Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რამდენიმე მოსაზრება ავტორიტარიზმის, ფაშიზმისა და დემოკრატიის შესახებ


Recommended Posts

მე მიყვარს დისკუსია, რადგან დისკუსია არგუმენტირებული მოსაზრებების ჭიდილია. დისკუსიის დროს ისმენ სხვადასხვა,  განსხვავებულ, მეტიც – მიუღებელ მოსაზრებებს და ცდილობ, რომ მოპაექრესთან ერთად გამოძებნო საერთო შეხების წერტილი. ბოლო კვირას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის, საქართველო-თურქეთის ურთიერთობის პერსპექტივისა და, სხვათა შორის, ჩემი მოსაზრებების გამოთქმის გამო ატეხილი ისტერიკა მაფიქრებინებს, რომ ჯერ საკმაოდ ბევრი გვიკლია სადისკუსიო სივრცემდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასევე საკმაოდ ბევრი გვიკლია ნორმალური დემოკრატიული ველის შექმნამდე.

 

უდიდეს პატივს ვცემ გაზეთ “ბათუმელების” მკითხველს და საჭიროდ მიმაჩნია, ეს განმარტებები მას შევთავაზო: უბრალოდ, არ არის მართებული, შენს ფრაზებსა და მოსაზრებებს ამახანიჯებდნენ, კონტექსტს უცვლიდნენ, შეურაცხყოფას გაყენებდნენ და ეს უპასუხოდ დატოვო.

  1. ასე მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ისტერიის წყარო არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ვერ ან არ აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმ მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც იგი აწარმოებს თურქეთის ხელისუფლებასთან; არ ვიცით, ხელშეკრულების პროექტი არსებობს მხოლოდ, თუ უკვე ხელმოწერილია იგი; არც ის ვიცით, მეჩეთი აიგება, მუზეუმი თუ კულტურული ცენტრი; არც ის ვიცით, რაც აიგება, სულთან აბდულ აზიზის სახელობის იქნება თუ სხვა რომელიმე მმართველისა თუ წმინდანის; ისიც გამოცანად რჩება, რასაც ააგებენ, ისევ ძველი მეჩეთის ადგილას ააგებენ თუ სხვაგან. ნიკა რურუას, ნუგზარ წიკლაურისა და სხვა საჯარო პირთა განცხადებები მხოლოდ ფრაგმენტულ წარმოდგენას უქმნიან საზოგადოებას და წარმოშობენ საინფორმაციო ვაკუუმს.

  2. ახალი მეჩეთის მშენებლობის თემასთან დაკავშირებულ ვაკუუმს ათასგვარი ტყუილ-მართლით ავსებენ ცალკეული პოლიტიკოსები, საზოგადო პირები, ეკლესიის მსახურნი და, რაც ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, მედია. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი 6 მარტს, საღამოს, ტელეკომპანია “25-ე არხის” თოქ-შოუ “დიალოგში”: ვიდრე არ მოვიპოვებთ ზუსტ და დადასტურებულ ინფორმაციას, ნუ ვახდენთ საზოგადოების ეგზალტაციას-მეთქი. არამდგრად და არასამოქალაქო საზოგადოებაში ეროვნული და რელიგიური მგრძნობელობის ნერვი შიშველია და მასზე თამაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. არც სატელევიზიო ეთერში და არც მომდევნო დღეს “პრესკაფეში” გამართული დისკუსიის დროს პერსონალურად არავის მისამართით გამომითქვამს ეს მოსაზრება, თუმცა მურმან დუმბაძემ ეს რეპლიკა სათავისოდ მიიჩნია და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზვიად ქორიძემ მას ბრალი პოლიტიკური ქულების დაწერაში დასდოო. თუკი მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ იგი ეროვნული და რელიგიური გრძნობების მანიპულირებით იწერს პოლიტიკურ ქულებს, ეს უკადრისი საქციელია.

  3. მიმაჩნია, რომ კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობისთვის და ჩვენი ისტორიული კონტექსტის გააზრებისთვის ოშკისა და იშხანის (ისევე როგორც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლების)  გადარჩენა აუცილებელია და საქართველომ ამისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს. თუ საამისოდ ერთადერთი გეგმა იქნება ნაცვალგების პრინციპით თურქული ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა, არც ეს უნდა განვიხილოთ როგორც აპოკალიფსი. თუკი რომელიმე ეპისკოპოსი მოინდომებს ტაო-კლარჯეთში საეპისკოპოსო სახლის გაკეთებას და იქ წირვა-ლოცვას აღავლენს, მაშინ იმასაც უნდა ველოდოთ, რომ ბათუმში აგებული მეჩეთი ამოქმედდება. ეს რეალობაა.

  4. “პრესკაფეში” გამართულმა დისკუსიამ იმიტომ კი არ დამაფიქრა, რომ აღელვებული პუბლიკა ხან  ემზარ კახიძეს ესხმოდა თავს და ხან – მე. ეს, ჩემი აზრით, დემოკრატიული კულტურის დეფიციტის ბრალია. მე უფრო იმ ფრაზებმა დამაფიქრეს, რაც დარბაზში ისმოდა: “რად მინდა ეგ ოშკი?” “რას ჩამოდიხართ თბილისელები და არჩევთ აქ ამ საქმეს?” “თბილისში აიშენეთ მეჩეთი”, “ქართული ენა ღმერთის ენაა”, “თქვენ არ გესმით ჩემი ტრაგედია იმის გამო, რომ ორი მამიდა მუსლიმი მყავს”, “დაანებეთ თქვენ თავი იმის მტკიცებას და ხალხის დაჯერებას, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია”. ეს იყო აგრესიულობის, სეპარატიზმის, ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის კოქტეილი. მინდა მჯეროდეს, რომ ეს განწყობა ლოკალურია, იგი მხოლოდ “პრესკაფეში” შეკრებილ აუდიტორიას ახასიათებს და არ წარმართავს მთელი საზოგადოების ქმედებას. თუ ეს იმედი გამიცრუვდა, მაშინ პირისპირ დავრჩებით ფაშიზმთან.  ფაშიზმი არ არის მხოლოდ საკონცენტარციო ბანაკები. იგი არის აზრისა და აზროვნების მონოპოლიზაცია.  ბევრმა მსურველმა “პრესკაფეს” სადისკუსიო დარბაზში სწორედ შიშის გამო ვერ გამოთქვა საკუთარი აზრი.

  5. ტელეკომპანია “25-ე არხის” გადაცემა “დიალოგში” ჩემთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე. მან თავს უფლება მისცა და გადაცემაში პირდაპირ თქვა: “თურქეთი ოკუპანტია”. ჩემს გაკვირვებას მან კითხვითვე უპასუხა: “რა, არ არის თურქეთი ოკუპანტი?” მაშინაც ვუთხარი და ახლაც ვიმეორებ: მე არ მიმაჩნია თურქეთი ოკუპანტად და ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელმაც, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას. მართალია, მეორე დღეს “პრესკაფეში” შეკრებილ აუდიტორიას უკვე გავლილი ჰქონდა სათანადო ინსტრუქტაჟი და დაჟინებით იმეორებდა ერთსა და იმავე კითხვას: “არის თუ არა ოსმალეთი ოკუპანტი?” ეს მხოლოდ სიტყვებით თამაშია, რადგან იმავე საღამოს და შემდგომ დღეებშიც “ობიექტივის” ეთერით ხშირად გაისმის როგორც წამყვანებისა და სტუმრების, ასევე მაყურებელთა რიტორიკული კითხვები: “როდემდე უნდა ითმინოს რუსეთმა თურქეთის ასეთი თავგასულობა აჭარაში?” “ბოლოს და ბოლოს, თუ დადგება არჩევანი - თურქეთი თუ რუსეთი, რომელს აირჩევთ?” და სხვა მარგალიტები.

  6. “ოკუპაციის სინდრომით” ქართული საზოგადოება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არ დასნეულებულა. ამ ომმა და განსაკუთრებით მისმა შედეგმა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის მიერ) ჩვენი საზოგადოების უმრავლესი წევრები დააჯერა ამ სინდრომის მართებულობაში. “ხომ გეუბნებოდი, ყველა ჩვენი მტერია, ყველას ჩვენი დაპყრობა და მიტაცება სურს,” - უკვე ამ კონტექტში განიხილავენ საჯარო შეხვედრებზეც კი საქართველოს უმთავრეს საგარეო გამოწვევებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ფარულ ზრახვებზე, მიიტაცოს საქართველოს ტერიტორიები, ხელში ჩაიგდოს საქართველოს სიმდიდრე და ეკონომიკური მართვის სადავეები, დაუფარავად წერენ ქართული გაზეთები და უხვად არიგებენ კომენტარებს ქართველი ექსპერტები. ახლა უცბად თურქეთზეც ამ კონტექსტში ალაპარაკდნენ. სახიფათოა, როდესაც ოთხი მეზობლიდან ოთხივეს განიხილავ, როგორც აგრესორსა და ოკუპანტს. იქნებ სათავე ამ სინდრომისა ჩვენს არასრულფასოვნებაში დევს: გავხდეთ თანამედროვე საზოგადოება, ავაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო და ეს რიტორიკაც წარსულს ჩაბარდება. ეს გზა დემოკრატიაზე გადის.

  7. დემოკრატია აშინებს ხელისუფლებას. მეტიც, მას არ სურს დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე სახელმწიფოს მშენებლობა. ხელისუფლების იდეოლოგებს მყარად ჩამოყალიბებული ხედვა აქვთ: “ღარიბ და სუსტ სახელმწიფოში დემოკრატია, შესაძლოა, საფრთხედ იქცეს.” მთავრობა მეთოდურად ქმნის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც სათანადო დემოკრატიული წინააღმდეგობის გარეშე დიქტატურად ჩამოყალიბდება. ამიტომ არ სურს მას თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი ბიზნესი, მიუკერძოებელი მედია. ამიტომ არ ელაპარაკება იგი საკუთარ მოსახლეობას თუნდაც თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, არ აზუსტებს მათთან ხელშეკრულების დეტალებს, არც აინტერესებს მისი აზრი. “ჩვენ მოვაწერთ ხელს თურქეთთან და მეჩეთი აშენდება იქ, სადაც გადაწყვეტს საქართველოს მთავრობა” - ასეთი ხისტი იყო კულტურის მინისტრის ბოლო განცხადება, თავისი ბუნებით ავტორიტარული.

  8. ხელისუფლება რომ ავტორიტარულია, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ოპონირება ქსენოფობიით, აგრესიულობითა და ფაშიზმით ვცადოთ. კარგად მესმის, რომ “ლიბერალობა” ვერ ხდება საქართველოში პოპულარული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დოქტრინა და ხშირ შემთხვევაში სალანძღავი ეპითეტიც კია. არადა, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება მოქალაქის თავისუფალი ნება და სწორედ იგი უწყობს ხელს სტაბილურობასა და განვითარებას: ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მხოლოდ იგი არის უპირობოდ მართალი და ყველა უსიტყვოდ უნდა მორჩილებდეს მას, რაც საბოლოოდ ჩაკლავს სამოქალაქო ინიციატივებს ჩვენს საზოგადოებაში. ქსენოფობურ ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი და უტყუარი და სხვა ყველა, ვინც არ ეთანხმება მას, არის მოღალატე. ამიტომ არ გამოდის დისკუსია იქ, სადაც არის ავტორიტარიზმი და დიქტატურა და არ გამოდის იქ, სადაც არის შეუწყნარებლობა და ფაშიზმი. ამიტომ არ გამოდის დისკუსია მთავრობასთან და ამიტომ არ შედგა დისკუსია “პრესკაფეში”.

იმედი მაქვს, სწორად გამიგებთ:

 

- ვგმობ დიქტატურას!

- ვგმობ ფაშიზმს!

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...