Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ბოდიშს გიხდი (V)


Recommended Posts

ამბობენ ადამიანის ხანდაზმულობის ასაკი მაშინ დგება, როცა ის წყვეტს მომავალზე ფიქრს და უფრო მეტ დროს წარსულის გახსენებას უთმობსო. მე, რა თქმა უნდა, ამ საკითხშიც განსხვავებულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ წარსულზეc, კერძოდ ბავშვობაზე, ბევრს ვფიქრობ და მომავალზეც, ამასთანავე  იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ხანდაზმულობის ასაკი ჯერ არ დამდგარა.

ბავშვობის გახსენება მტკივნეულია, ჩემთვის ყოველშემთხვევაში. არა იმიტომ, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა, არა, პირიქით, ბავშვობა ყველაზე ბედნიერი და მხიარული წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. დაფიქრებულხარ, რომ დრო როცა ბავშვებთან ომობანას ან წრეშიბურთს თამაშობდი აღარასოდეს დაბრუნდება, აღარასოდეს გაიღვიძებ ისეთი უდარდელი როგორც ბავშვობაში, აღარასოდეს დაგეზარება მათემატიკის დავალების დაწერა, იმიტომ რომ აღარასოდეს გექნება დავალება მათემატიკაში, აღარასოდეს ახვალ ეზოდან სახლში გაოფლილი კისრითა და გადატყავებული მუხლებით, აღარასოდეს აგიყვანს დედა ხელში, აღარასოდეს წაგიკითხავენ ძილის წინ ზღაპარს, აღარასოდეს იჯდები ფიზიკის მოსაწყენ გაკვეთილზე და აღარასოდეს გადაუგდებ გვერდზე რიგში მჯდომ კლასელს დაკუჭულ წერილს. ამაზე ფიქრი სევდისმომგვრელია, მაგრამ უფრო მტკივნეულია იმაზე ფიქრი რაც ბავშვობაში მოხდა და გინდა, მაგრამ ვეღარასოდეს შეცვლი.

მეექვსე კლასში ვიყავი როცა პირველად დავწერე ამაზე. ბოდიშს გიხდი, ასე ერქვა თემას, რომელიც ქართულის მასწავლებელმა დაგვაწერინა.  

ზაფხული იდგა. აგვისტოს დასაწყისი მოახლოებულიყო და უკვე თითქმის ორი თვე მქონდა გატარებული სოფელში. სოფელი, რომელიც იმ დროს ყელში მქონდა ამოსული, ეხლა კი ოცნებად მაქვს გადაქცეული რამდენიმე დღით იქ ჩასვლა.

დილაობით გვიან ვიღვიძებდით და დედას გვერდზე მიყუჟული ჩუმად ვუსვამდი ცივ კედელს ფეხებს. ღია ფანჯრიდან კალიებისა და ჭრიჭინების ხმაური შემოდიოდა. ისმოდა როგორ უძახდა მეზობელი ქათმებს და როგორ ჩეხავდა ვიღაც შეშას. მაგიდაზე ჩემი ნახატები და ინგლისურის წიგნები უწესრიგოდ ეყარა. ნელა ავდექი და ფეხშიშველი ჩავედი ხის კიბეებზე.

ქვემოთ უკვე მზესუმზირას ხალავდნენ, ყავას ხარშავდნენ და კარტს არიგებდნენ. თუმცა ჩემი ფიქრები უკვე სოფელს აღარ უკავშირდებოდა. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სახლში და ვნახავდი, ჩემი არყოფნის პერიოდში შეცვლილ, ქალაქსა და ეზოს. უკვე აღარ მახარებდა ხეებზე ძრომიალი, ქათმების დაწიოკება, საბუდარიდან კვერცხის ამოღება, ხატვა, კითხვა ან ღამის ბირჟები მეზობლის ქუჩაში (ანუ ჭიშკართან).

აგვისტოს მოახლოებასთან ერთად წასვლაზე წუწუნს ნელ-ნელა მოვუხშირე. ყურადღებას არ ვაქცევდი, როგორ მეხვეწებოდა პაპა და ბებია კიდევ ცოტა ხნით დარჩენას.

ბოლოს ჩემი გავიტანე და წასაყვანად მამამ ჩამოგვაკითხა.

უკვე სექტემბერში, კარგად გავიხსენე ის წამები, როცა ბოლოჯერ მოვკარი თვალი  პაპას. მახსოვს როგორ იდგნენ მზისაგან გადახუმებულ, ალაგ-ალაგ ჟანგიან ჭიშკართან პაპა და ბებია და ხელს არ გვიქნევდნენ, იმიტომ რომ მოხუცები იყვნენ და მათ არ უხაროდათ, რომ ჩვენ ქალაქში მოვდიოდით. მათთვის იმ წუთას იწყებოდა 1 წლიანი ლოდინი შემდეგ ზაფხულამდე, იქამდე სანამ ისევ დაგვითხოვდნენ სკოლიდან და ისევ ჩავიდოდით სოფელში. მახსოვს მათი დანაოჭებული ხელები და ლურჯი პერანგი, რომელიც პაპას ეცვა. მანქანის უკანა შუშიდან ვუყურებდი როგორ მიეფარნენ ნელ-ნელა თვალს, შემდეგ როგორ შეატრიალა პაპამ ბებია ჭიშკრისკენ.

იმ სექტემბერს გარდაიცვალა, ისე, რომ მისი ნახვა ვერც მოვასწარი. იმ დღის შემდეგ მინდა, რომ როგორმე გავაგებინო როგორ ვწუხვარ, რომ მისი უკანასკნელი თხოვნა არ შევასრულე. როგორ მენატრება, მახსენდება და როგორ მინდა თუნდაც სიზმარში ვნახო, რომ ჩავეხუტო და ვუთხრა- ბოდიშს გიხდი.

როცა დასაფლავებიდან ქალაქში მოვდიოდით ისეთი კრიალა ლურჯი ცა იყო. და მე ის დავინახე ცაში. ერთ-ერთ ქათქათა ფუმფულა ღრუბელზე იდგა.  ცალი ფეხი უფრო მაღალზე ედგა ვიდრე მეორე, წელში იყო გამართული და ქვემოთ იყურებოდა. თავისი ლურჯი პერანგი ეცვა და ხელში თავისი ჯოხი ეკავა.

 

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/imgp.jpeg

 

კატეგორიები:

 

საზოგადოება

ხელოვნება / ლიტერატურა

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...