planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 შესავალი აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც. კ. კოლხი http://kakhaberkolkhi.blogspot.fr/2012/07/vii.html თავი VII. სასწორი - ბაღში ვარდებიი, ვარდების კონაა ... ... შემიყვარდებიი, ჩემო გოგონაა ... J ... ბოჰემა, შარმი, არისტოკრატული, განსახიერებული მდედრული სილამაზე და ... პარიზის ბინდი ! ...ჩემთვის სასწორი ქალის ხასიათი სწორედ პარიზთან ასოცირდება, მონ-მარტთან, სენის სანაპიროსთან ან ლაფაიეტის გალერეასთან, ქალაქთან სადაც მხატვრები პარიზის ბოჰემას ქმნიან და ამ ვანილის ფხვნილისა და კარამელის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებს პასტელურ განწყობას ჩუქნიან თავისი იმპრესიონისტული პალიტრით.სასწორები ძალიან გვანან ზოგადად საფრანეგთს და თუ რატომ, ამის აღწერას ძალიან ბევრი სივრცე და დრო სჭირდება, ასე რომ ყველა თავისებურად წარმოიდგენს რატომაც ... სხვა მხრივ, ვინმემ რომ მკითხოს, ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებ სასწორებსო, როგორ და აი ასე: ქალი, ქალი, ქალი, ქალი, ქალი ... სხვა არაფერი ქალის გარდა. ქალი, მისი საუკეთესო გაგებით და თვისებებით, სუსტი და ძლიერი მხარეებით. საკაცობრიო ნეკნი, ვუალის ქვეშ დაფარული ევა ან კაცთა მოდგმის მაცდური, ადამის საიდუმლო ცოლი - ლილიტი ! ორივე ბუდობს ამ ნიშანში, გააჩნია ვინ როგორ ავითარებს საკუთარ ბნელ და ნათელ მხარეებს. კაცებიც კი, რომელთა ასცედენტიც სასწორშია, ქალური სილამაზით გამოირჩევიან, როგორც მაგალითად ალენ დელონი და ლეონარდო დი კაპრიო. რა თქმა უნდა, ორივე მორიელია, მაგრამ როგორც ვთქვი, ასცედენტი სასწორში აქვთ და ეს მათ გარეგნობაზეც აისახება. თავად სასწორი მამაკაცებზე აღარ მაქვს საუბარი ... სასწორი ქალი ან კაცი და მახინჯი ნამდვილად არ მინახია, თუ კლასიკური გაგებით მახინჯია, მასაც კი ლამაზი სიმახინჯე აქვს. ჩემი ასცენდენტიც სასწორში ყოფილა, არ ვიცი ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სასწორებს ნამდვილად დაუტოვებიათ ემოციური და თანაც ძალიან ძლიერი კვალი, ზოგს უარყოფითი, ზოგს დადებითი. ჩემი დევიზია - სიმართლე გაგათავისუფლებთ ! ... მე მძულს სიცრუე და ფაქტების გაზვიადება, ამიტომაც ვაღიარებ, რომ ვინმეს მიერ ჩემს ცხოვრებაში დატოვებული უარყოფითი კვალის მიეზეზი ჩემი მძიმე ხასიათიცაა გარკვეულწილად, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში ტკბილი ნამცხვარიც და აჯაფსანდალიც ორი ინდივიდის აქტიური მონაწილეობით იქმნება ... წინა თავში ქალწულებზე ვიხსენებდი ამბებს და ვთქვი, რომ ქალწულებს არანაირი ემოციური მოგონებები არ დაუტოვებიათ მეთქი და ასეცაა, რაზედაც ზოგიერთ ქალწულს ეწყინა კიდეც, ეს მოსალოდნელიც იყო. მაშინ ამდენი რამ დაგაწერინა ქალწულებზე, თუკი არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენიათო და ახლა ვხსნი მათ გასაგონად კიდევ ერთხელ და ქართულ ენაზე, რომ განსხვავებით სხვა მოგონებებისგან, ქალწულებზე სრულიად უემოციოდ დავწერე ის, რაც უნდა დამეწერა. რა არის აქ საწყენი, ის რომ სიმართლე ვთქვი და ემოციები რომ არ დაუტოვებიათ ჩემში ? J ... სასაცილოა უბრალოდ მათი ინფანტილური გაფიცხება ჩემს ,,მწარე სიმართლეზე,,. რა ვუყო ახლა, მარსი ტყუპებში მყოლია და მეპატიება სიმართლის უხეში ფორმებით გადმოცემა J ... კიდევ ერთხელ ვურჩევდი ქალწულ-ვაჟწულებს, მოეშვნენ ხელოვნურობას, მიენდონ საკუთარ ბუნებას, სამყაროს, რადგან ასეთ შემთხვევაში მეტი შანსია გამოვლინდეს მათი ბუნებრივად ნათელი მხარეები. ნებისმიერი მათი გადახვევა ნატურალიზმიდან ხელოვნურობისაკენ, მათ სულიერ და ფიზიკურ დეგრადირებას გამოიწვევს, რისი ნათელი მაგალითია მაიკლ ჯექსონის ცხოვრება, რომელიც ქალწული იყო, მაგრამ ასცედენტი სასწორში ჰქონია, როგორც ამბობენ. კარგი, მოვეშვები ქალწულასულებს და ისევ გავაგრძელებ, რის მოყოლასაც დღეს ვაპირებდი. ვენერას შვილებთან ცხოვრებისეულად ძალიან გადამწყვეტი შეხვედრები მქონია. მიუხედავად ზოგიერთი კარდინალური ასპექტების ჩვენ შორის შეუთავსებლობისა, მე მათ მაინც პატივს ვცემ, რა თქმა უნდა მდედრებს ვგულისხმობ, რამეთუ ქალების მეტი არავინ შემხვედრია სასწორებიდან, გარდა ორი გამონაკლისისა. მეგობარი მყავს ერთი, სასწორია, კეთილი ადამიანია. ფიზიკურად, როგორც სასწორს შეეფერება, ლამაზია, მაგრამ იმ საქმით არაა დაკავებული, რაც სასწორებს ცხოვრებასთან ჰარმონიაში შეათავსებდა და ამიტომაც მისი ცხოვრებაც სავსეა უაზრო წინააღმდეგობებით, კონფლიქტებით, რაც მას შინაგანად ანადგურებს. ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს, რითაც ჩემის აზრით, საკმაოდ იბინძურებს კარმას, თუმცა ეს მისი პირადი გადასაწყვეტია. მდედრი სასწორი იაპონურ ბაღში დაცვენილ, საკურას გაყვავებულ ფაქიზ ფოთოლს მაგონებს, რომელიც იმას ფიქრობს, რომ დაცემის გზაც კი, ხის ტოტიდან დედამიწამდე, ლამაზად გაიაროს, ნატიფად ჩამოვარდეს და ბოლოს დახვეწილად, არტისტულად დაეცეს მიწას, სცენაზე, რომელიც თავის გემოვნებით და ფანტაზიით არის მოწყობილი J ... სილამაზის ფანატები არიან, მანიკ’ურ-პედიკ’ურ-ის, ვარცხნილობის ოსტატები, შესანიშნავი ხელი აქვთ სამზარეულოში, ჯადოსნური საჭმელების კეთება შეუძლიათ, მით უმეტეს თუ თვითონაც გურმანები არიან. ნათესავი მყავს სასწორი ქალი, ჯერ ხომ ნატიფი სილამაზის ქურუმს გავს და მერე კიდევ მისი სამზარეულო საყოველთაოდ განთქმულია, კერძების ჯადოქარია, რაშიც კუროებს სჯობნის კიდეც. პირად ასპექტში იმდენი რამის მოყოლა შემიძლია ქალ სასწორებზე, რომ ყველაფერი რომ გამოვამზეურო, ერთი-ორი ადამიანის პირადი ცხოვრებაც უნდა გავაშიშვლო და რა გითხრათ, ჩემი ცხოვრების გამომზეურებისთვის არ ვარ მზად, არათუ სხვისი. ამიტომ შევეცდები მათ დახასიათებას ირიბი მეთოდებით, რამდენადაც გამომივა, კონკრეტული პიროვნებების უხსენებლად. მე მგონი ვახსენე ადრე, რომ მხატვარი ვარ მეთქი და საერთოდ ხელოვნების სფერო, სამხატვრო სპეციალობები უფრო ახლოა ჩემთვის, ვიდრე რუტინული იურიდიული სამუშაო. იურისპრუდენციაშიც კი შემოქმედებითად თუ არ ვმუშაობ, უცებ მწყინდება და მეკარგება ინტერესი სქელტანიანი საქაღალდეების ქექვის ... ნუ, პრინციპში საქმის შინაარსაც გააჩნია. ერთად-ერთ ჭეშმარიტ სიამოვნებას, რაც ჩემში იურისტის პროფესია იწვევს, ესაა საჯარო დებატები, სიტყვით გამოსვლები სასამართლოში, რადგან ადვოკატის, ზოგადად იურისტის, პროფესია სოფისტიკური უნარ-ჩვევების გარეშე სრული კატასტროფა და იდიოტობაა. მადლობა ღმერთს, სამყარომ სოფისტიკის ცოდნა უხვად მომანიჭა და ისეთ ინფორმაციებზე წვდომის უნარი მომცა, რაც, როგორც ავღნიშნე იურისტის პროფესიაში მადგება და განსაკუთრებულ რელაქსაციას განვიცდი, როდესაც ეს ცოდნა, დარწმუნების ნიჭი თავის გასაქანს პოულობს რომელიმე საჯარო ტრიბუნაზე გამოსვლისას. ჰოდა, საიდან სად გადავხტი ... ხელოვნებაზე ვსაუბრობდი და იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ მე როგორც სილამაზის ერთ-ერთი მსახური და მოტრფიალე, რასაც ყოველგვარი უტიფარი, უგვანო და ფსევდო თავდაბლობის გარეშე ვადასტურებ, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად, ვიტყვი რომ სასწორი ქალები ძალიან მიმზიდველები არიან. ვანილის შარმი აქვთ ! ... გემოვნებაზე არ დაობენ, ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ჩემთვის ასეა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რამაც მე მათთან ცხოვრებაში დამაკავშირა და აქ უნდა დამთავრებულიყო ყოველგვარი ურთიერთობა მათთან, ცხოვრებისეული საკითხებისადმი კარდინალურად განსხვავებული მიდგომების გამო. საქმე იმაშია, რომ როდესაც ორ ადამიანს საპირისპირო მეთოდები აქვს ზღვის გადალახვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თუნდაც ერთმანეთს ფიზიკურად იზიდავდნენ, მათ შორის მაინც მოხდება კონფლიქტი და საბოლოოდ მათი გემი ჩაიძირება. ცხოვრების ერთობლივად ასაშენებლად მარტო ფიზიკური მაგნეტიზმი არაა საკმარისი, მითუმეტეს, როდესაც ერთ-ერთი ძალაუფლებისა და თავისუფლების მოყვარეა, ხოლო მეორე კი ცდილობს პარტნიორი გადააკეთოს და სიმებიანი ინსტრუმენტივით ააწყოს ,, на свой лад’’ . თუ უყვართ, უნდა უყვარდეთ მისი ინდივიდუალიზმიც, თუ არადა ყოველივე ხელოვნურობა დაინგრევა ადრე თუ გვიან. სიყვარული და დათმობაც არ შეიძლება ცალმხრივად, კომპრომისების დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ვერც ერთი ურთიერთობა ვერ აეწყობა ხანგრძლივი და მყარი პერსპექტივით. რა თქმა უნდა ორი ადამიანის ცხოვრებისეულ შეუთავსებლობას და კონფლიქტებს სოციალურ- კულტურული სხვაობის ფაქტორებიც განაპირობებს. სასწორი ქალები სიყვარულში ძალიან დრამატულები არიან, უმცირეს ნიუანსებს, ტრივიალურ ქცევებსაც კი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და მათი პირადი ბედნიერების საფრთხედ აღიქვამენ. სასწორს თუ უყვარს, უყვარს სიღრმისეულად, ძლიერად, ისე რომ სიყვარულის ერთობის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელია, საკუთარი თავის გაწირვაზე, ხოლო თუ ძალიან გამწარდა, ტყუილზეც, ფარისევლობასა და ცილისწამებაზეც კი, მაგრამ არა ბოროტი მიზნებით, არამედ სიკეთის მიღწევის სურვილით. ხშირად კი მათი წარმოსახვითი სიკეთე შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ რეალობას, რაც ირგვლივ სუფევს და სასწორებსაც თვითმსხვრევის პერიოდი უდგებათ. საერთოდ ძალიან მგრძნობიარე გული აქვთ და მათ გვერდით არ უნდა იყოს უხეში, აგრესიული და ძალაუფლების მოყვარე პარტნიორები, წინააღდეგ შემთხვევაში მათი შინაგანი ემოციები გამოიფიტება და დაემსგავსებიან ცხელი ქარივით გამომშრალ, ერთი შეხედვით უგრძნობ და უემოციო არსებებს. უდაბნო დაისადგურებს სასწორის სულში, შურისძიების ქარი იღმუვლებს ამ უდაბნოში და ყოველ შესაძლო შემთხვევაში შეიძლება ვულკანმაც ამოხეთქოს ! ყველაზე უარყოფითი თვისებები, რაც მათ ახასიათებს, ესაა უაზრო ყოყმანი, გადაუწყვეტელობა და ჭორიკნობა, რაც უცილობლად მათივე ზიანით მთავრდება ხოლმე. თუკი ისინი რეალურ ცხოვრებაში ვერ პოულობენ სილამაზეს, აქვთ მიდრეკილება ილუზორული, ჰარმონიული სამყაროს გამოგონებისადმი და თვითონ ისინი მართლაც მთელი ემოციებით ცხოვრობენ თავიანთ გამოგონილ სივრცეში. რეალურ ცხოვრებას, უხეშ რეალობასთან შეჯახებას კიდევ უფრო მეტი უსიამოვნებები მოაქვს მათთვის. ამ ილუზორულ საქმიანობაში, ისინი იგონებენ ათასგვარ ისტორიებს საკუთარ წარსულზე, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა, თითქოს ცდილობენ თავისი ცხოვრების უსიამოვნო მოგონებები ამოშალონ მეხსიერებიდან. ხშირად კი საკუთარ ტყუილებში იბლანდებიან ხოლმე J ... ასე, რომ ნუ მოიტყუებთ თავებს და იყავით უფრო გაბედულები ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებაში. ერთი სასწორი იყო, ძალიან მძიმედ დავამახსოვრეთ ერთმანეთს თავი და ახლა მიხარია, რომ მეორე ცხოვრება ნახა, შვილიც ყავს, ცხოვრობს ევროპაში, გათხოვილია უცხოელზე ... უბრალოდ, კიდევ ვიმეორებ, დიდი და ძლიერი ემოციებისგან ბევრს ჰგონია, რომ ცხოვრებას ააწყობს და ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს. მხოლოდ ძლიერ განცდებზე დაყრდობით მყარი შენობის აშენება არ ხდება. ხოლო რაც შედეგს ვერ მოიტანს და რაც ორი ადამიანის სულიერი ძალების უერთერთგამოფიტვით შეიძლება დამთავრდეს, ის ურთიერთობა დროზე უნდა მოიშალოს, რათა ორივემ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად გამოამჟღავნოს ცხოვრებაში, მითუმეტეს სანამ ახალგაზრდები არიან. ... შეყვარებული სასწორი კი ინტრიგანიც შეიძლება გახდეს, რომ მისი იმედების დამსხვრევისათვის სამაგიერო გადაიხადოს როგორმე. ჭორიკნობაც ახასაიათებთ სამწუხაროდ. ამ წმინდა ქალური თვისებით კაცი სასწორებიც დაავადებულები არიან. ჩვენს კურსზე ერთი სასწორი ბიჭი დადიოდა ლექციებზე, დაუსწრებლი განყოფილებიდან, უფაქიზესი და უჰუმანურესი, ფანტაზიორი ტიპი. ერთი გოგო უყვარდა, ხვდებოდა, კოცნიდა, ეხვეოდა, სექსით იყო დაკავებული მასთან, შვილებსაც აკეთებდა, რომანტიკულ საღამოებს უწყობდა, ათასგვარ საჩუქრებით, ალერსითა და ქათინაურებით აღავსებდა ... მაგრამ ეს ყველაფერი თავის წარმოსახვაში და შორიდან, პლატონურად ! J ...სინამდვილეში იმ გოგომ არც კი იცოდა ამ ტიპის არსებობის შესახებ. ძალიან უკონფლიქტო ადამიანი იყო, ხანდახან იმდენად მტრედობდა, რომ შეგეცოდებოდა. მასზე იყო ნათქვამი, მარცხენა ლოყაში გაარტყი და მარჯვენას შეგიშვერსო. ... კარგია, მაგრამ რა ხეირი მერე ?! J ... ხანდახან ასე მგონია, რომ საკუთარი ნება არ ჰქონდა, რომ გეთქვა, ძმურად მტკვარში საათი ჩამივარდა და ამომიტანეო, გადახტებოდა ... ქალის უდიდესი გავლენის ქვეშ ექცევიან სასწორი კაცები, ამიტომ ადვილია მათი მანიპულირება. საერთო ჯამში დადებითი ხალხია, სასიამოვნოდ საურთიერთობო. მაგრამ დიდი არტისტები არიან, რისი წყალობითაც იქმნიან საჭირო იმიჯს ცხოვრებაში პირადი მიზნების მისაღწევად. სასწორმა თუ ცხოვრებისეული წონასწორობა დაკარგა, მტრისას, შეიძლება გული შეგიღონოს მისმა გაურკვევლობამ ... ვერ გაიგებ რა უნდა (რითაც ფრანგ ბიოროკრატებს ემსგავსებიან), რადგან თვითონაც არ იცის რა უნდა, რაც რა თქმა უნდა დამღლელია. მაგრამ სასწორები იშვიათად კარგავენ წონაწორობას, ამისათვის რაღაც ძალიან ძლიერი ზემოქმედება უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში - ომი, მასზე განხორციელებული ძალადობა და ა.შ. მე რაც დაკვირვებული ვარ, ასეა, მაგრამ ჩემი აზრი არაა ემპირიული ჭეშმარიტება, ცხოვრება მრავალწახმაგოვანია და ყოველი ინდივიდი ცალკე აღებული მაკროსამყაროა.... უცებ, დაუფიქრებლად ვინ მახსენდება გამოჩენილ სასწორებში და ესაა: პელე, ვიგო მორტენსენი, ოსკარ უაილდი, ლერმონტოვი, მაიკლ დუგლასი, კეტრინ ზეტა ჯონსი, მარიონ კოტიარი, მარჩელო მასტროიანი, ნიკიტა მიხალკოვი, ოლეგ ბასილაშვილი, მანუ ბენეტი (ახალგაზრდა ავსტრალიელი მსახიობი, რომელმაც კრიქსუსის როლი შეასრულა ახალ ტელესერიალში ,,სპარტაკი,, ) და რა თქმა უნდა ქალთა ქალი - მონიკა ბელუჩი ! ... მონიკას ქმარი თუ კოპანი, როგორც გინდა დაარქვით, ვინსენტ კასელიც სასწორია, ამიტომაც უგებენ ერთმანეთს, ალბათ ორივე თავისკენ წონის და საბოლოოდ ცხოვრებაც ბალანსდება ... საქართველოს ნომერ პირველი მტერიც სასწორია. მტერს კი ახლოს უნდა იცნობდე, თუ გინდა რომ მარცხი არ იწვნიო მისგან და პირიქით, დაამარცხო ან გამოიყენო მანამდე, სანამ ის სასარგებლოა. პოლიტიკა სენტიმენტების ადგილი არაა და მე პირადად მაკიაველიზმს ვამართლებ, მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში და არა საშინაო ასპარეზზე.თუ პოლიტიკოსი ვერ არჩევს, როგორ მოექცეს მტერს და როგორ - მოყვარეს, თუკი საკუთარ ხალხს მტრულად ექცევა, ხოლო მტერს ლაჩრულად, უვიცად ან საერთოდ ვერ გაუგია, როგორ მოექცეს, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება ჩემი აზრით. საქართველოს ნომერ პირველი მტერი კი მაღალგანვითარებული სასწორის ტიპისაა. მეორე საკითხია, როგორი მოტივები ამოძრავებს მას, ჩემთვის მისი მოტივები ცალსახად ბოროტია, როგორც საკუთარი ხალხისათვის, ისე ჩემი ქვეყნისთვის. მაგრამ ფაქტია, რომ უზარმაზარი, ჰიბრიდული მონღოლურ-სლავური (მონღოლებმა გააფუჭეს სლავური ხასიათი, სამწუხაროდ) ატომური სახელმწიფოს შეფობის მიღწევას და შემდეგ 13 წლის მანძილზე ერთპიროვნულად მართვას ცივი ინტელექტი, დიდი ნებისყოფა, ემოციების ატროფირება და საზოგადოებისადმი სათანადოდ გაბოროტება სჭირდება. ეტყობა ვ.პუტინს ყველა ეს თვისება ახასიათებს. თანაც სასწორი თუ გაბოროტდა, რაც ბუნებაში უიშვიათეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, ისეთივე ერთგულად და დახვეწილად ემსახურება ბოროტებას, როგორც სიყვარულს. რითი შეიძლება გაბოროტდეს სასწორი ? ... პირველად, ბავშვობაში შექმნილი, შეურყვნელი, წმინდა სილამაზის დამსხვრევით და მასზე სექსუალური ან სხვა სახის ძალადობით. მახსოვს, ამხელა პოლიტიკოსი კაცი, ამხელა სახელმწიფოს ხელმძღვანელი, მსოფლიოს წინაშე, გაგანია 21-ე საუკუნეში, რა ბრძანებას აძლევდა რუსულ არმიას - ,, мочить их в сортире !’’ - ეს იყო მიცემული ინსტრუქცია თითოეული ჯარისკაცისთვის ... პირნათლად იქნა შესრულებული ,,ბეზპრიზორნიკად’’ გაზრდილი პუტინის მოწოდება და სხვადასხვა მონაცემებით, მეორე ჩეჩნური ომის დროს 40 000-მდე ბავშვი დაიღუპა, არასრულწლოვანი მოზარდების ჩათვლით. შეიძლება ეს ციფრი არაა ზუსტი, მაგრამ ფაქტია, რომ ათასობით ბავშვი იქნა მოკლული პუტინის ტყვიებისგან. ესაა ცხოვრებისგან გაბოროტებული, ალბათ ერთ დროს კეთილი ბიჭუნას, თანამედროვე სასტიკი სახე, რომელიც ძალიან წააგავს სმეაგოლის გოლუმად გარდაქცევის ტრაგიკულ ისტორიას ,,ბეჭდების მბრძანებლიდან,, ... სასწორის ნიშნით დაბადებული მეორე ოდიოზური ფიგურა თანამედროვე ევროპის პოლიტიკაში, რომელიც მუდამ სექს-სკანდალებთან, კორუფციასთან და ფეხბურთთან ასიცირდება - სილვიო ბერლუსკონია. აღარ მინდა სასწორების იმპრესიონისტულ კომპოზიციაში პოლიტიკა გავურიო და ბარემ ქალით დავიწყე და ქალითვე დავასრულებ. საქალეთის უმრავლესობისთვის, ალბათ ყველა დროის, ყველაზე ლამაზი მამაკაცის ეტალონად ალენ დელონი ითვლება, რა თქმა უნდა. რამდენ ქალს უოცნებია მასთან თუნდაც 5-10 წუთით საუბარი, ახლოდან შეხედვა, ან შორიდან თვალთვალი და მისით ტკობა, მაგრამ ალენ დელონი ბედის განგებით ერთ მშვენიერ ქალბატონს ხვდა წილად. რომი შნაიდერიც სასწორი იყო. მათი სიყვარულის ისტორია კლასიკური ნიმუშია რომანტიზმის და ამავე დროს ქალის ცხოვრების ქალური ტრაგიზმის. ალენ დელონს აქვს ასეთი ფრაზა ნათქვამი: ვნებები მიდის და მოდის, მეგობრობა კი რჩება. ... კი, რჩება მეგობრობა, რა თქმა უნდა, მაგრამ მშვენიერი რომი ალენის მიერ დატოვებულმა ვნებამ გაანადგურა საბოლოოდ. სულ 5 წელი იცხოვრეს ერთად და 1963 წელს დელონმა იგი მიატოვა. ამის შემდეგ რომიმ რამდენჯერმე თავის მოკვლა სცადა ... გადიოდა წლები და თვითმკვლელობის დემონი რომის ცხოვრებას არ მოშორებია. ჯერ იყო და მისმა პირველმა ქმარმა ჰარი მეინმა, რომისთან განშორების შემდეგ, 1979 წელს მოიკლა თავი. შემდეგ, 1981 წელს რომის შვილი - 6 წლის დავიდი გარდაიცვალა უბედური შემთხვევით, მუცლით წამოეხია რაღაც მყარ საგანს ღობეზე გადაძრომისას ... 1982 წლის 29 მაისს კი, გაყვავებული ალუბლის ფურცელივით დაეცა მიწას რომის უმშვენიერესი სხეული, ქალური სილამაზისა და ქალური ტრაგიზმის განსახიერება ... ასევე თვითმკვლელობით, ფსიქიკა შეჭმული, დამსხვრეული პირველი და უკანასკნელი ვნებით - ალენ დელონით. ლამაზად დაიბადა და ლამაზდვე წავიდა, კარამელის სურნელით გაჟღენთილი ნიავივით, დატოვა სილამაზე და გარდასახლდა მისივე შექმნილ უღალატო, იდეალისტურ სამყაროში, სადაც სივრცეებს წრფელი სიყვარული მართავს ... ასე გასრულდა ამბავი ესე ... სავსე განუცხადებელი მოგონებებით და მაინც ღიმილით. შემდეგ თავში კი სწორედ ალენ დელონის ვარსკვლავურ და-ძმებზე მექნება საუბარი, ანუ ღრიანკლებზე ... გასახსენებელი კი მართლა ბერვია, არც კი ვიცი როგორ და სად დავტიო ... ... არ უშავს, რამეს მოვიფიქრებ, ახლა კი ... ღამე მშვიდობის. კ. კოლხი 07.07.2012 კუსკუსის სურნელით გაჟღენთილი ფრანჯისტანი ... და არა ვანილიანი საფრანგეთი J პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/200px-Libra2.jpg ტეგები: სასწორივარდებიპარიზიშნაიდერიდელონიპუტინიlibraputinromydelon კატეგორიები: Lifestyleსაზოგადოებახელოვნება / ლიტერატურა View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.