Jump to content
Planeta.Ge

ზნენი სამამაცონი


Recommended Posts

ნადირა ხოშარაული და ბახტრიონის ბრძოლა

 

1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილეა ხევსური ნადირა ხოშარაული (“ბელადი ხოშორაული”), რომლის წინამძღოლობითაც ხევსურთ მონაწილეობა ბახტრიონის ციხე-სიმაგრის აღებაში.

ხევსურული ანდრეზებით ხოშურაულები მცირე გვარი ყოფილან გორშეღმის ხეობაში და თავდაპირველად ბოსტანიგოს მდგარან, სადაც ისინი ბაცალიგოს მდგარ, ვინმე “ბაცას” შეუვიწროვებიან. მტრისაგან ძალმორეულ ხოშურაულებს ზეისტეჩოელი არაბულებისათვის უთხოვია დახმარება და ერთიანი ძალით ბაცა ბაცალიგოდან აუყრიათ. ერთი გადმოცემით “ხოშურაული არაბას უფროსი შვილი ყოფილა”, რომელიც ჯერ ბოსტანიგოს მდგარა, შემდეგ კი მისახში გადასახლებულა. მეანდრეზეთა თქმით ეს ამბები ხირჩლა ბაბურაულის დროს მომხდარა, მაგრამ უფრო ძველი უნდა იყვეს.

ხოშურაულთა შთამომავლები დღეს არაბულებად იწერებიან. ის მოსაზრება, რომ “ხოშარაული” (ხოშურაული) წარმოშობით ფშავი სოფელ ხოშარადან არის მცდარია და იგი პირველად ნ. ხიზანიშვილმა (ურბნელმა) გამოთქვა, რაც შემდგომ განუსჯელად გაიმეორეს სხვებმა. თვით ვაჟა-ფშაველას “ხოშარაული” ხევსურია და ხევსურთა ლაშქრის წინამძღოლი.

დ.გოგოჭურის კვლევით ნადირა ხოშარაულის მამა საღირი (საღირა) რქმევია და ბახტრიონის ბრძოლის ამსახველ ხალხურ გადმოცემებში მოხსენიებული “ნაიბის კარვის ხმლით ამჩეხი საღირიშვილი” იგივე ნადირა საღირისძე ხოშარაულია. თუმცა ზოგი მკვლევარის აზრით “საღირიშვილი” თუში ყოფილა და სახელად “მეტი” რქმევია. “მეტა”, “მეტაური” მართლაც გვხვდება ხალხურ ლექსებში: “თუში ვარ მე, მეტაური” (ვაჟა-ფშაველა) “...მეტა ოროლს სჭრის თავსაო” (ა. სანიძე). მაგრამ ეს სტრიქონები ეხება არა ბახტრიონის ბრძოლას, არამედ XVIII ს-ის ბოლოს თუშეთში ლეკთა ბელადის ნუცალის წინააღმდეგ ომს, რომელშიც მეფე ერეკლეს დროის სხვა ხევსურებიც იხსენიებიან. (ბლოელი მოლოდინა, ლიქოკელი პიხილაური, მსაველა და აბა ჩალხურები).

ჯერ კიდევ უწვერულო ყმაწვილი ნადირა ხოშარაული არაგვის ერისთავების წინააღმდეგ ბრძოლებში გამოიწრთო. ბესარიონ (აბაის ძე) გაბური მას ხირჩლა ბაბურაულის, მარტია მისურაულისა და მამუკა ქალუნდაურის გვერდით იხსენიებს და “ზურაბის ლაშქრის ხელის შამაქცევრად” სთვლის.

ბახტრიონის ბრძოლაში, რომელიც ზურაბ ერისთავის ფშავ-ხევსურეთში ლაშქრობიდან 25-30 წლის შემდეგ მოხდა, ნადირა ხოშარაული უკვე იმდენად გამოცდილი და სახელიანია, რომ ხევსურნი წინამძღოლად (“გამძღობარედ”) ირჩევენ და მიჰყვებიან.

ნადირა ხოშურაული უთუოდ მონაწილე უნდა ყოფილიყო თეიმურაზ მეფის მიერ 1630-იანი წლებში თუშ-ფშავ-ხევსურთა ერთიანი ძალით მოწყობილი ქისტეთის ლაშქრობისა, როდესაც კახეთის მეფემ ძურძუკეთზე გავლით რუსეთის გზა გახსნა. თეიმურაზ მეფის ქისტეთში ლაშქრობის შემდეგ შუთ-ფშავ-ხევსურთა თარეშმა ჩრდილოელ მეზობლებთან რეგულარული ხასიათი მიიღო და ბევრმა იმ დროის სახელიანმა ვაჟკაცმა (თუსაკ ჩაჩუყეური, როსტომაული, ბაბურაული, ღარაქიშისძე...) იმდენად შეავიწროვა ქისტები, რომ ბეგარა-გადასახადიც კი დაადო. თუშ-ფშაველ-ხევსურთა ქისტებთან ლაშქრობები ზოგჯერ მარცხითაც მთავრდებოდა. მარცხის უმთავრესი მიზეზი იყო მათი დაქსაქსულობა და ცალკეულ წინამძღოლთა თვითნებური მოქმედება.

ბახტრიონის (კახეთის) აჯანყებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა თათართაგან მოოხრებული ქართლ-კახეთის ბედი, თუ ბახტრიონამდე ქართლ-კახეთი მთლიანად სახების მიერ ჩამოსახლებულ თურქმენებსა და ყიზილბაშებს ეკავათ და მომიჯნავე ლეკთა სარბიელად იყო ქცეული, ბახტრიონის ბრძოლის შემდეგ კახეთში “თათარნი აღარსად იპოებოდნენ”-ო, წერს მემატიანე.

სწორედ ამ დიდი ისტორიული მოვლენის გამო დავობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს ხალხური მთქმელები, რათა თავიანთი ხალხის გმირობა უფრო წარმოაჩინონ. თუმცა სამივეთ თანაბრადა და გმირულად უბრძოლიათ. (ხალხურ მთქმელთა რად გაგვიკვირდება, როდესაც თავად აკაკი წერეთელმა სცადა წარმოეჩინა იმერთა ვაჟკაცობა კახეთის აჯანყებისას).

დამპტრობელთა წინააღმდეგ აჯანყებაში დუშეთში, ზურაბ ერისთავის ძმის ზაალის კარზედ დაიგეგმა. აჯანყების ხელმძღვანელებმა “შემოიფიცეს საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ-თუშნი”.

“ხევსურეთ კაცი გაგზავნეს, ხევსურნი მაიწიანაო, ბელადი ხოშურაული, თანახმად გახდებიანო”.

“...ჩვენ შავიყრებით ნაქერალს... იქ ლაპარაკი გვექნება თათრებთან ომობაზედა”-ო, აბარებენ თუშები ფშავ-ხევსურეთში გაგზავნილ კაცებს.

მართლაც ფშავ-ხევსურნი ბორბალოზე გადასულან და ნაქერალზე მდგარ თუშთა ლაშქარს შეერთებიან.

აჯანყებასა და ბრძოლას ორგანიზებული ხასიათი და მსვლელობა რომ მისცემოდა მთიელთა ჯარის სარდალს ზურაბ ზაალისძეს ნაბრძანები ჰქონდა თუშ-ფშავ-ხევსურთა ლაშქარი ერთ კაცს დამორჩილებოდა. ასეთად ზეზვა გაფრინდაული მიუჩნევიათ.

მაგრამ ხევსურნი, რომელნიც ბრძოლაში თავად მეფეებსაც არ მორჩილებდნენ და ეუბნებოდნენ: “შენი სენ იცი მეფეო, ჩვენ ჩვენი გადაგხვდებისა”, არ დაეთანხმნენ გადაწყვეტილებას, ფშავლებს სთხოვეს შემოერთებოდნენ და ერთად დაელაშქრათ ბახტრიონის ციხე.

ფშავლებმა უარი უთხრეს და თუშებს შეუერთდნენ: “უარს ეტყოდნენ ფსაველნი; ჩვენ რა გვაქვს თქვენთან ზიარი”.

ლაშქართა თავკაცების სიტყვით გამოსვლისას და ხანგძლივი დავა-ბჭობისას, ზეზვა გაფრინდაულმა, რომელიც კარგად იცნობდა მომავალი ბრძოლის ადგილსა და მტრის მხარეს, სცადა ხევსურთა დაყოლიება და ლაშქარს თავისი გეგმა გააცნო, მაგრამ “უტ” ხევსურებს, რომელთაც არანაკლებ გამოცდილი და სახელიანი წინამძღოლი ჰყავდათ, თავისი მიზან-გეგმა ჰქონდათ: “როგორც რო ამბობს ზეზვაი, ჩვენ ეგრე არ გვწადიანო”.

ზეზვამ, იცოდა რა ხევსურთა ხასიათი, გაახსენა რომ ხევსურნი სხვა დროსაც საერთო ლაშქართან შეუთანხმლებლობით ჯარს რევდნენ: “ჩადიან ალალბალობასა და ჯარს ეგენ გვირევდიანო”.

ნადირა ხოშურაულმა, რომელიც ყმაწვილობიდანვე პარტიზანულ რაზმებში გურგენ ჭინჭარაულთან, ბერდია მამუკაურთან, ფუნჩია და გოგოთურ არაბულებთან ერთად ებრძოდა ქართლ-კახეთში მდგარ ყიზილბაშებს, გაჯავრებულმა იკითხა: “თუშთად რა გვიქნავ რიალი”-ო და განაცხადა: “თუშნ თუ არ გაგვიყოლებენ, ჩვენ ვიცით სად მიდიანო”. თანაც თუშთა ბელადი შეჯიბრებაში გაიწვია, თუ ვინ აიღებდა პირველი თათართა ხანის კარავს: “მუქარა იყვას, ზეზვაო, საც კარავს იცემდიანო”.

ხევსურთა მოქმედებამ საერთო ლაშქარში მეტი კმაყოფილება გამოიწვია და ხევსურებს კატეგორიულად მოსთხოვეს უკავ გაბრუნებულიყვნენ: “სიტყვობდის გაფრინდაული: “ხევსურებ ნუ მადიანო”.

ხევსურებს უკან გაბრუნება არც უფიქრიათ: “იწყინა ხოშურაულმა, დაბრუნვა არ მწადიანო”.

საბოლოოდ გადაწყდა ბრძოლაში ხევსურთაც მიეღოთ მონაწილეობა: “გაჭირდას გამადგებიანო”.

ნადირა ხოშარაულმა ხევსურები ცალკე გაიყვანა და ლაშქარი დაამშვიდა: “გზანი მეც ვიცი ხევსურნო, საც თუშებ ლაშქრობდიანო”. ხუმრობითაც ისიც კი უთქვამს: “კახეთის გზა მეც კარგად ვიცი, მარტო ჯამბარაობად რამდენჯერ ვარ ნამყოფიო”.

თუშ-ფშავ-ხევსურთა, რომელთაც ძველი დროიდანვე, ძმობა და პირობა ჰქონდათ შეკრული (“შაიყარნიან ერთადა, ლაშარს პირობა შაკრიან, ნუ ვუღალატებთ ერთმანეთს, ჭდეებ დროშაზედ ჰყარიან”). ურთიერთჯიბრი მხოლოდ ბახტრიონის ბრძოლას არ გამომჟღავნებულა. იგი მოდიოდა კახეთის მეფე ლევანის დროიდან, როდესაც მეფემ ეკონომიკური გარიგებით ფშავლები და თუშები “მეამბოხე ხევსურებს” ჩამოაშორა.

ბახტრიონამდე: “ამბობენ თუშნი, ფშაველნი ახვაში წასვლა გვწადიან, ხევსურებს ნუ გამავურევთ, ხათაბალას შვრებიანო”.

ბახტრიონის შემდეგ: “... დაირიდნიან ხევსურნი, არ გვიდა თქვენი ჯარიო, უკენავ წაიყვანიდით თქვენი გუდანის ჯვარიო”. _ ეუბნებიან თუშნი, ფშაველნი და კარატის ჯვარის ყმა ლიქოკელნიც კი ხევსურებს თუშეთში ფარსმის ბრძოლის წინ.

თუშ-ფშავ-ხევსურთა ძმობის ურთიერთრღვევა განაპირობა ზურაბ არაგვის ერისთავის ფშავ-ხევსურეთში ბრძოლებმაც, როდესაც თუშნი განზე გადგნენ და ზოგჯერ შუამავლის როლს ასრულებდნენ მხოლოდ. ფშაველ-ხევსურთა და თვით ხევსურეთის თემებს შორის დაპირისპირებამაც ზურაბ ერისთავის მიერ თრუსოში მოწყობილმა ლაშქრობამ გამოიწვია, რომლის დროსაც ფშაველ-ხევსურთა ნაწილმა განსხვავებული პოზიცია დაიკავა და თრუსოში ხევსურთა ერთი ჯგუფის ამოხოცვაც მათ დაბრალდა.

მომავალი ბრძოლის მოლოდინითა და შურისძიების წყურვილით არ ეძინათ მთიელებს. შებინდებისას ზეზვამ მზვერავი მიაგზავნა ცალკე დაბანაკებულ ხევსურებთან. უკან მობრუნებულმა მზვერავმა მოახსენა: ფიჩხის კონებს კრავენ და სოლებს თლიანო.

ნეტავ რად... უნდაო? _ გაჰკვირვებია თუშებს.

ზეზვა გრძნობდა რომ ხევსურნი რაიმე უჩვეულოს მოიმოქმედებდნენ, კიდევ მიგზავნა მზვერავი.

ნაბდები წაუხურავს და ცეცხლის ირგვლივ სძინავსო, _ დაუმშვიდებია მზვერავს ზეზვა.

ეეგებ არ დაიძინებდესავ, _ უთქვამს ზეზვას.

და მართლაც “არ ქნილა შუაღამეი, ხევსურებ დაპარულანო”. ხევსურებს კოცონის ირგვლივ შემოწყობილი ფიჩხის კონებისათვის ნაბდები წაეხურათ, თავად კი ღამის სიბნელეში სალაშქროდ გაპარულან.

წამოუყრიათ ზეზვას ლაშქარი და მიჰყოლიათ ხევსურებს.

“...თუშები კი ორ წყებად წამოვიდნენ; ერთი პანკისის ხეობაზე, მეორე _ ნაქერალზე, ალვანზე გავლით ბახტრიონში, ზეზვა იმ წყებას ბელადობდა, რომელიც პანკისის გზით გამოემართა...” (გ. ლეონიძე)

პანკისის ხეობით წასული თუშები ბაწარის წყალს მისდგომიან, სადაც თათრებს ხიდზე ნაცარი დაეყარათ, თუშებს ცხენები უკუღმა დაუნალავს და ისე გაუვლიათ,.

დაწინაურებულნი ხევსურნი ხის სოლებით ბახტრიონის ციხის გალავანზე გადავიდნენ და დაერივნენ თათრებს. ნადირა ხოშურაული სულთნის კარავს დასცემია, ხმლით აუჩეხავს და მოუკლავს კიდეც “თათრის ხანი”, თუმცა ბრძოლაში ხმალი გასტეხია. “ეხლა სადა ხარ ზეზვაო, ხევსურებ კარავს ჭრიანო, ნადირაის ხმლის ნამტვრევნი კარვის კართან ხყრიანო”.

ნ.ხიზანიშვილი (ურბნელი) წერს, რომ სხვა ქართველებზე ადრე თუს-ფშავ-ხევსურნი დაეცნენ ბახტრიონის ციხეს, დალეწეს მისი სიმაგრენი, მაგრამ ერთმანეთს ეცილებიან, ან ეკამათებიან _ ჩვენ ავიღეთ ბახტრიონი და არა თქვენაო. “ერთის თუშურის ლექსისაგან ჩანს, რომ თვით ბახტრიონის ციხე მაშინ აიღეს როცა თუშები მიეშველნენ თანამოძმე ფშავ-ხევსურებს, მაგრამ თუშებმა _ კი გადაწყვიტეს საქმე...” (ნ. ხიზანიშვილი)

“ფშავლები გალავანს გადადიოდნენ, ხევსურები მტრის კარვებს სჭრიდნენ, ზეზვა ამართული ხმლით აქეზებდა ლაშქარს”. (გ. ლეონიძე).

თუშ-ფშავ-ხევსურთ ერთიანი ძალით აიღეს გახტრიონის ციხე, მიუხტნენ ალავერდშიც და მუსრი გაავლეს თათრებს.

ხალხური მელექსე გამოყოფს ნადირა ხოშურაულის ვაჟკაცობას და ნიშნის მოგებით ამბობს: “ტყუილად იკლავ ზეზვაო, სახელზედ თუშო თავსაო, ხევსურმ ნადირამ გაჯობნა ნეიფზე ამტვრევს ხმალსაო”. უბრალო მთქმელი ვერ სწვდება გაფრინდაულის პიროვნების ისტორიულ მნიშვნელობას. უმთავრესი თავად ნადირა ხოშურაულის მიერ მეტოქის შეფასებაა: “იტყოდა ხოშურაული: ორი თუ ჯობდეს ზეზვასა... ზეზვაი გაფრინდაული კაი ვაჟკაცი არია...”

ნადირა ხოშურაულს ვაჟკაცობისა და “თათრის ხანის” მოკვლისათვის ჯილდოდ (“სათაო”) ნადავლისად საუკეთესო ხმალი მიუღია. “მამკლავი თათრის ხანისა, სათოდ ამხლე ხმლისაო”.

კახეთის აჯანყებაში მონაწილეობისათვის ხევსურთა ნაწილს ალვანში მამულებიც მიუღია (გადმოცემით უმეტესობამ იარაღი და დავლა არჩია). მაგრამ ამ მამულებით ხევსურნი ნაკლებად სარგებლობდნენ და ბოლოს დაჰკარგეს კიდეც, რაზედაც ხევსური მთქმელი საყვედურს გამოთქვამს: “ვერ ეპატონნეს ხევსურნი, თავის ალვანის წილსაო”. თავად ნადირა ხოშურაულის შთამომავლები 1914 წლამდე ამუშავებდნენ ბოძებულ მამულს ალვანში.

დ.გოგოჭურის კვლევით ნადირა ხოშურაულს ჰყოლია ძმა გამახელა. თავად ნადირა “დაკარგულა”. მკვლევარი ვარაუდობს, რომ ხოშურაულიც ბახტრიონის აჯანყების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად უნდა დაესაჯათ ქართლ-კახეთის გამუსულმანებულ მეფეებს. ბახტრიონის ბრძოლაში დახოცილ ხევსურთა ახლობლებსაც ხოშარაულისათვის დაუდვიათ ბრალი. მოგვიანებით მის სარეაბილიტაციოდ უნდა იყვეს ნათქვამი: “ხოშურაული შავაქათ, აუგი რად ითქმისაო”.

ნადირა ხოშურაულის გადატეხილი ხმალი, როგორც რელიქვია, გვიანობამდე ჰქონდათ მისახში ხოშურაულებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sphotos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/227289_210022982365873_5387392_n.jpg

 

ამბავი აბა ჩალხურისა

 

თუშ-ფშავ-ხევსურეთში განთქმული ხმლის “ბაწარაულას” პატრონი აბა თოთიასძე ჩალხური ლიქოკის თემის სოფელ კარწაულთაში ცხოვრობდა.

 

გადმოცემით ჩალხური სანაგის ჩამომავლები არიან. თავდაპირელად ლიქოკის ხეობაში ბარისახოდან დევნილ სისვაურთა სამი ძმა იხსენიებდა: დათვია, ხუტი და ღივი. ღივის შვილებმა სომეხამ და მინდოდამ ზურაბს არაგვის ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლებში ისახელეს თავი. მინდოდას შვილი იყო ჩალხი, რომლის შთამომავლებს ეწოდათ “ ჩალხურნი” (სხვა გადმოცემით “ჩალხური” ცალკე გვარი არ არის და ლიქოკის ხეობაში ჯერ კიდევ სისვაურის მოსვლამდე იდგა).

 

აბა ჩალხური “სამი ლეკის ბელადის მამკლავი” ერეკლე მეფის დროის კაცი იყო და თავისი ხმლით თუშეთში მოთარეშე ქისტ-ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში გაითქვა სახელი.

 

“საქვეყნოდ გახლდათ განთქმული აბას ხმალი ბაწარაულთა, აბამ თავის წვრილ ხმალს დაარქვა თურმე პირველად ბაწარულა. შემდეგ მრავალ ომში ისახელა თავი ამ ხმლით და მისი ხმლის “თიკუნი” ხევსურეთში კარგი ხმლის ეპითეტად იქცა” –ო, წერს ალ. ჭინჭარაული და დასძენს: ვაჟა-ფშაველა წერდა: “აფშინას ბაწარაულას შუქი შორს გაიფინებაო” (“... ცასავით გამაანათა ბაწარაულა ხმალიო” _ ხალხური. ვაჟას შემთხვევით არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან დაკავშირებული აფშინა მინდოდაურის სახელი და ბაწარაულა ხმალი: მინდოდა, მინდოდაური, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩალხურის წინაპარი იყო).

 

XVII ს-დან საქართველოს შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ჩრდილოელ კავკასიელ ტომებთან ურთიერთობა რამდენადმე გაუარესდა, ურჯულოთა თარეშმა და პირიქით, კავკასიის მთიანეთში სისტემატიური ხასიათი მიიღო, თუმცა ეს ლაშქრობანი მცირე მასშტაბებს ატარებდა და ძირითადად მეკობრული ხასიათისა იყო. აბა ჩალხური სამაგიეროს მიუზღავს მტრებს, თავადაც ხშირად თარეშობს მცირე რაზმებით და მზირ-მეკობრეობს გადამთიელებზე.

 

ლეკები და ქისტები განსაკუთრებით აწუხებდნენ თუშებს და ხევსურნიც მხარში ედგნენ თანამოძმეთ. ერეკლეს დროს თუშ-ფშავ-ხევსურეთის მოურავს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს მეფისაგან საგანგებოდ ჰქონდა დავალებული თუშეთში მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ ფშავ-ხევსურების გამოყვანა.”... ფშავ-ხევსურეთს უნდა წახვიდე და იქაური ჯარი თუშებს მამაცობრივ უნდა მიაშველო”- ო, სწერს მეფე მოურავს 1785 წელს. ამ ისტორიული დოკუმენტის გამოძახილია ხევსურული ლექსი: “ცხენს შაჯედ ქაიხოსროვო, გამოგებიე ყმათაო...”

 

აბა ჩალხურის მონაწილეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თუშ-ფშავ-ხევსურთა ერთიანი ძალით გადახდილი ფარსმის ბრძოლა. ქისტ-ლეკთა ბელადი მურთაზი თორმეტი სანაიბოს გაერთიანებული ლაშქრით თუშეთზე წამოვიდა.

 

(ნ. ხიზანიშვილი-ურბნელის ვარაუდით მურთაზი უნდა ყოფილიყო ბახტრიონის აჯანყების შემდეგ სელიმ-ხანის ნაცვლად დანიშნული მურთუზ-ყული-ხანი. გ. ცოცანიძის აზრით მურთაზ ხანი შამილის მოკავშირეა. მაგრამ, ის ფაქტი, რომ აბა ჩალხური და იმის დროს მოხსენიებული ხევსურები, თავად აბას სიძე-გველეთელი ბიჩინაგა, ერეკლეს დროის კაცები იყვნენ, მიანიშნებს, რომ მურთაზი მეფე ერეკლეს დროის მოთარეშე ლეკთა ბელადი იყო).

 

მტრის მოახლოვებისას თუშებმა მაცნეები დაგზავვეს კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში, თვად კი ციხე-კოშკებს შეაფარეს თავი.

 

ფშაველ-ხევსურთა ლაშქარი თუშეთში გადავიდა, ხალხური გადმოცემებით ბრძოლის წინ ფშავლებმა და კარატის ჯვრის ყმა ხევსურებმა სხვა ხევსურებს ლაშქარში გაერთიანებაზე უარი უთხრეს, რაც სხვადასხვა დროის გადმოცემებით ბახტრიონის წინა და უფრო ძველი ქიშპობა-ჯიბრის გამოძახილიცაა. “ დაირიდნიან ხევსურნი; არ გვინდა თქვენი ხმალიო, უკენავ გააბრუნოდეთ თქვენი გუდანის ჯვარია, იქისას ჩაიაროდეთ, სადაც წისქვილის კარია, თუშო, გაგვიძეღ, წოვაო, მურთაზსაც უდგას ჯარია”.

 

განაწყენებულ ხევსურთა ნაწილი გუდანის ჯვარის სალაშქრო დროშით ცალკე დაბანაკდა. ლიქოკელნი კარატის ჯვარის დროშით ფშავლებს და თუშებს შეუერთდნენ.

 

მურთაზის ლაშქარი სოფლის განაპირას, მინდორში იყო დაბანაკებული. მათ თუშებს პირობები წაუყენეს: 300-300 ქალ-ვაჟი ტყვედ, ამდენივე ცხვარ-ძროხა და ყოველწლიური ბეგარი. თუშები დროის მოგების მიზნით დათანხმდნენ. მაშინ მურთაზმა მძევლები აიყვანა. თუშთა ლაშქარი რომ შეიკრიბა და მაშველი ძალებითაც შეივსო, ნაყავეჩოს ციხეზედ დანთებული ცეცხლი ნიშანი გახდა ბრძოლის დაწყებისა. ბრძოლა თოფებით დაიწყო. ხახმატელნი ხმლით ეკვეთნენ მტრის მეწინავე რიგებს: “აჩქარდა ხახმატის ჯვარი, ხთისაგან ას ნაწილიანი”. აბა ჩალხურმაც ლაშქარი ხმალდახმალ ჩაიყვანა მტერზედ. “ თოფისა ვერა გავიგი, ღმერთმა დალოცოს ხმალიო, გამაერივა ლეკებსა, მგელმა გაბართა ცხვარიო”. სწორედ ეს აჩქარებულობა არ უნდოდა თუშთა ბელადებს, ამიტომ ირიდებდნენ ხევსურთ და მხოლოდ ნაწილი გაჰყვა აბას. მამაცურად იბრძოდნენ აბას მხარდამხარ ლიქოკელნი: ნებიერული, ხუტიანი, პოხილაური, მშაველა ჩალხური.. ხმალი შეალეწა მტერს ნებიერულმა, მაგრამ აბამ მოწინააღმდეგეს აართვა და გადაუგდო ნებიერაულს: “... ნუ სჩივი ნებიერულო, აბა გიშოვის მტრისასა”- ო.

 

როცა მტერმა სიმრავლით იმძლავრა და მისჭირდა საქმე “თოთიამ აბას იძახა: ხევსურნო, მიჭირეთ მხარიო!” “ ხევსურნო”-ში აქ ცალკე გუდანის ჯვარის დროშით მდგარი, მოლაშქრე ხევსურნი იგულისხმებიან და დადგნენ ისინიც ლიქოკელთა მხარდამხარ. განსაკუთრებული სიმამაცითა და თავგანწირვით ღულელნი იბრძოდნენ: “ლეკებს იმაზე წინად ბევრი ღულელი დაეხოცათ ღულის სიმაგრეში და იმდენი ლეკი მოვკლათ ახლა, რომ თითო მაინც მოუდიოდეს მაშინ დახოცილ ორ ღულელსაო” (ა. შანიძე). ბრძოლაში თავი ისახელა ბლოელთა მოლოდინმაც. (ჯერ კიდევ უწვერული, გამოუცდელი მოლოდინა მამამ წინა ლაშქრობაში არ გაუშვა და როდესაც აღარ დაიშალა, მამას დაურიგებია: _ ხევსურთა ლაშქარში აბა ჩალხური იკითხე და მას ჩაუდექი კვალშიო).

 

რაც დაინახეს თუშებმა ხევსურთა თავგანწირვა შეუტიეს იმათაც ერთიანი ძალით: “... კარატის ჯვარს ფარსმის წმინდა გიორგიც ჩაშველებია და ამტყდარა ჭექა-ქუხილი”.

 

გაიქცა მტერი, მიჰყვნენ უკან ქართველნი: “თუშეთს რომ ლეკის ჯარი დასცემია იქ მიშველებიან ხევსურნი, დაღრევიან ხმლებით შიგ ლეკის ჯარს და გაუჭრავ თავები, გაქცეულან მთას იქითაც გადაჰყოლიათ” (ა. სანიძე)

 

 

 

***

 

ხევსურეთშიც გახშირდა რა ქისტ-ლეკთა თარეში, მზირობა-მეკობრეობა, მიჰყვნენ ხევსურნიც ვალზე. აქაც აბამ ისახელა თავი და მოჰკლა ხევსურეთში მოთარეშე ქისტთა ბელადი ბალხის ბათირი. აბა არ არის მხოლოდ მოგერიებული მტრისა, მას თავადაც უდევს წილი მზირ-მეკობარში, თავადაც აწუხებს ჩრდილოელ მეზობლებს. რაც ერთგვარ შურსაც კი იწვევს სხვა თავმომწონე ხევსურებისას: “ლიქოკელთ დაულევავის ბუნოთ მამდინარ მგზავრიო, საშოვარ დააყრევიეს, მაგით შურობენ სხვანიო”.

 

აბა მონაწილე იყო მეფე ერეკლეს მიერ გადახდილი ბრძოლებისა. ერთ-ერთი ბრძოლის წინ, როდესაც მეფეს ხევსურთა აღჭურვილობა შეუმოწმებია, ყველას გაჰკვირვებია აბას რკინის მკვეთელი ხმლის ფხიანობა: “აბაის ბაწარაულსა ქალაქ უსინჯავ ფხასაო, ნეტავი ამის მჭედელი აღარ გასჭედსა სხვასაო?”

 

 

 

***

 

მეტად თავმოყვარე, პატივმოყვარე და ამაყი კაცი იყო აბა ჩალხური. მამის ნებიერა, არანაკლებ ამაყი და თავმომწონე ქალიც ჰყავდა, სილამაზითა და მშვერიერებით განთქმული; “უცოლოთ რომ ატირებდა და ცოლიანებს გულს უკლავდა”.

 

ჰყვარობდა და მოიტაცა იგი მეფე ერეკლესთან დაახლოებულმა ხევსურმა (“ერეკლეს ნაბიჭვარმა”), წელშუ “დიდი ლუდის” მუშამ, გველეთელმა ბიჩინაგამ. თუმცა ქალიც ეტრფოდა მას შორიდან. მალე ბატონთან ქალაქს მიმავალი ბიჩინაგა ფშავის ვიწრო ხეობაში, არაგვზედ გადებული ხიდ-ბაგირიდან წყალში ჩავარდა. ბატონის ნაჩუქარი ნალიანი წუღა დაუსხლტდა ხიდზე და ბატონისაგანვე ბოძებული ქუდ-პატივი არაგვმა ბატონსავე ჩაუტანა ქალაქში.

 

დიდი იყო გლოვა გველეთელ-ველგუჯაურთა.

 

არად ჩააგდო ხევსურთაგან წესად ჩვეული სხვათა თვალ-ყურისაგან ფარვა-მალვა ქმრის სიყვარულითა და გლოვა სიკვდილისა ჩალხურის ქალისა; სმით დაიტირა გველეთელი.

 

ითაკილა თავმოყვარე აბამ სახალხოდ ცოლის მიერ ქმრის დატირება, ადგა და ჯავრიანი შინ წამოვიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...