Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს სპარსი პარტნიორები


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/bne.jpg

მოლი კორსო

იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სანქციები ირანის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, ამ ქვეყნის ბიზნესმენები, როგორც ჩანს, სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ბიზნესის წარმოებით საქართველოში. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ზეწოლას აძლიერებს ქვეყნებზე, რომლებსაც ირანთან საქმიანი ურთიერთობები აქვთ, საქართველო შესაძლოა რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: მას გაუჭირდება წინასწორობის შენარჩუნება ერთის მხრივ შეერთებული შტატებისადმი ერთგულებასა და იმავდროულად სამხრეთელ მეზობელთან მიმართებაში საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს შორის.

თბილისმა გაოცება გამოიწვია იმით, რომ 2010 წელს ირანელებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა – ნაბიჯი, რომელიც თითქოს სრულად ეწინააღმდეგებოდა მის სტრატეგიულ პარტნიორობას ვაშინგტონთან, თანაც მაშინ როდესაც შეერთებულმა შტატებმა 1 მილიარდი დოლარი გაიღო საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ. ნელ-ნელა, უვერტიურა გარდაიქმნა კონკრეტულ ინვესტიციებად ერთობლივ საწარმოებსა და უძრავ ქონებაში, გაიზარდა საქართველოში სტუმრად მყოფი იმ ირანელების რიცხვი, რომლებიც ეხმარებიან მისი სუსტი ტურისტული სექტორის რეაბილიტაციას; ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 9000 ირანელი ეწვია – ორჯერ მეტი, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.

ვაჭრობის ზრდა დიდწილად ფრაგმენტულია, როგორიცაა ირანელების მიერ ღირშესანიშნაობების ფოტოგადაღება და ახალი ირანული რესტორნების გახსნა თბილისში, მაგრამ ბიზნესჯგუფები ასევე იუწყებიან ინვესტიციების გარკვეული ზრდის შესახებ. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის თქმით, მარტო ივნისის პირველ კვირაში მან ირანელი ბიზნესმენების სამ ჯგუფს უმასპინძლა – და არსებობს რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც ირანელ ინვესტორებს ეძებს. ირანელები ძალიან ყურადღებით სწავლობენ სპეციფიკურ სექტორებს, როგორებიცაა საცალო ვაჭრობა და უძრავი ქონება.

ისაკაძე ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ირანელები ინვესტიციებს საქართველოში წლების განმავლობაში დებენ, მაგრამ ინტერესმა წელს აშკარად იმატა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში ირანელებმა საქართველოში $246,800-ის ინვესტიცია განახორციელეს, რაც ბევრად ჩამორჩება ამ მხრივ საქართველოს ისეთი პარტნიორების ინვესტიციების მოცულობას, როგორიც არის გერმანია ($131 მილიონი), მაგრამ უკვე აჭარბებს ირანალების მიერ შარშან ოთხივე კვარტლის ინვესტიციის მოცულობას. „ირანელები უყურებენ თურქეთს, აზერბაიჯანს, უყურებენ სომხეთს. მათ ძალიან სპეციფიკური ურთიერთობები აქვთ ყველა ჩვენს მეზობელთან“, ამბობს იგი. „ვფიქრობ ეს საქმიანი ადამიანები გარკვეულწილად აანალიზებენ ამ სიტუაციას და იღებენ ამ ბიზნეს გადაწყვეტილებას: „საქართველო, რატომაც არა?“

სანქციებისთვის გვერდის ავლა

მაგრამ მაშინ როდესაც სანქციები დარტყმას აყენებს ირანის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორს, იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანული კომპანიები საქართველოს უყურებენ, როგორც შესაძლო ხვრელებს, რათა გვერდი აუარონ იმ შეზღუდვებს, რომლის წინაშეც საკუთარ ქვეყანაში არიან.

არსებობს შიშები იმის თაობაზეც, რომ ირანთან ახლო ურთიერთიერთობებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ახლავს: თებერვალში საქართველოს პოლიციამ ამხილა ისრალელი დიპლომატის აფეთქებასთან დაკავშირებული შეთქმულება მაშინ, როდესაც იმავე კვირაში ანალოგიურ თავდასხმას ადგილი ჰქონდა ინდოეთში. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უმალ უარყვეს წუხილი იმის თაობაზე, რომ ირანთან მისი გახსნილი პოლიტიკა ქვეყანას ტერორისტული თავდასხმებისთვის მოწყვლადს ხდის. პირიქით, მთავრობა ხაზს უსვამს თავის სამხრეთელ მეზობელთან კარგი ურთიერთობების საჭიროებას, რაც გააუმჯობესებს ტურისტულ და სავაჭრო კავშირებს. მაისში საქართველოს სავაჭრო პალატა მიესალმა დიდ ირანულ სავაჭრო მისიას, რაც მედიის ცნობით გულისხმობდა ახალ ინვესტიციებს, ტრანსპორტის, საკვების, სოფლის მეურნეობის, საბანკო და სადაზღვევო სექტორში.

ირანთან კარგი ურთიერთობების კულტივირება გონივრულ სტრატეგიად მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დამფუძნებელს. საქართველო ვალდებულია დააბალანსოს მისი საჭიროებები ირანთან კარგ ურთიერთობებსა და შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან თავის საერთაშორისო ვალდებულებებს შორის, რადგან ირანი საქართველოსთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელს შორის ერთ-ერთია (დანარჩენი ორი – რუსეთი და თურქეთია), ამბობს რონდელი, და დასძენს, რომ სამხრეთ კავკასია ირანისთვისაც სტრატეგიულად ღირებული რეგიონია, როგორც „ბუფერული ზონა“ და გავლენის პოტენციური სფერო.

თუმცა, სანქციები ორმხრივი ურთიერთობებისთვის „ნაცრისფერი ზონა“ და „სენსიტიური პუნქტია“ ორ ქვეყანას შორის, აღნიშნავს რონდელი. მაგრამ, ისაკაძე უარყოფს არსებულ შეშფოთებას, თითქოს ქართველი საქმიანი ადამიანები უნებლიედ საერთაშორისო სამართლის დამრღვევთა როლში აღმოჩნდებიან. „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულებრივ, ბიზნესის წარმომადგენლები კარგად იცნობენ ამ საერთაშორისო პრობლემებს და სანქციებს. მაგრამ რასაც ისინი ხედავენ არის ის, რომ ბიზნესთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი მომხდარა, არაფერი თქმულა“, ამბობს ისაკაძე.

„ვინმემ შეზღუდა ასეთი პირადი ურთიერთობები?“, კითხულობს ისაკაძე. „ვფიქრობ, რომ არა. „[ბიზნესმენები] ამას მწვანე შუქად მიიჩნევენ. ასე რომ, ამ ურთიერთობების რისკი გათვლილია პერსონლურად კერძო პირების და არა საჯარო [მოხელეების] მიერ“.

თუმცა, რონდელი აცხადებს, რომ საქართველო, როგორც ნებისმიერი პატარა ქვეყანა, მკაფიოდ უნდა აცნობიერებდეს იმ არეულობის რისკს, რომელსაც ბალანსის შეცვლა შეუძლია. „საქართველოს ბალანსი ესაჭიროება. ეს პატარა ქვეყანაა, და პატარა ქვეყნებისთვის ერთადერთი რეალური საგარეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ქვეყანაში შიდა მობილიზება, სოციალური და პოლიტიკური ერთობაა, რაც დღემდე არ წარმოადგენს საქართველოს ძლიერ მხარეს, და ასევე მაღალი დონის დიპლომატია“, ამბობს ის. „ძალიან დიპლომატიური უნდა იყო, რადგან მუდმივად გიწევს დანის წვერზე გავლა – განსაკუთრებით, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობ“.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...