CPUG Posted May 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2012 პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს 2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების (პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის) დაკავების იურიდიულ საფუძველს უქმნის. ცვლილების დამტკიცებიდან ერთ საათში კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს,რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ის გზა აირჩიოს, რომელზეც აქამდე უარს ამბობდა. ”მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება. ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ,” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის რჩევას არ გაითვალისწინებს და კონსტიტუციურ ცვლილებებზე უარს არ იტყვის, ივანიშვილი კონსტიტუციური ცვლილებებით არ ისარგებლებს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბიძინა ივანიშვილი მიუთითებს, რომ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში გააგრძელებს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ადგენს. ”მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში,” - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების იდეის ავტორები, ”ქრისტიან-დემოკრატები” ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის შეთავაზებას არ გაითვალისწინებს. გიორგი თარგამაძის აზრით, ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებზე აქვს გათვლილი. ”მას 27 მაისისთვის ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის აწევა სურს,” - მიიჩნევს თარგამაძე, - ამასთან, ივანიშვილს ილუზია აქვს, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს, თუმცა, სააკაშვილი დათმობას არ აპირებს და ამიტომ, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება მისი გრძელვადიანი მიზნებისთვის წამგებიანი იქნება.” საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, პრეზიდენტი ივანიშვილის წინადადების გათვალისწინებას არ აპირებს და დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ არ წავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს საარჩევნო პროცესის ჩაშლა უნდა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცემა. „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მიაჩინია, რომ ქართველ ხალხს ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკოს. ხელისუფლება ულტიმატუმის მიღებას არ აპირებს. პოლიტიკური სპეკულაციები დასრულებულია“, - ამბობს კუბლაშვილი. ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ მოახლოებული პოლიტიკური ფიასკო, ივანიშვილს დემოკრატიულ პროცესებზე უარის თქმას აიძულებს. "საკონსტიტუციო ცვლილებები ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა, მაგრამ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ქართული სახელმწიფო თამაშია. მისი საუბრები საპარლამენტო არჩევნებში ორი მესამედით გამარჯვების შესახებ, აბსურდულია. მან ახლა რადიკალიზაციის გზა არჩია.”-აღნიშნავს წიკლაური. თუკი ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ, ივანიშვილის წარმოადგენლების მიერ გაკეთებულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს წავაწყდებით. ივანიშვილი დღემდე ორმაგი მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობდა. მისი ადვოკატები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის საქართველოს მოქალაქე ნატურალიზაციის გზით გახდებოდა. მისი ადვოკატები თვლიდნენ, რომ ამ გზით ხელისუფლებას არჩევანს არ დუტოვებდნენ, რადგან „ივანიშვილისთვის ან მოქალაქეობა უნდა მიენიჭებინათ, ან ბიზნესმენი საერთაშორისო ტერორისტად და ძებნილად უნდა გამოეცხადებინათ“. ივანიშვილისთვის განკუთვნილი საკონსტიტუციო ცვლილებების გაჟღერების შემდეგ კი, მილიარდერის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ივანიშვილს ევროპული პასპორტით არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, ივანიშვილმა მიიღო გაცილებით მეტი ვიდრე ითხოვდა. ადვოკატები ასევე აცხადებდნენ, რომ ივანიშვილი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებდა. მსგავსი განცხადებები გამეორდა ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზეც. თუმცა მოგვიანებით, news.ge-სთან საუბრისას შალვა თადუმაძე აღნიშნავდა, რომ მართალია საკონსტიტუციო ცვლილებებით ივანიშვილი უფრო მეტს მიიღებს, მაგრამ მოქალაქეობა სხვა ღირებულებაა და ამ ღირებულებისთვის სამართლებრივ რეჟიმში ბრძოლა გრძელდება. დღეს კი, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა news.ge-ს უთხრა, რომ პრეზიდენტს ივანიშვილი ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს არ მოაწერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ლიდერი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას არ აპირებს და მას არჩევნებში მონაწილე კანდიდატად ვერ ვიხილავთ. ”თავისუფალი დემოკრატებისა” და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ "ახლა, სააკაშვილს შეუძლია კალმის ერთი მოსმით ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს. ჩემი კოლეგა დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან, დიდი ხანია გვთხოვდნენ კოალიციის წარმომადგენლებს, გვეთხოვა ივანიშვილისათვის, რომ მას შემდეგ ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისათვის ორმაგი მოქალაქეობა," - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. http://news.ge/uploads/photo/653x367/34002.JPG წყარო: news.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.