Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

პატარა სტატიასავით დავწერე - მართალია ბოლომდე არ არის დაწერილი, მარა თუ მოგეწონებათ, თუ რამე შენიშნვა გექნებათ, დაწერეთ.. ჩემთვის საინტერესო იქნება..

 

 

 

ნაციონალიზმი არ არსებობდა ყოველთვის, ის გაჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური ფორმაციის გარკვეულ საფეხურზე. ის გაჩნდა კაპიტალიზმის განვითარებისა და აბსოლუტიზმის პერიოდში. აბსოლუტიზმი გახდა წინაპირობა ფეოდალური გათიშულობის დაძლევისა და მძლავრი ბიუროკრატიული აპარატის შექმნისა. ბიუროკრატიზმი ნაციონალიზმის საკითხში ერთ-ერთი უმთავრეს მოვლენად იქცა. ბიუროკრატიზმმა გამოიწვია რეგიონებისა და ცენტრის ერთმანეთთან პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ახალი ფორმების შექმნა. აუცილებელი გახდა საერთო საკანონმდებლო და კულტურული ბაზის შექმნა, რამაც გამოიწვია კულტურული ერთფეროვნება სამეფოში. აბსოლუტიზმის ბიუროკრატიულ სისტემისთვის აუცილებელი გახდა ყველას ერთნაირი სტილით შეძლებოდათ კომუნიკაცია, როგორც ენობრივი, ისე წერილობით. მაღალი დამწერლობითი კულტურა ცენტრალიზებულ სახეს იღებდა და დევნიდა რეგიონალურ კულტურულ ელემენტებს, თუმცა ბოლომდე ეს პროცესი აბსოლუტიზმის დროს მაინც არ იყო გადაწყვეტილი. კაპიტალიზმმა კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკურ კონსოლიდაციაში. აგრარულ ფეოდალურ სისტემაში, სამთავროები, საჰერცოგოები და სხვა პოლიტიკურ ერთეულები ეკონომიკურად თვითკმარნი იყვნენ და ხშირ შემთხვევაში შეეძლოთ სხვა რეგიონისგან იზოლირებული ურთიერთობა. მოსახლეობის ზრდამ და ეკონომიკური სისტემის ცვლილებამ აგრარული თვითკმარულ სისტემას ბოლო მოუღო. ამან გამოიწვია ეკონომიკური ინტეგრაცია რეგიონებს შორის. ამან ხელი შეუწყო ახალი სისტემის ფორმირებას, რომელიც ევროპაში რევოლუციის პირობებში დაიბადა. ნაციონალიზმიც როგორც პოლიტიკური იდეოლოგია დაიბადა რევოლუციის პირობებში.

ნაციონალიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია ყალიბდება მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ასპარესზე გამოდის ხალხი. შუა საუკუნეებში ლეგიტიმაციის წყარო იყო „ღვთისნიერი მეფე“, რომელიც მემკვიდრეობით გადადიოდა და მის ლეგიტიმაციას ეკლესია ახდენდა. როდესაც იწყება მოდერნიზმის ეპოქა - მისთვის დამახასიათებელია კაპიტალიზმის განვითარება, ძველი სოციალური ურთიერთობების მოშლა და ძველი სახელმწიფო სისტემების სრული გარდაქმნა. საბოლოოდ კი ხალხი თავის პოლიტიკურ ნების გამოსახატავად ხმას იმაღლებს და ყოველგვარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხდება. დასავლეთში (კერძოდ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს) ნაციონალიზმი, როგორც ერის ნების გამომხატველი იდეოლოგია, წინ აღუდგა სამეფო ხელისუფლებას და „ღვთისნიერი მეფის“ იდეას. მათ მეფის მკვლელობით მოახდინეს ახალი ლეგიტიმაციის წყაროს შექმნა - „ღვთისნიერი მეფე“ ჩაანაცვლა „ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“. ასე რომ პირველი ნაციონალისტური მოძრაობა დემოკრატიული მოძრაობა იყო. მაგრამ ფრანგული დემოკრატიულ-ნაციონალისტური მოდელი უნივერსალური არ ყოფილა და სხვადასხვა ქვეყანაში ნაციონალიზმი სხვადასხვა ფორმებს იღებდა. ლევის სტროსის აზრით პროგრესის სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად გამოიხატება და მუდამ ხდება იმ „საფეხურების“ გამოტოვება, რა საფეხურიც გაიარა სხვა კულტურამ.[1]როდესაც ჩვენ ნაციონალიზმის ან რომელიმე სხვა მოვლენას, აბსოლუტურ უნივერსალობად ვაქცევთ და მის მოდელზე მოხდება სხვა მსგავსი მოვლენების დაკვირვება და სრული იგივეობის ძებნა, ჩვენ დავკარგავთ პროცესის ობიექტურად აღქმის საშუალებას, ამიტომ ჩვენ ისტორიკოსებს გვიწევს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოდელებს დავაკვირდეთ და ყოველი პროცესის განსაკუთრებულობა დავინახოთ. იქ სადაც აბსოლუტიზმი მყარი აღმოჩნდა და რევოლუციურმა მოძრაობები დამარცხდა, იქ ნაციონალიზმა სხვა ფორმები მიიღო. აბსოლუტიზმისა და ნაციონალიზმის ურთიერთკავშირმა გამოიწვია ნაციონალიზმის, ულტრამემარჯვენული იდეოლოგიების ჩამოყალიბება. მაგალითად გერმანიაში „პანგერმანიზის“ იდეოლოგია სწორედ გერმანულ აბსოლუტიზმის დროს ყალიბდება. ასევეა რუსეთში - „პანსლავიზმი“ - ცარიზმის დროს ჩამოყალიბდა. მიზეზები თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაციონალიზმი სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ უნდა ვეძებოთ იმ ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებში. საფრანგეთის რევოლუციის დროს ფრანგი ერის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამეფო ხელისუფლების დამხობა, დემოკრატიული მართველობის ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი კი განმანათლებლობის იდეებიდან მომდინარეობდა, ხოლო განმანათლებლობის იდეები - ლიბერალური იდეები იყო, ამიტომ საფრანგეთში ნაციონალური პროექტი, ლიბერალურ იდეებთან იყო დაკავშირებული. აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში, როგორებიც გერმანია და რუსეთი იყო, ლიბერალური რევოლუციის დამარცხებამ გამოიწვია, ნაციონალური პროექტის შეცვლა. ნაციონალიზმი გახდა ექსპანსიონიზმის შემადგენელი ნაწილი და „რჩეული ერის“ იდეა აბსოლუტიზმში ჩამოყალიბებული იდეაა. მონარქია საკუთარ ლეგიტიმაციის წყაროდ განიხილავდა ნაციონალისტურ ექსპანსიურ პოლიტიკის წარმოებას. რუსეთში მთავარი ნაციონალურ პროექტად იქცა არა ლიბერალური ღირებულებები, როგორც ეს საფრანგეთში იყო, არამედ აღებული იყო ძველი მონარქისტულ-რელიგიური იდეა „მესამე რომი“ და მას დაემატა სლავი ხალხების გამაერთიანებლის იდეა და რწმენა, რომ სლავები წარმოადგენენ განსაკუტრებულ, სხვებზე უფრო მაღალდმგდომ რასას - ამ იდეოლოგიას საფუძველი რუსმა პროფესორმა დანილევსკიმ დაუდო. დანილევსკის თეორიით არსებობს „კულტურულ-ისტორიული ტიპი“ - რუსი ერის სახით, რომელიც სხვა ევროპულ ხალხებისგან განსხვავდებოდა.. მისი თეორიის მიხედვით, ადრე არსებობდა დაპირისპირებული კულტურულ-ისტორიული ტიპები, ეს იყო რომაულ-გერმანული და ბერძნულ-ბიზანტიური, და ისინი შემდგომში გარდაიქმენენ რუსულ და ევროპულ დაპირისპირებად. ამ დაპირისპირების ფონზეა განხილულია რუსული ნაციონალიზმი. კულტურუოლოგიური მიდგომები, ნაციონალიზმის, სახელმწიფოსა და გეოპოლიტიკის საკითხში მახასიათებელი იყო გერმანიისთვისაც და რუსეთისთვისაც დამახასიათებელი, საბოლოოდ ეს მიდგომები „ევრაზისტულ“ თეორიაში აისახა.[2]

ნაციონალიზმზე რომ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ უამრავი მომენტი რაც მისი შექმნის დროს XIX საუკუნეში გვხდება. ევროპული კოლონიზაცია და იმპერიალიზმი დაიწყო 17-ე საუკუნიდან, ხოლო 19-ე საუკუნეში მსოფლიოს დაყოფილი იყო ევროპულ სახელმწიფოებად და მის კოლონიებად (მცირე გამონაკლისების გარდა). ძირითადი იდეა, რომელითაც დამპყრობლური ექსპანსიონიზმი ხორციელდებოდა, იყო „ევროცენტრისტული“ იდეა, რომლის მიხდევითაც კულტურის შემქმნელები იყვნენ ევროპელები, ხოლო მათი ექსპანსიური პოლიტიკა მონათლული იყო, ჩამორჩენილ ქვეყნებში კულტურის შეტანით. მსგავსი ექსპანიური-კულტურული იდეოლოგია დამახასიათებელი იყო აბსოლიტურად ყველა ევროპულ იმპერიისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. დამპყრობლები არ სცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, როგორც ფასეულობას და მას როგორც ჩამორჩენილობის გამოვლინებად ისე აღიქვამდნენ, ხოლო კულტურულ პოლიტიკად (ანუ ველურ ხალხში კულტურის შეტანად) განიხილებოდა მათი სრული კულტურულ-ლინგვისტური ასიმილაცია. სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კულტურული ელიტის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა საკუთარი ენის დაცვა და საკუთარი კულტურის - ცივილიზებულ კულტურად (ანუ დასავლურ კულტურად) წარმოჩინება. ექსპანსიურმა ნაციონალიზმმა მიიღო ეს მახასიათებელი აბსოლიტურად ყველა იმპერიალურ სახელმწიფოში, ხოლო ანტიკოლონიალური ნაციონალიზმი აიგო ამ კულტურული ჩაგვრის წინააღმდეგობის და საკუთარ კულტურული ფასეულობების წარმოჩენის იდეით.

ნაციონალიზმის კულტურულ ასპექტებს რაც შეეხება, ის სოციალურ ცვლილებებთან არის კავშირში. კაპიტალიზმის განვითარების და გაბატონების შედეგად, მოხდა საზოგადოების საბაზისო ცვლილება. თუ კი ადრე ადამიანი იძულებული იყო პროფესია მემკვიდრეობით (პროფეისები მამიდან-შვილზე გადადიოდა) მიეღო და ძირითადად ერთ ადგილზე უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა, კაპიტალიზმმა აბსოლიტურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. ამიერიდან ბაზარი საზღვრავდა ადამიანის პროფესიას და მოღვაწეობის ადგილს. ადამიანი იძულებული გახდა სამუშაო ბაზრარს მორგებოდა და ესწავლა სხვადასხვა პროფესიები. თუ კი ადრე პატარა თემებსა თუ სოფლებს იზოლირებულად შეეძლოთ არსებობა, კაპიტალიზმის პირობებში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ბაზარმა შეაღწია მეტ-ნაკლებად ყველგან. ამ პროცესმა გამოიწვია ურბანიზაცია და ახალი კულტურული ურთიერთობების შექმნა. მუშაობის დროს ადამიანებს უნდა შეძლებოდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (რომლებიც ისევე ჩამოსულნი იყვნენ რეგიონებდან, როგორც ის), ხოლო ურთიერთობის ეს ფორმები უცხო იყო ამ ადამიანისთვის. ამ პროცებში ყალიბდებოდა ახალი კომუნიკაციის კულტურა. თუ კი ადრე მარტო თავის თანასოფლელებთან უწევდათ მოღვაწეობა და იმ სოფლის კულტურულ სივრცეში არსებობა, ამჯერად მათ უნდა გამოენახათ საერთო ენა სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებისთვის, რომლებიც პოტენციალურად მათი კონკურენტები იყვნენ. საქართველოს შემთხვევაში სადაც რეგიონალიზმი და კუთხურობა არ იყო ბოლომდე დაძლეული, რაზეც არაერთხელ წერდა მაშინდელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნოე ჟორდანია და სხვები. საჭიროებდა ახალ კულტურულ სივრცის შექმნას, სადაც ადამიანებს უნდა შეძლებოდათ ერთ ენაზე ურთიერთობა და დაწერილი წერილებისა თუ ბრძანების სტანდარტიზაცია უნდა მომხდარიყო. ენის სტანდარტიზაციის პროცესი საქართველოში 19-ე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პროცესებმა გამოიწვია საერთო კულტრულ-ლინგვისტური ღირებულებების შექმნა საზოგადოებაში. შუა საუკუნეებისგან განსხვავებით სადაც არსებობდა ორი კულტურა: მაღალი კულტურა (ოფიციალური კულტურა) და სახალხო ანუ ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს საკარნავალო კულტურა[3] - სადაც მაღალი კულტურის მატარებლები იყვნენ ძირითადად სასულიერო პირები და პოლიტიკური ელიტა და რომელიც შემოგვრჩა წერილობით წყაროების სახით. სახალხო კულტრა კი ძირითადად ის კულტურა იყო, რომელიც უბრალო ხალხში გვხვდებოდა - სახალხო პოეზიაში, ზღაპრები, სახლხო რწმენა-წარმოდგნებში, დღესასწაულებსა და ა.შ - ნაციონალიზმის ეპოქაში იქმნება ახალი კულტურა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალ კულტურის ელემენტებს, ისე სახალხო კულტურის ელემენტებსაც, ამის კარგი მაგალითია „დედა ენა“ სადაც გვხდება სახალხო კულტურის ელემენტები (სახალხო პოეზია და ზღაპრები). რაც ადრე სახალხო კულტურა იყო, მან მიიღო წერლობითი ფორმა და გახდა ნაციონალიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი.

ნაციონალიზმის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს კულტურულ-ლინგვისტური ერთფეროვნების შექმნა საზოგადოებაში. ნაციონალიზმი დევნის ამ საზოგადოებაში, რომელიმე სხვა კულტურის დომინირებას და ლინგვისტურ თანასწორუფლებიანობას. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, არის 1881-წლიდან დაწყებული მეგრულ ენასთან დაკავშირებული კამპანია, როდესაც დაიწყო მეგრული ენის ცალკე სწავლება და მისი სტატუსის ქართულთან გათანაბრება, რაც მიუღებელი გახდა არა მარტო იმ დროინდელ ქართულ ინტელექტუალურ ელიტაში, არამედ თავად მასებში, მათ შორის სამეგრელოში.

ამ პროცესების ეკონომიკური მიზეზები ჩვენ უნდა ვეძებოთ ინტეგრაციის პროცესში. კაპიტალისტურ ეპოქაში, სოციალური საფეხურები მემკვიდრეობით აღარ გადადიოდა, 19-ე საუკუნის ბოლოს უკვე გვხვდება გაღარიბებული თავად-აზნაურობა და გამდიდრებული გლეხობაც (კულაკები) და ვაჭრები. ხშირ შემთხვევაში სოციალურ საფეხურზე ასვლას ხელს უწყობს ან უშლის, რომელიმე ეროვნული ერთეულისადმი კუთვნილება. მაგალითად იმ ქარხნებში რომელთა მეპატრონეები იყვნენ ეთნიკური სომხები, იქ ძირითადად მაღალ თანამდებობაზე სომეხი წარმომავლობის[4] ადამიანებს ნიშნავდნენ. იმისთვის რომ მერიტოკრატია დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში, საჭირო იყო ნაციონალისტური პოლიტიკა, ანუ სხვადასხვა კუთხისა თუ ჯგუფის იდენტური გაეთფეროვნებით მოხდებოდა მათი შერჩევა არა მათი ეროვნული კუთვნილების მიხედვით, არამედ მათი ნიჭისა და შესაძლებლობის მიხედვით. მეორე მხრივ კი რეგიონებიდან ქალაქში ჩამოსული მოსახლეობა, იმისთვის რომ ინტეგრირებული ყოფილიყო ახალ სივრცეში, ხშირ შემთხვევაში მხარს უჭერდა ნაციონალიზმს და ებრძოდა როგორც თავის კუთხურ გამოვლინებებს, ისე ქალაქში დახვედრილ „ქალაქურ კუთხურობასაც“.

 

http://nukriko.blogspot.com/2013/05/blog-post_31.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...