეულებს. სწორედ მსგავსმა ქმედებამ გამოიწვია ამ თანამშრომლის უკმაყოფილება და მან საჯაროდ, სოციალურ ქსელში ორაზროვნად გამოხატა საკუთარი აზრი. არავინ გაულანძღავს, არც ვინმე დაუსახელებია, მხოლოდ ირონიული შინაარსის რამდენიმე წინადადება დაწერა.
    ამის გამო მას ტელეფონზე  ქალაქის მერმა დაურეკა, ჯერ ხომ კატეგორიული ტონით ელაპარაკა და ძველბიჭურად გაურჩია საქმე. ესეც არ აკმარა, სამსახურში თათბირი მოიწვია,  თანამშრომლის საქციელი განიხილა და საჯაროდ გაკიცხა ის.
    ასეთი რეაქციების გამო ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს და რაიმე ფაქტის მიმართ ობიექტური კრიტიკის ან აზრის გამოთქმის ყველას ეშინია. ზუსტად იმიტომ ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, რომ არ შეიძლება ეს რეალობა და მოცემულობა ასე გაგრძელდეს და არაფერი შეიცვალოს.
    სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნელ-ნელა ყველანაირად ემსგავსებიან თავიანთ წინამორბედებს და მათგან შორს არ მიდიან.
    ირმა ბერიშვილი 
  21. ირმა ბერიშვილი
    ექიმებმა პაციენტის სხეულის მაღალი ტემპერატურა არ უნდა ახსენონ, თავად პაციენტები კი მედიკოსებს სიმპტომებს უმალავენ.
     

     
    ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 29 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.
    ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობაში პანიკა და შიში ერთიორად გაიზრდა, ვინაიდან ინფიცირებული ქალი, სწორედ, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია და ის საკუთარ სახლში, სხეულის მაღალი ტემპერატურით, 29 მარტს მოსკოვიდან დაბრუნდა.
    როგორც ადგილობრივები ამბობენ, პაციენტი რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის ბაზარში ვაჭრობდა. მას ხველება და მაღალი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. 29 მარტს ის მოსკოვიდან კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ადლერში ჩაფრინდა, იქიდან კი რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს გამშვები პუნქტიდან აფხაზეთში შემოვიდა.
    მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება და კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, თითქოს, ფსოუს საზღვარი მკაცრად კონტროლდება, ადგილზე დამონტაჟებულია ტემპერატურის მზომი აპარატურა და მაღალი სიცხით არავის უშვებენ, საბერიოელი ქალბატონი, კიდევ ერთ თანმხლებ პირთან, რუსეთის მოქალაქე ქალთან ერთად, რომელსაც ასევე, ცხელება და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა, მაინც გადმოვიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    როგორც ირკვევა, მას ოჯახის წევრები და ახლობლები საკუთარი მანქანით ფსოუს საზღვართან დახვდნენ, რუსეთის მოქალაქე ქალმაც მათთან ერთად იმგზავრა სოხუმამდე. იქ კი, ვინაიდან, თავს უკვე ცუდად გრძნობდა, ის ერთ-ერთ საავადმყოფოში დატოვეს და თავად გზა საბერიომდე გააგრძელეს.
    ადგილობრივი მცხოვრებელების თქმით, იმის გამო, რომ მოქალაქეები სერიოზულად არ ეკიდებიან შექმნილ ვითარებას და ზოგს მომაკვდინებელი ვირუსის არსებობა დღემდე არ სჯერა, შინ დაბრუნებული ქალბატონი რამდენიმე ნათესავმა სახლშიც მოინახულა. თავადაც იყო ქუჩაში გასული და სურსათის მაღაზიაშიც უვაჭრია. დღის ბოლოს კი, როცა უკვე, ცხელებამ უმატა, საბერიოს სამედიცინო ამბულატორიის ექიმებს მიმართა, რომელთაც სიმპტომების მიხედვით, ეჭვი კორონავირუსზე მიიტანეს და ქართულ მხარეს დაუკავშირდნენ. ენგურის ხიდზე მოწყობილი ეგრეთწოდებული გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ხიდიდან პაციენტის გადმოყვანა შეუძლებელი გახდა, ამიტომ ენგურ-ჰესის ადმინისტრაციის ჩარევის შედეგად, ის საბერიოს მოსაზღვრე წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშიდან გადმოიყვანეს და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
    ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივი პრესით ეს ფაქტი უარჰყვეს და მოსხალეობას მოუწოდეს, არ დაეჯერებინათ გავრცელებული ხმები, ვინაიდან არავითარი პაციენტი არ არსებობდა. ამ დროს, თავად ყოველ ნახევარ საათში ურეკავდნენ საბერიოს სამედიცინო ამბულატორიის ექიმებს და ეკითხებოდნენ, როდის იქნებოდა ცნობილი ლუგარის ლაბორატორიის პასუხი.
    ლაბორატორიიდან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი ,,ჩვენება“ შეცვალეს, აღიარეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული გალელი ,,საქართველოს კოქალაქე“ მართლაც წევს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ოღონდ როგორ შემოვიდა ის ფსოუდან, არ იციან.
    ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მოსატყუებლად, ვრცელდება ხმები, თითქოს აღნიშნული პაციენტი ,,ქართველების აგენტია“ და ეს ყველაფერი იქაურებში ,,ჩორტის“ ჩასაგდებად გათამაშდა.
    მიუხედავად ამისა, წუხანდელი ღამიდან კიდევ უფრო გაამკაცრეს კარანტინის ზომები, ყველა სოფლის და ქალაქის გასასვლელ-შესასვლელში ჩადგეს ბლოკ-პოსტები, ცდილობენ გამოიკვლიონ ყველა კონტაქტი, ვისთნაც ინფიცირებულ ქალს ურთიერთობა ჰქონდა.
    ასეთი კი, როგორც აღმოჩნდა, თითქმის 50-მდე ადამიანია. საბერიოს მოსახლეობა სრულ პანიკაშია, საკუთარი ძალებითაც ცდილობენ, გამოავლინონ მასთან კონტაქტში მყოფი პირები და გადავიდნენ სრულ იზოლაციაზე.

    კარანტინის პირობებში გადავიდა ის მედპერსონალიც, ვისაც პაციენტთან შეხება ჰქონდა, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ სათანადო ეკიპირება. საფრთხის გაჩენისთანავე ქართულმა მხარემ ოკუპირებული გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებებს სათანადო აღჭურვილობა და ეკიპირების საშუალებები გაუგზავნეს, რომელიც აფხაზებმა სოხუმში წაიღეს და გალელი ექიმები დაუცველი დატოვეს.
    რაც შეეხებათ თავად აფხაზებს, ისინი ამბობენ, რომ უმეტესობას არ სჯერა, თუ მსოფლიოში პანდემია მართლა მძვინვარებს და ქართველების გამოგონილი პოლიტიკური ხრიკი ჰგონიათ, ზოგი კი სერიოზულად შფოთავს და ცდილობს, თვითიზოლაციის წესები ზედმიწევნით დაიცვას.
    ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ არც თავიანთი ჯანდაცვის და არც ხელისუფლების იმედი აქვთ. უფრო მეტიც, აღიარებენ, რომ მათ ხელისუფლება არ ჰყავთ და შიშობენ, რომ თუ ახალი კორონავირუსი მათთან გავრცელდება, ყველანი დაიხოცებიან.
    მათი შიში საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები რაიონის ექიმებს აფრთხილებენ, მათთან შესული სიცხიანი პაციენტების და მათი სიმპტომების შესახებ ინფორმაცია არ გაახმაურონ, ხოლო - თავად ავადმყოფები ცდილობენ მედპერსონალს ეს სიმპტომები დაუმალონ.
    ასეთ ვითარებაში ოკუპირებული აფხაზეთი დღეს ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია, რომლის გასანეიტრალებლად მათი ,,მოძმე“ რუსეთი თითის გამტოკებელი არ არის და ამას თავადაც ხვდებიან, თუმცა ყველა არ აღიარებს.
    ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ახალი კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აკონტროლოს და ჯერ-ჯერობით თავს ართმევს, იმ ფარგლებში, სადამდეც ხელი მიუწვდება. თუმცა, არ ვიცით რა მოხდება, თუკი ეპიდემია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იფეთქებს. თავიანთი ძალებით პრობლემასთან გამკლავებას რომ ვერ შეძლებენ, ფაქტია და ეს თითოეულმა იქაურმა იცის. მისცემენ კი საკუთარ მოსახლეობას ნებას, დახმარების მისაღებად ის ძალად შექმნილი საზღვრები გადმოლახონ? სძლევენ თავიანთ არაჯანსაღ პოლიტიკურ ამბიციებს? ეყოფათ გონიერება?
    ამ კითხვებზე პასუხს უახლოეს დღეებში მივიღებთ, მანამდე კი, სამწუხაროდ მხოლოდ დამკვირვებლის როლში გვიწევს ყოფნა და განგებას ვთხოვთ, დაიფაროს ღვთის ანაბარა დარჩენილი ჩვენი მოსახელობა.
    მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს სამშობლოს და სრულიად მსოფლიოს!
  22. ირმა ბერიშვილი
    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას ჩინეთის პირველპირს, სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა. მან აშშ-ში ყოფნისას Fox News-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, როგორ ხედავს ბერლინი უკრაინაში ომის დასასრულს, უპასუხა, რომ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება.
    ,,თუ ამ ომს პუტინი მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს". - თქვა ბერბოკმა, რომლის მწვანეთა პარტიაც ჩინეთისადმი გერმანიის უფრო მტკიცე მიდგომის მომხრეა.
    ბერბოკის კომენტარი ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობების დაძაბვის კიდევ ერთი მაგალითია. მიმდინარე კვირაში ჩინური ელექტრომანქანების სუბსიდიების საკითხის გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ილაპარაკა.
    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის პირველი ვინც სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა. მიმდინარე წლის 21 ივნისს სი დიქტატორად აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მოიხსენია.
  23. ირმა ბერიშვილი
    ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ათასობით ემიგრანტის საქართველოში ჩამოყვანის ,,ნებართვას“ დაჟინებით ითხოვს.
    ის აცხადებს, რომ მზად არის ,,ორგანიზება გაუკეთოს“ და სამშობლოში დააბრუნოს მის ფარგლებს გარეთ მყოფი 10 ათასი ადამიანი, ხელისუფლება კი უარს ეუბნება.
    სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ავიარეისების დასანიშნად და მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩვენი მხარის თანხმობა კი არა, იმ ქვეყნის მესვეურებთან შეთანხმებაა საჭირო, სადაც ეს ადამიანები იმყოფებიან და ამაში საქართველოს მთავრობა ხელს არავის უშლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრად გასაგებად თქვა.
    როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილი პრეზიდენტი ისევ ცრუობს და პოპულისტური განცხადებით ფიქრობს, თავი მოუქონოს საკუთარ მრევლს, რომელთაც ღრმად სჯერათ, რომ მას მართლა შეუძლია, ერთ კვირაში ათასობით მოქალაქე საკუთარ სახლებში უპრობლემოდ დააბრუნოს.
    ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რეალური ნაბიჯები გადადგას, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და საკუთარი მოქალაქეები საქართველოში სპეციალური ავიარეისებით ჩამოიყვანოს. ამისთვის, თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩარტერული რეისები სრულდება და მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ვინც ვერ ახერხებს წამოსვლას და ამა თუ იმ ქალაქში არიან ჩარჩენილები, იმათთვის მოინახა დახმარების სხვა გზები. მათ შეუძლიათ მიმართონ ქართველ ექიმთა გუნდს, რომლებიც კონსულტაციას, ინტერნეტის საშუალებით დისტანციურად გაუწევენ.
    ასევე, საქართველოს საგარეო უწყების მიერ მოძიებული და მობილიზებულია უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იქ მცხოვრებ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ. სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული საქართველოს საელჩოები კი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების დაბინავებას უზრუნველყოფენ.
    რიგითმა ადამიანებმა არც ვიცით, რამხელა ფინანსური რესურსი იხარჯება ამაში და რა უჯდება ქვეყანას ემიგრანტებისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ ვხედავთ, რომ ის ყველა ღონეს მიმართავს და იქცევა ისე, როგორც სახელმწიფო უნდა ექცეოდეს გასაჭირში მყოფ საკუთარ მოქალაქეს, რაც მისასალმებელია.
    ამ ყველაფრის შემდეგ, წამით ასეთი სურათი დავუშვი, მდგომარეობა რომ პირიქით იყოს და ახლა ისევ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მართავდეს ქვეყანას, ხოლო ემიგრაციაში იყვნენ არა ისეთი ანგაჟირებული პირები, 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების მერე ქართულ პასპორტებს რომ ხევენ და საკუთარ ქვეყანას ღვთის რისხვას და ჯოჯოხეთის ცეცხლს უგზავნიან, არამედ, ჩემისთანა ადამიანები, 5 თვეზე მეტი რომ ვერ გავძელი ქვეყნის გარეთ (ჯერ მოსკოვის მილიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი და მერე მოსამართლეც აქეთ რომ მეხვეწებოდა, რა გედეპორტება, არავინ გაგდებს, დარჩი აქ და აკეთე, რაც გინდაო და მე, თავი მოვიკალი, რას ამბობთ, ვერ დავრჩები, ჩემი ქვეყანა მენატრება ვნანობ, რომ გასაჭირში მივავტოვე-მეთქი და ისინი ცრემლს ვერ მალავდნენ, ჩვენც გვინდა, ასე გვიყვარდეს ჩვენი სამშობლოო) და დავიზაფრე.
    დავიზაფრე იმის წარმოდგენით, რა მოხდებოდა, ჩემისთანა ემიგრანტები რომ ვყოფილიყავით ქვეყნის გარეთ და ჟამიანობის დროს დაგვეჩივლა, სამშობლოში დაბრუნება გვინდაო…
    როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი?
    დახარჯავდა ერთ თეთრს ემიგრანტების ჩამოსაყვანად, გამოიყენებდა რაიმე რესურსს ჩვენს დასახმარებლად, საელჩოებს მისცემდა განკარგულებას, ჩვენზე ეზრუნათ, ექიმებს დაავალებდა, ჩვენთვის მოეხედათ?
    წარმოსადგენადაც ძნელია, ხომ?
    დიახ, დიახ, არათუ სპეც. რეისებს დანიშნავდა და ჩამოსვლას დაგვიგეგმავდა ან სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს გამო ვინმეს შეაწუხებდა, დაგვაბინავებდა, ან გვიპატრონებდა, პირიქით, გამოაცხადებდა, რომ ჩვენ ხალხის მტრები და მაოხრებლები ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნებას არ ვიმსახურებთ და ღირსები ვართ, უცხოეთში ამოგვხდეს სული.
    ამავე დროს, მისი მომხრეები მოითხოვდნენ, საერთოდ ჩაეკეტათ საზღვარი ჩვენთვის და თუ გადავრჩებოდით, მერეც არ დავებრუნებინეთ საქართველოში. ლანძღვას, წყევლა-კრულვას და უშვერი სიტყვებით გინებას ხომ არ დაგვაკლებდნენ და ყველა სატელევიზო არხიდანაც ხმამაღლა შეგვრისხავდნენ.
    ახლა წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერები რომ არიან, აი, ისინი, საქართველოს მოქალაქის პასპორტებს რომ ხევენ, დღენიადაგ ხელისუფლებას რომ ლანძღავენ და აგინებენ, ეგეთი ადამიანები რომ დარჩენლიყვნენ ქვეყნის გარეთ, მაშინ რა მოხდებოდა?..
    მაგათაც სპეც. რეისებით ჩამოაბრძანებდნენ, მერე 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში მიაბრძანებდნენ და ორი კვირა თავზეც შემოევლებოდნენ, არა?!
    თქვენ შეგიძლათ, არ დამეთანხმოთ, თქვენი ნებაა.
    ქვეყანაში ნაციონალების და სააკაშვილის მმართველობა რომ იყოს ისევ, მაშინ რა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, მთლიანი სურათის წარმოდგენაც თქვენთვის მომინდვია.
    P. S. ვისაც ჩემს ნათქვამში ეჭვი შეეპარება და იტყვის, რომ არასწორ ვარაუდებს გამოვთქვამ ან უსამართლოდ ვწამებ ცილს ვინმეს, მოუსმინოს ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის უკრაინელი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეწინააღმდეგება და ყველაფერი ნათელი გახდებ
  24. ირმა ბერიშვილი
    ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც მოქალაქეთა სოცილაურ დისტანცირებასთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეინიშნება, დამშვიდების საფუძველი მაინც არა გვაქვს.
    სამი თვის განმავლობაში, ექიმების ყოველდღიური გაფრთხილებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოქალაქეების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით სოფლებში, რატომღაც, ჰგონია, რომ ეს ვირუსი მას არ დაემართება. უფრო მეტიც, ზოგს პანდემიის არსებობა არც კი სჯერა. შესაბამისად, ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობებში არც დისტანციას იცავენ და არც იზოლაციის სხვა რეკომენდებულ წესებს.
    ამის მაგალითად დღევანდელი შემთხვევა შემიძლია მოვიყვანო.
    სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დღეს ახალგაზრდა კაცის გასვენებაში რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. მათგან, ძალიან მცირე ნაწილს, ალბათ, 1 %-ს ეკეთა პირბადე ან სამედიცინო ნიღაბი, დანარჩენი ნაწილი სრულიად დაუცველი გახლდათ.
    რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის თავიდანვე გაიცა ყველა საჭირო რეკომენდაცია, რომლის დაცვასაც სამართალდამცავები და სოფლის გამგეობის წარმომადგენლები წინა დღეებში გამუდმებით აკონტროლებდნენ. მიმსვლელებს დღესაც მხოლოდ გარკვეული დროით აჩერებდნენ ეზოში და აფრთხილებდნენ, ერთად არ შეკრებილიყვნენ, თუმცა, ბუნებრივია, ასეთი შემთხვევის დროს, ყველა ადამიანის სათითაოდ კუდში დევნა ძნელია, ამიტომაც ბევრი არც ერთმანეთთან ჩახუტება-კოცნას მოჰრიდებია და არც ხელისჩამორთმევით მისალმებას. მათგან უმეტესობა ხმამაღლაც აღნიშნავდა, რომ ვიღაცამ გარკვეული მიზნებისთვის გამოიგონა ეს ვირუსი, რათა მსოფლიოს გზა-კვალი აურიოს, სინამდვილეში კი არავითარი დაავადება არ არსებობს და ხალხს ტყუილად აპანიკებენ.
    ამ ადამიანების უმეტესობას პირადად და საკმაოდ ახლოს ვიცნობ და რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათგანი საქართველოში არსებული ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის (დღეს რომ ოპოზიციად იწოდება) მხარდამჭერია და მათი ინფორმაციის მთავარ წყაროსაც ის არხი წარმოადგენს, რომელიც იმ პოლიტიკურ ძალას ემსახურება.
    რამდენად ურთიერთკავშირშია ეს ორი გარემოება, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტი კი ნამდვილად ასეთია...
    მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება, სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე მსხვერპლიც გვყავს, ათობით ექიმი ყოველ დღე რამდენჯერმე ანგარიშს გვაბარებს და მოსალოდნელ საფრთხეებს გვაცნობს, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ მსოფლიოს სავალალო მაგალითებზე, ვერაფრით ვიგებ, როგორ უნდა იფიქროს გონიერმა ადამიანმა, რომ ვიღაცა ასე ოსტატურად გვატყუებს ყველას და თუ გვატყუებს, ვინ არის ის ვიღაცა იდუმალი პიროვნება, ყველას რომ გვერჩის, ან ამას აგერ, ჩემს მეზობლად მცხოვრები დიასახლისი ან მეწაღე თუ მიხვდა, სოციალურად, მენტალურად თუ ერუდიციით მათზე მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანი რატომ ვერ უნდა მიხვდეს? რატომ ,,უჭირთ“ განთქმულ მეცნიერებს ისეთი ,,მარტივი“ განტოლების ამოხსნა, რომელსაც, თურმე, ნებისმიერი ხელმარჯვე ხურო ,,ხსნის?“
    თუ ვირუსი არ არსებობს, ჩინეთს რომ თავი დავანებოთ, ევროპასა და ამერიკაში რამ დახოცა ათეულ ათასობით ადამიანი, რატომ იხრჩობენ სპეციალურ სამოსში ექიმები თავს ან რატომ ათენ-აღამებენ კლინიკებში, რომელი მსახიობები ასრულებენ მათი პაციენტების როლს ან რისთვის წვალობენ მეცნიერები?
    ვცდილობ, მაგრამ ვერც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვაზე პასუხს ვერ მივაგენი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პასუხი არც იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ხმამაღლა აცხადებს, რომ ვიღაცა გვასულელებს და ჩვენს ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ არც პირბადის ტარებაა სავალდებულო და სოციალური დისტანციის დაცვაც მხოლოდ მეტიჩრობაა
    დღეს, უმეტესად, სწორედ ასე მოფიქრალი ხალხი მიმოდიოდა იმ ეზოში, საიდანაც ახალგაზრდა კაცი გაასვენეს და სულ არ გამიკვირდება, ინფიცირებულთა შესახებ ბოლო დროს მინავლებული სტატისტიკა მალე კვლავ მაღალ ნიშნულზე ავარდეს.
  25. ირმა ბერიშვილი
    ცხოველთა დამცველების თუ უბრალოდ მათი მოყვარულების მიერ, წინასაახალწლოდ სოციალურ ქსელში ბევრი მოწოდება და თხოვნა დაიწერა იმის შესახებ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეგვეკავებინა, ვინაიდან, ყველას კარგად მოგვეხსენება, პიტარდების სროლა და ხმაური როგორ ზიანს აყენებს შინაურ ცხოველებს და არა მარტო მათ.
    ამის მტკიცებულებად გამოდგება ის განცხადება, რომელიც ასევე, ახალი წლის წინა დღეებში, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
    როგორც აღმოჩნდა, ჩვენ რომ ახალი წლის შემოსვლამდე და მერეც, გარკვეული დროის განმავლობაში, ცაში ათასგვარი სახეობის ასაფეთქებელ მოწყობილობას ვისვრით, ეს ზოოპარკის ბინადრებს არათუ აფრთხობს, ზოგს შიშისგან გული უსკდება და ამ ხმაურს ეწირება კიდეც.
     
     
    ირკვევა, რომ ასეთი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, 31 დეკემბრის საღამოს, ზოოპარკის ვეტექიმები იქ მობინადრე ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. თუმცა, ცხადია, ესეც არ არის იმის გარანტია, რომ ახალი წლის ღამეს ისინი მშვიდობიანად გადაიტანენ.
    იანვრის დასაწყისშივე, სოციალურ ქსელში ხშირად ვნახავთ განცხადებებს, სადაც პატრონები თავიანთი ძაღლების დაკარგვის შესახებ წერენ, რომლებიც სწორედ პიროტექნიკით ატეხილი ხმაურის შედეგად გაექცათ სახლიდან.
    თუმცა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურის პრობლემა მხოლოდ ახალი წლის შემოსვლისას არ დგას.
    ვიცით, რომ ჩვეულებრივ დღეებში ღამის 11 საათის შემდეგ ხმაური იკრძალება, რაც თავისთავად, პიროტექნიკის გამოყენებასაც ეხება, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, სწორედ, შუაღამის გადასვლას ელოდება, რომ მერე გაუშვას ცაში პიტარდების კანონადა და ზალპით ამცნოს ქვეყანას თავისი დაბადების დღე ან სხვა, მისთვის მნიშვნელოვანი თარიღი.
    არავითარი ემპათია და თანაგრძნობა მძინარე მოსახლეობისადმი, არც მორიდება და რაც მთავარია, კანონის პატივისცემა მათში არ არსებობს.
    მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არსებულ რეგულაციას და აკრძალვებს არავინ იცავს ან აკონტროლებს, საზოგადოების ნაწილი მაინც ჯიუტად ვითხოვთ, ქვეყანაში პიროტექნიკის შემოტანა და გამოყენება, საერთოდ აიკრძალოს.
    რამდენად შესაძლებელია ამ საკითხის მოგვარება ან რას მოიცავს დღეს კანონში არსებული რეგულაციები და რამდენად სრულდება, ამის შესახებ ორგანიზაცია ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძეს ვესაუბრეთ.
     

    ვახტანგ კობალაძე
    - რას ითვალისწინებს დღეს არსებული კანონი პიროტენიკის შესახებ, რა ნორმები უნდა იყოს დაცული მის შემოტანასთან და გამოყენებასთან დაკავშიორებით?
    - პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალულია ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მეტროსადგურებთან თუ მის ჩასასვლელ კიბეებზე, სადაც ხანძრის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. უნდა იყიდებოდეს სპეციალურ სივრცეში, ყველა მოწყობილობას უნდა მოჰყვებოდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე, სადაც ექსპლუატაციის ვადა და გამოყენების ინსტრუქცია იქნება მითითებული. ასევე, არ შეიძლება პიროტექნიკის სროლა ფანჯრებიდან ან აივნებიდან. უნდა გამოვიყენოთ, ღია, გაშლილ ადგილას.
    ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რასაც დღეისთვის ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რაც რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მიმაჩნია, რომ მოქალაქეების მხრიდან ყველა სახის პიროტექნიკის გამოყენება არ უნდა იყოს შესაძლებელი.
    ჩემი დაკვირვებით, ხშირად, ისეთი სიმძლავრის პიროტექნიკა გამოიყენება, რომელზეც რიგით მოქალაქეებს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ, რადგან საქმე გვაქვს ძლიერ ფეთქებადსაშიშ მოწყობილობასთან. ასევე, აუცილებლად მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რამდენად ხარისხიანი პიროტექნიკა შემოდის ქვეყნის საზღვარზე.
    ამასთან, ერთია, ფორმალურად, ქაღალდზე რა ნორმებს აკმაყოფილებს და რეალურად რას წარმოადგენს.
    არსებობს სხვადასხვა კონსტრუქციის პიროტექნიკა, ამიტომ ისიც უნდა იყოს დადგენილი და ვიცოდეთ, კონსტრუქციულად რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის მოწყობილობა. ამის კონტროლიც მკაცრად უნდა ხდებოდეს.
    - მკაცრად რომ უნდა კონტროლდებოდეს, ამას ვითხოვთ ჩვენც, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვემორჩილებით კანონს და სხვისგანაც იგივეს ველოდებით. რეალურად კი მუდმივად ვიჩაგრებით საზოგადოების მეორე ნაწილისგან, რომლისთვისაც არც კანონი არსებობს და არც კულტურა, რომელიც ღამის 2 საათზე, როცა მთელ ქალაქს სძინავს, პიროტექნიკის ზალპს გაუშვებს და მთელ უბანს ფეხზე აყენებს. ამ დროს კი მე ზუსტად არ ვიცი, ვერ ვხედავ, ვერ ვადგენ, ეს ვინ გააკეთა და როგორ უნდა მივიღო ზომები? რომც გამოვიძახო შესაბამისი სამსახური, ვინც კანონდამრღვევს პასუხს მოსთხოვს, როგორ მივუთითო, ვინ ისროლა, ვინ დაარღვია კანონი?
    - სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა მარტო კანონით ვერაფერს ვიზამთ. თქვენ ვერ დაინახეთ, ვინ ისროლა, მაგრამ ზუსტად ვინც დაინახა და იცის, იმან უნდა დარეკოს და უჩივლოს მეზობელს თუ ვისაც იქნება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამას არავინ აკეთებს. ამიტომ ზოგადად კულტურა და ამ საკითხის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ბევრი თავად ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული და ჩვენი ძალა უნდა გამოვიყენოთ. ამისათვის, უპირველესად, მიდგომები უნდა შევიცვალოთ. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რომელსაც საკუთარ თავსაც უქმნიან და ის ფაქტიც, რომ ამით სხვებსაც აწუხებენ. უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ჩვენ შუაღამისას ზეიმს ვეძახით, სხვისთვის დისკომფორტია და რაც ყველაზე მთავარია, პიტარდების გაშვებით ზიანს ვაყენებთ ცხოველებს, ფრინველებს, გარემოს...
    ახალი წლის დღეებში გასროლილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს რომ დავუბრუნდეთ, მაგ პერიოდში გარემო ძალიან ბინძურდება. დიდი ოდენობით პიროტექნიკის გაშვების შედეგად, მისგან გამოყოფილი მავნე ნივთიერებები, გარკვეული დროის განმავლობაში, ჰაერში ტრიალებს და ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს.
     
    დაზიანებების შემთხვევა
     
     
    გვაქვს ჩვენ ისეთი გამოცდილებები, როცა საფრთხეებისადმი ადეკვატური მიდგომით ვერ გამოვირჩეოდით, მაგრამ ნელ-ნელა შეიცვალა დამოკიდებულებები. ასე უნდა შეიცვალოს საზოგადოების დიდი ნაწილის ხედვა პიროტექნიკის მიმართაც. თუ მოვინდომებთ, ვფიქრობ, რომ შეიცვლება, უბრალოდ ამას დრო და დაინტერესებული მხარეების შესაბამისი ქმედებები სჭირდება.
    - საზოგადოების მიდგომა რომ უნდა შეიცვალოს, ცხადია, მაგრამ იქამდე ხომ კანონმა უნდა მიგვიყვანოს?
    - ამისათის ჯერ ის ნორმები უნდა შესრულდეს, რაც კანონში უკვე არის გათვალისწინებული, ამის მერე, რაც დარეგულირებული არ არის, ის ნორმებიც უნდა დადგინდეს და აღსრულდეს. ანუ, ჯერ უნდა გაკონტროლდეს, ჩვეულებრივ ობიექტებში რა ტიპის პიროტექნიკა იყიდება, რამდენად ხარისხიანია, არის თუ არა მითითებული მასზე უსაფრთხოების ნორმები, ინსტრუქცია და ეტიკეტი ქართულ ენაზე. შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს სხვა საჭირო რეგულაციები, რომელიც ასევე უნდა შესრულდეს.
    - ხმაურით მიყენებულ ზიანსა თუ გარემოს დაბინძურებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველი ახალი წლის მერე კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებით ათეულობით მცირეწლოვანი თუ მოზარდი ხვდება, რომელთაც პიტარდების გამოყენების შედეგად კიდურის ნაწილი დაკარგეს, დასახიჩრდნენ. შარშან ქუთაისში პიროტექნიკას ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პიროტექნიკის შემოტანა საერთოდ რომ აიკრძალოს, რა გვიშლის ამაში ხელს?
    - მე პირადად მომხრე ვარ, რომ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება და მისი მოხმარების უფლება მხოლოდ იმ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ, რომლებიც ყველანაირად შემოწმებულ მოწყობილობებს შემოიტანენ და საგანგებო შემთხვევების დროს ფოიერვერკების გაშვებას თავადვე უხელმძღვანელებენ; ხოლო რიგით მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენება აეკრძალოთ!
    თუმცა, რამდენად მიიღებს ამ აკრძალვას ჩვენი საზოგადოება, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ბევრს უყვარს პიტარდების გაშვება და ფოიერვერკების მოწყობა. ამ ადამიანების გარდა, არის ხალხი, ვისაც შეამოაქვს ეს მოწყობილობები ან ჰყიდის და ვინც ამ საქმიანობისგან სერიოზულ შემოსავალს იღებს. მათი მხრიდანაც, უსათუოდ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება აკრძალვაზე ლაპარაკს, მაგრამ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ასეთი კანონი ნამდვილად უნდა მივიღოთ. რამდენად რეალისტურია ეს სურვილი, ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რაც თავშივე ვთქვით და რაც უკვე არსებული ნორმების აღსრულებას ეხება, რეალისტური რომაა და უნდა სრულდებოდეს კიდეც, ეს ზუსტად ვიცი.
    ამასთან, არა მგონია, დღეისთვის მოქმედი კანონის წინააღმდეგ ვინმეს რაიმე წონადი არგუმენტი ჰქონდეს.
    - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე მეტად მისი აღსრულება უჭირს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხერხდება კანონის დაცვა?
    - ვერ ხერხდება ნაკლებად ითქმის, უფრო, არ ხერხდება, თორემ სურვილის შემთხვევაში როგორ ვერ უნდა მოხერხდეს უკვე მიღებული კანონის დაცვა და გაკონტროლება?
    ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გაკონტროლება მაინც, რომ პიროტექნიკაზე ექსპლუატაციის ვადა და მისი შენახვის პირობები ქართულად იყოს მითითებული, სულაც არ არ არის ძნელი. არც იმ ნორმების დაცვაა ძნელი, რაც ამ მოწყობილობების რეალიზაციას ეხება.
    - მაშინ, რატომ არავინ აკონტროლებს?
    - ალბათ იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის პოლიტიკური ნება, თორემ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა, საერთოდ არ უნდა დაისვას. ვფიქრობ, ეს რიტორიკული კითხვა უფროა. ყველამ ვიცით, ჩვენს ქვეყანაში რა როგორც უნდა იყოს და კანონი როგორც უნდა აღსრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ სრულდება.
    ცნობისთვის: წინასაახალწლო პერიოდში, მხოლოდ თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 25-მა პირმა მიმართა. ამ ფაქტის შეფასებისას, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული კანონის აღსრულების თვალსაზრისით, პიროტექნიკის გამოყენების კონტროლისა და ზედამხედველობის მხრივ, სამომავლოდ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება დასაგეგმი. ხოლო, ,,აუცილებლობის შემთხვევაში“ პარლამენტი კანონში ცვლილებებსაც შეიტანს.
    P. S. არ ვიცი, საქართველოში ვის რამდენად ახსოვს ეს ამბავი ან რამდენად ჰქონდათ მაშინ ინფორმაცია.
    2009 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის ქალაქ პერმში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე 101 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით დაზიანებული კი სხვადასხვა ქალაქსა და კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანი, შემდეგ საავადმყოფოებში გარდაიცვალა და მთლიანობაში, იმ უბედურ შემთხვევას 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
    ამ ტრაგედიის მერე, იმავე დეკემბრის თვეში ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც, ახალი წლის ღამეს და სხვა დღეებშიც, პიროტექნიკის გამოყენება აკრძალა.
    გარემოებათა გამო, 2010 წლის დადგომას, სწორედ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ლენინის გამზირზე შევხვდი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, იმ ღამით იქ ერთი უბრალო მაშხალაც კი არ ანთებულა. რუსეთის დედაქალაქი და სხვა ქალაქებიც უხმაუროდ, პიტარდების სროლის და ზალპის გარეშე შეხვდნენ იმ ახალ წელს.
    ვერ ვიტყვი, ეს მართლა საზოგადოების კანონმორჩილებით იყო გამოწვეული თუ დაღუპულებისა და დაზიანებულების მიმართ საზოგადოების სოლიდარობით, მაგრამ ფაქტი, რომლის მოწმეც თავად გავხდი, ასეთი იყო.
×
×
  • შექმენი...