Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge დამღუპველი ღალატია, ანუ “დიდი არნოს” ლენინიზაცია


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/arno-analitic-300x2211-150x150.jpgტელვიზორთან მოვყუჩდი ჩემთვის და ტელეფონმაც დარეკა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, გთხოვ, “საქინფორმის” განცხადება ნახე ინტერნეტში, ვინმე არნო ხიდირბეგიშვილის წერილია პუტინისადმი, თუ არ გაგიჟდე, ნახეო. ვიფიქრე, ნეტავ, კიდევ რამ უნდა გამაკვირვოს ჩვენი ხელისუფლის სისულელეების მოსმენის შემდეგ. რომელი ერთი გავიხსენო: მუმიები, ჩარეცხილები, ჯონდი ბაღათურიასათვის პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი, მანდატურებს ვეტყვი, კარგად დაგზილონ და გაგორაონ ტალახშიო, თან ეს ისე გადავყლაპეთ საზოგადოებამ, ვითომც არაფერი. არადა, რომ ჩაუღრმავდე, რა საშინელებაა: პარლამენტის ტრიბუნიდან, ოპოზიციური აზრის გამოთქმისთვის, 21-ე საუკუნეში, პრეზიდენტი საჯაროდ თავისუფალ სიტყვას და აზროვნებას ტალახით, დაზელვით და ჩაქოლვით დაემუქრა როგორც ერთი ჩვეულებრივი, თავხედი ფეოდალი.

და ახლა გინდათ, რომ ამ თავხედმა ფეოდალმა, რომელიც ამას ქვეყანას უბედავს, დამაჯეროს და დამარწმუნოს, რომ საპატიმროებში ხალხს არ ზილავენ წიხლებით და ცემით არ კლავენ?! ვერ დავიჯერებ – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!

ეს ისე, ბოლოდროინდელი გამოსვლა გამახსენდა, თორემ მე დიდი ხანია, რაღაცები მიკვირს. მიკვირს, ეს რა მოთმინების ფიალა გვქონია-მეთქი, მაგრამ ობიექტური მინდა ვიყო და ვთქვა, მიშას გამოხდომაზე მეტად, არნო ხიდირბეგიშვილის წერილმა გამაოცა. ჯერ ვიფიქრე, პროვოკაცია ხომ არ არის, აბა, ასე როგორ აზროვნებს და მერე, როგორ წერს-მეთქი, მაგრამ რას იზამ, როგორც რუსები იტყვიან, “ნე პერესტაიუ უდევლიატსია”.

წერილიც არის და წერილიც… მე მეგონა, ლენინს ხომ არ წერს წერილს ეს კაცი-მეთქი, მაგრამ არა, აღმოჩნდა, რომ პუტინს წერდა, პუტინს მიმართავდა, შე კეთილო რაინდოო. ასე ეუბნება, დიდო პოლიტიკოსო და კეთილო რაინდოო. გეფიცებით, რაინდოო.

არა, მართლა აირია მონასტერი, თორემ არნო, გენაცვალე, კეთილო რაინდოო, რამ გათქმევინა?! ჯერ ერთი, რაინდი ან ხარ, ან – არა, კეთილი რაღად უნდა, არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ძალიან გინდოდათ, რომ მოფერებოდით პუტინს! კი, მაგრამ როცა წერთ ამას, მართლა მაინტერსებს, მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებისადმი ზიზღი გაწერინებთ, თუ მართლა, სეროზულად ასე ფიქრობთ?

მოგვიანებით, შალვა რამიშვილის გადაცემაში გისმინეთ, სადაც რუსეთთან სტრატეგიაზე საუბრობდით. –  რომელ სტრატეგიაზე? მინდა გკითხოთ: 1989 წლიდან რომ აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ თუ 1921 წელს რომ ჰქონდა? მინდა, გაგახსენოთ, რომ აღმოსავლეთის არც ერთ მბრძანებელს არ გაუკეთებია საქართველოსთვის ის, რაც რუსეთმა გაუკეთა (ჩვენ პარტნიორობაზე ვიყავით შეთანხმებულნი, მაგრამ რა მივიღეთ?) ხომ არ გავიწყდებათ, რომ აღმოსავლეთის სასტიკმა დამპყრობლებმაც კი მეფის ინსტიტუტი შეგვინარჩუნეს, ხოლო რუსეთმა ერთ მშვენიერ დღეს გუბერნიად გვაქცია!

თქვენ და თქვენს პატრონს თუ გულმავიწყობა გაქვთ, ისტორიასა და მემატიანეს არ აქვს! ხან 89-ში, 9 აპრილს აგვჩეხეს შუა რუსთაველზე, ხან აფხაზეთში დაგვხვრიტეს, გაგვაბითურეს და გამოგვყარეს შეურაცხყოფილები. თქვენ, რა, მართლა, აფხაზი ხომ არ გგონიათ, რომ გვებრძოდა?! ხანაც სამაჩაბლო წაგვართვეს, შუაგული ქართლი და აგერ იდგნენ, გორში, ტანკებით. ახლა მეტყვით, მიშას სისულელეების გამოო. კი ბატონო, მიშას ბოროტება და სისულელეები არ აკლია, მაგრამ ზემოთ მოხსენიებული მოვლენების დროს არ გყვავდა ეს ბოროტი ხელისუფლება, მაგრამ დაგვაწიაწიეს, ხელფეხი ჩამოგვათალეს, გააუპატიურეს ქვეყანა, წაგვართვეს, ჩამოგვათალეს ტერიტორიები, საქართველო გაგვინახევრეს და გადაიხედა ამ პაწია, შეურაცხყოფილმა, შეფურთხებულმა ოქროს ქვეყანამ ოკეანის გადაღმა. დიახ, რუსეთის ავტორიტარულმა ხელისუფლებამ გადაახედა ოკეანის გადაღმა. მეც მომინდებოდა, რომ მყოლოდა კეთილგონიერი პრეზიდენტი; რუსეთსაც, მინდა, რომ კეთილგონიერი ხელისუფალი ჰყავდ­ეს, მაგრამ სად არის? არ იცვლება იქ, ბატონო, არაფერი. საქართველოს თავი დავანებოთ და, აგერ, ყურის ძირში ჩეჩნეთს მიადგა და წყვეტს, ამოჟლიტა, ორი მთა არ შეარჩინა ამ `კეთილმა რაინდმა~. შე კაიადამიანო, `კეთილ რაინდს~ რომ ეძახი, ან საკუთარი ხალხის, ამოწყვეტილი ქართველების და მათი ჭირისუფლების მოგერიდოს (აფხაზეთში, სტადიონზე მათი მოჭრილი თავებით ფეხბურთს რომ თამაშობდნენ რუსი და კაზაკი ჯარისკაცები ერთად). მეზობელი ჩეჩნების მაინც შეგრცხვეს, რაღაც ხომ არსებობს, არა?!

მიშასადმი ზიზღმა კი არ უნდა დაგაბნიოს და დაგიბინდოს გონება, მაგრამ ვაი, რომ მგონი, ზიზღი არაფერ შუაშია. მე მგონი, სხვაგანაა შენი სამშობლოც, ჩემი არნო. მე უფრო თავხედობამ, თქვენმა თავხედობამ და უტიფრობამ გამაღიზიანა. პუტინისადმი თქვენს მილოცვას, ჩემი ქვეყნისადმი ცინიკური გაბედვა ჰქვია. დიახ, ბედავთ და არ უნდა ბედავდეთ! მე ამასაც _ თქვენს გათავხედებასაც ხელისუფლებას ვაბრალებ. ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან, ჩვენ რა შუაში ვართო. გეტყვით: თუ ვინმე მოაზროვნე იყო ამ ქვეყანაში, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩარეცხილებოო, მუმიებოო, ნაძირლებოო, ბნელო ძალებოო. თუ ვინმე ნორმალური იყო, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა და საპირწონე ოპონენტად, უკვე, მგონი, არნო ხიდირბეგიშვილი შერჩა. აბა, რა ეგონა, დანარჩენები ჩარეცხა და აფურთხა, გააღატაკა და გაოგნებულები დატოვა ტელევიზორებთან. ახლა არნოს მოსმენა მოუწევს, არა უშავს – მე მიშა არ მენანება, ჩვენ რა დავაშავეთ, თორემ…

წერილში ამოვიკითხე: `ჩემო ვლადიმერ, ნახევარი საქართველო შენ გელოდებაო~. წერს `დიდი არნო~, მთელი `საქინფორმი~ შენ გილოცავს არჩევასო. აი, აქ გავგიჟდი იმიტომ, რომ `საქინფორმში~ ჩემთვის ნაცნობი ადამიანები არიან და ძნელად წარმოსადგენია ჩემთვის, ნუთუ, ისინი ამ წერილს ხელს აწერენ? რა ვიცი, ხომ ვთქვი, მეც იმ გაკვირვებულთაგანი ვარ ეტყობა, გაოგნებულები რომ არიან-მეთქი, თორემ დავიჯერო, ნახევარი საქართველო პუტინს ელოდება. სად და როდის გითხრათ ეს სისულელე ნახევარმა საქართველომ, არნო? ერთი ნახევარი თუ პუტინს ელოდება, მეორე ნახევარი – მიშას? მე და ჩემი სამეგობრო, მე რომ საქართველოს ვიცნობ, სად ჯანდაბაში ვართ, ნეტა? – ეს ხუმრობით, არნო ბატონო. ისე, სერიოზულად კი, გეტყვით: მეტი აღარ გაბედოთ, არც თავს აკადროთ და არც ჩემს ქვეყანას, ნახევარი საქართველოს სახელით საუბარი. არ გაქვთ ამის უფლება. იმ ნახევარში დიდად მოაზროვნე ქართველები შედიან, რომლებიც დაიღალნენ ჩვენი ტუტუცი ხელისუფლების ფეოდალური წყობით და ახლა თქვენი ლენინიზაციაღა გვაკლია. გასაგებია, რომ მიშა არ მოგწონთ, არც არის მოსაწონი – არ ვიცი, ქვეყანას საით მიაქანებს. თქვენი სტრატეგიით და ნააზრევით კი, ზუსტად ვიცი, უკან მიგყავთ ქვეყანა, ხევში ჩასაჩეხად. ამიტომაც, გეტყვით, რომ ამ თქვენს წერილს მირჩევნია, ხელს აწერდეს არნოლდ ხიდირბეგოვი! გნებავთ, ეს ქსენოფობიად ჩამითავლეთ, გნებავთ, – არა! თქვენი აზრიც კი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია და ისიც გამიხარდებოდა, რომ ამ დღეებში `საქინფორმის~ თანამშრომლების პროტესტი მენახა თქვენს წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვიცნობ, იმათი მაინც.

და ბოლოს, ჩემი საქართველოს სახელით, მე რომ ვიცნობ, იმათი სახელით გეტყვით, ბატონო არნოლდ: ეს ქვეყანა არც მიშაა და არც – რომელიმე პრეზიდენტი. ვერც თქვენ დააძინებთ, არნო ხიდირბეგიშვილი და ვერც – არნოლდ ხიდირბეგოვი.

ვინ ხართ, რამდენი ხართ, რა ჯიში და ჯილაგის ხართ, – მე არ ვიცი, ამას საზოგადოება განსჯის. ერთი ვიცი, ერთი კარგი საქმე გააკეთეთ თქვენი ამ ბოროტების გამომზეურებით – ტელევიზორებთან მსხდომი ადამიანები გამოაფხიზლეთ, რომლებიც მიხვდნენ, რომ თუ ამ ხელისუფლებას არ მოვიშორებთ დროზე და ნორმალურს არ ავირჩევთ, არნო ხიდირბეგიშვილები შემოაბოტებენ საქართველოში და აი, მერე ვნახოთ, როგორც თქვენი საყვარელი ლენინი იტყოდა, `ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან~ სვლა როგორია საქართველოსთვის.

ჩვენი მოაზროვნე საზოგადოება უკვე ბუტერბროდივით არის: უკან არნოლდ ხიდირბეგოვი, წინ – მიშა, იფ, რა კარგია! წინ წყალი, უკან – მეწყერი!

რა გინდაო, ვიღაც მეტყვის, გეტყვით:

დიახ, დასავლეთი მინდა, ოღონდ არა – დიქტატორი პრეზიდენტით. მეტი არაფერი, ბატონო! განა, ასე ბევრია? განა, არ იმსახურებს ჩემი მშვენიერი ქვეყანა თავისი კულტუროლოგიით პოლიტიკურ  სრულფასოვნებას და ამ პაწია ფორმულას – და­სავლეთი პლუს გონიერი, გაწონასწორებული პრეზიდენტი. ბევრია, ბევრი? –  ვეკითხები უკვე ევროპას, რომელიც ვეღარ გავიგე, რას შვება, ხელგაწვდილს გვამყოფებს მოხურულ კართან. გადადეთ ყველაფერი, ბატონებო, და გააღეთ ეგ ოხერი კარი, გაუღეთ ამ დიდებულ ქვეყანას, საიდანაც, თურმე, ყველა ევროპელის საწყისი მოდის ისტორიულად. ასე არ არის?!

მიეცით საშუალება, ამოისუნთქოს ქვეყანამ, თორემ არნო ხიდირბეგიშვილი კი არა, პირდაპირ გენადი ზიუგანოვი გვეტყვის გამარჯობას ცოტა ხანში აგერ, გლდანში!

P.S. ეჰ, მოვრჩი მე წერილს აქ, დავასრულე, თორემ ხომ ვიცი, ისე მომივა, როგორც ზღაპარშია: მარჯვნივ წახვალ, თავს მოგჭრიან, მარცხნივ წახვალ, მაინც მოგჭრიანო. მე მაინც ოქროს კვეთის იმედი მაქვს, ბეწვის ხიდის, ჩვენ, საწ####ბი, ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ამ ხიდზე დავდივართ.

გაზეთში გამოქვეყნებამდე ეს წერილი ჩემს მეგობარს წავუკითხე. მან კი, მამაჩემის ლექსით მიპასუხა:

`დამღუპველი, ღალატია,

არა –  მხოლოდ მახვილი,

მტერი უნდა გადავდენოთ,

ისე, როგორც ნახირი,

მუხლზე მიზის საქართველო,

საქართველო დაღლილი!”

თაკო ჩარკვიანი

გაზეთი “ქართული სიტყვა”

ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...