გერმანელი ქრისტიან-დემოკრატი იოაჰიმ ცელერი 2009 წლიდან ევროპარლამენტის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრია. იგი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრიცაა. 2009 წლამდე ის ბერლინის თვითმმართველობაში მოღვაწეობდა. 60 წლის პოლიტიკოსმა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში 1977 წელს ლინგვისტის დიპლომი სლავისტიკის განხრით მიიღო. თქვენ პრემიერ ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ხართ. რამდენად პრობლემატურად გეჩვენებათ ვითარება საქართველოში? წერილი ასე მკაცრად ფორმულირებული არ ყოფილა. გაკვირვებული დავრჩი, რომ ასეთი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა თავად პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ერთი გერმანული ანდაზა მახსენდება - „ის ძაღლები ყეფენ, ვისაც მოხვდა“. საქართველოში ცოტა ხნით ვიყავი. რაც მე იქ ვნახე და რასაც მე მიამბობენ-ხოლმე, მაფიქრებინებს, რომ მართალია საქართველომ ევროპისკენ სვლა დაიწყო, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წინააღმდეგობები გაჩნდა და შეკითხვაც უნდა დაისვას, აზრი აქვს თუ არა ასოცირების შეთანხმებას. მე ამასთან დაკავშირებით ჩემი ეჭვები უკვე მაქვს. კონკრეტულად რას გულისხმობთ? ვგულისხმობ იმას, რომ ისინი, ვინც ახლა ძალაუფლებას ფლობენ და საკუთარ თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებენ, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, დემოკრატიული თანაცხოვრების გზას ტოვებს. აქვე იმსადაც ვგულისხმობ, რომ ქალაქების არჩეულ მერებს თანამდებობიდან დევნიან. სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობას პრემიერის მეუღლის ტელევიზიას უერთებენ. ოპოზიციურ პოლიტიკოსებს სხვადასხვა ფორმით აიძულებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირონ მხარი და საპრეზიდენტო არჩევნებს ხელი შეუშალონ. ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა ფულემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ასოცირების ხელშეკრულებაზე თანამშრომლობს და ზოგიერთ საკითხში უფრო სწრაფი პროგრესიც კია, ვიდრე ეს აქამდე იყო. ბატონ ფულეს ბევრი საკითხის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალგამოქვეყნებული ანგარიში გასული წლების შტაბეჭდილებებს მოიცავს. ის ოქტომბრის არჩევნებამდე ვითარებას ასახავს. სააკაშვილის მთავრობასაც აკრიტიკებენ, რომ, მაგალითად, სასამართლო სისტემა პოლიტიზირებული გახადა. არჩევნებამდე გამოქვეყნდა ციხეში წამების ვიდეოებიც. ვიდეო-კადრებმა არჩევნებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. საზოგადო უკმაყოფილებაც არსებობდა. ივანიშვილმა მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებები გავლენის მოსახდენად გამოიყენა. სააკაშვილმაც შეცდომები დაუშვა. ხელისუფლების გადანაწილების მხრივ უფრო დროული ქმედებაც იყო შესაძლებელი. თუმცა წარსულიც უნდა გვახსოვდეს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის სულ 20 წლის გამოცდილება აქვს. აქვე უნდა გავიხსენოთ რუსეთთან 2008 წლის ომი. თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარადიგმის ცვლაზე საუბარიც შესაძლებელია. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა თბილისში აღმოსავლეთ თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრამ. მათი ტონი სტალინისტური ფუნქციონირების ტონს ემთხვევა. მათი სიტყვებით, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. კონკრეტულად ვის ესაუბრეთ? ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ბარამიძეს. ასევე პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილს, ევროინტეგრაციის მინისტრს ალექსი პეტრიაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს - დავით ზალკაიანს. ისინი ამბობდნენ, რომ ევროპისკენ გზას ეძებენ. თუმცა, რასაც ქმედებაში ვხედავთ, ამის საწინააღმდეგოა. როცა წარმოვიდგენ, რამდენი ფული მიედინება საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამის ფარგლებში, ვხვდები, რომ მათ ამის დაკარგვა არ უნდათ. ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, ამ პარტნიორობის ფარგლებში რამდენ ფულს დავხარჯავთ. ევროპარლამენტში ამ მხრივ ერთი აზრი არ არსებობს. განსაკუთრებით სამხრეთევროპელი კოლეგები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლური პარტნიორობა არ მუშაობს და უპრიანი იქნება, თუ ჩვენს ფულს ჩრდილო-აფრიკის სტაბილიზაციისთვის დავხარჯავთ. ჩვენ, ვისაც ორიენტირი აღმოსავლეთ ევროპისკენ გვაქვს აღებული, ეს არ გვინდა. მაგრამ აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნები ნამდვილად გვიქმნიან სირთულეებს. http://liberali.ge/ge/liberali/articles/114401/