Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge წინასაარჩევნო აფერა პენსიონრებისთვის


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/01-08-09_pensiya-150x150.jpgსაქართველოში 670 ათასი პენსიონერია. 2012 წლის 300 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიდან პენსიების მომატებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2013 წელს კი, სავარაუდოდ, _ 200 მილიონი. ამ ეტაპზე მთავრობის ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასასრულისთვის, პენსია 100 ამერიკული დოლარი გახდეს.

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, მამაკაცებისთვის კი, 65 წლითაა განსაზღვრული, თუმცა 2012 წლის სექტემბრიდან პენსია 125 ლარამდე მხოლოდ 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის გაიზრდება, რასაც 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტიც დაემატება.

პრემიერმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში, 15 ათას ლარამდე გეგმური ოპერაცია 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით ანაზღაურდება, გადაუდებელი ოპერაციები კი, ულიმიტოა და, ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება 80 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება დაზღვევის ფარგლებში წამლების ანაზღაურებას, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს. ასევე, მთლიანად დაიფარება სისხლისა და შარდის ანალიზების გადასახადი. პრემიერ-მინისტრის თქმით, პენსიონერების გარდა, მსგავსი ტიპის სადაზღვევო პაკეტებს 0-დან 5 წალმდე ბავშვებიც მიიღებენ.

რატომ გაიზრდება პენსია დიფერენცირებულად და რატომ სექტემბრიდან? _ ამას ფინანსთა მინისტრი მომავალში საბიუჯეტო პრობლემების თავიდან აცილებით ხსნის. დიმიტრი გვინდაძის განმარტებით, ხელისუფლებამ და მთავრობამ პენსიების გაზრდა ქვეყნის ფისკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გათვალეს _ იმ შემთხვევაში, თუკი 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის საპენსიო პაკეტის 140-ლარამდე გაზრდის თარიღი წინ გადმოიწევს, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნას.

პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ჯანდაცვის ომბუდსმენი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ `ეს ახალი შემოთავაზება არაა და აი, რატომ: ჰოსპიტალებში 0-დან 3-წლამდე, ამბულატორიებში კი, 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურება ისედაც უფასოა და რას დაარქმევს სახელმწიფო მათთვის გაწეულ დახმარებას _ პროგრამულს თუ დაზღვეულს, მოქალაქისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ეს გარკვეულწილად პიარი უფროა, ვიდრე _ სიახლე. ასევე, ეჭვს იწვევს დასახელებული ასაკი _ 67 წელი და ზემოთ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ №77 დადგენილებით, 60 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი ფაქტობრივი ხარჯის 30, 25, ან 20%-ს შეადგენდა, დანარჩენი კი, იფარებოდა პროგრამის ხარჯებით, ანუ ჩნდება ეჭვი, რომ 2012 წლის ჯანდაცვის პროგრამებში არ აისახება დახმარებები 60 წლის ზევით.~

`სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის~ ეკონომიკური ჯგუფის უფროსი შოთა მურღულია კი, მიიჩნევს, რომ ვიდრე ქვეყანაში აღნიშნული საპენსიო სისტემა მოქმედებს, პენსიონრებს მუდმივად მოწყალების მოლოდინში ყოფნა მოუწევთ: `_ საქართველოს კანონმდებლობაში არსად წერია, რომ ეკონომიკურად გარანტირებული სიბერე გვექნება. ჩვენი მომავალი უფრო იმაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურად რამდენად სტაბილური ვითარება შეიქმნება მაშინ, როცა საპენსიო ასაკი მოგვიწევს. ამ ეტაპზე, საპენსიო ასაკისთვის ჩვენ არაფერს ვაგროვებთ _ არ არსებობს კონკრეტული გადასახადი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ნამდვილად გვექნება პენსია და თუ გვექნება, რამდენი? არსებული ვითარების მიხედვით, ახალი თაობა გადაუხდის წინა თობას, მაგრამ რის მიხედვით და რამდენს? სოციალური გადასახადის გაუქმებამ ის რეალური გადასახადი გააუქმა, რომელიც სოციალურ სისტემას ეხმარებოდა. ახლა ვიხდით გადასახადებს, მაგრამ სიბერის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გრძელვადიანი ანგარიშვალდებულება არ ფორმირდება.~

პენსიონერებს ყოველდღიური საქმე აღარ აქვთ, მაგრამ სურთ, იყვნენ აქტიურები _ ისინი ყველაზე აქტიური ამომრჩევლები არიან. `შესაბამისად, მათი გაბრაზება არავის აძლევს ხელს. ყოველი არჩევნების წინ საპენსიო დანამატი, ან საპენსიო თემის წამოწევა მათი გულის მოსაგებად ხდება. ყველა ხელისუფლებამ იცის, რომ ამ ადამიანების განაწყენება არ შეიძლება და როცა არჩევნები მოდის, უნდა მოაკლონ ყველაფერს და პენსიებს ცოტა მოუმატონ,~ _ მიიჩნევს მურღულია.

პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლების ინიციატივას პენსიის გაზრდის შესახებ პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს:

„_ ხელისუფლება მოსახლეობას  სამი წელია, ატყუებს და დაპირებულ 100 დოლარის ექვივალენტ პესიას არ უხდის. რატომ არ იზრდება პენსია 2012 წლის 1 იანვარს და რატომ 1 სექტემბერს? რა დააშავეს მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმა? 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნებია და 1 სექტემბერს პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. უბრალოდ, სირცხვილია ასეთი ქმედება.“

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი მაგდა ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამ ინიციატივის შედეგად, პენსიონერების დისკრიმინაცია ხდება:

„_ დღეს სოციალური ფონის გათვალისწინებით, ქვეყანაში კრიტიკული მდგომარეობაა. პირდაპირ ჩნდება ასოციაცია, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს და ხელისუფლება იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საინტერესოა, რა ლოგიკით ირჩევთ  67 წელს? გაზრდილი პენსიის მისაღებად მამაკაცებს 2 წელი მოუწევთ ლოდინი და ქალებს – 7. არის მეორე კატეგორიაც _ მარჩენალდაკარგულები. ის მაინც გავაკეთოთ, რომ მათ სამედიცინო დაზღვევა მივცეთ.“

სადაზღვევო დანამატს, რამდენიმე გარემოების გამო, აპროტესტებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროც“: „_ პენსიის მატება მხოლოდ 67 წელს გადაცილებულ პენსიონერებისთვის არის განსაზღვრული, რაც პენსიონერებს არათანაბარ პირობებში აყენებს. პენსიონერებისთვის 1 თვის სადაზღვევო პრემიალური თანხა, დაახლოებით, 15 ლარს შეადგენს, რაც წელიწადში 180 ლარია. აქედან, მედიკამენტების ფასების დასაფარავად გათვალისწინებულია მხოლოდ 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერები ავადობის მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, შეიძლება, ითქვას, მათთვის გამოყოფილი სადაზღვევო თანხა არაგონივრულია, რაც დაზღვევის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პენსიონერთა დაზღვევა იგივე ბედს გაიზიარებს, რომელიც ხელისუფლების მიერ გაპიარებულ 5-ლარიან დაზღვევას ეწია, რომელიც სრული კრახით დამთავრდა.~

ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს, რომ ყველა პენსიონერი თანაბარ პირობებში განიხილოს, სადაზღვევო დანამატი სწორად გათვალოს, სოციალური ბიუჯეტის ნაწილი ზუსტად განისაზღვროს და პენსიონერებს ჯანდაცვის ხელმისაწდომობაზე არარეალურ იმედს ნუ გაუჩენს.

ქეთი გამგებელი

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...