planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 დღეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის – საქართველო”, რომელიც მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების უფლებებს იცავს, ათი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივ, მუდმივმოქმედ კომისიას რეკომენდაციებით მიმართა. “რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმი ამუშავდეს”, – ნათქვამია ორგანიზაციების ოფიციალურ განცხადებაში. რეკომენდაციები კომისიის მუშაობის რამდენიმე ასპექტს ეხება, მათ შორის, კანონით დადგენილი მოთხოვნების კომისიის მიერ შეუსრულებლობას, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას. “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველოს” ადვოკატი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ კომისია თავის ფუნქციებს არ ასრულებს: “კომისია საერთოდ არ მუშაობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც 6 თვეზე მეტი ვადაა გასული მას შემდეგ, რაც პატიმარმა მიმართვა გააკეთა და მისი შუამდგომლობა ჯერ კიდევ არ არის განხილული. რა დატვირთვითაც გინდა მუშაობდეს კომისია, შეუძლებელია, რომ ამ ვადაში, ვერ მოესწროს შუამდგომლობის განხილვა”, – აცხადებს ნინო ბოლქვაძე. მისივე განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით შუამდგომლობის განხილვის ვადა 1 თვით განისაზღვრება, უკიდურეს შემთხვევაში კი, ეს პროცესი 3 თვეს გრძელდება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, კომისიის მუშაობა არანაირ ვადაში არ ჯდება. 2012 წლის 8 თებერვალს კომისიას შუამდგომლობით მომაკვდავმა პატიმარმა, ზაზა გიგაურმა მიმართა, პატიმარი 2012 წლის 14 თებერვალს ისე გარდაიცვალა, რომ მისი საქმე განხილული არ ყოფილა. 2011 წლის სექტემბერში ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივ, მუდმივმოქმედ კომისიას მსჯავრდებულმა პ.ჩ–ძემ მიმართა, მის მიერ შუამდგომლობის მოთხოვნიდან 6 თვეზე მეტია გასული, თუმცა პასუხი ჯერაც არ მიუღია. ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ ამოქმედდება, კონკრეტული პატიმრების სახელით ისინი სასამართლოს მიმართავენ:“სასამართლო მათ აუცილებლად დაავალდებულებს შუამდგომლობის განხილვას, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, რომ არ განიხილოს და უგულვებელყოს ამ მოქალაქეების შუამდგომლობა”. ორგანიზაციებმა რეკომენდაციების პაკეტი შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დატოვეს: 1. ისეთი ავადმყოფი პატიმრების, რომელთა დაავადებამ მიაღწია ან უახლოვდება ტერმინალურ სტადიას, სასჯელის მოხდისგან განთავისუფლების შუამდგომლობები განიხილებოდეს დაჩქარებული წესით, შუამდგომლობის წარდგენიდან 48 საათში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში კომისია უნდა იცავდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღებისთვის განსაზღვრულ ვადებს. 2. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის გადასაწყვეტად გამართულ კომისიის სხდომებში, პატიმრის თანხმობით, დამკვირვებლის სტატუსით უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. 3. კომისიის რომელიმე წევრს უნდა დაეკისროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქცია. 4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ანგარიშები და სხვა საჯარო დოკუმენტები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. 5. თანამშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედების მიზნით პერიოდულად უნდა ტარდებოდეს კომისიის წევრებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა. ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეკომენდაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციის ხაზგასმა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ისინი კომისიის წევრებთან დაკავშირებას ვერც ტელეფონით და ვერც ელექტრონული ფოსტით ვერ ახერხებენ: “ჩვენ გვაქვს კომისიის რამდენიმე წევრის ტელეფონის ნომრები, მათ შორის, დავით ასათიანის და ეკა ადამიას, მაგრამ მათთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან ჩვენ ზარებს არ პასუხობენ”, – განაცხადეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათივე თქმით, იმის გამო, რომ კომისიას წლიური ანგარიში ვებ–გვერდზე არ უდევს, თებერვლის თვეში წერილობითი მიმართვა გაგზავნეს, თუმცა პასუხი არც ამ წერილზე ჩანს. დღევანდელ რეკომენდაციებს ხელს, “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის – საქართველოს” გარდა, შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: “ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი”, “ციხის საერთაშორისო რეფორმა”, “საზოგადოებრივი დამცველი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”, “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია”, ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის და “კანონი ხალხისთვის”. ორგანიზაციების ნაწილმა პატიმართა უფლებების დაცვას რამდენიმე პრესკონფერენცია ადრეც მიუძღვნა, თუმცა, როგორც აცხადებენ სამინისტროების მხრიდან მათ არავინ დაკავშირებიათ. ბრალდებებზე საპასუხო კომენტარის მისაღებად სამინისტროების წარმომადგენლებთან და კომისიის წევრებთან დაკავშირება ვერც ნეტგაზეთმა მოახერხა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts