Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ადგილი ახალ გუნდში


Recommended Posts

სტატიის ავტორი: მარიამ მუნჯიშვილი

როცა ახალ გუნდში შევდივართ და ახალ სამსახურს ვიწყებთ, ბუნებრივია, გვხვდება ბარიერები, სირთულეები, რისი გადალახვაც გვიწევს, რომ ადაპტაცია მოვახდინოთ და გუნდმა მიგვიღოს. მისვლის პირველ კვირებში ყველაფერს უფრო მტკივნეულად აღვიქვამთ, უფრო ემოციურად, გვინდა სწრაფად გავერკვეთ ყველაფერში, მოვშინაურდეთ, მიგვიღოს გუნდმა და მათსავით სამსახურეობრივ რიტმში ჩავჯდეთ.

ამის გამოცდილება თითქმის ყველას გვაქვს, უბრალოდ ზოგ შემთხვევაში მოვახერხეთ წარმატებით გადალახვა, ზოგში ვერა, რის გამოც ან ახალი სამსახურის ძებნა დავიწყეთ, ან ისევ დავრჩით, მაგრამ იქ გატარებული ყოველი დღე არასასიამოვნო, დაძაბული და უღიმღამო ყოფილა, რა დროსაც სულ უფრო ვშორდებით გუნდს.

გავიხსენე ჩემი შემთხვევა – რა ბარიერები შემხვდა, როცა სამსახური დავიწყე და რა დამეხმარა ყველაზე მეტად სწრაფად ადაპტაციაში. ვკითხე ჩემს გარშემო ბევრ ადამიანს, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება. ახლა, მინდა თქვენც (ვისაც ეს ეტაპი გაქვთ ცხოვრებაში, ან სამომავლოდ მოგიწევთ) გაგანდოთ და გაგიზიაროთ ის, რისი ცოდნა და გათვალისიწინებაც, ვფიქრობ, ძალიან დაგეხმარებათ თქვენც და მეც სამომავლოდ, როცა ახალ გუნდში შესვლა მოგვიწევს.

1. პირველი 3-6 თვე არ დავუახლოვდეთ არავის კონკრეტულად.

ვეცადოთ, ყველასთან ვიყოთ თანაბარ დისტანციაზე. თავიდან განსაკუთრებით, აჯობებს არც ძალიან ჩავხუჭუჭდეთ ვინმესთან და არც ზედმეტად დისტანციური დავიჭიროთ. ეს უკანასკნელი ცუდია იმიტომ, რომ არ მოგვცემს საშუალებას გავიცნოთ ეს ადამიანი, არასწორ დასკვნებს გაგვაკეთებინებს და უბრალოდ დავკარგავთ მას. ზედმეტი „დაახლობლებაც“ არ მოგვიტანს კარგს, ძალაუნებურად რომელიღაც ერთი წრის ტყვე აღმოვჩნდებით და ჩავიკეტებით. აჯობებს დავიჭიროთ მოზომილი, დისტანციური ურთიერთობა ყველასთან. ამასობაში გავერკვევით, როგორია არაფორმალური ურთიერთობების სტრუქტურა და უფრო სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ.

2. არასდროს არავისზე არ ვთქვათ ცუდი არავისთან. ისინი ამას აუცილებლად გაიგებენ და თან ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ცოტა ნაადრევად მივიჩნევთ ყველაზე ახლობელად.

როგორც არ უნდა გვაიძულოს ეს გარემოებებმა, ვინმეზე ცუდი არასდროს არ ვთქვათ არავისთან. საკმარისად დიდი ხანი არაა, რაც ამ გუნდში ვართ, შესაბამისად არც არავის ვიცნობთ საკმარისად კარგად, რომ მათი შეფასება შევძლოთ - არც იმდენი ვიცით ვინმეზე, რომ ის უარყოფითად დავახასიათოთ და არც ვინმეს არ ვიცნობთ ისე კარგად, რომ მასთან სხვებზე აუგიანად ვისაუბროთ.

3. არასდროს არ ვიწუწუნოთ არაფერზე და არ გამოვხატოთ უკმაყოფილება, მინიმუმ პირველი 3-6 თვე.

ეს არის პერიოდი, როცა გარემოს, საქმეს, თანამშრომლებს, იქაურ ატმოსფეროს ვეცნობით. ამ დროს აუცილებლად შეგვხვდება რაღაცეები, რასაც ჩავთვლით, რომ არასწორია და ასე არ უნდა იყოს, ან ჩვენთვის არის მოუხერხებელი და არ მოგვეწონოს. მაგრამ არასდროს არ ვიჩქაროთ უკმაყოფილების გამოხატვა, პირველი რამდენიმე თვე მაინც. ცუდი ტონია ეს, ისევე, როგორც თანამშრომლებზე ცუდის თქმა ვინმესთან. მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ცუდს, ან რაც არ მოგვწონს, იმას უნდა შევეგუოთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, ბევრი რამე შეიცვლება, ბევრ რამეზე მივხვდებით, რომ როგორც არის, ისე უნდა იყოს და დავრწმუნდებით, რომ ძალიან სწორად მოვიქეცით, ამაზე პრეტენზიები რომ არ გამოვთქვით თავიდან.

4. დავსვათ რაც შეიძლება ბევრი შეკითხვა.

მართალია თავიდან ყველამ გულდასმით შეიძლება არ გვიპასუხოს, ვერ მოიცალონ, მაგრამ მთავარია ჩვენ არ შეწყვიტოთ. ეს ადამიანების გაცნობაშიც დაგვეხმარება და საქმეშიც სწრაფად გაგვარკვევს, თან აქტიური, კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ადამიანის იმიჯსაც შევიძენთ. მინიმუმ ჩვენთვის მარტო ჩუმად ჯდომა არ მოგვიწევს და სხვების თვალში მოსაწყენი ადამიანის შთაბეჭდილებას არ დავტოვებთ. პირიქით, კიდევ უფრო გავიხსნებით და ბევრ საჭირო რამეს გავიგებთ.

5. ვიმუშავოთ რაც შეიძლება ბევრი.

მართლა უნდა ვიმუშავოთ ძალიან ბევრი. განსაკუთრებით პირველი სამი თვე არ დავზოგოთ თავი, არ მოვდუნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო ყველა ასე შეიძლება არ იქცეოდეს. ბევრი მუშაობა დაგვეხმარება ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანთან გვქონდეს შეხება, მუშაობის კარგ ტემპს აგვაღებინებს და სხვებსაც თავს მოვაწონებთ ჩვენი მონდომებულობით.

6. ვეცადოთ ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს ხელმძღვანელთან.

არ ვაფიქრებინოთ, რომ არაფერს ვაკეთებთ. ვუტრიალოთ გარშემო, შევეცადოთ სულ ინფორმირებული გვყავდეს, თავიდან მაინც განსაკუთრებით ჩავაყენოთ საქმის კურსში ჩვენს საქმიანობაზე, გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები, განსაკუთრებით რა მოგვწონს, შეკითხვების დასმასაც ნუ მოვერიდებით, ვეცადოთ ვიგრძნოთ მისი განწყობა, ვეცადოთ ვიცოდეთ, რას ფიქრობს და რას ელის, მაგრამ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ თავი არ მოვაბეზროთ.

7. არ ვილაპარაკოთ წინა სამსახურზე ბევრი, მითუმეტეს კარგად. ამით ადამიანებს გავაღიზიანებთ, თუმცა არც ცუდის თქმაში არის რამე სარგებელი..

„ამას იქ ასე ვაკეთებდით..“, „ასეთ დროს იქ ასე ვიქცეოდით..“ და ა.შ. ეს ფრაზები არ გამოვიყენოთ და საერთოდ მოვერიდოთ შედარებების გაკეთებას ხმამაღლა. ვართ ახალ სამსახურში, ახალ გუნდში და აქ ეს არავის ესიამოვნება. ნურც წინა სამსახურის, ყოფილი უფროსის, ან თანამშრომლების დადებითად ან უარყოფითად დახასიათებებს დავიწყებთ. ეს არასდროს მოგვიტანს კარგს, არც სხვის თვალში მოგვემატება რამე და არც არავინ დაგვაფასებს უფრო მეტად, რომ დღეს არჩევანი მათ გუნდში ყოფნაზე გავაკეთეთ.

8. ხშირად შევთავაზოთ დახმარება ჩვენს კოლეგებს.

შეიძლება არ დაგვიხმარონ, მაგრამ ჩვენ მაინც შევთავაზოთ. თუ დათანხმდებიან ჩვენს შეთავაზებას, ჩვენთვის უკეთესია, უფრო მალე ვისწავლით ბევრ რამეს, თუ არა მინიმუმ კეთილგანწყობას მაინც გავზრდით ჩვენს მიმართ, თუ იმისას არა, ვისაც შევთავაზეთ, ვინც დაინახა რომ ასე მოვიქეცით, იმათსას მაინც.

9. მოვერგოთ ამ კომპანიის კულტურას.

კარგად დავაკვირდეთ, გავითვალისწინოთ და ჩვენც გადავიღოთ მათი წესები, ჩაცმულობა, კულტურა, ჩვენც გავითავისოთ ის, რაც ამ კომპანიის ნაწილია უკვე, ყველა იზიარებს და ყველასთვის საერთოა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიგარეტის მოსაწევად დავიწყოთ სიარული, როცა იქამდე საერთოდ არ ვეწეოდით, ან ლუდის ან არყის სმაში შევუერთდეთ ხშირი დალევის მოყვარულებს მაშინ, როდესაც იქამდე საერთოდ წვეთსაც არ ვსვამდით. კარგ ჩვევებში და კარგ ღონისძიებებში ვეცადოთ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ და არ გამოვაკლდეთ მათ და ამით გავხდეთ ამ კორპორატიული ერთიანობის შემადგენელი.

10. შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

პირველი 3–6 თვე მაინც ყველანაირად ვეცადოთ, რომ არ გამოვხატოთ ჩვენი უხასიათობა. ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს ახლა, როცა ბევრი გულისტკენა შეიძლება შეგვხვდეს და არასასიამოვნო გარემოებებში აღმოვჩნდეთ. თანამშრომლების ნაწილი მაინცდამაინც კეთილგანწყობილები ჩვენს მიმართ შეიძლება არ იყვნენ, ბევრმა შეიძლება უყურადღებობა გამოიჩინოს, თავის წრეში მაინცდამაინც ახლოს არ მიგვიღონ, გვაგრძნობინონ, რომ ახლები და უცხოები ვართ, თანაც არაერთხელ – მიუხედავად ამისა, ძალიან უნდა ვეცადოთ, არ გამოვხატოთ, რომ გული გვაქვს დაწყვეტილი, ან ვინმეზე ვართ ნაწყენები, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ყველა ყინული აუცილებლად გალღვება საბოლოოდ. ამჯერადაც დავრწმუნდებით, რომ კარგი ვქენით არ ვიჩქარეთ და ჩვენი გრძნობების მოთოკვა შევძელით.

___________________________

კიდევ არსებობს რამდენიმე წესი, თუ რჩევა, რაც შეიძლება გავითვალისწინოთ ასეთ დროს, თუმცა ვფიქრობ, ამათში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია, რაც დაგვეხმარება ბარიერების სწრაფად გადალახვაში.

ვისაც გიდგათ ეს სირთულე დღეს, გისურვებთ მონდომებას თავდაუზოგავი შრომისთვის, ბევრ პოზიტივს და მოთმინებას. თქვენ აუცილებლად გახდებით გუნდისთვის ძალიან ძვირფასი წევრები!

 

წყარო : strategy.ge

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/AA%20logo_strategia_0_1_8_1.jpg

 

ტეგები:

 

ადგილი ახალ გუნდში

 

კატეგორიები:

 

ბიზნესი

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...