Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ცნობილმა ფეიბუქელმა გურამ შამანიდიმ "რეზონანსში" წერილი გამოაქვეყნა.მე პირადად ძალიან მომეწონა.

 

ამ წერილის დანიშნულება სულაც არ გახლავთ იმის კვლევა, თუ რამდენი იდიოტი ცხოვრობს საქართველოში. მოდი, იმის გარკვევა ვცადოთ, ვინ არიან და რატომ მომრავლდნენ ასე იდიოტები.

 

ზოგადად, ცნება "იდიოტს" ქრისტიანობაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500-480 წლებში, ბერძნული დემოკრატიის ჩამოყალიბება-განმტკიცების პროცესში ბერძნები ძალზე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და საკუთარ თავს "პოლიტეს"-ს (πολίτης) უწოდებდნენ, ხოლო მათ, ვინც არ იყო მონა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ გააჩნდა სამოქალაქო პოზიცია, თავს არიდებდა პოლიტიკას, არ დადიოდა კენჭისყრაზე და მხოლოდ საკუთარი ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლებოდა, უწოდებდნენ "იდიოტეს"-ს (ბერძნ. ιδιώτης - კერძო პირი, ცალკე მდგომი, განცალკევებული ადამიანი). თანდათანობით ამ სიტყვამ სხვა, შეურაცხმყოფელი მნიშვნელობები (შეზღუდული, უმეცარი, უვიცი, განუვითარებელი ადამიანი) შეიძინა. უკვე რომაელებთან ლათინურმა "idiota"-მ დღევანდელი მნიშვნელობა (უბირი, გონებაჩლუნგი) მიიღო.

 

ამგვარად, ყოველგვარი ფსიქოპათოლოგიური ელფერის გარეშე "იდიოტი" ბერძნებისთვის არის ის, ვისთვისაც კერძო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთო და საზოგადოებრივი. სავარაუდოდ, სწორედ ეს განაპირობებს ბერძნული საზოგადოების უმწვავეს რეაქციას ამა თუ იმ გამაღიზიანებელზე. შესაძლოა, მავანმა ბერძნების ასეთი მწვავე გამოსვლები მათ გაუნათლებლობას(!) ან დაბალ კულტურას(!!!) მიაწეროს, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, დიდად საამაყო იყოს ის ფაქტი, როცა ორასი ათასი პროტესტანტი-დემონსტრანტი "ისე ჩამოიშრიალებს ქალაქის ცენტრში, რომ ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება ხიდან".

 

საქართველოს ცესკოს მონაცემებით 3465736 ამომრჩევლიდან 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1850407 ამომრჩეველმა (53,4%), ხოლო 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლის 48 პროცენტმა მისცა ხმა. ამ ორი მონაცემის საშუალო არითმეტიკულს თუ გამოვიყვანთ, ცხადი გახდება, რომ ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით ნახევარი (1732868 ადამიანი) "იდიოტია".

 

მართალი გითხრათ, არ გამიკვირდება, ვინმე "იდიოტმა" ქართველების შეურაცხყოფა რომ დამწამოს. თუკი ასეთი ადამიანი გამოჩნდება, იქნებ ისიც მითხრას, იდიოტის (ყველა მნიშვნელობით) გარდა, რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, ვინც ამაყად აცხადებს, მეტიც, ტრაბახობს, რომ "არჩევნებში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას", რომ "პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს" და რომ "არც ხელისუფლებისკენ არის და არც ოპოზიციისკენ"? კარგი, ბატონო, დავუშვათ "იეღოველი" ხარ და რწმენა გიკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას, ან "აპოლიტიკური" ადამიანი (seu იდიოტი) ბრძანდები და საზოგადოებისა და ქვეყნის ბედი არ გაინტერესებს. მაშინ რაღაზე რეკავ პოლიტიკურ თოქ-შოუში და ამა თუ იმ თემაზე კომენტარს ფრაზით - "მე არავისკენ არ ვარ" - რატომ იწყებ? ან საერთოდ რატომ უსმენ და უყურებ მსგავს გადაცემებს?

 

თუ არავისკენ არ ხარ და არაფერი გინდა, რაღას ეკვეხები პოლიტიკურ დისპუტში "Facebook"-ში? "დაუფრენდდი" "ყველაზე ლამაზებს", "ყველაზე სვეტებს", "ფეშენ-ვიკებს", "ყველაზე სიმპათიურებს" და წერე მათ კედლებზე "აუუუუუუუუუუ, რა მაგრობაა", "რა ლამაზი ხარრრრრრრრრრ", "მიყვარხააააარრრრრ" და მსგავსი იდიოტობები. ან იჯექი და უყურე სერიალებს და "ცხოვრება მშვენიერია"-ს.

 

გადახედეთ არჩევნების (უქმე) დღეს სამრეწველო ბაზრობებს, ბაზრებს, გარე მოვაჭრეებს, მაღაზიებს, უმუშევარი ხელოსნების თავშეყრის ადგილებს - ყველგან ხალხმრავლობაა, ყველაფერი მუშაობს და არც მყიდველი აკლია იქაურობას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იმ დღეს ნაშოვნი ფული ამ ხალხს შემდგომი 4-5 წლის მანძილზე საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად ეყოფა კი არა, თავზეც გადაუვა. მათგან არც ერთს არ მოსდის თავში, რომ სწორედ არჩევნების დღეს მისი ხმა განსაზღვრავს, კვლავაც გაყრიან თუ არა გარე მოვაჭრეებს ქუჩებიდან, კვლავაც გაადეპორტებენ თუ არა ლტოლვილებს საბარგო ავტომანქანებით ფოცხო-ეწერში, კვლავაც დააწიოკებენ თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესს, კვლავაც უსაქმოდ იდგებიან ქუჩაში, თუ, ბოლოს და ბოლოს, სამსახური ეღირსება ათიათასობით უმუშევარს.

 

ვისაც ასაკი უწყობს ხელს, თავად გაიხსენებს კომუნისტებისდროინდელ არჩევნებს, ახალგაზრდებს კი მოვუყვები: მაშინ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა ხოლმე და ყველა მას აძლევდა ხმას. სულ რომ ოცი ხმა მოეგროვებინა, მაინც გამარჯვებული იყო. მიუხედავად ამისა, შუა დღის მერე იმ ამომრჩევლებთან, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიცემული ხმა, არჩევნებზე მისაპატიჟებლად სკოლის მოსწავლეებს დაარბენინებდნენ, ხოლო 18 საათიდან განსაკუთრებით ჯიუტებს მასწავლებლები თავად ეახლებოდნენ ხოლმე სახლებში. ასე შეხსენებითა და თხოვნით არჩევნებში ამომრჩევლის 90-95 პროცენტი რეალურად მონაწილეობდა. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენა ხელისუფლებამ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ საკუთარ მომხრეებს ეპატიჟებოდა, ხოლო ლაღი ბავშვები აქტივისტი დეიდებით, თხოვნა კი მუქარით შეცვალა. არავინ იფიქროს, რომ ხელისუფლებას ვუწუნებ საქციელს! პირიქით, მათ შეძლეს საკუთარი მომხრეების სრული მობილიზაცია და ამიტომაც დამსახურებულად გაიმარჯვეს, ოპოზიციის მომხრეების უმეტესობა კი იდიოტი აღმოჩნდა. შესაბამისად, როცა იდიოტები გიჭერენ მხარს, არც შენ ხარ მთლად დალაგებული! (ხელისუფლების ჯინიანობას რა ვუთხარი, თორემ ქვეყანაში სულ ცოტა სამართლიანობა რომ დაუშვას (მაგალითად, ციხიდან გამოუშვას მძიმე ავადმყოფები, 35-ლარიანი ფიცრის და ოცი აგურის მომპარავები, ნარკომანები), ამ უნიათო ოპოზიციის ფონზე კიდევ ას წელიწადს სულ ლიწინ-ლიწინით მოიგებდა არჩევნებს და ლუკაშენკოსავით ყველგან თან რომ დაატარებს უმცროს შვილს, იმ შვილს გადასცემდა ხელისუფლებას სააკაშვილი!)

 

თუ არა იდიოტი, სხვა რა შეიძლება უწოდო ადამიანს, ვინც შვიდ ნოემბერს ორჯერ აცემინებს ხელისუფლებას თავს, შემდეგ ყინვაში იპოდრომზე მივა, "დინამოს" სტადიონიდან სამების ტაძრამდე ფეხით ივლის, ხოლო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში არ წავა, ან წავა და ოცლარ-ფქვილმიღებული ისევ ხუთიანს შემოხაზავს? იდიოტი თუ არ ხარ, აიღე ის ოცი ლარი და ხმა იმას მიეცი, ვინც მოგწონს და გულზე გეხატება.

 

დღეს ბევრი აცხადებს - "აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება, თორემ არაფერი გამოვა". იდიოტი თუ არ ხარ, ერთ მუშტად შეკრული "ერთიანი ნაცმოძრაობის" გადამკიდე, როგორ ითხოვ ახლა ოპოზიციის "ერთ გუნდად" გაერთიანებას? ვერ უნდა მიხვდე, რომ რაც უფრო დაქუცმაცებული იქნება ოპოზიცია და რაც უფრო მეტ პარტიას მოუწევს კოალიციის შექმნა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად, მით უკეთესად იცხოვრებენ რიგითი მოქალაქეებიც და ქვეყანაც? რაც უფრო კრიჭაში ედგებიან ერთმანეთს პარტიები, მით უფრო ძნელი იქნება უსამართლო კანონის "გათრევა" პარლამენტში და ძნელი იქნება არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიას ნამუსი შეაწუხებს (თუმცა, არც ეს არის გამორიცხული), არამედ იმიტომ, რომ განსხვავებული, ერთმანეთის საპირისპირო ინტერესები აქვთ. რას იზამ, ასეა - პოლიტიკასთან შედარებით პროსტიტუციაც კი პატიოსანი ბიზნესია. ბიზნესში კი კონკურენცია დიდი ძალაა! გაიხსენეთ, 10 წლის განმავლობაში როგორ გვწოვდნენ სისხლს ერთმანეთში მორიგებული "ჯეოსელი" და "მაგთი"! შემოვიდა "ბილაინი", გაჩნდა რეალური კონკურენცია და ახლა, ოღონდ ჩემი მომსახურებით ისარგებლეთო, ლამის, აქეთ უხდიან აბონენტებს ფულს მობილური ოპერატორები.

 

სამაგიეროდ, ინტერესებისგან განსხვავებით, ოპოზიციას ჰყავს საერთო მტერი - ხელისუფლება. ამგვარად, თუკი დავუჯერებთ სიან-ცზის, რომელიც ამბობდა, რომ მოკავშირეები არიან მტრები, რომლებსაც საერთო მტერი ჰყავთო, ოპოზიცია კარგა ხნის გაერთიანებულია! რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ მაღალი ხარისხის ნდობის არარსებობას, ამომრჩეველი პოლიტიკოსს ძაან არც უნდა ენდობოდეს, რადგან როცა ვინმეს უსიტყვოდ ენდობიან, მისთვის პატიოსნება აზრს კარგავს და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს.

 

როცა გულივერმა ლილიპუტების ხელმწიფის სასახლეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად წყალი ვერ მოიძია, სასახლეს დედოფლიანად მიაფსა და ისე ჩააქრო ხანძარი, თუმცა, შემდგომში ამის გამო უამრავი უსიამოვნება შეხვდა, რადგან ღვარძლიანმა ლილიპუტებმა "დაივიწყეს", რომ გულივერმა დედოფალს სიცოცხლე შეუნარჩუნა და მხოლოდ იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, როგორ გაბედა და ჩვენს დედოფალს მიაფსაო.

 

დღეს საქართველოში ხანძარია. საზოგადოებას სულ არ აინტერესებს, ვინ და რა გზით ჩააქრობს მას - "რვიანი" მიასხამს წყალს ან ქაფს, "რევოლუციონერები" ჩააქრობენ შემხვედრი ხანძრით ან აფეთქებით, თუ ხელისუფლება მიაფსამს. მთავარია, რიგით მოქალაქეს ეშველოს რამე და არავინ იქნება უკმაყოფილო, ვაიმე, შარდის წვეთები მომეწუწაო.

 

არადა, როგორც ვატყობ, ხანძრის ჩაქრობას არც არავინ აპირებს. პირიქით, ყველა თავისას აწვება და შედეგი არავის აწუხებს - პოლიტიკოსებში სულ უფრო მკვიდრდება სიტყვის თავისუფლება საქმისგან, საქმის თავისუფლება ნამუსისგან და ნამუსის თავისუფლება ქენჯნისგან.

 

ამ ბოლო დროს ქართული ოპოზიცია მორცხვად აღნიშნავს, რომ "დემოკრატიულ" საქართველოში აქა-იქ ავტორიტარიზმის და დიქტატურის ელემენტები შეიმჩნევა და არავინ უწყის, რომ დემოკრატია დიქტატურის ელემენტებით იგივეა, რაც ყაბზობა ფაღარათის ელემენტებით. დემოკრატია ან არის, ან არა. თუმცა, როდესაც დემოკრატიას ვადიდებთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თავდაპირველად დემოკრატია მონათმფლობელურ სახელმწიფოში ბატონების თანასწორობისთვის შეიქმნა. თავად ანტიკური საბერძნეთის და აშშ-ს მაგალითი გვიჩვენებს, რომ მონების გარეშე ნორმალურ დემოკრატიას ვერ შექმნი. მონები უკვე ვართ. ბლომად. უმეტესობა. მონები კი, როგორც მოგეხსენებათ, გალერებს არ ირჩევენ. "ბატონების დემოკრატიას" უნდა დაველოდოთ!

 

გაინტერესებთ, რატომ მომრავლდა "თავისუფლებისმოყვარე" და "ამაყ" ქართველებში ამდენი იდიოტი (და მონა), რომელსაც, ქვეყნის ბედს ვიღა ჩივის, საკუთარი ბედიც კი აღარ აინტერესებს? როგორც გაირკვა, ქართველების გაიდიოტება და დამონება არც ისეთი ძნელი საქმე ყოფილა. ის, რაც ვერ შეძლო მურვან-ყრუმ, შაჰ-აბასმა და კიდევ ათასი ჯურის დამპყრობელმა, შესანიშნავად მოახერხეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა 3-4 ტელევიზიიდან და არა იმდენად საზოგადოებაში შიშის დათესვით, რამდენადაც უდარდელი ცხოვრების პროპაგანდით. ამ ტელევიზიებმა პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ჯგუფისთვის - სტუდენტებისთვის უმაღლეს ღირებულებად აქციეს კაფე-რესტორნებში, "ივენთებზე", "ფეშენ-ვიკებზე", პრეზენტაციებზე, "ბათუმურ უიკ-ენდებზე" და სხვა ტაკარაცუკა-ღონისძიებებზე მოხვედრა და დროსტარება. ჰოდა, სადღა სცალია პოლიტიკისთვის სტუდენტს, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი სძინავს, რადგან იმდენ დროს ატარებს ბარ-რესტორნებში, რომ იქაური მუსიკოს-მომღერლების რეპერტუარი ზეპირად იცის?

 

დამონებაზე გამახსენდა: საქართველოში ჯერ კიდევ კომპაქტურად მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე ვერავინ იტყვის, რომ ისინიც იდიოტები არიან, რადგან სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, იქ არჩევნებში მონაწილეობას იღებს მოსახლეობის 102-დან 105 პროცენტამდე. მართალია, მათ არ უჩნდებათ არანაირი კითხვა, როცა დასახლებულ პუნქტში, სადაც მცხოვრებთა ნახევარი ბაირამოვია, ხოლო მეორე ნახევარი ალიევი, ალიევსა და ბაირამოვს არჩევნებს გურიიდან ჩამოყვანილი დოლიძე უგებს, სამაგიეროდ, თავს არ გრძნობენ იდიოტებად, რადგან არჩევნებში ნამდვილად მასობრივად მონაწილეობენ - როგორც მრავალათასიანი ცხვრის ფარა, რომელსაც ერთი ყოჩი და რამდენიმე ძაღლი მოძრაობის მიმართულებასაც უთითებს და გვერდზე გადახვევის საშუალებასაც არ აძლევს.

 

შევარდნაძის ეპოქაზე უარესიც თუ შეიძლებოდა, ქართველებს ვერც კი წარმოგვედგინა. აღმოჩნდა, რომ ღარიბი ფანტაზია გვქონია. ნახეთ, რამდენი რამ შეიცვალა საქართველოში: ადრე, საბჭოთა წყობილების და შევარდნაძის დროს ხელისუფლება რყვნიდა ადამიანებს, ახლა ხელისუფლებაში უკვე გამზადებული კადრები მიდიან; საქართველო საოცრების ქვეყნად იქცა - რაც უფრო მატულობს აფთიაქების რაოდენობა, მით ნაკლებია ჯანმრთელი ადამიანი; დღეს სამშობლოსა და საკუთარი თავის დაცვა ქართველისგან ბევრად უფრო ძნელი გახდა, ვიდრე მომხდურისგან; დღევანდელ ეკლესიას იმდენივე საერთო აქვს ღმერთთან, რამდენიც თეატრის მოლარეს ხელოვნებასთან.

 

და შაგრენის ტყავივით მცირდება საქართველოს მოსახლეობა (და არა ამომრჩეველი). "ღმერთის წილხვედრი" ქვეყნიდან საზღვარგარეთ გარბიან მეტ-ნაკლებად თავისუფლებისმოყვარე და თავმოყვარე ადამიანები, რადგან ამჯობინებენ, უცხოეთში იტანჯებოდნენ სამშობლოს გარეშე, ვიდრე სახლში სამშობლოსგან.

 

სამშობლოზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა და უნდა მოვყვე.

 

მატლი შვილი ეკითხება მამას:

 

- სხვა მატლები ალუბალში კარგად ცხოვრობენ?

 

- კი, შვილო.

 

- ვაშლში?

 

- იქაც კარგად ცხოვრობენ.

 

- აბა, ჩვენ რატომ ვცხოვრობთ განავალში?

 

- რა არის, იცი, შვილო? არის ასეთი ცნება - სამშობლო.

 

ალბათ, ამიტომაც არის, რომ საქართველოში დარჩენილი იდიოტები და მონები თავს ვიტყუებთ, თითქოს სამშობლოს ვერ ველევით და იმით ვანუგეშებთ ერთმანეთს, რომ, რაც უნდა იყოს, მაინც ბევრი რამ კეთდება ადამიანის საკეთილდღეოდ. არადა, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მართლაც ძაან ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის საკეთილდღეოდ! საზოგადოებამ ამ ადამიანის სახელიც კი იცის! ჰოდა, რადგან იცის, ხმას არ იღებს, მაინც სახლში ზის და მიტინგს და რევოლუციას ვიღა ჩივის, არჩევნებზეც კი არ აპირებს წასვლას, ნუღარც სამზარეულოში იწუწუნებს. შეეგუოს იმ ფაქტს, რომ იდიოტია და მშვიდად ატაროს ბორკილები!

 

ხოლო იმას, ვინც ქვეყნის მოქალაქედ სთვლის თავს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს იმისთვის, რის გამოც სიკვდილი შეიძლება!

 

 

 

გურამ შამანიდი

 

"რეზონანსი-მთელი კვირა", 16 მაისი 2011

 

 

 

 

მე გასაკუთრებით წითლად გამოყოფილი მომეწონა.სხვათა შორის აქ მპოსტავებსაც ბევრს ეხება.მწვანეც მაგარია.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ, დროის უქონლობის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ წაკითხვას, მაგრამ კარგი პონტია

 

აშკარად

http://www.youtube.com/watch?v=7GB0Tiq2MJE

 

ესეც იდიოტის ძველბერძნული განმარტება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

თუ არა იდიოტი, სხვა რა შეიძლება უწოდო ადამიანს, ვინც შვიდ ნოემბერს ორჯერ აცემინებს ხელისუფლებას თავს, შემდეგ ყინვაში იპოდრომზე მივა, "დინამოს" სტადიონიდან სამების ტაძრამდე ფეხით ივლის, ხოლო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში არ წავა, ან წავა და ოცლარ-ფქვილმიღებული ისევ ხუთიანს შემოხაზავს? იდიოტი თუ არ ხარ, აიღე ის ოცი ლარი და ხმა იმას მიეცი, ვინც მოგწონს და გულზე გეხატება.

 

 

:givi:

 

ისე კი ბატონოჩემო, დღეს მაგრად შეიცვალა სიტყვა πολίτης მნიშვნელბა. დღეს ეს სიტყვა უფრო ბიზნეს ნიშნავს ვიდრე საზოგადო აქტიურ ადამიანს.

 

პ.ს.

ოდნავ გადვუხვევ თემას. :)

თქვენთან აკამათი გამახსენდა ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავსირებით :)

გუშინ ფილმს ვუყურე აქ ჩეხეთში. ნაღდი ამბე ყოფილა აღწერილი. მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა ებრაელი გოგონა, მგონი სადღაც 10 წლისა, ტყე-ტყე რომ იმალებოდა ომის დამთავრებამდე.

მოკლედ მაგრარი გულზე მოსახვედრი ისტორა და კარგად გადაღებული ფილმი ამ მხვრივ.

 

ხო და რა ვიფიქრე, ერმა რომელმაც ასეთი გაჭივრება გადაიტანა, როგორ შეიძლება დღეს იგივეს უკეთებდეს სხვებს რაც მას დამართეს ფაშისტებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობილმა ფეიბუქელმა გურამ შამანიდიმ

:givi: :givi:

 

 

არაფერი არ გეშველებათ.. ის წითლად გამოყოფილი ხშირად წაიკითხეთ ხოლმე,რომ თავი პოლიტიკოსებათ იგრძნოთ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

არაფერი არ გეშველებათ.. ის წითლად გამოყოფილი ხშირად წაიკითხეთ ხოლმე,რომ თავი პოლიტიკოსებათ იგრძნოთ..

მერე იტყვით ჭკუას არ გარიგებთო.

ის გავიგე რომ ჩემს ადგილზე რომ იყოთ პარტიას დაშლიდით და გავითვალისწინებ ამას,მგრამ პირადად თქვენ როგორ მოიქცეოდით ოპოზიციის ადგილას,ეს მაინც ვერ მოვისმინე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდიოტი თუ არ ხარ, აიღე ის ოცი ლარი და ხმა იმას მიეცი, ვინც მოგწონს და გულზე გეხატება

მასეც იქცევა ყველა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

 

მერე იტყვით ჭკუას არ გარიგებთო.

ის გავიგე რომ ჩემს ადგილზე რომ იყოთ პარტიას დაშლიდით და გავითვალისწინებ ამას,მგრამ პირადად თქვენ როგორ მოიქცეოდით ოპოზიციის ადგილას,ეს მაინც ვერ მოვისმინე.

 

ვერ მოისმენთ. გიორგის სტილი არ არის ახსნას,არამედ გააკრიტიკოს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ მოისმენთ. გიორგის სტილი არ არის ახსნას,არამედ გააკრიტიკოს

ეგ ბევრის სტილია სხვათაშორის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგის სტილი ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, მას არ სურს რომ კიდევ ერთხელ მოსტყუვდეს, ამიტომაც თავიდანვე ყველაფერს კრიტიკით უყურებს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:givi: ძუკუ

მართალი გითხრათ, არ გამიკვირდება, ვინმე "იდიოტმა" ქართველების შეურაცხყოფა რომ დამწამოს. თუკი ასეთი ადამიანი გამოჩნდება, იქნებ ისიც მითხრას, იდიოტის (ყველა მნიშვნელობით) გარდა, რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, ვინც ამაყად აცხადებს, მეტიც, ტრაბახობს, რომ "არჩევნებში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას", რომ "პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს" და რომ "არც ხელისუფლებისკენ არის და არც ოპოზიციისკენ"? კარგი, ბატონო, დავუშვათ "იეღოველი" ხარ და რწმენა გიკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას, ან "აპოლიტიკური" ადამიანი (seu იდიოტი) ბრძანდები და საზოგადოებისა და ქვეყნის ბედი არ გაინტერესებს. მაშინ რაღაზე რეკავ პოლიტიკურ თოქ-შოუში და ამა თუ იმ თემაზე კომენტარს ფრაზით - "მე არავისკენ არ ვარ" - რატომ იწყებ? ან საერთოდ რატომ უსმენ და უყურებ მსგავს გადაცემებს

ხოდა, ადრეც დავწერე, ქალური მენტალიტეტი სჭარბობს ქართველებში სამწუხაროდ, თან უნდათ, თან ტრადიციების გამოს თავს იკავებენ,

მოკლედ, კეკელკიზმი ქვია მაგას, ქალი რომ კეკელკაა კიდევ ხო, მაგრამ კეკელკა კაცებიტ რომ გაიტენა საქართველო ეს ტრაგედიაა,

თუ კაცი ხარ ძმაო, უნდა გქონდეს შენი პოზიცია, თუ გკიდია პოლიტიკა, მაშინ პოლიტიკით საერთოდ არ უნდა დაინტერესდე,

თუ მიშისტი ხარ იყავი მიშისტი თუ ანტიმიშისტი ხარ გაკრვევით თქვი რომ მიშას კეთილები,

აი, ეგრე იქცევა ნორმალური კაცი, კეკელკა კაცი კი ტრა.. თამაშის მეტს არაფერს აკეთებს და ბოლო ბოლო იმდენს იზამს რომ... :givi:

ამიტომაც აი ნეიტრალები მირევენ გულს ყველაზე მეტად, სეჩემა როგორ შეიძლება იყო ნეიტრალი, კაცი ხარ თუ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე არ გეწყინოთ,მაგრამ უხსნიან იმას ვისაც რამის გაგება უნდა..ხოლო ვისაც რამის გაგება უნდა,ის ჯერ ცდილობს თვითონ გაერკვიოს ამა თუ იმ საკითხში..მე ვწერ რაც რეალობაა,უფრო სწორად როგორც აღვიქვავ ამ რეალობას..და თუ ვინმესთვის ეს კრიტიკაა,რომელიც გაღიზიანებთ და არაადეკვატურ პოსტეპს წერთ საპასუხოდ(როგორ აქ ზემოთ ჩემს მიმართ დაწერილი პოსტები), ე.ი. ბევრ სიმართლეს ხედავთ ჩემ პოსტებში თქვენ შესახებ..

დანარჩენი ჭკუის დარიგება და დიდი ანალიტიკა თქვენთვის მომინდვია "პოლიტიკოსებისთვის",ცნობილი ფეისბუქელებისთვის..მე იმ მცირერიცხოვან ქართველებს განვეკუთნები,რომელიც პოლიტოლოგობას არ იბრალებენ..

მე რა უნდა გირჩიოთ,როცა თქვენ იბრალებთ პოლიტიკოსობას..მე შემიძლია შევაფასო ესა თუ ის თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი და როცა ვხედავ რომ მაბოლებთ,ვთქვა რომ ნუ მაბოლებთქო..

ერთს გეტყვით,საქართველოში მცხოვრები 90% პოლიტიკოსობას რომ იბრალებსა იმიტომ ვართ ტრაკში..ამ "პოლიტიკოსებს" სხვა საქმე რომ ამოგერჩიათ,ბევრად უფრო უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა..

 

ისე სერიოზულად,თქვენი დახმარებით ყოველდღიურად ვრწმუნდები,რომ მიშა ხვალ რომ წავიდეს,უფრო უარეს დღეში ავღმოჩნდებით..

ან ყველა ერთად უნდა წახვიდეთ და ან იყოს..თქვენ მეტს ვერ გააკეთებს.. :yes: :yes:

 

Siknadmo

 

გიორგის სტილი ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, მას არ სურს რომ კიდევ ერთხელ მოსტყუვდეს, ამიტომაც თავიდანვე ყველაფერს კრიტიკით უყურებს

ამაში გეთანხმები..რამდენჯერ უნდა გადაგადოს ადამიანმა,რომ მიხვდე რომ მარტო თავისი კეთილდღეობა აწუხებს და სულ კიდიხარ..??

ბოლო-ბოლო ცრუ არ უსწავლებიათ სკოლაში(შენ არ გეხება,საერთოდ ვავმბობ).. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ისე სერიოზულად,თქვენი დახმარებით ყოველდღიურად ვრწმუნდები,რომ მიშა ხვალ რომ წავიდეს,უფრო უარეს დღეში ავღმოჩნდებით..

ან ყველა ერთად უნდა წახვიდეთ და ან იყოს..თქვენ მეტს ვერ გააკეთებს..

ანუ ლატენტური მიშისტი ყოფილხარ, აი, ხომ გაერკვიე შენს თავში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ლატენტური მიშისტი ყოფილხარ, აი, ხომ გაერკვიე შენს თავში :)

ამათ ფონზე უკვე გავხდი..აბა რა განსხვავებაა,როცა კითხვაზე პასუხს ვერ ქცემენ..ყველაფერზე ღიზიანდებიან..

მე ვარ ამომრჩეველი და როცა არ მომწონს და ვამბობ,იმას კი არ მეუბნებიან რატომ მოხდა ესე..არამედ აბა შენ რას გააკეთებდიო..კრიტიკაზე ხომ საერთოდ იჭრებიან..

გეგონება მე დავიბრალე პოლიტიკოსობა..:givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც ამაყად აცხადებს, მეტიც, ტრაბახობს, რომ "არჩევნებში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას",

აი მე ვარ იდიოტი:)

 

იდიოტი თუ არ ხარ, აიღე ის ოცი ლარი და ხმა იმას მიეცი, ვინც მოგწონს და გულზე გეხატება.

და რო აიღო ის ოცი ლარი, და მაინც ღლეზე დაიკიდო ყველა, ეგეცი იდიოტობაა ხო? :)

 

საერთოდ რატომ უნდა მივცე ვინმეს ხმა? იმან მოიწყოს ცხოვრება და მე თუ რამეს გავაპროტესტებ, მიპასუხოს, რომ რა გინდა ძმაო, ხმა ხომ მომეცი და ეხლა დააყენე ერთი ადგილიო? ვინ უფრო იდიოტი გამოვა, ის თუ მე?

 

ისე, ნორმალურ ქვეყნებში ხმის (თუ რავი რაც ქვია) მისაცემად დადის ცოტა ხალხი, ჭკვიანები დადიან ძირითადად :) იდიოტები სახში ვზივართ

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არამედ აბა შენ რას გააკეთებდიო.

ხო ეგ მაგარი იციან ხოლმე :)

მიშისტებმაც იგივენაირად იციან. აი რატომ გორავდა გორშიო რომ იკითხავ, აბა შენ რას იზამდიო :) კაცო, მე შეიძლება ჩამეჟვა კიდეც (დავუშვათ), მერე რა? მე ხომ პრეზიდენტი არ ვარ კაცო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...