planetanews Posted June 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saia5-300x225.jpgახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ.“2012 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს (ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს) ყადაღა დაადო. ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ცალკეული პირების მიერ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხული ანტენებითა და რესივერებით საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობდა. პროკურატურის განცხადებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი” საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა გრძელდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომლებიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს დაედო ყადაღა. მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ეფექტური ღონისძიებები გაატაროს. თუმცა, აღნიშნული პროცესი სამართლიანობის პრინციპისა და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, როდესაც შეზღუდვების გავრცელება მედიის სფეროს ეხება. ვფიქრობთ, 2012 წლის 21 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო. კერძოდ, 1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას. ვინაიდან საქმის წარმოება დაწყებულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე და არ არსებობს ბრალდებული პირი, როგორც დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს; 2. გარდა ამისა, სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე _ 330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას. კონკრეტულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლად ვერ იქნება გამოყენებული აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაულის კატეგორიის მიხედვით, წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი დანაშაულის მომზადების შემთხვევაში ქონების დაყადაღება; ასევე მიგვაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ანდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება სასამართლო განჩინებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი სასამართლო განჩინების გარეშე, თუმცა – გამომძიებლის დადგენილებით. საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა შპს ,,ელიტა ბურჯის’’ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიუხედავად იმისა, რომ შეიზღუდა როგორც კერძო საკუთრება, ასევე მფლობელობა, („გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ დაქირავებული აქვს „ელიტა ბურჯისგან“ გარკვეული ფართი), არ არსებობდა კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული სასამართლო განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება. ვინაიდან მედიას, განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში, საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება კი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ყველა შეზღუდვა, რომელმაც შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებაზე გავლენა მოახდინოს, კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, ეფუძნებოდეს გამოხატვის თავისუფლების, მედია პლურალიზმისა და სისხლის სამართლით დაცული სიკეთის სამართლიან შეფასებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ როგორც გამოძიების ორგანოებს, ასევე სასამართლოს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას სამართლიანობის პრინციპების დაცვით იხელმძღვანელონ და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები განუხრელად დაიცვან”.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts