Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ჯონდი ბაღათურია სააკაშვილზე ახალ კომპრომატებს აქვეყნებს და `კოლექტიურ მიშას~ `ბულდოზერით~ ემუქრება!


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/bagaturia-300x203-150x150.jpg`ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან!~ _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადამდგარმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელის მხარდასაჭერადაც იპოდრომზე აურაცხელი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ… `ქაჯები~, ანუ `ნაციონალები~ არ წავიდნენ… `მიშა, მოვდივარ!~ _ დაემუქრა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლევან გაჩეჩილაძე მიხელ სააკაშვილს, მაგრამ… ეს მუქარაც ამაო აღმოჩნდა… მერე?.. მერე, იყო ე.წ. აპრილის პროტესტი და საკნები რუსთაველზე, მაგრამ… ამანაც `ჩაილურის წყალი~ დალია… და სწორედ მაშინ, როცა არავინ ელოდა და სწორედ მან, ვისგანაც ვერავინ წარმოიდგენდა, პრეზიდენტი გააქცია. ყოველ შემთხვევაში, `ქართული დასის~ ლიდერის გამოსვლისას, სააკაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა!.. ასე იქცა ჯონდი ბაღათურია თანამედროვე მითოსის გმირად. `ყურადღება, პარლამენტო, სწორდი! რის ლავროვი, რის _ რაისი კონდი? არც კრემლი და არც _ სოროსის ფონდი, საქართველოს გადაარჩენს ჯონდი!~ _ წერენ სოციალურ ქსელებში… ჯონდი ბაღათურიასთან პოლიტიკური რანდევუც, ცხადია, ამ მითოსით დავიწყე…

_ ჯონდი, თანამედროვე მითოსის გმირი ხარ. ასე, მაგალითად, სოციალურ ქსელებში შენზე ლექსებს წერენ და ამტკიცებენ, საქართველოს გადაარჩენს ჯონდიო…

_ მესმის, რომ ემოციური ფონია, მაგრამ საქართველოს ღმერთი გადაარჩენს!..

_ კი ბატონო, მაგრამ შენდამი ხალხის გაზრდილ ყურადღებას ხომ გრძნობ?

_ რა თქმა უნდა, თუმცა ხალხისგან შეშფოთებასაც ვგრძნობ, რაც დამაფიქრებელია.

_ ანუ, მოსახლეობას ეშინია, რომ რამე არ დაგემართოს?

_ დიახ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი სრულიად განადგურებულია, ანუ ხალხს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია და შეუძლია, პოლიტიკური ოპონენტი ფიზიკურად გაანადგუროს.

_ გამორიცხავ, რომ პროვოკაცია შენ, ან შენს ვაჟს მოუწყონ?

_ გამორიცხვა არაფრის შეიძლება, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, ვფრთხილობ, თუმცა მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტია, თან უმოქმედობის ფუფუნება არ გვაქვს.

_ მუქარას თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტმა პატივი და ღირსება შეგილახა, ანუ მარტივად რომ ვთქვა, შეურაცხყოფა მოგაყენა. არ აპირებ, უჩივლო?

_ ჯერ ერთი, სააკაშვილმა შეურაცხყოფა საკუთარ თავსა და აღზრდას მიაყენა. მეორეც, პასუხი, მართალია, კორექტული, მაგრამ ჩემგანაც მიიღო და ამ თავლსაზრსით, როგორც იტყვიან, ბარი ბარში ვართ. ბოლოს და ბოლოს, დარბაზიდან გაიქცა!.. ვანო, სიმართლე გითხრა, ამის გამო რევანშის განცდა არ მაქვს…

_ რევანშის არა, მაგრამ სიამაყის განცდა აუცილებლად გექნება, რადგან ის, რაც თავის დროზე, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ ვერ გააკეთეს, ჯონდი ბაღათურიამ ერთი ფურცლის აქნევით გააკეთე… სხვათა შორის, შენგან ამას არავინ ელოდა…

_ მოდი, ასე ვთქვათ: ადამიანი გეგმავს, უფალი კი, განაგებს. თავის დროზე ლევანმა და სხვებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს და რეჟიმი შეარყიეს. ამიტომ, არ შემიძლია, რომ ჩემი კოლეგების მუშაობა არ დავაფასო, თუმცა არ მინდა, ყალბი ვიყო და გულწრფელად გეტყვი, რომ სააკაშვილის გაქცევით კმაყოფილი დავრჩი…

_ სააკაშვილი სკამიდან რომ წამოდგა და მიხვდი, დარბაზს ტოვებდა, რა იგრძენი?

_ თავიდან ძალიან გავბრაზდი, მაგრამ სკამიდან რომ ადგა, მაშინვე ჩემში პოლიტიკოსი დაბრუნდა და წამოვიძახე, პრეზდენტი გაიქცა-მეთქი.

_ ამის შემდეგ დიპლომატებს შეხვდი? ხმა დადის, ამერიკის ელჩმა ჯონდისგან ის დოკუმენტები მოითხოვა, რომელიც პარლამენტში ააფრიალაო…

_ ამას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, თუმცა პარასკევს, 9 მარტს დიპკორპუსსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას ვგეგმავ და მათ გავაცნობ გეგმას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ოჯახის შავ ბიზნეს-საქმიანობას შეისწავლის. ამასთან, დიპლომატებს იმ დოკუმენტებსაც გადავცემ, რომლებსაც ტრიბუნიდან ვაფრიალებდი და საკუთარი თვალით წაიკითხავენ…

_ რას?

_ იმას, რომ პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მისი და მისი ოჯახის წევრთა ოჯახის საკუთრებაში გადადის. ამასთან, ჩვენ გვაქვს ორი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2009 წელს მისმა ოჯახმა `ქართუსგან~ საჩუქრად 456 ათასი, 2010 წელს კი, 644 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ ეს თანხები დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს, რაც კორუფციაა.

_ ჯონდი, ჯერ ერთი, შენი იდეა იყო, რომ სააკაშვილისთვის მისივე ქონებრივი დეკლარაცია აგეფრიალებინა და, მეორეც, პრეზიდენტი პარლამენტში შარშანაც იყო და კომპრომატები მაშინ რატომ არ გამოამზეურე?

_ სააკაშვილის დეკლარაციის ნახვა `ქართუს~, ასე ვთქვათ, ეპიზოდის გამო გადავწყვიტე… მოკლედ, იდეა ჩემი იყო, თუმცა დოკუმენტებზე პარტიის აპარატი და ექსპერტები მუშაობდნენ.

_ წარმოდგენილი გქონდა, პრეზიდენტს როგორი რეაქცია ექნებოდა?

_ კი, სავარაუდო რეაქცია წარმოდგენილი მქონდა, ანუ ველოდი, რომ დარბაზში ყვირილი და ფეხების ბაკუნი ატყდებოდა, მაგრამ გაქცევას, უზრდელობის ასეთ ხარისხსა და მუქრას არ ველოდი.

_ მართალია, უმრავლესობის წევრებმა შენი `დასამარება~ სცადეს და `ეთნოგრაფიული იშვიათობაც~ გიწოდეს, მაგრამ ერთ მათგანსაც კი არ უთქვამს, ჯონდი იტყუებაო. სამაგიეროდ, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე მტკიცება დაიწყეს, ეს ვანო მერაბიშვილის სახლი არაა და ცაგარეიშვილი ცრუობსო…

_ იცი, რა არის? უმრავლესობა, პრინციპში, პარალიზებული და შოკირებული იყო. როგორც კი პრეზიდენტი გაიქცა, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა და უმრავლესობა დაიბნა, რადგან არ იცოდა, პრეზიდენტი საერთოდ გაიქცა თუ დაბრუნდებოდა. წარმოდგენილი დოკუმენტი იმდენად დამაჯერებელია, რომ ამაზე კამათი უაზროდ ჩათვალეს და, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, რომ მიშას გული მოეგოთ… სხვათა შორის, ამ დოკუმენტებზე კონფიდენციალურად ვმუშაობდი, რომ ინფორმაცია არ გასულიყო, თუმცა ვინც პოლიტიკის ანბანი იცის, უნდა მიმხვდარიყო, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლამდე, მთელი სამი კვირის განმავლობაში, აქციებს ხან `სოკართან~ ვმართავდით, ხან _ სად და ხან _ სად, ანუ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლისთვის ფონს ვამზადებდი…

_ მოკლედ, ასეა თუ ისე, პოლიტიკური შოუ შედგა!

_ კი, შედგა!

_ ისე, მეხსიერება თუ არ მღალატობს, შენსა და სააკაშვილს შორის ეს პირველი შოუა არ იყო…

_ ალბათ, გინდოდა გეთქვა, დაპირისპირებაო…

_ კარგი, ასე იყოს… ჯერ კიდევ მაშინ, როცა `მოქკავშირის~ სახე იყო, სააკაშვილს `ეროვნულ-დემოკრატებთან~ ინციდენტი მოუვიდა. მაშინ შენ `ედპ~-ს სახე იყავი და ითქვა, ყველაფერ ამის `ატამანი~ ჯონდი იყოო…

_ სიცრუეა! მაშინ ცდილობდნენ, რომ რაღაც იაფფასიანი პიარი აეგორებინათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ სიცრუე იყო და გაჩერდნენ, თუმცა ჩემსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. საერთოდ, მთელი ცხოვრება `კოლექტიურ მიშას~, ანუ ადამიანთა ისეთ კატეგორიას ვებრძვი, რომელსაც უნდა, რომ სხვა დაჩაგროს. ადრე ამას მექანიკურად ვაკეთებდი, პოლიტკაში კი, _ გაცნობიერებულად.

_ ჯონდი ბაღათურია, როგორც პოლიტიკოსი, შენი აზრით, გაიზარდა?

_ ამაზე ლაპარაკი მეუხერხულება, თუმცა ვგრძნობ, რომ ხალხის მხარდაჭერა გაიზარდა.

_ დღევანდელი მონაცემებით, `ქართული დასი~ არჩევნებში დამოუკიდებლად რომ გავიდეს, საარჩევნო ბარიერის გადალახვას შეძლებს?

_ `ქართული დასი~ არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი პარტიაა. განსაკუთრებით კარგი, ასე ვთქვათ, განფენილობა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში გვაქვს.

_ ალბათ, ხვდები, საუბარი საითკენაც მიმყავს…

_ რეიტინგებისკენ?

_ არა… ივანიშვილის კოალიციიდან შემოთავაზება გექნება, ანუ როგორც `ნაციონალები~ იტყოდნენ, შუშის სასახლეში კასტინგი კარგად გაიარე? ისე, მე რომ ჯონდი ვიყო და კოალიციაში გაწევრიანებაზე შემოთავაზება მიმეღო, უარს ვიტყოდი. ამით ჩემი რეიტინგი უფრო გაიზრდებოდა და…

_ ვანო, იცი რაშია საქმე? როცა ქვეყანა უფსკრულის პირასაა, პირად რეიტინგსა და პიარზე ზრუნვა, ვფიქრობ, გამართლებული არაა. საერთოდ, რეიტინგი მარტის ამინდივით იცვლება. ამიტომ, მთავარი სიმართლე და გულწრფელობაა. ასეთ დროს უფლის შემწეობაც გექნება… ჩემი და `ქართული დასის~ მტკიცე და პრაგმატული პოზიციაა, რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს. `ქართული დასი~ ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს, ანუ საარჩევნოდ დიდი `ოპოზიციური ბულდოზერი~ ჩამოყალიბდეს, რომელიც `ნაცმოძრაობას~ მიაწვება და პოლიტიკურ ასპარეზსს მისგან გაწმენდს!

ის, რაც პარლამენტში მოხდა, მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას კი არა, ყველას გამარჯვება იყო _ მიშა ჯონდის კი არა, საქართველოს გაექცა!

…ახლა, მნიშვნელოვან თემაზე გადავალ _ წავა თუ არა მიშა? ეს უსუსურების შეკითხვაა…

_ ისე, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ შენი `მხილების~ მერე თქვა, არ წავალო…

_ თუ არ გააგდე, არ წავა! მიშა ახალგაზრდაა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, ბიუჯეტი საარჩევნო ყულაბად აქვს `მოგდებული~ და კარგად ორგანიზებული ძალოვანი სტრუქტურა ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას არ დათმობს და საამისოდ `ოპოზიციური ბულდოზერია~ საჭირო!

_ `ბულდოზერი~ გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ `ბულდოზერმა~ ოდიოზური ნაბიჯები არ უნდა გადადგას!.. რაც შეეხება შენგან ხსენებულ ანტიკორუფციულ საპარლამენტო კომისიას, მხოლოდ პრეზიდენტის საქმიანობას შეისწავლის თუ მთელი მმართველი ელიტის?

_ კომისია მიშას და მისი გარემოცვის საქმიანობას შეიწსავლის.

_ `გარემოცავში~ კონკრეტულად ვინ იგულისხმება?

_ ვიდრე ხელში დოკუმენტები არ მეჭირება, ვერ ვილაპარაკებ, _ ეს ჩემი პრინციპია. ამჟამად მაქვს ინფორმაცია განათლების სისტემაში არსებულ კორუფციაზე.

_ ე.წ. სახელმძღვანელოების ბიზნესს გულისხმობ?

_ არა მხოლოდ… ინფორმაციები სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ზაზა გოროზიაზეც გვაქვს… განათლების სისტემაში არსებულ კორუფციული სქემის ერთ მაგალითს გეტყვით: ამ სფეროს მესვეურები კერძო სკოლებს ქმნიან, მერე, ოპტიმიზაციის მოტივით, ამ კერძო სკოლების ახლო-მახლო მდებარე საჯარო სკოლებს აუქმებენ და ბავშვები იძულებულნი ხდებიან, სწავლა კერძო სკოლებში გააგრძელონ. სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, საქართველოში 3174 საჯარო სკოლა იყო და აქედან ათასზე მეტი, ანუ ყოველი მესამე სკოლა დახურეს და ეს, პრაქტიკულად, განათლების სისტემის კოლაფსია. 112 ათასი ბავშვი სკოლის გარეთაა დარჩენილი, რადგან ან სწავლის გადასახადს ვერ იხიდის, ან რელიეფის გამო, შორ მანძილზე ვერ დადის. ვანო, ხვდები, როგორი ბინძური საქმეა? ამ სქემაში სახელები და გვარები გვაქვს, მაგალითად, გოროზიას ძმა, მისი სიმამრი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ…

_ გასაგებია, რომ ამ დოკუმენტებს დიპკორპუსს გადასცემ, მაგრამ რატომ გგონია, რომ ელჩები დაგიჯერებენ?

_ აშშ-სთვის კორუფცია სამარცხვინოა! ჩემი გამოსვლა მიშასთვის მომაკვდინებელი დარტყმა სწორედ ამიტომ იყო, ანუ კაბინეტურ შეხვედრებზე ამერიკელებს უხსნის, ზოგჯერ დემოკრატიული ღირებულებების გვერდზე გაწვევა გვიწევს, რადგან მეზობელი რუსეთია, მაგრამ იმაზე, რომ გამდიდრდა, არგუმენტები არ არსებობს. აშშ-ში ჩასული თავს იწონებს ხოლმე, კორუფცია გავანადგურეთო და ამ დროს პარლამენტის ტრიბუნიდან, დიპკორპუსის თანდასწრებით ვთქვი, რომ სააკაშვილმა და მისმა კლანმა კორუფციის პრივატიზება მოახდინა.

_ ხმა დადის, ჯონ ბასმა თქვა, ხელისუფლების თარჯიმანი არ მჭირდება, ყველაფერს, რაც პარლამენტში ხდება, ჩემი თარჯიმანი მითარგმნისო…

_ არ ვიცი…

_ ამ, ასე ვთქვათ, ინციდენტის შემდეგ უმრავლესობის წევრებს შეხვდი?

_ კი, სხდომათა დარბაზში და შეცვლილები არიან. ზოგიერთს მოსალმებისას შიშიც შევატყვე, ანუ არ უნდათ, გაუგონ, რომ მომესალმა…

_ ისე, ტალახის აბაზანა ოდესმე მიგიღია?

_ სხვათა შორის, არა… პრეზიდენტი ისე სამარცხვინოთ მოიქცა, რომ ისიც კი, ვისაც ტალახის აბაზანები მართლა სჭირდება, მათ მიღებაზე ცოტა ხანს, ალბათ, უარს იტყვის!

სხვათა შორის, მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რუსეთში ემისრებს აგზავნის და ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ანუ არსებობს ეჭვი, რომ რუსებს რამე ანტისახელმწიფოებრივს სთავაზობს, თუმცა ეს, ვიმეორებ, მხოლოდ ეჭვია…

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

გაზეთი `ქართული სიტყვა~

ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...