planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sagareo.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბათუმში ჩატარებულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესსნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“2012 წლის 5 ივნისს ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გახსნეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მე-3 ყოველწლიური პლენარული სესია. ოთხივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლებსაც თანათავმჯდომარეობდნენ აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლები, განხილულ იქნა ორი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხთა ფართო სპექტრი.თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიმდინარე წლის 30 იანვარს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც მიღწეულ იქნა პრეზიდენტ ობამას დაპირების შესრულების პროცესში. იგი გულისხმობს: ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით; ნატოსთან საქართველოს თავსებადობის გაზრდას ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ; და საქართველოს სამხედრო და თავდაცვითი სისტემის შემდგომ რეფორმირებას. ჩვენ განვიხილეთ ის გზები, რომლითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად. მომდევნო თვეებში ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლასთან ერთად, აშშ განიხილავს საქართველოს მოთხოვნებს, შეისყიდოს თავდაცვითი შეიარაღება და მომსახურება აღნიშნული წვრთნისა და დახმარების შესაბამისად.დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა, მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში თანაბარი სამოქმედო ველის, ღია დებატისა და მოქალაქეთა მიერ ინფორმაციისა და შეხედულებათა ფართო სპექტრზე წვდომის მნიშვნელობა. აშშ-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, ახალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევით დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება მოახდინოს და კიდევ უფრო განამტკიცოს დემოკრატიული კულტურა და მოქალაქეთა ნდობა საჯარო ინსტიტუტების მიმართ, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს. სამუშაო ჯგუფი ასევე შეთანხმდა სისხლის სამართლის რეფორმის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და ადმინისტრაციული კოდექსის რეფორმის მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. აშშ-მ აღნიშნა უმცირესობათა უფლებების დაცვაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვილებების გზით, და მხარდაჭერა გამოუცხადა უმცირესობათა ინტეგრირების მიზნით საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას.ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე 29 მაისს გამართული მაღალი დონის დიალოგის შედეგები, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სხვადასხვა საშუალებები ორმხრივი ვაჭრობის გასაღრმავებლად, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობა. ეს დიალოგი ურთიერთმომგებიანია აშშ-სა და საქართველოსათვის იმის გათვალისწინებით, რომ ვაგრძელებთ იმ შესაძლებლობათა იდენტიფიცირებას, რომლებიც ბიზნესებს ესაჭიროება საქართველოში ინვესტირების მიზნით, ხოლო ჩვენს ორ ქვეყანას – ერთმანეთში საქონლისა და მომსახურების გასაყიდად. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის გზები; აქვე ხაზი გაესვა კანონის უზენაესობის საქმეში განუხრელი გაუმჯობესების მნიშვნელობას, შრომითი უფლებების პატივისცემასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას. ამასთან ერთად, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” (MCC) საქართველოს მე-2 კომპაქტის დაგეგმვის ეტაპზე გადასვლის განზრახვა გამოხატა.ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან საქართველოს მიერ კონტაქტის ხელშეწყობის გზები. შეერთებული შტატები ვარგის სამგზავრო დოკუმენტად აღიარებს სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ. აშშ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შერიგების პროცესის წამახალისებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რაც ხელს შეუწყობს მიმოსვლის თავისუფლებას, შეამცირებს დაძაბულობას და საქართველოს სუვერენიტეტის შეუბღალავად ადამიანებს შორის კავშირ-ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები დაიწყებენ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ამ ორივე რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ. სამუშაო ჯგუფმა ასევე დაადასტურა სავიზო დიალოგის გაგრძელების და იმ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებული გეგმები, რომელიც ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებას კიდევ უფრო დააახლოვებს ერთმანეთთან, გაზრდის რა კვლევების მოცულობას და ხელს შეუწყობს ინოვაციებს.სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რჩება აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და გაღრმავების გზაზე მდგარი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უმთავრეს მექანიზმად.”–ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts