Jump to content
Planeta.Ge

გავრცელებული მცდარი წარმოდგენები


Recommended Posts

საზოგადოებაში სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად დამახინჯებული სახით ვრცელდება ან უბრალოდ დეზინფომაცია/მითია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას.

 

● არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვიკინგები რქიან მუზარადებს ატარებდნენ. მსგავსი შეხედულება სათავეს იღებს 1876 წლის ოპერიდან „Der Ring des Nibelungen” (ნიბელუნგების ბეჭედი), რომლის ავტორიც რიჰარდ ვაგნერია. ოპერის სცენოგრაფიაში ვიკინგებს რქები ამშვენებთ, რამაც არასწორი აზრის გავრცელება გამოიწვია.

 

● მიზეზი, რის გამოც ქრისტეფორე კოლუმბს უჭირდა, მოეპოვებინა დაფინანსება და ხელშეწყობა თავისი მოგზაურობებისთვის, არ ყოფილა ის, რომ მაშინ დედამიწა ბრტყელი ეგონათ. რეალურად იმ პერიოდის ხალხმა პლატონისა და არისტოტელეს წყალობით უკვე იცოდა, რომ პლანეტას სფეროს მსგავსი მოყვანილობა ჰქონდა, ისინი უბრალოდ ეწინააღმდეგებოდნენ მის მოსაზრებას ინდოეთამდე მანძილის შესახებ, რომელიც რეალური ზომის მეექვსედს წარმოადგენდა. ამერიკის კონტინენტები რომ არ არსებულიყო, კოლუმბი ინდოეთამდე მიღწევას ვერ შეძლებდა, რადგან საკვები ამოეწურებოდა. გარდა ამისა, მაშინ ზღვაში გრძედების გამოთვლის პრობლემაც იყო, რაც მხოლოდ მე-18 საუკუნეში აღმოიფხვრა.

 

● რეალურად კოლუმბი არც ამერიკის აღმომჩენია იმ გაგებით, რომ მან ვერ მოახერხა ახალი კონტინენტის იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კოლუმბი ახალ მიწას ევროპასა და აზიას შორის მდებარე მატერიკად მიიჩნევდა, თავად მოგზაურის ჩანაწერები გვამცნობს, რომ ის ამერიკას აზიის აღმოსავლეთ სანაპიროდ თვლიდა. სწორედ ამის გამო ეწოდა კონტინენტს ამერიგო ვესპუჩის სახელი, რადგან მან სწორად აღიქვა, სად იმყოფებოდა. გარდა ამისა, კოლუმბი არ ყოფილა პირველი ევროპელი, ვინც ამერიკის კონტინენტზე ფეხი დადგა – 500 წლით ადრე იგივე ნორვეგიელმა მოგზაურმა ლეიფ ერიქსონმა შეძლო.

 

● ჯორჯ ვაშინგტონს ხის კბილები არ ჰქონია. კბილების პრობლემა მას ახალგაზრდული ასაკიდან აწუხებდა და რამდენიმე ხელოვნური წყება ჰქონდა, თუმცა ხის არცერთი არ ყოფილა. მის მფლობელობაში შედიოდა ოქროს, ბეჰემოთის ძვლის, ტყვიის, ადამიანისა და ცხოველის (მათ შორის ცხენისა და ვირის) კბილების რიგები.

 

● ნაპოლეონ ბონაპარტე თავის ეპოქაში სულაც არ ითვლებოდა დაბლად. უფრო მეტიც, ის უფრო მაღალი იყო, ვიდრე ტიპიური ფრანგი. გარდაცვალების მომენტში ფრანგი იმპერატორის სიმაღლე 168 სმ-ს შეადგენდა. თუმცა ის მუდმივად გარშემორტყმული იყო მაღალი მცველებით, რომელთა ფონზეც ტანმორჩილი ჩანდა. მეტსახელი „Le Petit Caporal” (პატარა კაპრალი) კი სავარაუდოდ სიყვარულის გამოხატულება იყო და არა სიმაღლის აღნიშვნა.

 

● ალბერტ აინშტაინს სულაც არ უჭირდა მათემატიკის სწავლა სკოლაში, როგორც გავრცელებული მითი გვამცნობს. მე-20 საუკუნის უდიდესმა მეცნიერმა ერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დიფერენციალური და ინტეგრალური კალკულუსი ჰქონდა ათვისებული.

 

● ცნობილი ინგლისური სიტყვა „Fuck” არ წარმოშობილა გაქრისტიანებული ანგლო-საქსონური ინგლისის პერიოდიდან, როგორც აკრონიმი ფრაზისა „Fornication Under Consent of King” (ინტიმური კავშირი მეფის თანხმობით) ან „For Unlawful Carnal Knowledge” (უკანონო ხორციელი შეცნობისთვის), არც აბრა ყოფილა, რომელსაც მოღალატე მეუღლეებს უდგამდნენ ან ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური ბრალდება. თანამედროვე ინგლისურ ენაზე საუბარი მე-16 საუკუნეში დაიწყეს და სიტყვები, როგორიცაა „fornication” ან „consent”, არ გაჩენილა მე-12 საუკუნის მიწურულამდე. სიტყვა „fuck”-ს ყველაზე ადრე ვხვდებით 1475 წელს ლექსში „Flen flyys”, თუმცა შესაძლოა, ჰქონდეს პროტო-გერმანული წარმოშობაც. მას მიაგავს ჰოლანდიური fokken, გერმანული ficken და ნორვეგიული fukka.

 

● სიტყვა „Golf” (გოლფი) არ წარმოადგენს აკრონიმს ფრაზისა „Gentlemen Only, Ladies Forbidden” (მხოლოდ ჯენტლმენები, ქალები არ დაიშვებიან). რეალური დასაბამი დაუდგენელია, თუმცა არსებობდა შუა-შოტლანდიურ ენაში (1450-1700 წწ).

 

● აზრი, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ადამიანური ნაკეთობაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს, რეალობას არ შეესაბამება. მსგავსი რამ არ დაუდასტურებიათ მთვარეზე მყოფ ასტრონავტებს, მისი შემჩნევა ძნელია დედამიწის გარშემო მოძრავი აპარატებიდანაც კი. მასზე გაცილებით კარგად მოჩანს განათებული ქალაქები დედამიწის იმ მხარეს, სადაც უკვე დაღამებულია. შატლის კოსმონავტის, ჯერომ აპტის თქმით, ჩინეთის დიდი კედლის დანახვა 300 კმ-ის სიმაღლიდან უკვე შეუძლებელია.

 

● სეზონები იმის გამო არ იცვლება, რომ დედამიწა მზესთან ზაფხულში უფრო ახლოსაა, ვიდრე ზამთარში, რეალურად დედამიწა შორსაა მზისგან, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია. სეზონების ცვლილების მიზეზია დედამიწის ღერძის გადახრა 23.4 გრადუსამდე. მზის გარშემო მოძრაობისას დედამიწის სხვადასხვა ნაწილები განსხვავებული რაოდენობით სითბოსა და სინათლეს იღებენ. როცა დედამიწის ზედაპირზე მზის სხივები შვეულად ეცემა, მეტ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დახრილობის დროს. ივლისში ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენაა მიმართული, შესაბამისად, დიდი რაოდენობით სინათლე მიეწოდება და დღეები ხანგრძლივია. იანვარში კი სიტუაცია იცვლება. რაც შეეხება სამხრეთ ნახევარსფეროს, აქ პირიქითაა – მზისკენ შექცეულია იანვარში და შებრუნებული – ივლისში.

 

● ღამურები ბრმები არ არიან. მართალია, ბევრი მათგანი ექოლოკაციას იყენებს ორიენტაციის უმთავრეს იარაღად, მაგრამ მათ აქვთ თვალები და შეუძლიათ სინათლის აღქმა. უფრო მეტიც, ყველა ღამურას არ გააჩნია ექოლოკაციის უნარი და ასეთებს სიბნელეში არაჩვეულებრივი მხედველობა აქვთ.

 

● არასწორია ის აზრი, რომ იხვის ყიყინს ექო არ აქვს. რეალურად აქვს, თუმცა რიგ პირობებში ადამიანის ყურისთვის რთულია აღქმა.

 

● გავრცელებული მცდარი შეხედულებაა ქამელეონსა და ანოლისზე, რომ მათი ფერის შეცვლის უმთავრესი მიზანი კამუფლაჟია. რეალურად, ისინი ხშირად იცვლიან ფერს, რათა სხეულის ტემპერატურა დაარეგულირონ, ზოგჯერ კი ეს კომუნიკაციის ერთგვარი ფორმაა. მაგალითად, ქამელეონები მუქ ფერს იღებენ, როცა ცუდ ხასიათზე არიან, ბრაზდებიან ან მეტოქის შეშინება სურთ, მამრებს კი ხშირად ღია ან ფერადი შეფერილობა ეძლევათ, როცა პარტნიორი მდედრის მოხიბვლას ცდილობენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის გარემოსთან დამსგავსების მიზანი.

 

● სიტყვა „თეორია” (დიდი აფეთქების თეორია, ევოლუციის თეორია) არ ნიშნავს, რომ ამ მოსაზრებაში მეცნიერები დარწმუნებული არ არიან. საქმე იმაშია, რომ მეცნიერულ კონტექსტში თეორიასა და ჰიპოთეზას უფრო სხვანაირი განსაზღვრება აქვს, ვიდრე ყოველდღიურ სასაუბრო ენაში. მეცნიერების ეროვნული აკადემიის განმარტებით, თეორია არის მეცნიერებაში კარგად გამყარებული (დამტკიცებული) ახსნა ბუნებრივი სამყაროს ზოგიერთი ასპექტისა, რომელიც აერთიანებს ფაქტებს, კანონებს, დასკვნებსა და გამოცდილ ჰიპოთეზებს. ხოლო ჰიპოთეზა არის წინასწარი განაცხადი ბუნებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც მოითხოვს მომდევნო გამოცდებს. თუკი ჰიპოთეზის დასკვნა მართებულია, იზრდება ალბათობა, რომ ჰიპოთეზა სწორია. ხოლო თუ არასწორია, ან უკუაგდებენ, ან კორექტირებას მოახდენენ.

● ევოლუციის თეორია არ ეხება სიცოცხლის ან სამყაროს წარმოშობას. ბიოლოგიური ევოლუცია აღწერს პროცესს, რომლის შედეგადაც დედამიწაზე მრავალნაირი სახეობა გაჩნდა და საწყის წერტილად იღებს ერთ უნივერსალურ წინაპარს. შესაბამისად, მისი სფეროა ცოცხალი ორგანიზმების განვითარების საკითხი სიცოცხლის გაჩენის შემდეგ. სიცოცხლის წარმოშობაზე ყველაზე გავრცელებული მეცნიერული მოდელია აბიოგენეზი, სამყაროს ადრეულ პერიოდს კი დიდი აფეთქება ხსნის.

 

● ადამიანები არ წარმოშობილან შიმპანზეებისგან ან რომელიმე თანამედროვე მაიმუნისგან. ევოლუციის თეორიის მიხედვით, შიმპანზეებთან საერთო წინაპარი გვყავდა 5-8 მილიონი წლის წინ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ დედამიწაზე მცხოვრები არსებებიდან ადამიანს ყველაზე მეტად შიმპანზე ჰგავს. არასწორია ის აზრი, რომ შიმპანზე ვერ განვითარდა და პრიმიტიული დარჩა. რეალურად, მან ზომაში მოიმატა, გაეზარდა აგრესია და ხეზე მოხერხებული ცოცვა ისწავლა. სხვა მაიმუნებთან ერთად, ადამიანები და შიმპანზეები შედიან ჰომინიდების ტაქსონომიურ ოჯახში. ამ ჯგუფის საერთო წინაპარი კი 40 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

 

● დინოზავრები იმის გამო არ გადაშენებულან, რომ გარემოს ვერ ეგუებდნენ ან ცვლილებასთან ადაპტირება ვერ შეძლეს. რეალურად ისინი საკმაოდ წარმატებულ და ადაპტირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მათი გაქრობის მიზეზი ის მოვლენაა, რამაც იმდროინდელი მცენარეების და ხმელეთისა და წყლის ცხოველების უმრავლესობის ამოწყვეტა გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ ეს მიზეზია იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი უზარმაზარი ასტეროიდი, რამაც სათავე დაუდო ცარცულ-პალეოგენურ გადაშენებას 65 მილიონი წლის წინ. თუმცა დინოზავრები ბოლომდე სულაც არ გადაშენებულან – დღევანდელი ფრინველები იურული პერიოდის ფრთიანი თეროპოდების შთამომავლები არიან.

 

● თმა და ფრჩხილები გარდაცვალების შემდეგ არ იზრდება. როცა სხეული კვდება, კანი შრება და თმისა და ფრჩხილების ძირიდან უკან დახევას იწყებს, რაც შესაბამის შესახედაობას იძლევა.

 

● ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა სრულიად შეიძლება, ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის ცილებს შეიცავდეს. უფრო მეტიც, ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებისა და ვეგანების მიერ მიღებული ცილების ტიპიური რაოდენობა არამარტო აკმაყოფილებს მოთხოვნას, არამედ ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. თუმცა მკაცრი ვეგანური კვება მოითხოვს დამატებით ვიტამინ B-12-ის მიღებას, რათა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

 

● ადამიანი საკუთარი ტვინის მხოლოდ 10%-ს არ იყენებს. ამ მითის გავრცელებას მიაწერენ ამერიკელ ფსიქოლოგს უილიამ ჯეიმსს, რომელმაც 10% მეტაფორის სახით გამოიყენა ვუნდერკინდ უილიამ ჯეიმს სიდისზე დაკვირვებისას. სინამდვილეში ისეთ მარტივ რამესაც კი, როგორიცაა მუშტის შეკვრა, ტვინის 10%-ზე მეტის ამუშავება სჭირდება.

 

● დიდი აფეთქება არ საუბრობს სამყაროს პირველმიზეზზე, ის მხოლოდ სამყაროს ადრეულ ეტაპს აღწერს.

 

● აზრი, რომ ელვა ორჯერ არასდროს ეცემა ერთ ადგილს, საკმაოდ ძველი ცრურწმენაა. არ არსებობს მიზეზი, რომელიც ელვას ამაში ხელს შეუშლის. მაგალითად, ნიუ-იორკში მდებარე ემფაიერ სთეით ბილდინგის შენობას წელიწადში 100-ჯერ ეცემა ელვა.

 

● ემფაიერ სთეით ბილდინგიდან გადმოგდებული მონეტა ქუჩაში მიმავალ ადამიანს არ მოკლავს, რაც გადაცემა „MythBusters”-შიც დამტკიცდა. სიჩქარის მაქსიმუმი მონეტისთვის არის 80 კმ/სთ-მდე და სიმაღლის მიუხედავად, გადაჭარბება ვერ მოხდება. ამ მაჩვენებელზე დაგროვებული ენერგია არაა საკმარისი, რომ ადამიანის თავის ქალა გახვრიტოს ან ბეტონი გაბზაროს. გარდა ამისა, ემფაიერ სთეით ბილდინგის ფორმის გამო შეუძლებელია, შენობის სახურავიდან გადმოგდებული მონეტა ქუჩაში დაეცეს.

 

● დაბადების წიგნში აღწერილი აკრძალული ხილი (იგივე კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე) ვაშლი არ ყოფილა, ბიბლია საერთოდ არ საუბრობს, რა სახეობის ნაყოფი იყო ის. ებრაული ტექსტები მხოლოდ ხესა და ხილს ახსენებენ, ლათინური თარგმანები კი იყენებენ სიტყვას mali, რაც ნიშნავს როგორც ბოროტს, ისე ვაშლს. კიდევ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რენესანსის პერიოდის მხატვრებმა თავიანთ ნამუშევრებში ქრისტიანობას ბერძნული მითოლოგია შეურიეს – ჰერას მფლობელობაში არსებულ ჰესპერიდების ბაღში იზრდებოდა ოქროს ვაშლის ხეები, რომელთა ნაყოფიც უკვდავების წყარო იყო. ორი აკრძალული ხილის გაერთიანებამ კი არასწორი მოსაზრების გავრცელებას შეუწყო ხელი. ებრაული სწავლულები გვთავაზობენ, რომ ბიბლიური აკრძალული ნაყოფი შეიძლებოდა ყოფილიყო ყურძენი, ლეღვი, ხორბალი ან ციტრონი.

 

● ბუდა არ არის ღმერთი. უფრო მეტიც, სიდჰართა გაუტამა არ ფლობდა რაიმე სახის მესიანურ თვისებებს, მისი მთავარი მოტივი იყო „თვითრწმენა, თვით-სწავლება და ინდივიდუალური ბრძოლა”. თუმცა მაჰაიანისტური ბუდიზმის განვითარებისას თანდათან შემოვიდა და დამკვიდრდა აზრი, რომ ამიტაბჰა ბუდა მესია იყო. მიუხედავად ამისა, ბუდა არასდროს უღიარებიათ ღმერთად იმ გაგებით, რა გაგებაც ამ სიტყვას ტრადიციულად გააჩნია.

 

● არ არსებობს მტკიცებულება, რომ იესო ქრისტე 25 დეკემბერს იშვა. ბიბლიაში შობის თარიღი საერთოდ არაა მითითებული, მინიშნების მიხედვით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოვლენას სექტემბერში ჰქონდა ადგილი. ამ ფიქსირებული თარიღის შემოღება მიეწერება რომის პაპ იულიუს I-ს 350 წელს. დაუდგენელია, რატომ იქნა კონკრეტულად 25 დეკემბერი აღებული. შესაძლოა, ეს იყო 9 თვე მას შემდეგ, როცა, ადრეულ ქრისტიანთა რწმენით, მესიის სასწაულებრივად ჩასახვა მოხდა ქალწულში, ან დაამთხვიეს რომელიმე რომაულ დღესასწაულს, მაგალითად ზამთრის ბუნიობას ან სატურნალიას.

 

● ბიბლია არ ასახელებს მოგვების რაოდენობას, არც იმას, რომ აქლემებით მივიდნენ, ან მათი სახელები იყო მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. სავარაუდოდ სამ მოგვად იმიტომ ჩათვალეს, რომ მათ ახალშობილს 3 საჩუქარი მიუტანეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. გარდა ამისა, როგორც მათეს სახარება გვამცნობს, მოგვების მისვლისას იესო უკვე ბავშვი იყო და არა ახალშობილი.

 

● არც ახალ და არც ძველ აღთქმაში არაა მითითებული, რომ სატანა ჯოჯოხეთში იმყოფება. იობის წიგნი გვამცნობს, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ქვეყნად წანწალი და ხეტიალია.

 

● ყურანში არსად წერია, რომ სამოთხეში მოხვედრილ წამებულს 72 ქალწული დახვდება. მართალია, ნახსენები არიან მშვენიერი ასულები – ჰურიები, მაგრამ ისინი ყველა მამაკაცს შეხვდება (მიწიერ ცოლებთან ერთად) და რაოდენობა დაკონკრეტებული არაა. 72 ქალწულის ამბის წყაროა ერთ-ერთი ჰადისი – სუნან ათ-თირმიზი. ჰადისები წარმოადგენს წინასწარმეტყველ მუჰამედის ქცევებისა და საუბრის გადმოცემას, მაგრამ არ არის ყურანის ნაწილი. ხოლო ამ ჰადისის ზუსტი თარგმნის საკითხი დღემდე დავის საგანია.

 

● შერლოკ ჰოლმსი არასდროს იყენებდა ფრაზას „ელემენტარულია, ძვირფასო უოტსონ”. პირველად ამ ფრაზამ გაიჟღერა 1929 წლის ფილმში „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება”.

 

● ტომას ედისონს არ გამოუგონებია ელექტრონათურა. ისტორიკოსები ნათურის განვითარებაში ედისონამდე 22 გამომგონებელს ასახელებენ. ედისონის ვერსია უბრალოდ სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან გავარვარებისთვის ეფექტური ნივთიერება ჰქონდა, აღემატებოდა წინამორბედებს ვაკუუმის დონით და მეტად გამძლე იყო. თუმცა 1 წელიწადში (1881 წელს) ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯოზეფ სუონმა უკეთესი ვარიანტი შექმნა.

 

წყარო: http://charliuss.wor...misconceptions/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...