Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ქალთა სახეები ნაციონალურ პოლიტიკაში


Recommended Posts

ქალთა სახეები ნაციონალურ პოლიტიკაში

ქართველი ქალი ოდითგანვე იყო ნაციონალ პოლიტიკოსთა შთაგონებისა და განუსაზღვრელი ძალაუფლების წყარო.

ქართველმა ამომრჩეველმა დედის ძუძუსთან ერთად შეიტკბო და შეისისხლხორცა ხათუნა გოგორიშვილის კდემამოსილება, ეკა ხერხეულიძის სათნოება, ხათუნა ოჩიაურის სიკისკასე, რუსუდან კერვალიშვილის უანგარობა და მრავალთა სხვათა, აზნაურთა თუ უაზნოთა დედათა სიკეთენი.ქალი, როგორც დედა, როგორც ტრფიალის საგანი და როგორც ოჯახის სიმბოლო – ასე ისახებოდა ქართულ ნაციონალურ პოლიტიკაში სახე დედაკაცისა, რომლის მთავარ საზრუნავსაც ქართველთა კეთილდღეობაზე დაუღალავი ზრუნვა წარმოადგენდა.

საქართველოს გმირული ისტორიის ცარგვალზე ამაყად მოსჩანან ორი მაია: წყნეთელი და ნადირაძე; ორი ხერხეულიძე – ეკა და ცხრა ძმის დედა, რომლის ნამდვილი გვარიც ისტორიამ არ შემოგვინახა; ორი რუსუდანი – თამარის ასული და კერვალიშვილი, რომელთაგან თუ პირველმა ვერ გააგრძელა ღირსეულად მისი დედის საქმენი, სამაგიეროდ მეორის „დექსუს დეველოპმენტი“ აგრძელებს ღირსეულად „ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებულ საშვილიშვილო საქმეს – მოქალაქეების გადაგდება-გაკოტრებას; სამი ხათუნი – ფატმანი („ვეფხისტყაოსნიდან“), ოჩიაური და გოგორიშვილი, რომელთაგან სამივე, პრინციპში, ერთსა და იმავე საქმიანობას ეწევა; ჩიორა თაქთაქიშვილს ჯერჯერობით მეწყვილე არ ეძებნება – მისი მოღვაწეობა შეუფასებელია ქვეყნისათვის.

უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის ამაგდარ მანდილოსნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან მოშურნეთა წინააღმდეგ ე. წ. „ენჯეოშნიცები“: ლამაზმეტყველი ქეთა გაბიანი, რომელიც გაჭირვებული ადამიანის დანახვაზე საცოდაობისგან ისე იწვის, გეგონება, ბენზინი გადაასხესო; პირმშვენიერი ნინო ლაპიაშვილი, რომელიც იმდენს ლაპარაკობს საქართველოს მტრების საწინააღმდეგოდ, რომ ერთი კონა ახლადგაფურჩქნული ვარდი და გაშლილი ქოლგა ეტევა უკვე ყბაში; და მრავალი სხვა…

ტოლს არ უდებენ ქვეყნისთვის თავდადებაში ცენტრში მოღვაწე ქალბატონებს პერიფერიების წარმომადგენლებიც. ამ მცირე ხნის წინ ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში ნანახმა მინისტრი ხაჩიძის დის ბობოქარმა სახემ საქართველოს დაუძინებელ მტერს კიდევ ერთხელ გაუფრთხო ძილი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გურჯაანის გამგეობის ღვაწლმოსილი მუშაკის, ქ-ნ მაკო ჩითინაშვილის დამსახურება ქვეყნის, ხალხისა და პარტიის წინაშე. მის მშვენიერ ბაგეთაგან მომწყდარი, ერთი შეხედვით უწყინარი შეკითხვა: „შენ ვაბშე ვინა ხარ, ე?!“ მრისხანების ზარის რეკვასავით ისმის ჩვენს გულებში და გვახსენებს, ვისი გორისანი ვართ. მისი ფოტო, ცალ ხელში ნაციონალების პარტბილეთითა და მეორეში „ბალგარკით“, „საქართველოს ქალის“, ან თუნდაც „ტაბულას“ ყდას ნამდვილად დაამშვენებდა.

გვახსოვდეს, სანამ მაკოსნაირი დედები, დები და შვილები ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე დგანან, მტერი ვერაფერს დაგვაკლებს. ამ ადამიანშია ერთად თავმოყრილი ვეფხის მზვაობრობა, შვლის სინაზე, ვირის წიხლი, ხბოს აღტაცება, ნიანგის ცრემლები და მრავალი სხვა თვისება.

და რაც მთავარია, ესაა ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის, როგორც ერთიანი, მონოლითური პოლიტიკური წარმონაქმნის სახე. სანამ მაკო და მიშა ერთ სულ და ერთ ხორც არიან, საქართველოს არაფერი დაემუქრება!

დროებით!

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...